სუიციდის პრობლემური გაშუქება და რისკები, რასაც ამგვარი მასალები შეიცავს
08.06.2019

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 4-დან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში სუიციდის ოთხი შემთხვევა მოხდა. ოთხიდან ერთი გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო. ოთხივე შემთხვევა მედიის დღის წესრიგში მოხვდა, თუმცა, მედიასაშუალებების ნაწილმა მომხდარი ეთიკური სტანდარტების დარღვევით გააშუქა - გამოაქვეყნეს გარდაცვლილის ფოტოები, აღწერეს სუიციდის მეთოდი, გაასაჯაროვეს არასაჭირო დეტალები გარდაცვლილთა პირადი ცხოვრებიდან, ისაუბრეს სუიციდის სავარაუდო მიზეზებზე და ახალ ამბებად აქციეს გარდაცვლილთა ახლობლების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტები. გარდა ამისა, ოთხი ფაქტის გაშუქებიდან სამ შემთხვევაში სუიციდის რომანტიზებას ჰქონდა ადგილი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუიციდიაპრობლემურად შუქდება. არაერთი სტატია იძებნება “მედიაჩეკერის” არქივშიც. ყველა ამ მასალაში საუბარია, რომ თვითმკვლელობის შემთხვევების გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რისკები განსაკუთრებულად დიდია, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება.

ამ რისკებზე საუბრობს “მედიაჩეკერთან” ფსიქოლოგი მაია ცირამუაც. მისი თქმით, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მოზარდები წარმოადგენენ, რადგან ისინი ასმაგად უფრო იმპულსურები არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი: „ახლა უამრავი თინეიჯერი არის შეძრული იმ ამბებით, რაც ხდება. თანამედროვე სამყაროში ისედაც ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არიან მოზარდები. ჩვენს ქვეყანაში კი, სადაც ზოგადად არ არის ხალისიანი ცხოვრება, არაფერს არ სთავაზობს მოზარდს სახელმწიფო, რომ მან ბედნიერად იცხოვროს - უფრო მეტად იზრდება რისკები. თინეიჯერები პირდაპირ ახდენენ კოპირებას თავიანთ ცხოვრებაში იმ სულისკვეთების, იმ მეთოდის, იმ მიზნის, რაც იკვეთება სუიციდის არსებულ სიტუაციებში. ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ პრევენციაზე, ჩვენ ვავრცელებთ და ვატრიალებთ სარისკო და სახიფათო ინფორმაციას.“

მაია ცირამუა რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია სუიციდის შემთხვევების გაშუქებისას. მათ შორის, მომხდარის დეტალების აღწერა და სუიციდის რომანტიზება.

“დეტალების აღწერა არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. კატეგორიულად არ შეიძლება საუბარი თვითმკვლელობის ფორმაზე, მიზეზებზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მიზეზით შესაძლოა მოხდეს ფაქტის რომანტიზება. დაუშვებელია, ილაპარაკო სუიციდის საშუალებებზე, რადგან ის ადამიანი, რომელიც მოწყვლადია ამ თვალსაზრისით და შეიძლება ამაში პოულობდეს რაღაც „გზას“, შესაძლოა, შენ მას უკარნახო რა და როგორ გააკეთოს”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ე.წ. რომანტიკული თვითმკვლელობა გაცილებით უფრო სარისკოა და უფრო ფრთხილად უნდა გაშუქდეს: “არც ვიცი, საერთოდ უნდა გაშუქდეს თუ არა მიზეზის მითითებით. მე დავაკვირდი, რომ ბოლო დღეებში გამოიკვეთა შემთხვევები, სადაც ფიგურირებს შეყვარებულის გამო თვითმკვლელობა. ეს უკვე ძალიან სახიფათო სიგნალია”.

⇒ ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ სუიციდის გაშუქებისას


სუიციდის დეტალების აღწერა, პრობლემის გადაჭრის საშუალებად წარმოჩენა და ა ერთ მარტივ მიზეზამდე დაყვანა რომ დაუშვებელია, ამის შესახებ საუბარია სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც.

  • “არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და აშ. განსაკუთრებით საშიშია სუიციდის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები) დასახელება. ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

უკანასკნელ დღეებში მომხდარი სუიციდის შემთხვევების გაშუქება მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი პრობლემებით არ დასრულებულა. გარკვეულმა გამოცემებმა მკითხველის ყურადღების მიქცევა გარდაცვლილების ახლობლების ემოციური განცხადებების გავრცელებითაც სცადეს.

„ნახეთ, რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილის მამა“, „წაიკითხეთ დაღუპული გოგონას მამის პირველი კომენტარი“ - ამ და მსგავსი სათაურებით ონლაინ გამოცემების ნაწილმა სუიციდით გარდაცვლილის მშობლების ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსები გამოაქვეყნა. მაია ცირამუას თქმით, მსგავსი შინაარსის ტექსტების გავრცელება განსაკუთრებით სარისკო და სახიფათოა.

„როდესაც მშობელი ემოციურ სტატუსს წერს თავის შვილთან დაკავშირებით, მას პატიებას სთხოვს, სიტყვა „მაპატიეს“ იყენებს და მისი ეს სტატუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, ჩათვალეთ, რომ ეს ზრდის რისკს იმისას, რომ ვინც გაბრაზებულია მშობელზე, მან იპოვოს რაღაც „გზა“, - ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, სუიციდი იმდენად მძიმე თემაა, რომ ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციები არამხოლოდ ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, არამედ მოქალაქეებმაც: “ჩვენ უნდა გვეყოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ადამიანობა, სიყვარული ბავშვების მიმართ, რომ ეს არ გავავრცელოთ”.

ისევე როგორც ბოლო დღეებში მომხდარ შემთხვევებში, სხვა დროსაც, ხშირად, მედიასაშუალებების ნაწილი მომხდარს ზედაპირულად აშუქებს. იფარგლება მხოლოდ მომხდარი ფაქტით და არ იწყებს მსჯელობას, რა არის აუცილებელი პრევენციისთვის, არ ცდილობს ადამიანების დახმარებას და არ აწვდის მათ ინფორმაციას მსგავს შემთხვევებში საჭირო სერვისების შესახებ.

სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ სუიციდის ფაქტის გაშუქებამდე, სასურველია მედია დაფიქრდეს, რატომ აშუქებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა არის მისი მიზანი.

თეგები : ბავშვთა საკითხები; სუიციდი;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.