ეისითი ატარებს უფასო ტრენინგს ჟურნალისტებისთვის
17.10.2018
ეისითი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, ატარებს ერთდღიან უფასო ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის მიზანია 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სწორი და ობიექტური გაშუქების ხელშეწყობა და ჟურნალისტების კომპეტენციის ამაღლება მონაცემების ინტერპრეტაციისა და ანალიზის პროცესში.

ტრენინგი დაეხმარება ჟურნალისტებს ისეთ საკითხში, როგორიც არის:
  • მოახდინონ მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია და გადმოსცენ ინფორმაცია მოსახლეობისთვის პოპულარულ ენაზე.
  • მოახდინონ იდენტიფიცირება იმისა თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს მონაცემთა არასწორად წარდგენას.
  • შეიძინონ საკმარისი ცოდნა და გამოიმუშაონ ანალიტიკური უნარი, რომელიც დაეხმარება დაადგინონ, როდის შეიძლება იქცეს მონაცემი მანიპულაციის საგნად.

პრაქტიკულ ტრენინგზე ჟურნალისტები გაიგებენ:
  • რატომ შეიძლება მონაცემი იყოს მანიპულაციის საგანი?
  • როგორ შეიძლება მონაცემმა შეგვიყვანოს შეცდომაში და დაგვიმახინჯოს რეალობის აღქმა?
  • შეიძლება თუ არა გახდეს მონაცემების ინტერპრეტაცია მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის საბაბი პოლიტიკური პარტიებისგან და საფრთხე შეუქმნას მოვლენების ობიექტურ გაშუქებას, ან შელახოს მედიის იმიჯი?
  • როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მონაცემებმა რეალურ არჩევნებზე, როდესაც მონაცემებში არის „უარი“ და „არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა“?
  • რა კითხვები უნდა დაუსვას მედიამ კვლევით კომპანიას სატელევიზიო ეთერში მონაცემის გაჟღერებამდე და გამოქვეყნებამდე?
  • ტიპური შეცდომები – მიღებული შედეგის ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია ეთერში.
  • არ ვიცი და უარების ფაქტორი რეალური შედეგების დადგენისას.
  • რა არის და რას ნიშნავს მონაცემთა შეწონვა და გენერალიზება?
ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.

ტრენინგს ჩაატარებს ლაშა ბოკუჩავა, „ეისითი“-ს მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც მონაცემთა ანალიზში 15+ წლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგი გაიმართება 24 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 11:00-16:30-სთ (coffe breake 14:00 სთ-ზე).

მისამართზე: ქ.თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქ.#8, „ეისითი“-ს სათაო ოფისი (აშშ-ს საელჩოსთან).

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 22 ოქტომბრის 14 საათამდე.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სიახლეები

მსგავსი სიახლეები არ მოიძებნა!

ასევე იხილეთ

უნდა ეჩვენებინა თუ არა მედიას გარდაცვლილი მეშახტის მგლოვიარე და - საბჭოს გადაწყვეტილება
მოვლენის მნიშვნელობამ და საზოგადოებრივმა ინტერესმა პირად ცხოვრებაში შეჭრის ფაქტი გადაწონა, ამიტომ სიუჟეტში, რომელშიც გარდაცვლილის მგლოვიარე ახლობელი აჩვენეს, ქარტიის მე-10 პრინციპი არ დარღვეულა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის - „რატომ ხოცავთ ხალხს“ საქმეზე მიიღო. მასალა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოს სალომე ბელქანიამ მიმართა, მასალაზე პასუხისმგებლობა კი “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ აიღო.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა. კურიერში გასული სიუჟეტი ერთ-ერთი გარდაცვლილი მეშახტის მგლოვიარე დის მძიმე ემოციური მდგომარეობის კადრებს ასახავდა.

განმცხადებელი სალომე ბელქანია მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სიუჟეტით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და, შესაბამისად, ქარტიის მეათე პრინციპი დაირღვა. ამ პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“

„ბუნებრივია, თავად ფაქტს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს, თუმცა არა პანაშვიდს, რომელიც ამ კადრებშია ნაჩვენები“, - აცხადებდა სალომე ბელქანია და აღნიშნავდა, რომ სიუჟეტი მხოლოდ შოუს დადგმასა და რეიტინგზე ზრუნვას ემსახურებოდა.

ქარტიის საბჭო განიხილავს საქმეს - სალომე ბელქანია ნოდარ მელაძის წინააღმდეგ

როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას ქარტიის საბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გაითვალისწინა:
  • მოვლენის მნიშვნელობა - სიუჟეტი ეხებოდა სერიოზულ პრობლემას - შრომით ადგილებზე დასაქმებულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ტყიბულში, სადაც თითქმის ყოველ წელს საწარმოო პროცესში იღუპებიან დასაქმებულები.

  • სიუჟეტის გადაღების ადგილი - პირი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა ქუჩაში, საჯარო ადგილას, ათეულობით მოქალაქის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. შესაბამისად, ასეთი ადგილი დაცვის უფრო ნაკლები სტანდარტით ხასიათდება, ვიდრე უშუალოდ პირადი სივრცე.

  • მონაწილე პირები - სიუჟეტში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება იმ დროისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. შესაბამისად, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა მინისტრის რეაქციები, დამოკიდებულება ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

  • მგლოვიარე პირის მოწოდებები - აღსანიშნავია, რომ მგლოვიარე პირის ემოციები და განცხადებები აღწერდა არა მხოლოდ მის პირადულ, არამედ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დამოკიდებულებას და შეიცავდა პრეტენზიებს.

  • ემოციური მდგომარეობის ჩვენება - ცხადია, ემოციური მდგომარეობის ჩვენება არ უნდა იყოს ჟურნალისტის თვითმიზანი და არაგონივრულად არ უნდა შეიჭრას პირის პირად ცხოვრებაში, მაგრამ თუ სხვა გარემოებების ერთობლიობით პრობლემის მთელი სიცხადე სწორედ პირის პირადი ტრაგედიის ჩვენებით წარმოჩინდება, მედიამ უარი არ უნდა თქვა მის ჩვენებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის მძიმე საყურებელი იქნება აუდიტორიისთვის.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე კი საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ქარტიის მეათე პრინციპი არ დარღვეულა.

„საბჭო მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. პირის პირადი ემოციების ჩვენებით ცხადად და რეალურად წარმოჩინდა ერთის მხრივ ტრაგიკული შედეგები, რასაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი შრომითი უსაფრთხოების პრობლემა იწვევს და მეორეს მხრივ, ნათელი გახდა, რომ არც ხელისუფლებას არ აქვს რეალური და ქმედითი პასუხი მოქალაქის ბრალდებებზე,“ - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

იხილეთ ის საქმეები,რომლებზეც საბჭომ დაადგინა მე-10 პრინციპის დარღვევა
გაეცანით ქარტიის საბჭოს შემადგენლობას
ვინ დაიწყო ომი? - მანიპულაცია “ქრონიკის” მთავარ გამოშვებაში
9 ნოემბერს სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის ვიდეოს ფრაგმენტი გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობს.

ვიდეოს ტექსტი - მიხეილ სააკშვილი: “კითხვაზე - განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”.

მალევე ჯერ imedinews.ge გამოჩნდა ახალი ამბავი სახელწოდებით - “სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში”. საღამოს კი, ტელეკომპანია "იმედმა" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამ თემას თითქმის 7-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა.

გადაცემის ე.წ. პრომოდან გავიგეთ, რომ გამოშვებაში 2008 წელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ვნახავდით.

წამყვანების ტექსტი

“სააკაშვილის აღიარება, რომელიც ყველას კარგად ჰქონდა დავიწყებული და დღემდე არ იძებნებოდა. ყოფილი ხელისუფლების მცდელობით, ომთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება წაშლილია და აღარ არსებობს. ეს ვიდეომასალა 2008 წლის ნოემბერშია გადაღებული. აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ მან და მისმა ხელისუფლებამ განახორციელეს საბრძოლო მოქმედებები, იმისთვის, რომ აეყვანათ კონტროლქვეშ ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა”, - ასე დაიწყო თემის წარდგენა “ქრონიკის” ერთ-ერთმა წამყვანმა

შემდეგ კი მისმა კოლეგამ განაგრძო: “დღეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ეს აღიარება საქართველოს მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2008 წელს მოისმინა. დღეს ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მაგრამ მალევე წაიშალა, თუმცა მომხმარებლებმა მისი გავრცელება მაინც მოასწრეს. ამ სიტყვებს მიხეილ სააკაშვილი და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს უკვე აღარ იმეორებენ”.

სიუჟეტის აქცენტები

სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი განმარტავს, რომ “ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?” - ეს თემა კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელში ვიდეო გავრცელდა. ამბობს რაზეა საუბარი გავრცელებულ ვიდეოში და ამატებს, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ნაცინალური მოძრაობა” თავის მართლების რეჟიმში იყო, “ქართული ოცნება” კი ყოფილი მთავარსარდლის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობდა.

სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში 9 ნოემბერს, დილით გავრცელდა, მოგვიანებით კი გაქრა, თუმცა მომხმარებლებმა მისი გავრცელება მაინც შეძლეს. ავტორის თქმით, საკითხი სოციალურ ქსელში მთავარი განხილვის საგანი იყო.



მასალაში ვიდეოს ფრაგმენტი რამდენჯერმე გამეორდა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ის, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილი აღარ ამბობს, 2008 წელს აღიარა”. მისივე თქმით, ამ საკითხზე ყოფილმა პრეზიდენტმა ომის შემსწავლელ კომისიაზე კითხვა თავად დასვა და თავადვე უპასუხა, რასაც კვლავ ვიდეოს ფრაგმენტი მოჰყვა.

სიუჟეტში სააკაშვლის აღიარების კონტექსტი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებითა და Facebook-ის პოსტებით გრძელდება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უარყოფით კონტექსტია წარმოჩენილი. ეს მაშინ როდესაც, თავად “იმედის” მიერ გავრცელებულ ამბავს სოციალურ ქსლეში არხის მიმართ არაერთი მოქალაქის უარყოფით რეაქცია და კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

ამის შემდეგ მასალაში არჩევნების თემა შემოდის: “ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამ ვიდეოში ამბობს, 10 წლის შემდეგ მისი და მისი გუნდის მთავარი კომპრომატია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება 2008 წელს პირდად მოისმინა გრიგოლ ვაშაძემ, ის ლიდერის ნათქვამის გამართლებას დღეს ცდილობს”, - განმარტავს ჟურნალისტი, რასაც თავად გრიგოლ ვაშაძის კომენტარი მოსდევს. ვაშაძე ამბობს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო, როგორც პასუხი იმ აგრესიაზე, რომელიც პირველი აგვისტოდან უკვე შეუწყვეტელ ხასიათს ღებულობდა”.

სიუჟეტში ასევე მოვისმინეთ ჟურნალისტის შეფასება, რომ “სამხედრო მოქმედებების არასწორ გათვლას მეტი ტერიტორიების დაკარგვა, გარდაცვლილი მოქალაქეები და დევნილების ახალი ტალღა მოჰყვა”. ნათქვამს მმართველი გუნდის წევრების კომენტარები მოსდევს, - ისინი აგვისტოს ომთან მიმართებით სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ.

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ექსპრეზიდენტი ევროპიდან განსაკუთრებით აქტიურობს, თუმცა აგვისტოს ომთან დაკავშირებით მისსავე განცხადებაზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს.

ყოფილი პრეზიდენტის პასუხი
ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეოს Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოგვიანებით გამოეხმუარა. ამ დროს იმედის მთავარი საინფორმაციო გამოშვება უკვე დასრულებული იყო.

რაც მასალაში არ მოხვდა

იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტი მთლიანად აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღიარებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც ვრცელი ვიდეოს მხოლოდ რამდენიმეწამიან ფრაგმენტს ეფუძნებოდა. 

ამასთან, იმედის წამყვანებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ “[წინა] ხელისუფლების მცდელობით, ომთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება წაშლილია და აღარ არსებობს”, არადა ომის შემსწავლელი კომისიის სტენოგრამულ ჩანაწერს კონკრეტული გამოცემების არქივი დღემდეე ინახავს. მაგალითად, სააკაშვილის დაკითხვის სრული ტექსტი იძებნება საიტზე Civil.ge. მოგვიანებით, ტექსტის ვრცელი ვიდეოჩანაწერი ყოფილმა პრეზიდენტმა თავადაც გაავრცელა.

ტექსტის სრული ვერსიიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე ნამდვილად საუბრობს, თუმცა ის იქვე ამბობს, რომ “ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც როკის გვირაბთან “რუსეთის არმიის ასობით ტანკის” გამოჩენას და საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლების “ინტენსიურ დაბომბვას” მოჰყვა. შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ ომის დაწყებას კი არ აღიარებს, არამედ ქართული მხარის მხრიდან რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხო რეაქციაზე მიუთითებს.

კონკრეტული მაწყებლის მიერ აღნიშნული ვიდეოს კონტექსტის გარეშე, მხოლოდ პატარა ფრაგმენტის გაშვება, არხის მიერ ფაქტით ცალსახა მანიპულაციაზე, შინაარსის დამახინჯებასა და მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე მიუთითებს.

იმედის გარდა ვინ როგორ/ან არ გააშუქა ეს თემა 

ამ თემაზე მასალა მაუწყებლებიდან, იმედის გარდა, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბავს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ე.წ. კადრ-სინქრონით გამოეხმაურა. წამყვანის ტექსტს, რომელშიც ის ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ყოფილი პრეზიდენტი “აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მან მიიღო”, მხოლოდ ვიდეო და ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარი მოსდევს. ცქიტიშვილი ყოფილი ხელისფლების ბრალეულობაზე საუბრობს.

ამბავი ვერ მოხვდა ტელეკომპანია პირველისა და რუსთავის 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.
ინტერვიუ კახა კალაძესთან რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საუბრის გარეშე
10 ნოემბერს, როდესაც რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმის აკრძალვის გამო ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკაში” სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელთანაც ინტერვიუ ამ თემაზე საუბრის გარეშე დასრულდა.

წინა დღეს, 9 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლებიც საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ, პარლამენტის წინ ჯდომის ნაცვლად აქციის ჩატარებისთვის სხვა ადგილის მოძებნისკენ მოუწოდა, ვინაიდან იქ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას. ამის შემდეგ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააორგანიზეს და 10 ნოემბერს ზუსტად იმ დროს, როდესაც “ქრონიკას” კახა კალაძე სტუმრობდა, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და კავების გაშლაც დაიწყეს. თუმცა, პოლიციამ ამ კარვების შეტანის შეზღუდვაც სცადა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ ინცინდენტში სარალიძემ კახა კალაძე დაადანაშაულა. 

მიუხედავად ამ წინაისტორიისა და პარალელურად მიმდინარე ამებებისა, წამყვანს, თეა სიჭინავას ამ თემაზე თბილისის მერისთვის კითხვა არ დაუსვამს. ამის ნაცვლად დაინტერესდა კალაძის მოსაზრებით მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების შესახებ, ჰკითხა თუ როგორ მიმდინარეობს ხელისუფლების მზადება მეორე ტურისთვის, შეაფასებინა საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, გამარჯვების შემდეგ დემონსტრაციის გამართვის შესახებ. მთელი ინტერვიუ კახა კალაძემ ნაციონალურ მოძრაობის კრიტიკის, თბილისის მერიის და ქართული ოცნების გეგმებზე საუბრისთვის გამოიყენა.

იმედისგან განსხვავებით აქცია პირდაპირ ეთერში ჰქონდათ ტვ პირველსა და რუსთავი 2-ს, რომლებმაც სამაუწყებლო ბადე ამ ამბის გასაშუქებლად შეცვალეს.





საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მარმენიოს რეკლამაში
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მარიამ ვაშაძემ წვეულებების ორგანიზატორი კომპანიის “მარმენიოს” საიმიჯო კლიპში მიიღო მონაწილეობა. ვიდეორგოლში, რომელიც კოპმანიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი კომპანიის ერთ-ერთი დამკვეთის როლში გვევლინება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში აღნიშნულია, რომ "იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". მართალია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, ეს ნორმა მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამაში მონაწილეობაზე ვრცელდება, მაგრამ საინფორმაციო გადაცემის წამყვანის ნებისმიერი ტიპის რეკლამაში მონაწილება წინააღმდეგობაში მოდის ეთიკურ პრინციპებთან.

ამის შესახებ საუბარია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჟურნალისტთა ინტერესის კონფლიქტზე მომზადებულ სახელმძღვენელო წესებშიც, სადაც აღნიშნულია :“ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა პრომოუშენში”.

ამგვარი სტანდარტის მიზანია არ შეილახოს მაუწყებლის რეპუტაცია და როდესაც არხს წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ რაიმე ტიპის მასალის მომზადება მოუწევს, აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა”.

ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება „კურიერში“
6 ნოემბერს, რუსთავი 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის არაპირდაპირი იდენტიფიცირება მოხდა. როგორც „კურიერის“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, 15 წლის გოგო რამდენიმე თვის წინ ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი იგი სკოლის ადმინისტრაციის, თანასკოლელებისა და ნაცნობების მხირდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. არასრულწლოვანმა ხუთჯერ სცადა თავის მოკვლა.

სიუჟეტში არ მომხდარა არც ძალადობის მსხვერპლის და არც სავარაუდო დამნაშავის პირდაპირი იდენტიფიცირება. ასევე არ მომხდარა მსხვერპლის მშობლისა და დანაშაულის ჩადენის ადგილის იდენტიფიცირება. თუმცა, ჟურნალისტმა სიუჟეტში გამოიყენა სკოლის გარე პერიმეტრის კადრები, შემდეგ კი გამჟღავნდა სკოლის დირექტორის სახელი და გვარი, მისი კომენტარი დაუფარავად გავიდა ეთერში. აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ მოხდეს იმ სკოლის იდენტიფიცირება, სადაც ძალადობის მსხვერპლი და როგორც ირკვევა, სავარაუდო დამნაშავე სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავეც ასევე არასრულწლოვანია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების  სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემდგომი ტრავმის, სტიგმატიზებისა და გარიყვის თავიდან აცილების მიზნით, ძალდობის მსხვერპლი ბავშვი ისე უნდა დაიფაროს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის სახის დაფარვა მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. ეს ეხება არა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ გარემოს, არამედ იმ დაწესებულებასაც, სადაც იგი სწავლობს.