პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება ‘რუსთავი - 2-ზე’
13.02.2020
10 თებერვალს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 33 წლის პირი დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 11 თებერვალს “რუსთავი 2-მა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამბავს 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი გაცნობიერებულად ცდილობდა დაეფარა მსხვერპლების ვინაობა და დანაშაულის ჩადენის ადგილი, ბრალდებულის პირდაპირი იდენტიფიცირებითა და სიუჟეტში გამოყენებული კადრებით, მსხვერპლი ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება მაინც მოხდა.

ამბის გაშუქებისას ჟურნალისტმა ორჯერ დაასახელა მსჯავრდებულის სახელი და გვარი და იქვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი მისი დისშვილია, მეორე ბავშვი კი მისი თანაკლასელი. დამნაშავის ვინაობის გასაჯაროებასთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სხვა გარემოებემაც მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში გამოყენებული კადრების ნაწილი დაბლარული იყო და ჟურნალისტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განზრახ ფარავდა ადგილმდებარეობას, დაუბლარავი კადრებიდან მაინც ადვილად იდენტიფიცირებადი იყო მუნიციპალიტეტი.

“რაც შეეხება თავად სოფელს, სადაც ინციდენტი მოხდა, ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ადგილმდებარეობას”, “კურიერი შეგნებულად არ ასახელებს მუნიციპალიტეტს, სადაც შემთხვევა მოხდა” - ამბობს ჟურნალისტი, თუმცა, თავისივე სიტყვების პარალელურად, მაყურებელს ღიად აჩვენებს მეზობლების სახეებს, ასევე, დამნაშავის სახლის და ქუჩის კადრებს. დაუფარავად ჩანს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში (საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქში) გადაღებული კადრები და რაიონული სასამართლოს შენობა, სადაც გარკვევით იკითხება ადგილმდებარეობა. ასევე, თავდაპირველად კადრებში დაუფარავად ჩანს ორი რესპონდენტი - ოჯახის ახლობლები, რომლებიც მოგვიანებით, ინტერვიუს დროს დაბლარულია.

ქარტიის მიერ შემუშავებული ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ ბავშვის ვინაობის დაფარვა აუცილებელია, როდესაც იგი რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან. სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ “ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით”.

გარდა ეთიკური გაიდლაინებისა, ბავშვთა ფსიქოლოგებიც აცხადებენ, რომ დაუშვებელია სექსუალურ ძალდობასთან კავშირში მყოფი არასრუწლოვნის იდენტიფიცირება ნებისმიერი ფორმით და მედიას მსგავსი თემის გაშუქების დროს განსაკუთრებული სიფრთხილისა და პასუხისმგებლობს გამოჩენა მართებს.

"არაფრით შეიძლება, როდესაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვზეა საუბარი, ვინმეს, სადმე, რამე გაეპაროს. არ შეიძლება ამის გაკეთება, ამას არანაირი გამართლება არ აქვს”, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.