საარჩევნო სუბიექტები არაპოლიტიკურ გადაცემებში
20.11.2017
15 სექტემბერს „ვანოს შოუს“ სტუმარი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ნიკა მელია, იყო. ვანო ჯავახიშვილის ფრაზას - „მიშას პიარში არ ჩაგვეთვალოს,“ ხელი არ შეუშლია მელიასთვის, მთელი გადაცემის განმავლობაში სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე, ნარმანიას მერობის პერიოდზე, ოპონენტებსა და მისი გუნდის პოლიტიკურ ხედვებზე ესაუბრა. მელია ცდილობდა თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, პოზიტიურად წარმოჩენასაც, რაშიც წამყვანიც დაეხმარა და ასეთი „საარჩევნო სლოგანებიც“ შესთავაზა: „აირჩიე ზაალი, გაითენე ხვაალი;“ „-რატომ ზალიკო? - უკეთესი არ იყო...“

„თქვენ რომ გაიმარჯვებთ, მე მაგაში ეჭვიც არ მეპარება... ამხელა ორი ულამაზესი ეიფელის კოშკი [ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი] რომ მოგიკაკუნებს კარზე, როგორ უნდა გაძლო, რომ არ შემოხაზო ორივე ერთად,“ - ეს ფრაზა კი მელიას „კომედი შოუს“ იმ მსახიობმა უთხრა, რომელიც წამყვანმა მას „ამომრჩევლად“ წარუდგინა.

22 სექტემბერს „ვანოს შოუს“ ალეკო ელისაშვილი ესტუმრა. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და წამყვანმა, ტრადიციულად, პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, პარტიების შემოწირულობებზე, „ოცნების“ მმართველობაზე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დაგეგმილ პროექტებზე.

„რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი გადაცემა, რომელშიც საარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატები ვიხილეთ, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ იყო. 20 სექტემბერს წამყვანი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, ჯერ - საკუთარ, შემდეგ კი მშობლების სახლში ესტუმრა და მათთან ინტერვიუები ჩაწერა.

„დღევანდელ გადაცემაში თქვენ გაიგებთ, სად ცხოვრობს ალეკო ელისაშვილი, როგორი სახლი აქვს, როგორი მეუღლე ჰყავს, როგორი მშობლები ჰყავს, რას აკეთებს თავისუფალ დროს, ბოლოს რისი გაკეთება მოახერხა თავისი მეუღლისთვის,“ - ასე დაანონსა ჟორჟოლიანმა გადაცემა.

შემდეგ კი ვნახეთ, როგორ შეხვდათ წამყვანსა და მერობის კანდიდატს სახლისკენ მიმავალ გზაზე პოტენციური ამომრჩეველი, რომელიც ელისაშვილის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებდა: „ამნაირი კაცური კაცი ქალაქში არ დადის, ქალაქელებო და მიეცით სულ ყველამ ხმა,“ - თქვა მან.

„გარეთ რომ ქვეყნის და ქალაქის მოგვარებას გვპირდები, გვაინტერესებს, ოჯახში რა გაქვს მოგვარებული,“ - ეუბნებოდა წამყვანი ელისაშვილს.

„რამდდენოთახიანია სახლი,“ „რამდენი კვადრატულია მისაღები,“ „დახურეს თუ არა სახლის კრედიტი,“ - მსგავსი კითხვებით წამყვანი ცდილობდა, ხაზი გაესვა, რომ ელისაშვილი მოკრძალებულად ცხოვრობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა, სად გაიცნო მეუღლე თბილისის მერობის კანდიდატმა, რამდენ ხანში მოიყვანა ცოლად, სად შედგა პირველი პაემანი და ახერხებს თუ არა სიურპრიზებს: „სად მოახერხა ბოლოს, რომ იგრძენით, რომ ქალი ხართ,“ „მესამეს[შვილს] ხომ არ აპირებთ?“ - ეს კითხვები წამყვანა ელისაშვილის მეუღლეს დაუსვა.

შემდეგ გადაცემამ მერობის კანდიდატის მშობლების სახლში გადაინაცვლა, სადაც ელისაშვილის ბავშვობასა და ხასიათზე მისმა დედ-მამამ ისაუბრა.

იმავე დღეს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ კიდევ ერთი ნაწილი „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, დაეთმო. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკოსზე მისმა მეუღლემ, მეგობრებმა და მშობლებმა ისაუბრეს. წამყვანი ცდილობდა, გაერკვია, რატომ არ ატარებს მაკიაჟს ხოშტარია, როგორი ხასიათი აქვს, როგორი ბავშვი იყო...

4 ოქტომბერს „ნანუკას შოუ“ მასთან სახლში აღარ მისულა, თუმცა მას შემდეგ რაც სტუდიაში შუქი „ჩაქრა,“ თვითონ მოვიდა გიორგი გუგავა. „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი „ნანუკას შოუს“ მეუღლესთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა.

„ნანუკას შოუ“ არჩევნების კვირაშიც, 18 ოქტომბერს, საარჩევნო კანდიდატებს დაეთმო. გადაცემის პირველ ბლოკში ბავშვობაზე, პოლიტიკური ცხოვრების დაწყებასა თუ მშობლების ავადმყოფობის ისტორიებზე, სენტიმენტალური მუსიკის ფონზე, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა. „შენი გულშემატკივარი ვარ ყოველთვის,“ - ასე დაემშვიდობა წამყვანი თბილისის მერობის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ამავე გადაცემის მეორე ბლოკში კი „ნანუკას შოუ“ ქუთაისის მერობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ესტუმრა.

საარჩევნო სუბიექტების ხილვა არაპოლიტიკურ გადაცემებში ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებლებსაც შეეძლოთ. 17 სექტემბერს კომედიურ შოუ „მეგობრებს“ გიორგი ვაშაძე, 24 სექტემბერს კი ალეკო ელისაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, აქ კანდიდატებთან ინტერვიუები არ გამართულა, მხოლოდ გადაცემის დასაწყისში ისინი წამყვანებმა წარადგინეს და რამდენიმე სიტყვით გაეხუმრნენ.

თუმცა მერობის კანდიდატებთან ინტერვიუები შედგა „იმედის“ კიდევ ერთ არაპოლიტიკურ გადაცემაში - „რა დროს ძილია,“ რომელსაც 7 ოქტობერს ელენე ხოშტარია ეწვია. მან წამყვანთან ერთად სტუდიაში ივახშმა და თავის პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრა. „დღეს დადიოდი კარდაკარ მთელი დღე. რაღაცა მიირთვი,“ - ეუბნებოდა წამყვანი ხოშტარიას, რომელმაც ინტერვიუს ბოლოს საკუთარი ძალები კრივშიც მოსინჯა.

14 ოქტომბერს იმავე გადაცემის სტუმარი კახი კალაძე იყო, თუმცა ამჯერად გადაცემა მხოლოდ სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუთი არ შემოიფარგლა და მას სახლშიც ესტუმრა. გადაცემის განმავლობაში ვნახეთ, როგორ თამაშობდა კალაძე შვილებთან ერთად, როგორ ეფერებოდა ძაღლს, როგორ პოზიტიურად ახასიათებდნენ მას ოჯახის წევრები.

წამყვანი დაინტერესდა, როგორ დაიწყო კალაძემ სპორტული და შემდეგ უკვე პოლიტიკური კარიერა. მერობის კანდიდატმა დაგეგმილ პროექტებსა და იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც მის ენერგეტიკის მინისტრობას მოჰყვა, დაგვპირდა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება მისი მერობის პერიოდიც.

„ყველა რაიონმა, ყველა უბანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში,“ - მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს გადაცემიდან არაერთხელ მოისმენდით.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალაზრისით, ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა;“ „პროექტები და რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება თვალშისაცემი და ხელშესახები,“ - ამბობდა კალაძე.

პოლიტიკურ თემებზე საუბრისა და საკუთარი კანდიდატურის რეკლამირების შანსი არაპოლიტიკურ გადაცემაში „TV პირველზე“ მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, 13 სექტემბერს, გადაცემა „ქალების ნარატივში“ ჰქონდა. ხოშტარიამ პოლიტიკური კარიერის დასაწყისზე ისაუბრა: როგორ გაუცრუა ბებიას იმედები, არ გახდა ექიმი და პოლიტიკოსობა არჩია. გადაცემიდან მოვისმინეთ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებაც.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რესპონდენტის სტუმრობაზე შეთანხმება საარჩევნო პერიოდის დადგომამდე შედგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანდიდატია, მისი ეთერში სტუმრობა არ უნდა ჩაიშალოს, ან გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში სტუმრობა დაუშვებელია.გარდა ამისა, 23-ე მუხლის თანახმად, კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება“. არაპოლიტიკურ გადაცემებში კანდიდატების მოწვევის და მათთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის ტენდენცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოიკვეთა.

თეგები : არჩევნები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.