შესწორება: ISFED-ის ანგარიში ია კერზაიას საქმეზე მხოლოდ იმედის მთავარ გამოშვებაში არ მოხვდა
27.03.2019

განახლება:  მასალის თავდაპირველ ვერსიაში, რომლის სათაური იყო: ISFED-ის ანგარიში ია კერზაიას საქმეზე იმედისა და პირველი არხის მთავარ გამოშვებებში არ მოხვდა - საუბარი იყო იმაზე, რომ ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა. თუმცა, განმეორებითი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, 47-ე წუთზე, ია კერზაიას საქმის შესახებ ამბავი კადრ-სინქრონად გავიდა. 

ამბის მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ფრაქცია "ევროპული საქართველო" ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში გენერალურ პროკურორს და განათლების მინისტრს იბარებს. აქვე თქვეს, რომ ორგანიზაციაში "სამართლიანი არჩევნები"  მიიჩნევენ, რომ  სკოლის ინსპექტრიება ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ორგანიზაციის დასკვნას უპასუხისმგებლოს უწოდებს". 

მედიაჩეკერი ბოდიშს იხდის უზუსტობისთვის. 

-------

26 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) ანგარიში წარადგნია, რომელიც გასულ წელს განათლების სამინსიტროს მიერ საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებებს ეხებოდა.

ანგარიშში სახელწოდებით - “ინსპექტირება, როგორც სადამსჯელო ღონისძიება ზუგდიდის მე6-ე საჯარო სკოლაში”, ვკითხულობთ, რომ განათლების სამინისტრომ 2018 წელს სკოლებში სულ შვიდი ინსპექტირება ჩაატარა, მათგან ექვსი ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაც, რომლის დირექტორზეც, ია კერზაიზე, სავარაუდოდ ზეწოლა განხორციელდა. მას საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ. კერზაიას ოჯახის განცხადებით, მან ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ISFED-ის განმარტებით, 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება ეჭვებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნით იყო გამოყენებული. ამასთან, ორგანიზაციისავე განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

ეს ამბავი გაშუქდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის”, tv პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 26 მარტის მთავარ გამოშვებებში, იმედმა კი  მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა.


თეგები : გამოტოვებული თემები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალამდე გადაიდო
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა კი გადადო. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დღეს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კაკულიას თქმით, "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და კანონპროექტი კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე განსახილველად გადაიდო.

“ამასთან დაკავშირებით შაბათს იყო მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის ინტენსიური კონსულტანციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციების გაგრძელება ისევ საჭიროა დღესაც. გარკვეული შესაძლებლობები არის, რომ უფრო დაახლოვდეს პოზიციები”, - განმარტა რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება. აგრეთვე, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებული ცვლილებებში მაუწყებლები და მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციებ საფრთხეებს ხედავენ. 10 ივნისს ტელე-რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და პარლამენტს მოუწოდეს, რომ არ დაამტკიცოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი დამტკიცება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.
შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებენ
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.

მაუწყებლის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი “მთავარი არხთან" აცხადებს, რომ დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ გვარამია შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული. მათთვის უცნობია, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას:

“ნიკა გვარამია დაიბარეს გამოკითხვაზე მოწმის სახით შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ხუთ საათზე. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ შსს-ში გამოცხადებას. გამომძიებელს შევატყობინეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მოითხოვონ სასაამრთლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრ მოსამართლეს თანდასწრებით, სადაც ჩვენ გამოვცხადდებით და მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
2019 წელს, წინა წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 10.9%-ით შემცირდა - TI
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 10.9%-ით შემცირდა. გასულ წელს ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა, სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი კი ტელეკომპანია „იმედი“ გახდა.

კვლევა სახელწოდებით - „2019 წლის სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა“ ორგანიზაციამ დღეს, 10 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 2016-2019 წლებში ყოველწლიურად მცირდება.

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი 8.2 მლნ ლარით (10.9%) შემცირდა, ხოლო, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალს გამოვაკლებთ, კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი, 2018 წელთან შედარებით, 6.9 მლნ ლარითაა (9.4%) შემცირებული. 2019 წელს რეკლამაში შემავალი ხუთი კომპონენტიდან, სამი ძირითადი კომპონენტი შემცირდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

 alt
ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ 2019 წელს, ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა. (ბოლო წლების განმავლობაში სარეკლამო ბაზარზე „რუსთავი 2“ ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად ლიდერობდა).

„რუსთავი 2-მა“ სარეკლამო შემოსავლები ძირითადად 2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დაკარგა. ჯამში, 2018 წელთან შედარებით, ტელევიზიამ 8.3 მლნ ლარით (27.2%) ნაკლები შემოსავალი მიიღო. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე ტელევიზიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთლიანი სარეკლამო ბაზრის შემცირება სწორედ „რუსთავი 2-ის“ ფაქტორმა განაპირობა“, - ნათქვამია კვლევაში.

alt
ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

ამავე კვლევის მიხედვით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 2019 წელს რეკლამის სახით 1.6 მლნ ლარის ოდენობის თანხა მიიღო და სარეკლამო შემოსავლების მხრივ მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო „ფორმულას“ შემოსავალი 320 ათასი ლარია. (შეგახსენებთ, ორივე ეს ტელევიზია „რუსთავი 2-დან“ წასულმა თანამშრომლებმა დააარსეს).

საბოლოოდ, სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების მხრივ, ტელევიზიების ათეული ასე გამოიყურება:

alt
 ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

როგორც ცხრილიდან ჩანს, სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი ტელეკომპანია „ტელეიმედია“. მან ჯამში ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან - „სტუდია მაესტროსა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვისთან“ ერთად, რეკლამის სახით 2019 წელს 28.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. მისი წილი სარეკლამო ბაზარზე 2019 წელს 37%-დან 42.8%-მდე გაიზარდა, „რუსთავი 2-ის“ კი 7.4%-ით შემცირდა, თუმცა, „რუსთავი 2-ის“ და „იმედის“ ჰოლდინგების წილი 2019 წლის სარეკლამო ბაზარზე კვლავ სოლიდური დარჩა - ჯამში 75.6%.



რაც შეეხება ტელევიზიების ჯამურ შემოსავლებს, კვლევის მიხედვით, ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. კვლევის მიხედვით, ამ მონაცემებზე დიდი გავლენა ორმა კომპონენტმა მოახდინა - მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობამ და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა. კერძოდ, 2019 წელს შექმნილმა „მთავარ არხმა“ მფლობელისგან 4 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო; „ფორმულას“ მაჟორიტარულმა წილის მფლობელმა (დავით კეზერაშვილმა) 4.9 მლნ ლარამდე შესწირა, ხოლო ტელევიზიის „სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა“ 11.7 მლნ ლარს მიაღწია, რაც, როგორც თავად განმარტეს, ასევე კეზერაშვილის მიერ არხისთვის სესხის სახით გაცემული თანხაა.

alt
 ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

„რომ არა ახლადშექმნილი ტელევიზიების „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მფლობელების მხრიდან შემოწირულობის სახით გაღებული თანხა, თუ მის მიერ ტელევიზიისთვის გაცემული სესხი, ტელევიზიების ჯამური შემოსავლის კლება სოლიდური იქნებოდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

მაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის აქცია პარლამენტთან

მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში განხილვის დაწყებამდე, ტელე და რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ არ დაამტკიცოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი დამტკიცება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.

აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ორგანიზებით დაიგეგმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ორივე კანონპროექტი ნაჩქარევად, ექსპერტული ჩარევების გარეშე მომზადდა და არსებითად აუარესებს ქვეყანაში მედიაგარემოს მდგომარეობას. 

"შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კანონპროექტები, რომელიც მარეგულიებელ კომისიას აძლევს საშუალებას გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში. მარეგულირებელი კომისია ხშირად საუბრობს, რომ ეს კანონპროექტი არ ეხება მედიას, თუმცა  ეს არის ტყუილი, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ საქართველოში ვიცით არაერთი სუბიექტი, რომელიც ექცევა როგორც ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში, ასევე მაუწყებლობის სფეროში".

მისივე შეფასებით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს აპროტესტებენ ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის საკუთრების უფლებაში ჩარევა: "ეს აღარ არის მხოლოდ მედიის მხრიდან და მედიის მხარდამჭერების მიერ გაკეთებული განცხადება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებელი კომისია  და, დიდი ალბათობით, უშუალოდ მთავრობაც, მარეგულირებელი კომისიის საშუალებით, ითავისუფლებს სივრცეს და ქმნის გარკვეულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მომავალში, საჭიროებისდა მიხედვით, მათ შეძლონ გამოხატვის თავისუფლების შეზთუდვა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხებზე იყოს არსებითი მსჯელობა და არ მოხდეს მთლიანობაში ამ კანონპროექტების მხარდაჭერა". 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა. კლდიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამ ცვლილებების შემუშავების პროცესში არცერთი დაინტერესებული მხარე ჩართული არ ყოფილა. იგი ფიქრობს, რომ ეს კანონი ძალაში ვერ შევა, რადგან არაკონსტიტუციურია. 

"ეს კანონი უსწრებს იმ დანარჩენ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ კანონი შევიდეს ძალაში. კომისიას ენიჭება ისეთი უფლებამოსილება, რომელიც სცილდება მის კომპეტენციას. დროებითი მმართველის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა, რისი განსჯაც მარეგულირებელ კომისიას არ შეუძლია, შესაბამისად, ეს კანონი ვერ შევა ძალაში, რადგანაც არაკონსტიტუციურად იქნება ჩათვლილი. დარწმუნებული ვარ, ის ორგანიზაციები რომლებსაც ეხება, ამას გაასაჩივრებენ", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებულია ცვლილებები, რომლებშიც მაუწყებლები და მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციები მთელ რიგ საფრთხეებს ხედავენ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება. აგრეთვე, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ჩუმი ნაღმი მედიისთვის - რატომ ვერ ენდობიან GNCC-ის მტკიცებას მედიასამართლის იურისტები

როგორ გავრცელდება მედიაზე ცვლილებები, რომელსაც მთავრობისა და კომუნიკაციებიის კომისიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს და რომლის შესახებაც მარეგულირებელი კომისია ირწმუნება, რომ მედიას არ ეხება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი “მედიაჩეკერთან” იხსენებს პრეცენდენტს, როდესაც GNCC-იმ კონკრეტული კანონი ფართოდ განმარტა და ამ ტენდენციიდან გამომდინარე, განმარტავს, რატომ არის ეს ცვლილებები ძალიან საშიში.

- ხვალ, 10 ივლისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი, საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებული ცვლილებების განხილვას იწყებს. პარალელურად, დილით პარლამენტთან დაგეგმილია სამოქალაქო სექტორისა და მაუწყებლების პრესკონფერენცია მოწოდებით, არ დაამტკიცოს პარლამენტმა ცვლილებები. რატომ?

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებები პირდაპირ მაუწყებლებს ეხება და პირდაპირ მედიაზე ვრცელდება. ეს სწორედაც მედიის რეგულირების მექანიზმების შექმნას ემსახურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები უნდა ჩავარდეს.

რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს - მისი იმ მოცემულობით გატანა, რა მოცემულობითაც ახლა არის წარმოდგენილი, დაუშვებელია.

- მოდით მივყვეთ დეტალურად. დავიწყოთ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით, რაც, თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა ჩავარდეს. რა საფრთხეებს ხედავთ?

პარლამენტში შეტანილია ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ორ კანონპროექტს მოიცავს. ერთი არის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და მეორე - მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით კი, კომისიის მიერ მიღებული აქტის გასაჩივრება ვეღარ შეაჩერებს მის მოქმედებას.

ორივე კანონპროექტი მაუწყებლებისთვის საფრთხის შემცველია. მეორე კანონპროექტს, გარდა იმისა რომ საფრთხის შემცველია, კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც პრობლემები აქვს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევა - კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი გასაჩივრებით ავტომატურად არ შეჩერდება. მაგალითად, კომისიამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლისთვის ლინცენზიის შეჩერებაზე და მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ამ გასაჩივრებით აქტის მოქმედება არ შეჩერდება.

გამოდის, რომ კომისია როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაუწყებელს მაშინვე მოუწევს მაუწყებლობის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა. თუ სასამართლო ცალკე განჩინებას არ გამოიტანს იმაზე, რომ ეს აქტი შეჩერდეს (რასაც სამი დღე სჭირდება), მაუწყებელს მოუწევს თავისი მაუწყებლობის შეჩერება მანამდე, სანამ დავა არ დასრულდება. ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი, სამი დღე შესაძლოა გაითიშოს მაუწყებელი. ვფიქრობთ, რომ ესეც არ არის შესაბამისი კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

- რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, აქ რა რისკებია?

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ზოგადად, ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და არ ვრცელდება მაუწყებლებზე, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლები ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ანუ მაუწყებლობას თავისივე მულტიპლექსით გადასცემენ. ისინი ერთდროულად გამოდიან მაუწყებლები და ავტორიზებული პირებიც. ეს, ძირითადად, ეხება რეგიონულ მაუწყებლებს.

ასეთ შემთხვევებში, თუ ავტორიზებულ პირს დაენიშნება სპეციალური მმართველი, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მაუწყებელში, შპს-ში დაინიშნება ეს მმართველი და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც ეს სპეციალური მმართველი ანუ დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მიიღებს, შეეხება არა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, არამედ როგორც მაუწყებელს. მაგალითად, მას შეეძლება, რომ დირექტორი ან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციიდან ან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმის მომასწავლებელია, რომ მას შესაძლებლობა ექნება ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში.

- გასაგებია, რომ აღნიშნული კანონი პირდაპირ გავრცელდება მედიაზე იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ამავდროულად არის მულტიპლექს ოპერატორი. როგორ იმუშავებს ეს ცვლილება ცენტრალური მაუწყებლების შემთხვევაში?

ცენტრალური მაუწყებლების შემთხვევაში ასეთი პირდაპირი ჩარევა არ არის, ამ შემთხვევაში არაპირდაპირ ბერკეტზეა საუბარი. სპეციალური მმართველი პირდაპირ მაუწყებლებში ვერ დაინიშნება. თუმცა, თუ მმართველი დაინიშნება ავტორიზებულ პირთან, ანუ მაუწყებლობის გადამცემებთან, მას ექნება უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მაუწყებლობის საქმიანობაზე ახდენს გავლენას. მას შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლებთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზეც კი.

მაგალითად, როდესაც მაუწყებელს უგროვდება დავალიანება, ჩვენ არ გვქონია პრეცენდენტი, რომ ავტორიზებულ პირებს შეეწყვიტათ მაუწყებლობის გადაცემა. თუმცა, სპეციალურმა მმართველმა ეს შეიძლება გააკეთოს, მაგალითად, ერთი ლარის დავალიანების გამოც კი, შეიძლება, ხელშეკრულება შეუწყვიტოს და რომელიმე არხს მაუწყებლობა შეუჩეროს. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მაუწყებლებზე. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ნაღმზე ჯდომა მოუწევთ მაუწყებლებს.

- ეს საფრთხე იმიტომ არსებობს, რომ სპეციალურ მმართველს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნიშნავს?

დიახ, კომუნიკაციების კომისია იქნება ამ პირის დამნიშვნელი და იგი კომუნიკაციების კომისიასთან შეთანხმებით აკეთებს ყველა ქმედებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ეს სპეციალური მმართველი, იქნება ყველაფერი კომისიასთან შეთანხმებული ან მისი დავალებით გაკეთებული. საფთხეებზე სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ.

- გახსენდებათ შემთხვევა, რომ კანონში მსგავსი არაპირდაპირი ჩანაწერი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის წინააღმდეგ გამოეყენებინოს?

სამწუხაროდ, მსგავსი პრეცენდენტები გვაქვს. მაგალითად, კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა ონლაინ მედიებზე, თუმცა, კანონი ძალიან ფართოდ განიმარტა და გავრცელდა ონლაინ მედიებზეც. კომისია კანონს გასცდა და სანქციები გამოიყენა ონლაინ მედიის მიმართ. (საუბარია, შემთხვევაზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების არასწორად გამოქვეყნების მოტივით ონლაინ გამოცემებს სანქცია დაეკისრა).

ახალ ინიცირებულ კანონპროექტს რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ფართოდ განმარტებაც კი არ არის საჭირო, კანონის პირდაპირი განმარტებაც კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი გაკეთდეს.

- ფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებებით მედიის რეგულირების საფრთხეები ჩნდება?

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებები პირდაპირ მაუწყებლებს ეხება და პირდაპირ მედიაზე ვრცელდება. ეს სწორედაც მედიის რეგულირების მექანიზმების შექმნას ემსახურება.

რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს, კომისია ამბობს, რომ ეს მედიას არ მიემართება და მიემართება მხოლოდ ონლაინ ოპერატორებს. შეიძლება, მიზანი თავდაპირველად სწორედ ეს იყო, მაგრამ როდესაც ვიღაცას აქვს გეგმა, რომ, ასე ვთქვათ, ცენზურა დააკანონოს ქვეყანაში ან მსგავსი ქმედება განახორციელოს, რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არავინ გააკეთებს. ეს გაკეთდება შეფარვით. ზუსტად ასე შეფარვით არის ამ კანონპროექტში ეს ყველაფერი გაკეთებული - შეიძლება ითქვას, რომ მედიაზე არ ვრცელდება, თუმცა, თუ კარგად წავიკთხავთ ამ კანონს, ვნახავთ, რომ, რა თქმა უნდა, მედიაზეც ვრცელდება და სწორედ მედიაზე იქონიებს გავლენას.

ამას მივყავართ იქეთ, რომ რეგულირების მექანიზმები და მედიის კონტროლის ბერკეტები შექმნას კომისიამ.

 

შეგახსენებთ, ხვალ, 10 ივლისს, კომუნიკაციების კომისიისა და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტების დარგობრივ კომიტეტში განხილვის დაწყებამდე, ტელე და რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი, საქართველოს პარლამენტთან პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.

პრესკონფერენციის ორგანიზატორია "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის", რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი მიღება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.