ჯოზეფ პულიცერი - ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს დამფუძნებელი
16.01.2019

„წერეთ მოკლედ და წაიკითხავენ, წერეთ ნათლად და გაიგებენ, წერეთ მხატვრულად და დაამახსოვრდებათ" - ჯოზეფ პულიცერი


უნგრული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, გამომცემელი და კონგრესმენი, ჯოზეფ პულიცერი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი წვლილი უმნიშვნელოვანესია, როგორც პრესის, ისე სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. საგამომცემლო საქმიანობის გარდა, პულიცერი ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული. მის სახელს უკავშირდება ცნობილი პულიცერის პრემია, რომელიც 1917 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ჟურნალისტებისა და პუბლიცისტებისთვის ამერიკაში.

altჯოზეფ პულიცერი 1847 წლის 10 აპრილს, უნგრეთში, პატარა ქალაქ მაკოში დაიბადა. მამამისი მარცვლეულით მოვაჭრე შეძლებული ებრაელი იყო, დედა კი უნგრელი კათოლიკე მედდა. სასკოლო განათლება ჯოზეფმა ბუდაპეშტში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდამ, ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი გერმანიის არმიებში მოხალისედ ჩაწერა სცადა. თუმცა, ცუდი მხედველობის გამო ორივეგან უარი უთხრეს.

ჰამბურგში ყოფნისას პულიცერმა ერთი გავლენიანი ამერიკელი სამხედრო რეკრუტერი გაიცნო, რომელიც დაჰპირდა, რომ მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა. მისი რეკომენდაციით ჯოზეფი ბოსტონში გაემგზავრა და ამერიკის ჩრდილოეთის არმიის კონტრაქტორი უცხოელი ჯარისკაცი გახდა. (იმ პერიოდში ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა). ჯოზეფი აქ 8 თვე მსახურობდა. ომის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უცხო ქვეყანაში დარჩენილ ახალგაზრდას თავის სარჩენად რამე სამსახური უნდა მოეძებნა. კარგად იცოდა უნგრული, გერმანული და ფრანგული ენები, რაც დიდი პლუსი იყო ამერიკაში, თუმცა, იქ დამკვიდრებისთვის საჭირო ინგლისური არ იცოდა.

ჯოზეფი სხვადასხვა შტატებსა და ქალაქებში მოგზაურობდა და დროებით სამუშაოებზე მუშაობდა. ყველაზე დიდხანს სენტ-ლუისში, მისურის შტატში დაიდო ბინა. მუშაობის პარალელურად დიდ ნაწილს ქალაქის ბიბლიოთეკაში ატარებდა, რომ ენის ცოდნა გაეღრმავებინა. მისი ჟურნალისტური კარიერაც სწორედ აქ, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო. ერთხელ, ბიბლიოთეკაში ყოფნისას, პულიცერი ჭადრაკის სათამაშო ოთახში იმყოფებოდა. ჭადრაკის თამაში ძალიან უყვარდა და კარგადაც ერკვეოდა. იმ დღეს ოთახში ბიბლიოთეკის ორი ხშირი სტუმარი ერთმანეთს ეთამაშებოდა, ახალგაზრდა ჯოზეფი მათ გულმოდგინედ აკვირდებოდა და რამდენჯერმე რჩევა მისცა. სხარტი აზროვნებით მოხიბლულმა მოთამაშეებმა, რომლებიც ამერიკაში მთავარი გერმანულენოვანი გამოცემის, Westliche Post-ის რედაქტორები აღმოჩნდნენ, ჯოზეფს გაზეთში სამსახური შესთავაზეს.

Westliche Post-ში პულიცერი ოთხი წელი წერდა. ამ დროის განმავლობაში, თავი დაიმკვიდრა, როგორც ნიჭიერმა, დაუღალავმა და იდეებით სავსე ჟურნალისტმა. 1872 წელს გაკოტრების საშიშროების წინაშე მდგარმა გამომცემლებმა წილი შესთავაზეს და სთხოვეს, თავის თავზე აეღო საგამომცემლო საქმიანობა. ასე გახდა, 25 წლის ასაკში, ჯოზეფ პულიცერი გამომცემელი.

1878 წელს პულიცერმა გაზეთი St. Louis Post-Dispatch შეიძინა და თავდაუზოგავად მუშაობდა გამოცემის ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად. წარმატებული მცდელობის შემდეგ ჯოზეფმა საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოება გადაწყვიტა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 1883 წელს მან აქ გაკოტრების საფრთხის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი გაზეთი - The New York World -ი შეიძინა, რედაქტორობა თავის თავზე აიღო და მალე ის ნიუ-იორკის და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალშემოსავლიან გამოცემად აქცია. რამდენიმე წელიწადში გაზეთის ტირაჟი 15 ათასიდან ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, რაც შტატებში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

მისი საიდუმლო იმ დროისთვის ნოვატორულ მიდგომაში იყო - გაეხადა პრესა მასობრივი და ყველასთვის საინტერესო და გასცდენოდა მდიდარი კლასის ინტერესებს. თუ მანამდე გამოცემები ყველაზე აქტიურად საფონდო ბირჟებისა და ბიზნეს ელიტების მსხვილ პროექტებზე და მათ მიერ ლობირებულ იდეებზე წერდნენ, პულიცერი საკუთარ გაზეთებში მოსახლეობის ყველა ფენისთვის, ფართო აუდიტორიისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს ცდილობდა. ამან გაამართლა, როგორც საზოგადოებრივი სარგებელის, ისე მეწარმეობის კუთხით. პულიცერი მედია მაგნატი გახდა.

St. Louis Post-Dispatch-სა დ The New York World-ის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე გაზეთი იყიდა და ყველგან იგივე კონცეფცია დანერგა. მასობრივ აუდიტორიაზე გასასვლელად ყველა ხერხი სცადა: დიდი, მკვეთრი შრიფტით დაწერილი მყვირალა სათაურები, დიფერენცირებული რუბრიკები, ჟურნალისტური გამოძიებები, კულტურისა და სპორტის სიახლეები, იუმორისტული და სარეკლამო გვერდები - ეს ყველაფერი იმ დროისთვის სიახლე იყო, როგორც სტილისტური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

altპულიცერის სახელს უკავშირებენ ტერმინს “ ყვითელი ჟურნალისტიკა“, რასაც თავიდან პირდაპირი დატვირთვა ჰქონდა. ეს ტერმინი The New York World-ის ფერად დამატებას და იქ გამოქვეყნებულ კომიქსს უკავშირდება ყვითელ ტანსაცმლიან ბიჭზე. ეს პირველი ფერადი გამოცემა იყო ამერიკაში და ყვითელი კი პირველი ფერი, რომელმაც შავ-თეთრის იდილია დაარღვია. პულიცერის გაზეთებში იწერებოდა როგორც სკანდალურ, სენსაციურ თემებზე, ისე სერიოზულ საკითხებსა და პრობლემებზე. მათ შორის, ხშირი იყო გავლენიანი პირების მხილება ამა თუ იმ მავნე საქციელში.

პულიცერი წლების განმავლობაში ებრძოდა კორუფციას და სხვადასხვა მანკიერებებს პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში. ჯერ გაზეთების, მოგვიანებით კი უკვე პოლიტიკაში ჩართვის საშუალებით. მის სახელს უკავშირდება ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკების ამერიკაში ჩატანის ისტორია. მან შეიტყო, რომ საფრანგეთის ამ მნიშვნელოვან საჩუქარს მისი ქვეყნის ჩინოვნიკები სათანადოდ არ აფასებდნენ და მისთვის პედესტალის დადგმისა და ქანდაკების ამერიკაში გადატანის თანხების გამოყოფას აგვიანებდნენ. პულიცერმა თავად დაიწყო სპონსორების მოზიდვა საგაზეთო კამპანიებით და სწორედ მისი დიდი დამსახურებით მოხერხდა, რომ ქანდაკება მალევე ჩაიტანეს ამერიკაში და საზეიმოდ გახსნეს კიდეც 1886 წლის 28 ოქტომბერს.

ჟურნალისტიკის პარალელურად ჯოზეფ პულიცერი ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა პოლიტიკით. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა და კარიერის დასაწყისში მათ მხარდამჭერად თლიდა თავს. თუმცა, მას შემდეგ რაც ამ პარტიაში არსებული კორუფცია და მისი ლიდერების არაჯანსაღი მერკანტილური სურვილები აღმოაჩინა, დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა. პულიცერი სიცოცხლის ბოლომდე დემოკრატად დარჩა. იგი ჯერ მისურის შტატის წარმომადგენელი იყო კონგრესში, მოგვიანებით კი ნიუ იორკის.

1890 წელს პულიცერმა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო The New York World-ის რედაქტორის პოზიცია დატოვა. მალე მას დეპრესია და ხმაურის აუტანლობაც დაეწყო, რამაც კიდევ უფრო მოწყვიტა საზოგადოებრივ ცხოვრებას. ცხოვრების ბოლო წლებში, ჯოზეფი დროის დიდ ნაწილს სახლის ხმაურგაუმტარ ოთახებში ან საკუთარ იახტაზე ატარებდა, რომელსაც “Liberty” ერქვა. მკურნალობის მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. პულიცერმა თანდათან სრულიად დაკარგა მხედველობა და დეპრესიაც სულ უფრო გაუმძაფრდა. 1911 წლის 29 ოქტომბერს ის სამხრეთ კაროლინაში, საკუთარ იახტაზე გარდაიცვალა. პულიცერის ანდერძის თანახმად, მისი ქონებიდან 2 მილიონი დოლარი კოლუმბიის უნივერსიტეტს გადაეცა ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის შესაქმნელად და გამორჩეული ჟურნალისტებისთვის, ასევე მწერლებისა და მუსიკოსებისთვის პრემიის დასაწესებლად.


ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ