აქციები თბილისში და განსხვავებული აქცენტები კვირის გადაცემებში
14.05.2018
ორი დღის განმავლობაში, 12-და 13 მაისს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქცია გზავნილით „ჩვენი თავისუფლებისთვის“ „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და სხვა ორგანიზაციებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა. პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების რეალიზატორებთან ბრძოლით ახსნა. აქციის მეორე დღეს ნეონაცისტების კონტრაქცია დაიწყო.

აქციების გაშუქება

ეს მოვლენები კვირას, 13 მაისს, მაუწყებლების კვირის გადაცემების მთავარი თემა იყო. თუმცა, გადაცემებში „P.S.-სა“ და „იმედის კვირაში“ ამბები განსხვავებული აქცენტებით გაშუქდა. „რუსთავი 2-ის“ მთავარი ფოკუსი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია და მონაწილეთა მოთხოვნები იყო, ტელეკომპანია „იმედი“ კი კვირის გადაცემაში მეტწილად კონტრაქციასა და აქციების ტერიტორიაზე დაცულ უსაფრთხოების ზომებზე აკეთებდა აქცენტს.

გადაცემის მსვლელობისას „P.S-ი.“ პირველ ჩართვას ახალგაზრდების აქციიდან იწყებდა, „იმედის კვირა“ კი კონტრაქციიდან და ხაზს მოსალოდნელ საფრთხეებს უსვამდა. გარდა ამისა, „რუსთავი 2-ის“ კვირის გადაცემაში გაცილებით ხშირად ისმოდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებები და მოთხოვნები, ვიდრე ტელეკომპანია „იმედის“ კვირის ეთერში. აქ უფრო მეტად უკომენტაროდ აჩვენებდნენ აქციიდან კადრებს.

განსხვავებული აქცენტებით დაიწყეს გადაცემები წამყვანებმაც. „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „P.S.-ის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დასაწყისში განმარტა, რომ მას საღამოს წაყვანა რუსთაველის გამზირიდან სურდა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, გადაცემის შესავალშივე, წამყვანმა მაყურებელს მოუთხრო რა ხდებოდა აქციებზე, ამცნო, რომ პოლიცია ზღუდავდა ძირითად აქციაზე მოქალაქეების შესვლას და ჟურნალისტების ჩართვებით დეტალურად გააცნო, რა მოთხოვნები ჰქონდათ მონაწილეებს. გადაცემის პირველ ნახევარ საათში „P.S.-მა“ აუდიტორიას კონტრაქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებაც მოუთხრო.

„P.S.-ისგან“ განსხვავებით, „იმედის კვირის“ წამყვანს ირაკლი ჩიხლაძეს, გადაცემის შესავალში არ უხსენებია ის ფაქტი, რომ სამართალდამცველების ალყის გამო აქციის მონაწილეებს უჭირდათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა. „იმედის კვირამ“ მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირდაპირ ეთერში, პირველ კომენტარს გააკეთებდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. წამყვანის ანონსის მიხედვით, მინისტრი ახსნიდა სპეცოპერაციის საჭიროებას.

„იმედმა“ კვირის გადაცემაში ამბის თხრობა კონტრაქციით დაიწყო და მაყურებელს პირველ რიგში ის უთხრა, რომ რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები იყო მიღებული. სიუჟეტშიც მოვლენების ეპიცენტრიდან „იმედის კვირამ“ ჯერ კონტრაქციის მონაწილეები ჩართო, რომლებიც ყვებოდნენ „რომ არიან ნარკობარიგებისა და მამათმავლების წინააღმდეგ გამოსული და აპროტესტებენ 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფას“. ამის შემდეგ აჩვენა რა ხდებოდა პარლამენტის წინ მიმდინარე ძირითად აქციაზე და თქვა ისიც, რომ სამართალდამცველების ალყის გამო აქციის მონაწილეები ვერც გადიოდნენ და ვერც შედიოდნენ.

„იმედის კვირის“ ჟურნალისტები, რომლებიც აქციების ეპიცენტრიდან ერთვებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მიღებული იყო უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები, ამას ისინი ჩართვებში არაერთხელ იმეორებდნენ. ასევე, გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უთხრა, რომ პარლამენტის შენობასთან „აქციებს მართავდნენ კლუბების ხელმძღვანელები, მათი მხარდამჭერები და უბრალოდ ქლაბერები“.

გადაცემის მსვლელობისას, „იმედის კვირამ“ არაერთხელ გაიმეორა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარები.

მინისტრის ბოდიში

შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბოდიში იყო კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ორმა მაუწყებელმა განსხვავებული ფოკუსით მიაწოდა მაყურებელს.

„უახლესი საქართველოს ისტორიაში, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასულიყო ხალხში და მოეხადა ბოდიში“, - აღნიშნა „იმედის კვირის“ წამყვანმა მას შემდეგ, რაც მინისტრმა ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. ეს ფრაზა გადაცემის წამყვანმა გადაცემის დასასრულს, მაშინ, როდესაც საღამოს აჯამებდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„იმედი კვირის“ წამყვანმა მაყურებელს რამდენჯერმე უთხრა, რომ დღე მშვიდობიანად და კონკრეტული შედეგით დასრულდა და ეს იყო სამართალდამცველების ეფექტური მუშაობისა და პირველ რიგში შს მინისტრის დამსახურება: „დღე მშვიდობიანად დასრულდა და ამის მთავარი ავტორი არის შს მინისტრი“.

განსხვავებულ რიტორიკას ისმენდა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი, რომელმაც აუდიტორიას არხის დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის პირადი შეფასება შესთავაზა.

„ეს აქცია დღეს დამარცხდა“, - ასე შეაფასა მოლაპარაკებების შედეგი „რუსთავი 2-მა“. ნიკა გვარამიას შეფასებით, კონტრაქცია იყო ხელისუფლებისგან მართული და ეს კარგად გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოახერხა მთავარი აქცენტების გადატანა. „შეუძლებელ სისულელეზე დათანხმდნენ [აქციის მონაწილეები]“... „ისინი დაამარცხეს, რუტინით შეჭამენ“ ... „10:0 ხელისუფლების სასარგებლოდ“– ისმოდა მოლაპარაკებების შედეგის შეფასებისას „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

გვარამია და კვესიტაძე მკვეთრად აკრიტიკებდნენ აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც მინისტრის ბოდიშის შემდეგ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი დაადანაშაულეს არაორგანიზებულობასა და გამოუცდელობაში და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს დამარცხება პროცესებისგან პოლიტიკური პარტიების ჩამოშორების შედეგი იყო: „ძალიან წარუმატებელი რამ მოხდა. მძიმე შეცდომები გაახმოვანეს და მათი სოციალურ აქტივიზმს დიდ მომავალს ვერ ვუწინასწარმეტყველებდი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო სამარცხვინო.

ორი რეალობა

13 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერი ორი განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა „იმედის“ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამართალდამცველებმა ეფექტური მუშაობის შედეგად ქვეყანას თავიდან ააცილეს სამოქალაქო დაპირისპირება, შეძლეს შეეკავებინათ კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილი „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო“, იქცეოდა აგრესიულად და მზად იყო თავდასხმისთვის. რაც შეეხება მთავარ აქციას, ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა გამარჯვება, რადგან, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, შს მინისტრი მივიდა აქციაზე, მოიხადა ბოდიში და დაიგეგმა მოლაპარაკება.

მძიმე ღამე ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე ვერ დაასრულა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელმა, რომელსაც უთხრეს, რომ აქცია დამარცხდა. „რუსთავი 2-მა“ დღის შეჯამებისას აუდიტორიას მოუთხრო, რომ რეალურად ხელისუფლებამ ოსტატურად დაგეგმილი სცენარით ვითარება სათავისოდ შეატრიალა. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აგრესიული მამაკაცების ჯგუფი მიუგზავნა, აქციის მონაწილეები შეაშინა, შემდეგ თვითონ არბიტრის როლში მოგვევლინა, არც მიგზავნილი ხალხის დარბევა დასჭირდა და აქციის მონაწილეების მადლიერებაც დაიმსახურა დღის მშვიდობიანად დამთავრებისთვის. „რუსთავი 2-ის“ წამყვანების თქმით, რეალურად ამით ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი თავიდან აქცენტის გადატანა და ამით მხოლოდ და მხოლოდ მან მოიგო. აქცია დამარცხდა და დიდი ალბათობით, „აღარ იარსებებს ეს მოძრაობა“.

თეგები : პარალელური რეალობა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

რას ვკითხულობთ რეზონანსზე
http://resonancedaily.com გაზეთი “რეზონანსის” ვებგვერდია, სადაც გაზეთში დაბეჭდილ სტატიებთან ერთად მხოლოდ საიტისთვის შექმნილი მასალებიც ქვეყნდება. რამდენიმე დღიანი დაკვირვება საკმარისია, რომ აღმოაჩინოთ ქსენოფობიური თუ ანტიმუსლიმური ტექსტები, მასალის შინაარსისგან განსხვავებული სათაურები, სავარაუდოდ სარეკლამო მასალები შესაბამისი აღნიშვნის გარეშე. აგვისტოს თვეში კი მარიხუანის მოხმარებისთვის ყველანაირი სანქციის გაუქმების შემდეგ მარიხუანის საწინააღმდეგო ერთგვარი კამპანია, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებით.

ქსენოფობიურ შინარსის ტექსტები

24 და 30 ივლისს “რეზონანსმა” უცხოელი გიდების შესახებ მასალა გამოაქვეყნა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რეალური პრობლემების გადაჭრასა და ქართველი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების გზების ძიებას დათმობოდა, ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებდა.

24 ივლისის მასალაში, რომელსაც “უცხოელი გიდები უკვე პოლიტიკურ პრობლემებს ქმნიან” ერქვა, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ყვებოდა, რომ ირანელი გიდები ტურისტებს თბილისს სპარსულ ქალაქად აცნობენ. გარდა ამისა, ბათუმში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი მოლის ლოცვა. ჟურნალისტი წერს, რომ ბათუმში "თურქული უბნებია" მოწყობილი და მუსლიმები თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია “ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ”.

"თითქმის ყველა მათგანი [ირანელი გიდები] ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ", - წერს ჟურნალისტი და მასალაში არ მოჰყავს ფაქტის დამადასტრებელი არცერთი მაგალითი.

6 დღის შემდეგ ამავე თემაზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “უცხოელი გიდები საქართველოს პრობლემას მის ფარგლებს გარეთაც უქმნიან”, რაც 24 ივლისის მასალის გაგრძელება აღმოჩნდა. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ “ირანელი, თურქი და რუსი გიდები ჩვენი სამშობლოს შესახებ ცნობებს სათავისოდ ფუთავენ” და თავიანთ თანამემამულეებს, "როგორც თვითონ აწყობთ", ისე აცნობენ”. ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი, გამამყარებელი ფაქტები ამჯერადაც წარმოჩენილი არ ყოფილა გარდა ამ აბზაცისა:. “ბიზნეს-რეზონანსი" წინა კვირას ირანელი გიდებისგან მათ მიერვე ჩამოყვანილი ირანელი ტურისტებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე წერდა, რამდენიმე დღის წინ კი ირანელების გადაღებული ვიდეოკლიპიც გავრცელდა, სადაც თბილისზე, როგორც თავიანთ ქალაქზე, ისე მღეროდნენ და მის დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი განსაკუთრებით "გურჯი ხათუნების" დაკარგვას მისტიროდნენ”.

გარდა ამისა, მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტი საქართველოში უმუშევრობას ფაქტობრივად უცხოელ გიდებს აბრალებდა და აღნიშნავდა, რომ ისინი საქმდებიან ადგილობრივების ნაცვლად.

“საქართველოში არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და უცხოელი გიდების მასობრივი დასაქმებით პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ასეთ ფონზე არ არის ნორმალური, დავასაქმოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თანაც - ასეთი აგდებული დამოკიდებულების შემდეგ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ისტორიასა და კულტურას”, - რესპონდენტის ამ მოსაზრების ალტერნატიული აზრი სტატიაში აღარ განვითარებულა.

ორივე მასალის ავტორად ერთი და იგივე ჟურნალისტია მითითებული და ორივე შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ მკითხველისთვის გადამოწმებული, ფაქტები და შესაბამის საკითხზე კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების კომენტარები შეეთავაზებინა, მასალაში მხოლოდ ტურიზმის ექსპერტის სტატუსით ჩაწერილი რამდენიმე ადამიანის კომენტარია მოცემული

ანტიმუსლიმური განწყობები

“რეზონანსმა” 29 ივლისს “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეზე, ტარიელ ნაკაიძეზე რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ნაკაიძეს, ასევე მუსლიმ თემს არასწორი ინტერპრეტაციის გამო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა.

ერთ-ერთი მასალა, რომელსაც “თუ დაგვჭირდება, მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც - ფეხებზე მკიდიხართ” ერქვა, ნაკაიძის ფეისბუკში გამოქვეყნებულ სტატუსზე დაყრდნობით მომზადდა. სტატუსი, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადების გამოხმაურება უნდა იყოს, სადაც ის ამბობდა, რომ ბათუმში მეჩეთი მხოლოდ ქართული ფულით უნდა აშენდეს. ამ სტატუსში ნაკაიძე, სავარაუდოდ, რიჟვაძეს მიმართავდა, რომ “ფეხებზე ეკიდა” მისი გადაწყვეტილებები და მეჩეთს მალე ააშენებდნენ.

იმის მიუხედავად, რომ “ფეხებზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები” დიდი ალბათობით, მხოლოდ აჭარის მთავრობის განცხადებას შეეხებოდა, “რეზონანსმა” სათაურში სიტყვების ფორმულირება შეცვალა და დაწერა “ფეხებზე მკიდიხართ”, რაც მკითხველისთვის შესაძლოა ტოვებდეს განცდას, რომ ნაკაიძე ყველას მიმართავს. ნაკაიძის სტატუსი ყოველგვარი კონტექსტის და დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნდა

ამავე დღეს, 29 ივლისს “რეზონანსმა” ნაკაიძის განცხადების შეფასების შესახებ პარტია “ემსახურე საქართველოს” ლიდერის, მურმან დუმბაძის კომენტარზე მასალა მოამზადა. დუმბაძე ამბობდა, რომ ნაკაიძეს მეჩეთის მშენებლობით პოლიტიკაში უნდოდა შესვლა. „მეჩეთი, ისევე როგორც ეკლესია, არის საინჟინრო ნაგებობა. მეჩეთის მშენებლობის საკითხი აღმსარებლობის თავისუფლებასთან კავშირში არ არის. არის ბათუმში მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს და არავითარი პრობლემას არ ქმნის“, - თქვა დუმბაძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მასალაში არ ისმის ალტერნატიული აზრი, მით უფრო, რომ საკითხი სენსიტიურია და შესაძლოა, მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები შექმნას. გარდა ამისა, მასალაში არ არის აღნიშნული, რომ მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის აშენებას რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

მარიხუანის წინააღმდეგ კამპანია

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად მიიჩნია, “რეზონანსის” ვებგვერდზე არაერთი ნეგატიური შინაარსის მასალა გამოქვეყნდა. 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 25-ზე მეტი სტატია იძებნება. მასალების მცირე ნაწილი საინფორმაციო შინაარსისაა, ნაწილი კი უარყოფითი შეფასებები, სხვადასხვა პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებია.

მაგალითად, უცვლელად გამოქვეყნდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც ის ამბობდა, რომ დავკარგავთ მომავალ თაობას, რადგანაც “მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ”. მოქმედი პარლამენტარი, აკაკი ზოიძე კი ამბობდა, რომ მარიხუანის მოხმარების დროს 7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქოზური მდგაომრეობა. არცერთ ამ მასალაში წარმოდგენილი არ იყო ალტერნატიული აზრი.

იყო შემთხვევა, როცა მასალა მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა, რომელიც რესპონდენტის აზრისგან განსხვავდებოდა. 31 ივლისს მომზადებული მასალა სათაურით: "საპატრიარქო მარიხუანას შემდეგ კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებას ელოდება" რესპონდენტის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემული კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. “იმედთან” მიცემულ კომენტარში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “ერის ღალატის ტოლფასია” და “უარესსაც” ელოდებიან. “რეზონანსმა” კი დაწერა: “კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო კოკაინის ლეგალიზებას ელოდება. პირველი კომენტარი საპატრიარქოს სახელით მამა ანდრიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან შესაძლოა მალე მოწევა სავალდებულოც კი გახდეს. მამა ანდრიას თქმით, 4 მოსამართლე ვერ უნდა წყვეტდეს "ოთხი მილიონი ადამიანის ბედს” .

მასალის შინაარსისგან განსხვავებული სათაურები

19 ივლისს “რეზონანსმა” პრეზიდენტის სასახლეზე, შენობაზე, რომელიც თვეების განმავლობაში მმართველი პარტიისა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების მიზეზი იყო, მასალა მოამზადა. სტატიას “ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა” ერქვა. მასალაში მხოლოდ სამ რესპონდენტს სთხოვეს გამოეთქვათ მოსაზრება შევა თუ არა სასახლეში ახალი პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ არავის მტკიცებით ფორმაში არ გამოუთქვამს აზრი, სათაურში მაინც დადასტურებულ ფაქტად შესთავაზეს მკითხველს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “რეზონანსის” მიერ დარქმეული სათაური და მასალის შინაარსი ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის ხადის ხეობაში მოკვლის საქმე იყო.

22 ივლისს “რეზონანსზე” მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ექსპერტები გაოგნებულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს – ლორა სმიტი გაუპატიურებულია“ . ტექსტი ეფუძნებოდა“კვირის პალიტრის” სანდო წყაროს და თან ერთვოდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მანამდე გასაჯაროვდა. ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი ეწერა გაუპატიურებაზე, თუმცა აღნიშნული იყო, რომ საქმზე ბრალდებულის დნმ აღმოჩენილი იყო გარდაცვლილი ლორა სმიტის სხეულში. ეს გარემოება სექსუალურ კავშირზე მიანიშნებდა. გარდა ამისა, გამოცემამ სათაურად გამოიტანა ბრჭყალებში ჩასმული წინადადება („ექსპერტები გაოგნენულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს”), რაც ტოვებდა მოლოდინს, რომ მსგავსი შინაარსის აზრს ამოიკითხავდა მასალაშიც. თუმცა მასალის სრულად გაცნობის შემთხვევაშიც კი, მკითხველი ვერ შეიტყობდა ვისი ციტატაა გამოტანილი სათაურად.

ამავე საკითხზე კიდევ ერთი მასალა და ისევ იმავე წყაროზე დაყრდნობით 23 ივლისსაც მომზადდა. მასალას "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა” ერქვა.

სათაურში მტკიცებით ფორმაში ეწერა, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მასალაში “აღიარება” საერთოდ არ იყო ნახსენები. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, საქმზე ბრალდებულმა დანაშაული დაკავების დროს აღიარა, თუმცა მას მერე ყველა სასამართლო სხდომაზე ისიც და მისი უფლებადამცველებიც ამას არ ადასტურებენ.

სავარაუდოდ სარეკლამო შინაარსის მასალები შესაბამისი აღნიშვნის გარეშე

24 ივლისს “რეზონანსის” ვებგვერდზე RMG - გოლდის დირექტორთან, ჯონი შუბითიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით "არემჯი" გარემოსდაცვით პროგრამაზე 2020 წლის ბოლომდე 30 მილიონ ლარს დახარჯავს".

ამ კომპანიის მიმართ მუდმივად ისმის კრიტიკა ბუნების დაბინძურებასთან დაკავშირებით, მასალა კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ კრტიკის ფონზე კომპანიის საქმიანობის დადებითაც წარმოჩენა იყო მიზანი.

მაგალითად, ჟურნალისტმა იკითხა გარემოსთვის მიყენებულ 30 მილიონიან ზარალზეც, რაზეც რესპონდენტმა უპასუხა, რომ: “2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო ოპერირება, გარემოზე მიყენებული ზიანი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 30 მილიონი”.

ამ პასუხის მოსმენისას ჟურნალისტს არ გასჩენია კონტრშეკითხვა, კონკრეტულად რა ოდენობის ზიანს აღიარებს კომპანია. ამავე ინტერვიუით გამოჩნდა, რომ ან ჟურნალისტს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ ინტერვიუს ჩაწერაში, ან არ მოემზადა. ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ არ წარუდგინა რესპონდენტს კონკრეტული ზიანის აღმნიშვნელი რიცხვები, რომელიც კომპანიის საქმიანობითაა გამოწვეული და მკითხველისთვის კომპანიის მიმართ არსებულ პრეტენზიებს უფრო საფუძვლიანად წარმოაჩენდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალა რუბრიკაში “ბიზნესპრესი” გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსის” 24 ივლისის ნომერში. ამავე გაზეთის ბოლო ფურცელზე ვკითხულობთ, რომ ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალა დაფინანსებულია.

კიდევ ერთი მასალა, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე სარეკლამო მასალად შეიძლება მივიჩნიოთ 26 ივლისს გამოქვეყნდა და “ვივუსის” მოხმარების წესებს ეხება. მასალაში კითხვა-პასუხით აღწერილი იყო, როგორ შეიძლება ისარგებლოს მომხმარებელმა სწრაფი სესხით.

არცერთ ამ შემთხვევაში რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი მითითებული არ იყო.
რეპორტიორები საკუთარი ქვეყნის ომში
ომსა თუ კონფლიქტის ზონაში მუშაობა ნებისმიერ ადგილზე დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს. თუმცა, საქმე გაცილებით რთულადაა, როდესაც შენს ქვეყანაში მიმდინარე ომს აშუქებ. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ “მედიაჩეკერთან” საუბარში ქართველი რეპორტიორები იხსენებენ, როგორ მუშაობდნენ იმ დღეებში.

გოგა აფციაური


გოგა აფციაური რადიო თავისუფლების ჟურნალისტია და წლებია კონფლიქტის ზონაში მუშაობს. ამბობს, რომ სროლა და ხალხის დაშინება დღეს უკვე ოკუპირებულ სოფლებში 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო. 4 აგვისტოდან კი უკვე აქტიური შეტევა განხორციელდა სოფლებზე - ნული და ავნევი. პირველი მსხვერპლი და დევნილები სწორედ ამ სოფლებში იყო.

„საკუთარი ქვეყნის ომის გაშუქება, ალბათ, ყველაზე რთული ამბავია ჟურნალისტისთვის. გარდა იმისა, რომ პროფესიული მოვლეობა უნდა შეასრულო და ნაკლები ემოციით ილაპარაკო იმ ომზე, რომელიც შენს ქალაქში მიმდინარეობს, ვალდებული და პასუხისმგებელი ხარ ოჯახის წევრები დაიცვა. გორში მეუღლე, დედა და შვილები ცხოვრობდნენ, მათ ევაკუაციაზეც უნდა მეზრუნა. 8-ში საღამოს ბავშვები ნათესავებმა წაიყვანეს, 9-ში, გორი რომ დაიბომბა, მეუღლეც გავიყვანე ერთ-ერთ სოფელში. ამ დროს ბავშვი მოიწამლა და თბილისში, კლინიკაში მოგვიხდა მისი გადაყვანა. ჩავიყანეთ და მალევე დავბრუნდი უკან, უკვე ოკუპირებულ ქალაქში, სადაც 7 თუ 8 საგუშაგოს გავლა მოგვიწია. რუსები გვიმოწმებდნენ ყველაფერს, ისინი აკონტორლებდნენ იქაურობას. გორი მდუმარე ქალაქად იყო ქცეული, საკუთარი ნაბიჯების ხმა რომ გესმოდა ექოსავით. ცოტა უფრო მშვიდად ვიყავი, რადგან ოჯახი აღარ იყო ქალაქში და ვცდილობდი მაქსიმალურად ვკონცენტრირებულიყავი საქმეზე. მინდოდა ყველაფერი გამეშუქებინა, რომ ყველას ენახა ის სურათი, რასაც ჩემი თვალით ვხედავდი. მახსოვს, დღიურები გავაკეთე რადიოსთვის, დღესაც ინახება ინტერნეტში, „ომის დღიური გორიდან“- ასე ქვია.

ვუყურებდი რუსებს, როგორ დადიოდნენ ქალაქში და მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად ძალიან გადაღლილი ვიყავი, ვცდილობდი მათი კომენტარი მომეპოვებინა, მეკითხა რას ფიქრობდნენ, როდის წავიდოდნენ და ა.შ. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ პროფესიული ვალდებულება უფრო წინ დგება ასეთ დროს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ურთულესი იყო იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც ძარცვავდნენ და წვავდნენ შენს ქალაქს, ადამიანებს კლავდნენ. როგორია მათთან ინტერვიუს ჩაწერა?! მაგრამ დავძლიე ყველანაირი ემოციური განწყობა და მაინც ვიმუშავე.

ჟურნალისტები ძალიან მოუმზადებლები ვიყავით, პრესის ჯავშან ჟილეტებიც კი არ გვქონდა, ჩვეულებრივი მაისურით და ბოტასებით, სამოქალაქო ფორმით ვმუშაობდით. მერე კი ჩამოუვიდათ ეკიპირება, ჩემიც ჩამოვიდა რედაქციაში, მაგრამ აღარ წამომიღია თბილისიდან.

პირველ დღეებში ინფორმაციის ვაკუუმი იყო ჟურნალისტებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია, სად რა ხდებოდა, ვინ რომელ სოფელს აკონტროლებდა. მე ვიცოდი, რადგან ადგილობრივი ვარ, დეტალურად ვიცოდი რუკაზე რომელია ქართული სოფელი, რომელი - ოსური, ამან გამიადვილა მუშაობა. ჩამოსულ ჟურნალისტებს კი თავიდან ძალიან უჭირდათ, რის გამოც ტრაგიკული შემთხვევაც მოხდა - ჩვენი კოლეგები დაიღუპნენ. 12 აგვისტოდან ხელისუფლებაც მობილიზდა და რუკები მოიტანეს, მედიაცენტრი გაიხსნა. ხაზები გაავლეს, სადამდე იყო შედარებით უსაფრთხო მისვლა და ა.შ.

დათო ჩხიკვიშვილი


20 წელზე მეტია დათო ჩხიკვიშვილი სააგენტო „როიტერის“ ოპერატორია. მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში კონფლიქტები და ომები არაერთხელ გაუშუქებია . გამოცდილ რეპორტიორს საკუთარ ქვეყანაში ომის დროს მუშაობა განსაკუთრებით მძიმედ ახსოვს.

„რა თქმა უნდა, ყველგან რთულია ასეთი ტრაგედიების ყურება. როდესაც სხვაგან ვხვდებოდი ცხელ წერტილებში, რატომღაც სულ ვფიქრობდი, - კიდევ კარგი, რომ ჩემი ქვეყანა არაა, მოვრჩები მივლინებას და დავბუნდები სახლში. ომი რომ დაიწყო, მაშინვე ეს გამახსენდა, თითქოს გამიზნულად, რასაც ფიქრობ და რისიც გეშინია, ზუსტად ის მოხდა.

5-ში ჩავედით სოფელ ნულში სროლების ხმა პერიოდულად უკვე ისმოდა, პროვოკაციები გახშირებული იყო. მაგრამ მაინც ყველას გვეგონა, რომ განიმუხტებოდა ვითარება, ომზე მაინც არავინ ფიქრობდა. იქ ადგილობრივ პოლიციელებსაც ვესაუბრეთ. როგორც მერე გავიგეთ, 6-ში თუ 7-ში ორი მათგანი მოუკლავთ.

9 აგვისტოს დაბადების დღე მაქვს, შვებულებაში გავდიოდი, ბაკურიანში ვგეგმავდი წასვლას, მაგრამ ბაკურიანის მაგივრად ომში აღმოვჩნდი. 7 აგვისტოს საღამოდან სოფელ მეღვრეკისის გადასახვევთან გავჩერდით გადასაღებად და ვითარების განვითარებას ველოდებოდით. ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი, რომ ამას ომის სახე მიეცემოდა. გამთენიისას სროლების ხმა თანდათან გააქტიურდა, ცოტა ხნით ჩავთვლიმე და უცებ გასროლის ძლიერმა ხმამ გამეღვიძა. მერე ორი ვერტმფრენი გამოჩნდა. კამერა მქონდა ფირზე, კასეტებით, ახლა ჩიპებია, რაც ბევრად სწრაფია, ერთიანად გადააქვს მასალა. იქ კი დრო გჭირდებოდა ვიდეოს კომპიუტერში შესაყვანად,თან ინტერნეტიც ცუდად იჭერდა.

8-ში დილით უკვე სხვა ჟურნალისტებიც მოვიდნენ და ჩვენი სამხედრო მანქანების კოლონაც გამოჩნდა, ცხინვალის მიმართულებთ მიმავალი. ისე დამაჯერებლად მიდიოდნენ, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდებოდა ის, რაც წინა დღეებში ხდებოდა. დაახლოებით 3 საათზე , როცა უკან დაიწყეს გამოსვლა და დაჭრილებიც დავინახეთ, მიხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. ერთი კადრი მახსოვს: სამხედრო სატვირთო მანქანა გამოდიოდა, გადაღება დავიწყეთ, გავაყოლეთ კამერა მანქანას და კადრის ბოლოს ჩამოწეული ბორტიდან ფეხები დავინახეთ. ალბათ დაჭრილები იყვნენ, ან დაღუპულები, ან ორივე ერთად, არ ვიცი. უცებ ყველამ დავწიეთ კამერები, გადაღება შევწყვიტეთ, ასეთი რაღაც არასდროს გაგვიკეთებია ადრე, გამოცდილი ოპერატორები ვიყავით, ინსტინქტურად მოხდა.

მერე დაბომბვებიც დაიწყო, ერთ-ერთი მონტაჟის დროს, დაახლოებით 100 მეტრში ჩამოვარდა ჭურვი. ნახევარი გრადუსის სხვაობა რომ ყოფილიყო ლულის დამიზნებისას, შეიძლებოდა ზუსტად ჩვენს ადგილზე დაცემულიყო. თუმცა, იმაზე თუ დაიწყე ფიქრი, 5 წუთის მერე რა იქნება, ვერ იმუშავებ. იმ მომენტში უბრალოდ შენს საქმეს აკეთებ. მეორე ამბავია, რომ უაზრო რისკი არ უნდა გასწიო და ზღვარი დაიცვა, თან საქმე გააკეთო, თან თავს გაუფრთხილდე. ეს ზღვარი კი გამოცდილებაა. ადრე უფრო ვრისკავდი ხოლმე, მაგრამ ყველას ვეუბნები და ეს ჩემი სიტყვები არაა, რომ არცერთი კადრი არ ღირს სიცოცხლის ფასი. თუ გადაიღე და მოგკლეს, აზრი?! უნდა გადაიღო და გამოიტანო მასალა. ამიტომაც იყო, იქ რომ გავჩერდით და უფრო შორს, ცხინვლისკენ აღარ წავედით.

შენს ქვეყანაში მიმდინარე ომის გაშუქება ემოციურად ძალიან რთულია. სხვაგან რომ ხარ, მაინც ის განწყობა გაქვს, რომ შენ ნაკლებად გეხება. კი, რა თქმა უნდა გეცოდება ის ხალხი, ცდილობ დაეხმარო რითიც შეგიძლია, თუნდაც შენი კადრებით და ამის მსოფლიოსთვის ჩვენებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერსად მიდიხარ, ომი მოდის შენთან. სახლში გაიქცევი და იქაც შეიძლება მოგადგეს. დასაბრუნებელი არსად გაქვს. მახსოვს, ახალი ფეხსაცმელი მქონდა ლონდონში ნაყიდი, რომელიც ძალიან მომწონდა და პირველად 7 აგვისტოს რომ წავედით გადასაღებად, მაშინ ჩავიცვი. იმ ამბების მერე დანახვაც არ მინდოდა, არასდროს ჩამიცვამს, იმდენად ცუდთან ასოცირდებოდა, გადავყარე.

დათო კაკულია


დათო კაკულია ომის დროს 23 წლის იყო და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში”მუშაობდა. 7 აგვისტოს, გამთენიისას, მეგობრებთან ერთად გასართობად იყო გასული, როცა პროდიუსერმა დაურეკა და გორში წასვლა სთხოვა.

“მითხრა ხვალ პრეზიდენტმა გორში დაჭრილი სამხედროები უნდა მოინახულოსო, სამხედრო ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, - სამხედრო თუ დაიჭრა, ე.ი. რაღაც ცუდი ხდება. მაშინვე სახლში წავედი, მოვემზადე და გორის ჰოსპიტალში ჩავედი. სამხედროები მძიმედ იყვნენ დაჭრილი, ნაღმმტყორცნის გამოყენებით. გამოვედი თუ არა ჰოსპიტალუდან, ნახევარ საათში ერთ-ერთმა წყარომ დამირეკა, სამხედრო ძალებში განგაშაო, ამან საერთოდ დამაბნია. წავედით შემოვლით გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რომ გადაგვეღო, გვქონდა ინფორმაცია, რომ იცხრილებოდა სოფლები.

როცა ომს აშუქებ, აუცილებელია შენს სამშვიდობო ძალებს გააგებინო, რომ ამ მონკვეთზე მუშაობ, საჭიროების შემთხვევაში დახმარება რომ შეძლონ. ამიტომ მათ ტერიტორიაზე შევედით. ამ დროს ჯავშანმანქანა შემოვიდა, საიდანაც დასისხლიანებული ჯარისკაცები გადმოვიდნენ, - მთელი ღამე ვიბრძვით, გვიტევენ მაგრად, ასეთი ჯერ არ ყოფილაო. უფრო მეტად შევშფოთდით, გზა გავაგრძელეთ, ზუსტად არ მახსოვს სახელი, მაგრამ ჩვენი საგუშაგო პოსტი იყო და იქ ვერ ვნახეთ ჩვენი სამშვიდობოები. დავინახეთ ძალიან ბევრი გილზა, გავსრიალდით კიდეც, უცებ შევედით ამ ტერიტორიაზე და მახსოვს ვიღაცის ხელი დავინახეთ, გვიყვირეს დაიხარეთო, გადავირბინეთ. ჩვენები ჩასაფრებული იყვნენ, გვითხრეს გადარჩენილები ხართ, სნაიპერი გვამუშავებს, არ ჩერდებაო. ამას რასაც უყურებთ, მთელი ღამის ბრძოლის შედეგია, სავარაუდოდ უფრო მაგრად დაგვარტყამენ, ასეთი რაღაც არ მომხდარა აქამდეო.

ომი არ დაწყებულა 8 აგვისტოს, არც 7-ში, ვინც იქ დადიოდა, აშუქებდა მოვლენებს ან დამკვირვებელი იყო, ყველამ იცის, რომ ივლისის ბოლოდან სულ იყო ინტენსიური სროლები, ხან ნაღმმტყოცნების აფეთქება. ქართული მედია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ომში მუშაობისთვის. ზოგადად, სახელმწიფო იყო ამ მხრივ მოუმზადებელი, იმიტომაც წავაგეთ საინფორაციო ომი, ჩვენი დაშავებულები გაასაღეს თავისად და ა.შ. ჩვენ ბევრ რამეზე არ გვქონდა ინფორმაცია, ამ დროს რუსული მედია ყველანაირად მობილიზებული იყო. ყველაფერი ჰქონდათ იმისთვის, რომ გაეშუქებინათ ომი, ჯავშანჟილეტები, გადამცემები, ყველანაირი ტექნიკა. ახლა რომ ვიხსენებ, ვერ ვიმუშავე ისე, როგორც მინდოდა, არავის უსწავლებია. მერე დაიწყო ამის სწავლება, მერე გავიარეთ რაღაც კურსები. სამხედრო ჟურნალისტიკას სჭირდება სწავლა.

თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ვერ გავაშუქეთ და ვერ ვაჩვენეთ, ალბათ ერთი ისაა ჩემთვის, რომ ვერ გადავიღე და ვერ ვაჩვენე, როგორ იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ქართველი ჯარისკაცი, რამდენიმე მომენტის გარდა. არადა ძალიან ბევრი იყო საჩვენებელი. ჟურნალისტების უმეტესობა მშვიდობიანად რომ გადავრჩით, ამაში დიდი წვლილი სწორედ ჩვენს ჯარისაცებს მიუძღვით. არ გვაძლევდნენ საშუალებას მათთან ერთად ჯავშანმანქანებზე დამსხდარიყავით და ისე შევსულიყავით გადასაღებად. იყო შემთხვევები, როდესაც შევიპარე და მომატრიალეს. მუშაობა ურთულესია და არავინ თქვას, რომ არ ეშინია, ისე გეშინია, როგორც არასდროს, - როდესაც 15 მეტრში ყუმბარა სკდება, შენს წინ ხეს ან ქვას ტყვია ხვდება, დაჭრილს და დასისხლიანებულ ადამიანს ხედავ დაგდებულს, გეშინია. არ გიყვებით ფილმიდან, რეალობაში ნანახს გიყვებით, შენი ქვეყნის ომია, შენი რეალობა და ეს ძალიან მძიმეა.
“მედია-რენტგენის” რენტგენი
"მედია-რენტგენი" კვირაში ერთხელ ოთხშაბათობით ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საღამოს 10 საათზე გადის. გადაცემას POSTV ქმნის, რომელიც შალვა რამიშვილის, ლაშა ნაცვლიშვილის, ნუგზარ რუხაძის მიერ დაფუძნებული ინტერნეტ ტელევიზიაა. გადაცემის წამყვანის, ნიკოლოზ ლალიაშვილის განმარტებით, მედიარენტგენის მიზანი ყალბი ამბების და მისი ავტორების მხილებაა.

“კვირაში ერთხელ, ჩვენ ვარჩევთ, ერთ ყველაზე მავნებლურ ტყუილს, რითაც გვანებივრებენ ჟურნალისტები, ექსპერტები, თუ პოლიტიკოსები და მას ვუპირისპირებთ სიმართლეს”, - სწორედ ასე იწყებს ყველა გადაცემას წამყვანი, თუმცა ეს “მავნებლური ტყუილი” მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებას (ნაციონალურ მოძრაობას), ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საზოგადოების ლიბერალური შეხედულებების მქონე ნაწილს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” და მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკავშირდება. გადაცემაში ნებისმიერი საკითხისა თუ პერსონის განხილვა, საბოლოო ჯამში, ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ 9 წლიან “რეჟიმთან” მიდის და მათივე კრიტიკით სრულდება. გადაცემაში ვერ შევხვდებით კრიტიკულ მოსაზრებას მოქმედი ხელისუფლების მისამართით.

ყველა გადაცემაში მოცემულია ე.წ. “ვიდეომხილების” რუბრიკა, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, გადაცემის მთავარ თემაზე თუ კონკრეტულ პიროვნებაზე გაშარჟებულ, უფრო ზუსტად კი, არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და შეფასებებს ვისმენთ. ამის შემდეგ კი, თემის განხილვა სტუდიაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად გრძელდება. სტუდიაში სტუმრების შემადგენლობაც უმეტესად უცვლელია. რესპონდენტების ჩამონათვალში თითქმის ყოველ გადაცემაში შევხვდებით - სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს, უშუალოდ გადაცემის მთავარ პროდიუსერ შალვა რამიშვილს, პარლამენტის ყოფილ წევრ კობა დავითაშვილს და რეჟისორ გოგა ხაინდრავას.თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში მმართველი პარტიის წევრების სტუმრობაც იშვიათი არ არის, მაგალითად სტუმრობდნენ ეკა ბესელია, ვატო შაქარაშვილი, ბექა დავითულიანი .



მიკერძოება და ტენდენციურობა


ყველა გადაცემის თემატიკა მიკერძოებულად და გამოკვეთილად ტენდენციურად, უარყოფით კონტექსტში მხოლოდ საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფთან, სუბიექტთან და პოლიტიკურ ძალასთან არის გაიგივებული. გადაცემის წამყვანისა და სტუმრებისგან კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში შეურცხმყოფელი ეპითეტებიც მხოლოდ მათი მისამართით ისმის. მაგალითად, ასე იყო როდესაც "მედია-რენტგენი" ეხებოდა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობას, როცა “მტრის ხატის შექმნის ტექნოლოგიას ამხელდა”, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის, როგორც რეჟიმს აფასებდა, განიხილავდა ე.წ. “Fake News” - ს, ყალბი პატრიოტიზსა და ცრუ ტოლერანტობას. ყველა ეს გადაცემა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და “მათი სატელიტი პარტიების” (როგორც ამას თავად გადაცემის წამყვანი არაერთხელ იმეორებს), მიხეილ სააკაშვილის, გიორგი მარგველაშვილის, საზოგადოების ლიბერალური შეხედულებების მქონე ნაწილის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას და მათ გარშემო ნეგატიური განწყობის შექმნას ემსახურებოდა. საზოგადოების სხვა ნაწილს თუ პოლიტიკურ ძალებს “მედიარენტგენის” კრიტიკა არ დაუმსახურებია.

დაუსაბუთებელი ბრალდებები

"მედია-რენტგენის" კრიტიკა ხშრად დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მხოლოდ წამყვანისა და რესპონდენტების პირად შეხედულებებს ეფუძნება.

მაგალითად, 30 მაისის გადაცემაში საზოგადოების ლიბერალური ნაწილის მიმართ ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ისინი ცდილობენ, რომ “ყველა ქრისტიანს, ყველა პატრიოტს, ტრადიციული ურთიერთობების ყველა მომხრეს, მიაკეროს არა მხოლოდ პრურუსის იარლიყი, არამედ, მათი მიზანია, რომ ბოლოს ყველაფერი დაიყვანონ ფორმულამდე, რომ თუ არა ხარ “ნაცი” ე.ი. ხარ გაზპრომის აგენტი”.

ასევე სრულიად დაუსაბუთებლად, გადაცემაში, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეს ეხებოდა, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი იმას ამტკიცებდნენ, რომ “საქმის გამოძიებიდან დაწყებული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულებილი, მთელი ეს პროცესი სტრუქტურებში ჩარჩენილი ნაციონალური მოძრაობის წევრების ავანტიურა და “რევოლუციის აგორების მცდელობა” იყო, რომელიც მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის ხელით იმართებოდა. “რევოლუცია დაიწყო მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილებით და ის უნდა იჯდეს ციხეში, - ამტკიცებდა უაპელაციოდ კობა დავითაშვილი, წამყვანსაც არ გასჩენია სურვილი მოეთხოვნა ამ მოსაზრების გამამტკიცებელი არგუმენტები.

გადაცემაში ასევე შევხვდებით ბრალდებებს სამოქალაქო სექტორის მიმართ, თითქოს “ენჯეოების უმრავლესობას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა ეს არის ქვეყნის მმართველი ისტებლიშმენტის ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან”, რასაც მხოლოდ წამყვანის ან სტუმრის პირადი მოსაზრება უდევს საფვუძვლად და არის არის გამყარებული რაიმე კონკრეტული არგუმენტით თუ მტკიცებულებით.

სეზონის ბოლო გადაცემაში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ტყუილშიც დასდეს ბრალი. ერთ-ერთმა სტუმარმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადაა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით დაინტერესდნენო. “ნატოს სამიტზე არავის აინტერესებს, რატომ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება”, - აღნიშნა მან. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი “ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კანონპროექტებს” ვეტოს მხოლოდ იმიტომ ადებდა, რომ გუნდისთვის ეჩვენებინა თუ როგორი თვითმყოფადი პიროვნებაა. წამყვანის შეფასებით კი, “გასული ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ასრულებდა მუხრუჭის როლს პოლიტიკურ პროცესში. აფერხებდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ხელსაყრელ მომენტში თესავდა ინტრიგას საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე”. რაიმე არგუმენტი ამ მოსაზრებების გასამყარებლად არც სტუმრებს უთქვამთ და არც წამყვანს მოუთხოვია,

შეურაცხმყოფელი შეფასებები

"მედია-რენტგენში" განსაკუთრებით უხვად შეხვდებით შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა თუ შეფასებებს. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე მოისმენთ, რომ ის “მარაზმუს ნიდერლანტსკი”, “ტრაგიკომიკური, ანიმაციური პერონაჟი”, “ღრმა ბავშვობიდან ჩაგრული”, “კიბის საფეხურზე მოსრიალე პატარა სასაცილო მიხო”, “პატარა მამაკაცი”, “მჩატე პიროვნება”, “სკოლის ასაკში ჩარჩენილი ჩაგრული მჩაგვრელია”, რომელსაც “აქვს ჩაგრული და განაწყენებული კაცის სინდრომი, ის მუდმივად ცდილობს ამტკიცოს, რომ ჭკვიანი, სექსუალური ინდივიდია”.
მსგავსი შინაარსის ეპითეტების ნაკლებობა არც მოქმედ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისამართითაა. ის დახასიათებულია, როგორც “თვითმარქვია მარგველა”, “fake პრეზიდენტი”, “არასრულყოფილების კომპლექსით შემპყრობილ სამაზვანეცი”, “კომიკური ფიგურა, რომლის არაადეკვატურობამაც ქვეყანას, როგორც მატერიალური, ისე პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი” მოუტანა, რომ მან ნატოს ბრიუსელის სამიტზე ელცინივით იცეკვა და ის ფუნქციაც კი ვერ შეასრულა, რომ ქვენისთვის თავი არ მოეჭრა.

დადებითი ტონი მოქმედი ხელისუფლების მიმართ

გადაცემაში გამოკვეთილად შეიმჩნევა მოქმედი ხელისუფლების მიმართ პოზიტიური განწყობა.თუკი ზემოთ დასახელებულ პერსონებს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ტიპის ეპითეტებით ამკობენ, ხელისუფლების წარმომადგენელების მისამართით მხარდამჭერ გზავნილებს არ იშურებენ. მაგალითად, გადაცემის წამყვანის შეფასებით, იმ დროს, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა, რომ “ქვეყნისთვის თავი მოეჭრა” და “ძალიან ცდილობდა, რომ ყოფილიყო დესტრუქციული, ყოველ ჯერზე ქართული ოცნება რაღაცნაირად ახერხებდა მისი წვრილ-წვრილი მავნებლობების განეიტრალებას, თანაც იმგვარად, რომ ამით ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მისდგომოდა”.

მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხორავას ქუჩის საქმით სპეკულირებდა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია - სწორედ მსგავსი შინაარსის მსჯელობას ვისმენდით გადაცემაში, რომელიც არასრულწლოვნების მკვლელობის თემას ეხებოდა. გადაცემისთვის განკუთვნილი ერთსაათიანი დრო ისე ამოიწურა, რომ აღნიშნულ საქმესთან მიმართებით ხელისუფლების მისამართით არცერთი კრიტიკული კითხვა არ გაჟღერებულა. სტუმრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ გირგვლიამის საქმე იყო აბსოლუტურად სხვა, რომ მაშინ სისტემამ მოკლა ადამიანი, ხორავას ქუჩის საქმე კი მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის დაწყებული კამათის შედეგია და მანკიერ სისტემასთან კავშირი არ აქვს. თუმცა, იმის თაობაზე, რომ სწორედ სისტემამ დააფარა ხელი გარკვეული პირებს, არავის უხსენებია. არც ის გახსენებიათ, თუ როგორ მივიდა გამოძიება ჩიხამდე სწორედ სისტემური ნაკლოვანებების დამსახურებით.

იმ დროს, როდესაც გადაცემაში ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილ გადაცდომებზე მსჯელობენ, არავინ ახსენებს უკვე მოქმედი ხელისუფლების დროს დაფიქსირებულ სისტემურ პრობლემებს, სხვადასხვა გახმაურებულ გამოუძიებელ საქმეებს და ა.შ. უფრო, მეტიც გადაცემის ავტორები იმაზეც წუხან, რომ ქართველ ჟურნალისტებს “პროსახელისუფლებო პოზიცია ეგოიმებათ”, რომ მედია არის გამოკვეთილად ანტიხელისუფლების მქონე განწყობების და მეორე პოლუსი, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც მედიას სანდოობას უკარგავს და საზოგადოებას არჩევანის საშუალებას არ აძლევს. “თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ეს არის ერთი რევანშის წყურვილით შემპყრობილი, ყოფილი ხელისუფლების რაკურსი, სხვა რაკურსი უბრალოდ არ არსებობს”, - განმარტა გადაცემის წამყვანმა 4 ივლისის გადაცემაში.

საერთო ჯამში გადაცემის დასაწყისში გაკეთებული განმარტება თითქოს "მედია-რენტგენის" მიზანი გამოგონოლი ყალბი ამბებისა და მათი ავტორების მხილებაა, რეალურ სურათთან თანხვედრაში ნამდვილად არ არის. გადაცემიდან ვისმენთ მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის და საზოგადოების ერთი ჯგუფის კრიტიკას, რაც ერთის მხრივ გადაცემის შემქმნელებისგან საკითხების მიმართ ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, მეორეს მხრივ კი მიზანსა და შედეგს შორის მკაფიო აცდენას კვეთს. გაუგებარი რჩება, რატომ უკავშრდება ყალბი, გამოგონილი ამბები მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ჯგუფს, თუ პიროვნებას და რატომ არ ხდება თემის გლობალურად გაშლა, ყალბი ამბების მასშტაბურ გამოწვევებზე საუბარი და ამ კონტექსტში რუსული საფრთხეების გაანალიზება, რაც უკვე არაერთი ქვეყნის თავისტკივილია. თავშივე გაცხადებული მიზნის ვიწრო, ტენდენციური კუთხით განხილვა კი, მხოლოდ იმ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გადაცემის მიზანი არა ყალბი, გამოგონილი ამბების მხილება, არამედ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის მანკიერი მხარეების წამოჩენა და გარკვეული პირების, პროცესებისა და მოვლენების მათთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უარყოფითი, ნიჰილისტური განწყობების ფორმირება და გაღრმავებაა.
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან მონოლოგის რეჟიმში
24 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, წამყვანის კითხვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პასუხობდა. პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ეს ივანიშვილის პირველი ინტერვიუ იყო, რომლისთვისაც მაუწყებელმა გადაცემის ფორმატი შეცვალა - წამყვანი თავად მივიდა რესპონდენტთან, იყო არა პირდაპირი ეთერი, არამედ ჩანაწერი და არ გავიდა გადაცემა წინა დღეს.

ინტერვიუს მიმდინარეობა

გადაცემა თითქმის საათნახევარი, უფრო ზუსტად, 1სთ და 25 წუთი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, წამყვანმა სტუმარს 14 კითხვა დაუსვა, საიდანაც ხუთი კითხვა - როგორ შეაფასებთ, რას ფიქრობთ, რაში მდგომარეობს - ტიპის იყო და პასუხის გაცემის დროს მხოლოდ სამჯერ ჩაეკითხა, ისიც უმნიშვნელო დეტალის დასაზუსტებლად. ინტერვიუ მეტწილად სტუმრის მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, გადაცემის ავტორს ივანიშვილის პოზიციებისთვის არ დაუპირისპირებია არცერთი კონტრარგუმნეტი, მიუხედავად სასაუბრო თემის ირგვლივ არსებული ამგვარი დეტალების სიმრავლისა. წამყვანი რესპონდენტისგან ძირითადად შეფასებებს ითხოვდა და არ ისმოდა კრიტიკული კითხვები.



საათნახევრიანი გადაცემის უმეტესი დრო აუდიტორია ქვეყნის ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებზე ისმენდა მოსაზრებებს, იმ განსხვავებით, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს სულ უარყოფით, მამუკა ბახტაძეს კი დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა. ასევე დიდი დრო დაეთმო: ოპოზიციის კრიტიკას - რისი ინსპირაციაც წამყვანის კითხვა იყო - „ოპოზიცია ნებისმიერ მოვლენაში ხედავს თქვენს ბრალეულობას“, ხეების გადატანისა და პანორამა თბილისის თემას, აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე სტუმარმა კითხვის დასმის გარეშე, თავისი სურვილით ისაუბრა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმარი თავად წყვეტდა რა საკითხზე უნდა ესაუბრა, ან მან წინასწარ იცოდა კითხვები.

  • „ალბათ მე კიდევ მექნება საშუალება ჩვენს ინტერვიუში ამ თემას დავუბრუნდე“, - თქვა ივანიშვილმა პირველივე კითხვაში, როდესაც პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზებზე საუბრობდა.

  • „მძიმე მდგომარეობაა ბანკებთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება ქვემოთ მოგვიწიოს საუბარი და შევეხო“, - განაცხადა მესამე კითხვის პასუხში, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირის თემაზე საუბრობდა.

  • „აქ უნდა მომისმინოთ, ეს უნდა ავხსნა“, - განაცხადა როდესაც ოპოზიციის ბრალდებებზე, ხეების გადატანაზე, პანორამა თბილისსა და “ქართუ ბანკზე” საუბრობდა, ისე, რომ ეს ორი უკანასკნელი საკითხი წამყვანს არ უხსენებია და არც სტუმრის ეს სურვილი შეუმჩნევია რაიმე ფორმით, მდუმარედ განაგრძო მისი მოსმენა.
ასევე საკუთარი ინიციატივით ისაუბრა გადაცემაში ივანიშვილმა პარტიაში დაძაბულობის დაწყებაზე და ახსენა გასული წლის ოქტომბერი. სწორედ იმ პერიოდში იმართებოდა თვითმმართველობის არჩევნები და მას საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ღიად არ დაუჭერია მხარი პარტიის კანდიდატებისთვის. იმ დროს, როდესაც რესპონდენტი ამ საკითხებზე საუბრობდა, წამყვანს არ უკითხავს მისი შერჩევით დასახელდნენ თუ არა მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები. ან რას ფიქრობს მოქმედი მერების, მათ შორის კახა კალაძის საქმიანობაზე, მისგანაც “იმედგაცრუებული ხომ არ არის.

კიდევ ერთი განცდა, რაც ამ გადაცემიდან მაყურებელს დარჩა, იყო ის, რომ გადაცემის ავტორი სტუმარს არ უსმენდა და დაწერილ კითხვებს მიჰყვებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც მან გადაცემის მიმდინარეობისას დასვა ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც მაყურებელმა უკვე იცოდა - ასეთი იყო კითხვა ეკონომიკური ჩამორჩენისა და დემოკრატიის ზრდის შესახებ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა პირველივე კითხვაში ისაუბრა, წამყვანმა კი მეცხრე კითხვად კვლავ ჰკითხა - „რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა და რაში მდგომარეობს ამ პრობლემის არსი“ .

ყოფილი პრემიერი მთელი ინტერვიუს განმავლობაში უარყოფდა პოლიტიკაში არყოფნის დროს მართვაში მონაწილეობას, პარალელურად კი რამდენჯერმე ახსენა - გარედან კონტროლი და მთავრობის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციები (მირეკავდა, ვურეკავდი, ვსაყვედურობდი, მეტწილად კვირიკაშვილზე; როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა რომ გუნდი შენარჩუნებულიყო - დაბრუნების თემაზე საუბრისას. რედ). მიუხედავად ამ შემთხვევებისა, ჟურნალისტი არ ჩაკითხვია, იყო თუ არა ამ ფორმით მართვაში მონაწილეობა არაფორმალური მმართველობა. აქვე გეტყვით, მოგვიანებით თავად სტუმარმა განმარტა, რომ ეს საზოგადოებრივი კონტროლი იყო და მას ამის უფლება აქვს. წამყვანს არ უცდია საკითხის დაზუსტება. რაც, ზემოთდასახელებულ შემთხვევასთან ერთად, ასევე ქმნიდა განცდას, რომ იგი სტუმარს არ უსმენდა და დაწერილ ინსტრუქციას მიჰყვებოდა.

კითხვები, რომლებიც არ დასმულა

მიუხედავად ინტერვიუს ხანგრძლივობისა, 1სთ, 25 წთ, გადაცემაში არ დასმულა არცერთი კითხვა იმ “პრობლემების შესახებ, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური იყო.

მაგალითად, გადაცემის წამყვანს არ უკითხავს, თუ დიდი ხნის წინ (მარტში) იყო დაწყებული იმ საქმის ძიება, რაშიც ყოფილი მინისტრები, ქუმსიშვილი და ალავიძე ფიგურირებენ (რასაც ივანიშვილმა დემოკრატიული პროცესი უწოდა), რატომ ინარჩუნებდნენ ისინი დიდხანს პოზიციებს. რატომ გასაჯაროვდა ინფორმაცია მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ხომ არ იყო ეს ყოფილი პრემიერის გუნდზე ანგარიშსწორება;

- ქვეყანას ჰყავს ახალი მთავარი პროკურორი, სწორედ ამ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით. მთელ ამ პროცესს როგორ შეაფასებთ? - მხოლოდ ეს კითხვა დასვა წამყვანმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა, მთავარი პროკურორის გადადგომა, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკავება და სხვა არაერთი პროცესი მოჰყვა.

გადაცემის წამყვანი ამავე თემაზე არც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემას შეხებია და არც ის ბოიკოტი უხსენებია, რაც მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს სდევდა თან. მაკა ცინცაძეს არც ბოლო ექვს წელიწადში შეცვლილი ხუთი პროკურორის თემა გახსენებია.

საათნახევრიანი გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს შორის ვერ მოხვდა კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის თემა, რასაც ასევე საპროტესტო აქციები მოჰყვა; ნარკოპოლიტიკა; ინტერვიუში არ დასმულა სიღრმისეული კითხვები ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირისა და სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის შესახებ, რაზეც ყოფილმა პრემიერმა თქვა კიდეც, რომ “ძალიან მძიმედ გადაიტანა”; წამყვანს სტუმრისთვის კითხვა არც მაშინ შეუბრუნებია, როცა სტუმარმა თქვა, რომ საქართველომ რუსეთს ემბარგო დაუწესა; შეფარვითი და მაამებლური იყო კითხვა არაფორმალურ მმართველობაზე (რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა), ამ შემთხვევაში წამყვანს თავად სტუმარი შეეშველა, - "რამდენად ვიყავი არაფორმალური მმართველი? თქვენ ალბათ გერიდებათ ამ კითხვის დასმის”.

- „სად მიგაქვთ ეს ხეები და თუ აპირებთ სამომავლოდ ხეების გადარგვის გაგრძელებას“ - ასე წამყვანმა 120 (ეს ციფრი თავად სტუმარმა დააზუსტა) მრავალწლიანი ხის გადარგვისა და ამის გამო განადგურებული ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის შესახებ იკითხა. რასაც ასევე მონოლოგის რეჟიმში ვრცელი ახსნა-განმარტებები მოჰყვა „იმ სიკეთეებზე, რაც საზოგადოებამ სინამდვილეში ამ ხეების „გადარგვით“ მიიღო“.

გადაცემიდან ასევე არაფერი გაგვიგია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის პოზიციის შესახებ.

რა გავიგეთ ინტერვიუდან

პოლიტიკაში დაბრუნებული ექსპრემიერის პირველი ინტერვიუდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ:
  • ქვეყნაში შექმნილი კრიზისი მის შემდგომ დანიშნული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ბრალია, ამიტომაც წავიდა იგი პოლიტიკან, არავის გაუშვია;
  • „ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა“ და ამის ბრალია სიღარიბის ზრდა;
  • პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ გუნდი ჩამოშლის პირას იყო და გარედან ვეღარ აკონტროლებდა პროცესს;
  • იუნისეფის კვლევის განხილვის დროს სინამდვილეში სულაც არ იხილავდნენ კვლევას და იყო „მძიმე საუბარი კვირიკაშვილთან“, რაზეც სხვათა შორის ასევე არ ჩაკითხვია გადაცემის წამყვანი, თუ ეს ასე იყო, რატომ შეიყვანეთ მაშინ საზოგადოება შეცდომაშიო;
  • ნორმალური პროცესებია - ყოფილი მინისტრების დაკითხვა, აქციები, საგამოძიებო კომისიის შექმნა;
  • მარგველაშვილი არ იმსახურებს მის პასუხებს;
  • ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია;
  • ხეების გადატანის პროცესის ერთადერთი მინუსი ამაში დიდი ფულის ხარჯვაა;
  • ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი;
  • შესაძლოა ხელისუფლებას არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი;
  • და ბოლოს, ამჯერად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან აღარ წავა.
მკითხველის კომენტარების მართვა - გამოწვევა მედიისთვის
ონლაინ კომენტარები მედიაგამოცემების განუყოფელი ნაწილია და აუდიტორიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ფუნქციად ითვლება, თუმცა, ეს ფუნქცია ყველგან აქტიური აღარაა. სიძულვილის გამოხატვის, პერსონალური თავდასხმებისა თუ შეურაცხყოფის გამო, ვებსაიტების ნაწილი კომენტარების განყოფილების მოდერაციაში უზარმაზარ რესურსსა და დროს ხარჯავს, ნაწილი კი საერთოდ აუქმებს მას და დისკუსიისთვის ახალ სივრცეებს ეძებს .

ტექნოლოგიურ განვითარებამდე და ონლაინ კომენტარებამდე იყო წერილები რედაქტორს. ორივე ფორმა მკითხველს აძლევს საშუალებას გამოთქვას თავისი ცოდნა და მოსაზრება, დასვას კითხვები მედიის ეთიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ესაუბროს ავტორს და სხვა მკითხველებს, რაც საბოლოო ჯამში, ამდიდრებს დისკუსიას. შესაძლოა ჟურნალისტმა არ იცოდეს ყველაფერი, სპეფიციკური განათლების მქონე მკითხველმა კი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დაამატოს სტატიას. კომენტარი შეიძლება გახდეს ახალი მასალის იდეის ინსპირაციაც. და კიდევ ერთი, ამგვარი დისკუსიები ხელს უწყობს მასალის პოპულარიზებასა და ზრდის ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობას.

თუმცა, კომენტარების სექციას აქვე მეორე, ბნელი და საშიში მხარეც.

ქალი ჟურნალისტი აშუქებს აბორტის თემაზე მიმდინარე დემონსტრაციას ერთ-ერთ კლინიკასთან, ამ დროს კი მკითხველი წერს: “ისეთი მახინჯი ხარ, რომ დაორსულდე ჩემით წაგიყვანდი აბორტისთვის კლინიკაში”; ბრიტანელი მუსლიმი წერს ისლამოფობიის გამოცდილებაზე და მას ასე პასუხობენ: “ისლამური სახელმწიფოს მებრძოლზე დაქორწინდი და ნახავ, როგორ მოგეწონება!”; შავკანიან კორესპონტენტს უწოდებენ “რასისტს, რომელსაც თეთრკანიანი ადამიანები ეზიზღება”, როცა ის აშუქებს ამბავს, როგორ მოკლა პოლიციამ კიდევ ერთი შავკანიანი ამერიკელი; “მოგი**ან დროშა და მწერლობა”, - წერენ ამბავზე, როცა ქართველმა მწერალმა, ზურა ჯიშკარიანმა აფხაზეთის დროშიანი მაისური ჩაიცვა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მედია ორგანიზაციების 65%-ის კომენტარების სექციაში მათი ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი მოსაზრებები იწერება, მაგალითად: “ძალიან უინტელექტო ხარ”; “საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებ?”; “ამის დაწერისთვის ფულს გიხდიან?” და ა.შ.

გავლენიანი ადამიანები მედიისა და კომუნიკაციების სფეროში უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები დისკუსიისა და დებატისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და საჭიროა მათი გაფილტვრა, მოდერაცია.

ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც კომენტარების სექციის გაუმჯობესებაზე დროსა და რესურსებს ხარჯავს, არის The New York Times. გამოცემა მხოლოდ ზოგიერთ მასალაზე ტოვებს კომენტარების სექციას, რადგან მოდერაცია ძირითადად ადამიანური რესურსით ხდება და შესაბამისად, ლიმიტირებულია. ძირითადად, კომენტარების სექცია ღიაა მასალის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში.

“ასეთი თავდასხმებს რეალურ ცხოვრებაში ურეაქციოდ არ დავტოვებდით, ამიტომ ასევე ვიქცევით ონლაინ”, - აცხადებს The Guardian, კიდევ ერთი გამოცემა, რომელიც კომენტარებს ფილტრავს.

Guardian-ის მიდგომა მოდერაციისადმი ასეთია - ის აანალიზებს კომენტარებს და აწვდის მკითხველს ინფორმაციას, რა შინაარსის მოსაზრება დაიშვება და რომელი დაიბლოკება - მაგრამ ვებსაიტების უმრავლესობისთვის ეს არაპრაქტიკულია. არასასურველი კომენტარების უბრალოდ წაშლა არაეფექტურია მთელი ინტერნეტისთვის. გარდიანს შესაძლოა აქვს რესურსი ასეთი პოლიტიკა აწარმოოს და დაბლოკოს ათასობით კომენტარი დღეეში, მაგრამ საშუალო სტატისტიური მედიასაშუალებას ამას ვერ შეძლებს.

“დიდი სიამოვნებით გვექნებოდა ფილტრაციასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკა, მაგრამ თუ ამის პასუხისმგებლობას იღებ, ბოლომდე უნდა მიჰყვე სოციალური ქსელებიდან დაწყებული ვებგვერდით დამთავრებული. ალბათ, ერთი ადამიანი მინიმუმ უნდა იყოს სრულ განაკვეთზე, რომ მოდერაცია გააკეთოს, რისი რესურსიც არ გვაქვს”, - ამბობს ქართული ონლაინგამოცემა On.ge-ს დირექტორი ნოდარ დავითური მედიაჩეკერთან.

მისივე თქმით, რედაქცია ძალიან რადიკალური კომენტარებს შლის, თუმცა პროაქტიული მოდერირება დაკავშირებულია ფულთან. დავითურის თქმით, საკმაოდ პრობლემურია პოლიტიკის შემუშავებაც, რადგან ”ძალიან ვიწრო ხაზი გადის გამოხატვის თავისუფლებასა და მავნებლურ ქცევას შორის.”

“საერთოდ არ ვაუქმებთ, იმიტომ, რომ დარჩეს დისკუსიისთვის სივრცე და ასევე, ტრაფიკის წყაროა. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩავკეტოთ. ამ ეტაპზე ვთვლით, რომ სარგებელი წონის იმ ზიანს, რაც უკონტროლობას მოაქვს”, - ამბობს დავითური.

“იდეალურ სიტუაციაში, იდეალური ფინანსური რესურსით, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას სპეციალური ადამიანების დაქირავების, მოდერირების გზას ავირჩევდით” - ამბობს კიდევ ერთი ქართული ონლაინგამოცემის, Netgazeti.ge-ს მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. მისი თქმით, თავიდან ნეტგაზეთი იყო აბსოლუტურად ღია, თუმცა გარკვეულ სტატიებზე კომენტარების დახურვა მაინც ხდებოდა: “ვიცოდით განსაკუთრებით რომელ სტატიებზე იქნებოდა ბევრი ქსენოფობიური ან ჰომოფობიური კომენტარი, რომლის წაშლაც მერე მოგვიხდებოდა. ერთი პერიოდი სრულიად დავხურეთ ვებსაიტზე კომენტარების სექცია იმის გამო, რომ არ გვქონდა მოდერაციის რესურსი”.

ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ვებსაიტებზე კომენტარების რაოდენობა იკლებს და ძირითადად Facebook-ზე გადადის: “ახლა კომენტარების სექცია გახსნილი გვაქვს, იქედან გამომდინარე, რომ აღარ არის იმ რაოდენობის კომენტარები. ვერ ვიტყვით, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობთ, მით უმეტეს არქივში, ძველ მასალებზე, მაგრამ ზოგჯერ გვიხდება მათი მოდერაცია.

საერთოდ, რატომ უნდა შესთავაზოს საიტის მფლობლემა მომხმარებელს ის სივრცე, რომელის სარედაქციო კონტროლი ძალიან რთულია?

CNN, The Verge, Reuters, Toronto Star, Popular Science - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ჩათვალეს, რომ კომენტარების სექციის შენარჩუნებასა და მოდერაციაზე ზრუნვა არ ღირს. 2016 წელს მათ რიგებს შეუერთდა ამერიკული VICE NEWS. კომპანიის განცხადებით, თეორიულად, კომენტარების სექცია ძალიან კარგია, თუმცა მოდერაციისა და უახლესი ალგორითმების გარეშე, ძალიან ხშირად კომენტარები რასისტულ, მიზოგინიურ მორევში გადადის, სადაც ყველაზე ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი და სულელური აზრები ყველაზე მეტად ჩანს:

“აღარ გვაქვს დრო და სურვილი გავაგრძელოთ ამ სისულელის მონიტორინგი.”

დატოვებული კომენტარების მცირე რაოდენობით ახსნა NPR-მა ვებგვერდზე სექციის გაუქმება. მისი განცხადებით, სამი თვის განმავლობაში, 79,8 მილიონი ვიზიტორიდან მხოლოდ 2 600 ადამიანმა (0,003%) დატოვა სულ მცირე ერთი კომენტარი.

2018 წელს თქვა უარი კომენტარების სექციაზე გამოცემამ The Atlantic:

“წლების განმავლობაში The Atlantic-ის კომენტარების სექციაში მიმდინარე დისკუსიას ხშირად აზიანებდნენ სარეკლამო, რასისტული, მიზოგინიური, ჰომოფობიური, ანტიმუსლიმური და ანტიებრაული ნარატივით.”

ერთადერთი და სწორი გზა კომენტარების სექციის მენეჯმენტისთვის არ არსებობს. თითოეულ მედია ორგანიზაციას სხვადასხვა გამოწვევა აქვს, თუმცა ერთი რამ ცხადია: მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და შექმნან სივრცე ცივილური დისკუსიისთვის.