საზოგადოებრივ მაუწყებელს „ჩაიხანა“ პლაგიატში ადანაშაულებს
29.01.2019

მედია პლატფორმა "ჩაიხანა" საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მასალის პლაგიატში ადანაშაულებს. გამოცემამ გადაცემა „ახალი კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

საქმე ეხება გადაცემა „ახალ კვირაში“ 27 იანვარს გასულ სიუჟეტს "გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან". 

ჩაიხანას განცხადების თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს მედია პლატფორმა Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”. მასალის ავტორები არიან შორენა ტყეშელაშვილი და კონსტანტინე კომახიძე. ვიდეო ისტორია სოფელ გუმბათის მასწავლებელზე ია ძირკვაძეზეა. 2019 წლის 27 იანვარს კი პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“, რომელიც ამავე გმირზეა.

მედია პლატფორმა Chai Khana-ს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის ავტორებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი, პლაგიატის შესახებ.

„პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის სათაური Chai Khana-ს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეომასალის სათაურის იდენტურია. ასევე პირველ არხზე გასული სიუჟეტი თემატურად Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის იდენტურია. პირველ არხზე გაშვებულ სიუჟეტში ავტორები არ უთითებენ პირველწყაროს და არც Chai Khana-ზე განთავსებული ვიდეომასალის ავტორებს ახსენებენ“, - ნათქვამია ჩაიხანას განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ განცხადება უკვე ცნო დასაშვებად. საქმის განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.


პრინციპი 11 

ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

· ფაქტის განზრახ დამახინჯება;
· ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
· პლაგიატი.


მე -11 პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევები იხილეთ ამ ბმულზე


თეგები : პლაგიატი;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

გიორგი კოხრეიძის საკადრო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 2021 წელი კიდევ ორი თანამშრომლის გაშვებით და დირექტორის ახალი მოადგილის მისვლით დაიწყო. 31 დეკემბერს გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტებმა - გიორგი არობელიძემ და ნათია ქარჩილაძემ კანცელარიიდან მისული წერილით შეიტყვეს, რომ მაუწყებელის დირექტორი გიორგი კოხრეიძე შრომით ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებთ. პარალელურად, ამავე დღეს დირექტორმა თავის მოადგილედ დანიშნა ნიკა ჩხარტიშვილი, რომელიც იქამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.

"ჰეშთეგი" კიდევ უფრო შემცირებული გუნდით და ფორმატით

გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, გადაცემა “ჰეშთეგის” მაუწყებლობა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ შეჩერდა, გუნდს 3 თანამშრომელი გამოაკლდა და საბოლოოდ, გადაცემის ფორმატი 5-დან 1 დღემდე შემცირდა.

"ჰეშთეგი" 20201 წლის 14 იანვარს კიდევ უფრო შემცირებული გუნდით დაუბრუნდა ეთერს. გადაცემის ორ ჟურნალისტს - გიორგი არობელიძესა და ნათია ქარჩილაძეს, რომლებსაც ორწლიანი კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ამოეწურათ, მოქმედმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ დღეს კანცელარიიდან მიღებული წერილით შეიტყვეს, რომ მაუწყებელში აღარ მუშაობენ.

alt"კანცელარიიდან დაგვიკავშირდნენ, წერილი არისო თქვენს სახელზე და ამ წერილში ეწერა, რომ დირექტორმა ეს გადაწყვეტილება HR სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. არაფერი კონკრეტული არ ეწერა წერილში და ეს რეკომენდაციაც არ გვინახავს ჩვენ ჯერჯერობით", - ამბობს გიორგი არობელიძე. 

HR სამსახურის უფროსი ემზარ პაქსაძე მისივე გაცემული რეკომენდაციის შინაარსზე "მედიაჩეკერთან" არ საუბრობს. მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ჩვენს კითხვაზე, რა ტიპის რეკომენდაციებზეა საუბარი და როგორი შეფასებაა მოცემული დოკუმენტში, რამდენად კრიტიკული იყო მისი დასკვნა და რა შეიძლება ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ დირექტორს აღარ გაეგრძელებინა ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებები - ემზარ პაქსაძე გვპასუხობს, რომ დოკუმენტი ვრცელია, დადებითი ან უარყოფითი შეფასებები არ არის, თუმცა, სანამ უშუალოდ ჟურნალისტებს არ ჩაბარდებათ, მათი თანხმობის გარეშე ვერაფერს გვეტყვის, რადგან დოკუმენტი პირად ინფორმაციას შეიცავს:

"ორშაბათს ჩაბარდებათ და მოგაწვდიან, თუ თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ვრცელია (დოკუმენტი), 8 თუ 9 გვერდია და უფლებამოსილება არ გამაჩნია მე, რადგან პირადი ინფორმაციის შემცველია", - ამბობს ემზარ პაქსაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში არ არის ახსნილი, კონკრეტულად რის საფუძველზე არ გაუგრძელდათ ხელშეკრულები და ამ ეტაპზე არც HR სამსახურის უფროსის რეკომენდაცია აქვთ ნანახი, ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მათ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება:

"ფაქტია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც ერთი დიდი პროცესის ნაწილია. სახეზე გვაქვს, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც, ვფიქრობ, ისედაც ყველა ხედავს პირველივე დღიდან - კრიტიკულად განწობილი ჟურნალისტების დევნა, შევიწროება, გათავისუფლება… მთელი ამ ჯაჭვის ნაწილია ეს ყველაფერი", - ამბობს გიორგი არობელიძე

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, ალტერნატიულ პროფკავშირებში მათი აქტიური წევრობაა:

alt"მეც და გიორგიც ვიყავით ერთ-ერთი დამაარსებელი ალტერნატიული პროფესიული კავშირის, რომელიც მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორად მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული იმ აქციებსა და კამპანიაში, რაც მაუწყებელში მიმდინარეობდა. ზეწოლა, გათავისუფლება თუ სხვა პოზიციაზე გადაყვანა კი სწორედ იმ ადამიანებს შეეხოთ, ვინც პროფკავშირების წევრები იყვნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესებში", -ამბობს ნათია ქარჩილაძე.

"გრძელდება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა და შევიწროება", - ასე შეაფასეს პროფკავშირებში "ჰეშთეგის" ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებების არ გაგრძელება - "ორივე გათავისუფლებული თანამშრომელი აქტიურად ცდილობდა ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებისა და არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ასახვას სატელევიზიო რეპორატაჟებში; რაც, ჩვენი შეხედულებით, მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და ჰეშთეგისთვის მორიგი მძიმე დარტყმის მიყენების კიდევ ერთი მიზეზი იყო", - ვკითხულობთ ალტერნატიული პროფკავშირების მიერ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი არობელიძე და ნათია ქარჩილაძე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე კი ამბობს, რომ "ჰეშთეგის" თანამშრომლებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს:

"გვქონდა კონსულტაციები გიორგისთან და ნათიასთან და ვფიქრობთ მათთან ერთად სამართლებრივ დავაზე. ამ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები განსხვავებულია და ჯერჯერობით ვფიქრობთ, რას ვაპირებთ და როგორ". 

გადაცემის გუნდის შემცირების გარდა, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, გადაცემა "ჰეშთეგმა" ორჯერ შეწყვიტა მაუწყებლობა და ბოლოს ეთერს შემცირებული ფორმატით დაუბრუნდა.

altაჭარის ტელევიზიამ "ჰეშთგისთვის" ეთერის დათმობა თავდაპირველად 23 მარტს შეწყვიტა. ამ დღიდან, მაუწყებელმა "ჰეშთეგთან" ერთად, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა შეაჩეარა და მენეჯმენტმა გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ახსნა. გადაცემა მეორედ 31 ივლისიდან შეჩერდა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 12 ნოემბერს ეთერში ხუთდღიანი ფორმატის ნაცვლად, ერთდღიანი ფორმატით დაბრუნდა.

გადაცემის ფორმატის შემცირებასთან დაკავშირებით მაშინ გიორგი კოხრეიძემ "მედიაჩეკერს" განუცხადა, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური, განვითარების პროცესია - "ჰეშთეგი" გადაცემა ხომ არის ეხლა ეთერში? მითხარით, რა განსხვავებას ხედავთ განსაკუთრებულს? სათქმელს ვერ იტყვიან, თუ რა?", - გვიპასუხა მან და ჩვენს კითხვაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე მიიღო გადაცემის 5-დან 1 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება, გვითხრა, რომ გადაწყვეტილება კომისიიდან გამომდინარე მიიღო და არა პირადი ინტერესებიდან.

“ჰეშთეგის” გუნდი კი მაუწყებლის დირექტორის ამ გადაწყვეტილებასაც გადაცემის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

დირექტორის მიერ უკონკურსოდ დანიშნული კადრები


31 დეკემბერს, ორი კადრის გაშვების პარალელურად, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელში ახალი კადრი - ნიკა (იაკინთე) ჩხარტიშვილი თავის პირველ მოადგილე დანიშნა.

დირექტორმა თავისი მოადგილე უკონკურსოდ შეარჩია. ამას HR სამსახურის უფროსი ემზარ პაქსაძეც ადასტურებს და განმარტავს, რომ “კონკურსი არ ყოფილა გამოცხადებული. მას (დირექტორს) ჰქონდა ამის უფლებამოსილება".


alt



ნიკა ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ამბობს, რომ შეთავაზება პირადად გიორგი კოხრეიძისგან მიიღო. თავად გიორგი კოხრეიძე კი არ მალავს, რომ ნიკა ჩხარტიშვილთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და სანამ ამ პოზიციაზე დაითანხმებდა, კონსულტაციები მასთან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

“ახალი სეზონიდან მე უშუალოდ ვაკვირდებოდი პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა მაუწყებელში და დამანახა პროცესებმა, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა მაუწყებელი სუფთა მენეჯერული კუთხით. გარკვეული მიმართულებებით მე სერიოზული მხარდაჭერა და დახმარება მჭირდებოდა და,შესაბამისად, შევაფასე ადამიანი, რომელსაც მე კაი ხანია ვიცნობ. ვიცნობ, როგორც ძალიან კარგ მენეჯერს. ბოლო ერთი თვეა მქონდა მასთან კონსულტაციები, ვსაუბრობდით და ბოლო-ბოლო დავითანხმე და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ დამიდგეს გვერდში და ერთად შევძლოთ იმ პროცესების უკეთესად წარმართვა, რაც მაუწყებელს მისცემს (საშუალებას) უფრო უკეთესად განვითარდეს”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ნიკა ჩხარტიშვილი 2017 წლიდან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, 2019 წლიდან კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი იყო. აჭარის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებული მისი სამუშაო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, იგი მენეჯერულ პოზიციაზე რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა, თუმცა, მისი მედიაში მუშაობის გამოცდილება იმით შემოიფარგლება, რომ 2000 წელს გაზეთ „დიდუბელის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო.

2018 წელს ნიკა ჩხარტიშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. მაშინ ჩხარტიშვილმა კომისიას ვერ წარუდგინა დიპლომის ასლი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული განათლება აქვს მიღებული. მაშინ, ვადის მიცემის მიუხედავად, ჩხარტიშვილმა დიპლომის ასლი ვერ წარადგინა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი, თუმცა კომისიამ მეორე ეტაპზე მაინც გადაიყვანა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ (მაუწყებლიდან ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ) ვახტანგ ხუზმიაშვილი იყო არჩეული. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხუზმიაშვილი საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, დირექტორის მოადგილის თანამდებობა კვლავ ვაკანტური გახდა.

გარდა ნიკა ჩხარტიშვილისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, მაუწყებელში ხელმძღვანელ პოზიციაზე უკონკურსოდ კიდევ ორი ახალი თანამშრომელი დასაქმდა - აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინო ხაჟომია.

აკაკი გოგიჩაიშვილი 2020 წლის პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი რედაქტორი გახდა. მაშინ აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ შეთავაზება მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან მიიღო.

აკაკი გოგიჩაიშვილამდე, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებით, საინფორმაციო გამოშვების მთავარი რედაქტორად ნინო ხაჟომია დაინიშნა, თუმცა მან მალევე - ოთხ დღეში თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.

გიორგი კოხრეიძის დირექტორობის 14 თვე
და 14 თანამშრომლის ბედი

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევიდან - 2019 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე, აჭარის მაუწყებლიდან თანამშრომლების გაშვება, პოზიის შეცვლა თუ შრომითი ხელშეკრულებების არ გაგრძელება ჩვეულ ამბად იქცა.

დირექტორობის თითქმის 14 თვის განმავლობაში კოხრეიძემ ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა, სამს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, ხუთი არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა, ორმა თანამშრომელმა კი, მისი დირექტორობის პირობებში, თავადვე თქვა უარი ტელევიზიაში მუშაობაზე.


alt

  • 01.01.2020 - გიორგი კოხრეიძემ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ნათია შავაძეს. მან დირექტორის ეს გადაწყვეტილება შეაფასა მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკის ნაწილად, რომელსაც იგი აქტიურად აპროტესტებდა; 

  • 02.02.2020 - აჭარის მაუწყებელი დატოვა ნათია ზოიძემ და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. მიზეზად სარედქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება დაასახელა; 

  • 24.02.2020 - მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციას ჩამოაშორეს და და რადიოს ახალ ამბებში გადაიყვანეს; 

  • 24.02.2020 - აჭარის ტელევიზია “უკიდურესი პროტესტის” ნიშნად თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა;

  • 24.02.2020 - სამსახურიდან გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი;

  • 13.03.2020 - სამსახურიდან გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციოს წამყვანი თეონა ბაკურიძე;

  • 23.03.2020 - მაუწყებლის დირექტორმა ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე კორესპონდენტად ბათუმიდან ქუთაისში, ფაქტობრივად, არარსებულ ბიუროში გადაიყვანა; 

  • 13.04.2020 - ხელშეკრულება შეუცვალეს ვებ მიმართულების ხელმძღვანელ სოფო ჟღენტს და ახალ ამბებს ჩამოაშორეს;

  • 21.04.2020 - ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო თეონა თურმანიძეს აჭარა TV-ში წამყვანობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდეს;
  • 11.05.2020 - ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა სამსახურიდან გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლა;

  • 31.07.2020 - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს – შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. მოგვიანებით ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე დააბრუნეს, ორივე მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს;

  • 31.12.2020 - შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს “ჰეშთეგის” ჟურნალისტებს - გიორგი არობელიძე და ნათია ქარჩილაძეს. 

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა და არსებითად სხვა პოზიციაზე გადაყვანილმა თანამშრომლებმა მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს. მათ უფლებებს EMC იცავს. ამ ეტაპზე მხოლოდ მაია მერკვილაძის საქმე არის განხილული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზია მაია მერკვილაძის პოზიციაზე ახალ თანამშრომელს ვერ დანიშნავს, სანამ შრომითი დავა არ დასრულდება. EMC-ის ადვოკატი ლადო ქუთათელაძე, რომელიც მათ უფლებებს იცავს, ამბობს, რომ პროცესი მიმდინარეობს და სასამართლოში საქმეების ჩანიშვნას, სავარაუდოდ, თებერვალში ელოდებიან.
საზმაუს ყოფილი დირექტორი ‘ქართული ოცნების’ თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა გასული, 2020 წლის ივლისში დატოვა, საპარამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - წერდა მაღლაფერიძე ვრცელ განცხადებაში, რომლითაც მან საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს მიმართა.

მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მაღლაფერიძეს შესაძლოა პოლიტიკურ სივრცეში გაეგრძელებინა საქმიანობა, მაშინვე გაჩნდა, მას „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოიაზრებდნენ.

„მედიაჩეკერი“ დღეს ცდილობდა ვასილ მაღლაფერიძესთან გაერკვია, ხომ არ უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციის დატოვება მის პარტიაში გადანაცვლებას, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამავე კითხვაზე კი „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან საუბარში, ეს კატეგორიულად გამორიცხა.

„ტელევიზიიდან წავედი სადღაც ივლისში და აგვისტოში და კარგია, რომ ვგეგმავდეთ, მაგრამ ქართველები ასე არ ვგეგმავთ, 5 თვით ადრე. ამასთან არ იყო კავშირში. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი და პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ „მთავარ არხთან“.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა. ახალი დირექტორის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21 ნოემბერს არხის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა პოსტი გაურკვეველი მიზეზით დატოვა. მაშინ, ვასილ მაღლაფერიძის არჩევას, სამოქალაქო ორგანიზაციების საჯარო განცხადება მოჰყვა, ისინი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობდნენ.

მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები შეშფოთებას იწვევდა - HRW
თანამშრომელთა გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიაში, გამოძიების დაწყებას „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟზე და ცვლილებებს კანონში, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს კომუნიკაციების სფეროში სპეციალური მმართველი დანიშნოს - ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელ მცდელობებად აფასებს. 

აჭარის ტელევიზიის საქმე


Human Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშის  იმ ნაწილში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა. 

ანგარიშში მოხვდა გასული წლის თებერვალში, მაუწყებლის თანამშრომელთა მდუმარე პროტესტი. შეგახსენებთ, 2020 წლის 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გაათავისუფლა შორენა ღლონტი, მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში, ერთწუთიანი დუმილით და მესიჯით - "აჭარის მაუწყებელში სუსია" პროტესტი გამოუცხადა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს. და, ეს არ იყო თანამშრომელთა პირველი საპროტესტო აქცია. 

alt
"აჭარის მაუწყებელში სუს-ია" - მდუმარე აქცია პირდაპირ ეთერში. 2020 წ. 28 თებერვალი. აჭარის ტელევიზია.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა მაუწყებლიდან მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძისა და ასევე, ტოქშოუ "ჰეშთეგის" წამყვანისა და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ამბავიც. 

თეონა ბაკურიძე ტელევიზიიდან 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლეს. გათავისუფლების საფუძვლად, დირექტორის ბრძანებაში მითითებული იყო რომ, "თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას".  გათავისუფლებას წინ უსწრებდა მისი დროებით მოხსნა ეთერიდან საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნულ უფროსთან გიორგი აბაზაძესთან კამათის გამო (9 მარტს იგი ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი საქმის მოკვლევა მისი გათავისუფლებით დაასრულეს).

რაც შეეხება მალხაზ რეხვიაშვილს, ტელევიზიის მენეჯმენტმა იგი სამსახურიდან ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლა.  გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული იყო, რომ რეხვიაშვილის პოსტით მაუწყებლის დისკრედიტაცია მოხდა. საუბარია რეხვიაშვილის სტატუსზე, რომლითაც იგი ეხმიანებოდა მაუწყებლის თანამშრომლის, თეონა თურმანიძისთვის საქმიანობის შეზღუდვას ასევე ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. 

"30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280-მა თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი", - ვკითხულობთ ამავე ანგარიშში.


აჭარის ტელევიზიის პასუხი ანგარიშზე


ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის ტელევიზიამ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც არხი Human Rights Watch-ს უზუსტობებზე, ზედაპირულ დამოკიდებულებასა და სრულიად უსამართლო შეფასებებზე უთითებს.

"როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სანდოობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დაეყრდნო მხოლოდ ცალმხრივ, ანგაჟირებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც, სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპასუხო წერილში.

ამავე წერილში განმარტებულია, რომ თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გათავისუფლდა "მის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი ბულინგის, მობინგისა და სამუშაო პროცესის ჩაშლის გამო, რის შედეგადაც, ერთი თანამშრომლის სტაციონარში, სამკურნალოდ გადაყვანაც კი გახდა საჭირო". მალხაზ რეხვიაშვილის გატავისუფლების მიზეზი გახდა "არა მაუწყებლის დისკრედიტაცია, რაც თავისთავად არის ორგანიზაციის დებულების უხეში დარღვევა, არამედ ტელეწამყვანის მხრიდან, მის მიერ გავრცელებული ყალბი (ფეიკ) ინფორმაციის გასწორებაზე უარის თქმა".

რაც შეეხება 30 ივლისს გათავისუფლებულ და შემდეგ აღდგენილ თანამშრომლებს, ტელევიზიის მენეჯმენტის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ეს მტკნარი სიცრუეა: "წარმოუდგენელია ძალადობა, ფიზიკური დაპირისპირება, ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა ვინმეს ეპატიოს პეტიციითა და თუნდაც ასეულობით ადამიანის მოთხოვნით. ფიზიკური ძალადობის ჩამდენი თანამშრომლები საბოლოოდ ჩამოშორდნენ დაკავებულ თანამდებობებს. მათ გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები დოკუმენტური ფილმების წარმოებაზე. გვინდა გვჯეროდეს, რომ ძალადობის წახალისება “ ჰუმან რაითს ვოჩ”–ის მიზანს არ ემსახურება". 



"მთავარი არხის" სიუჟეტის საქმე

ანგარიში ასევე ეხება 2020 წლის ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას.

შეგახსენებთ, 2020 წლის 2 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება,  რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით". 

სუს-ი არხისგან ამ სიუჟეტის დაუმონტაჟებელი, ე.წ. შავ მასალას ითხოვდა. "მთავარმა არხმა" ეს ქმედება მათი დაშინების მცდელობად შეაფასა. მომხდარს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციების მხრიდან. 

"ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა", - ვკითხულობთ Human Rights Watch-ის ანგარიშში. 


ცვლილებები კომუნიკაციების შესახებ კანონში

2020 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რითიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას.

"ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.


მაგდა ანიკაშვილი „იმედზე“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს
13 წლის შემდეგ, ჟურნალისტი, ყოფილი დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედზე" ბრუნდება. იგი არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს. პირველი გადაცემა ეთერში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გავა.

როგორც მაგდა ანიკაშვილმა “მედიაჩეკერს” უთხრა, ამ ეტაპზე გადაცემის ფორმატზე მუშაობენ. დამატებითი დეტალები კი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

“მედიაჩეკერის” კითხვაზე, როდის უნდა ელოდოს მაყურებელი ეთერში ტოქშოუს გასვლას, ანიკაშვილი ამბობს, რომ პირველი გადაცემა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გავა.

მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედში” აქამდეც მუშაობდა. 2006 წლიდან ორი წლის განმავლობაში იგი არხზე ტელეწამყვანი იყო. ანიკაშვილმა “იმედი” 2008 წელს დატოვა და პარტია “გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატებში” გაწევრიანდა. იგი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

2003 წლიდან 2019 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში, მაგდა ანიკაშვილი მუშაობდა “მეცხრე არხში”, რუსთავი 2-ში”, საზოგადოებრივ მაუწყებლში, “იმედსა” და „მაესტროში“. 2019 წლიდან იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, მოგვიანებით კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი.

მაგდა ანიკაშვილის “იმედზე” დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა.
‘სრულად მიუკერძოებელი არცერთი მაუწყებელი იყო’ - ნანა ბიგანიშვილი სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის მიგნებებზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგმა, რომლის ფარგლებშიც მონიტორები 12 მაუწყებელს აკვირდებოდნენ, აჩვენა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო იყო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული, გაზრდილი პროფესიული ეთიკის დარღვევის და მანიპულირების შემთხვევებით.

რაში გამოიხატებოდა მაუწყებელთა მკვეთრი პოლარიზებულობა და ორპოლუსიანობა და რა ტიპის ეთიკური დარღვევები გაიზარდა წინა საარჩევნო წლებთან შედარებით -“მედიაჩეკერი” სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ხელმძღვანელს ნანა ბიგანიშვილს ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, ზოგადი მიმართულებები რომ გამოვკვეთოთ, რა აჩვენა სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგმა?

წინასაარჩევნო მონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიაგარემო იყო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, ნაწილი კი ოპოზიციისადმი. არასასურველი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო სუბიექტი შუქდებოდა ნეგატიურ ტონში.

თუკი, მაგალითად, ბოლო პერიოდში მაუწყებლების მხრიდან მიკერძოება გამოიხატებოდა იმაში, რომ კონკრეტულ პარტიას დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ, ახლა პირიქით. გარკვეულწილად შეიცვალა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკა და მიკერძოება უკვე არასასურველი პოლიტიკური პარტიის ნეგატიური ტონით გაშუქებაში გამოიხატება. ეს ტენდენცია 2016-2017 წლიდან დაიწყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე კულმინაცია იყო და პოლიტიკური პროცესები მკვეთრად ნეგატიურ ტონში შუქდებოდა.

- შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული არხები, სადაც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ მკვეთრად მიკერძოებული დამოკიდებულება გამოჩნდა? ან დავაჯგუფოთ ამავე ნიშნით - მაგალითად, არხები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად მსგავსია?

კონკრეტული მაუწყებლების რაოდენობრივი და შინაარსობრივი მონაცემები დეტალურად ანგარიშში მოცემული, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობდა ორი პოლუსი, ერთი მათგანი ოპოზიციის მიმართ იყო ლოიალური, მეორე კი - საპირისპირო დამოკიდებულებას იჩენდა.

რეალურად, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული, შეიძლება ითქვას, რომ იყო რამდენიმე არხი, თუმცა გარკვეულ თემებთან მიმართებით ისინიც გამოხატავდნენ მიკერძოებას შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მიუკერძოებელი არცერთი მაუწყებელი იყო და მაინც ორპოლუსიანობა იკვეთებოდა.


«ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს უფრო მეტ რადიკალიზაციას და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, განსხვავებული არაფერი შეუთავაზებიათ» 


- თქვენც თქვით, რომ მედიაგარემო იყო პლურალისტური, მედიაბაზარზე რამდენიმე ახალი ტელევიზია გამოჩნდა. ამის გათვალისწინებით, მაყურებლისთვის თუ შეიცვალა რამე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით?

მიუხედავად ტელევიზიების სიმრავლისა, ჩვენი დაკვირვებით, მაყურებლისთვის ინფორმაციის მრავალფეროვნების თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა. მეტიც, ამ ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს უფრო მეტ რადიკალიზაციას და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, განსხვავებული არაფერი შეუთავაზებიათ.

- მედიამონიტორინგის ანგარშში ნათქვამია, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები? რა ტიპის დარღვევებს გულისხმობთ?

ხშირი იყო მანიპულაციის ფაქტები და წინა წლებისგან განსხვავებით, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების, ასევე ბალანსის დარღვევის შეთხვევები. წელს ამგვარი ფაქტების მკვეთრი სიმრავლე გამოიკვეთა.

აგრეთვე, 2020 წელს ადგილი ჰქონდა მოსაზრების ფაქტად გავრცელების შემთხვევებს. კონკრეტული მედიასაშუალებები მაყურებელს დაუზუსტებელ ინფორმაციას როგორც ფაქტს, ისე სთავაზობდნენ. ხშირად ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯვნა სჭირდა. ამგვარი შემთხვევების რიცხვი წლევანდელი მონიტორინგის დროს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. აგრეთვე, ხშირად გამოიყენებოდა არანორმატიული ლექსიკა, უხამსი, მადისკრედიტებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და ეს წლევანდელ მონიტორინგში განსაკუთრებულად სჭარბობდა.

- გასული წლების არჩევნებზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებზე, მედიის გაშუქების მთავარი ხაზი გადიოდა არასასურველი პოლიტიკური სუბიექტის დისკრედიტაციაზე. 2020 წლის არჩევნებზეც თუ იყო ეს ტენდენცია?

დიახ, ეს ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდა. მკვეთრად იყო გაზრდილი პოლიტიკური სუბიექტების დისკრედიტაციის შემთხვევები. ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლების დისკრედიტაცის ცდილობდა, ნაწილი ოპოზიციის.

მაგალითად, ოპოზიციისადმი ლოიალური ტელევიზები ხელისუფლების კრიმინალებთან თანამშრომლობაში დადანაშაულებით ცდილობდნენ მმართველი გუნდის იმიჯის შელახვას. თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები მაყურებელისთვის არ შეუთავაზებიათ.

ხელისუფლებისადმი მიკერძეული ტელევიზიები კი - განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილისა და ასევე ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციას ცდილობდნენ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის გამო, იყო სრულად ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის მცდელობაც.

 


«მთავარი რაც შეგვიძლია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთქვათ, არის ის, რომ
იგი არ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმარ»



- განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მედიის მისამართით არის ხოლმე პრეტენზია, რომ ისინი ამბებს ზედაპირულად აშუქებენ. რა მოიაზრება ზედაპირულ გაშუქებაში და რა აჩვენა წლევანდელმა მონიტორინგმა ამ მიმართულებით?

ტელევიზიების მხრიდან ახალი ამბების გაშუქების დროს ზედაპირულობა კვლავ პრობლემად დარჩა და ნაკლები იყო სიღრმისეული ანალიზი. ნაკლებად იყო აქცენტი კონკრეტული საარჩევნო სუბექტების საარჩევნო პროგრამასა თუ მათ ხედვებზე. თითქმის არ იყო ანალიზი და სწორედ ეს მოიაზრება საკითხის ზედაპირულ წარმოჩენაში.

სატელევიზიო ახალი ამბები მაყურებლებს აწვდიდნენ მხოლოდ მშრალ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების აქტივობების შესახებ, რაც ძირითადად მათი მოსახლეობასთან შეხვედრებით იფარგლებოდა. მხოლოდ ამ ინფორმაციის მიწოდებით მაყურებელი ამა თუ იმ პარტიის შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებდა.

- გვერდს ვერ ავუვლით Covid-19-ის პანდემიას. იქონია თუ არა ამ უკანასკნელმა გავლენა საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე? ხომ არ გადაფარა ჯანდაცვის კრიზისმა საარჩევნო საკითხები? ან ხომ არ შეინიშნებოდა პანდემიის თემის გამოყენება საარჩევნო კონტექსტში, როგორც თქვენ თქვით, ორ პულუსად გაყოფილი მედიის მიერ?

რა თქმა უნდა, პანდემიამ სატელევიზიო ახალ ამბებს თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა პოლიტიკური პროცესები მთლიანად არ განუდევნია.

ამასთან, პანდემია კონკრეტული მედიების მიერ გამოყენებული იყო იმის მიხედვით, თუ რომელ პოლუსს მიეკუთვნებოდნენ ისინი. მაგალითად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები კოვიდ-19-ის პანდემიას სამთავრობო გუნდის კრიტიკისთვის იყენებდნენ. საპირისპირო სურათი იყო პროსამთავრობო ტელევიზიებში, სადაც პანდემიის კრიზისს მართვისას ხელისუფლებას დადებითად წარმოაჩენდნენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ამ თემაზე ექსპერტებად წარმოჩენილნი იყვნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე რომ არ იყო ინფორმაცია მითითებული მათი პარტიული მიკუთვნებულობის შესახებ. საბოლოო ჯამში, მაყურებლისთვის რთული იყო ობიექტური სურათის აღქმა.

- “საზოგადოებრივ მაუწყებელს” რომ შევეხოთ, როგორც საზოგადების წინაშე ყველაზე ანგარიშვალდებულ ტელევიზიას, როგორ აშუქებდა პირველი არხი საარჩევნო პროცესებს?

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ცდილობდა მაყურებლის ინფორმირებას და ამას ძირითადად აკეთებდა ეთიკური სტანდარტების დაცვით. მთავარი რაც შეგვიძლია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთქვათ, არის ის, რომ იგი არ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. მაგალთად შეგვიძლია დავასახელოთ პრემიერ-მინისტრის დადებითად წარმოჩენის მცდელობა. ასევე, იუსიტიციის მინისტრის რვაწლიანი მუშაობის შეჯამება, რომელიც ძირითადად დადებით ტონში წარმოჩინდა და ჟურნალისტის მხრიდან არცერთი კრიტიკული შეკითხვა დასმულა. იგივე იყო ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებითაც.

კრიზისულ პერიოდებში საზოგადოებრივი მაუწყებელი იჩენდა მიკერძოებას ხელისუფლების მიმართ. მაგალთად ასეთი იყო 20 ივნისის აქციის ერთი წლისთავის გაშუქება. აგრეთვე, ე.წ. “დავით გარეჯის” თემა, როდესაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს ნაწილი, რომელიც ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა, სიუჟეტში გამოიყენა და მას, ფაქტობრივად, ოპოზიციის ლანძღვისა და დისკრედიტაციისთვის ტრიბუნა დაუთმო.

ამასთან, არჩევნების მეორე ტურის წინ, გამოიკვეთა კრიტიკული ტონი უფრო ოპოზიციის მიმართ, ვიდრე მმართველი პარტიისადმი.


«“რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა შეიცვალა. ეს ტელევიზია იყო ყველაზე კრიტიკულად განყობილი ხელისუფლებისადმი. ეთერში გადიოდა ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, ჟურნალისტური გამოძიებები.
წელს რეალურად, სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იყო
» 




- ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია "აჭარის ტელევიზიაში", სადაც მენეჯმენტი შეიცვალა. თუ აისახა ეს ყველაფერი გაშუქების თვალსაზრისით?


ამ ექვსი თვის განმავლობაში, ტელევიზიის სარედაქციო მიდგომა იცვლებოდა. მაგალითად, პირველ პერიოდში არხმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მმართველი პარტიის პოლიტიკური აქტივობების გაშუქებას. პირდაპირ ეთერში რთავდა მაჟორიტარების წარდგენას და პრეზენტაციებს, რაც რაოდენობრივ მონაცმებშიც აისახა. შემდეგ მთავარი ადგილი დაიკავა ეპიდაფეთქებამ, რომელიც აჭარაში იყო. ბოლო პერიოდში კი, გამოიკვეთა დადებითი ტონი უკვე უშუალოდ აჭარის მთავრობის მიმართ. ხდებოდა მათი ინტენსიური გაშუქება.

ასევე, უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის პერიოდში, “აჭარის ტელევიზია” აქტიურად აშუქებდა ადგილობრივ პრობლემებს და ხშირად ისმოდა მოქალაქეების მიერ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკა.

- მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო “რუსთავი 2-შიც”, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა მოლოდინი, რომ ამბების გაშუქების თვალსაზრისით პოლიტიკა ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვლებოდა. რა გამოიკვეთა მონიტორინგისას ძველ და ახალ “რუსთავი 2-ს” თუ შევადარებთ?

რეალურად, “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა შეიცვალა. ეს ტელევიზია იყო ყველაზე კრიტიკულად განყობილი ხელისუფლებისადმი. ეთერში გადიოდა ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, ჟურნალისტური გამოძიებები. წელს რეალურად, სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იყო.

უნდა ითქვას, რომ არხი ამბებს ძირითადად ეთკური სტანდარტების დაცვით, დაბალანსებულად აშუქებდა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ უფრო კრიტიკულად აშუქებდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას. სხვა შემთხვევებში, არხი ცდილობდა, რომ შეენარჩუნებინა ბალანსი და ეს რაოდენობრივ მონაცმებეშიც ჩანდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის დავით გარეჯის თემა, როდესაც ტელევიზიის მხრიდან ხელისუფლების გზავნილების ტირაჟირება შეინიშნებოდა, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხელისუფლებისადმი ცალსახა მიკერძოებულ პოლიტიკას ატარებს.

- ამ რადიკალიზაციის, პოლარიზაციის, ორ პოლუსად დაყოფის ფონზე, რამდენად ჰქონდა მაყურებელს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენად მოახერხეს ეს მაუწყებლებმა?

წინა წლების მსგავსად, ახლაც ნაკლები იყო ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარებოდა. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული. ცხადია, ეს ყველა მაუწყებელს არ ეხება, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, წელსაც მაყურებელს ამის საშუალება ნაკლებად ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების რიცხვი გაიზარდა, შინაარსობრივი თვალსაზრისით და მრავალფეროვნების კუთხით არაფერი შეცვლილა.

თუმცა, დადებითი ტენდენციის სახით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენის, ქსენოფობიური გამონათქვამების გამოყენების შეთხვევები მკვეთრად შემცირდა. გამონაკლისის სახით შეგვიძლია დავასახელოთ ტელეკომპანია “ობიექტივი”, სადაც დღემდე რჩება სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი სიუჟეტების მომზადება, სხვა მაუწყებლებში მსგავსი შემთხვევები თითქმის არ გვხვდება. აგრეთვე ძალიან იშვიათი იყო გენდერული დისკრიმინაციისა და სექსისტური გამონათქვამებიც და ისიც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და არა მედიის მხრიდან.