როჯერ ებერტი - პირველი კინომცოდნე ჟურნალისტი, რომელსაც პულიტცერის პრემია მისცეს
02.12.2018
ამერიკელი ჟურნალისტი, კინომცოდნე და სცენარისტი როჯერ ებერტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი კინოს ჟურნალისტი იყო, რომელმაც სახელი Chicago Sun times-ისთვის წერით და სატელევიზო შოუების ავტორობით გაითქვა.

ებერტი პირველი კინომცოდნე იყო, ვისაც პულიცერის პრიზი გადასცეს და ასევე პირველი ამ სფეროში, ვისაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ის ერთნაირი ენთუზიაზმით წერდა როგორც ჰოლივუდის ბლოკბასტერებზე, ისე არტ-ჰაუს ფილმებზე და რაც მთავარია, წერდა ყველასთვის გასაგებ და საინტერესო ენაზე.

როჯერ ებერტი ილიონისის შტატის ქალაქ ურბანაში, 1942 წლის 18 ივნისს დაიბადა, ბუღალტერი დედისა და ელექტრიკოსი მამის ოჯახში.

ებერტი ჟურნალისტიკით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა. იგი სამეცნიერო ფანტასტიკით იყო გატაცებული და საკუთარ მოსაზრებებს და მიმოხილვებს მაშინდელ ნახევრად სამოყვარულო გამოცემებს უგზავნიდა.

15 წლის ასაკში ებერტმა ურაბანას გაზეთ Champaign-Urbana News-Gazette-ში დაიწყო მუშაობა, სადაც სპორტზე წერდა სტატიებს. მალე ებერტი სკოლის გაზეთის The Echo-ს მთავარ რედაქტორად აირჩიეს. 1958 წელს, 16 წლის ასაკში, ილინოისის უმაღლესი სკოლის ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო საუკეთესო რადიო გადაცემის მომზადებისთვის.

ებერტმა ილიინოისის უნივერსიტეტში იმაზე ადრე ჩააბარა, ვიდრე მისმა თანატოლებმა. ჯერ კიდევ უმაღლესი სკოლის ბოლო კურსებს ამთავრდებდა, როცა პარალელურად უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. სტუდენტობისას როჯერმა ადგილობრივ გამოცემა Daily Illini-ში დაიწყო რეპორტიორად მუშაობა, რამდენიმე წელიწადში კი მისი რედაქტორი გახდა.

პირველი კინო მიმოხილვა ებერტმა 1961 წლის ოქტომბერში, 19 წლის ასაკში დაწერა The Daily Illin-ისთვის. ეს იყო ფედერიკო ფელინის ფილმი „დოლჩე ვიტა“.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ როჯერმა მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა, რომლის ფარგლებშიც ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ქეიფ თაუნის უნივერსიტეტში გაატარა. ებერტს სწავლა არც მაგისტრის დიპლომის აღების შემდეგ შეუწყვეტია. მან ჩიკაგოს უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე ჩააბარა. პარალელურად კი სამსახურის ძებნა დაიწყო, რომ თავის რჩენა შესძლებოდა. 1966 წელს როჯერ ებერტი Chicago Sun Times-ში აიყვანეს რეპორტიორად. ასე დაიწყო მისი 47-წლიანი თანამშრომლობა გამოცემასთან.

ერთი წლის შემდეგ გაზეთიდან მთავარი კინოკრიტიკოსი ელიანორ კინი წავიდა, რედაქტორმა კი მის ადგილზე ებერტი დანიშნა. როჯერი ცოტა ხანში მიხვდა, რომ სწავლა და აქტიურად წერა ერთად არ გამოსდიოდა და გადაწყვიტა, უნივერსიტეტისთვის თავი დაენებებინა და კინოკრიტიკაზე ფოკუსირებულიყო. თუმცა, 1968 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტს კვლავ მიუბრუნდა, ამჯერად ლეტქორის ამპლუაში. მას შემდეგ ებერტი აქ წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს კინოს შესახებ. პარალელურად კი, აქტიურად წერდა ახალ ფილმებზე და მალე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა ამ სფეროში. მის შეფასებას ახალ გამოსულ ფილმზე ყველა მოუთმენლად ელოდა: როგორც რეჟისორები, ისე მაყურებლები.

1975 წელს როჯერ ებერტი პირველი კინოკრიტიკოსი გახდა, ვისაც პულიცერის პრიზი მიანიჭეს კრიტიკის მიმართულებით. ამავე წელს ებერტმა და Chicago Tribune-ის კინოკრიტიკოსმა, ჯინ სისკელმა ჩიკაგოს საზოგადოებრივ ტელევიზიისთვის გადაცემების მომზადება დაიწყეს. ყოველკვირეულ შოუში ავტორები ფილმებს მიმოიხილავდნენ და საკუთარი ვერდიქტი გამოჰქონდათ. მათი დუეტი მალევე გახდა პოპულარული.

წლების განმავლობაში კინოკრიტიკოსებმა რამდენიმე ტელევიზია გამოიცვალეს, თუმცა შოუ თითქმის უწყვეტად გადიოდა, სანამ 1999 წელს სისკელი არ გარდაიცვალა. ვიდრე პროდუსერები მის შემცვლელს ნახავდნენ, ცოტა ხანი ებერტს გადაცემა მარტო მიჰყავდა. 2000 წლიდან კი მისი პარტნიორი Chicago Sun Times-ის მესვეტე, რიჩარდ როეპერი გახდა. შოუს “ფილმები ებერტთან და როეპერთან“ დაარქვეს, მოგვიანებით კი უბრალოდ „ფილმები“.

ტელევიზიის პარალელურად როჯერ ებერტი აქტიურად აგრძელებდა წერას გაზეთისთვის. 80-იანი წლებიდან მან წიგნებზე მუშაობაც დაიწყო. ებერტი 20-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ბესტსელერები: მემუარული ჟანრის “Life itself” და მარტინ სკორსეზეზე დაწერილი წიგნი „Scorsese by Ebert”.

1992 წელს, 50 წლის ასაკში, ებერტმა იურისტ შაზ ჰამმელსმიტზე იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად ცხოვრობდა. კინოკრიტიკოსის ვებგვერდის და მისი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი დღეს სწორედ ჰამმელსმიტია.

2005 წელს როჯერ ებერტი პიველი კინოკრიტიკოსი გახდა, ვისაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

2002 წელს ებერტს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. წარმატებულმა ოპერაცის შდეგად განიკურნა, თუმცა, ოთხი წლის შემდეგ დაავადებამ ისევ იჩინა თავი და ამჯერად ექიმებს მის გადასარჩენად ქვედა ყბის ნაწილის მოჭრა მოუხდათ. ებერტს ლაპარაკის უნარი წაერთვა. ამის გამო ტელეწამყვანობას თავი დაანება და კიდევ უფრო აქტიურად მიჰყო წერას ხელი.

2010 წელს, კომპიუტერული ხმოვანი სისტემის საშუალებით ებერტს ხმა დაუბრუნეს. ამავე წელს ის ოპრა უინფრის შოუში იყო სტუმრად, სადაც საკუთარ მდგომარეობაზე, კინოზე, მუსიკასა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ორი წლის შემდეგ კინოკრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა, თუმცა ის კინო მიმოხილვებს სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით როჯერ ებერტმა ახალი პროექტიც კი დაანონსა. თუმცა, ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა და საკუთარ ვებგვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომ შეუძლოდ ყოფნის გამო დროებით საქმიანობის შეწყვეტას აპირებდა.

როჯერ ებერტი 2014 წლის 4 აპრილს, 70 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. იმავე წელს მის შესახებ დოკუმენტური ფილმი „Life itself“ გამოვიდა. რეჟისორმა, სტივ ჯეიმსმა გადაღება ჯერ კიდევ ებერტის სიცოცხლეში დაიწყო. ფილმი კინოკრიტიკოსის კარიერასთან ერთად მისი ცხოვრების ბოლო პერიოდსაც აღწერს და მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტერვიუებსაც მოიცავს, რაც განსაკუთრებით საინტრესოს ხდის ნამუშევარს.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ