ომბუდსმენის ანგარიში სააგენტოების ნაწილმა ჰომოფიური კონტექსტით გააშუქა
10.04.2018
საქართველოს სახალხო დამცველმა, 2 აპრილს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას. ნინო ლომჯარიას აზრით, მსგავსი ჩანაწერი ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. „კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ონლაინ გამოცემებმა: alt-info.com, saqinform.ge, 2020news.ge, timenews.ge, და geonewest.com, სახალხო დამცველის ანგარიშის ამ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი და ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი, ერთი და იმავე ტექსტით მიაწოდეს აუდიტორიას.

გამოცემების მტკიცებით, ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა ოჯახისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. "გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც", - იდენტური ტექსტი დაწერეს გამოცემებმა ისე, რომ არცერთს არ მიუთითებია ვის ეკუთვნოდა ეს მოსაზრება და რას ეყრდნობოდა დასკვნა.

"ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდება" - ამ მესიჯით, მტკიცებით ფორმაში ჰქონდა სათაურები geonewest.com-ის, 2020news.ge-სა და timenews.ge-ს მასალებს. saqinform.ge-მ მკითხველს ამბავი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დამონტაჟებული ფოტოთი შესთავაზა.


ამ გამოცემებისგან განსხვავებით, ომბუდსმენის ანგარიშიდან „საქართველო და მსოფლიოს“ ყურადღების ქვეშ ქორწინების საკითხთან ერთად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეც მოხვდა. მასალა მოიცავს ინტერვიუებს ჰამლეტ ჭიპაშვილთან და გია ხუხაშვილთან. ქორწინების ნაწილზე ლომჯარიას მოსაზრებას გია ხუხაშვილი აფასებს: „ომბუდსმენი ამას ჩვენთვის არ ლაპარაკობს, ის ეპრანჭება უცხოელ სპონსორებს“, ჰამლეტ ჭიპაშვილი კი ამბობს, „ლომჯარია გააკეთებს იმას, რასაც უკარნახებენ დასავლეთიდან.“ „საქართველო და მსოფლიოსაც“, სათაურში აქვს გატანილი, რომ “ოცნების” რჩეული სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს“.

საერთო ჯამში, ამ სააგენტოებმა ომბუდსმენის ანგარიში კონტექსტიდან ამოგლეჯილად, საკუთარი შეფასებით გაავრცელეს და ჰომოფობიური ნარატივის გავრცელებას შეუწყეს ხელი.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ; მანიპულაცია;
ავტორი : რომა კალანდაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

აჭარა TV-ის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო
აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო. აქტივისტმა დღეს, 29 მაისს მაუწყებლის წინ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან. Ამ მოთხოვნით მე დღეიდან ვიწყებ შიმშილობას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”,- განაცხადა მან აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“ აქციამაუწყებლის შენობის წინ 26 მაისსაც გამართა.


ფოტო: რადიო თავისუფლება
ტელეკომპანია „მთავარ არხს
ტელეკომპანია „მთავარ არხს” ორი ახალი მეწილე ჰყავს - უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაია და აშშ-ის მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძე. ახალი მეწილეები ჯამში არხის 38%-ს ფლობენ.

22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, ნიკა გვარამიამ თავისი წილის 37% ბაკურ ჯახაიას 37 000 ლარად გადასცა. თეიმურაზ ვასილიძემ კი წილის 1% კახაბერ ანჯაფარიძისგან 1000 ლარად იყიდა.

გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ტელეკომპანიაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის განაცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია და ცვლილებები რეესტრში საბოლოოდ ასახული არ არის.

ამ ეტაპზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” წილს სულ 8 ადამიანი ფლობს. საჯარო რეესტრის მიხედვით, 22 მაისიდან წილები შემდეგნაირად ნაწილდება: კახაბერ ანჯაფარიძე – 38%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკა გვარამია – 14%, ნიკოლოზ სისაური – 3%, მარი ანა რურუა - 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, თეიმურაზ ვასილიძე - 1%.

22 მაისამდე კი არხის საკონტროლო პაკეტს ნიკა გვარამია ფლობდა და წილები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ნიკა გვარამია – 51%, კახაბერ ანჯაფარიძე – 39%, ნიკოლოზ სისაური – 3%,მარი ანა რურუა – 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%.
„ევრონიუს საქართველო“ 26 მაისიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს
26 მაისიდან მაუწყებლობას „ევრონიუს საქართველო“ დაიწყებს. „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა.  აგვისტოს დასაწყისიდან კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი" იხილოს.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“ დააფუძნეს.

უკვე ცნობილია, რომ „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას.
25-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აჭარის TV-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ონლაინაქცია გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ტელემაუწყებლების, ონლაინგამოცემების, რადიოებისა და ონლაინტელევიზიების შემდეგ, დღეს, 21 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთდღიანი ონლაინაქცია გამართეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ფეისბუკ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი განათავსეს - ჰეშთეგით #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.

აქციას 25-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს ეროვნული პლატფორმა
  • სამართლიანი არჩევნები
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საზოგადოება „ბათომი“
  • საზოგადოება და ბანკები
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს პენცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
  • საფარი
  • მწვანე სექტორი
  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

არასამთავრობო ორგანიზაციების აქციას შეუერთდა "კოალიცია თანასწორობისთვის" და "საქართველოს ეროვნული პლატფორმა".

სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა და ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.
მედიაკოალიცია აჭარა TV-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციას აგრძელებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ ერთდღიან აქციას აგრძელებს და მონაწილეობას ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრებმა 21 მაისს ორგანიზაციის ან/და პირად ფეისბუქ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი უნდა განათავსონ ჰეშთეგით - #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.



აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.