როგორ გავაშუქოთ სუიციდი
06.03.2017
ბოლო დროს, მედიაში სუიციდის შემთხვევების აქტუალურობამ ამ თემის ეთიკური გაშუქების პრობლემა წამოჭრა. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ სუიციდის შემთხვევების ზედაპირულმა და არააკურატულმა გაშუქებამ, შესაძლებელია, გაამყაროს სხვა ადამიანების გადაწყვეტილება, სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. მეორე მხრივ კი, ფრთხილი და კვალიფიციური მედიაგაშუქება ეხმარება აუდიტორიას, გაიღრმავოს ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ და თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგებს.

„მედიაჩეკერი“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ევროპის დართ ცენტრის მიერ ამ თემაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოკლედ გთავაზობთ, სუიციდის ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელო წესებს:

პირველ რიგში, ჟურნალისტები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად ღირს სუიციდის კონკრეტული შემთხვევის გაშუქება. თვითმკვლელობის ყველა შემთხვევა არ შეიძლება იქცეს ახალი ამბების თემად.

იყავით ძალიან ფრთხილი სუციდის ხერხის აღწერისას.

არ დაასახელოთ სუიციდის ერთი კონკრეტული მიზეზი, რადგან სუიციდს კომპლექსური პრობლემები იწვევს.

არ გაავრცელოთ ვარაუდი, თითქოს სიკვდილის სხვადასხვა შემთხვევების უკან ფარული ხელი, საიდუმლო კავშირი თუ ოკულტური გავლენები იმალება.

სიფრთხილით მოეკიდეთ დილეტანტ ფსიქოლოგიას და გავრცელებულ ცრურწმენებს, რომელებიც მოკლებულია მტკიცებულებებს.

არ თქვათ, რომ თვითმკვლელობა სუიცუდური შეგრძნებების გარდაუვალი დასასრული იყო.

ზედმეტად დეტალურ აღწერასა და სენსაციაზე ორიენტირებულმა სტატიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან სუიციდის მსხვერპლთა მიერ გამოყენებულ მეთოდებზე, შესაძლოა სხვებს, ვინც რაიმე ფორმით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს მსხვერპლთან, ასწავლოს თუ როგორ უნდა გაიმეორონ იგივე ქმედება.

ნუ აჩვენებთ იმ გარემოს, სადაც სუიციდი მოხდა.

ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ გამოსახულება, რომელსაც ეთერში უშვებთ. არ გამოიყენოთ ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სუიციდის სცენას.

არასოდეს გააშუქოთ სუიციდი, როგორც გმირული საქციელი. ამით, შესაძლოა, მიბაძვა გამოიწვიოთ. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობას შესაძლოა მხოლოდ იმიტომ მიმართოს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მასზე ილაპარაკებენ და „დააფასებენ.“

სუციდის მსხვერპლის ახლობლებთან ურთიერთობა

ოჯახის წევრები, ხშირად, ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, რომ ყვებიან იმას, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ იტყოდნენ. ამიტომ თავად აწონ-დაწონეთ, რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს ამ ინფორმაციის, ანდა კადრების გავრცელება მათ? თვითმკვლელობა დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს სამეზობლოში, სანაცნობოში. ეცადეთ, მათგან გაგონილი ყველა ინფორმაცია არ გაასაჯაროვოთ და პატივი სცეთ გარდაცვლილის პირად ცხოვრებას. ოჯახის წევრებისთვის მტკივნეული წასაკითხი და სანახავი იქნება ამგვარი მასალა.ახლობლებისა და სამართალდამცავების კომენტარების გარდა, მნიშვნელოვანია ფაქტების მოგროვება სხვა წყაროებიდან. თუკი ისეთი ვინმესგან აიღებთ ინტერვიუს, ვინც არ იცის სიტუაციის მიღმა არსებული ფაქტორები, შესაძლოა, თქვენც არასწორად მოახდინოთ რეალობის ინტერპრეტაცია.

ენა

· არ გამოიყენოთ სიტყვები “წარმატებული” ან “წარუმატებელი” სუიციდი. ეს სიტყვები, შესაძლებელია, ძალიან ორგანული იყოს ენისთვის, მაგრამ მაინც ძალიან უდიერად, უხეშად ჟღერს და არ ღირს მათი გამოყენება. თუ კი გჭირდებათ ამ საკითზე ყურადღების გამახვილება, სჯობს, იხმაროთ ფრაზა - “მცდელობა, რომელიც არ დამთავრდა/დამთავრდა ფატალურად.“

· არ თქვათ, რომ სუიციდით „ტკივილის/ტანჯვას ბოლო მოეღო“.

· არ გამოიყენოთ ფრაზა „სუიციდი ჩაიდინა.“ სუიციდი დანაშაული არ არის. უმჯობესია, თქვათ „სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“

არ გამოიყენოთ ტერმინი “თვითმკვლელობის ჩადენა”. ქვეყნების უმეტესობა, უკვე მრავალი წელია, რაც სუიციდს კრიმინალურ ქმედებად/დანაშაულად არ განიხილავს. ამიტომ გაცილებით უკეთესია თქვათ: „გარდაიცვალა სუიციდის შედეგად ან “თავი მოიკლა”.

არ მოიხსენიოთ სუიციდის მსხერპლი, როგორც „თვითმკლელი.“ ეს ტერმინი აკნინებს ადამიანს. მისი გამოყენებისას იკარგება პიროვნება და რჩება მხოლოდ სიკვდილის მეთოდი.

გაშუქების მასშტაბი და მასალის მოცულობა

კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო ფართოდაა გაშუქებული ამბავი, ხოლო ჰედლაინი მყვირალა, განსაკუთრებით თუ ის პირველ გვერდზეა, მით მეტად მოქმედებს ის აუდიტორიაზე.

არ დაიწყოთ საინფორმაციო გამოშვება სუიციდის ამბით. არ განათავსოთ სუიციდთან დაკავშირებული ამბები გაზეთის/ჟურნალის ყდაზე.

გლამურმა და პოპულარულობამ არ უნდა დაჩრდილოს პიროვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის ან წამალდამოკიდებულების საკითხები.

სახიფათოა მდარე ხარისხის ან ემოციური მუსიკის გამოყენება სუიციდის გაშუქებისას, ასევე, თვითმკვლელობის ისეთი კუთხით წარმოჩენა, რომელიც ადამიანის ცხოვრების სტილის იდეალიზებას ახდენს.

იყავი სასარგებლო აუდიტორიისთვის

ჰკითხეთ რჩევა ექსპერტებს.

თქვენი გაშუქება უნდა დაეხმაროს მომავალში სუიციდის შემთხვევების პრევენციას. დაამატეთ სტატიას ჩანართი “სუიციდის ნიშნების” ან მაგალითად, “სასარგებლო რჩევების” შესახებ. შეგიძლიათ ისტორიას ბოლოში ნდობის ტელეფონი და სხვა სასარგებლო ბმულები დაურთოთ.

სუიციდისა და სუიციდისაგან გადარჩენილი ადამიანების გაშუქებისას ყურადღება გაამახვილეთ სუიციდის პრევენციაზე, ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.

თეგები : სუიციდი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

აგვისტოდან საქართველოში Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამა გამჭვირვალე გახდება
2020 წლის აგვისტოდან Facebook-ი საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამა მეტად გამჭვირვალე იქნება და მომხმარებლისთვის ცნობილი იქნება, მაგალითად, რომელი გადამხდელი დგას კონკრეტული "დასპონსორებული" პოსტის უკან.

ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ 15 ივლისის ოფიციალური წერილით აცნობა ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი ხელმოწერითაც 29 ივნისს ფეისბუქს ღია მიმართვა გაეგზავნა.

„მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში "ფეისბუკზე" პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება“, - წერს ღია მიმართვის ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მრჩეველ-კონსულტანტი მიხეილ ბენიძე.

მისივე ინფორმაციით, წერილის მიხედვით, ირკვევა რომ მომდევნო კვირების განმავლობაში "ფეისბუქი" პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ეს წერილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქი" სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, "ფეისბუქისთვის" მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება“, - ამბობს მიხეილ ბენიძე.






ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, რომელიც ასევე ერთ-ერთია ღია მიმართვის ხელმომწერ 50-მდე ორგანიზაციას შორის, უმოკლეს დროში Facebook-ისგან მიღებული ეს დადებითი პასუხი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა იმ პრობლემის მოგვარების გზაზე, რომლის აღმოფხვრასაც ყველაზე პოპულარულო სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მათთან აქტიური თანამშრომლობით გეგმავს.

„ვფიქრობთ, Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას და მის დაცვას შიდა და გარე არაჯეროვანი ჩარევისგან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

Facebook-ზე პოლიტიკური შინაარსის მასალის გამჭირვალობის საჭიროებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არაერთგზის მიუთითებდა, მათ შორის ბოლო ანგარიშშიც, რომელიც 2019 წელს პარტიათა დაფინანსების საკითხებს მიმოიხილავს.

შეგახსენებთ, ღია მიმართვა მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძლებელს და CEO-ს და ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს, 50-მდე ორგანიზაციის ხელმოწერით, მიმიდნარე წლის 29 ივნისს გაეგზავნა. ღია მიმართვის ხელმომწერებს შორისაა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

რა შემთხვევაში დაინიშნება სპეციალური მმართველი - კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელსაც ბოლო დღეებში დიდი ხმაური მოჰყვა. ამ ხმაურისა და დისკუსიების შემდეგ, კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოიკვეთა რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სპეციალური მმართველი“, - გვეუბნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიასამართლის იურისტი ნიკა სიმონიშვილი, რომელიც პროცესებში განხილვების დაწყების დღიდანვეა ჩართული.

ნიკა სიმონიშვილი ამ შემთხვევებს განმარტავს:

  1. წილების გასხვისების, შეძენის ან შერწყმის დროს, შეტყობინების და გარიგების დადების წესების დაუცველობისას;

  2. "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე" კომპანიების მხრიდან შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობისას: საკომუნიკაციო ქსელის ელემენტთან დაშვების ვალდებულების დარღვევისას და სატარიფო რეგულირების ან ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დარღვევისას;
მისივე განმარტებით, სპეციალურ მმართველს, პირველ შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ნიშნავს და ეს შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. დანარჩენ ორ შემთხვევაში კი სპეციალური მმართველის დანიშნვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ანუ, კომისიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველის დანიშვნა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლება, როდესაც მაგალითად, ავტორიზებულმა პირმა წილების გასხვისებასთან დაკავშირებით დადგენილი ვადები არ შეასრულა.

„წილების გასხვისების უფლებამოსილება ამოღებულია. ხოლო, მაუწყებლობის შესახებ კანონში რაც იყო ჩანაწერი, კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლაზე, ის ჩანაწერი გადმოიტანეს ელექტრონული კომუნიკაციების კანონში და ამ სფეროზე გავრცელდება მარტო“, - გვიხსნის ნიკა სიმონიშვილი.

სწორედ აღნიშნულ კანონპროექტში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ჩანაწერი გახდა გასულ კვირას ერთ-ერთი დავის საგანი, ვინაიდან, მაუწყებლებმა და მედიასფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა მასში მედიის შეზღუდვის საფრთხეები დაინახეს.

„ჩუმი ნაღმი მედიისთვის“ - ასე შეაფასა საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველი ვერსია გასულ კვირას, „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ნიკა სიმონიშვილმა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ზოგადად, ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და არ ვრცელდება მაუწყებლებზე, საქართველოში არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლები ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ანუ მაუწყებლობას თავისივე მულტიპლექსით გადასცემენ (მაგ.: ტელეკომპანია „კავკასია“, 25 რეგიონული მაუწყებელი. რედ.). ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, თუ ავტორიზებულ პირს დაენიშნებოდა სპეციალური მმართველი, ეს ნიშნავდა, რომ იმ კონკრეტულ მაუწყებელში, შპს-ში დაინიშნებოდა მმართველი და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც ეს სპეციალური მმართველი ანუ დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მიიღებდა, შეეხებოდა იმ მაუწყებელსაც.

„მაგალითად, მას შეეძლება, რომ დირექტორი ან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციიდან ან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმის მომასწავლებელია, რომ მას შესაძლებლობა ექნება ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში“, - უთხრა მან „მედიაჩეკერს“.

ირიბი ზეგავლენა ამ ჩანაწერს ექნებოდა ცენტრალურ მაუწყებლებზეც, რასაც მაგალითად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი შემდეგნაირად ასაბუთებდა: „ციფრულ მაუწყებელობაზე გადავლის შემდეგ, ციფრულ სიგნალს გვაწვდის სპეციალური სადგური, ყველა ტელევიზია ჩართულები ვართ ე.წ. მუქსში (მაგალთად, “სტერეო+”) და ამ კომპანიის საშუალებით ვმაუწყებლობთ, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს და კომისიას მისი გავლით შეუძლია ჩვენზე ზეწოლა“.

საკანონმდებლო პაკეტს, რომელშიც ასევე შედიოდა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებებიც (რაც გულისხმობდა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას), არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე შეფასებებიც მოჰყვა. 10 ივლისს, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში განხილვების დაწყებას კი მაუწყებლებისა და არასამთავრობო სექტორის აქცია/პრესკონფერენცია უსწრებდა წინ.

მოვლენების ასე განვითარების შედეგად, შედგა შეთანხმება, რომ „მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებებს“ უკან გაიწვევდნენ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა კი გადაიდებოდა და მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართებოდა. სწორედ ეს კონსულტაციები უსწრებდა პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც გუშინ, 14 ივლისს, გვიან ღამით გაიმართა.

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით", - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროში 6 ივლისს დარეგისტრირდა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მის საბოლოოდ დამტკიცებამდე კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიმართოს.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალამდე გადაიდო
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა კი გადადო. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დღეს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კაკულიას თქმით, "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და კანონპროექტი კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე განსახილველად გადაიდო.

“ამასთან დაკავშირებით შაბათს იყო მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის ინტენსიური კონსულტანციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციების გაგრძელება ისევ საჭიროა დღესაც. გარკვეული შესაძლებლობები არის, რომ უფრო დაახლოვდეს პოზიციები”, - განმარტა რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება. აგრეთვე, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებული ცვლილებებში მაუწყებლები და მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციებ საფრთხეებს ხედავენ. 10 ივნისს ტელე-რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და პარლამენტს მოუწოდეს, რომ არ დაამტკიცოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი დამტკიცება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.
შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებენ
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.

მაუწყებლის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი “მთავარი არხთან" აცხადებს, რომ დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ გვარამია შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული. მათთვის უცნობია, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას:

“ნიკა გვარამია დაიბარეს გამოკითხვაზე მოწმის სახით შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ხუთ საათზე. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ შსს-ში გამოცხადებას. გამომძიებელს შევატყობინეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მოითხოვონ სასაამრთლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრ მოსამართლეს თანდასწრებით, სადაც ჩვენ გამოვცხადდებით და მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
2019 წელს, წინა წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 10.9%-ით შემცირდა - TI
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 10.9%-ით შემცირდა. გასულ წელს ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა, სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი კი ტელეკომპანია „იმედი“ გახდა.

კვლევა სახელწოდებით - „2019 წლის სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა“ ორგანიზაციამ დღეს, 10 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 2016-2019 წლებში ყოველწლიურად მცირდება.

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი 8.2 მლნ ლარით (10.9%) შემცირდა, ხოლო, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალს გამოვაკლებთ, კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი, 2018 წელთან შედარებით, 6.9 მლნ ლარითაა (9.4%) შემცირებული. 2019 წელს რეკლამაში შემავალი ხუთი კომპონენტიდან, სამი ძირითადი კომპონენტი შემცირდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

 alt
ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ 2019 წელს, ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა. (ბოლო წლების განმავლობაში სარეკლამო ბაზარზე „რუსთავი 2“ ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად ლიდერობდა).

„რუსთავი 2-მა“ სარეკლამო შემოსავლები ძირითადად 2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დაკარგა. ჯამში, 2018 წელთან შედარებით, ტელევიზიამ 8.3 მლნ ლარით (27.2%) ნაკლები შემოსავალი მიიღო. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე ტელევიზიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთლიანი სარეკლამო ბაზრის შემცირება სწორედ „რუსთავი 2-ის“ ფაქტორმა განაპირობა“, - ნათქვამია კვლევაში.

alt
ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

ამავე კვლევის მიხედვით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 2019 წელს რეკლამის სახით 1.6 მლნ ლარის ოდენობის თანხა მიიღო და სარეკლამო შემოსავლების მხრივ მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო „ფორმულას“ შემოსავალი 320 ათასი ლარია. (შეგახსენებთ, ორივე ეს ტელევიზია „რუსთავი 2-დან“ წასულმა თანამშრომლებმა დააარსეს).

საბოლოოდ, სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების მხრივ, ტელევიზიების ათეული ასე გამოიყურება:

alt
 ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

როგორც ცხრილიდან ჩანს, სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი ტელეკომპანია „ტელეიმედია“. მან ჯამში ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან - „სტუდია მაესტროსა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვისთან“ ერთად, რეკლამის სახით 2019 წელს 28.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. მისი წილი სარეკლამო ბაზარზე 2019 წელს 37%-დან 42.8%-მდე გაიზარდა, „რუსთავი 2-ის“ კი 7.4%-ით შემცირდა, თუმცა, „რუსთავი 2-ის“ და „იმედის“ ჰოლდინგების წილი 2019 წლის სარეკლამო ბაზარზე კვლავ სოლიდური დარჩა - ჯამში 75.6%.



რაც შეეხება ტელევიზიების ჯამურ შემოსავლებს, კვლევის მიხედვით, ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. კვლევის მიხედვით, ამ მონაცემებზე დიდი გავლენა ორმა კომპონენტმა მოახდინა - მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობამ და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა. კერძოდ, 2019 წელს შექმნილმა „მთავარ არხმა“ მფლობელისგან 4 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო; „ფორმულას“ მაჟორიტარულმა წილის მფლობელმა (დავით კეზერაშვილმა) 4.9 მლნ ლარამდე შესწირა, ხოლო ტელევიზიის „სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა“ 11.7 მლნ ლარს მიაღწია, რაც, როგორც თავად განმარტეს, ასევე კეზერაშვილის მიერ არხისთვის სესხის სახით გაცემული თანხაა.

alt
 ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან

„რომ არა ახლადშექმნილი ტელევიზიების „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მფლობელების მხრიდან შემოწირულობის სახით გაღებული თანხა, თუ მის მიერ ტელევიზიისთვის გაცემული სესხი, ტელევიზიების ჯამური შემოსავლის კლება სოლიდური იქნებოდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.