TV პირველის ჟურნალისტს დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევა დაუდგინდა
10.05.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის წამყვანმა ანა წერეთელმა, გადაცემაში, რომელშიც სტუმრად საქართველოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჰყავდა, აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების დისკრიმინაცია წაახალისა.

საუბარია გადაცემის იმ ნაწილზე, სადაც სტუმარმა თქვა ფრაზა  - „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“

ანა წერეთლის წინააღმდეგ ქარტიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და „თანასწორობის მოძრაობამ” მიმართეს. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება" (მუხლი 33). 

ასევე, იქვე ვკითხულობთ: 

"თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით".

აქვე, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანა წერეთელს, მეშვიდე, ანუ დისკრიმინაციის წახალისების პრინციპის გარდა, ასევე დაუდგინდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევაც.

  • პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.  
  • მეხუთე პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ქარტიის საბჭომ საქმე დღეს, 10 მაისს განიხილა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, 8 ხმით ერთის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, მაუწყებლის ყოფილი დირექტორის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი აირჩია.



თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2011 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე. თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2012-13 წლებში წამყვანი იყო. 2014-15 წლებში მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი გახდა, 2015 წლიდან - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი იყო. 2018 წლიდან კი ერთდროულად ორ პოზიციას - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორისა და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს ითავსებდა.


თინათინ ბერძენიშვილი მედიის და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობს.  იგი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიაკომიტეტის წევრი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი.



დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის ეს მისი მეორე მცდელობაა. ბერძენიშვილი კონკურსში 2016 წელსაც მონაწილეობდა, იმდროინდელი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგ. თუმცა, მაშინ სამეურვეო საბჭომ მისი კონკურენტი, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. 

სამოტივაციო წერილში, რომელიც თინათინ ბერძენიშვილმა კონკურსში მონაწილეობისთვის წარადგინა, მან მიუთითა, რომ წარმატებით გააგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მისმა წინამორბედმა ვასილ მაღლაფერიძემ.  

ვასილ მაღლაფერიძის დაწყებულ საქმეებსა და დაპირებებზე მას გასაუბრებაზე კითხვებიც დაუსვეს. მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ზაზა აბაშიძის კითხვაზე, რატომ არ აქვს მოცმეულ მომენტში მაუწყებელს  მაღლაფერიძის დაპირებული 15%-იანი რეიტინგი, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ რეალურად, მაუწყებლის რეიტინგი, ის რაც ციფრებში გამოიხატება, რელობას არის აცდენილი.



ამ თემაზე იხილეთ: თინათინ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საზმაუს რეიტინგი რეალობას აცდენილია
 

თინათინ ბერძენიშვილი მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის პოზიციაზე, 6 წლის ვადით აირჩია. ბერძენიშვილი მისი წინამორბედისგან განსხვავებით, დირექტორის პოზიციაზე გაზრდილ ხელფასს აიღებს.

22 სექტემბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ანაზღაურებ 4-დან 10 000 ლარამდე გაზარდა.  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ ამ დრომდე ხელფასი არადეკვატური იყო და მის გაზრდაზე დიდი ხანია მსჯელობდნენ. 

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, საზმაუს სჭირდება სწორი საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დღეს მაუწყებელს სჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ შეიმუშავოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით, სწორი საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა:

“დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება არა მხოლოდ ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ნიუსი, ან კარგად იცის ამ ტელევიზიის დერეფნები, არამედ ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, დღეს გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოსთვის როგორ შეიმუშავოს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით, სწორი საინფორმაციო პოლიტიკა, საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა, თუ გნებავთ. რომელმაც იცის თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევები, თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები, თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები”, - ამის შესახებ მან სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბორდმა მაუწყებლის დირექტორად იმიტომ უნდა აირჩიოს, რომ მას აქვს მმართველობითი და სხვადასხვა სფეროში მუშაობის წლების გამოცდილება:

“მაქვს მმართველობითი გამოცდილება. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ თითქმის 20 წელი გავატარე მედიაში ხან ჟურნალისტის, ხან ანალიტიკოსის, ხან რესპონდენტის რანგში, როგორც გაზეთებში, ისე რადიოში და იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა ტელევიზიაში. ამავდროულად მაქვს გამოცდილება სამეცნიერო, სასწავლო საქმიანობაში. მაქვს გამოცდილება არასამთავრობო სექტორში საქმიანობის და რაც მთავარია, სწორედ ამ კრიზისების პერიოდში, ჩემი კომპანიები იყვნენ იმ გამონაკლისთა შორის, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები და ჩემს თანამშრომლებს არ დასჭირვებიათ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებები. ასე რომ, კრიზის მენეჯერიც არის თქვენ წინაშე".

კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის, ირმა სოხაძის მსგავსად, მან ასევე ისაუბრა მაუწყებელში არსებულ ე.წ. “შავ სიაზე” და თქვა, რომ ტელევიზია მისით არ ინტერესდება: “ის, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის სიტყვის სრული თავისუფლება, აგერ გიზივართ ცოცხალი მაგალითი”.

ლაგაზიძე შეეხო მაუწყებლის დირექტორის 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაზრდილ ანაზღაურებასაც. მისი თქმით, დირექტორად არჩევის შემთხვევაში, იგი გაზრდილი ხელფასის ნაწილზე უარს იტყვის და მისი ხელფასიდან 5 000 ლარი ყოველთვიურად გადაირიცხება ჟურნალისტურ ფონდში, რომლის განკარგვის საშუალებაც ექნებათ ჟურნალისტებს - “ეს წავა პრემიების სახით, სოციალური დახმარებების სახით”.

შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, მაუწყებლის დირექტორს  ხვალ 25 სექტემბერს აირჩევენ. ბორდმა დირექტორი სამი კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს. ესენი არიან: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

ამავე თემაზე:

თინათინ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საზმაუს რეიტინგი რეალობას აცდენილია
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსში მონაწილე კანდიდატი თინათინ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ რეალურად, მაუწყებლის რეიტინგი, ის რაც ციფრებში გამოიხატება, რელობას არის აცდენილი. ამის შესახებ მან დღეს, 24 სექტემბერს, გასაუბრებაზე, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის კითხვის პასუხად განაცხადა.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა ზაზა აბაშიძემ ბერძენიშვილს ყოფილი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის დაპირება შეახსენა, რომლის თანახმად, მაუწყებლის რეიტინგს მოცემული მომენტისთვის 15%-სთვის უნდა მიეღწია. მან ჰკითხა ბერძენიშვილს, მაშინ, როცა IDFI-ს თანახმად, 2018-2019 წლის საშუალო რეიტინგი, ნილსენის მონაცემებით 5%-ია, რატომ არის ამხელა განსხვავება.

ამ კითხვის პასუხად ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანაში ორი სარეიტინგო მონაცემია და აქ მნიშვნელოვანია, რომელი რეიტინგით ვითვლით.

„უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არის ორი სარეიტინგო მონაცემი, ორი კომპანია. ქვეყანაში არის ორი ვალუტა, რომლითაც ჩვენ ვიხდით თანხას. ორივე მთვლელის მონაცემი არის დრამატულად განსხვავებული ერთმანეთისგან, ციფრით გეუბნებით. რიგ შემთხვევაში, 100%-იანი სხვაობა კი არ არის, 300%-იანი სხვაობაა. საზოგადოებრვი მაუწყებელს რომელი რეიტინგთ ვითვლით, ეს არის მნიშვენლოვანი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რა არის რეიტინგი. ბერძენიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ რეიტინგი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმი, მაგრამ, ის არ უნდა იყოს ერთადერთი: „იქ შემოდის სხვადასხვა კრიტერიუმები და საზომი ელემენტები, მათ შორის, ონლაინ მედია. ანუ, რეიტინგი, ეს არის ციფრით აცდენილი რეალობას“.

ამ კონტექსტში ბერძენიშვილმა სოციალურ მედიაში სხვადასხვა გადაცემების ნახვებზეც ისაუბრა, მათ შორის, გადაცემა „მასტერშეფის“.

„წამში 30 000 ლაივში ნახვა მასტერშეფის, გართობაა, მესმის, მაგრამ გართობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა“, - თქვა ბერძენიშვილმა.

ზაზა აბაშიძის დაზუსტებაზე, რამდენად პასუხობს მაუწყებელი გამოწვევას, როდესაც რეიტინგის ზრდა ხდება არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ, გასართობი გადაცემების ხარჯზე (რომელთა საწინააღმდეგო, მან დააზუსტა, რომ ცხადია, არაფერი აქვს), ბერძენიშვილმა უპასუხა:

„ვინ თქვა რომ გართობა არ არის ისეთივე მნიშვენლოვანი და ისეთივე ვალებულება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორიც შემეცნება, ან როგორც ახალი ამბები. ამიტომ ვამბობ, თუ შევხედავთ გადანაწილებას მიმართულებებში, ყველაზე დიდი ნაწილი უკავია შემეცნებას, მაგალითად, “წიგნების თარო”, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს, თუ ნილსენით წავალთ... ჩვენთან არ არის გართობა, რომელიც მხოლოდ არის გართობა, „მასტერშეფი“ არ არის მხოლოდ გართობა, დიახ, ის ხელს უწყობს ადამიანებს, რომ სტრესიდან გამოვიდნენ, მაგრამ ეს ეს არის კულტურა, ქცევის კულტურა, კვების კულტურა, კულინარიის კულტურა, იქ არის ძალიან ბევრი გენდერული თემა ჩადებული, რომელსაც ჩენ ესე ვიღებთ, ჩვენ გართობასაც ვაკეთებთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით“.

ზვიად რატიანის საქმე
 
ზაზა აბაშიძემ ბერძენიშვილს პოეტ ზვიად რატიანის საქმეზეც დაუსვა კითხვა. მაშინ როდესაც მაუწყებელმა ზვიად რატიანის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც მის დისკრედიტაციას ახდენდა, ბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი ინსტანციის თვითრეგულირების საბჭოს წევრი იყო. მაშინ, ეს შემთხვევა მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოში განიხილეს, მაგრამ დარღვევა არ დაადგინეს. თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიდეომასალა მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან ამოიღეს.

აბაშიძემ ბერძენიშვილს ჰკითხა, იგივე აზრზე იყო თუ არა დღეს და მისი დირექტორობის პირობებში, დადებდა თუ არა მაუწყებელი იგივე ვიდეოს. ამ კითხვაზე ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მას ამ საქმეზე მაშინ სულ სხვა რეაქცია ჰქონდა: „თქვენ არ იცით, მე რა რეაქცია მქონდა მაშინ“.. თუმცა, ცხადია, როგორც გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იღებს ყველა პასუხისმგებლობას.

„ჩვენ ეს ვიდეო ავიღეთ ყველა პლატფორმიდან და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. მე მაქვს იგივე პოზიცია და არ შემიცვლია, ეს ჩემი ძლიერი მხარეა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

***

შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება გაიმართა. კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა, გასაუბრებაზე თქვა, რომ კანდიდატურას ხსნის. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს სავარაუდოდ ხვალ, 25 სექტემბერს აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
ხელისუფლებისადმი ლოიალური და ზედაპირული - მედიამონიტორინგი პირველ არხზე

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით იგრძნობა მაუწყებლის ფეისბუქის გვერდზე გაზიარებულ მასალებში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პირველი არხის საეთერო მაუწყებლობა მისი სოციალური ქსელის მეშვეობთ გავრცელებული მასალებისგან მკვეთრად განსხვავდება - სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალებში მთავრობის დადებითი ტონში გაშუქების “უკიდურესად მაღალი მაჩვენებლებია”.

მედიამონიტორინგის ფარგლებში, ახალი ამბების მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას - “მოამბე” 21 საათზე და გადაცემას - “ახალი კვირა”, სოციალური მედიის მონიტორები კი - პირველი არხის ფეისბუკის გვერდს.

ახალი ამბების ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში “მოამბეში” ყველაზე მეტი დრო “ქართულ ოცნებას” დაეთმო. ყველაზე დადებითად, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გაშუქდა; მისთვის დათმობილი დროის 12% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც დათმობილი დროის 47% ნეგატიური იყო.

სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, რომელიც ახალი ამბების მონიტორინგის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, 15 ივლისიდან დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის Facebook გვერდზე ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის მხოლოდ დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა უარყოფითად წარმოჩენის მცდელობა: “ ამ გარემოებას ადასტურებს დადებითი ტონის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის (88%), ადგილობრივი თვითმმართველობების (80%), მთავრობის (70%), პრეზიდენტისა (63%) და „ქართული ოცნების“ (53%) გაშუქებისას”.

ამ მაჩვენებლებით მკვეთრი განსხვავებაა ტელევიზიის საეთერო მაუწყებლობასა და მის სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციას შორის.

მაგალითად, თუ პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მთავრობა 6%-ით დადებითად გაშუქდა, სოციალურ ქსელში მთავრობის პოზიტიურად გაშუქების მაჩვენებელი 70%-ია. მკვეთრად განსხვავდება პრემიერ-მინისტრის გაშუქების მაჩვენებელიც. გიორგი გახარია ეთერში 6%-ით დადებითად გაშუქდა, სოციალურ ქსელში კი - 88%-ით. სხვაობაა “ქართული ოცნების” გუნდის გაშუქების თვალსაზრისითაც, თუ სახელისუფლებო გუნდი ეთერში 4%-ით დადებითად გაშუქდა, სოციალურ ქსელში ეს მაჩვენებელი 53%-ია.

altalt

“სატელევიზიო არხების Facebook გვერდებზე დაკვირვების უმთავრესი მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად განსხვავდება ტელევიზიების საეთერო მაუწყებლობა მათ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციისგან და როგორ იყენებენ ტელევიზიები მათ Facebook გვერდებს ინფორმაციის გასავრცელებლად საარჩევნო პერიოდში”, - ვკითხულობთ სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში.

რაც შეეხება შუალედური ანგარიშების სხვა მიგნებებს, ახალი ამბების მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში, მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქების დროს, მეტწილად დაცული იყო ეთიკური სტანდარტები. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა, ძირითადად, შუქდებოდა ნეიტრალურად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო: “გარკვეულ შემთხვევებში, ბალანსი ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო ფაქტები, როდესაც ,,მოამბე“ ავლენდა ,,ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებას და არღვევდა ეთიკურ პრინციპებს”. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, არხზე კვლავ მთავარ პრობლემად რჩება სიუჟეტების ზედაპირულობა, სიღრმისეული რეპორტაჟების ნაკლებობა. ,,პირველ არხს“, სამონიტორინგო პერიოდში, თითქმის არ ჰქონია მწვავე ექსკლუზიური მასალა.


*****

მონიტორინგის შესახებ:

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შუალედური შედეგები დღეს 24 სექემბერს გამოქვეყნდა. სოციალური მედიის მონიტორინგი მიმდინარეობდა 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგი კი მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება.

‘ავტორიტეტები სჭირდება არხს, ფეისები’ - საზმაუს დირექტორობის მსურველი ირმა სოხაძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირმა სოხაძემ გასაუბრებისას თქვა, რომ არხზე კადრების პრობლემებია, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაცემის წამყვანებისა და ავტორების უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

გასაუბრებაზე სოხაძემ აღნიშნა, რომ ტელევიზია მოსწონს და “არავითარი რევოლუცია და არავითარი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება ამ არხს, მაგრამ რაღაცები არის გასასწორებელი და გამოსასწორებელი”.

მაგალითად, ირმა სოხაძეს მიაჩნია, რომ პირველ არხს ძირითადად, უფროსი თაობა უყურებს და, შესაბამისად, უფროსი თაობა უნდა მუშაობდეს, რადგან არ ჰგონია, რომ ახალგაზრდები იმას აკეთებენ და ლაპარაკობენ, რაც მისთვის საინტერესო და მისაღებია:

“40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი… არ შეიძლება, იცით რატომ? იმას რომ თავი დავანებოთ, სხვა ტელევიზიებს, ჩვენი მაყურებელი, ძირითადი, მაინც უფრო არის უფროსი თაობა. მე არ მგონია, რომ თინეიჯერები გვიყურებენ, იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცებით არიან დაკავებული, ძირითადად. ამიტომ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ… ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც, რატომღაც არ მჯერა. არამგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია”.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ავტორიტეტები და ენთუზიასტი პროფესიონალები სჭირდება, რომლებიც, შესაძლოა სხვა ტელევიზიებიდან გადმოიყვანონ:

“ერთი სიტყვით, ავტორიტეტები სჭირდება არხს, “ფეისები”, როგორც ზაზა ამბობდა, შენგელია. აი, ფეისები, იცით, მე რატომ მგონია რომ მნიშვნელოვანია? იმიტომ, სწორედ, რომ ყურადღება მოიზიდოს მაყურებლის. რაღაცა ისეთი გვჭირდება, რითიც ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მაყურებელი. რაღაცა ნაცრისფერი, ცოტა უსულო. სული თუ არ შთაებერა ამ ყველაფერს, ჩვენ ხომ საწარმო არ ვართ. კი, პროდუქტს ვაკეთებთ აუცილებლად გარკვეული დროისთვის, მაგრამ ეს ხომ არ არის აგური, ეს არის შემოქმედებითი რაღაცა პროდუქტი, რომელსაც სჭირდება სული, ენთუზიაზმი… დიახ, აი, ენთუზიასტი პროფესიონალები ჩვენ ბევრი უნდა მოვიზიდოთ, სხვა ტელევიზიებიდან გადმოვიყვანოთ. მე თვითონ ვარ ასეთი…”

გასაუბრებაზე სოხაძე საუბრობდა იმის შესახებაც, რომ მისი აზრით არხი გარკვეული ტიპის ადამიანებს ბლოკავს, შავ სიებში ჰყავს. ამ სიაში იგი საკუთარ თავსაც მოიაზრებდა, იმ არგუმენტით, რომ არასოდეს არცერთ გადაცემაში არ მიიწვიეს, მაგალითად, თუნდაც, მუსიკალურ გადაცემებში, ჟიურის წევრად.

“მე მინდა, რომ ოქროს ხანა დადგეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე” - თქვა გასაუბრების დასასრულს და აღნიშნა, რომ ბორდი ალბათ მის კონკურენტს (გულისხმობს თინათინ ბერძენიშვილს) დაუჭერს მხარს, მაგრამ თუ მაუწყებლის გაცოცხლება და “აყვავება” სურთ, ის აქ არის და მზად არის ძირეული ცვილებებისთვის.

შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები დაიწყო.

კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა, დღეს, გასაუბრებაზე თქვა, რომ კანდიდატურას ხსნის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორს სავარაუდოდ პარასკევს, 25 სექტემბერს აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.