სასწავლო პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში
09.07.2019
"ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი", გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებენ ერთწლიან სასწავლო პროგრამას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

პროგრამის აგებულება:

5 თეორიული ტრენინგი შემდეგ თემებზე: ინფორმაციის მოძიება, საფუძვლიანი კვლევა, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება, ინტერვიუს მეთოდები, კომუნიკაცია, წერის თანამედროვე მეთოდები, ვიზუალიზაცია, ვიდეო გადაღება-მონტაჟი. თითო ტრენინგის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5 დღეა.

5 პრაქტიკული ტრენინგი - საველე სამუშაოები: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება წინასწარ მომზადებულ თემებზე. თითო საველე სამუშაოს ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5 დღე.

3 ან მეტი ზოგადსაგანმანათლებლო ტრენინგი თემებზე: სოციალური და ინდივიდუალური ფსიქოლოგია, საერთაშორისო პოლიტიკა, რეგიონალური პოლიტიკა, საქართველოს თანამედროვე პოლიტიკა, ეკონომიკა და ჩრდილოვანი სტრუქტურები.

პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი (აგვისტო 2019 - ივლისი 2020).

პროგრამის ღირებულება: დეპოზიტი 500 ლარი, რომელიც დაუბრუნდება მონაწილეს პროგრამის ფარგლებში დაგროვებული ქულების შესაბამისი ოდენობით. პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში მონაწილე კარგავს თანხის უკან დაბრუნების შანსს.

საბოლოოდ, შერჩეული სტუდენტები გაემგზავრებიან გერმანიაში პრეს-ტურის ფარგლებში.

თუ ხართ ახალგაზრდა ჟურნალისტი ან ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი (ასაკობრივი ზღვარი 20-30 წელი), გაინტერესებთ საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხართ პასუხისმგებლიანი და დისციპლინებული, გააგზავნეთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა), შემდეგ მისამართებზე: ninobakradze@ifact.ge | shamil.shugaev@fnst.org 21 ივლისის ჩათვლით.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება გაიმართება შერჩეულ კანდიდატებთან.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

მკვლელობის კადრები “ექსკლუზიურად ფორმულაზე”
16 სექტემბერს, “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვებაში “ექსკლუზიურად” უჩვენა მაყურებელს მკვლელობის ამსახველი დაუფარავი კადრები. გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა მაყურებლისთვის ადამიანის მკვლელობის ნახვას, გარდა რეიტინგისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა.

რა მოხდა

15 სექტემბერს, ვერაზე ახალგაზრდა კაცი, ნიკოლოზ კვარაცხელია დაჭრეს. დაჭრილი მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. ამავე დღეს “ფორმულამ” მაყურებელს აცნობა, რომ “ექსკლუზიურად მოიპოვა” სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული მკვლელობის ამსახველი მასალა და ეთერში გაუშვა.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, გურამ როგავამ არაერთხელ გააფრთხილა მაყურებელი, რომ მძიმე კადრებს იხილავდა და ამის გამო ბოდიშს იხდიდა. ვიდეოს ეთერში გაშვებას წამყვანი “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე” ხსნიდა. თუმცა, ჟურნალისტისგან ვერ მოვისმინეთ ვერანაირი დასაბუთება, რა მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა.

სენსაციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მსგავსი მძიმე კადრების ჩვენება, რეიტინგს და მასის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს და არა მაღალ საზოგადოებრივი ინტერესს.

“ფორმულას” ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეო უკვე გაავრცელდა ონლაინ მედიაშიც. ნაწილი მკვლელობის ამსახველ კადრებს ფარავს.

რა არ გაითვალისწინა "ფორმულამ"

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები მედიებს მოუწოდებენ, რომ  მძიმე კადრები, მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთებით აჩვენონ ეთერში. ასევე, გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს და საზოგადოებას. 

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები ხაზგასმით მიუთითებენ მედიებს, რომ კრიმინალის გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და გაიაზრონ, რის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი.
  • მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
  • მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.
მაჟორიტარობის კანდიდატი დამნაშავეებს უჭერს მხარს, მედია ამას არაკეთილსინდისიერად აშუქებს
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს ექომაგება. მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ დაფინანსებულ მასალას კი მედიები მკითხველისთვის დამაბნევლად, შესაბამისი სარეკლამო მითითების გარეშე აქვეყნებენ.

რა მოხდა?

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა და კადრები ფეისბუქზე გამოაქვეყნა. თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოში ის ვახო სანაიას “ვერშემდგარ რევოლუციონერს, თანამედროვე ბოლშევიკს” უწოდებს.

25 აგვისტოს სასამართლომ სანაიაზე თავდამსხმელები დამნაშავედ სცნო. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო შაქარაშვილი მათ მედიაპატიმრებს უწოდებს და წერს, რომ “სასამართლომ უდანაშაულო ადამიანები გაასამართლა.”





თბილისის სასქალაქო სასამართლომ სანაიაზე თავდამსხემელებს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სამივე მათგანს ექვსი თვე წინასწარ პატიმრობაში უკვე მოხდილი ჰქონდა და ისინი სასამართლო განხილვის დღეს გათავისუფლდნენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას “ძალადობის მორიგი წახალისებად” და “კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის საფრთხედ” აფასებენ.

მედიის არაკეთილსინდისიერი გაშუქება


საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ვატო შაქარაშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ეს პოსტები დამატებითი დაფინანსებით (Sponsored) იყო გამოქვეყნებული.

ზოგმა ონლაინ გამოცემამ ეს მასალა ისე გამოაქვეყნა, რომ არ მიუთითა რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი, ზოგმა კი ნიშნები “NS” ანდა “R” ასო დაურთო.

"აიპრესმა" და "პრაიმტაიმმა" მტკიცებით ფორმაში გამოაქვეყნეს სტატია, შინაარსით, რომ “სანაიაზე თავდამსხმელების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა”.

"ინტერპრესნიუსმა" კი შაქარაშვილის ფეისბუკ პოსტის შინაარსი გამოაქვეყნა ნიშნით “NS”.

სარეკლამო მასალის მედიაში გამოქვეყნების წესის მიხედვით, “ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ”.

სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან. სხვა შემთხვევაში მკითხველისთვის დამაბნეველია, ჟურნალისტურ მასალას კითხულობს თუ დაფინანებულს.

რა ხდებოდა მანამდე?

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

25 აგვისტოს ვახო სანაიაზე თავდამსხმელი 3 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ. შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 25 აგვისტოს დატოვეს
„სპორტული წარმატებები, როგორც ინდულგენცია თავისუფლებისათვის“ - ზვიადაურის საქმის გაშუქება მედიაში
მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ონლაინ მედიის ნაწილი უკონტექსტოდ აქვეყნებს სპორტსმენის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელ ციტატებს.

რა მოხდა

16 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კახეთში, წინანდალში 3 ადამიანი მოკლეს. მათ შორის, ერთ-ერთი გარდაცვლილი ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის ძმა - ზვიად ზვიადაური იყო. მეორე დღეს, პოლიციამ ერთ-ერთი გარდაცვლილის მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავა. 18 აგვისტოს კი პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამბის გახმაურებიდან მალევე ზვიადაურს არაერთი ცნობილი ადამიანი დაუდგა თავდებში. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სასამართლოს ისიც კი შესთავაზა, რომ ბრალდებული ციხის ნაცვლად მის სახლში ყოფილიყო პატიმრობაში - “თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელიო”.

დანაშაულის გამამართლებელი გაშუქება მედიაში

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის საქმეში ოლიმპიური ჩემპიონის სახელიც ფიგურირებს, სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებამ ზვიადაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი გაშუქება დაიწყო.

მედიები უკონტექსტოდ აქვეყნებენ ზვიადაურის გულშემატკივრების სოციალური ქსელების პოსტებს, სადაც ისინი წერენ, რომ როდესაც “კაცს თვალწინ ღვიძლ ძმას და ორი მეგობარს დაუცხრილავენ”, ის შოკშია და მის ადგილზე შეიძლება სხვას “ბევრად უარესი გაეკეთებინა“.

გარდა ამისა, ახლობლების, მეგობრების, მხარდამჭერების ყველაზე ემოციური, გამამართლებელი კომენტარები, მტკიცებით ფორმაში, გამოცემებს სათაურებშივე გამოაქვთ.

მაგალითად:

ამბის მეორეხასრისხოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, ახლობლების, მეგობრების და გულშემატკივრების ემოციური პოსტებისა და გამამართლებელი კომენტარების უკონტექსტოდ გაშუქებით, მედია ისეთ განწყობას ქმნის საზოგადოებაში, თითქოს, ზვიადაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ მკვლელობას გამართლება აქვს და მან პასუხი არ უნდა აგოს. მედიამ კი თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის გამართლებისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მსგავსი გაშუქება ქმნის განწყობას, თითქოს, სახელოვანმა სპორტსმენმა პასუხი არ უნდა აგოს და მისი წარმატებები უნდა იყოს ინდულგენცია მისი თავისუფლებისათვის.

“არ მიმაჩნია პრობლემად, თუ ვიღაც საჯარო პირი სოციალურ ქსელში დაწერს, რომ “აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით, ძმა რომ მოეკლათ” და გაამართლოს ძმის მკვლელის მკვლელობა. სამწუხაროა, რომ ასეთი საჯარო პირები გვყავს, რომლებსაც ასეთი არქაული, არასამართლებრივი აზროვნება აქვთ.,მაგრამ ეს მათი ნებაა. თუმცა მედიამ ეს აზრი არ უნდა შესთავაზოს აუდიტორიას, როგორც მედიაპროდუქტი” - ამბობს ქორიძე.

ქორიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი გაშუქება სამართლებრივი სახელმწიფოს როლს აკნინებს, ამიტომაც მედიას აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ხელი არ შეუწყოს მსგავსი აზრების ტირაჟირებას.

“მსგავსი აზრების კრიტიკული ანალიზის გარეშე გავრცელება, იმის მანიშნებელია, რომ ეთანხმები ამ პოზიციას. აქ უკვე მედია ხდება ამ მოსაზრების არა მარტო გამტარი, არამედ - მხარდამჭერი. ეს კი ნიშნავს რომ მიკერძოებული ხარ.”
„ფორმულამ“ წაშალა მასალა, რომელშიც სავარაუდო მოძალადე და მსხვერპლი იყვნენ იდენტიფიცირებულები

ტელეკომპანია "ფორმულამ" სოციალური ქსელიდან წაშალა სიუჟეტი, სადაც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი და სავარაუდო დამნაშავე იყვნენ იდენტიფიცირებულები.

რა მოხდა?

საინფორმაციოში გასულ კადრებში სმარტფონის ეკრანზე ძალადობის მსხვერპლი ქალის სახელი და გვარი, მიმოწერების ჩვენების დროს კი სავარაუდო მოძალადის ტელეფონის ნომერი ჩანდა.

„ფორმულას“ საინფორმაციო ამბების პროდუსერის, ხათუნა საღინაძის თქმით, მასალის გაშვებამდე დაგეგმილი იყო საქმეში მონაწილე პირების დაფარვა, იდენტიფიცირება კი, სავარაუდოდ, სიჩქარისა გამო ტექნიკური შეცდომაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და პრიორიტეტია მსხვერპლი არ იყოს იდენტიფიცირებული.“, - ამბობს პროდიუსერი.

სიუჟეტში ნახსენები ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერი ამბობს, რომ მედიაში ძალადობის თემის გაშუქების დროს, როგორც მსხვერპლის, ისე დამნაშავის კონფიდენციალობის დარღვევის ფაქტები ხშირია.

„არავინ არის დაზღვეული შეცდომისგან, მაგრამ როცა ამას გაცნობიერებულად აკეთებ, დიდი დანაშაულია“ - ამბობს შორენა გაბუნია.

მისი თქმით, იდენტიფიკაცია  მსხვერპლისთვის ტრავმის გაღრმავების საფუძველია და კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას. „სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ხშირია ხოლმე.“ - გვეუბნება „საფარის“ კომუნიკაციების მენეჯერი.

კრიმინალისა და გენდერული საკითხების სახელმძღვანელო წესები

·        მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა, როგორც წესი, არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

·        დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ უნდა დამალოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ვინაობა გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

·        დაუშვებელია ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

·        ხშირად მსხვერპლთა მხოლოდ სახის დაფარვა საკმარისი არ არის მისი არაიდენტიფიცირებისთვის. ისტორიის მოყოლითაც კი შესაძლებელია ადვილად ამოსაცნობი გახდეს მოძალადისთვის. ამიტომაც კარგად გაანალიზეთ, დაცული იქნება თუ არა მსხვერპლის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მის ისტორიას მოყვებით. რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია არათუ სახელის, გვარის და სახის დაფარვა, არამედ ისტორიის დეტალების შეცვლაც კი მოგიწიოთ.

“იმედი” და “პოსტვ
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციას ყველა ცენტრალური მაუწყებელი, ტელეკომპანია “იმედის” და “პოსტვ-ის” გარდა, დაახლოებით, 18:00 საათიდან პირდაპირ ეთერში აშუქებს. “იმედსა” და “პოსტვ-ზე” კი სერიალი გადის.

აქციაზე სიტყვით გამოდიან ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას დროს დილამდე აძლევენ და აცხადებენ, რომ უნდა გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშილი და მთავრობის სხვა წევრები.

აქციაზე შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.