დაუსაბუთებელი ბრალდებები “კურიერში“ ფესტივალზე ნარკოტიკების გაყიდვის შესახებ
28.08.2018
27 აგვისტოს “კურიერის” მთავარ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. მასალის მიხედვით, უწყებამ ბოლო ერთ კვირაში, ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში 29 პირი დააკავა. სიუჟეტში ეს თემა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Echowave-ის კონტექსტში განიხილეს. მასალის ყურებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მასობრივად და უკონტროლოდ იყიდებოდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკი, ხაზი გაუსვეს ორგანიზატორის წარსულში ნასამართლეობასა და იგი ირიბად ბერა ივანიშვილის პროტეჟედ დაასახელეს. თუმცა, ამგვარი მესიჯების გასაჟღერებლად სიუჟეტიდან მყარი არგუმენტები და დასაბუთება არ მოგვისმენია.

თემის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ “დაკავებულია სინთეტიკური ნარკოტიკის ოცამდე რეალიზატორი, აქედან შვიდი, აკრძალულ ნივთიერებას ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის დროს ყიდდა”. “ემდიემაი, ლირიკა, ბიო და ექსტაზი, ეს იმ აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფოს მიერ 4 600 000 ლარით დაფინანასებულ მუსიკალურ ფესტივალზე იყიდებოდა”, - განმარტა მანვე.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა სიუჟეტში აღნიშნა, რომ ირანის ორი მოქალაქე ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციამ სწორედ ფესტივალის ტერიტორიაზე დააკავა. ნათქვამის გასამყარებლად სიუჟეტში ერთ-ერთი ადგილობრივის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ პასუხობს, რომ ირანის ერთ-ერთ დაკავებულ მოქალაქეს ნარკოტიკი ფესტივალის ტერიტორიაზე აღმოუჩინეს. აღნიშნული ქალი არც ფაქტის თვითმხილველი ყოფილა და ასაკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონოდა.

მასალაში ჩანს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვის ფარული ვიდეოჩანაწერი, თუმცა რთული დასადგენია სად ხდება მოქმედება. ამას მოსდევს შსს-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ ელექტრონულ ფესტივალზე უწყებამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ჯამში 22 პირი დააკავა. თუმცა, არ აკონკრეტებს მათი დაკავება უშალოდ ფესტივალის ტერიტორიაზე მოხდა, თუ მის გარეთ. აქვე ფესტივალის მენეჯერი განმარტავს, რომ ჯერ დადასტურებული არაფერია და ფესტივალის ტერიტორიაზე “ყველაფერი კარგად იყო გაკონტროლებული”.

ამის ფონზე სიუჟეტში ჟურნალისტი შემდეგ მსჯელობას ავითარებს - “როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელსაც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, ოცამდე კი საავადმყოფოში მოხვდა? ორგანიზატორები ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტს უარყოფენ, რაც შეეხება მოხმარებას, ამტკიცებენ რომ მოხმარება ტერიტორიის გარეთ ხდებოდა”.

მსჯელობის გასამყარებლად მასალის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია “მანდალას” წარმომადგენლის კომენტარს გვთავაზობს. იგი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციის შემთხვევებზე საუბრობს და არა ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ფაქტებზე. თუმცა ჟურნალისტი ყოველგვარი სხვა, დამატებითი დაზუსტებული ინფორმაციის გარეშე, ამბობს: “ეს იმ ნარკოტიკების ჩამონათვალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით ფესტივალის ტერიტორიაზე ხვდებოდა. არასამთავრობო სექტორი ფესტივალის მიმდინარეობისას სიტუაციას ადგილზე აკონტროლებდა, ამბობენ, რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველანაირი ნარკოტიკი იყო შესული და შემოწმების მეთოდებმა არაეფექტურად იმუშავა. ირკვევა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად, დახმარება ბევრად უფრო მეტ ახალგაზრდას დასჭირდა, ვიდრე კლინიკაში მოხვდა”.

კიდევ ერთი გზავნილი, რასაც მასალიდან ასევე დაუსაბუთებელი მსჯელობებით ვიღებთ, არის ის რომ ფესტივალის ორგანიზატორს ბერა ივანიშვილი ლობირებს. აქვე მის ნასამართლევობასაც უსვამენ ხაზს. გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტორი ხაზგასმით ამბობს: “სწორედ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის პროტექციით ჩააბარეს 2018 წლის 21 მიასს დაფუძნებულ კომპანიას ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება”. კომპანიის ხელმძღვანელი ბერა ივანიშვილთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა, მისი კომპანიის გამარჯვებაში ბერა ივანიშვილის ფაქტორს უარყოფს.

საბოლოო ჯამში, მასალიდან მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანის კონტროლი, და მეორე მხრივ, ფესტივალის ორგანიზება, ტენდერის გარეშე, ანდეს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ კონკრეტულ კომპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “რუსთავი 2” ნარკოვაჭრობის კონტექსტში ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებზე საუბრობს. თუმცა, არც ამ და არც სხვა შემთხვეებში, აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ გვინახავს.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ; მანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

“ამერიკის ხმა”: “იმედმა” ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა

“ამერიკის ხმა” აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” კვირის მთავარი გადაცემისთვის მომზადებულ სიუჟეტში “ანტიტრამპისტების პოლიტიკა”, მათი ჟურნალისტის ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, რაც შემაშფოთებელია.

განცხადება “ამერიკის ხმამ” 17 სექტემბერს გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ტელეკომპანია “იმედმა” ჯიმ მალონს ინტერვიუ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროდ სთხოვა. ინტერვიუს დროს კი ჟურნალისტმა მალონს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუწყო შეკითხვების დასმა, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ბატონი მალონი „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია", - ნათქვამია განცხადებაში.


„ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება.


სიუჟეტი, რომელსაც “ამერიკის ხმა” გამოეხმაურა, გადაცემა “იმედის კვირაში” 15 სექტემბერს გავიდა. მასალა 10 სექტემბერს საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ არეულობას ეხებოდა. გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები პირდაპირ ასოცირდებიან ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლების უარყოფით გავლენებზე უყვებოდნენ საზოგადოებას.


ხილეთ მედიაჩეკერის მიმოხილვა ამ სიუჟეტის შესახებ: ჯონ მაკკეინის საწინააღმდეგო სიუჟეტი “იმედის კვირაში”



სიუჟეტის ავტორი მაყურებელს არწმუნებდა, რომ მაკკეინთან ასოცირებულ ფიგურებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა არ აქვთ. ამ სიტყვების დასტურად კი, ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის სტატუსით, მაყურებელს ჯიმ მალონის კომენტარს სთავაზობდა:

“მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი, მაიკლ კარპენტერი, კურტ ვოლკერი - პირველად მესმის ეს გვარები. ვერ ვიხსენებ ვერცერთ მათგანს. არ ვფიქრობ, რომ ისინი გავლენიანები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მეცოდინებოდა მათ შესახებ”, - ამბობდა სიუჟეტში მალონი.

 

alt
კადრი "იმედის" სიუჟეტიდან, რომელშიც მალონის კომენტარი გავიდა.
 სიუჟეტში არასწორად არის მითითებული მალონის გვარიც. 


“ამერიკის ხმის” განცხადების მიხედვით, ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში" წლების განმავლობაში შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის.

"ამერიკის ხმის" განცხადებას 18 სექტემბერს "იმედის კვირამ" უპასუხა.   

"15 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ გასული სიუჟეტის მომზადებისას ავტორები (რუსუდან შელია და „იმედის“ კორესპონდენტი ვაშინგტონში დემნა დევდარიანი) მოქმედებდნენ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით და ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით ავტორიტეტული მედიასაშუალების „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ აღნიშნული ინტერვიუს სრული (დაუმონტაჟებელი) ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას „ამერიკის ხმის“ მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავს გაუგებრობებს მომავალში ადგილი არ ექნება", - ნათქვამია ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში.

ჯონ მაკკეინის საწინააღმდეგო სიუჟეტი “იმედის კვირაში”
“ანტიტრამპისტების პოლიტიკა” - ამ სათაურით 15 სექტემბერს “იმედის კვირაში” სენატორ მაკკეინისა და მისი სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლების შესახებ გავიდა სიუჟეტი. მასალა 10 სექტემბერს საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ არეულობას ეძღვენებოდა. გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები პირდაპირ ასოცირდებიან ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლების უარყოფით გავლენებზე უყვებოდნენ საზოგადოებას.

altგადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარუდგინა მაყურებელს: “ნაციონალური მოძრაობა” სიცრუის ტირაჟირებისთვის ყველა პლატფორმას იყენებს, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებსაც. ქართველებს სტუმარ-მასპინძლობა რომ არ გვეშლება, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძველი კავშირების გამოყენებით იმდენსაც ახერხებენ, რომ სტუმარმა მასპინძელი ლანძღოს და მისი საქმიანობა თუ ფინანსური კაპიტალის წარმომავლობა დააყენოს ეჭვქვეშ. თან ამას იმ ადამიანების დახმარებით აკეთებენ, რომელთა აზრსაც საკუთარ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ფასი უკვე აღარ აქვს. მეტიც, ისინი დეკლალირებულად, ანტიტრამპისტები არიან და საკუთარ პრეზიდენტსაც იგივე მესიჯებით ებრძვიან”.

altავტორი სიუჟეტს იწყებს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქება-დიდებით, მისი პოლიტიკურად რთული წინასაარჩევნო გზის გახსენებით და ტრამპისა და ჯონ მაკკეინს კონკურენციის განხილვით. შემდგომ კი მაყურებელს 10 სექტემბრს “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს ახსენებს:

“გასულ კვირას თბილისში “მაკკეინის ინსტიტუტის” თანაორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ცნობილ დიპლომატებთან ერთად, “მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი, დევიდ კრამერი და მეთიუ ბრაიზაც ესწრებოდნენ. კონფერენცია წინამორბედებისგან ალბათ არაფრით გამორჩეული იქნებოდა, ორ დეტალს რომ არ მიეპყრო ჩვენი ყურადღება: დევიდ კრამერმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და მასთან ერთად ქართული მედიაც კონფერენციაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნია და, ფაქტობრივად, დარბაზიდან მათი გაძევება სცადა. სამაგიეროდ, კონფერენციის პანელზე სტუმრები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ასევე “ევროპულ საქართველოსთან.”

სიუჟეტის ავტორმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა. შედეგად, “იმედის კვირის” მაყურებელმა მხოლოდ ის შეიტყო, რომ თითქოს, დევიდ კრამერმა კონფერენციიდან არასასურველი სტუმრების(“ირმა ინაშვილისა და ქართული მედიის”) გაძევება უმიზეზოდ სცადა.

altსინამდვილეში, 10 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე არეულობა და ხმაური მაშინ დაიწყო, როდესაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, სავარაუდოდ, „ობიექტივის“ ჟურნალისტთან ერთად სასტუმრო “რუმსში” მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მონაწილეთა სიაში არ იყო, აცხადებდა, რომ სრული უფლება ჰქონდა დასწრებოდა კონფერენციას, დევიდ კრამერი კი მას კონფერენციის დატოვებისკენ მოუწოდებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა, საბოლოოდ, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა.

ჟურნალისტს მთელი სიუჟეტის განმავლობაში, საერთოდ არ უხსენებია, რომ საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შესაბამისად, მაყურებელმა ვერ გაიგო, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრების გარდა, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიწვეული კონფერენციაზე.

ამის შემდეგ ჟურნალისტი მაყურებელს, ანალიტიკოსის სტატუსით, ნუკრი შოშიაშვილის კომენტარს სთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ “მაკკეინის ინსტიტუტი” კონკრეტულ ჯგუფებს - “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” უჭერს მხარს. შემდეგ კი ამტკიცებს, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი აგრესიული საგარეო პოლიტიკით იყო საზოგადოებისთვის ცნობილი:

“აი, რითი გამოირჩეოდა მაკკეინი, რითი იყო ცნობილი - ის იყო საკმაოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრე (ხშირად ამერიკაში მას უწოდებდნენ ნიუიმპერიალისტსაც კი) და ხისტი, ნეოლიბერალური წესრიგის მომხრე“, - ამბობს ნუკრი შოშიაშვილი, თუმცა რა არგუმენტებზე დაყრდნობით აფასებს იგი სენატორ მაკკეინს მსგავს უარყოფით კონტექსტში, ამის შესახებ მაყურებელი ინფორმაციას ვერ იღებს.

ჟურნალისტს, ისევე როგორც ანალიტიკოსის სტატუსით მიწვეულ ნუკრი შოშიტაშვილს, “დაავიწყდა” მაყურებლისთვის იმის თქმა, რომ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ასევე, “დაავიწყდათ” მისი ბრძოლა პუტინის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და მისი ცნობილი ფრაზა „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”.

ჟურნალისტი, სიუჟეტის დასკვნით ნაწილში, ეჭვქვეშ აყენებს მაკკეინთან დაკავშირებული პირების გავლენებს თავიანთ ქვეყანაში და ამბობს:

„რა გავლენა აქვთ საქართველოში ვიზიტად მყოფ მაკკეინთან ასოცირებულ ფიგურებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და, საერთოდ, რამდენად მართებულია, ტრამპის ოპოზიციის მითითებით წყდებოდეს არა მარტო ის, თუ რომელი პოლიტიკური ფიგურა უნდა ესწრებოდეს კონფერენციას, არამედ ის, თუ ვინ უნდა იყოს აშშ-ს ელჩი საქართველოში”.

ამ სიტყვების დასტურად, ავტორი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის სტატუსით, მაყურებელს ჯიმ მალონის აცნობს, რომელიც ამბობს, რომ მეთიუ ბრაიზას, კურტ ვოლკერის, მაიკლ კარპენტერის თუ დევიდ კრამერის გვარები ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს და მეტიც, მათი გვარების შესახებ საერთოდ არც კი სმენია.

სიუჟეტის დასკვნით ნაწილში მაყურებელი იგებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თუმცა არაფერია ნათქვამი ჯონ მაკკეინის როლზე და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლებზე დადებით კონტექსტში. სამაგიეროდ, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლები პირდაპირ კავშირში არიან “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” და უარყოფით როლს თამაშობენ საქართველო-აშშ-ს პოლიტიკურ ურთიერთობაზე.
ხაზარაძის „ლელო“, როგორც პოლიტიკური იმუნიტეტი
ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეული გადაცემა “იმედის კვირის” 15 სექტემბრის ერთ-ერთი სიუჟეტი თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მთავარი პარტნიორების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - “ლელოს” პრეზენტაციას ეხებოდა. სიუჟეტში ბანკირების მიერ ახალი მოძრაობის შექმნა “ფინანსური კაპიტალის პოლიტიკურ კონვერტაციად”, მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან მიმართებით ერთგვარ “იმუნიტეტად” და “არტ შოუდ” არის შეფასებული, რომელმაც “ეფექტი ვერ მოახდინა”.

ამბის წარდგენისას, წამყანი ხაზგასმით ამბობს, რომ პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ თავდასხმებსა და ჭორაობაზე გადავიდა. ჟურნალისტის ტექსტში კი ხაზგასმულია,  რომ ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ მას შემდეგ დააანონს, რაც პროკურატურა “ბრალდებულის სტატუსით დატოვა”. უფრო ხმაურიანი განცხადებები კი, სასამართლოში გააკეთა, როდესაც 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ ხაზარაძე საზოგადოებას ბევრ ცნობილ სახეს დაჰპირდა, შექმნა მოლოდინი, რომ მისი მიზნების პოლიტიკური კონვერტაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომგებიანი კაპიტალი იქნებოდა და გააჩინა წინასწარი განწყობა, რომ მისი “მოძრაობის თუ პარტიის პრეზენტაციას ისეთივე არტ-ელფერი ექნებოდა, როგორც მის ტელევიზიას და მის მიერ დაფინანსებულ კულტურულ ღონისძიებებს” აქვს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტი იმ დისკოფორმტზე გვიყვება, რაც გადამღებ ჯგუფს ახალი მოძრაობის პრეზენტაციის ადგილის ძებნისას შეექმნა. ამბობს, რომ მედიისთვის გავრცელებულ ანონსში არც საკონტაქტო პირი იყო მითითებული და არც პრეზენტაციის ზუსტი ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ გუგლის საძიებო სისტემით მონიშნული ადგილის ფოტო მიაწოდეს და არა ლოკაცია.

“ანაკლიიდან შემოვლით გზაზე 25 კმ და 2 სოფელი გავიარეთ. ადგილიც და გზაც ისეთივე გაურკვეველი იყო, როგორც სესხის აღებისას რამდენიმე ფურცელზე დაწერილი საბანკო ვალდებულებები. შეხვედრის ადილს სანაპიროზე ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე მივაკვლიეთ”, - ამბობს იგი.

პრეზენტაციის ადგილს ჟურნალისტი ასე აღწერს: “ევროპასთან ახლოს მიდგმულ სკამებზე 80-მდე ადამიანი იჯდა, [თუმცა] არცერთი პოლიტიკური წარსულით”.

მასალაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში შეუსრულებელ ვალდებულებებზე მტკიცებით ფორმაში, ცალმხრივად, საპირისპირო არგუმანტაციის გარეშეა საუბარი და ასევე, არაფერია ნათქვამი იმ ზიანზე, რაც კონსორციუმს ბანკირებისთვის წაყენებულმა ბრალმა მიაყენა.

ხაზარაძის გარშემო უარყოფით განწყობების შესაქმნელად პარალელი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის გავლებული და ნათქვამია, რომ მისი პოლიტიკური ენა და გზავნილები ყოფილი სახელიწუფლებო გუნდის წარმომადგენლების განცხადებების იდენტურია. ასევე, ნათქვამია, რომ ხაზარაძის გვერდით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დგას, რომელიც “გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავდა”. უფრო მეტი სიმძიმისთვის ისიც არის ხაზგასმული, რომ “[ხაზარაძის] გუნდის იმ ნაწილისთვის, რომელიც უკვე შეარჩია, თანამშრომლობა ყველასთან, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” შესაძლებელია”.

სიუჟეტში, ასევე გაურკვეველ მონაცემებზე დაყრდნობით, ხაზარაძის მოძრაობის მიმართ იმ მოლოდინებზე და იმედგაცრუებაზეა საუბარი, რომელიც პრეზენტაციის დასასრულს უკვე გამოჩნდა და რომ კვირის ბოლოს, მოლოდინიდან თითქმის არაფერი დარჩა.

“პრეზენტაციას აკლდა ქარიზმაც და ენერგიაც. ის გააკრიტიკა ყველამ მიხეილს სააკაშვილმაც კი, რომელმაც ღონისძიებას კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება უწოდა. ყველამ, ვისგანაც ხაზარაძე ლელოს დადებისას პოლიტიკური ტრიბუნიდან გულშემატკივრობას ელოდა”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ სწორედ ამიტომ მომდევნო სვლა სატელევიოზიო ინტერვიუ იყო, სადაც ხაზარაძე იმ თემებზე ალაპარაკდა, რაზეც “იმ დრომდე დუმდა, ვიდრე ბრალდება და სისხლის სამართლის საქმე მისი ბიზნესის და პირადი კომფორტის ზონას დაარღვევდა”.

ჟურნალისტი თავადვე ასკვნის, რომ “ეს პასი პოლიტიკურ მოედანზე ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, როგორც სკანდალური ე.წ. წერილის საქმე”. იქვე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ბანკირები “პოლიტიკური იმუნიტეტისკენ ისწრაფვიან”. და ხაზგასმით, მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძე “ტყუილში ამხილა”.

სიუჟეტის ამგვარი სტრუქტურა და ტექსტები, მამუკა ხაზარაძისა და მისი ახალი მოძრაობის პრეზენტაციის მსგავს კონტექსტში განხილვა, მის მიმართ საზოგადოებაში წინასწარი უარყოფითი განწყობებისა და ფონის შექმნის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს, მასალის მიზანი არა ახალი მოძრაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იმიჯის შელახვა და დისკრედიტაციაა.
ქარტიამ სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესები შეიმუშავა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  მედიისთვის სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესები შეიმუშავა.  გაიდლაინი ყურადღებას ამახვილებს იმ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე, რაც მედიამ უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ არ გახდეს სიძულვილის ენის წამახალისებელი.


  • მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.
  • მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს.
  • თითოეულ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს სიძულვილთან ბრძოლის ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც ცხადი იქნება როგორც დასაქმებულთათვის, ასევე აუდიტორიისთვის.
  • მედიასაშუალებები მყისიერად უნდა რეაგირებდნენ მოქალაქეთა მიმართვებსა თუ გამოხმაურებებზე, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რომელიმე მასალა ახალისებს სიძულვილის ენას ანდა დისკრიმინაციას.
  • ფაქტებზე დაფუძნებული მედიაპროდუქტი, რომელშიც ჟურნალისტს აქვს მცდელობა, ყველა ჯგუფის პოზიციიდან შეხედოს პრობლემას, აზღვევს მას დისკრიმინაციის წახალისებისგან, - ვკითხულობთ ძირითად წესებში. 

 

დოკუმენტის წინასიტყვაობაში ნათქვამის, რომ სიძულვილის ენას ხშირ შემთხვევაში აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალები სიძულვილის ენად აღიქმება, რეალურად, კი მათ შორის დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები გააძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რომელიმე პირის მიმართ. მიუხედავად ამისა, არსებობს შეთანხმება თუ რას ეფუძნება სიძულვილის ენა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ სიძულვილის ენა განსხვავდება შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი სწორედ სიძულვილის ენას მოიცავს და ასეა ფორმულირებული: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ქარტიის საბჭოს მიერ საქმეთა განხილვის პრაქტიკის თანახმად, მეშვიდე პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, სტიგმატიზებას. როგორც ევროპის საბჭოს, ისე ქარტიის განმარტების თანახმად, სიძულვილის ენა უნდა ეხებოდეს გარკვეულ იდენტობას. დისკრიმინაცია და სტიგმატიზებაც გარკვეული ნიშნით უნდა ხდებოდეს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდეს ამ ნიშნის მქონე პირებს.  

"სიძულვილის ენის წამახალისებელი, სტერეოტიპების გაღრმავების ხელის შემწყობი შესაძლოა მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

დეტალურად სახელმძღვანელო შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზება  მედიის მასალებში
ბოლო რამდენიმე დღეა გამოცემების ნაწილი აქვეყნებს მასალებს თბილისში ახალგაზრდა კაცის დაჭრის შესახებ და აქცენტირებს, რომ დანაშაული ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა ჩაიდინა.

კაცის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა გაავრცელა. მან ფეისბუკის პირად გვერდზე ჩართო პირდაპირი ეთერი საავადმყოფოდან, სადაც დაზარალებულის მშობელი და ადვოკატი იმყოფებოდნენ. დაშავებულის დედა პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებდა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს. ტელეწამყვანი და ადვოკატი, ისევე როგორც დაშავებულის მშობელი, აქცენტს აკეთებდნენ სავარაუდო დამნაშავის ფსიქიკური ჯანმრთელობაზე და მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის საშიშად და პოტენციურ დამნაშავეებად გამოჰყავდათ.

ვიდეო მალევე გაავრცელეს სხვადასხვა ონლაინ გამოცემებმა და საიტებმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს არც სამედიცინო დასკვნა და არც სხვა ოფიციალური ცნობა დამნაშავის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, გამოცემები მტკიცებით ფორმაში იუწყებოდნენ, რომ კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი დაესხა თავს და დანაშაულის მოტივსაც სწორედ მის ფსიქიკურ აშლილობას უკავშირებდნენ.

მსგავსი გაშუქებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მოხდა. გავრცელებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა სტერეოტიპული და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები. კონტექსტი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა ადამიანი პოტენციური დამნაშავეა.

alt“რასაკვირველია, ძალადობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგრამ უფრო იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, სამიზნე. ისინი უფრო არიან მსხვერპლები, ვიდრე მოძალადეები. თითოეული შემთხვევა, რომელსაც მედია აქცევს ხოლმე ყურადღებას, ისე უნდა გაშუქდეს, რომ ეს კონტექსტი გათვალისწინებული იყოს”, - ამბობს GIPA-ს პროფესორი, მედიამკვლევარი და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერი მოძრაობა „ღია-ს” დამფუძნებელი თიკო ცომაია.

მისივე თქმით, მედია განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით უნდა მოეკიდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას: “მედიამ ისე უნდა მოახერხოს ინფორმაციის გადმოცემა, რომ იარლიყები არ მიაწებოს ადამიანს. მითუმეტეს, თუ რაღაც ტერმინებს ისედაც აქვს სტერეოტიპული და წინასწარგანწყობითი მნიშვნელობები. მსგავსი საკითხების გაშუქებისას, ყველაზე დიდი ამოცანა არის, რომ ჟურნალისტმა არ დააშავოს უფრო მეტად და დაიცვას პრონციპი - „არ ავნო“ . თუ კიდევ უფრო გააღრმავებ სტიგმას, უსაფუძვლო, არასწორ შიშებს შექმნი და გააძლიერებ სტერეოტიპებს, პრობლემა მეტად გაღრმავდება".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელო ხაზგასმით მიუთითებს, რომ მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მსგავსი მიდგომა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე კონკრეტული პრობლემის მქონე დიაგნოზის მქონე ყველა პირი ამგვარად იქცევა.

“სტიგმის გაძლიერებაში შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს მედიის მიერ ამ თემის არასწორმა გაშუქებამ. ამიტომაც ჟურნალისტმა კარგად უნდა გააცნობიეროს რატომ ასახელებს პირის დიაგნოზს, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ მასალის გმირისთვის, არამედ ყველა იმ პირისთვის, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით”, - ვკითხულობთ ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.

თიკო ცომაია ამბობს, რომ კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას მედიის ამოცანა სისტემური პრობლემის ჩვენება უნდა იყოს: “პასუხისმგებლობა ვის ენიჭება იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა? სახელმწიფოში არსებობს კი სერვისები? რა პოლიტიკაა, რა დაფინანსებაა, რამდენად დაცულები არიან და აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო სერვისებთან? - მედიამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყოველივე და ისე გააშუქოს კონკრეტული შემთხვევები. კონტექსტი უნდა მოაყოლოს, სტიგმა რომ არ გააძლიეროს, უფრო არ გარიყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებისგან და უფრო მეტი ძალადობა არ გამოიწვიოს.”

ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, განსაკუთრებით დაუშვებელია. “კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები”.. - ვკითხულობთ დოკუმენტში.