როგორ აშუქებს პირველი არხი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს
25.02.2020
ბოლო 10 დღეა, 14 თებერვლიდან დღემდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიდის და თითქმის ყოველდღე მაუწყებელში რაღაც ხდება (საკადრო ცვლილებები, აქციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზააციების გამოხმაურებები, თანამშრომელთა პროტესტი). შესაბამისად, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დანარჩენი მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა როგორ აშუქებს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მედიამონიტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას 14 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დააკვირდა. (მონიტორი აკვირდებოდა არა მხოლოდ პრაიმტაიმის პერიოდს, არამედ დღის განმავლობაში მომზადებულ ყველა საინფორმაციო გამოშვებას, 25 თებერვლის, 18:00-საათიანი გამოშვების ჩათვლით, ანუ, მასალის გამოქვეყნებამდე).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ პირველი არხი ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში ზედაპირულად აშუქებდა, ძირითადად, რამდენიმეწამიანი კადრსინქრონით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ კი ამ თემას საერთოდ არ უთმობდა დროს.

სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში, პირველი არხის მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისთვის თანმიმდევრულად ედევნებინა თვალი, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია, მოესმინა მედიაექსპერტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებები და დაენახა სრული სურათი.

რა მოხდა ამ დროის განმავლობაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში

 
  • 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს და მაუწყებელში სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობების გაუქმებას გეგმავდა. კოხრეიძის გადაწყვეტილებას, იმავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედია კოალიცია და, ასევე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებით გამოეხმაურა.
  • „საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ამ სლოგანით 16 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
  • 17 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ასევე, განცხადება გაავრცელა 8 პოლიტიკურმა პარტიამ.
  • 18 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის კანდიდატების შესახებ გახდა ცნობილი.
  • 19 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბორდმა საშტატო განრიგის ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მაუწყებელში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე მოადგილეების შტატი გაუქმდა. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
  • 21 თებერვალს კომისიამ დახურულ სხდომაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩია. იმავე დღეს მაუწყებლის დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტზე განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიის პროფკავშირმა.
  • 24 თებერვალს ძალაში შევიდა ბორდის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის ცვლილება, გაუქმდა მაია მერკვილაძის შტატი, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მერკვილაძე მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდანაც გათავისუფლდა და მის ნაცვლად ნინო ხაჟამია დაინიშნა. იმავე დღეს, ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მედია კოალიციამ საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის დამაზიანებელად შეაფასა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა კი გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება.
  • 25 თებერვალს “უკიდურესი პროტესტის” ნიშნად აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. მაია მერკვილაძემ კი მაუწყებელში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და დირექტორის ახალ შემოთავაზებას დათანხმდა. დღის ბოლოს, ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.

რა არ გააშუქა და რა/როგორ გააშუქა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა - ქრონოლოგია

 
აჭარის ტელევიზიაში 14-25 თებერვლის პერიოდში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში პირველად, 16 თებერვალს დღის 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა. “აქცია ბათუმში” - ამ სახელწოდების 25 წამიანი კადრსინქრონით მაუწყებელმა ჟურნალისტების მხარდასაჭერად გამართული აქცია გააშუქა. წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ტელევიზიის წინ აქცია გამართეს აჭარის სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა და აქციაზე არასამთავრო ორგანიზაციის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. იმავე დღეს, 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც მაუწყებელი იდენტური 25 წამიანი კადრსინქრონით შემოიფარგლა.

17 თებერვალს 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში მაუწყებელმა 8 პოლიტიკური პარტიის განცხადება გააშუქა. “პარტიების განცხადება” ამ სათაურით, 2 წუთიან კადრსინქრონში მაყურებელმა მოისმინა პეტრე ზამბახიძის (ევროპული საქართველო), მირდატ ქამადაძის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), თეონა ხარაბაძის (აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი), გიორგი კოხრეიძის (აჭარის ტელევიზიის დირექტორი) და თამილა დოლიძის (აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი) კომენტარები. იმავე დღეს, იგივე განცხადება იდენტურად გააშუქდა 18:00 საათიან და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას პირველმა არხმა ყველაზე მეტი დრო 19 თებერვალს დაუთმო. 12:00 საათიან გამოშვებაში მაუწყებელმა კადრსინქრონად გააშუქა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განვითარებული მოვლენების გაშუქებისას მაყურებელმა ნახა სიტყვიერი დაპირისპირების კადრები და მოისმინა ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილის და არხის დირექტორის გიორგი კოხრეიძის კომენტარი. ამბის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ, ამბის გაშუქების შემდეგ კი წამყვანმა მაყურებელს აჭარის ტელევიზიის წინ ნაციონალური მოძრაობასა და მოქალაქეების შორის მომხდარი დაპირისპირების შეასხებ აცნობა.

“აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ, ხმაური იყო შენობის წინ. მოქალაქეთა ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის უფლება, რადგან სწორედ მათგან უხდებოდათ მედიის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დაცვა”, - წამყვანის ამ წარდგენის შემდეგ მაყურებელმა ნახა სიტყვიერი დაპირისპირების კადრები და მოისმინა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის და ერთი მოქალაქის კომენტარი.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” აქცენტირება და ამბის ამგვარი გაშუქება იყო მანიპულაციური და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” პირდაპირ კავშირშია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმავე დღეს, 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც გაშუქდა. თუმცა, ამჯერად, მაყურებელი 2 წუთის განმავლობაში მხოლოდ გიორგი კოხრეიძის საუბარს ისმენდა, რომელიც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მიმართავდა, რომ უსაფუძვლო განგაშს ქმნიან. გიორგი კოხრეიძის კომენტარის შემდეგ კი, წამყვანმა 12:00 საათიანი გამოშვების მსგავსად, იდენტური ტექსტით, კადრებით, სინქრონებითა და აქცენტებით, გამოშვება “ნაციონალურ მოძრაობასა” და მოქალაქეებს შორის სხდომის პარალელურად მომხდარი დაპირისპირების ამბის მოყოლით გააგრძელა.

18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - საშტატო განრიგის ცვლილების შესახებ აცნობა. მაყურებელმა მოისმინა გიგა ჩხარტიშვილის, მაია მერკვილაძის, გია ქარცივაძის, გიორგი კოხრეიძის კომენტარი. რის შემდეგაც წამყვანი კვლავ ნაციონალურ მოძრაობასა და მოქალაქეებს შორის სხდომის პარალელურად მომხდარ დაპირისპირებას დაუბრუნდა. 21:00 საათიან გამოშვებაში კი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - საშტატო განრიგის ცვლილების დამტკიცების შესახებ მიიღო ინფორმაცია და კვლავ მოისმინა გიგა ჩხარტიშვილის, მაია მერკვილაძის, გია ქარცივაძის და გიორგი კოხრეიძის კომენტარი.

აჭარის მაუწყებლის ამბებს პირველი არხი 24 თებერვალს დაუბრუნდა. 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში 20 წამიან კადრსინქრონად გააშუქა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრების მიერ ტელევიზიის წინ გამართული აქცია. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს 21:00 საათიან საინფორმაციოს დასკვნით ნაწილში 2 წუთი დაუთმო, და ტელევიზიის წინ ჟურნალისტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია კადრსინქრონად გააშუქა, მაყურებელმა მოისმინა მაუწყებლის დირექტორის და ორი ჟურნალისტის კომენტარი.

დღეს, 25 თებერვალს 15:00 საათიან გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები პროტესტს აგრძელებენ, ასევე, წამყვანმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაია მერკვილაძე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა, აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს თანამშრომელმა დატოვა, რის შემდეგაც მაყურებელმა მოისმინა თეონა ხარაბაძის, მაია მერკვილაძის და გიორგი კოხრეიძის კომენტარები. 18:00 საათიან გამოშვებაში მაუწყებელი ამ თემას აღარ დაუბრინდა. 

საბოლოო ჯამში, ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაყურებელს არ ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების შესახებ. არ მიუღია სრული ინფორმაცია სხვადასხვა ქალაქში გამართული სოლიდარობის და საპროტესტო აქციების შესახებ, არ მოუსმენია არცერთი მედიაექსპერტის მოსაზრება მიმდინარე მოვლენებზე და არც სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის შეფასებები მოუსმენია, რადგან პირველ არხს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული არცერთი განცხადება არ გაუშუქებია. პირველი არხის მაყურებელმა არც იმის შესახებ იცის, რომ აჭარის ტელევიზიას დირექტორის ახალი მოადგილე ჰყავს.

თეგები : მიმოხილვა;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ვინ დაუჭირა მხარი ბონდო მძინარაშვილის საზმაუს მეურვედ არჩევას - სია
დღეს, 1 ივლისს, 95 ხმით, პარლამენტის დეპუტატებმა, მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს. ბონდო მძინარაშვილის მხარდამჭერ დეპუტატებს შორის არიან: გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, სოფიო კილაძე, ირაკლი კობახიძე, დავით მათიკაშვილი და უმრავლესობის სხვა წევრები.

მასთან ერთად, მეურვეებად შეირჩნენ: ზაზა აბაშიძე — „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი (98 ხმით) და გია მურღულია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი (92 ხმით);

ბონდო მძინარაშვილი და ზაზა აბაშიძე ბორდში უმცირესობის კვოტით მოხვნენ, გია მურღულია კი უმრავლესობის.

იხილეთ სია, ვინ დაუჭირა მხარი ბონდო მძინარაშვილს:

1. აბუსერიძე ირაკლი

2. არველაძე რევაზ

3. ბენაშვილი გია

4. ბეჟანიძე ლევან

5. ბერაია ირაკლი

6. ბერაია ირაკლი [დაჩი]

7. ბოლქვაძე ანზორ

8. გაბუნია ზაზა

9. გაჩეჩილაძე გიორგი

10. გაჯიევი რუსლან

11. გელაშვილი ვალერი

12. გოგიხია პაატა

13. გოცირიძე ელგუჯა

14. გოცირიძე თემური

15. გულორდავა გოგა

16. დაზიევი მახირ

17. დასენი ისკო

18. ენუქიძე გოჩა

19. ვახტანგაძე მუხრან

20. ვოლსკი გია

21. ზურაბიანი ცოტნე

22. თალაკვაძე არჩილ

23. თოთლაძე გიორგი

24. თოლორაია ედიშერ

25. იზორია ჯუმბერი

26. ინაშვილი ირმა

27. იონათამაშვილი რატი

28. კაკულია რომან

29. კახაძე ვლადიმერი

30. კახიანი გიორგი

31. კვიჟინაძე პაატა

32. კიკნაველიძე შალვა

33. კილაძე სოფიო

34. კობალაძე კობა

35. კობახიძე ირაკლი

36. კობიაშივლი ლევან

37. კოვზანაძე ირაკლი

38. კოპაძე გიორგი

39. კუდბა სვეტლანა

40. კუჭავა კახაბერ

41. ლომია გიორგი

42. ლურსმანაშვილი კობა

43. მათიკაშვილი დავით

44. მაკრახიძე იოსებ

45. მანუკიანი სამველ

46. მარგველაშვილი გენადი

47. მარშანია ადა

48. მაღარაძე გუგული

49. მანჭავარიანი ენძელა

50. მაჭავარიანი გურამ

51. მახათაძე სულხან

52. მგალობლიშვილი ლევან

53. მდინარაძე მამუკა

54. მეზურნიშვილი ირაკლი

55. მეშველიანი გოგი

56. მირზოევი სავალან

57. მკოიანი ეზელ

58. მუჩიაშვილი რომან

59. მხეიძე დიმიტრი

60. მხეიძე პაატა

61. ნავერიანი თამაზ

62. კობაიძე კობა

63. ნაკაშიძე ილია

64. ნოზაძე სიამონ

65. ოდიშარია ბექა

66. ოქრიაშვილი კახაბერ

67. ოხანაშვილი ანრი

68. პაპუაშვილი ზაზა

69. პოღოსიანი რუსლან

70. ჟორჟოლიანი გია

71. სამხარაული გელა

72. სამხარაძე დიმიტრი

73. სესიაშვილი ირაკლი

74. სონღულაშვილი დავით

75. ტრიპოლსკი ერეკლე

76. ქანთარაია ალქესანდრე

77. ქვარაია მერაბ

78. ყაველაშვილი მიხეილ

79. შიოლაშვილი ირაკლი

80. ჩანქსელიანი გოდერძი

81. წიკლაური მირიან

82. წილოსანი ნინო

83. წულაია ივლიანე

84. ჭიჭინაძე გივი

85. ჭკუასელი თეიმურაზ

86. ხაბერელი შოთა

87. ხაბაძე არჩილ

88. ხაბელოვი ლერი

89. ხალვაში ფატი

90. ხატიძე გიორგი

91. ხაჩიძე მერაბ

92. ხახუბია ირაკლი

93. ხუბულური თენგიზი

94. ხუნდაძე დიმიტრი

95. ჯაფარიძე ვიქტორ

იხილეთ ამ თემაზე: გია მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი - პარლამენტმა საზმაუს მეურვეები შეარჩია
გია მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი - პარლამენტმა საზმაუს მეურვეები შეარჩია
გია მურღულია უმრავლესობის კვოტით, ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი - უმცირესობის კვოტით, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია.

ზაზა აბაშიძე — „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელია, გია მურღულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი კი მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანი.

ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო (არცერთი წინააღმდეგი), ბონდო მძინარაშვილმა 95 ხმა (13 წინააღმდეგი), გია მურღულიამ კი 92 ხმა (1 წინააღმდეგი). მეოთხე კანდიდატმა, დოდო შონავამ, რომელსაც ასევე უყარეს კენჭი, მხოლოდ 44 ხმა მიიღო და მისი კანდიდატურა არ დამტკიცდა, რადგან ქვორუმი 76 ხმა იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 
3 წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან პროცესს ორი კანდიდატი გამოეთიშა - ოთარ შაორშაძე, რომელმაც საწყის ეტაპზე ხარვეზიანი დოკუმენტი წარადგინა და შემდეგ ეს დოკუმენტი არ შეასწორა და ნინო ჭალაგანიძე, რომელიც გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.



პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე, 29 ივნისს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.

"მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, მეურვეების შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9.
კრიტიკა ხელისუფლების მისამართით ჭარბად არის - აჭარის მაუწყებლის ახალი რედაქტორი
“კრიტიკა ხელისუფლების მისამართით ჭარბად არის (აჭარის ტელევიზიაში). გაცილებით მეტად არის წარმოჩენილი კრიტიკული და ოპოზიციური აზრი, ვიდრე სახელისუფლებო პოზიციის გამომხატველი”, - ამბობს “მედიაჩეკერთან” აკაკი გოგიჩაიშვილი, რომელიც პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი რედაქტორი იქნება.

აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ შეთავაზება დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან მიიღო.

“ვაპირებ ჩემი სამუშაო შევასრულო პირნათლად და კეთილსინდისიერად, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო. ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდი აჭარის ტელევიზიას, ვერ გეტყვით რომ მანამდე დიდი “ფანი” ვიყავი და ვადევნებდი თვალს, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც არასწორი და პროფესიულად გაუმართავია და, ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით”, - უთხრა გოგიჩაიშვილმა “მედიაჩეკერს”.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს, გვიპასუხა, რომ მისი დაკვირვებით, მაუწყებელში საზოგადოების ხმა არასაკმარისად ისმის და კრიტიკული და ოპოზიციური აზრი გაცილებით მეტად არის წარმოჩენილი, ვიდრე სახელისუფლებო:

“პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რომ საზოგადოების ხმა არასაკმარისად ისმის. თუ ვინმე პროტესტს გამოთქვამს, ქუჩაში დაწვება თუ ბანერს გამოიტანს საპროტესტოს, მაშინ მოხვდება, სხვა მხრივ, ძირითადად ოპოზიციონერები ლაპარაკობენ. მათი აზრი ისმის და ჩვეულებრივი ადამიანების აზრი, მათ შორის, ვთქვათ, აჭარის მცხოვრებლების, რომლებსაც გარკვეული დაფასება და მიღწევები აქვთ თავის სფეროში, არ ჩანს. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების აზრი უნდა ისმოდეს.

კრიტიკა ხელისუფლების მისამართით ჭარბად არის. გაცილებით მეტად არის წარმოჩენილი კრიტიკული და ოპოზიციური აზრი, ვიდრე სახელისუფლებო პოზიციის გამომხატველი. ოპოზიციის, ოპოზიციური პარტიების, ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული ექსპერტების აზრი უფრო ფართოდ არის წარმოჩენილი და მრავლად, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლების”, - ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი და აზუსტებს, რომ მისი აზრით, მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას სჭირდება დაბალანსება: “დაბალანსებული არა ხელისუფლების ქების კუთხით, არამედ ადამიანების კუთხით, ჩვეულებრივი ადამიანების აზრი არასაკმარისად ჩანს. გავიგე, რომ ოპოზიციას ეს აზრი აქვს და იმიტომ აქვს, რომ ოპოზიციაა, გავიგე რომ ხელისუფლებას ეს აზრი აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლებაა, მაგრამ საზოგადოება როგორ ხედავს ამ ყველაფერს, ეს არასაკმარისადაა წარმოჩენილი. შესაბამისად, ბალანსზე როცა ვსაუბრობ, აი, ამ ნაწილის გაძლიერების საჭიროებას ვხედავ, ვიდრე ვთქვათ, ის, რომ ოპოზიციური აზრი აკლია ან სახელისუფლებო აზრი არასაკმარისადაა წარმოჩენილი”.

შეკითხვაზე, როგორ აფასებს იმ პროცესებს, რაც ბოლო პერიოდში მაუწყებელში ხდება, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ჩამოცილებას სარედაქციო პოლიტიკიდან, გოგიჩაიშვილი გვპასუხობს, რომ ბოლო პერიოდში მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებმა არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო. არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლებას გოგიჩაიშვილი სარედაქციო დისციპლინის დარღვევის შედეგად აფასებს:

“30 წელი მიმუშავია მედიაში, მათ შორის უცხოურ მედიაში და ყველგან არსებობს შიდა სარედაქციო დისციპლინა. შეიძლება შენ გადაწყვეტილებას არ ეთანხმები, მათ შორის ყოველდღიურ დონეზე, კამათობ, ცდილობ დაუმტკიცო, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც შენი ზემდგომი, რედაქტორი იღებს. თუ ვთქვათ, ჟურნალისტი არ დაემორჩილა რედაქტორის გადაწყვეტილებას და ყველამ ისე გააკეთა, როგორც სურს და მიაჩნია საჭიროდ, სრული ანარქია იქნება. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჯანსაღი იყო, თუ იყო ის კრიტიკული შეფასებები, გარჩევები და ა.შ., მაგრამ, როდესაც ქუჩაში გამოვიდა და მიიღო სრულიად უხეში და არასწორი ფორმა, მაშინ უკვე მიუღებელი გახდა ჩემთვის. არც ერთ მხარეს უნდა დაეშვა ეს და არც მეორეს, რომ ვთქვათ, გუშინ კოლეგები ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ და ყველას დასანახად რაღაცებს ამბობდნენ. მაგალითად მე, როგორც გვერდით მდგომს, ხშირად არ მესმოდა რა ხდებოდა. ურთიერთობების გარჩევამდე მივიდა საქმე და ეს იყო, ჩემი აზრით, მახინჯი ფორმა”.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე აკაკი გოგიჩაიშვილი ფირუზ ბოლქვაძეს ანაცვლებს. გოგოჩაიშვილისთვის რედაქტორობის შეთავაზება დროში ემთხვევა აჭრის მაუწყებლის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არგაშუქებას. კავშირშია თუ არა ეს ფაქტი მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის გათავისუფლებასთან, გადამოწმება თავად ფირუზ ბოლქვაძესთან ვცადეთ, თუმცა მან რედაქტორის პოზიციიდან გათავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა და გვითხრა, რომ “ეს არის შიდა სამუშაო გადაწყვეტილებები და ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს”.

ფირუზ ბოლქვაძის დანიშვნამდე აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი ნინო ხაჟომია დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა, რომელიც, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ რადიოში არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა. ნინო ხაჟომიამ დანიშვნიდან ოთხ დღეში პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული პოზიცია დატოვა. მოგვიანებით, ხაჟომია აჭარის მაუწყებელში ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ აჭარის ტელევიზიის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ გავლენიანი ორგანიზაციებიც. თითქმის ერთი თვეა დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს აჭარის სამეურვეო საბჭოს წევრი გია ქარცივაძე.
საზმაუს მეურვეების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს - TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს. ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა შეაჩეროს და კონკურსის მიმდინარეობა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, მეურვეების შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი მიზნად სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შერჩევას ისახავს. სამეურვეო საბჭოში სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. აღნიშნულ სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს, ორი კი - უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები კი შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს.

"შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე 8 მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 8 პირის სია წარუდგინა.

პარლამენტი დღეს, 29 ივნისს, აპირებს, კენჭი უყაროს მეურვეების არჩევის საკითხს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, პარლამენტი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასაც პარლამენტი კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად იღებს.

არსებულ ვითარებაში მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, 9-წევრიანმა შესარჩევმა კომისიამ, გასაუბრებების შედეგად პარლამენტს შემდეგი რვა კანდიდატი წარუდგინა:

  1. ზაზა აბაშიძე - 9 ხმით
  2. თამარ ამაშუკელი - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
  3. ნათია კაპანაძე - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
  4. გია მურღულია - 7 ხმით (2 უარყოფითი)
  5. ბონდო მძინარაშვილი - 6 ხმით ( 3 უარყოფითი)
  6. დოდო შონავა - 7 ხმით (2 უარყოფითი)
  7. კონსტანტინე ჩლაიძე - 5 ხმით (3 უარყოფითი, 1-მა თავი შეიკავა)
  8. ზაურ ხალილოვი - 9 ხმით
ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ამ რვა კანდიდატიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ პოზიციაზე მმართველი გუნდი გია მურღულიას კანდიდატურას წარადგენს, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები კი, დოდო შონავას, ზაზა აბაშიძესა და ბონდო მძინარაშვილს.
როგორ (არ) უნდა ებრძოდეს ხელისუფლება დეზინფორმაციას
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად ეწინააღმდეგებიან დეზინფორმაციის ნაცვლად ტერმინ “Fake News”-ის (“ე.წ. ყალბი ინფორმაციის”) გამოყენებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ტერმინი, ერთის მხრივ, ოქსიმორონია, ვინაიდან “ინფორმაცია” ეწოდება გადამოწმებულ და დადასტურებულ ამბავს, ხოლო თუ ის გადაუმოწმებულია და ყალბია, არ შეიძლება მოიხსენიებოდეს “ინფორმაციად”. მეორეს მხრივ, ტერმინი “Fake News” ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ჟურნალისტებისა და ავტორიტეტული მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით ყველაზე აქტიურად ამ ტერმინს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს. შესაბამისად, ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის მან ტრადიციული მედია სოციალურით ჩაანაცვლა, მაგალითად, ტვიტერით. თუმცა ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გაურთულდა საქმე, ვინაიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო თავად ტვიტერი, რომელმაც ტრამპის რამდენიმე ტვიტს მიანიჭა “მანიპულაციის” აღნიშვნა.

დეზინფორმაცია რომ უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მასთან ბრძოლაც აუცილებელი, ეს საკამათო საკითხი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ბრძოლის მეთოდები.

“მე თვითრეგულირების ზომების მჯერა. “ფეიკ ნიუსი” ცუდი რამეა, მაგრამ ჩემი აზრით, სიმართლის სამინისტროც, ასევე, ცუდია”, - ეს განცხადება ევროპარლამენტარ ანდრუს ანსიპს ეკუთვნის, რომელიც მანამდე ევროკომისის ვიცე-პრეზიდენტი იყო ერთიანი ციფრული ბაზრის საკითხებში.

დღეს საქართველოში ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერების ნაწილი აქტიურად მოითხოვს დეზინფორმაციასთან საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებით ბრძოლას, მაგალითაც, ცილისწამების კრიმინალიზაციას და სხვა ტიპის რეგულაციების შემოღებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში ცენზურის მძლავრ იარაღად შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ საფრთხეების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ეწინააღმდეგებიან მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების მხრიდან.

მედიის მხრიდან დეზინფორმაციის წარმოების მხილების საუკეთესო გზაა თვითრეგულირების მექანიზმების გამოყენება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი მოითხოვს ჟურნალისტის მხრიდან ზუსტი ფაქტების გადაცემას. შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქარტიის საბჭოს განცხადებით ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ, თუკი აქვთ განცდა ან შესაბამისი ცნობები იმაზე, რომ ამ ჟურნალისტმა არ დაიცვა სიზუსტის პრინციპი.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქარტია არაეფექტური მექანიზმია, რადგან მას არ აქვს სანქცირების ანუ სასჯელის დაკისრების მექანიზმი, ვინაიდან ის თვითრეგულირების ორგანოა. თუმცა თვითრეგულირების მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის იცავს როგორც მედიას, ისე მის აუდიტორიას. მედიის მთავარი ძალა არის იმაში, თუ რამდენად ენდობა მას საზოგადოება. ხოლო საზოგადოების ნდობას პირველ რიგში არყევს სწორედ კომპეტენტური თვითრეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებები, რომ ამა თუ იმ მედიამ პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ან განზრახ დაამახინჯა ფაქტები, ან ხელი შეუწყო ნებისმიერი ფორმით ადამიანების დისკრიმინაციას და ა.შ. ეს შესაძლოა გრძელვადიანი, მაგრამ მედიაგარემოს გაჯანსაღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად იყენებს ამ მეთოდს და მედიის საკუთარი არხების შექმნით ცდილობს “სიმართლის სამინისტროს” დამკვიდრებას.

პარალელურად, ტრამპის მეთოდების ერთგვარი კალკირებითა და სოციალური მედიის გამოყენებით ცდილობს კრიტიკულ მედიასთან “გამკლავებას” “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე.

25 ივნისს კალაძემ ფეისბუკში თავის ოფიციალურ გვედზე გამოაქვეყნა ფოტო  რომელზეც გამოსახული იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზიის ლოგო - ტელევიზიების სახელწოდებებზე დამატებული იყო სიტყვა “სიცრუე”, ხოლო ლოგოები წითლად იყო ჩამოღვენთილი, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აღიქვა ჩამოღვენთილ სისხლად, ხოლო თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს უბრალოდ ჩამოღვენთილი საღებავი იყო. ლოგოებს წინ უძღოდა წითლად გადახაზული წარწერა “Fake News”, ასევე, წითლად იყო გადახაზული სიტყვა “დეზინფორმაცია”. ამ ფოტოთი კალაძე აანონსებდა მის ლაივ ჩართავს ფეისბუკში. კალაძის თქმით, ეს იქნებოდა “სიმართლის მუშტი”, რომელიც ცხვირ-პირში მოხვდებოდა ყველას, “ვინც არასწორად იმოქმედებს”.

კალაძის ეს აქტივობა საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, როგორც ღია მუქარა კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ.

“მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” გაავრცელა.

ლაივის დასაწყისში “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და რომ “მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება”.

„ფეიკნიუსი“ არის, პირდაპირ ვიტყვი, ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ მისმა გამოყენებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად.

ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს”, - განაცხადა კალაძემ.

მან ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “ფორმულას” სიუჟეტები მიმოიხილა და ისინი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. სიუჟეტები შეეხებოდა თბილისის მერიის დაფინანსებულ პროექტებს, რომლებშიც დედაქალაქის მერი დადანაშაულებული იყო საბიუჯეტო სახსრების სავარაუდო კორუფციულ ხარჯვაში.

კალაძისა და მმართველი პარტიის ბრძოლა რომ რეალურად დეზინფორმაციასთან გამკლავება კი არა, კრიტიკულად განწყობილ მედიასთან კონფრონტაციაა, ამის არგუმენტად ბევრს სამართლიანად გაახსენდა ის ფაქტი, თუ როგორ წაშალა ფეისბუკმა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი და ანგარიში კოორდინირებული არააუთენტიკური ქცევისთვის, რომლებიც სწორედ საზოგადოების დეზინფორმირება ემსახურებოდნენ.