ანდერსონ კუპერი - პრივილეგია, ტრაგედია და წარმატება
02.08.2019

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ჟურნალისტი ანდერსონ კუპერი CNN-ის სახე და გადაცემა "360 გრადუსი ანდერსონ კუპერთან" წამყვანია. კუპერმა კარიერა 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ პროფესიული მოვალეობა 40-ზე მეტ ქვეყანაში შეასრულა. მას გაშუქებული აქვს მსოფლიოში მიმდინარე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.


პრივილეგია და ტრაგედია

ანდერსონ კუპერი დაიბადა 1967 წლის 3 ივნისს ნიუ-იორკში. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენის კორნელიუს ვანდერბილტის მემკვიდრის - დიზაინერისა და არტისტის გლორია ვანდერბილტისა და მწერალ ვაიეტ ემორი კუპერის მეორე ვაჟია.

alt გლორია ვანდერბილტი შვილებთან: ანდერსონ კუპერთან (მარცხნივ) და კარტერ ვანდერბილტ კუპერთან, 1972  

გავლენიანი ოჯახის გამო კუპერი ადრეული ასაკიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში იზრდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა დაიან არბუსმა ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის გადაიღო. 10 წლიდან კუპერი ბავშვი მოდელი იყო და სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში, მათ შორის Macy's-სა და Ralph Lauren-ის პროექტებში მონაწილეობდა. 13 წლისამ მოდელობა შეწყვიტა, როგორც კუპერმა წლების შემდეგ განაცხადა ამის მიზეზი კაცი ფოტოგრაფის მიერ ფულის სანაცვლოდ სექსუალური შეთავაზება გახდა.