ქალთა საინფორმაციო ცენტრის ონლაინ ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
06.05.2020
ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შედგება ოთხი 2 საათიანი სესიისგან.

ტრენინგის თემატიკაა : გენდერული თანასწორობა, კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები.

ტრენინგის გავლის შემდეგ, და Covid-19-ის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შერჩეული ჟურალისტები მონაწილეობას მიიღებენ გასვლით სემინარში. ასევე, ტრენინგის განმავლობაში 3 საუკეთესო მასალა(და ჟურნალისტი) წახალისდება. მონაწილეების შერჩევა მოხდება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის(GNWP) გუნდის მიერ.

ტრენინგში ასევე მონაწილეობას მიიღებს Mavic Cabrera Balleza-GNWP-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ტრენინგის ენა: ქართული.
უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ინგლისურიდან ქართულად.

დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა რეზიუმეები და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე უნდა გააგზავნონ: kostavanatia@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 8 მაისი, 2020
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ინტერვიუს დადგმის მცდელობა

სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერვიუს დაგეგმვა სცადა და შეეცადა მისთვის ეკარნახა, როგორ დაეწყო ინტერვიუ. საუბარია სპეციალურ გამოშვებაზე, რომელშიც არხი მაყურებელს “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის გამო დაწყებული  საპოლიციო ოპერაციის დეტალებს აცნობს.

შემთხვევის ადგილზე მისული ჟურნალისტი ემა გოგოხია ცდილობდა პირდაპირ ეთერსი ჩაერთო თვითმხილველები და მათგან მიეღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ რესპონდენტს მან სთხოვა მოეყოლა რა მდგომარეობა იყო და რა ნახა საკუთარი თვალით. რესპონდენტმა ამბის მოყოლა შემდეგნაირად დაიწყო: "ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვიარე ეს ტერიტორია, შიგნით შევიდნენ ტერორისტები და საქართველოს ბანკის ყაჩაღობა მიმდინარეობს და თქვენ კარგად ხედავთ, რომ ნაწილი გამოყვანილი არის … არა?” ამ დროს ჟურნალისტმა რესპონდენტს შეაწყვეტინა, სთხოვა, რომ თავიდან მოეყოლა ისტორია და უკარნახა, თუ რა უნდა ეთქვა მას.

რესპონდენტმა, ჟურნალისტის თხოვნისამებრ,  ამბის მოყოლა თავიდან დაიწყო, თუმცა, "მთავარმა არხმა" რამდენიმე წამში ჟურნალისტის ჩართვა შეწყვიტა და სამეგრელოში გადაღებული კადრების ფონზე მიმდინარე მოვლენებზე საუბარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა გააგრძელა.



მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ მედიამ არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს:

"ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით”.

"მედიაჩეკერი" შეეცადა გაერკვია, ექნება თუ არა არხის თვითრეგულირების ორგანოს რეაგირება მომხდარზე. არხის დირექტორმა თამთა მურადაშვილმა გვითხრა, რომ ჟურნალისტს პასუხის კარნახის მცდელობა არ ჰქონია, მას უბრალოდ სურდა, რომ მძევლების შესახებ დაესვა კითხვა და ამ საკითხზე მიეღო ინფორმაცია რესპონდენტისგან.

"ის, რომ თითქოს დადგმული იყო და მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, მე არ მგონია, რომ იმ კადრებში ასე ყოფილიყო და არ ვიცი, რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება. ჟურნალისტს უნდოდა კომენტარის მიღება მძევლებთან დაკავშირებით და არა ის, რომ ეკარნახა პასუხი წინასწარ, მე არ დამრჩა ამის შთაბეჭდილება. რაც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს, ამ სიტუაციაში ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მთავარია, დღევანდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს.

ფორსმაჟორში გადის ეთერი და ნახეთ თქვენც, რომ ტექნიკური ხარვეზებიც გვქონდა. თუმცა, ის რომ დადგმული იყო, ამას ნამდვილად არ ჰქონია აქ ადგილი და ამ ნაწილში ნამდვილად ვერ მივიღებ კრიტიკას. სხვა ნაწილებში შეიძლება იყო რაღაც ლაფსუსი კონკრეტულად ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით. ეთერში განაცხადა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი ადიოდა მეოთხე სართულზე და ეს ნამდვილად იყო შეცდომა და ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ ეთერი. ეს ჟურნალისტი აღარ ჩართულა იმის მერე ეთერში", - გვითხრა თამთა მურადაშვილმა.

⇒ შსს-ს მოწოდება მედიას

ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციას არამხოლოდ "მთავარი არხი" გადასცემდა პირაპირ ეთერში. მოვლენებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოების უსაფთხოების დაცვისთვის, საპოლიციო ოპერაციის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია, ასეთ დროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიამ პანიკისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას:


“მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.”

ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქების სახელმძღვანელოში კი ვკითხულობთ, რომ “ტერორისტული აქტები თუ მასთან დაკავშირებული სხვა ამბები უნდა გაშუქდეს ზუსტად, სრულად, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით და დიდი პასუხისმგებლობით.”
სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევა - გაზეთების მონიტორინგის შუალედური შედეგები
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზეთების უმრავლესობაში ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ გაზეთების უმრავლესობა ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ უარყოფითი განწყობით გამოირჩეოდა და რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ მკვეთრად დადებითი დამოკიდებულება არ შეინიშნებოდა.

“გაზეთების უმრავლესობაში გვხვდებოდა ჟურნალსიტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები: შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია რესპონდენტთა განცახდებების გარდა, ჟურნალისტთა ტექსტებშიც ხშირად გამოიყენებოდა. თუმცა, წინა წლებთან შედარებით შემცირდა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოების რაოდენობა (გამონაკლისს წარმოადგენს „ასავალ-დასავალი“)”

ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზეთების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება რჩება. გამოცემებში საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები ხშირად გვხვდებოდა.

“ჟურნალისტები არ ასახელებდნენ წყაროს და არც ფაქტობრივი მასალით ასაბუთებდნენ ხელისუფლების და ამა თუ იმ პოლიტიკოსის მისამართით წაყენებულ მძიმე ბრალდებებს. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტების მიერ გამოთქმული კრიტიკა და მწვავე კითხვები მიკერძოებული და სუბიექტური უფრო იყო, ვიდრე ფაქტებით გამყარებული. გადამოწმების გარეშე შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელთა ბრალდების შემცველი განცხადებებიც. ამასთან, კრიტიკის ობიექტს, ხშირ შემთხვევაში, საპასუხო კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ ეძლეოდა.”

მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზეთების უმრავლესობა მკითხველს ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებს სთავაზობდა, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე განხსვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლეოდა.

ძირითადი მიგნებები:

  • ყველაზე მეტად გაშუქდნენ: მთავრობა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;
  • მონიტორინგის სუბიექტების გაშუქებისას უარყოფითი ტონი ბევრად სჭარბობდა ნეიტრალურს, დადებითი ტონი თითქმის არ დაფიქსირებულა.
  • გამონაკლისს წარმოადგენდნენ გაზეთები: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“ და „გურია ნიუსი“, სადაც სუბიექტები, ძირითადად, ნეიტრალურად გაშუქდნენ;
  • შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებით გამოირჩეოდნენ გაზეთები: „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“; გაზეთ „ალიაში“, წინა წლებთნ შედარებით, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები შემცირებული იყო;
  • წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოების რაოდენობა (გამონაკლისს წარმოადგენს „ასავალ-დასავალი“);
  • გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ გამოირჩეოდა მკვეთრად პრორუსული და ანტისდასავლური განწყობით; პრობლემად რჩება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება: ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ მტკიცებულებების გარეშე ამა თუ იმ პოლიტიკოსის მისამართით მძიმე ბრალდების წაყენებას;
  • გადამოწმების გარეშე შუქდებოდა რესპონდენტთა ბრალდების შემცველი განცხადებებიც. ხშირ შემთხვევებში, კრიტიკის ობიექტს საპასუხო კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა;
  • გაზეთების უმრავლესობა მკითხველს ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებს სთავაზობდა, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, განხსვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლეოდა;
  • გამოცემების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე („კულუარული ინფორმაციით“, „გავრცელებული ინფორმაციით“, „წყაროს ცნობით“, „ამბობენ, რომ..“) დაყდნობით მომზადებული სტატიები რჩება;
  • ბეჭდურ მედიაში გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობდნენ როგორც რესპონდენტები, ასევე ჟურნალისტები.


მონიტორინგის შესახებ:

ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგებს. ამ დროის განმავლობაში მედიამონიტორები 8 გამოცემას აკვირდებოდნენ: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „კვირის პალიტრა“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“, „საქართველო და მსოფლიო“, „გურია news“.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ „ინტერნიუსი-საქართველო“ ახორციელებს და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული.
დაბალანსებული, თუმცა მშრალი და ზედაპირული - რადიოების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, რადიომაუწყებლების უმეტესობა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ ავლენდა, სიახლეები დაბალანსებულად, თუმცა მშრალად და ზედაპირულად შუქდებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რადიოების უმეტესობის ეთერში ერთი და იგივე თემები ტრიალებდა და კვლავ გამოწვევად რჩება ექსკლუზიური კონტენტის შექმნა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოვლენების პასიურ გაშუქებაზეც, ანუ როდესაც პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ რადიოეთერი საკუთარ ტრიბუნად გამოიყენონ და ჟურნალისტი სათანადოდ მომზადებული არ არის, რომ საპასუხო მწვავე კითხვა შეაგებოს.

“რადიომაუწყებლების ნაწილი ხელისუფლების მწვავე კრიტიკასაც არ ერიდებოდა და სიუჟეტებში პოლიტიკოსთა ურთიერთსაპირისპირო კომენტარებიც ისმოდა, მაგრამ მათი უმეტესობა რესპონდენტთა განცხადებების გადამოწმებას არ ცდილობდა, არ ჩანდა ჟურნალისტის როლი, რომ კრიტიკა მის მიერ მოპოვებულ ფაქტობრივ მასალებს დაფუძნებოდა და არა პოლიტიკოსთა ზოგად შეფასებებს”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება, რეგიონების, სოფლების, სოციალური პრობლემების, უთანასწორობისა თუ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გაშუქება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თემებზე სიუჟეტები თითქმის არ მზადდება და ჟურნალისტები ამ საკითხების წინ წამოწევას ვერ ახერხებენ:

“მართალია, რადიომაუწყებლები სიძულვილის ენას არ იყენებენ და არც რომელიმე ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული ენის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ ჟურნალისტები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ პრობლემები წინ წამოწიონ და პოლიტიკოსთა დღის წესრიგში დააყენონ, პასუხისმგებელი პირების მიმართ დასვან კითხვები, ეცადონ ამომწურავი პასუხების მიღებას, ფაქტების გადამოწმებასა და რაც მთავარია, თემის ბოლომდე მიყოლას”.

ძირითადი მიგნებები:

  • ყველაზე მეტი დრო მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმოთ, პარტიებიდან კი - „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“;
  • წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად მოიმატა ირიბი გაშუქების წილმა. ახალი ამბების უმეტეს ნაწილს პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებების ციტირება შეადგენდა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი მშრალი და ზედაპირული იყო;
  • თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდნენ და არა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია;
  • წინა წლების მსგავსად, რადიოარხების უმეტესობაზე, პრობლემად რჩება ინფორმაციის წყაროთა და კრიტიკული კითხვების ნაკლებობა - ჟურნალისტები ფაქტების გადამოწმებას ნაკლებად ცდილობდნენ;
  • სოციალურ თემებს, რეგიონებისა და უმცირესობების პრობლემებს კვლავაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა;
  • რადიომაუწყებლები გენდერული სტერეოტიპების გავრცელებას ხელს არ უწყობდნენ, ეთერში არ ისმოდა სექსისტური, ჰომოფობიური, რომელიმე გენდერული ნიშნის მიმართ სიძულვილის ან საფრთხის შემცველი განცხადებები;
  • ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები უხეშად არ ირღვეოდა: ხმით/მუსიკით მანიპულაციის, სიძულვილის ენის შემთხვევები არ გამოვლენილა


    მონიტორინგის შესახებ:

ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგებს.

მედიამონიტორები 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდებიან. ეს რადიოებია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „თავისუფლება“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ჰერეთი“, „მარნეული“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „სამხრეთის კარიბჭე“ (ქ. ახალციხე).

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული. მონიტორინგის ფარგლებში, „ინტერნიუსი-საქართველო“ რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს 16 ივნისიდან აკვირდება.

იხილეთ ასევე:

პლურალისტური, მაგრამ ნაკლები კრიტიკით - პოლიტიკური სპექტრის გაშუქება ონლაინ მედიაში
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის თანახმად, ონლაინ მედიაში გაუმჯობესებულია პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქება და თითქმის აღარ გვხვდება ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა და სარეკლამო და სარედაქციო მასალების არასათანადო გამიჯვნა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში.

ონლაინ მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, დღეს, 24 სექტემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს ონლაინ მედიაში შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით.

მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა ტექსტებში თითქმის აღარ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს.


მთავარი გამოწვევები

რაც შეეხება ონლაინ მედიის მთავარ გამოწვევებს, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან.

„ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას; ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები რ შეესაბამება სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, წინა წლების მსგავსად, გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით. ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული ანალიზი.

მედიამონიტორინი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება.

„მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები“, - ვკითხილობთ დოკუმენტში.

წლევანდელ ანგარიშში ყურადღება ეთმობა გენდერულად სენსიტიურ გაშუქებასაც. ანგარიშს მიხედვით, „მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში“.

ანგარიშის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში ჭარბობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დადებით ტონში გაშუქება, მათ შორის, ისეთ ვებგვერდებზეც, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს ტენდენცია, დოკუმენტში, COVID 19-ის პანდემიას უკავშირდება. კერძოდ, „სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა

ანგარიშის მიხედვით, კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების სარედაქციო მასალებისგან არასათანადო გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევაა interpressnews.ge-სთვის.

alt„სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ მომზადებული მასალების ერთ მესამედზე მეტი გამოქვეყნებულია კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა არ არის ნათლად გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, interpessnews.ge-ზე კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს უმეტეს შემთხვევებში ერთვის წრეში მოთავსებული ლათინური სიმბოლოები NS, რაც მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. interpessnews.ge-ის მკითხველს არ ეძლევა საშუალება ნათლად გაარჩიოს, რომელი სტატიებია მომზადებული რედაქციის მიერ და რომელი ქვეყნდება რეკლამის სახით.

altდაკვირვება აჩვენებს, რომ სარეკლამო და სარედაქციო მასალებს არასათანადოდ მიჯნავს ambebi.ge-ც. ზოგს აღნიშნვნას საერთოდ არ უკეეთებს, ზოგიერთ მასალას კი გამოყოფს სტატიის ბოლოს R-ის მითითებით, რაც NS-ის მსგავსად, მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. იგივე ტენდენციაა primetime.ge -ზე.

ანგარიში აჩვენებს, რომ მათგან განსხვავებით, სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებად უთითებს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს netgazeti.ge. სარეკლამო და სარედაქციო მასალებს ერთმანეთისგან ნათლად მიჯნავენ გამოცემები: publika.ge, sknews.ge, ასევე, დაფინანსებული პოლიტიკური კონტენტი სათანადოდ აქვს გამიჯნული on.ge-ს.


ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება


ანგარიში აჩვენებს, რომ ონლაინ გამოცემებში შეინიშნება შემთხვევები, როდესაც მძიმე ბრალდებების შემცველ მასალებში ცალმხრივი გაშუქება ხდება.

სამონიტორინგო პერიოდში, ასეთი არაერთი მასალა გამოქვეყნდა ambebi.ge-ზე.

altმოვლენების ცალმხრივი გაშუქება, კონკრეტულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების ხშირი გაშუქება, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის უცვლელად გამოქვეყნება დამახასიათებელი ტენდენციაა kvira.ge-ზე. მონიტორინგი აჩვენებს, რომ „ხშირად, უმძიმესი ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ შუქდებოდა რაიმე სახის გადამოწმების მცდელობის გარეშე. ასეთი სტატიები კი ჩვეულებრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მათ დისკრედიტაციას“.

იგივე ტენდენცია შეინიშნება მარშალპრესზე. ანგარიშის მიხედვით, „mpn.ge ხშირად აქვეყნებს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების Facebook-ის სტატუსებს, რომლებიც შეიცავს დაუდასტურებელ ბრალდებებს, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ, ასევე, შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველს ტერმინებს“.

 
კონკრეტულ პირთა მიმართ მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება მწვავე პრობლემაა primetime.ge-ზე. კვლევის მიგნებების თანახმად, ასეთი სახის დარღვევები სისტემატურად გვხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გაშუქებისას.

altანგარიშის მიხედვით, სტატიები, რომლებშიც მთავრობის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურათა განცხადებები წარმოდგენილი იყო როგორც დადასტურებული ფაქტები და არ ჩანდა ჟურნალისტთა მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და საკითხის თუნდაც ოდნავ სიღრმისეულად გაშუქების რაიმე მცდელობა, ხშირად ქვეყნდება sputnik-georgia.com-ზე.


წყაროთა მრავალფეროვნებისა და ბალანსის პრობლემა

დოკუმენტის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც პრობლემა იყო წყაროთა მრავალფეროვნება და ბალანსი. ეს შეინიშნებოდა მათ შორის ისეთ გამოცემებშიც, რომლებიც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობენ.

დოკუმენტის თანახმად, ონლაინგამოცემა publika.ge-ს შემთხვევაში, ეს დაპირისპირებული მხარეების ცალ-ცალკე სტატიებით გაშუქებაში გამოიხატება.

alt„publika.ge ყოველთვის ცდილობს ბალანსის დაცვას, თუმცა გამოვლინდა ამ კუთხით პრობლემური ცალკეული შემთხვევები, როდესაც ვებგვერდი დაპირისპირებული მხარეების მოსაზრებებს ცალ-ცალკე სტატიებით აშუქებს ისე, რომ მკითხველს, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნებულ სტატიებს გაეცნობა, არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ საპირისპირო პოზიციებსაც გაეცნოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყაროთა ბალანსის პრობლემა შეინიშნება radiotavisupleba.ge-ზე.

alt„radiotavisupleba.ge უმეტესად ცდილობდა ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას, თუმცა მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომლებშიც დაცული არ იყო წყაროთა ბალანსი და შესაბამისად, მოვლენები და ბრალდებები შუქდებოდა ცალმხრივად“, - ნათქვამია ანგარიშში.

მოვლენების ცალმხრივად გაშუქების შემთხვევა, როდესაც არ იყო დაცული ბალანსი, შეინიშნებოდა reginfo.ge-ზეც.

alt

რაც შეეხება ონლაინ გამოცემას netgazeti.ge, ანგარიშის თანახმად, „მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც მასალა ეფუძნებოდა კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას, ან განცხადებას, რომელიც ამხელდა ან აკრიტიკებდა სხვა პირების ან ორგანიზაციების საქმიანობას და არ იყო წარმოდგენილი ე.წ. მხილებული მხარის პოზიცია“.

alt


პოლიტიკური სუბიექტებისადმი დამოკიდებულება


მედიამონიტორინგის თანახმად, მართალია ინლაინ მედიაში პოლარიზაცია არ არის ძალიან მკვეთრი, თუმცა, ზოგიერთ გამოცემაში შეინიშნება ერთი მხრივ, მმართველი გუნდისა და ხელისუფლების დადებითად წარმოჩენა და მეორე მხრივ, ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა.

ანგარიშში ამ კონტექსტში დასახელებულია გამოცემები: kvira.ge, მარშლპრესი (mpn.ge), primetime.ge, sputnik-georgia.com. “

primetime.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ, კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. primetime.ge-ზე ცალსახად შეინიშნებოდა სახელისუფლებო გუნდის მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა”, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მმართველი გუნდის გაშუქებისას გამოვლინდა დადებითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები kvira.ge-ზე.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ მონიტორინგის პირველ პერიოდში sputnik-georgia.com ძირითადად სახელისუფლებო გუნდის დადებითი გაშუქებით იყო დაკავებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა სხვა პარტიების საქმიანობას: „მონიტორინგის სუბიექტთა გაშუქების საერთო მოცულობის 80 პროცენტზე მეტი სწორედ მმართველი გუნდის გაშუქებას დაეთმო. ამ სუბიექტთა გაშუქებისას კი ჭარბობდა დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები“.

altრაც შეეხება მარშალპრესს, ანგარიშში ნათქვამია: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ mpn.ge-ს მიზანი არა მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა მმართველი პარტიის სასარგებლოდ“.

ანგარიშიდან საინტერესოა ონლაინ გამოცემა ტაბულას შემთხვევა.

„tabula.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. მეორე მხრივ კი შეინიშნებოდა პარტია „ევროპული საქართველოს“ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ამ პარტიას დაეთმო ორჯერ მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, მმართველი პარტიის გამოკლებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


alt


*******


მონიტორინგის შესახებ

ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 15 ივნისს და დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

კვლევის მეთოდოლოგია

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით. რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სიხშირით შუქდება ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში და რა ტონით შუქდება აღნიშნული სუბიექტი. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.

მონიტორინგი არ ხორციელდება სარეკლამო სტატიებზე, რომლებსაც თან ახლავს სათანადო მინიშნება.
ტელევიზიებში გაზრდილია ეთიკური დარღვევის ფაქტები - წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური შედეგები
წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში ეთიკური დარღვევის ფაქტები გაზრდილია. წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ასევე, წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე, პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქების ფაქტები.

12 ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რომელიც ყველაზე დადებითად “იმედის” ეთერში გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის“ ეთერში. დათმობილი დროის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოსდევს, რომელიც ყველაზე დადებითად “მთავარმა არხმა”, ყველაზე უარყოფითად კი - “ობიექტივმა” გააშუქაა. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, პარტიას ყველაზე მეტი დრო ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუთმო. „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.

პოლიტიკური სუბიექტებიდან დიდი დრო დაეთმო მიხეილ სააკაშვილის გაშუქებას - მას ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი დრო “იმედმა” დაუთმო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველაზე ნეგატიურად “იმედსა” და “პოსტ ტვ”-ზე გაშუქდა. მიხეილ სააკაშვილი “პოსტ ტვ-იმ” 80%-ით, “იმედმა” კი 74%-ით უარყოფითად გააშუქა.

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მაუწყებლები

მონიტორინგმა აჩვენა, რომ რამდენიმე ტელევიზია აშკარად მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, ნაწილი კი “ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ ლოიალური განწყობით გამოირჩევა.

მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ტელეკომპანია “პოსტ ტვ” პირდაპირ პროსახელისუფლო არხადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ იგი მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. გარდა ამისა, ანგარიშში კვითხულობთ, რომ არხი ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში, არ ერიდება გადაუმოწმებელი და ყალბი ამბების გამოქვეყნებას:

“არხი მმართველ პარტიას მუდმივად დადებითად წარმოაჩენს და ასევე მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას ეხება საქმე. ოპოზიციის დაკნინების მიზნით, ჟურნალისტები მიმართავენ დამცინავ ტონს და ტექსტებს; ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლებს, “რადიკალებად” მოიხსენიებენ.

altalt

ხელისუფლებისადმი მიკერძოება გამოვლინდა ტელეკომპანია “იმედზე”. მონიტორინგმა აჩვენა, რომ საინფორმაციო გადაცემის პათოსი თითქმის სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების” და ხელისუფლების რიტორიკას.

“იმედზე“ პრაქტიკულად არ გვხვდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული ექსკლუზიური და სიღრმისეული სიუჟეტები.” - ვკითხულობთ ანგარიშში.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო.

“კვლავ მთავარ პრობლემად რჩება სიუჟეტების ზედაპირულობა, სიღრმისეული რეპორტაჟების ნაკლებობა. ,,პირველ არხს“, სამონიტორინგო პერიოდში, თითქმის არ ჰქონია მწვავე ექსკლუზიური მასალა - არ გამოვლენილა კორუფციული და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. გარკვეულ შემთხვევებში, ბალანსი ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო ფაქტები, როდესაც “მოამბე” ავლენდა “ქართული ოცნებისადმი” მიკერძოებას და არღვევდა ეთიკურ პრინციპებს.”

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის”, მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მეტნაკლებად, დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება, თუმცა, რიგ შემთხვევებში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო.

ხელისუფლებისადმი დადებით განწყობა გამოიკვეთა ტელეკომპანია “მაესტროზეც”. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშკარაა, „ქართული ოცნების“ მიმართ შედარებით რბილი, ოპოზიციისდმი კი კრიტიკული დამოკიდებულება ჟურნალისტების მხრიდან:

“ტელეკომპანია “მაესტრო” უმეტეს დროს უთმობს მმართველი პარტიისა და მთავრობის პოზიტიურად გაშუქებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ საინფორმაციო გადაცემებში ხელისუფლების დადებით ნაბიჯებზე ხდება მიზანმიმართულად ხაზგასმა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები


მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი „მთავარ არხს“ აქვს. შესაბამისად, კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ, ყველაზე ხშირად, ამ არხის ეთერში გადის. 

alt“მთავარი არხი” ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. წინასაარჩევნო პერიოდში არხი ძირითად აქცენტს ბიძინა ივანიშვილის, ,,ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების უარყოფით გაშუქებაზე აკეთებს. ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტები არ ერიდებიან ცინიკური, დამცინავი, ხშირად შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებას” - ვკითხულობთ ანგარიშში.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ არხებად არიან დასახელებული “ფორმულა”, “ტვ პირველი” და “კავკასია”. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ,,ფორმულა“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხია და განსაკუთრებით უარყოფითად საინფორმაციო გამოშვებებში ბიძინა ივანიშვილი შუქდება. გარდა ამისა, აშკარად შესამჩნევია ლოიალური დამოკიდებულება “ევროპული საქართველოს” მიმართ.

რაც შეეხება ,,ტვ პირველს“, მონიტორინგმა აჩვენა, რომ მაუწყებელი მთავარ საინფორმაციო გამოშვებები გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული, უარყოფითი დამოკიდებულებით. “აღნიშნული გამოიხატება, როგორც საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული საკითხების თემატიკით, ასევე ჟურნალისტების საავტორო ტექსტებით, ხშირად ირონიული ან დამცინავი შეფასებებით: ,,ქართველი დეპუტატების მადა ჭამაში მოდის. ჭამენ, ოღონდ ჩვენი ფულით,“ - თქვა ,,ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტში.”

altalt














მონიტორინგის შესახებ:


საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შუალედური შედეგები დღეს 24 სექემბერს გამოქვეყნდა. მონიტორინგი მიმდონარეობდა 15 ივნისი - 31 აგვისტოს პერიოდში.

ამ დროის განმავლობაში მონიტორები 12 სატელევიზო არხს აკვირდებოდნენ: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

მთავარი სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.