როგორ აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებს
24.11.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო პერიოდში აკვირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკურ ტოკშოუსა და დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, „ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება”.

საინფორმაციო გამოშვება

რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში მოამბეში ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 14% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი შუქდებოდა, რადგან მისთვის დათმობილი 35 წუთიდან 22% ნეგატიური იყო.

მონიტორინგის შედეგების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იშვიათობაა 8 საათიან „მოამბეში“ მწვავე, ექსკლუზიური სიუჟეტები: „მაუწყებელი თითქმის ვერ ავლენს კორუფციულ ფაქტებს, იშვიათად აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევის ექსკლუზიურ შემთხვევებს, თუმცა აშუქებს თითქმის ყველაფერს და უმეტესწილად, დაბალანსებულად, ”- აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტულ სიუჟეტებშიც ფიქსირდება. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია 6 ივლისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი კალაძის ბოლო სამუშაო დღეზე, ენერგეტიკის სამინისტროში. ჟურნალისტმა ჩამოთვალა მისი მიღწევები. კალაძეს აქებდა პრემიერიც: „ჟურნალისტს ადვილად შეეძლო რამდენიმე რესპონდენტის (სფეროს ექსპერტის) პოვნა, რომლებიც კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ კალაძის მინისტრობისას განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზე. მაყურებელს შეექმნებოდა უფრო რეალისტური, რამდენიმე წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობილი წარმოდგენა კალაძის საქმიანობაზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მეტწილად შემოიფარგლა კალაძის, როგორც მერობის მომავალი კანდიდატის დადებითად წარმოჩენით, რაც არ არის მედიის ფუნქცია, მით უფრო საზოგადოებრივი მაუწყებლის“- აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.


ქარტიის ანგარიშის მიხედვით, 3 ოქტომბერს, ეთიკური სტანდარტების დარღვევით მომზადდა სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე, ალეკო ელისაშვილზე. სიუჟეტში მაყურებელს საშუალება ჰქონდა ელისაშვილის ხედვების შესახებ მიეღო ინფორმაცია, თუმცა ერთ მონაკვეთში ჟურნალისტმა შემდეგი წინადადება თქვა: „იმაზე, რისი მოგვარებაც სურს, საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად გენდობიან“. ამ ტექსტის ფონზე კადრებში ჩანდა ორი აქტიური ადამიანი. ჟურნალისტის ტექსტის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი იყვნენ ელისაშვილით უკმაყოფილო ამომრჩევლები, რომლებსაც მასთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.


მოგვიანებით, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა 8 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი სადაც ჩანს, რომ პირველი არხის სიუჟეტში რიგით, უკმაყოფილო ამომრჩევლებად წარმოჩენილი ადამიანებიდან ერთი დიდუბის გამგებლის მოადგილე, მეორე კი ქართული ოცნების დიდუბის საარჩევნო შტაბის წევრი იყო.

„სახეზეა არაზუსტი ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანა. მოხდა ისეთი ნიუანსის მიჩქმალვა, რაც მთლიანად ცვლიდა სიუჟეტში გაჟღერებულ აზრს - ელისაშვილს უმაყოფილო ამომრჩევლები კი არ დახვდნენ (როგორც ეს სიუჟეტიდან ჩანს) არამედ ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთა ქმედებებშიც საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ნიშნებიც იკვეთებოდა. ეს კი პირველი არხის ჟურნალისტის ყურადღების მიღმა დარჩა”, ვკითხულობთ ანგარიშში.

ტოკშოუ „თვითმმართველობა 2017“

2016 წლისგან განსხვავებით, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამი გადაცემა მუშაობდა საარჩევნო თემებზე, მათ შორის, მონიტორინგისას ყველაზე დადებითად შეფასებული გადაცემა „ინტერვიუ“, წელს ამგვარი ე.წ. Hard Talk-ის ფორმატის გადაცემა, სადაც მწვავე კითხვები დაისმებოდა, ეთერში არ გასულა. მაუწყებლის პირველმა არხმა მაყურებელს შესთავაზა „თვითმმართველობა 2017“, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის კანდიდატების გაცნობა იყო. გადაცემის გუნდი ჩადიოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგინში და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სტუდიიდან სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების ხედვებს. ქარტიის ანგარიშის მიხედვით, თითოეულ მათგანს მიეცა აზრის გამოხატვის და დისკუსიისთვის შერჩეულ საკითხებზე მოსაზრებების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა.

თუმცა, კრიტიკა დაიმსახურა გადაცემის ფორმატმა. ქარტიის ანგარიშში ვკითხლობთ, რომ ფორმატიდან გამომდინარე, არ გამართულა კანდიდატებს შორის დებატები და არც წამყვანი სვამდა კრიტიკულ კითხვებს: “ ფორმატიდან გამომდინარე, წამყვანს არ ჰქონდა შესაძლებლობა კონტრკითხვები დაესვა მაშინაც კი, როდესაც არარელევანტურ პასუხს იღებდა სტუმრებისგან. მაგალითად, 2 ოქტომბერს „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელს წამყვანმა ჰკითხა რაჭაში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების შესახებ, რესპონდენტის პასუხი კი გირჩის შეგროვება–მოპოვებას შეეხებოდა”.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადაცემაში დასმული შეკითხვები ყველა ქალაქში იდენტური იყო და არ ისმოდა კითხვები იმ სპეციფიკური საკითხების მიმართ, რაც ამა თუ იმ რეგიონს აწუხებს: „არსებობს ისეთი წყება საკითხებისა, რომლებიც ყველაზე მწვავედ გვხვდება მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში: მაგალითად, ზუგდიდში აზიური ფაროსანას პრობლემა; ქუთაისში - მისი ფუქნციონალური დატვირთვის მნიშვნელობა - საპარლამენტო, საუნივერსიტეტო ქალაქი, თუ საერთაშორისო აეროპორტზე მიბმული ტურისტული ცენტრი და ა.შ. ადგილობრივი სპეციფიკა არ ყოფილა გათვალისწინებული არც ერთ გადაცემაში”, ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ კანდიდატები თავისუფლად ავრცელებდნენ სასუსრველ მოსაზრებებს, პირდებოდნენ საზოგადოებას პრობლემების მოგვარებას, თუმცა რამდენად რეალური იყო მათი დაპირება, დამაზუსტებელი კითხვების არარსებობის გამო, გაურკვეველი რჩებოდა. მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება გაეანალიზებინა, თუ რამდენად შეუძლიათ კანდიდატებს დაპირების შესრულება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რადგან გადაცემის სტუდია ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, დამატებითი პრობლემები იქმნებოდა: „მაგალითად, 29 სექტემბერს ძლიერ ქარში მოუხდათ ქუთაისის მერობის კანდიდატებსა და ჟურნალისტს რამდენიმესაათიანი საუბრის წარმართვა. ეს იწვევდა ტექნიკურ პრობლემასაც – წყდებოდა ხმა, ყანყალებდა კადრი და ა.შ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა კიდეც, რომ გაუსაძლისი იყო ასეთ პირობებში დებატები. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რესპონდენტებს ერთი სული ჰქონდათ ჩაემთავრებინათ სათქმელი და დროულად დაესრულებინათ გადაცემა, რამაც, ფაქტობრივად, მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრად აქცია მთელი ტოქშოუ“.

თეგები : არჩევნები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.