ბიოლოგიური იარაღი, ამერიკული კვალი, გველი, 5G, - მითები Covid-19-ის წარმოშობაზე
23.04.2020
2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ახალმა რეალობამ და დაავადების ფართოდ გავრცელებამ, ვირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მოთხოვნა გაზარდა, პარალელურად, იმატა მითებისა და დეზინფორმაციის ნაკადმაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალ კორონავირუსს, მასობრივი ინფოდემია უწოდა, სწორედ მასთან დაკავშირებული უამრავი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების გამო.

ვირუსის ფართოდ გავრცელებისთანავე, მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ ქსელში ვირუსის წარმოშობაზე არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა. Covid-19-ის გავრცელება ხან გველს დაუკავშირეს, ხან უსადენო 5G ინტერნეტ კავშირს, ზოგი წერს, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან “გამოეპარათ”, ზოგი გამოცემა დღემდე ირწმუნება, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, ზოგი კი, განსაკუთრებით, კრემლისტური და ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი გამოცემები, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ვირუსის გავრცელებაში ამერიკის ხელი ურევია.

"მედიაჩეკერმა" კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის წარმოშობის შესახებ გავრცელებული მითები მოიკვლია. ქვემოთ რამდენიმე, ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ გიამბობთ და ამ მითების გაქარწყლებას შევეცდებით.

#1 - კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი, ბიოლოგიური იარაღია
 
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ არის ის, რომ Covid-19 ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. Ამგვარ, კონსპირაციული თეორიის გამავრცელებელ მედიასაშუალებებსა თუ ჯგუფებს, ეს აქცენტი უმეტეს შემთხვევაში სათაურშივე აქვთ გამოტანილი, ზოგ შემთხვევაში კითხვითი ფორმით, ზოგან კი ციტატად. შევხვდებით იმ ვერსიასაც, რომ კორონავირუსი ჩინეთის ან ამერიკის ლაბორატორიებში შეიქმნა.

altმაგალითისთვის, “კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოიარაღია?” - ამ სათაურით Versia.ge-ზე გამოქვეყნებულია მასალა, რომლის ავტორი ვირუსს მომაკვდინებელს უწოდებს და შეთქმულების თეორიის შესაძლებლობაზე საუბრობს, რომლის მიზნადაც გავრცელებულ აზრს: “ადამიანების გამოხშირვას” ასახელებს.

“ზუსტად საიდან მოიპარეს ჩინელებმა, რა გზით მოხვდა ვირუსი უხანის ლაბორატორიაში, ან საიდან გაჟონა მოსახლეობაში, ჯერჯერობით დაუდგენელია. არადა, საყურადღებოა, რომ უხანის ლაბორატორიის მეცნიერებმა ღამურიდან კორონავირუსის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობაზე წლების წინ დაიწყეს საუბარი ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები დაახლოებით, 15 წელი მუშაობდნენ ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც კაცთმოძულეთა ჯგუფს საშუალებას მისცემდა, გაენადგურებინა ადამიანთა მებრძოლი ნაწილი ბრძოლისუნარიანი მამაკაცების სახით”, - ციტირებს გამოცემა ვინმე ჯაბა ტყემალაძეს, თერაპევტსა და მეცნიერს.

მსგავს კონსპირაციულ თეორიებს ვირუსის წარმოშობაზე აქტიურად ავრცელებენ ისეთი ვებპორტალები, როგორიცაა: siaxleni.com, gewold.ge, kvira.ge, The Georgian times, qartuliazri.reportiori.ge, exclusivenews.ge, for.ge, newposts.ge.

ამ გამოცემების მასალებში წყარო ან არ ჩანს, ან გამოყენებულია ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად: “ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით” ან “გარკვეულ წრეებში”. ზოგიერი, მაგალითად, progressnews.ge, მიხეილ ცაგარელს ეყრდნობა და წერს რომ “ჩინელებმა ღამურებში 50 შტამი სხვადასხვა გრიპის ვირუსი შეუშვეს. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ღამურა ან გაუშვეს ან გაექცათ.”

#2 - Covid -19 -ისა და 5G-ს კავშირი

მას შემდეგ, რაც ვირუსზე, როგორც ბიოლოგიურ იარაღზე ვნებათაღელვა შედარებით ჩაცხრა, სოციალური ქსელი ახალმა კონსპირაციულმა თეორიამ მოიცვა. ამ თეორიის მიმდევრები წერენ, რომ კორონავირუსის გავრცელებას მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი 5G იწვევს.

alt“კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია, რომელიც რაღაც მიზეზის გამო, ზუსტად მაშინ გავრცელდა, როცა 5G-ს ტესტავენ. შესაძლოა ვირუსის მიზანი დედამიწის პოპულაციის კონტროლი იყოს და მათ უამრავი ჩვენგანის თავიდან მოშორება სურდეთ”, - წერს მაგალითად სპორტული გამოცემა Crystalsport.ge, ერთ-ერთ მოკრივეზე დაყრდნობით.

ამირ ხანის ციტატას აქვეყნებს Popsport.com -იც. თუმცა ვებგვერდზე, ტექსტის ბოლოს აქვს მითითებული რომ ეს “ვერსია მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია”.

Siaxleni.com და Pressa.ge კი ლალი მოროშკინას სტატუსს აქვეყნებს 5G ანტენების შესაძლო კავშირზე ახალ კორონავირუსთან. ამავე თეორიაზე საუბრობს Alia.ge-ც.

#3 - ამერიკული კვალი

altჩინეთში ახალი კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შეიტანეს - ეს არის ერთ-ერთი თეორია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე აქტიურად ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელ მედიებში შეინიშნება. მაგალითად, სწორედ ამაზეა საუბარი NewsFrontGeorgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში “კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ”.

ანალოგიურ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს gewold.ge. ორივე მათგანი, ამ თეორიას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტვიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

#4 - გველი, როგორც ვირუსის პირველწყარო

altრამდენიმე პორტალზე გამოქვეყნდა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ახალი კორონავირუსის პირველწყარო გველია. მაგალითად Fortuna.ge-ზე ვკითხულობთ, რომ: ”მსოფლიო ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით CNN წერს, რომ ახალი ვირუსის გავრცელების მიზეზი შესაძლოა იყვნენ გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა”.

თუმცა, უცნობია რას ეყდრნობა გამოცემა, ვინაიდან, ასეთი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუვრცელებია, ოფიციალურ ვერსიებში არსადაა ნახსენები რომ ვირუსის პირველწყარო შესაძლებელია გველი იყოს.

მსგავსი ვარაუდი ვრცელდება ipress.ge-ზეც სათაურით “მეცნიერების ვარაუდით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის წყარო შესაძლოა, შხამიანი გველი იყოს”

რა ვიცით კორონავირუსის წარმოშობის შესახებ - სამეცნიერო თეორიები

  • ვირუსი ბიოლოგიური იარაღია და ლაბორატორიაში ხელოვნულად შექმნეს;
  • ხალი კორონავირუსის წარმოშობა დაკავშირებულია 5G ანტენების დადგმასთან;
  • Covid -19 ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩინეთში განზრახ შეიტანეს;
  • ახალი კორონავირუსის გავრცელების წყარო გველია
ყველა ეს თეორია სპეკულაციაა.

altამ ეტაპზე არც მეცნიერულად და არც ლაბორატორიულად არ დასტურდება, რომ COVID-19 ჩინეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ლაბორატორიაში შექმნეს. მეცნიერები, რომლებიც ახალი კორონავირუსის წარმოშობას იკვლევენ, ამბობენ რომ ვირუსი არ არის გენერირებული ადამიანებისგან და ის ბუნებრივი პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული მიკროორგანიზმია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ერთ-ერთ ანგარიშში ამბობს, რომ: “COVID-19 არის ზოონოზური წარმოშობის ვირუსი. ფილოფენეტიკური (ბიოლოგიური დარგი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ორგანიზმების ევოლუციის პროცესს) ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვირუსის რეზერვუარი არის ღამურა, მაგრამ ჯერ არ არის გამოვლენილი მათი შუალედური გადამტანი”. ზოონოზური კი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, ისეთი დაავადებაა, რომელიც შესაძლებელი გავრცელდეს ცხოველიდან ადამიანზე და ის იყოს მისი პირველწყარო.

New England Journal of Medicine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც საუბარია იმაზე, რომ ვირუსის პირველწყარო სავარაუდოდ ღამურაა, ვინაიდან კორონავირუსის რნმ-ის თანმიმდევრობა ჰგავს სწორედ იმ ვირუსების დნმ-ის მასალას, რაც ღამურებში ცირკულირებს.

ამერიკულმა სამეცნიერო გამოცემამ Nature medicine -მა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია რომ თეორია SARS-COV-2 ლაბორატორიაში მანიპულაციის შედეგად წარმოშობაზე სარწმუნო არ არის.

”ჩვენ გთავაზობთ ორ სცენარს, რომელმაც დამაჯერებლად შეიძლება ახსნას SARS-COV-2-ის წარმოშობა:

  1. ბუნებრივი გადარჩევა მასპინძელი ცხოველის ორგანიზმში, ზოონოზურ გადაცემამდე;
  2. ბუნებრივი გადარჩევა ადამიანებში ზოონოზური გადაცემის შემდეგ”, - ვკითხულობთ კვლევაში.
სკრიფსის კვლევითი ინსტიტუტის მასალაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ. ამ წყაროშიც საუბარია იმაზე, რომ ვირუსის წარმოშობის ძირითად რეზერვუარს ღამურას უკავშირებენ. მართალია დადასტურებული არაა პირდაპირი გადაცემა ღამურადან ადამიანზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მათ შორის არსებობდა ვირუსის შუალედური გადამტანი.

ახალი კორონავირუსის შესახებ ამ კონსპირაციულ თეორიებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქართველი ეპიდემიოლოგებიც.

“მესმის, ეს არის შეთქმულების თეორიები. მე მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი – შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია, ანუ ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში წარმოიქმნა. ესეც გამოთვლილია და ამ სიკვენსირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები”, - განაცხადა დაავადებათა კონკტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.



alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : თამთა აბუსელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მაუწყებლის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში, “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც ქარელში ოპერატორთან ერთად იყო, გვიყვება, რომ “ქართული ოცნების” შტაბში მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად იყვნენ მისულები:

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსის აგენტია და მქონდა რამდენიმე შეკითხვა. ამ ყველაფერმა გააღიზიანა “ოცნების” წევრები, რომლებიც იყვნენ შტაბში. გამოგვაგდეს. აღარც გვიცდია შეცვლა. ვწერდით სტენდაფს, გამოვარდნენ და გაგვისწორდნენ”.

მისი თქმით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა - “მეუბნებოდა ფეხს ვერ ვამოძრავებო, ზურგს და ხელს ვერ ვგრძნობო”. 

"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ბექა ყორშია იქ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, რა დროსაც გამოაძევეს შტაბიდან. მისივე თქმით, სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება იყო, თუმცა, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და "ოცნების" შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა: " "მთავარი არხის" ოპერატორი  უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე".

"მთავარი არხი" ამბობს, რომ თავდასხმის ვიდეოკადრები გადაღებული აქვთ და მალე გამოაქვეყნებენ. თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც ამბობს, რომ მათაც ვიდეომასალა გადაღებული და გაავრცელებენ.
ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა, დაბარებულები არიან სხვა ჟურნალისტებიც
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით, “TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა.

მელაძე ამბობს, რომ 15 სექტემბერს თბილისის პროკურორი დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა, რის შემდეგაც, ადვოკატთან ერთად მივიდა დაკითხვაზე. მისივე თქმით, კითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა, თუ რა ფორმით მიიღეს ბმული და რა მიმოწერა ჰქონდათ წყაროსთან.

“გამოძიებას აინტერესებს ის, ვინ გაავრცელა და არა ის, ვინ ჩაწერა. ვინ იდგა ამ უკანონობის უკან - ამის დადგენის განზრახვა გამოძიებას არ აქვს” - ამბობს მელაძე “TV პირველის” ეთერში..

მისივე თქმით, გამოძიებას “ცოტა უცნაური კითხვები” ჰქონდა. მაგალითად, ინტერესდებოდნენ, რა მასალებს გაეცნენ ჟურნალისტები - “მოგვიყევი იქ რაც წაიკითხეო”.

გამოკითხვაზე დაბარებულები არიან სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. “ფორმულას” ინფორმაციით, მათი ჟურნალისტებს, მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და ხვალ, 16 სექტემბერს აპირებენ მისვლას.

რა მოხდა

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იძებნება. მათ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოეს მიმართოს.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. სუს-მა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ჟურნალისტები ადასტურებენ, 13 სექტემბერს გაჟონილ ჩანაწერებში მათი საუბარიცაა
ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გამოჟონილ ჩანაწერებში მათი საუბრებიცაა. ისინი აპირებენ, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ.

რა მოხდა?

ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანი ეკა კვესიტაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამბობს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში მისი მიმოწერაც იძებნება.

„ფეისბუქის მიმოწერიდან არის ძალიან ბევრი რამე. მათ შორის ისიც - როგორ მომილოცა დაბადების დღე მელქისედეკმა. ასევე ჩემი ნინია კაკაბაძის მიმოწერა - სადაც ნინიას ვეუბნები, რომ არ ვიცნობ პეტრე ცაავას და მასთან შეხვედრა მაინტერესებს მეთქი. ანუ, რასაც ფეისბუკ ინბოქსში ვწერთ მეგობრებო, ყველაფერი სუსმა იცის.“, - ამბობს ჟურნალისტი. ის იურიდიულ კონსულტაციებს გადის და აპირებს საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.

ჟურნალისტებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვისკენ მოუწოდებს იურისტი სულხან სალაძე.

„ კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები”, - წერს სულხან სალაძე "ფეისბუქზე".

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ არც მას აქვს ამ საქმის გამოძიების მოლოდინი, თუმცა პრეცედენტები უნდა შეიქმნასო. „ყველამ უნდა მივმართოთ და რაღაც დროს შეიძლება სტრასბურგშიც წავიდეს ეს საქმეო“,-გვეუბნება კვესიტაძე.

კონტექსტი

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

"იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები", - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტები გაჟონილ ფაილებში

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გაჟონილ ფაილებში მისი და მისი ჟურნალისტების „ვოტსაპში“ საუბარი ამოიცნო.

„ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია - ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული.“, - წერს გვარამია.

ამავე აპლიკაციაში მისი რესპონდენტთან საუბარი ამოიცნო „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემაც. მელაძე წერს, რომ გაჟონილ მასალებში მისი შვილების შესახებ ნათლობის დეტალებიც იძებნება.



2014 და 2020 წლით დათარიღებულ ფაილებში საკუთარი სახელი ნახა „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

„მე, ჟიჟი [ნინო ჟიჟილაშვილი], ჩვენი პროდიუსერები და ჟურნალისტები სრული შემადგენლობის სუსის ანგარიშებში. ვინ დავპატიჟეთ გადაცემებში, ვის რა უთხრეს პროდიუსერებმა და ვის რა უპასუხეს“, - წერს სანაია.

13 სექტემბერს გაჟონილ მასალებში თავიანთი საუბრების ამოცნობა დაადასტურეს „ტაბულას“ რედაქტორმა ლევან სუთიძემ და On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გელა ბოჩიკაშვილმაც.
კომუნიკაციების კომისიამ „იმედს“ დარღვევა დაუდგინა - ტელეკომპანია პოზიციას არ ცვლის
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია „იმედმა“ 26 აგვისტოს, უარი თქვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წინაასაარჩევნო უფასო რეკლამის ეთერში განთავსებაზე და ამის მიზეზად „რეკლამაში გამოყენებული სიძულვილის ენა“ დაასახელა.

ნახეთ მეტი ამ თემაზე.

კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება

12 სექტემბერს კი კომუნიკაციების კომისიამ მხარეების პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია.

„რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ რეკლამასთან დაკავშირებით მაუწყებელი თავდაპირველ პოზიციაზე რჩება და მისთვის გაუგებარია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელზეც სასამართლო ამბობს, რომ სიტყვა „მოღალატე“ ღირსების შემლახავი არ არის.

კომისიამ „ტელეიმედის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.



რას ამბობს უზენაესი სასამართლოს სტანდარტი?

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკური რეკლამა:

• ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას

• არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას

• არ უნდა შეიცავდეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას

• არ უნდა შეიცავდეს რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას

• არ უნდა შეიცავდეს უხამსობას ან პორნოგრაფიას.
სახელმწიფო “ალტ-ინფოს” სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - არხი სამაუწყებლო არეალს იფართოვებს
“ალტ ინფოს” - არხს, რომლის წამყვანები და მფლობელებიც 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ ეროვნული მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა.

კომისიის ამ გადაწყვეტილებით, არხის ყურება მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო სიგნალით ან ფასიანი პაკეტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რა მოხდა

ტელემაუწყებლობის უფლება კომუნიკაციების კომისიისგან “ალტ-ინფომ” 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. არხის ყურება აქამდე მხოლოდ “მაგთიკომისა”და “ახალი ქსელების” დაახლოებით 400 000-მდე აბონენტს და, ასევე, რუსთავის და სენაკის მულტიპლექს პლატფორმის მომხმარებლებს შეეძლოთ.

არხმა კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით 6 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა მაუწყებლობის გავრცელება “სტერეო პლიუსის” მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით.

9 სექტემბერს კომისიამ “ალტ-ინფოს” მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის
  • 45-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას.
  • 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ამავე დღეს, სხდომაზე გაირკვა, რომ “ალტ-ინფო” და “სილქნეტი” რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ შეთანხმდნენ და მაუწყებელი “სილქნეტის” პაკეტშიც დაემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ არხი “სიქნეტის” 250 000-მდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

რა საფრთხეს ხედავენ იურისტები

"ალტ-ინფოსთვის" ეროვნული მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, შესაბამისად, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლას, საფრთხის შემცველად მიიჩნევენ იურისტები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რასაც აქამდე ეთერის მეშვეობით შედარებით ვიწრო აუდიტორია ისმენდა, დღეიდან ბევრად უფრო დიდ აუდიტორიისთვის გახდა ხელმისაწვდომი:

“როცა პუბლიკა ფართოვდება, დიდია იმის შანსი, მეტ ადამიანს გაუჩნდეს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის სურვილი” - ამბობს სიმონიშვილი.

5 ივლისის ძალადობრივი აქციიდან დღემდე

5 ივლისს, თითქმის 12 საათის განმავლობაში, “ალტ-ინფო” საგანგებოდ, უწყვეტად, პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. სიძულვილის ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. “ალტ-ინფოს” წამყვანები ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ განცხადებებს თავიანთი ტელევიზიის ეთერით და იუთუბ არხით ამ დღის შემდეგაც ავრცელებენ.

“იმ მოწოდებებმა რა გავლენა მოახდინა 5 ივლისის მოვლენებზე, ეს დღემდე არ არის შესწავლილი და გამოძიებული” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

16 ივლისს პოლიციამ "ალტ-ინფოს" წამყვანების და დამფუძნებლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა და თითოეული მათგანი განყოფილებაში დაკითხავზე გადაიყვანა. თუმცა, სამართალდამცველებმა ყველა მათგანი იმავე დღეს გამოუშვა და ამ დრომდე არც ერთის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

9 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიის სხდომას ესწრებოდა მედიაკოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძეც.

„რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მაუწყებლის დირექტორისთვის, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება?“ - ჰკითხა მან ალტ-ინფოს” დირექტორ შოთა მარტინენკოს, რაზეც მარტინენკომ არ უპასუხა და თქვა, რომ ვერ მიხვდა რა კავშირი აქვს კითხვას სხდომაზე განსახილველ საქმესთან.

“როდესაც ის [მარტინენკო] თავად მოუწოდებდა ხალხს ჟურნალისტებზე ძალადობისაკენ, საინტერესოა, როგორ ხედავს მომავალში [მედიის]საქმიანობას?” - გვეუბნება ნათია კაპანაძე.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა

6 სექტემბერს სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია, რომ ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარსადგენად დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოქმედების ფაქტებზე.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას 2 თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.