როდის ან რისთვის ასაჯაროებს მედია COVID 19-ით ინფიცირებულთა ვინაობას
26.03.2020
არღვევს თუ არა ჟურნალისტი პროფესიულ ეთიკას, როდესაც COVID 19-ით ინფიცირებულის ვინაობას ასაჯაროებს? - ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაღები იმის გარკვევაშია, რამდენად ემსახურება ეს საზოგადოებრივ თუ საჯარო ინტერესს.

ბოლო დროს საქართველოში თითქოს ისე შემართებით აღარ დასდევს მედია საცხოვრებელ სახლებში ან მიკროავტობუსებში COVID 19-ით ინფიცირებულ ან ამ ვირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, როგორც ეს პირველ დღეებში ხდებოდა. თუმცა მაინც მოვახერხეთ არაერთი პაციენტის გაცნობა და შემდეგ მათი საჯაროდ გაკიცხვა და დაგმობა. ვიცით, ვინ არის პაციენტი #5, რომელმაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა. მის საჯარო ლანძღვა-გინებას მოჰყვა ე.წ. “სინანულის წერილი”, რომელიც თავად პაციენტმა დაწერა მოსაბოდიშებლად. მედიამ გაგვაცნო ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მფლობელის დაინფიცირების ამბავი, გვითხრა, რომ მისი ცოლიც დადებითი აღმოჩნდა COVID 19-ზე, რომელიც ერთ-ერთი კერძო ფონდის ხელმძღვანელი რგოლის წევრია და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამ საკითხზე კონკრეტული დაზარალებულების ან სხვა პირების განცხადებები ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯერ არ შესულა. შესაბამისად, არ ვიცით, როგორი იქნებოდა ქარტიის საბჭოს ვერდიქტი.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

სამედიცინო დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ქარტიის ეს პრინციპი ცალსახად ავალდებულებს ჟურნალისტს, არ გაამჟღავნოს პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუკი არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული საზოგადოებრივი ინტერესით პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება? - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში, რომელიც უკვე ორი თვეა ჩართულია პანდემიასთან ომში, რომელიც COVID 19-ის სახით დაატყდა თავს.

ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსში ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანი გახდა სწორედ ეს საკითხი, შეიძლება თუ არა მედიაში COVID 19-ით ინფიცირებული პირების ვინაობის გასაჯაროება?

როგორც გაირკვა, გერმანიის პრესის საბჭომ ამ კუთხით მიიღო უკვე პირველი საჩივარი ინფიცირებული წყვილისგან, რომლებიც ადვილად იდენტიფიცირებადი აღმოჩნდნენ სტატიაში, რომელიც ერთმა რეგიონულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. პრესის საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გერმანიაში პრესისთვის მოქმედი ეთიკის კოდექსის მიხედვით, “ფიზიკური ან მენტალური დაავადება ან მიღებული ტრავმები პირის პირადი ცხოვრების სფეროა. როგორც წესი, პრესამ თავი უნდა აარიდოს დაავადებებისა და ტრავმების შესახებ რეპორტინგს, თუკი არ აქვს იმ პირთა თანხმობა, ვისაც ეს მასალა ეხება”.

ავსტრიაში შესაძლოა პრესის საბჭომ თვითინიცირებით განიხილოს საჩივარი ერთ-ერთ საქმეზე, როცა პაციენტის ვინაობა (ფოტო და სახელი) გასაჯაროვდა მედიაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ავსტრიაში ამ ინფექციაზე შემოწმების შედეგად დადებითი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე იმყოფებოდა საავადმყოფოში და მკურნალობდა გრიპზე.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრესის საბჭომ რამდენიმე საჩივარი მიიღო ისეთ სტატიებზე, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ან დაუდასტურებელ ცნობებს COVID 19-ზე როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ მედიაში, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტის იდენტიფიცირება მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრესის საბჭოში მიაჩნია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის პირის პირადი ცხოვრების საკითხი და არ არსებობს მიზეზი, ასეთ სიტუაციაშიც კი, როგორშიც დღეს არის მსოფლიო, რომ გასაჯაროვდეს დაავადებული ადამიანის ვინაობა: გამონაკლისია საჯარო პირები და ესეც უნდა მოხდეს მათი ნებართვით.

საფრანგეთის მედიასაბჭოში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ფრანგული მედია ამას ცალსახად იცავს. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პერსონა იყო დასახელებული მედიაში, ვისაც შეეხო კორონავირუსი. ესენია, მთავრობის 2 წევრი და 18 პარლამენტარი, რომლებიც აღმოჩნდნენ ინფიცირებულები. მათი უმრავლესობა კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. მათი ვინაობა მათივე ოფისების მიერ გასაჯაროვდა. საფრანგეთის პრესის საბჭოს ცნობით, ორივე შემთხვევაში გასაჯაროებით აიხსნა ის, თუ რატომ აღარ ჩანდნენ ეს პოლიტიკოსები საჯაროდ და მეორეს მხრივ, ეს იყო ერთგვარი დამხმარე მესიჯი იმისა, რომ არავინაა დაცული ამ ვირუსისგან. “ეს მიზეზები კი ნამდვილად არის საჯარო ინტერესის საგანი და შესაბამისად, პრესამ მათი სახელები გაასაჯაროვა”, - მიაჩნიათ საფრანგეთის პრესის საბჭოში.

კანადის პრესის საბჭოს შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური ინფორმაცია, ხოლო დაავადებული ინდივიდების იდენტიფიცირება ემსახურება საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და არა საჯარო ინტერესს. მათი შეფასებით, ინფორმაცია ასაკზე, სქესზე, რეგიონზე ან საცხოვრებელ მუნიციპალიტეტზე ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ეხმარება პანდემიის გავრცელების ბუნების გაგებას და შესაბამისად, ეს ინფორმაცია შუქდება მედიაში. ერთი გამონაკლისი შეეხებოდა კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს, რომელმაც თავად მოახდინა თვითიდენტიფიცირება და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაშია. ამ ინფორმაციის მიწოდებით აიხსნებოდა ის, თუ რატომ გაქრა ის საჯარო სივრციდან.

ევროპის ქვეყნებში მოქმედი ქცევის კოდექსები მედიას უზღუდავს პირადი ცხოვრების გაშუქებას, დაავადების შესახებ ინფორმაცია კი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ბელგიის პრესის საბჭოში მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია გაამართლო საჯარო ინტერესით ინფიცირებულის იდენტიფიცირება. მათი შეფასებით, ჟურნალისტებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს საჯარო ინტერესი არის ინფექციის გავრცელების რისკი. მაგრამ როცა უკვე დადასტურებულია კონკრეტული პირის დიაგნოზი ან მიღებულია ზომები და კარანტინში და იზოლაციაშია გადაყვანილი პირი, უკვე აღარ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ ინფექცია გადამდებია.

“სხვა დაავადებებიც არის გადამდები, მაგრამ ჩვენ არ ვასაჯაროებთ კონკრეტული დაავადების მქონე ადამიანების ვინაობას, გავიხსენოთ თუნდაც აივ/ინფექცია”, - აცხადებენ ბელგიის პრესის საბჭოში.

შვეიცარიის პრესის საბჭოს განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევები, როცა შეიძლება COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების გასაჯაროება, უკავშირდება საჯარო პირებს - პოლიტიკოსებს და მაღალი თანამდებობის პირებს. ანალოგიური მიდგომა აქვს შვედეთის პრესის საბჭოსაც. მათი შეფასებით, დაცული უნდა იყვნენ კერძო პირები, მაგრამ შესაძლოა იყოს საჯარო ინტერესი მაშინ, როცა ისეთი პირი ხდება ავად, რომელსაც საზოგადოების წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებები.

განსხვავებული პრობლემის წინაშე დგანან უნგრეთში ჟურნალისტები, სადაც სახელმწიფო უწყებები მალავენ ინფორმაციას ისეთ საკითხზეც კი, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიული არეალი იმ მოტივით, რომ ამით დაირღვევა პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება. ჟურნალისტები კი ითხოვენ ამ ინფორმაციას იმ მოტივით, რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რომ ხალხმა იცოდეს, რომელ ქალაქებში ან ქვეყნის რა ნაწილშია ინფექცია გავრცელებული.

COVID 19-თან დაკავშირებით ზოგიერთმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედიას ამ თემების გაშუქებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესა. თურქეთში რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს კიდეც. სომხეთში ნებადართული მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებააა. საქართველოში ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ. ამასთან, დაავადებულთა შესახებ გარკვეულ ცნობებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონზე აპელირებით აღარ გასცემენ შესაბამისი უწყებები.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

აჭარის TV-ს ალტერნატიული პროფკავშირი შეჩერებეული გადაცემების აღდგენას ითხოვს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებების გამო, რომელშიც პოლიტიკური მოტივი იკითხება, მაუწყებლის სატელევიზიო ბადე მნიშვნელოვნად გაღარიბდა. ეს ფაქტი კი მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას აღვივებს. პროფკავშირი შეჩერებული გადაცემების აღდგენას ითხოვს და პირობას დებს, რომ აღდგენილ გადაცემებს საგაფიცვო მიზნებისთვის არ გამოიყენებს. 

ვრცელი განცხადება, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, პროფკავშირების სახელით ცოტა ხნის წინ [3 აპრილი, 00:30სთ] გავრცელდა.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 23 მარტიდან, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე რადიკალურად შეიცვალა. გადაცემათა სრული უმრავლესობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივად კი მენეჯმენტმა კორონავირუსის პანდემია და შესაბამისად - დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დაასახელა.  მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ისინი მზად იყვნენ დისტანციური რეჟიმით ემუშავათ. შეჩერებულ გადაცემათა დიდ ნაწილს ფორმატის მოდიფიცირება შეეძლო, თუმცა, მათ ამის ნება არ დართეს. 

ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის სახელით მენეჯმენტს ჩაბარდა საგაფიცვო დოკუმენტი, რომლის უმთავრეს მოთხოვნებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მექანიზმების შემუშავება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და იმ მოცემულობის აღდგენა იყო, რომელიც საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცებამდე მოქმედებდა [მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნებოდა მთავარი გამოშვების რედაქტორის/სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შორენა ღლონტი - ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციას].

საგაფიცვო დოკუმენტის შემუშავება-ჩაბარება მენეჯმენტთან კოლექტიური დავის დაწყებას ნიშნავდა. ამ დოკუმენტის ჩაბარებიდან 21 დღის შემდეგ, ანუ 23 მარტს თანამშრომლებს უკვე შეეძლოთ გაფიცვის დაწყება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დასაქმებულებმა ეს უფლება არ გამოიყენეს და მედიაციას დაელოდნენ. მედიაცია კი დირექტორის გადაწყვეტილებით, არ შედგა.

„მედიაციის პროცესი თავის მხრივ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად მედიატორის დანიშვნას. მას შემდეგ რაც მედიატორთან ინდივიდუალური დისტანციური კომუნიკაცია შედგა და დაიწყო ერთობლივი შეხვედრის სამზადისი, მაუწყებლის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. მისი მხრიდან, უარის მოტივად საგაფიცვო მოთხოვნების არარელევანტურობა დასახელდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ დირექტორის მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას.

„დირექტორს საგაფიცვო დოკუმენტი 2 მარტს ჩაბარდა და მას საკმაო დრო ჰქონდა მის გასაცნობად, თუმცა, მან მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მედიაციაზე უარის თქმა [და დოკუმენტის არარელევანტურად ცნობა], როდესაც ეთერიდან გადაცემების მოხსნის თარიღი მოახლოვდა და შესაბამისად, ნათელი გახდა რომ დასაქმებულებს აღარ ექნებოდათ ხელთ გაფიცვის მთავარი ბერკეტი - სატელევიზიო ეთერი. მედიაციაზე უარის თქმა პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ დირექტორი არ ცნობს ადეკვატურად დასაქმებულთა საჭიროებებს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი მაუწყებლის თანამშრომლების სათქმელი და ის ბოროტად იყენებს მინიჭებულ ძალაუფლებას/არსებულ ვითარებას ალტერნატიული პროფესიული კავშირის წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე უკიდურესად გაღარიბდა. ის საზოგადოებას ვეღარ აწვდის საჭირო ინფორმაციას, აღარ აშუქებს მათ პრობლემებს, აღარ ჩანან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები ან ჯგუფები, რომლებსაც დამატებითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უმძიმთ კრიზის გადატანა.

„ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა ახლა იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარად ორგანიზებული საეთერო ბადე, აღვივებს მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას. ზუსტად ახლა არსებობს იმის ისტორიული შანსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, მთელი თავისი ძალისხმევა და სახალხო ფინანსები მიმართოს ხალხისვე საკეთილდღეოდ, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები არათუ განამტკიცოს საკუთარ დამოკიდებულებებში, არამედ - დაარწმუნოს საწინაღმდეგოში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირები მიმართავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს,

- ა) უზრუნველყონ საეთერო ბადეში იმ შეჩერებული გადაცემების აღდგენა [მოდიფიცირებული ფორმატით], რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს

- ბ) მისცენ დასაქმებულებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე].

„ამ ეტაპისთვის, მაუწყებლის ჟურნალისტების დიდ ნაწილს, მკაცრად აქვს შეზღუდული მაუწყებლის რესურსებთან [შენობა, ტექნიკური ბაზა და სხვა] წვდომა და შესაბამისად, ფიზიკურად ვერ ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას.

ისე, როგორც არასდროს - საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ზრუნავდეს ერთი მხრივ - მოქალაქეთა ინფორმირებაზე, ხოლო მეორე მხრივ - მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსავლის გზების ძიებაზე. კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული გადაცემები დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს საგანგებო ვითარების ფონზე, ისინი არ იქნება გამოყენებული საგაფიცვო მიზნებისთვის“, - აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.
ე.წ. საყოველთაო კარანტინმა ადგილობრივი გაზეთების დისტრიბუცია შეაფერხა
„ფაქტობრივი“ საყოველთაო კარანტინის გამო, რომელიც ქვეყანაში 31 მარტიდან ამოქმედდა, რეგიონულ ბეჭდურ მედიას გაზეთის გავრცელების პრობლემა შეექმნა. მიმდინარე კვირას ადგილობრივმა გამოცემებმა მუნიციპალიტეტებში გაზეთები საკუთარი ავტომობილებით დაარიგეს. მედიამფლობელები ამბობენ, რომ ეს მათთვის გაზრდილი ფინანსური ხარჯია და ამ გამოწვევას დიდხანს ვერ გაუმკლავდებიან.

სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გამო, ხარაგაულის ადგილობრივი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ მისმა მფლობელმა ლაურა გოგოლაძემ, დღეს, 2 აპრილს, ქუთაისიდან, სტამბიდან, ხარაგაულში შვილის ავტომობილით ჩაიტანა.

alt„აი ახლა, თქვენ რომ მირეკავთ, სახლში ზუსტად გაზეთებს ვკეცავთ და ხელმომწერების ვინაობებს ვაწერთ“, - მეუბნება სატელეფონო საუბარში ლაურა გოგოლაძე და ამატებს, რომ ამ კვირაში გაუმართლა რადგან მისი შვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, დროებით მშობლების ოჯახშია ჩასული.

ახლა წინ მეორე გამოწევევაა, ეს გაზეთები ხარაგაულის სოფლებში უნდა გააგზავნოს.

„დისტრიბუტორებს მანქანები არ ჰყავთ, მიკროავტობუსებს ვატანდით სოფლებში და იქ სადგურებზე ხვდებოდნენ. სანამ გაზეთების გაგზავნას გადავწყვეტდი, ყველას დავურეკე, რა გზით შეიძლებოდა მიმეწოდებინა, შეძლებდნენ თუ არა დახვედრას. გამომწერებსაც ვესაუბრე, თუ მოგვეხმარებოდნენ, რომ როგორმე ეს გაზეთები წაეღოთ“, - ამბობს ლაურა და ამატებს, რომ სოფლებამდე გაზეთებს ალბათ ისევ შვილის მანქანით მიიტანს, მერე კი ხელმომწერების და ადგილობრივი გამავრცელებლების იმედი აქვს: „ხვალ მომიწევს ოჯახის ტრანსპორტით მიწოდება დისტრიბუტორებამდე, ერთ სოფელში რომ მივალ, მეორე, ახლომდებარე სოფლის დისტრიბუტორი მოვა და წაიღებს“.


გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ხარაგაულის რაიონში 1998 წლიდან გამოიცემა. 2011 წლიდანგაზეთის ბაზაზე  იგივე სახელწოდების ონლაინ გამოცემა  დაფუძნდა (chemikharagauli.com). გაზეთი მეტწილად ადგილობრივ ამბებს აშუქებს.


„ჩემი ხარაგაულის“ მსგავსად დაბეჭდილი გაზეთის გურიამდე ჩატანა პრობლემაა „გურია ნიუსისთვისაც“, რომელიც კვირაში ორჯერ გამოდის და მთელს გურიის რეგიონში ვრცელდება. „გურია ნიუსი“ თბილისში იბეჭდება და აქამდე ისიც მატარებლით იგზავნებოდა.

გაზეთის გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, რომ მიწოდების პრობლემა მოაგვარეს: „ელვა მარკეტთან (პრესის გავრცელების ჯიხურებს ქსელი. რედ.) შევთანხმდით, რომ ჩამოგვიტანს. მაგრამ, ისიც ვერ მიდის სამტრედიის იქით, ამიტომ, ჩვენი მანქანით დავხვდებით სამტრედიაში და ჩამოვიტანთ. პარალელურად, ჩვენ გურიის სხვა რაიონებიდან უნდა შევაგროვოთ მათი სხვა გაზეთები, რაც არ გაიყიდა და ის უნდა ჩავუტანოთ, ანუ, ერთგვარი ბარტერის მსგავსი მოლაპარაკებაა. მაგრამ, ჩვენ დაუგეგმავი ხარჯი მაინც გაგვიჩნდა, ერთის მხრივ ეს ამოღებული გაზეთები უნდა შევაგროვოთ, ვინც თავად ვერ გვაწვდის და მეორე მხრივ, ჩვენი გაზეთი ჩამოვიტანოთ. რთულია“.

ამ გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯს, რომელიც მწირი ბიუჯეტის მქონე რეგიონული მედიებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ისიც ემატება, რომ საგანგებო მდგომარეობისა და შეჩერებული რიგი ეკონომიკური საქმიანობების გამო, მათმა შემოსავლებმა იკლო. „ჩვენ გვქონდა დამატებითი ბიზნესი, პოლიგრაფია. ვემსახურებოდით მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, რითაც ვიხდიდით მაგალითად კომუნალურ გადასახადებს და ეს შემოგვაკლდა. ამავე დროს შემცირდა განცხადებები, რეკლამები, სამძიმრები, რაც ასევე იყო ჩვენთვის შემოსავლის წყარო“, - ამბობს ია მამალაძე და ამატებს, რომ ამას, სხვა დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯებთან ერთად, რაც მუშაობის დისტანციურ რეჟიმს და კარანტინს მოჰყვა, დაემატა ბეჭდვის გაძვირება: „ბეჭდვა მიბმულია დოლარის კურსზე, რადგან ქაღალდი უცხოეთიდან შემოდის და ამიტომ გაძვირდა. ესეც სერიოზული პრობლემაა“.


გაზეთი „გურია ნიუსი“ 1991 წლიდან გამოიცემა კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს. გაზეთის ბაზაზე 2006 წელს დაარსდა ვებ-პორტალი gurianews.com.



შემოსავლები მოაკლდა „ჩემ ხარაგაულსაც“, რომელიც ასევე ბეჭდავდა ადგილობრივ მცირე განცხადებებს. როდემდე გაწვდება ადგილობრივი გამოცემა დაუგეგმავ ხარჯებს, რედაქციაში პროგნოზი უჭირთ. გაზეთის გამოცემის შეწყვეტას არ განიხილავენ: „იმედი მაქვს რომ დიდხანს არ გაგრძელდება, თორემ როგორ შევძლებ არ ვიცი. 22 წელი რომ გაზეთს ვუშვებ, ახლა როგორ შევწყვიტო?! მითუმეტეს, დავრწმუნდი, რომ ახლ უფრო სჭირდება ხალხს გაზეთი, სოფლებში ინტერნეტის პრობლემაა, ჩვენი მკითხველი კი ზუსტად ის რისკ ჯგუფია, რომელზეც ახლაა საუბარი“, - გვეუბნება ლაურა გოგოლაძე.

altგაზეთის დახურვას, იმავე მოტივით, რომ ახლა ბეჭდური მედიის საჭიროება უკეთ გამოჩნდა, სოფლებში ინტერნეტის პრობლემების გამო, გამორიცხავს ია მამალაძეც:

„რადგან შეზღუდულია მიმოსვლა, ამიტომ ალბათ ერთ ნომერზე გადავალთ, სულ გაჩერებას ვერ დავუშვებთ, ამაზეც ვიმსჯელეთ. ამ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა, რომ ინტერნეტის ხელმიუწვდომლობაა. ჩვენს სოფლამდე ჩოხატაურიდან 5 კილომეტრია და ჩვენთან არ არის ინტერნეტი და ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება უფრო ზედა ზონის სოფლებში. ზოგს ტექნიკაზე არ აქვს ხელმისაწვდომობა. ვისაც ინტერნეტი და ტექნიკა აქვს, იმან შეიძლება ფინანსურადაც ვერ გაუძლოს ინტერნეტის ხარჯებს“, - ამბობს იგი და ამატებს, - „არის ხალხის კატეგორია, და ზუსტად ის სოციალური ფენა, ასევე, 60-70 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც ზუსტად ის ინფორმაცია სჭირდება, რასაც ჩვენ ვაწვდით. მათ შორის, ადგილობრივი საჭირო უწყებების ინფორმაცია და ა.შ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია და ამიტომ, ვეცდებით კვირაში ერთხელ რაღაც მოვახერხოთ“.




"ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი", როგორც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწოდებს, საქართველოში 30 მარტს, საღამოს გამოცხადდა. 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო მოძრაობაც. საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის Covid-19-ის გავრცელების გამო მოქმედებს.

2 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 134 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 26. კარანტინის რეჟიმშია 5550, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი.
ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი