44 წელი უოტერგეიტის სკანდალიდან
17.06.2016
44 წელი გავიდა ე.წ. უოტერგეიტის სკანდალიდან, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, მედია და საზოგადოების დამოკიდებულება მთავრობის მიმართ. ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში დიდი წვლილი ჟურნალისტებსაც მიუძღვით. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი საქმის საჯაროობას და მნიშვნელოვანი სამხილების მოპოვებას.

1972 წლის 17 ივნისს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დემოკრატების ოფისში დააკავეს 5 მძარცველი. ეს არ იყო ჩეულებრივი ძარცვა: დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ პრეზიდენტ ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიასთან. დაკავების მომენტში ისინი ცდილობდნენ ტელეფონის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას კონკურენტი დემოკრატების ოფისში და საიდუმლო დოკუმენტების მოპარვას შენობიდან. დემოკრატების ოფისი სასტუმრო უოტერგეიტში მდებარეობდა. უოტერგეიტის საქმის გამო პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა.

ამ სკანდალმა, რომელიც 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მთლიანად შეცვალა ამერიკული პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. მედიაგაშუქებამ კი მკვეთრად გაზარდა საქმის საჯაროობა და პოლიტიკური შედეგები.

კავშირი დაკავებულებსა და საარჩევნო კომიტეტს შორის მედიაგაშუქებით დადგინდა. ამ საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას ძირითადად აწარმოებდნენ The Washington Post-ი, Time-ი და The New York Times-ი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საქმეში The Washington Post-ის ჟურნალისტებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა შეასრულეს. გარდა იმისა, რომ მთელი 2 წელი ისინი უწყვეტად იძიებდნენ ამ საქმეს, მათ წიგნიც დაწერეს უოტერგეიტის საქმეზე, რაც საფუძვლად დაედო ფილმს “პრეზიდენტის მთელი ამალა”.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით რეპორტიორებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ძარცვა და მისი გადაფარვის მცდელობები მჭიდროდ უკავშირდებოდა მაღალი რანგის პირებს იურიდიულ დეპარტამენტში, FBI-ში, CIA-სა და ასევე თეთრ სახლში. ვუდვორდმა და ბერნშტაინმა ჩაწერეს ჯუდი ჰოუბექ მილლერი, ნიქსონის ბუღალტერი, რომელმაც მათ გაუმხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო ფონდის ფინანსები გაიფლანგა და ჩანაწერები განადგურდა. მათ პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია 25 ათასი დოლარის შესახებ, რომელიც ნიქსონის კამპანიიდან ერთერთ მძარცველს გასაჩუმებლად ჩაურიცხეს.

მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ ნიქსონის მომხრეები ხელს უშლიდნენ გამოძიებას და ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ასევე სამსახურიდან ითხოვდნენ ყველა პასუხისმგებელ პირს.

ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნშტაინი


ვუდვორდისა და ბერნშტაინის ერთერთი მთავარი ანონიმური წყარო იყო პირი, რომელსაც ისინი მოიხსენიებდნენ, როგორც Deep Throat. მისი ვინაობა უოტერგეიტის საქმიდან 33 წლის შემდეგ 2005 წელს გახდა ცნობილი და როგორც გაირკვა, ის იყო უილიამ მარკ ფელტი, რომელიც FBI-ის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა 1970-იან წლებში. ეს ინფორმაცია, ვუდვორდმა 2005 წელს დაადასტურა. ფელტი საიდუმლოდ შეხვდა ვუდვორდს რამდენჯერმე და მოუთხრო ჰოვარდ ჰანტის მონაწილეობის შესახებ უოტერგეიტის ძარცვაში. ასევე, მან უამბო ვუდვორდს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია საკმაოდ მაღალ ფსონს დებდა უოტერგეიტის საქმეზე.

ფელტმა ასევე გააფრთხილა ვუდვორდი, რომ FBI-ს სურდა სცოდნოდა თუ საიდან იღებდნენ ის და სხვა რეპორტიორები ინფორმაციას, რადგან მათ მოახერხეს და აღმოაჩინეს კრიმინალის საკმაოდ ფართო ქსელი პირველებმა, ვიდრე ამას FBI შეძლებდა. ყველა საიდუმლო შეხვედრა ვუდვორდსა და მარკ ფელტს შორის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ხდებოდა 1972 წლის ივნისიდან 1973 წლის იანვრამდე პერიოდში. 1973 წლის 22 ივნისს მან FBI დატოვა. ის მანამდე ასევე ანონიმური წყარო იყო უოტერგეიტის საქმეზე ჟურნალ Time-სთვის, Washington Daily News-სთვის და სხვა გამოცემებისთვის.

საქმის საწყის ეტაპზე მედიაგამოცემების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო უოტერგეიტის სკანდალში გარკვევა და სხვა თემებით იყვნენ დაკავებული, რაც 1972 წელს პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ დროს უკავშირდებოდნენ თავიანთ პირველ წყაროებს ვუდვორდი და ბერნშტაინი.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ერთერთი მძარცველის მიერ მოსამართლისთვის მიწერილი წერილის შესახებ, სადაც ის მაღალი დონის ჯაშუშურ სქემაზე საუბრობდა, მედიამ გაშუქების ფოკუსი შეცვალა. უოტერგეიტის საქმის გაშუქებამ საკმაოდ გაზარდა მედიის ნდობა საზოგადოებაში. თუკი უოტერგეიტის საქმემდე მედიის ნდობა ამერიკულ საზოგადოებაში 40 პროცენტი იყო, შემდეგ წლებში ეს ციფრი გაიზარდა.

1974 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ნიქსონის მონაწილეობა უოტერგეიტის სკანდალში ნათელი მოეფინა, პრეზიდენტი გადადგა. მისმა უფლებამონაცვლემ ჯერალდ ფორდმა, დაუყოვნებლივ შეიწყალა ნიქსონი ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა ამ საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ ნიქსონი პასუხისგებაში არ მისცეს, უოტერგეიტის სკანდალმა ამერიკის პოლიტიკა სამუდამოდ შეცვალა. ამერიკელებმა დაიწყეს მათი ხელმძღვანელების ეჭვქვეშ დაყენება და პრეზიდენტების მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყვნენ.

ავტორი : მაია წიკლაური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

არაზუსტი და მანიპულაციური ინფორმაცია საქართველოს განათლების სისტემის შესახებ

13 და 14 იანვარს პლატფორმებზე: intermedia.ge, info9.ge, agora.ge, commersant.ge, infonews.ge, 2020news.ge, newpress.ge გამოქვეყნდა ამბავი, რომ საქართველოში განათლების სისტემა “საშინელ (ცუდ) მდგომარეობაშია”,რაც არაზუსტი და მანიპულაციურია. გამოცემები ამბის წყაროდ worldatlas-ის კვლევას უთითებენ. სინამდვილეში, worldatlas არ არის კვლევითი ორგანიზაცია. გარდა ამისა, მას ინფორმაცია 2017 წელს აქვს გამოქვეყნებული.

გამოცემების ნაწილმა, მათ შორის: newpress.ge, commersant.ge და intermedia.ge, არასწორად თარგმნა worldatlas-ს შეფასებაც. “worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა”, - ამ სათაურით აქვთ მასალები გამოქვეყნებული ამ საიტებს. Worldatlas-ს კი მასალა ასე აქვა დასათაურებული - Countries With The Worst Education Systems, რაც ნიშნავს ყველაზე ცუდს, და არა საშინელს.

Worldatlas-ს რეიტინგი დადგენილი აქვს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლების სფეროზე დახარჯული წილის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. ჩამონათვალში 25 ქვეყანაა, სადაც განათლებას ყველაზე ნაკლები თანხა ხმარდება. ამ სიის მიხედვით, ირკვევა, რომ განათლებაზე ყველაზე ნაკლებ თანხას (0.7%) ეკვატორული გვინეა ხარჯვს და, შესაბამისად, მას რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. ხოლო საქართველო 2,7%-ით სიაში ყველაზე ბოლო - 25-ე ადგილზეა. ეს კიდევ ერთი მონაცემია, რაც მასალებში არასწორადაა ინტერპრეირებული და მკითხველში აჩენს განცდას, რომ საქართველოს ამ 25 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს.

მანიპულაცია და ქსეონოფობია დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მასალებში

„გაეროს შოკისმომგვრელი დასკვნა. ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება!“ - ამ სათაურით 14 იანვარს intermedia.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ “ქართველი ეთნოსი გადაშენების პირასაა”. ტექსტი მანიპულაციურია, რადგან კვლევაში, რომელსაც ავტორი ეყრდნობა ამგვარი რამ ნათქვამი არ არის; გარდა ამისა, აქვს ქსენოფობიური კონტექსტი, ვინაიდან, მასში ვკითხულობთ, რომ შობადობის შემცირებასთან ერთად “ქართველი ეთნოსის შემცირების მიზეზი საქართველოში უცხოელების დასახლებაა”.

ინტერმედიაზე დაყრდნობით იგივე მასალა გამოქვეყნეს შემდეგმა გამოცემებმაც: alia.ge, infonews.ge და guriismoambe.com.

ტექსტის ავტორი საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული აღწერების მონაცემებს ადარებს, იქვე იმოწმებს “გაეროს მონაცემებს” და ამბობს, რომ “თუ მდგომარეობა არ შეიცვალა ქართველი ერი 2 საუკუნის წინანდელივით ისევ გადაშენების პირას მივა”.

გაეროს რა მონაცემებს იყენებს ავტორი, მასალაში დალინკული არ არის და, შესაბამისად, უცნობია. მსოფლიო მოსახლეობის შესახებ ბოლო ანგარიში გაეროს 2015 წელს აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტისა და სტატიაში მოყვანილი ციფრების მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ავტორი ამ ანგარიშს დაეყრდნო.

გაეროს პროგნოზით, 2015-დან 2050 წლამდე, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება 43 ქვეყანაშია მოსალოდნელი. ამ სიაში პირველ სამეულში ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინაა, საქართველო კი მეთხუთმეტე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის 3 483 000, 2100 წლისთვის კი – 2 438 000-მდე შემცირდება. ქართული ეთნოსის გაქრობის შესახებ ანგარიშში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.

ამავე ტექსტში ავტორი ქსეონოფობიურ მსჯელობას ავითარებს. “ყოველ დღე უფრო მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება, უფროდაუფრო მეტი მიდის საზღვარგარეთ, მათ ნაცვლად კი უცხოელები ესახლებიან”, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში. ემიგრაციასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხაზგასმა ტექსტში რამდენჯერმე მეორდება.

სენსაციური სათაურები, მითები, ზედაპირული ინფორმაცია - მედიის ნაწილი H1N1-ზე

11 იანვრის მონაცემებით, ლაბორატიურად დადასტურდა, რომ საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით, რომელსაც “ღორის გრიპს” უწოდებენ, 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობამ სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ან გრიპთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

გრიპის ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით იანვრის დასაწყისში გააქტიურდა, შესაბამისად, ამ პერიოდიდან გახშირდა მედიაშიც ახალი ამბები H1N1-ს შესახებ. თემას აქტიურად აშუქებს თითქმის ყველა მედია, თუმცა, საიტების ნაწილზე გრიპის ვირუსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მეტწილად შუქდება ზედაპირულად, სენსაციური და პანიკის შემცველი სათაურებით, ხშირია დაუდასტურებელი ფაქტები გარდაცვალების მიზეზად გრიპის ვირუსის დასახელებაზე, ვრცელდება სხვადასხვა ტიპის მითები - რამ გამოიწვია საქართველოში ვირუსის გავრცელება, ზოგიერთმა საიტმა კი გამოაქვეყნა რამდენიმე თითქოსდა ხალხური საშუალება და რეცეპტი ვირუსისგან თავის დასაცავად, რაც გადაუმოწმებელია და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის სახიფათოც.

  •  პირველი მასალები H1N1-ზე

გრიპის ვირუსის გაშუქება მედიაში დეკემბრიდან დაიწყო და განსაკუთრებით თვის ბოლოს გააქტიურდა, მაშინ, როდესაც ბათუმში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ნაწილი დეკემბერშივე წერდა, რომ ქვეყანაში H1N1-ს ეპიდემიაა, თუმცა ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროებაზე არც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი და არც ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს.

„გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ“, - ამ სათაურით 2018 წლის 15 დეკემბერს “რუსთავი 2-ის” 15:00 საათიან გამოშვებაში გავიდა მასალა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ამავე დღეს მსგავს თემაზე ახალი ამბები მოამზადეს გამოცემებმა: commersant.ge, newposts.ge, 2020news.ge და mediamall.ge.

  • სენსაციური სათაურები

საიტების ნაწილზე H1N1-ს შესახებ მომზადებული მასალების უმეტესობას სენსაციური და პანიკის შემცველი სათაური აქვს. მაგალითად, „სრული კატასტროფაა, ხალხი პანტაპუნტით კვდება“, „ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა“, „ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს“, „საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის“ და ა.შ.

მსგავი ტიპის მასალებს ყველაზე ხშირად შემდეგი ვებგვერდები ავრცელებენ: alia.ge, newposts.ge, resonancedaily.com, droni.ge, presa.ge, infonews.ge, cyc.ge, itv.ge, 2020news.ge, news.coa.geexclusivenews.ge.

  • დაუდასტურებელი ინფორმაცია

გამოცემების ნაწილი ვირუსთან დაკავშირებით ხშირად დაუდასტურებელ ინფორმაციას აქვეყნებს, ყოველი ახალი გარდაცვალების შემთხვევას H1N1 ვირუსს იქამდე უკავშირებს, ვიდრე ამის შესახებ ლაბორატორიულად დადასტურდება და ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაადასტურებს.

ასეთი მასალების დიდი ნაწილი შესაძლოა ვინმეს გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრის, ან ახლობლის მიერ დაწერილი ემოციური პოსტიც იყოს. ასე მოხდა მაგალითად, 22 წლის სალომე ქემაშვილის შემთხვევაში. მისი გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპს იქამდე ასახელებდნენ, ვიდრე ეს ლაბორატორიულად დადასტურდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას გრიპთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზად მაინც ცალსახად, მხოლოდ H1N1 სახელდებოდა.

  • ზედაპირული გაშუქება

ასეთი საიტების უმეტესობა ამბავს ზედაპირულად აშუქებს, შემოიფარგლება მხოლოდ გარდაცვლილთა სტატისტიკით, ან უცვლელად აკოპირებს სოციალურ ქსელში ვინმეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებისა და გარდაცვალების შესახებ.

ამგვარ ტექსტებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, H1N1-ს ასეთი მასშტაბით გავრცელება საქართველოში წელს პირველი შემთხვევაა, თუ გასულ წლებშიც დაფიქსირდა; როგორია დინამიკა წლების მიხედვით (დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამგვარი სტატისტიკა გამოაქვეყნა); რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში; რა არის საჭირო ვირუსის თავიდან ასაცილებლად; რა სიმპტომები აქვს ვირუსს და როდის და ვის უნდა მივმართოთ ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში; არ აქვეყნებენ საჭირო დაწესებულებების ცხელი ხაზის, ან სხვა საკონტაქტო ნომრებს და ა.შ.

  • ჯანმრთელობისთვის სახიფათო ინფორმაცია

გრიპის ვირუსის გავრცელებისთანავე სხვადასხვა პლატფორმებზე გაჩნდა მასალები თითქოსდა ვირუსის სამკურნალო, ხალხური საშუალებების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი, რუსი ექიმის, ივან ნეუმივაკინის მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ე.წ. ღორის გრიპთან საბრძოლველად ეფექტურია წყალბადის ზეჟანგი ანუ პერეკისი.

მასალები იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ განმარტებების გაკეთება მოუხდათ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს. უწყებებში განაცხადეს, რომ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული წყალბადის ზეჟანგით მკურნალობის ეფექტურობის შესახებ და მოსახლეობას რეკომენდაციას არ უწევენ.

  • მითები და დეზინფორმაცია

H1N1-ს შემთხვევების გამოვლენისთანავე რამდენიმე გამოცემამ დეზინფორმაციისა და მითების გავრცელება დაიწყო. ასეთ ინფორმაციებს უმეტესად ანტიდასავლური საიტები აქვეყნებენ.

სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა საიტებზე ძირითადად სამი ტიპის მითი ვრცელდება: ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა; ეს არის ხელოვნურად შექმნილი ეპიდემია და ბანანში ღორის გრიპია.

ამათგან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მითი ე.წ. ღორის გრიპის ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ. ასეთი ტექსტები იანვრის დასაწყისიდან ვრცელდება და მეტწილად, ფეისბუკის ერთი მომხმარებლის პოსტს ეყრდნობა. ეს მომხმარებლები კი არიან: ქართული მარშის ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და ადვოკატი ანა ჟღენტი. მათ პოსტებს საიტები უცვლელად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, მტკიცებით ფორმაში აქვეყნებენ.

ასეთ მითს ავრცელებენ: intermedia.ge, for.ge, alia.ge, euronews.ge, digest.pia.ge, 2020news.ge, infonews.ge, tbiliselebi.com, geonews.ge, akhalitaoba.ge, infopostalioni.com, news.coa.ge, timenews.ge, otime.ge, vanoggg.ge, onone.ge, tvm.ge, news.net.ge, plus.kvira.ge, brandnews.ge,  exclusivenews.ge.

ღორის გრიპის გავრეცელებას მედიკამენტების გასასაღებლად, ხელოვნურად შექმნილ ეპიდემიას უკავშირებენ ისეთ საიტებზე, როგორიცაა: primetime.ge, pain.ge, vanoggg.ge, newsmedia.ge, alia.ge, cyc.ge.

მესამე მითი, დავირუსებული ბანანების შესახებ, საიტებზე ისე მასშტაბურად არ გავრცელებულა, როგორც წინა ორი. ასეთი შინაარსის პოსტები უმეტესად სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილ სხვადასხვა გვერდებზე გავრცელდა.

 სექსისტური სათაურები ისრაელში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის შესახებ

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ისრაელში 31 წლის კაცის მკვლელობის შესახებ. აღნიშნულ თემაზე პოსტი მომხმარებელმა შოთო სიხარულიძემ გამოაქვეყნა. მან გაავრცელა გარდაცვლილი ახალგაზრდის დედის წერილი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი 1 იანვრის ღამეს მოკლა ემიგრანტმა ქალმა და ითხოვს დახმარებას შვილის საქართველოში გადმოსასვენებლად.

იმავე დღეს, სხვადასხვა საიტებზე მომხდარის შესახებ გამოქვეყნდა ახალი ამბავი შოთო სიხარულიძის ფეისბუკის პოსტზე დაყრდნობით. გამოცემების უმეტესობამ გარდაცვლილის დედის ნათქვამი, რომ შვილი ქალმა მოუკლა, დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინა და სათაურშიც გაიტანა. „ისრაელში ემიგრანტმა ქალმა ქართველი ბიჭი მოკლა“ - ამ ტიპის, სექსისტური სათაურებით გამოაქვეყნა ახალი ამბავი საიტების უმეტესობამ. ასეთი სათაურები გვხდება შემდეგ საიტებზე: resonancedaily.com; infonews.ge; alia.ge; newposts.ge; georgians.gr.

პირველი ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, მალევე, იმავე საიტებზე, ამავე თემაზე, სხვა სტატიაც გამოქვეყნდა, სათაურში კვლავ დანაშაულის ჩამდენ ქალზე აქცენტირებით: „ვინ არის ისრაელში ქალის მიერ მოკლული ქართველი ბიჭი“. ასეთი სათაურები იძებნება პლატფორმებზე: trialeti.ge; newposts.ge; primetime.ge; alia.ge; akhalitaoba.ge; cyc.ge; iposti.ge.

რამდენიმე პლატფორმა შედარებით მოერიდა სექსისტურ და მტკიცებით სათაურს და იმის სათქმელად, რომ დანაშაული ქალმა ჩაიდინა, სხვა გზა აირჩია - გარდაცვლილის დედის, ან შოთო სიხარულიძის ციტირება. მაგალითად: „ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო". მსგავსი სათაურებით გამოაქვეყნეს ამბავი ისეთმა საიტებმა, როგორიცაა: kvirispalitra.ge; ambebi.ge; presa.ge; marneulifm.ge; intermedia.ge; kvira.ge; droni.gebrandnews.ge; umedia.ge.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას.

დემოკრატიის მაჩვენებლის გაუარესება ‘ქრონიკისა’ და ‘მოამბის’ მთავარ გამოშვებებში არ მოხვდა

საქართველოში დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი კლება, რაც The Economist Intelligence Unit-ის კვლევამ აჩვენა, ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქდა.

“დემოკრატიის ინდექსის” შესახებ ანალიტიკური კვლევითი კომპანია The Economist Intelligence Unit-ის კვლევა ჟურნალმა “ეკონომისტმა” გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონში დემოკრატიის ინდექსის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს. 2018 წელს საქართველოს მაჩვენებელი 5.50 ქულაა (ათქულიანი სისტემით), გასულ წელს კი ეს მონაცემი - 5.93 ქულა იყო.

ამ მაჩვენებლით, საქართველომ, ქვეყნების საერთო რეიტინგში 2018 წელს 89-ე ადგილი დაიკავა, წინა, 2017 წელს კი 79-ე ადგილზე იყო.

აღნიშნული თემა ერთ-ერთი მთავარი იყო რუსთავი 2-სა  მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში,  კვლევის შედგების შესახებ მაყურებელს tv პირველის მტავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც უამბეს და თემა აქტიურად გააშუქდა ონლაინმედიაშიც. იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 იანვრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, „ქრონიკასა“ და „მოამბეში“ კი ამ კვლევის შედეგების შესახებ მასალა არ მოუმზადებიათ.

alt