8 აპლიკაცია ვიდეოს მობილურში დასამონტაჟებლად
04.02.2019

ის აღჭურვილობა, რაც ერთ დროს ვიდეოჟურნალისტებს რამდენიმე ჩანთით დაჰქონდათ, ახლა ერთ ჯიბეში ეტევა. სმარტფონიანი ჟურნალისტიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ჟურნალისტებისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს, ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციების ქონა ტელეფონში. 

„მედიაჩეკერი“ იმ 8 აპლიკაციას გაგაცნობთ, რომელთა გამოყენებითაც ვიდეომასალის დამონტაჟებას ტელეფონშივე შეძლებთ.

 ⇒   KineMaster

altმობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის. დახვეწილ, მრავალფეროვან აპს აქვს რამდნიმე აუდიო და ვიდეოს „ლეიერებში“ განთავსების და მონტაჟის ფუნქცია, ხმის კონტროლი, გადასვლები, ფერების კორექცია და სხვ.


მთავარი ნაკლი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი იაფად არ გამოდის. აპლიკაციის უფასო ვერსიით შექმნილ ვიდეოებს აპის ლოგო ედება ზედ. ამიტომ, თუკი მისი პროფესიონალურ დონეზე გამოყენება გსურთ, თვეში 4.99$ უნდა იხადოთ.

⇒  Splice

altGoPro-ს შემქმნელებმა ეს აპლიკაცია iOS-ის მომხმარებლებისთვის შექმნეს და მისი მოხმარება უფასოდ შეგიძლია. ამ აპსაც ბევრი ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ დაჭრათ, დაამუშაოთ ვიდეომასალა და გაუკეთოთ ეფექტები, ტიტრები, გადასვლები, სათაური და მუსიკა.

აპს ორი ნაკლი აქვს, -  iOS-ის მომხმარებლებს მასში „ლეიერებზე“ მუშაობის საშუალება არ აქვთ, Android-ის მოყვარულებისთვის კი Splice-ის შემქმნელებს საერთოდ არ უფიქრიათ.

⇒  Quik

altGoPro-ს კიდევ ერთი აპლიკაცია, Quick Splice-ის გამარტივებული ვერსიაა, მაგრამ მისგან განსხვავებით Android-ზეც არის ხელმიწასვდომი. აპლიკაცია ძალიან მოხერხებულია მარტივი და სწრაფი მუშაობისთვის, არ აქვს ბევრი ფუნქცია, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამის ავტომატურად შესრულება შეუძლია.

⇒  Adobe Premiere Clip

altცნობილი გრაფიკული პროგრამების ავტორებმა მობილურისთვისაც შექმნეს კარგი აპლიკაცია. Adobe Premiere Clip-ის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერულ ვერსიასთან ერთობლიობაში, ისე ცალკე, ვიდეოების მობილურშივე დასამონტაჟებლად.

აპლიკაციას აქვს ავტომატურად მუშაობის ფუნქცია იმ შემთხვევისთვის თუ დრო არ გაქვთ ან მონტაჟი არ გეხერხებათ. ამავდროულად საკმაოდ დახვეწილია პროფესიონალებისთვისაც. აპი უფასოა და ხელმისაწვდომი iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.


alt
⇒  Magisto

altაპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მუშაობს, ავტომატურად ქმნის ვიდეოებს წინასწარ შემუშავებულ სტილზე მორგებით. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, იმ მასალის შერჩევაა, რომლითაც ვიდეოს აწყობა გსურთ.

რა თქმა უნდა, ავტომატური მონტაჟით ყოველთვის ვერ ვიღებთ ზუსტად ისეთ ვიდეოს, როგორიც გვინდოდა. ეს პროფესიონალებისთვის საკმაოდ დიდი ნაკლია. მაგრამ Magisto ძალიან კარგია დამწყებთათვის. აპს აქვს უფასო და ფასიანი ვერსია, ხელიმასწვდომია, როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

⇒  iMovie

altსპეციალურად iOS-ის მომხმარებლისთვის შექმნილი აპლიკაცია სანიმუშო პროგრამაა ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციებისთვის. iMovie ადვილად მოსახმარი და ამავდორულად დახვეწილი პროგრამაა გამოცდილი თუ გამოუცდელი ადამიანებისთვის. თანაც მომხმარებლებს საბაზისო ფუნქციებზე წვდომას უფასოდ სთავაზობს.

⇒  PowerDirector

altეს აპლიკაცია iMovie-ის მსგავსია, მაგრამ ექსკლუზიურად Android-ის მოყვარულებისთვისაა. აპს თითქმის ყველა საჭირო ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ მოჭრათ კადრები, დაამუშავოთ, გააკეთოთ გადასვლები და ა.შ. თუმცა, აქაც KineMaster-ის მსგავსად ყოველთვიური გადასახადი მოგიწევთ, თუკი ვიდეოს მონტაჟი აპლიკაციის ლოგოს (Watermark-ის) გარეშე გინდათ. PowerDirector-ის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ კომფორტული მოსახმარია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ვიდეომემონტაჟეებისთვის.

⇒  LumaFusion

altდაბოლოს, LumaFusion, - ალბათ საუკეთესო აპლიკაცია, რომელშიც თითქმის ყველა იმ ფუნქციას ნახავთ, რომელიც კომპიუტერულ სამონტაჟო პროგრამებს აქვთ. „ლეიერებად“ მუშაობა, ეფექტები, ანიმაცია, ტექსტი და ბევრი სხვა რამ, რომელიც ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე აგაწყობინებთ.

თუმცა, LumaFusion-საც აქვს ის ნაკლი, რაც ბევრ სხვა კარგ პროგრამას. მის მოსახმარად 19.99 დოლარის გაღება მოგიწევთ.

alt
წყარო: ijnet.org


ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ქსენოფობიური მასალა რადიო ფორტუნას ვებგვერდზე

18 თებერვალს რადიო ფორტუნას ვებგვერდმა ქსენოფობიის გამაღვივებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამბავი შეეხება თბილისში, ერთ-ერთი დიზაინერული მაღაზიის, CO.MODE-ის არასრულწლოვნის მიერ გაქურდვას.

ვებგვერდმა ამბავი მაღაზიის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის ნინი უგრეხელიძის მიერ ერთი კვირის წინ, 13 თებერვალს  Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალაში არასათანადოდ არის მითითებული სავარაუდო დამნაშავის ეთნიკური წარმომავლობა, რითაც ხელი შეუწყო ბოშათა ეთნიკური ჯგუფისადმი სტერეოტიპის გამყარებას, რომ ისინი არიან ქურდები. მიუხედავად იმისა, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმა, ხოლო ინფორმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიის მეპატრონეა, რადიოს ვებგვერდმა უაპელაციოდ და გადამოწმების გარეშე გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვნის ბრალეულობისა და ეთნიკურობის შესახებ. 

ნიუსში არ არის მითითებული შეეცადა თუ არა მედიასაშუალება ინფორმაციის ოფიციალურ უწყებებთან გადამოწმებას. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ რადიომ ეს ამბავი ფაქტის სავარაუდო ჩადენიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა ნიუსად.

აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტის ავტორი დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ეთნიკურობაზე ხაზგასასმელად იყენებს ტერმინს „ციგანი“ რომელსაც დამამცირებელი კონოტაცია აქვს ქართულ ენაში. რადიო ფორტუნამ აღნიშნული ტერმინი თავიდან აირიდა, და ნიუსი შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა „ბოშა ბავშვებმა აბაშიძეზე მდებარე ქართველი დიზაინერების მაღაზია გაქურდეს - „სახელმწიფო მათ ვერ სჯის, ეს ნორმალურია?“

რადიო ფორტუნას Facebook-ის ფეიჯზე ინფორმაციის მომხმარებელთა კომენტარები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნიუსი ამგვარი ფორმით გამოქვეყნებამ წაახალისა ქსენოფობიური, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული მოსაზრებების გამოხატვა. „ისევ ხალხმა მოვიგერიეთ ეს ბოშა ნაბ....ები , მიდი და უხსენი იმ ტურისტებს, რომ ესენი ქართველები არ არიან“; „ამათ ქურდობა, უზრდელობას ზღვარი არა აქვს!! როგორ დავიცვათ თავი ამ ველური ყაჩაღებისგან??!! დაადეპორტეთ საქართველოდან..!!“ - წერს მომხმარებლების ნაწილი კომენტარებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის მე-7 პრინციპი ცალსახად უსვამს ხაზს, რომ მედიამ უნდა გაითვალისწინოს მათ შორის ერთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

გარდა ამისა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიაორგანიზაციები ცალსახად უსვამენ ხაზს, რომ პიროვნების ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაესვას ხაზი, როდესაც ამბავი უშუალოდ არის დაკავშირებული ეთნიკურობასთან თუ რელიგიასთან. მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცემულ „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქების საბაზისო პრინციპებში“ ვკითხულობთ, რომ მედიასაშუალებებმა არ უნდა „აღნიშნონ (ყურადღება არ გაამახვილონ) უმიზეზოდ, აუცილებლობის გარეშე, პირის (პირების) ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება. პირის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება აღნიშნონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს გასაშუქებელი ამბისთვის“.

 ქსენოფობიური სათაური „ალიაზე“

14 თებერვალს alia.ge-მ უცვლელად და გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებლის პოსტი, რომელსაც ქსეონოფობიური შინაარსი აქვს.

მომხმარებელი წერს, რომ ერთ-ერთ ქალს, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ იგი სავარაუდოდ თბილისში არ ცხოვრობს, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის მედიკამენტებით დახმარების პროგრამა, ის რაც არის გათვალისწინებული თბილისის ბიუჯეტში.

“თბილისელი ირანელისთვის,თურქისთვის, არაბისთვის, ფინანსდება წამლის ფული, გორელიქართველისთვის, ხაშურელისთვის, სიღნაღელისთვის .....არა”, - წერს იგი.

მისი ეს პოსტი კი უცვლელად, გადამოწმების გარეშე აქვს გამოქვეყნებული ალიას და სათაურად ქსეონოფობიური შინაარსის ფრაზა აქვს შერჩეული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

სუიციდის შემთხვევის რომანტიზება და ზედაპირული გაშუქება

12 თებერვალს, Droni.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია არასრულწლოვნის სავარაუდო სუიციდის შესახებ. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა და მოტივად შეყვარებულთან დაშორებას ასახელებს. სტატიაში აღწერილია სუიციდის მეთოდი, შემთხვევა ერთ კონკრეტულ, ამავე დროს დაუდასტურებელ მიზეზამდეა დაყვანილი და არ ჩანს მცდელობა, მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების, ან პრობლემაზე მსჯელობის.

Droni.ge-ზე დაყრდნობით, იდენტური ინფორმაცია გამოაქვეყნეს შემდეგმა გვერდებმაც: primetime.ge, dianews.ge, sarkenews.ge, newposts.ge, resonancedaily.com, paqtebi.ge, newsmakers.ge, alia.ge, night.ge, plus.kvira.ge, news.coa.ge.

თითქმის ყველა ამ გვერდზე პრობლემურია მასალების სათაურებიც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიებს ურჩევს, რომ მოერიდონ სათაურში სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას. მიუხედავად ამისა, გამოცემებს მასალა ძირითადად მსგავსი სათაურებით აქვთ გამოქვეყნებული: “ერთმანეთი ძალიან უყვარდათ” – თბილისში მოზარდმა თავი მოიკლა, „სუიციდი სიყვარულის გამო“, "შეყვარებულს დაშორდა და შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა" - 17 წლის მოზარდმა თავი მოიკლა“ და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, როგორიც სუიციდია, მნიშვნელოვანია ფოკუსირება პრობლემაზე ზოგადად და არა კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ არ არსებობს მის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. ამ კონკრეტული შემთხვევის ასე გაშუქებისას კი ეს საზოგადოებრივი ინტერესი არ ჩანს.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ სუიციდის რომანტიზება და სენსაციურ ჭრილში გაშუქება დაუშვებელია. ასევე, არ უნდა დავიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ. რადგან, “ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია”.


⇒   ამავე თემაზერომანტიზებული სუიციდის ხიბლი
 

 
გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოჭიდავის ქუდზე წარწერის შესახებ და მედიის ბოდიში

13 თებერვალს, გამოცემებმა On.ge-მ და ტაბულამ, ასევე, საიტმა esport.ge და ტელეკომპანია მაესტრომ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრის ჯაბა ყველაშვილის შესახებ. თუმცა, მალევე On.ge-მ და ტაბულამ შეცდომა გაასწორეს და მკითხველს ბოდიში მოუხადეს, esport.ge-მ და მაესტრომ კი გავრცელებული მცდარი ინფორმაცია მკითხველისთვის ყოველგვარი განმარტების გარეშე წაშალეს.

⇒  უზუსტობა მასალებში

უფრო კონკრეტულად, 13 თებერვალს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრების ბაკურიანში მიმდინარე წვრთნების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ფოტოზე ჩანდა, რომ ნაკრების ერთ-ერთ წევრს ჯაბა ყველაშვილს ეხურა ქუდი, რომელზეც იკითხებოდა წარწერა RUSS, სიტყვის დაბოლოება კი არ ჩანდა.

გამოცემებმა - ტაბულამ და On.ge-მ, ასევე, საიტმა esport.ge და ტელეკომპანია მაესტრომ სპორტსმენის ქუდზე ასახული წარწერა RUUSSIA-ად აღიქვეს და მასალები მოამზადეს.


alt
 on.ge-ს მასალა შესწორებამდე

altalt

მაესტრო და esport.ge 

ტექსტებში ნათქვამი იყო, რომ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრის წევრს ჯაბა ყველაშვილს, ვარჯიშის დროს ქუდი ეხურა წარწერით - RUSSIA. On.ge-ც და ტაბულაც წერდნენ, რომ ცდილობდნენ სპოერტსმენთან დაკავშირებას გადასამოწმებლად, რა ეწერა ქუდზე, თუმცა, მას ვერ დაუკავშირდნენ.

[ტაბულამ შეცდომა იქამდე გაასწორა, ვიდრე მედიაჩეკერი სტატიის პირველ ვერსიას შეინახავდა, ამიტომ მასალაში მისი  ფოტოასლი მოცემული არ არის. რედ.]


⇒ რა წერია ქუდზე

სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ მოჭიდავის ქუდზე ცნობილი სპორტული ბრენდის RUSSELL ATHLETIC-ის წარწერა RUSSELL იყო დატანილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო კი ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ ბრენდის სახელწოდების ბოლო სამი ასო არ იკითხებოდა. როგორც ჩანს, მედიის ნაწილის შეცდომაც სწორედ ამან განაპირობა.

altმასალების გამოქვეყნებიდან მალევე მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საშუალებით თავად სპორტსმენი ჯაბა ყველაშვილი გამოეხმაურა.

„გავრცელდა ინფორმაცია რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!“ - დაწერა მან.

 

⇒  როგორ შეასწორეს მედიებმა შეცდომა

სპორტსმენის განმარტების შემდეგ, On.ge-მ და ტაბულამ დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოიხადეს. 

ტაბულამ მასალის პირველი ვერსია 12:26 საათზე გამოაქვეყნა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ,  [15:47სთ], მას შემდეგ, რაც მოჭიდავემ განმარტება გააკეთა, გამოცემამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც მკითხველს განუმარტა, რომ ქართველ მოჭიდავეს ქუდზე RUSSELL აწერია და არა RUSSIA. იქვე აღნიშნა, რატომ მოუვიდა უზუსტობა და შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა. ამავე ტექსტში გამოცემამ მიუთითა, რომ როგორც საიტიდან, ასევე ფეისბუკის გვერდიდან ინფორმაცია აიღო. მოგვიანებით, ტაბულამ სტატიის თავდაპირველი ვერსიის ბმული აღადგინა და ახლა ამ ბმულზეც ახალი ტექსტია გამოქვეყნებული, -  რედაქციის განმარტება და ბოდიში.


alt
ტაბულას ჩასწორებული მასალა


On.ge-მ ტექსტი იმავე ბმულზეც  ჩაასწორა და ახალი მასალაც დაწერა. ორივე მასალა იდენტურია და სათაურშივეა მითითებული, რომ ჯაბა ყველაშვილზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის. ამავე ტექსტში გამოცემამ განმარტა, რატომ მოუვიდა შეცდომა და რა გზებით ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას მასალის თავდაპირველ ვერსიაში. 

alt
 

On.ge-ს ჩასწორებული მასალა
 
ყველაშვილზე არაზუსტი ინფორმაცია აღარც მაესტროს ფეისბუკ გვერდსა და esport-ზე იძებნება, თუმცა, არცერთ მათგანს მკითხველისთვის არ აუხსნია, რომ შეცდომა მოუვიდა, მათ ტექსტი განმარტების გარეშე  წაშალეს.

alt
ასე გამოიყურება esport.ge-ზე ის ბმული, სადაც ყველაშვილზე იყო ინფორმაცია  გამოქვეყნებული.



⇒   როგორ უნდა შესწორდეს არაზუსტი ინფორმაცია

შეცდომისგან მედია დაზღვეული არ არის. ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას. მსგავსი შემთხვევები ხდება საერთაშორისო მედიაშიც.

ამ თემაზე:   2018 წლის 15 მთავარი შესწორება მსოფლიო მედიაში  

თუმცა, ყველა ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, როგორ რეაგირებს მედია დაშვებულ შეცდომებზე.

საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-5 პრინციპის მიხედვით, “მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ამ პრინციპის განმარტების თანახმად, მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, რა დროსაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

 ონლაინმედიის თვითრეგულირების გზამკვლევში, რომელიც 2013 წელსაა გამოცემული, ვკითხულობთ:

  • მედიამ არასწორი ინფორმაცია არ უნდა წაშალოს ან არ უნდა ჩაანაცვლოს ის ახლით;  
  • მედიამ უნდა ჩაასწოროს მასალა და მკაფიოდ განმარტოს, რომ მასალის წინა ვერსია შეიცავდა უზუსტობებს;
  • მედიამ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ძველი და შესწორებული მასალები.

შესწორების სახელმძღვანელო წესები შემუშავებული აქვს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც. ამ დოკუმენტშიც ხაზგასმულია, რომ არასწორად გამოქვეყნებული მასალა ისე უნდა შესწორდეს, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს რა გასწორდა. 

„მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.

ამ თემაზე ვრცლად  ნახეთ: დაშვებული შეცდომის შესწორების წესები მედიაში
სუიციდის მცდელობის ამსახველი ვიდეო palitravideo.ge-სა და Intermedia.ge-ზე

მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაიდლაინი და რეკომენდაცია მედიას აფრთხილებს მოერიდოს აუდიტორიას თვითმკვლელობის ხერხები, 5 თებერვალს palitravideo.ge-მ და intermedia.ge-მ მაინც გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის მცდელობაა ასახული.

ვიდეოს მხოლოდ რამდენიმე წინადადება ახლავს, რომელიც გვამცნობს, რომ კაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მეგობარი გოგო და მისი 5 წლის შვილი მოკლა. სად მოხდა შემთხვევა, მასალაში მითითებული არ არის. ვიდეოს გახსნის შემდეგ ვხვდებით, რომ ფაქტი საქართველოში არ მომხდარა, ხმა ცუდად ისმის და ძნელი გასარჩევია რას ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობა აქვს.

altგაფრთხილება, რომ ვიდეო შესაძლოა მძიმე სანახავი იყოს, ტექსტურად მასალას არ ახლავს. Intermedia.ge-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს დასაწყისში აქვს ტექსტი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ კადრები შესაძლოა ზოგისთვის მძიმე სანახავი აღმოჩნდეს, palitravideo.ge-ს კი ვიდეომასალის ეს ნაწილი არ აქვს.

მასალებიდან არც იმის გარკვევაა შესაძლებელი, რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა და რატომ იყო საჭირო ამ ვიდეოს გამოქვეყნება. ასევე, არ არის მითითებული მასალის პირველწყარო.

“მედიაჩეკერმა” ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და აღმოჩნდა, რომ შემთხვევა 3 თებერვალს, ამერიკაში, ოჰაიოს შტატში მოხდა. Dailymail-ისა და TheSun-ის ინფორმაციით, 33 წლის კაცმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მეგობარი გოგო მძიმედ დაჭრა, მისი შვილი კი მოკლა (შეგახსენებთ, ქართული საიტები წერენ, რომ კაცმა გოგოც და მისი შვილიც მოკლა).

ვიდეომასალას ახლავს ვრცელი ტექსტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ გარდაცვლილს (იგი გარდაიცვალა თავში მიყენებული მძიმე ჭრილობის შემდეგ), მძიმე პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა ჰქონდა. ასევე, ცნობილია მისი ერთ-ერთი მიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ 3.5 წელიწადი მსახურობდა საღვარგარეთ და “უბრალოდ დაიღალა”.

TheSun -ს ამ თემაზე მომზადებულ ტექსტში მითითებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია მათთვის, ვისაც შესძლოა ასეთი დახმარება სჭირდებოდეს.

ქართულ საიტებზე კი ვიდეო ამ ყოველგვარი კონტექსტის გარეშეა გამოქვეყნებული. მიუხედავად სახელმძღვანელო წესებისა, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მედიამ უნდა უპასუხოს კითხვებს, რატომ აშუქებს თვითმკვლელობის ამ კონკრეტულ შემთხვევას და რატომ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს. ასევე, გვაფრთხილებს, რომ დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება ან სუიციდის, როგორც პრობლემის გადაჭრის გზის ჩვენება. და ცალსახად ამბობს, რომ “სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს [სუიციდისადმი მიდრეკილმა ადამაინებმა]”