ჰანტერ ტომპსონი - გონზო ჟურნალისტიკის ფუძემდებელი
04.06.2018


ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ჰანტერ ტომპსონი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი და საკულტო ფიგურაა. მისი წიგნები და ჩანაწერები დღემდე მილიონობით ახალგაზრდის შთაგონების წყაროა და პოპ კულტურაშიც ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ციტირებადი ავტორია.

ტომპსონი ჟურნალისტიკაში ახალი მიმდინარეობის - გონზო ჟურნალისტიკის ფუძემდებლად მიიჩნევა, რაც თხრობისას ამბავში ავტორის აქტიურ ჩართულობას მოიაზრებს. მისი ტექსტები სავსეა თავისუფალი, სუბიექტური ინტერპრეტაციებით და მოვლენების ავტორისეული შეფასებებით.

ჰანტერ ტომპსონი 1937 წლის 18 ივლისს დაიბადა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ბიბლიოთეკარი დედისა და სადაზღვევო აგენტი მამის ოჯახში. წერით ჯერ კიდევ კოლეჯის პერიოდში დაინტერესდა, როდესაც სპორტული კლუბის წევრობის გამო ყოველწლიური წიგნისთვის სტატიების დაწერა მოუწია. მოგვიანებით უკვე სხვადასხვა სპორტულ ჟურნალ-გაზეთებთანაც დაიწყო თანამშრომლობა, თუმცა, რადგანაც კარიერის აწყობას სამხედრო ავიაციაში აპირებდა, გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა და საკუთარი სახელით წერილების გამოქვეყნება არ შეეძლო.

დაახლოებით ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ მას უარი უთხრეს ამ საქმიანობის გაგრძელებაზე. მთავარი მიზეზი ტომპსონის მეამბოხე ხასიათი და სხვების აყოლიების განსაკუთრებული უნარი იყო, რის გამოც ის სამხედრო რეჟიმისთვის შეუფერებლად ჩათვალეს. ამის შემდეგ მან უკვე აქტიურად დაიწყო წერა და სპორტის გარდა სხვა თემებითაც დაინტერესდა.

ჰანტერ ტომპსონის ახალგაზრდობა 60-70 -იან წლებს დაემთხვა, დიდი კულტურული ძვრების პერიოდს ამერიკასა და ევროპაში. ჰიპების მოძრაობა, ახალგაზრდული ამბოხი, ბრძოლა უთანასწორობის და ჩაგვრის წინააღმდეგ, სექსუალური რევოლუცია... ეს ყველაფერი ცხადია ახალგაზრდა მწერალსა და ჟურნალისტს ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა, მით უმეტეს, როდესაც თავადაც ამ ყველაფრის ნაწილი იყო. თავისუფლებისა და ბოჰემური ცხოვრების მოყვარული ტომპსონი ექსპერიმენტებს არ ერიდებოდა და ცდილობდა, პირადად ენახა და გამოეცადა ის სიტუაციები, გარემო და კარგად გაეცნო ადამიანები, ვისზეც წერდა.

60-იანი წლების დასაწყისში თანამშრომლობდ ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: New York Herald Tribune, National Observer , Rouge magazine და სხვ. მისი ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფერო ახალგაზრდული კულტურა და ხელოვნება იყო, თუმცა სხვა მიმართულებითაც არაერთხელ მოუსინჯავს ძალები. მაგალითად, 1962 წლის მაისში ის სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იქ national observer -ის სპეციალური კორესპონდენტად მუშაობდა. სტატიების პარალელურად ტომპსონმა ნოველების წერაც დაიწყო. დაგროვილი გამოცდილების შედეგად მიხვდა, რომ უფრო მეტი ჰქონდა მოსაყოლი, ვიდრე ეს საგაზეთო მასალებში შეიძლებოდა გადმოეცა.

ჰანტერ ტომპსონის პირველი წიგნი Hell’s Angels 1967 წელს გამოვიდა და ის ამავე სახელწოდების ცნობილ მოტოციკლეტისტთა კლუბს ეხებოდა. იმისთვის, რომ მათი ცხოვრება კარგად შეესწავლა და თვითონაც ამ სუბ კულტურის ნაწილი გამხდარიყო, ტომპსონი ერთი წელი ცხოვრობდა ბაიკერებთან. მისი ტექსტი ძალიან პერსონალურია და ამ ერთი წლის გამოცდილების ავტორისეული რეფლექსიაა. აქაც, ისევე როგორც სტატიების დიდ ნაწილში, ამბის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ავტორია.

ტომპსონის მეორე და დღემდე ყველაზე პოპულარული წიგნი “შიში და სიძულვილი ლას ვეგასში” პირველად 1971 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ Rolling Stone-ში. საოცარი თავგადასავლებით სავსე ნოველამ ტომპსონს მალევე მოუტანა წარმატება, როგორც გამორჩეული სტილის მქონე ავტორს. მას არაჩვეულებრივად შეეძლო შეეხამებინა ერთმანეთისთვის ჟურნალისტური და მხატვრული თხრობა. ნოველა ორი მეგობრის ველური მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს ლას ვეგასში და დეტალურად აღწერს მათ ბოჰემურ ცხოვრებას და ფსიქოდელიური ნარკოტიკების მოხმარებისგან მიღებულ დაუჯერებელ გამოცდილებებს. წიგნი მალევე იქცა საკულტო ნაწარმოებად და მომდევნო ოთხი ათეული წლის განმავლობაში არაერთხელ გახდა შთაგონების წყარო ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

რა თქმა უნდა, ეს ნოველაც პირველ პირშია დაწერილი და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი თავად ჰანტერ ტომპსონია. წიგნი ორჯერ იქნა ფილმად ადაპტირებული - პირველად 1980 წელს არტ ლინსონის where the buffalo roam, ბილ მიურეითა და ბოილით მთავარ როლში, მეორედ კი 1998 წელს, როდესაც ტერი გილიამმა ლიტერატურული პირველწყაროს სახელწოდების მქონე ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლებს კინოს ხელი და ბენისიო დელ ტორო ასრულებენ.

2005 წლის 20 თებერვალს ჰანტერ ტომპსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ამბობენ, მიზეზი დეპრესია იყო. მან მეუღლეს მოკლე გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა, რომელშიც წერს, რომ ძალიან მოწყენილია და ასე გაგრძელება აღარ უნდა. "No More Games. No More Bombs. No More Walking. No More Fun. No More Swimming. 67. That is 17 years past 50. 17 more than I needed or wanted. Boring. I am always bitchy. No Fun — for anybody. 67. You are getting Greedy. Act your (old) age. Relax — This won't hurt".

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ