ნელი ბლაი - ბიოგრაფია
25.04.2016
ნელი ბლაი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ქალი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ჯეინ კოჩრანის ფსევდონიმია. მან სახელი ჯერ კიდევ 1880-იან წლებში გაითქვა ბლექვილის ფსიქიატრიული საავადმყოფოში პაციენტებისადმი მკაცრი და არაადამიაური მოპყრობის შესახებ სიღრმისეული და საგამოძიებო რეპორტინგის გამო. საყოველთაოდ ცნობილი კი, ნელი ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, იმითაც გახდა, რომ მან დედამიწას 72 დღეში შემოუარა და 80-დღიანი რეკორდი გააუმჯობესა.

ელიზაბეტი 1864 წლის 5 მაისს, კოჩრანს მილში, პენსილვანიის შტატში, დაიბადა. 6 წლის ასაკში მომავალ ჟურნალისტს მამა დაეღუპა, რომელიც ქალაქის დამაარსებელი და ცნობილი იურისტი იყო. მამის დაღუპვამ ოჯახი ფინანსურ კრიზისში ჩააგდო და ელიზაბეტი იძულებული გახდა ერთი სემესტრის შემდეგ, სკოლა-პანსიონატში სწავლისთვის თავი დაენებებინა. 1880 წელს, მისი ოჯახი საცხოვრებლად პიტსბურგში გადავიდა.“Pittsburg Dispatch”-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საავტორო სვეტს, 18 წლის ასაკში, ნელიმ უპასუხა საკმაოდ ვრცელი და სერიოზული წერილით, ფსევდონიმით „მარტოხელა ობოლი გოგონა“. წერილის სერიოზულობამ და პათოსმა გაზეთის რედაქტორი იმდენად მოხიბლა, რომ მან მალევე შესთავაზა ელიზაბეტს მათ გაზეთთან თანანმშრომლობა. მას ფსევდონიმიც სათანადო შეურჩიეს „ნელი ბლაი“ (იმ დროს პოპულარული სიმღერის მიხედვით).

„Pittsburg Dispatch”-ში მისულმა ნელიმ დაიწყო წერა ქალ მუშებზე, მათ უმძიმეს სამუშაო და საცხოვრებელ პირობებზე. რედაქტორები კი მისგან მოითხოვდნენ, რომ მოდაზე, მებაღეობასა და ხელოვნებაზე ანუ იმ თემებზე ეწერა, რომლის შესახებ საუბარიც ქალის მხრიდან უფრო მისაღები იყო იმდროინდელი ამერიკული საზოგადოებისთვის. ამ ყველაფრით უკმაყოფილო ნელიმ გადაწყვიტა, წასულიყო მექსიკაში და გამხდრიყო უცხოეთის ამბების კორესპონდენტი. 21 წლის ელიზაბეტმა თითქმის ნახევარი წელი დაჰყო მექსიკაში, საიდანაც “Pittsburg Dispatch-ს” ადგილობრივ ცნობებს აწვდიდა. მოგვიანებით, ეს პერიოდი მან აღწერა საკუთარ წიგნში „ექვსი თვე მექსიკაში“. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ადგილობრივი ჟურნალისტის დაპატიმრებას შეეხებოდა, ნელი ბლაიმ მექსიკის მთავრობა და პორფირიო დიასის დიქტატურა გააკრიტიკა. როდესაც მექსიკელმა ცენზორებმა მისი წერილი შეისწავლეს, აღმოაჩინეს რომ წერილი სავსე იყო რეჟიმის საწინააღმდეგი პათოსით, რის გამოც ელიზაბეტი მექსიკიდან გამოაგდეს.

აშშ-ში დაბრუნებულმა ჟურნალისტმა განაგრძო წერა თეატრსა და ხელოვნებაზე, თუმცა 1887 წელს მან დატოვა “Pittsburg Dispatch“ და ნიუ-იორკში გაემგზავრა. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ელიზაბეტი იძლებული გახდა სამუშაოდ მისულიყო პულიტცერის „New York World-ში“. სწორედ აქ მუშაობისას გაითქვა მან სახელი ბლექველის კუნძულზე მდებარე „შეშლილ ქალთა თავშესაფარში“ არსებული განუკითხაობის გაშუქების გამო.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნელი ბლაი თავად ცხოვრობდა ამ დაწესებულებაში, როგორც პციენტი. ჟურნალისტის ბლექვილის თავშესაფარში მოხვედრამ პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. “New York Sun-მა“ მას სტატიაც კი მიუძღნა სათაურით „ვინ არის ეს შეშლილი გოგო?“. “New York Times-მა“ კი ელიზაბეტს უწოდა „იდუმალი მეუღლე“, რომლის თვალებშიც „ცხოველური, შეშლილი მზერა“ იმალება და რომელიც გაიძახის, რომ არაფერი ახსოვს.

დაწესებულების შიგნით ყოფნა ნელი ბლაის დაეხმარა, ცხადად აღეწერა ის სასტიკი და არაადამიანური პირობები, რომელშიც ბლექვილის ფსიქიატრიული ინსტიტუციის პაციენტები იმყოფებოდნენ. ბლაის რეპორტაჟებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაშინდელ საზოგადოებაში და ხელი შეუწყო ინსტიტუციურ რეფორმასა და ჰუმანური მეთოდების დამკვიდრებას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

ელიზაბეტ ჯაეინ კოჩრანი საყოველთაოდ პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 1889 წლის 14 ნოემბერს, იგი 80 დღეში 24 899 მილის დასაფარად, დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ გაემართა. მისი მიზანი იყო ჟიულ ვერნის ცნობილი პერსონაჟის ფიბესებინა. თან თითქმის არაფერი წაუღია ორი ხელი ტანსაცმლისა და 200 ინგლისური გირვანქის გარდა. მოგზაურობისას, ნელი ეწვია ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას, სუეცის არხს, ჰონ-კონგს, სინგაპურსა და იაპონიას. აშშ-ში ის 1890 წლის 12 იანვარს, 72 დღეში დაბრუნდა, რითიც მან იმდროისთვის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. „World-ის“ მფლობელმა პულიტცერმა მას ჩარტერული მატარებელიც კი დაახვედრა, რომ სან ფრანცისკოდან ნიუ ჯერსიში ჩამოსულიყო.

1895 წელს ნელი დაქორწინდა მილიონერ მეწარმეზე რობერტ სიმენზე. ჟურნალისტიკით გადაღლილმა კი გადაწყვიტა გამხდარიყო „Iron Clad Manufacturing”-ის პრეზიდენტი. ეს იყო კომპანია, რომელიც რკინის ჭურჭელს ამზადებდა და იმ დროისათვის წამყვანი პოზიციებიც ეკავა აშშ-ის ბაზარზე. 1904 წელს, ელიზაბეტი დაქვრივდა და კომპანიის მართვა მთლიანად გადაიბარა. მის სახელს მიეწერება რამდენიმე გამოგონება, თუნუქისგან ჭურჭელის დამზადებაში და ერთ-ერთ წამყვან ქალ მწარმოებლად ითვლებოდა.

ნელი ბლაი 1910-იანი წლების ბოლოს კვლავ დაუბრუნდა ჟურნალისტიკას. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ის წერდა ევროპის აღმოსავლური ფრონტის შესახებ. მანამდე კი სუფრაჟისტების 1913 წლის პარადი გააშუქა. 1920 წელს ბლაიმ New York Journal-ში დაიწყო მუშაობა. თუმცა მალევე, 1922 წლის 27 იანვარს, 57 წლის ასაკში, ბრონქების პნევმონიით ნელი ბლაი დაიღუპა წმინდა მარკის საავადმყოფოში და ბრონქსში, ვუდლოუნის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ