როგორ დაიცვათ Facebook ანგარიში - რჩევები ჟურნალისტებისთვის
10.03.2019
ჟურნალისტები Facebook-ს სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ამბის თხრობისა და კონკრეტულ პირებთან დაკავშირებისთვის ხშირად იყენებენ, ამიტომ ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების, წყაროებისა და კონტაქტების დაცვა ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

Facebook-მა სპეციალურად ჟურნალისტებისთვის Blueprint პროგრამის ფარგლებში უსაფრთხოების ონლაინ კურსი შექმნა. ამ კურსის მიხედვით გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თქვენი Facebook ანგარიშისა და მასზე არსებული ინფორმაციის დაცვაში დაგეხმარებათ:

 ♦  სწორად შეარჩიეთ პაროლი

დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული პაროლი უნიკალურია და ნურავის გაუმხელთ მას. ეცადეთ პაროლის შერჩევისას არ გამოიყენოთ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი ან ელ.ფოსტის მისამართი. როგორც წესი, ძლიერი პაროლი მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შედგება (დამატებითი უსაფრთხოებისთვის სჯობს 12 სიმბოლოს გამოყენება), რომელიც ციფრებს, სიმბოლოებს, დიდ და პატარა ასოებს შეიცავს.

სასურველია თქვენი პაროლი:

  •  არ იყოს მხოლოდ ერთი სიტყვა
  • არ შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის გამოცნობაც მარტივია. მაგალითად, თქვენი ტელეფონის ნომერი, შვილის ან შინაური ცხოველის სახელი, დაბადების თარიღი, თქვენი საყვარელი სპორტული გუნდი და ა.შ.

 ♦  გამოიყენეთ უსაფრთხოების გასაღები ან ჩართეთ ორმაგი ავტორიზაცია

ორმაგი ავტორიზაცია Facebook ანგარიშის დაცვაში დაგეხმარებათ. მისი სახელიდან გამომდინარე, ეს ფუნქცია პაროლის გარდა ავტორიზაციის კიდევ ერთ ნაბიჯს ამატებს. მისი ჩართვის შემთხვევაში თქვენს ანგარიშზე შესასვლელად დამატებით სპეციალური უსაფრთხოების კოდის შეყვანა მოგიწევთ.

უსაფრთხოების კოდის მიღების რამდენიმე გზა არსებობს:

alt• ფიზიკური გასაღები - ეს არის პატარა, ფლეშ მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერის USB პორტს ერგება. ასეთი გასაღების შეძენა სხვადასხვა კომპანიიდან (მაგ: Yubico-დან) შეგიძლიათ.

• კოდის გენერატორი - მისი გამოყენება Facebook-ის აპლიკაციის საშუალებით სმარტფონზე ან პლანშეტზეა შესაძლებელი. ავტორიზაციის აპლიკაცია - გამოიყენეთ მესამე პირის ავტორიზაციის აპლიკაციები, როგორებიცაა Google Authenticator ან LastPass. ისინი Facebook-ის ანგარიშზე შესასვლელ კოდს შექმნიან, რაც დაგეხმარებათ თქვენს პროფილთან წვდომაში, მაშინ როცა უცხო მოწყობილობიდან პირველად შეეცდებით შესვლას.

alt• აღსადგენი კოდები - შეგიძლიათ მიიღოთ 10 სპეციალური კოდი, რომელსაც ამობეჭდავთ ან სადმე ჩაინიშნავთ.  ამ შემთხვევაში ეს კოდები უსაფრთხო ადგილას უნდა შეინახოთ ან სანდო ადამიანს გაუზიაროთ.

• SMS შეტყობინება - Facebook-ი კოდს ტექსტური შეტყობინებით მაშინ გამოგიგზავნით, როცა ანგარიშზე შესვლას გადაწყვეტთ. Facebook-ის რეკომენდაციით, ზემოთ განხილული ვარიანტებიდან ყველაზე უსაფრთხო ფიზიკური გასაღების გამოყენება, ხოლო ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო მეთოდს SMS შეტყობინების მიღება წარმოადგენს.

 ♦  მიიღეთ შეტყობინებები უცნობი მოწყობილობების შესახებ

login alerts ფუნქციის დახმარებით, როდესაც ვინმე თქვენს ანგარიშზე შესვლას უცხო მოწყობილობიდან შეეცდება შეტყობინებას მიიღებთ.

 

alt
 
შეტყობინების მიღება შეგიძლიათ: Facebook-ზე, ელ.ფოსტაზე, კომპიუტერში და მობილურზე ან სატელეფონო შეტყობინების სახით. სასურველი მისამართის ასარჩევად:

  • შედით Facebook-ის პროფილზე და ზემოთ, მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ სამკუთხედის სიმბოლო
  • გადადით პარამეტრებში - Settings
  • დააჭირეთ შეტყობინებებს - Notifications.
  • აირჩიეთ რედაქტირება - Edit.

alt 

♦  საიდუმლო კომუნიკაცია Messenger-ში

ქვემოთ ნახსენები ფუნქციები Messenger-ში წყაროსთან კომუნიკაციის დაცვაში დაგეხმარებათ. დაშიფრული მიმოწერის გამოყენება iOS ან Android სისტემაზეა შესაძლებელი. "საიდუმლო მიმოწერის" ფუნქციის ჩასართავად:

 

alt

 


iOS-ზე
"ინბოქსში" დააჭირეთ კონკრეტული პირის სახელს და აირჩიეთ Go to Secret Conversation ფუნქცია/

Android-ზე
დააჭირეთ კონკრეტული პირის სახელის გვერდით სამ წერტილს “. . .”, ჩამოყევით ბოლოში და აირჩიეთ Go to Secret Conversation.

"საიდუმლო მიმოწერის" გამოყენებისას შეგიძლიათ ჩართოთ ტაიმერი და მიუთითოთ ის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც მიმოწერა გაქრება ან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ თქვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინებები.

 ♦  Messenger-ში დაარქივება

თუ Messenger-ში მიმოწერას დააარქივებთ, ის თქვენს "ინბოქსში" აღარ გამოჩნდება მანამ, სანამ ისევ არ მისწერთ იმ ადამიანს. ფუნქციის გამოსაყენებლად:

  •  დააჭირეთ ხელი კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერას
  • გადადით "სამი ხაზის" სიმბოლოზე
  • აირჩიეთ დაარქივება - Archive 

 ♦  Tor ბრაუზერი

IP მისამართის შესაცვლელად Facebook-ზე შეგიძლიათ Tor ბრაუზერით შეხვიდეთ. Facebook-ი ამ ბრაუზერის გამოყენებისას შემდეგ მისამართს უწევს რეკომენდაციას : https://facebookcorewwwi.onion

 

alt

 

Facebook-ზე შესვლა შეგიძლიათ Tor-ის ანდროიდ აპლიკაცია Orbot proxy-ით, რომლის გადმოწერაც Google Play-დანა შესაძლებელი.

 კონფიდენციალობის შემოწმება

ამ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე წამს საჭიროებს და მისი საშუალებით:

  • გადახედავთ და საჭიროების შემთხვევაში შეცვლით კონფიდენციალობის პარამეტრებს 
  • ნახავთ ვის შეუძლია თქვენი პოსტებისა და პროფილის ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის მისამართის) ნახვა 
  • შეამოწმებთ იმ აპლიკაციებს, რომლებზეც Facebook-ით ხართ შესული 

alt

 

სასურველია Facebook ანგარიშზე ყოველთვის განაახლოთ საკონტაქტო ინფორმაცია და წაშალოთ ძველი ნომერი/ელ.ფოსტის მისამართი. ეს ხელს შეგიწყობთ კვლავ იქონიოთ თქვენს პროფილზე წვდომა, თუ პაროლი დაგავიწყდებათ.

 ♦   როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ რომ Facebook-ი გაგიტეხეს?

  • თუ ანგარიშზე შესვლა შეგიძლიათ, მაშინვე შეცვალეთ პაროლი. შე
  • ამოწმეთ შეცვალეს თუ არა პროფილზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია
  • თუ ანგარიშზე წვდომა არ გაქვთ, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ Facebook-ს ბმულზე: facebook.com/hacked

alt

 

რა თქმა უნდა, ამ რჩევების გათვალისწინება Facebook ანგარიშის უსაფრთხოების გარანტირებულად დაცვას მაინც არ ნიშნავს, თუმცა ზემოთ ნახსენები მეთოდების გამოყენება თქვენს ინფორმაციას ბევრად დაცულს გახდის და ჰაკერებსაც საქმეს გაურთულებს.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ძალადობის სავარაუდო  მსხვერპლი ქალის პირადი მონაცემებისა და არასრულწლოვნების ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
15 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა. კერძოდ, 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებს. 5 შვილის დედა ქმარს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ძალადობაში დადანაშაულებული ქმარი ბრალდებებს უარყოფს და მის მეუღლეს შვილებზე და დედამთილზე ძალადობაში სდებს ბრალს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი სიუჟეტში დაფარულია [დიდი ალბათობით, არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად], ერთ-ერთი დოკუმენტით მისი პირდაპირი იდენტიფიცირება ხდება. მასში სრულად იკითხება ქალის საახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ეს კი, თავის მხრივ, მისი არასრულწლოვანი შვილების [სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 5 შვილიდან 3 არასრულწლოვანია] ირიბ იდენტიფიცირებასაც ახდენს.

ამასთან, დედის მხრიდან შვილზე სავარაუდო ძალადობის ნიშნების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტოც არის ნაჩვენები, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ის დაფარულია, ახლობლებისთვის მისი ამოცნობა მაინც არის შესაძლებელი. ამასთან, ნაჩვენებია იმ სახლის შიდა კადრებიც, სადაც ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. შესაბამისად, ნაცნობები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას სიუჟტიდან მარტივად შეძლებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
დაინტერესებული პირი წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით საპენსიო რეფორმის გასამართლებლად „იმედის“ გადაცემაში
12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“ საპენსიო რეფორმას ეხებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი დავით(დევი) გულაშვილი იყო, რომელიც საპენსიო რეფორმის სიკეთეებზე საუბრობდა. გულაშვილი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა, სტუმრის წარდგენისას გადაცემის წამყვანს აუდიტორიისთვის ამ კავშირების შესახებ არაფერი უთქვამს.

უფრო კონკრეტულად, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ერთ-ერთი მფლობელი რევაზ სურგულაძე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისი კუთვნილი წილი მის შვილებს - ლევან სურგულაძესა და გიორგი სურგულაძეს გადაეცათ. თუმცა, ამ ცვლილების რეგისტრაცია რეესტრში შეჩერებულია.

გარდა ამ კომპანიისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან იკვეთება მეორე კომპანიაც - „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, რომლის წევრიცაა "კავკასიის ავტოიმპორტი". დავით გულაშვილი ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლევან სურგულაძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. საპენსიო ფონდის პრესსსამსახურის ცნობით, სულგულაძემ სამეთვალყურეო საბჭო სექტემბერში დატოვა, თუმცა, ეს ცვლილება არ ასახულა არც საჯარო რეესტრში და მის მიერ 2018 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

დავით გულაშვილი რომ ნამდვილად მუშაობს ორივე კომპანიაში, „მედიაჩეკერმა” მასთანაც გადაამოწმა. იგი ადასტურებს, რომ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი”, რომელშიც აღმასრულებელი დირექტორია, ნამდვილად რევაზ სურგულაძის კომპანიაა. თუმცა, ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის მფლობელობაში გადავიდა „კავკასიის ავტოიმპორტი” რევაზ სურგულაძის გარდაცვალების შემდეგ.

გადაცემა „პირისპირ” არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაგროვებითი პენსიის შესახებ სასაუბროდ დავით გულაშვილი „იმედის“ ეთერში მიიწვიეს. ამავე არხსა და ამავე თემაზე, იგი 10 მარტს, “იმედის კვირაშიც” საუბრობდა. დავით გულაშვილი დაგროვებითი პენსიის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამბობდა, რომ ეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ არის და მაგალითად მოჰყავდა საკუთარი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომელიც დასაქმებულებს თავად უხდის საპენსიო გადასახადს.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირები კი ვალდებულნი არიან. სქემის მიხედვით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება, - დამსაქმებელიც, დასაქმებულიც და სახელმწიფოც, ფონდში ხელფასის 2-2%-ს რიცხავენ.

რეფორმა მასზე საუბრის დაწყებიდან დღემდე საზოგადოების კრიტიკის საგანია. დაგროვებითი პენსია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ძალადობის  სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
8 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი პოლიციის მხრიდან 15 წლის მოზარდზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხებოდა, რომლის შედეგადაც არასრუწლოვანი ფიზიკურად დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში თავად მოზარდი დაფარულია, მისი ამოცნობა ნაცნობებს არ გაუჭირდებათ, ვინაიდან იდენტიფიცირებულია დედა და ჩანს მისი საცხოვრებელი სახლი.

მასალიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლნისის პოლიციაში ქურდობაში ბრალდებულ მოზარდს 8 საათის განმავლობაში სავარაუდოდ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მასზე მორალურად ძალადობდნენ, ბოლოს კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც არასრულწლოვანს ხელი მოსტყდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სიუჟეტში სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა კამერის წინ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ღიად საუბრობს. ამასთან, სიუჟეტში კარგად ჩანს სავარაუდო მსხვერპლის სახლი და ეზო. კადრში ასევე ხვდება ქუჩის სახელწოდება და ნომერი, სადაც სახლი მდებარეობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
გერმანელი ენათმეცნიერის სახელით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
2-3 მარტს სოციალურ ქსელსა და ვებგვერდებზე presa.ge, geotimes.ge, progressnews.ge, for.ge გერმანელი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, იოსტ გიპერტის სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ვებსაიტები წერდნენ, თითქოს გიპერტი ამბობდა, რომ ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია და უფრო დიდი ერების მონობისკენ აქვთ მოთხოვნილება.

„ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერს, რომელსაც საკუთარი ენა და სამი უნიკალური ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები, როგორიც ინოეთი და აფრიკის ქვეყნებია“, - ეს ციტატა გამოცემებმა იოსტ გიპერტის ნათქვამად გამოაქვეყნეს, წყაროდ კი სოციალური ქსელის მომხმარებელი მიუთითეს.

Presa.ge და Progressnews.ge-ის წყარო გოგა ჩანადირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. თავად გოგა ჩანადირი ეყრდნობოდა პაატა ვარდანაშვილს, რომლის კედელზეც ეს ინფორმაცია აღარ იძებნება.  For.ge-მ იდენტური მასალა progressnews.ge-ის სტატიაზე დაყრდნობით დაწერა. Geotimes.ge-მ კი, წყაროს მითითების გარეშე, მხოლოდ ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც, თითქოს, პროფესორ იოსტ გიპერტს ეკუთვნოდა. არცერთ მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მიერ ამბის გადამოწმების მცდელობა, რათა ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის.

აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები იოსტ გიპერტს საერთოდ არ უთქვამს. მედიაჩეკერთან საუბრისას, პროფესორმა იოსტ გიპერტმა მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: „ეს გამონათქვამი, რომელიც გამოქვეყნდა ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის და არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ამბავთან. ეს არის ინფორმაციის გაყალბება, ამგვარი ქმედება მიუღებელია და იძულებული ვარ მივმართო სათანადო ორგანოებს რეაგირებისათვის“, - აღნიშნა იოსტ გიპერტმა
პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების შესახებ დაუდასტურებელი მონაცემი  „ქრონიკა+“-ის სტატიაში
„ახალი ეპიდემია საქართველოში: ასობით პედოფილი, ათასობით განადგურებული ბავშვი“ - ამ სათაურით 2 მარტს „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალადობას ეხება. მასალაში პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების რაოდენობის შესახებ არგუმენტების და ოფიციალური სტატისტიკის გარეშე, მტკიცებით ფორმაში დაუდასტურებელი მონაცემებია მოყვანილი.

მაგალითად, სტატიის შესავალში ავტორი პედოფილიას ფსიქიკურ დარღვევად აფასებს, შემდგომ კი აღნიშნავს: „ბევრი ექსპერტის აზრით, საქართველოში ყოველი მე-10 პოტენციური სექსუალური მოძალადეა, ხოლო ყოველი მე-5 - პედოფილი.“ - სტატიაში არ არის მოყვანილი ამ მონაცემების დამადასტურებელი ოფიციალური სტატისტიკა და არსად ჩანს, თუ რომელი „ექსპერტების“ მოსაზრებას ეყრდნობა ავტორი, ან როგორ დადგინდა ვინ არის პოტენციური მოძალადე.

„ქრონიკა+“-ის მასალაში ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ოთხი შემთხვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკაა განხილული.

სტატიის დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია, სტატისტიკა ნახევრადაც არ ასახავს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის რეალურ მდგომარეობას“ - ავტორს არგუმენტად შიშის ან „სხვადასხვა მიზეზების“ გამო დანაშაულის შეუტყობინებლობა მოჰყავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია ინფორმაციის წყარო და მასალაში არ ჩანს, თუ რაზე დაყრდნობით წერს ავტორი, რომ პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია.