გურიაში მომხდარი სუიციდის ზედაპირული და სენსაციური გაშუქება
19.08.2018
2018 წლის 18 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 22 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა გარდაცვლილს შანტაჟის გზით ჯერ ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გადააგზავნინა, შემდეგ კი აღნიშნული მასალის გასაჯაროებით დაემუქრა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს თემა ფართოდ გაშუქდა ქართულ ტელე და ონლაინ მედიასაშუალებებში, თუმცა, უმეტესობამ ამბის გაშუქებისას აქცენტი გააკეთა მხოლოდ ფაქტზე, როგორც დანაშაულზე ან ტრაგიკულ მოვლენაზე, ნაცვლად საკითხის სოციალურ პრობლემად წარმოდგენისა და მოზარდებში სუიციდის პრევენციაზე ყურადღების გამახვილებისა. ზოგიერთი მედიასაშუალების მომზადებულ მასალაში კი ამბის თხრობისას სენსაციურობის ელემენტები სჭარბობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა და “TV პირველმა” აღნიშნული თემა საღამოს მთავარ გამოშვებაში არ გააშუქეს, თუმცა, დღის გამოშვებებში ინფორმაცია კადრ-სინქრონის ფორმატით გავიდა. მასალა შსს-ის მიერ გავრცლებულ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავდა და ფოკუსი ბრალდებულის დაკავებასა და ბრალის კვალიფიკაციაზე გაკეთდა. შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაშუქდა ამბავი ტელეკომპანია “იბერიის” 19:00-საათიან გამოშვებაშიც.

მსგავსადვე გაშუქდა ამბავი ონლაინ გამოცემების უმეტესობაში, სადაც თქვეს, რომ 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, შემდეგ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს დაკავებულისთვის ბრალის დამძიმების შესახებ. აღნიშნული ახალი ამბები მხოლოდ შსს-ის განცხადებებს ეყრდნობოდა.

ორმა ტელეკომპანიამ, “რუსთავი 2-მა” და “იმედმა” შედარებით ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს თემას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

რუსთავი 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებულია გარდაცვლილის წერილი დეტალები, რომელიც ჟურნალისტის თქმით „კურიერმა“ მოიპოვა. სიუჟეტში წაიკითხეს და აჩვენეს წერილიდან ციტატები, საიდანაც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი სწორედ ის დეტალები, რომლის გახმაურების თავიდან აცილების მიზნითაც მოიკლა არასრულწლოვანმა თავი. სიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო გოგონას რამდენიმე ფოტოც.

ამავე სიუჟეტში ბრალდებულის ადვოკატი ხანგრძლივ კომენტარში აღნიშნავს, რომ გოგონა “ნებაყოფლობით” ჩაერთო “ბინძურ თამაშში” და მან აღწერა იმ ფოტოებისა თუ ვიდეოების შინაარსი, რომლის გასაჯაროებითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაემუქრა გარდაცვლილს. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანმა თავი მხოლოდ მას შემდეგ მოიკლა, რაც ბრალდებულმა დაზარალებულს ვიდეოების ჩაწერა მეგობარ გოგოსთან ერთად მოსთხოვა. მისი თქმით, ბრალდებულს რომ არ მოეთხოვა მეორე გოგონასთან ერთად ვიდეოს ჩაწერა, შესაძლოა გოგონას სუიციდი არ ჩაედინა, “მაგრამ ამან ვერ გაუძლო ამ ცდუნებას უკვე და მოიკლა თავი.“

“კურიერში” გასული ინფორმაციის შემდეგ, წერილიდან ამონარიდები გამოაქვეყნეს ონლაინ მედია საშუალებებმაც, მათ შორის „პალიტრავიდეომ“, „რეზონანსმა“ და „ნიუპოსტსმა“. აღნიშნული წერილიდან ციტატები ამბის სათაურებად გამოიყენეს მაგალითად „ახალმა თაობამ“, „ალიამ“ და „მედიამოლმა“. “გურიის მოამბემ” კი ამბის კიდევ უფრო სენსაციურად გასაშუქებლად სათაურად გატანილ წერილის ციტატას წინ დაურთო სიტყვა „ექსკლუზივი“.

"იმედზე", „ქრონიკის“ 20:00-საათიან გამოშვებაში შსს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის გარდა სიუჟეტში გამოყენებული იყო კადრები გარდაცვლილის დაკრძალვიდან და საუბარი შეეხო გარდაცვლილის წერილსაც, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, თუმცა, წერილის დეტალები სიუჟეტში არ მოხვედრილა. გარდა ამისა, თვითმკვლელობის მიზეზებთან დაკავშირებით სიუჟეტში ჩართულია რამდენიმე მეზობლის კომენტარი. ერთ-ერთის თქმით, მას არ სჯერა, რომ გოგონა ამის გამკეთებელი იყო (იგულისხმება ინტიმური მიმოწერა და ფოტოების გაგზავნა ბრალდებულისათვის). მეორე მეზობლის თქმით კი, ბავშვი ემოციური იყო და ვინაიდან ისინი სოფელში ცხოვრობენ, მამის მორიდების გამო არ გაამჟღავნა ამბავი, თორემ ოჯახი აუცილებლად დაუდგებოდა გვერდში და მიღებდნენ ზომებს მოძალადის წინააღმდეგ. მეზობლებისა და ადვოკატის გაკეთებული კომენტარებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვითმკვლელობის ჩადენის მიზეზი ნაწილობრივ თავად ამ გოგოს ქცევა გახდა, რომელიც გაკიცხვას იმსახურებს. მაგალითად, “კურიერის” სიუჟეტში, სადაც აღნიშნულიც კი არ არის, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ადვოკატის კომენტარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გარდაცვლილმა სუიციდი მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ მას მოსთხოვეს სხვა გოგოსთან ერთად გადაეღო ვიდეო და რომ თვითმკვლელობა იყო „ცდუნება“.

სიუჟეტებში არ ყოფილა აქცენტირებული, რომ მოზარდებში სუიციდი ცალკე აღებული მოვლენა არ გახლავთ და იგი ხშირად დაკავშირებულია ობიექტურ ხელშემწყობ გარემოებებთან, რომლის კონტროლიც სუიციდის მსხვერპლის შესაძებლობებს აღემატება. სიუჟეტებში არ იყო გამოყენებული სფეროს ექსპერტების არც ერთი კომენტარი, რომელიც შეძლებდა განემარტა თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნულ ასაკში სუიციდის ნიშნების გამოვლენა და მისი თავიდან არიდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ "სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების"თანახმად, კვლევებით დადასტურებულია, რომ „ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც“. იმისათვის, რომ მედიამ თავიდან აირიდოს ამბის ზედაპირული და სარისკო გაშუქება, უმნიშვნელოვანესია, რომ ჟურნალისტმა დასვას შეკითხვა თუ რა არის მიზანი აღნიშნული მედიამასალის მომზადებისა. თუკი მასალა არ ემსახურება სუიციდზე, როგორც სოციალურ პრობლემაზე მსჯელობას, მაშინ იგი მაღალი საჯარო ინტერესით ან დაზარალებული მხარის ინტერესით შეიძლება გამართლდეს. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში კი დაზარალებული მხარის ინტერესი არა თუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ მედიის დამსახურებით ზუსტად ის დეტალები გახმაურდა, რომლის დაფარვასაც გარდაცვლილი შეეცადა თვითმკვლელობით. საჯარო ინტერესი კი მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც მედიამ მშრალად, ზედაპირულად და რიგ შემთხვევებში სენსაციურად გააშუქა ამბავი.

აღსანიშნავია, რომ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ცალსახადაა მითითებული ისაც, რომ მედიისთვის არ არის რეკომენდირებული გარდაცვლიის ფოტოების, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის დეტალების განსაკუთრებული აქცენტირება და სუიციდის მიზეზების შესახებ გარდაცვლილის ახლობლების ვერსიების უაპელაციო ტირაჟირება. ნაცვლად ამისა, საჭიროა ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა თუ სხვა პროფესიონალების ექსპერტული ცოდნის გაზიარება მაყურებლისათვის სუიციდის ნიშნების ამოსაცნობად და თავიდან ასარიდებლად.

თეგები : სუიციდი;
ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

“მკვლელი დედის საქმის” პრობლემური გაშუქება
  • არ ეტყობოდა, რომ შეურაცხადი იყო
  • არ შეგვიმჩნევია ფსიქიკური აშლილობა
  • არ შეიძლება გამოშვება! მკვლელ ადამიანს რაც ეკუთვნის, ისე უნდა დაისაჯოს
ეს იყო იმ გზავნილების არასრული ჩამონათვალი, რაც 18 ოქტომბერს “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტიდან მიიღო მაყურებელმა, სახელწოდებით “მკვლელი დედის საქმე”.

სიუჟეტი შეეხებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით აღაიანში შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა. სიუჟეტში ცალმხრივად იყო წარმოჩენილი მსჯავრდებულის ქმრის და მისი ნათესავების პოზიცია, რომლის მიხედვით, გამოთქმული იყო ეჭვი, რომ გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნა, რათა მოხდეს “მკვლელი დედის” ციხიდან გათავისუფლება. ჟურნალისტმა გვაჩვენა ქმრის, ქმრის ნათესავების კომენტარები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მსჯავრდებულს არ ეტყობოდა რომ იყო შეურაცხადი, რომ მათ მისთვის ფსიქიკური პრობლემების ქონა არ შეუნიშნავთ და ა.შ.

სიუჟეტში ეს ნაწილი სრულიად დაუბალანსებელი იყო, არ იყო წარმოჩენილი პროფესიონალის შეფასებები ან კომენტარები ამ საკითხთან მიმართებაში.

მოკლული ბავშვის მამა წარმოჩენილი იყო საქმის ერთადერთ მსხვერპლად, მაშინ როცა გამოძიება მის მიმართაც აწარმოებს გამოძიებას არასრუწლოვნათან სექსუალური კავშირისთვის. მოკლული ბავშვის დედა ქორწინების დროს არასრულწლოვანი იყო.

მამის, როგორც საქმის ერთადერთი მსხვერპლისადმი მეტი სენსიტიურობისთვის სიუჟეტში ნაჩვენები იყო მოკლული ბავშვის ფოტოები, მათ შორის მამასთან ერთად, ნაჩვენები იყო, თუ როგორ ეფერება მამა გარდაცვლილი შვილის ტანსაცმელს, ტირის ბავშვის საფლავთან და ა.შ.

სიუჟეტის მთელი პათოსი მიმართული იყო “დამნაშავე დედის მთელი სიმკაცრით დასჯის” აუცილებლობისკენ. შედეგმაც არ დააყოვნა. “მთავარი არხის” ფეისბუკ გვერდზე აღნიშნული სიუჟეტის გაზიარების შემდეგ კომენტარებში ადამიანები მოითხოვენ ქალის რაც შეიძლება მკაცრად დასჯას, ზოგი მისი მკვლელობის მომხრეცაა, ნაწილი კითხულობს, თუ რატომ არ იყო იზოლირებული, თუ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ამდენად, გარდა იმისა, რომ სიუჟეტი ცალხმრივად აშუქებდა ამ მკვლელობის საქმეს, მან ასევე მოახდინა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების კიდევ უფრო სტიგმატიზაციაც.
კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდების ამბის სენსაციური გაშუქება
“მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?”, “ოთხი შემზარავი ტრაგედია ერთ კორპუსში - საბედისწერო მე-7 სართული”, სავარაუდოდ, აქაც “ლურჯი ვეშაპია” – მორიგი მსხვერპლი ისევ მოზარდია, - ამ და მსგავსი სათაურებით იძებნება მასალები სხვადასხვა გამოცემებში თბილისში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე და მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების შესახებ. გამოცემების ნაწილი მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს მეზობლების ვარაუდებზე დაყრდნობით, “ტვ პირველმა” და “მთავარმა” კი ერთ-ერთი შემთხვევაში ეთერში გარდაცვლილის გვამის კადრიც აჩვენა.

შემთხვევები თბილისში 22 და 23 სექტემბერს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მედიასაშუალებების ნაწილმა უბედური შემთხვევის, მკვლელობის და სუიციდის ვერსიები პირდაპირ ეთერში განიხილა, ნაწილმა მაყურებელს/მკითხველს მომხდართან დაკავშირებით მეზობლების ვარაუდები შესთავაზა, ნაწილმა გარდაცვლილი მოზარდი ე.წ. საშიში ონლაინთამაშის მორიგ მსხვერპლად გამოაცხადა, ნაწილმა კი, მეტი სენსაციურობისთვის, უბედურ შემთხვევებს შორის საკრარული კავშირების პოვნა სცადა.

ტელეკომპანია “მთავარმა” და “ტვ პირველმა” 23 სექტემბერს მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის ამბავი დღის მთავარ გამოშვებაში ახალ ამბად გააშუქეს. ორივე ტელევიზიამ მაყურებელს ნათესავების, თვითმხილვეველების თუ მეზობლების კომენტარები შესთავაზა და გარდაცვლილის გვამის და მგლოვიარე ახლობლების კადრები აჩვენა.

ტელეკომპანია “მთავარმა” თემა მეორე დღესაც განავრცო და 24 სექტემბრის მთავარ გამოშვებაში მომხდარს 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა შემდეგი სათაურით - “მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?”. 5 წუთის განმავლობაში მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. გაიგო, რომ მოზარდი შენობის სახურავზე, სავარაუდოდ, მარტო არ იმყოფებოდა და მოისმინა ფარულად ჩაწერილი ადამიანების კომენტარები, რომლებიც ტრაგიკულ სურათს დეტალებში აღწერდნენ და ბიჭის გადმოვარდნასთან დაკავშირებით, თავიანთ ვერსიებს გამოთქვამდნენ.

მაყურებელმა ვერ გაიგო მოზარდის გარდაცვალების რეალური მიზეზი და ვერც რელევანტური არგუმენტები მოისმინა თვითმკვლელობის ან მკვლელობის ვერსიის გასამყარებლად. სიუჟეტის ავტორს დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს.

აღნიშნული ამბავი უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით გაშუქდა ონლაინმედიაშიც. მაგალითად, მედიაცენტრმა “მთავარმა” მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი ე.წ. “ლურჯი ვეშაპის” მორიგ მსხვერპლად გამოაცხადა. უცნობია, რა არგუმენტზე დაყრდნობით დააკავშირა ავტორმა აღნიშნული შემთხვევა საშიშ ინტერნეტთამაშთან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში მსგავსი ტიპის თამაშების არსებობას.

ზემოთხსენებული შემთხვევის მსგავსად, გაუგებარი დარჩა, რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო საზოგადოებისთვის 22 სექტემბერს მეშვიდე სართულიდან 14 წლის მოზარდის გარდმოვარდნის ამბის გაშუქება. აღნიშნულ შემთხვევაშიც მედიასაშუალებების მთავარი წყარო მეზობლების ვარაუდები იყო.

მაგალითად, “პრაიმტაიმმა” 14 წლის მოზარდის სიკვდილი, ადგილობრივებზე დაყრდნობით, იმავე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ სხვა უბედურ შემთხვევებთან დააკავშირა და დაწერა სტატია სათაურით “ოთხი შემზარავი ტრაგედია ერთ კორპუსში - საბედისწერო მე-7 სართული”. გაუგებარია, ამ სათაურით რაზე მიანიშნებდა ან რისი თქმა უნდოდა ავტორს.

“პრაიმტაიმის” სტატია, გადამოწმების გარეშე, მალევე გაავრცელეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა “რეზონანსი”, “თრიალეთი” , cyc.ge, pirvelinews.ge და მსგავსი საიტები.

სტატიაში ავტორი ოთხ სხვადასხვა უბედურ შემთხვევაზე ყვებოდა, რომელიც, თითქოს სხვადასხვა წელს იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე მოხდა. გარდა აღნიშნულ მოვლენებს შორის გაურკვეველი კავშირისა, “პრაიმტაიმის” მიერ გავრცელებული მასალა უზუსტობასაც შეიცავს, “მედიაჩეკერმა” ამ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ ორი უბედური შემთხვევა, რომელზეც “პრაიმტაიმი” წერს, არა “საბედისწერო მეშვიდე”, არამედ მეოთხე სართულზე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ სტატია სამი წლის წინ თავად “პრაიმტაიმს” აქვს დაწერილი.
სუიციდის შემთხვევის სახიფათო გაშუქება მედიაში

20 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მედიის ნაწილმა მომხდარი ეთიკური სტანდარტების დარღვევით, სენსაციურ ჭრილში გააშუქა: გაასაჯაროვა არასაჭირო დეტალები, მომხდარი დაიყვანა ერთ მიზეზამდე, ისაუბრა თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზზე, გააჟღერა მძიმე ბრალდებები მოზარდის თანატოლების მისამართით, დეტალურად აღწერა სუიციდის ადგილი და მეთოდი.

14 წლის ბიჭის გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ტელევიზიამ მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ჯერ ე.წ. საშიში ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი”, შემდგომ კი თანატოლების მხრიდან ბულინგი დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში მსგავსი ტიპის თამაშების არსებობას, წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სუიციდის მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ საშიში ინტერნეტთამაში გახდა. “მთავარის” დღის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჩანდა, რომ ჟურნალისტი აღნიშნული ვერსიის გასამყარებლად ინფორმაციის მოპოვებას პირდაპირ საგამოძიებო ოთახში ცდილობდა, იქ, სადაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის დაკითხვა მიმდინარეობდა. სამართალდამცავების მხრიდან მრავალჯერ გაფრთხილებისა და თხოვნის მიუხედავად, დაეტოვებინა ოთახი და ხელი არ შეეშალა საგამოძიებო მოქმედებებისვის, ჟურნალისტი მაინც ჯიუტად ცდილობდა რაიმე ეთქმევინებინა დაკითხვაზე მყოფი არასრულწლოვნისვის, მისი მშობლისთვის ანდა სამართალდამცველებისთვის.

მოგვიანებით ტელევიზია ახალ ვერსიაზე ალაპარაკდა. “ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვი” - ამ სათაურით გავიდა იმავე დღეს სიუჟეტი არხის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. წამყვანმა მაყურებელს აუწყა, რომ 14 წლის ბიჭის “თვითმკვლელობის რეალური მიზეზი ექსკლუზიურად “მთავარმა” გაარკვია. სიუჟეტში ტელეკომპანიამ გაასაჯაროვა გარდაცვლილი მოზარდისა და მისი მეგობრების უკანასკნელი მიმოწერა, სუიციდის მიზეზად კი თანატოლების მხრიდან ბულინგი დაასახელა.

მოზარდების დახურული ჩატის მიმოწერის სქრინებში გამოკვეთილი იყო ფრაზები, სადაც ჩანდა, თითქოს თანატოლები ბიჭს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ. შედეგად, მედიამ გარდაცვლილის თანატოლები, ფაქტობრივად, მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე გამოძიების შედეგები არ არის ცნობილი და არცერთი უწყება ოფიციალურ ვერსიაზე არ საუბრობს.

განსაკუთრებით სახიფათოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიმოწერის გასაჯაროებით, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება ხდება შესაძლებელი. სქრინები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, თანატოლების მიმოწერიდან ამოგლეჯილი ფრაზები სათაურში გაიტანეს ონლაინ მედიებმა. გავრცელებულ მასალებს, დადანაშაულებული მოზარდების მისამართით, სიძულვილის ენის შემცველი და სახიფათო შინაარსის კომენტარები მოჰყვა.

სუიციდის პრობლემურ გაშუქებაზე და საჭირო რეკომენდაციებზე “მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული.  ფსიქოლოგი მაია ცირამუა, "მედიაჩეკერთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში, სადაც რეალურად მოზარდებს არაფერს სთავაზობენ იმისთვის, რომ მან ბედნიერად იცხოვროს, მედიის მიერ სუიციდის პრობლემური გაშუქება ძლიან ზრდის რისკებს:
"თინეიჯერები პირდაპირ ახდენენ კოპირებას თავიანთ ცხოვრებაში იმ სულისკვეთების, იმ მეთოდის, იმ მიზნის, რაც იკვეთება სუიციდის არსებულ სიტუაციებში. ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ პრევენციაზე, ჩვენ ვავრცელებთ და ვატრიალებთ სარისკო და სახიფათო ინფორმაციას", - ამბობს იგი


იხილეთ მასალები სუიციდის პრობლემურ გაშუქებაზე და ასევე, რეკომენდაციები ამ ბმულზე



ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას კი შემუშავებული აქვს სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ რა წესების გათვალისწინებით და როგორ უნდა გააშუქონ მედიასაშუალებებმა სუიციდის ცალკეული შემთხვევები. ამ წესების მიხედვით, დაუშვებელია მედიამ მომხდარი ერთ მიზეზამდე დაიყვანოს

ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, სუიციდის ფაქტის გაშუქებამდე, სასურველია მედია დაფიქრდეს, რატომ აშუქებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა არის მისი მიზანი.

 

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის არაეთიკური გაშუქება
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის გაშუქების დროს რამდენიმე მედიასაშუალებამ დაზარალებული ბავშვების იდენტიფიცირება მოახდინა. ასევე, გასაჯაროვდა ამ საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვინაობა. რატომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ მედიამ ამ შემთხვევაში არაეთიკურად იმოქმედა?

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წლებია ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ დანაშაულთან დაკავშირებული ბავშვის ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს.

“არის ისეთი შემთხვევები, როცა ინტერესთა ბალანსის შედეგად, არაეთიკური გადაწყვეტილების მიღება მართლდება გარკვეული მიზეზით. ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ ბავშვის ინტერესი იყო აღმატებული და სწორედ ამ ინფორმაციის ამგვარი ფორმით გაშვების დროს ბავშვის მეტი დაცვის პრინციპით ვიმოქმედეთ”, - ამბობს ანა აბაშიძე და იქვე დასძენს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დაზარალებული არასრულწლოვნების გამჟღავნება ამ ინტერესს არ ემსახურებოდა.

“ამ თვალსაზრისით მედიის ქცევა არ შეესაბამებოდა ეთიკის ნორმებს,” - აცხადებს ანა აბაშიძე.

19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის გამოვლენისა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების შესახებ განაცხადეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულ აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. შესაბამისად, დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ დაზარალებული ბავშვების მშობლები, ნათესავები და ახლობლები.

შსს-ს ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ მედიამ დეტალების გავრცელება დაიწყო: ჯერ შევიტყვეთ, რომ დაკავებული აშშ-ს მოქალაქე პედაგოგად მუშაობდა საქართველოში, მოგვიანებით დაგვისახელეს სკოლა, სადაც ის ასწავლიდა; დაგვისახელეს სოფელი, სადაც ეს სკოლა იყო განთავსებული; გვითხრეს, რომ ამ სოფელში ცხოვრობს დაზარალებული და დაკავებული პირების ნაწილი. ზოგიერთი მედიასაშუალება კიდევ უფრო შორს წავიდა: მათ შინ მიაკითხეს დაზარალებულებისა და ბრალდებულების ოჯახებს და ინტერვიუები ჩაწერეს ნათესავებთან; დაგვისახელეს დაკავებული უცხოელების სახელები და გვარები და ა.შ.

მოგვიანებით, დღის შემაჯამებელ მთავარ გამოშვებაში ზოგიერთმა მათგანმა ეს ამბავი ისე გააშუქა, რომ აღარც სოფელი იყო დაკონკრეტებული და აღარც ახლობლები იყვნენ იდენტიფიცირებულები.

“მთავარმა არხმა” საღამოს, 9-საათიან გამოშვებაში უკვე პასუხი გასცა მისსავე შეცდომას, რაც კარგია: უკვე დაფარეს, აღარ იყო მითითება რომელი სოფელია, რომელი სკოლაა, თავად ამ ბავშვების ბაბუა. თვითონვე მიხვდნენ რა იყო არასწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაეთიკურად არ გააშუქეს”, - ამბობს ანა აბაშიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში.

ოჯახის ნათესავთან და თანასოფლელებთან ღიად ჩაწერილი ინტერვიუები “მთავარი არხის” გარდა, სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, მათ შორის, იყო პალიტრა ტვ-ც. ბრალდებული უცხოელების ვინაობა გაასაჯაროვეს სხვა ტელევიზიებმაც. ამასთან, ეს მასალები ამ დრომდე იძებნება ონლაინ საძიებო სისტემებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც ის არის ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი ან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან.

სახელმძღვანელო მედიას ურჩევს გაითვალისწინოს, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირე­ბისთვის და რომ ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.

“ამ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულები იყვნენ დაკავებულები და მსხვერპლები იყვნენ უსაფრთხოდ, რეალურად ამ ბავშვების ვინაობის გამჟღავნების არანაირი საჭიროება არ იყო. შესაბამისად, რაც გააკეთეს, გამოვიდა ისე, რომ დაარღვიეს ცალსახად ბავშვის კონფიდენციალობის უფლება. ასევე, დამატებით გაჩნდა რისკები: პირველ რიგში, ბავშვის რეტრავმატიზაციის რისკი; ბულინგის რისკი; შესაძლოა, ბრალდებულთა ოჯახის წევრების ან მათთან დაკავშირებული სხვა პირების მხრიდან მოხდეს მსხვერპლებზე არასასურველი კომუნიკაცია და ა.შ.” - ამბობს ანა აბაშიძე.

მისი თქმით, იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ბავშვების ირიბი იდენტიფიკაცია მოახდინეს, გაუჭირდებათ რაიმე გამამართლებელი არგუმენტის მოძიება, ვინაიდან, როგორც ის ფიქრობს, ეს არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესს და განპირობებული იყო მხოლოდ ცნობისმოყვარობის დაკმაყოფილებით და სენსაციაზე გამოდევნებით.

“რეალურად ვერანაირ ინტერესს ვერ დაასახელებენ საპირწონედ - რატომ იყო აუცილებელი ბავშვის ვინაობის არაპირდაპირ, მაგრამ პრაქტიკულად გამჟღავნება. არავის ინტერესს არ ემსახურებოდა, გაგვეგო, ვინ არიან ბავშვები. მაღალი ხარისხის მედიის ინტერესი არის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების გაშუქება”, - ამბობს ანა აბაშიძე.

იყო თუ არა აუცილებელი ბრალდებულების ვინაობის გასაჯაროება? - კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა, დანაშაულის გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის ან ბრალდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

ამასთან, ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით, როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისია განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეები.

“ამ შემთხვევაში, ბრალდებულების ვინაობის გამჟღავნება არაეთიკურია, როცა მინიმუმ სამართალდამცავი უწყება არ ამჟღავნებს და თან, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ. ეს მედიას უნდა ესმოდეს,” - ამბობს ანა აბაშიძე.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულების იდენტიფიცირება მედიამ მაშინ მოახდინა, როცა ჯერ აღკვეთის ღონისძიებაზეც არ ჰქონდა სასამართლოს ნამსჯელი. მათი ბრალეულობა საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაადასტუროს, სადაც ჯერ საქმის არსებითი განხილვის პროცესიც კი არ არის დაწყებული.
presa.ge-მ მკითხველს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოუხადა

“presa.ge ბოდიშს უხდის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც presa.ge-მ დღეს, 20 სექტემბერს გაავრცელა.

presa.ge-ს ბოდიშის მოხდა 31 იანვარს გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციის გამო მოუწია. გამოცემა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, თითქოს სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს და სამი დღის განმავლობაში ონკანიდან წყლის დალევა საშიში იყო. მასალაში ასევე ნათქვამი იყო, რომ presa.ge ერთ-ერთ საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ წყლისაგან მოწამლული ადამიანები საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში მიჰყავთ.

Presa.ge-ს ამ სტატიაზე მასალა “მედიაჩეკერსაც” აქვს მომზადებული. გავრცელებული ინფორმაცია მაშინ “მედიაჩეკრმა” რამდენიმე უწყებაში გადაამოწმა და ფაქტი, რომ წყალს რაიმე ერეოდა, არცერთ უწყებაში არ დაადასტურეს.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”(GWP) presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 2 აპრილს შეიტანა. კომპანია გამოცემისგან “ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“. როგორც presa.ge-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, GWP-სა და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა და გამოცემას არასწორი და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაეკისრა.  

 

იხილეთ მედიაჩეკერის მასალა ამ თემაზე:   Presa.ge-მ სასმელ წყალში ფეკალიების შერევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა