უსაფრთხოების წესები და რჩევები საპროტესტო აქციების გაშუქებისას
11.07.2019

საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქება ყოველთვის შეიცავს რისკებს, ასეთ დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინი აქციების გაშუქებამდე შესაბამისად უნდა იყვნენ მომზადებულნი. ცოდნა, გამოცდილება და სამოქმედო გეგმის წინასწარ შედგენა საპროტესტო აქციების გაშუქებასთან დაკავშირებულ რისკებს ბევრად შეამცირებს.

"მედიაჩეკერმა" სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქების სახელმძღვანელო წესები მოიძია და პრაქტიკულ რჩევებს მოუყარა თავი. 


»  წინასწარ მომზადება

  • სანამ გადასაღებად წახვალთ წინასწარ დაგეგმეთ რას მოიმოქმედებთ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. კარგად შეისწავლეთ ტერიტორია და რუკის დახმარებით გაარკვიეთ ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილები და გასასვლელები.
  • წაიღეთ პატარა ზურგჩანთა, რომელშიც დამცავ საშუალებებთან ერთად წყალი და საკვები გექნებათ. კარგია თუ თან გექნებათ ტკბილეული.
  • ზურგჩანთა შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის ტყვიებისგან , ქვებისა და წყლის ჭავლისგან დამცავ "ფარად". სასურველია ზურგჩანთას ჰქონდეს წინა შესაკრავები, რომლითაც ჩანთას წელსა და გულმკერდის არეზე კარგად დაიმაგრებთ, რაც სირბილის დროს პრაქტიკული იქნება.
  • თან იქონიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი.
  • წაიღეთ თვალების დამცავი საშუალებები, თუნდაც ცურვისთვის განკუთვნილი სათვალე ან სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დამცავი სათვალე, ასევე სახის დამცავი ფარი ან აირწინაღი.
  • ჩაიცვით თავისუფალი, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი. ასეთი ტანსაცმელი ისე სწრაფად არ დაიწვება, როგორც სინთეტიკა. გახსოვდეთ, ყოველთვის არსებობს გაზის ყუმბარის აფეთქების რისკი.
  • ნუ ჩაიცვამთ პოლიციისა და სამხედროების ფორმის მსგავს ტანსაცმელს. სასურველია გეცვათ, როგორც სამართალდამცველების ისე მომიტინგეების ტანსაცმლისგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი. მოერიდეთ შავის, ასევე ჭრელი ფერების ჩაცმას. ყველაზე კარგი ვარიანტია ლურჯი ფერის ტანსაცმელი.
  • ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც პრაქტიკულია და რომელსაც თასმები მჭიდროდ ეკვრება.
  • თან იქონიეთ საჭირო წამლები, თავისი შეფუთვით.
  • არ შეიკრათ თმა ე.წ ცხენის კუდით და არ გაიკეთოთ საყურეები, რათა არ ჩაგეჭიდოთ ვინმე ან რამეს არ გამოედოთ.
  • ტელეფონში პროდიუსერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკონტაქტო პირების ნომრები გამოყავით ცალკე ( შეგიძლიათ თითოეულს წინ მიაწეროთ ანბანის პირველი ასო A, რაც მათ მოძებნას გაგიადვილებთ ან ეს ნომრები გადაიყვანეთ მნიშვნელოვანი კონტაქტების სიაში). ასე დაზოგავთ დროს და ოფისსა და კოლეგებთან კომუნიკაციას გაამარტივებთ.
  • შეამცირეთ მობილურის განათება და არასაჭირო აპლიკაციებს გამოურთეთ ენერგიის მოხმარება. მობილური უნდა იყოს ბოლომდე დატენილი, თან უნდა იქონიოთ დამატებითი პორტატული დამტენი (Power Bank) და შესაძლებლობის ფარგლებში დამატებითი პატარა მობილური (არაა აუცილებელი სმარტფონი იყოს), რომლიდანაც მნიშვნელოვან კონტაქტებს დაურეკავთ.
  • იქონიეთ თქვენი ადვოკატის საკონტაქტო ნომერი. შეგიძლიათ დაიწეროთ მხარზე ან ფურცელზე, რომელიც სულ თან გექნებათ.
  • სასურველია ავტომობილში პატარა ზომის ცეცხლსაქრობი გედოთ.

»  უშუალოდ ადგილზე ყოფნისას

  • ყოველთვის დარჩით თქვენს ჯგუფთან ერთად. არასდროს დატოვოთ ოპერატორი მარტო, რადგან ის ფოკუსირებულია გადაღებაზე და ნაკლებად აქცევს ყურადღებას რა ხდება მის ირგვლივ. ყოველი შემთხვევისთვის შეარჩიეთ ერთი ადგილი, სადაც განცალკევების შემთხვევაში ჯგუფის წევრები ერთმანეთს შეხვდებით.
  • ყოველთვის თან იქონიეთ პრესის ბარათი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ მედიის მიმართ აგრესიაა, დამალეთ პრესის ბარათი და ნუ იტყვით, რომ მედიის წარმომადგენელი ხართ. 
  • ნუ იქონიებთ თან ბლოკნოტს, რომელსაც მედიის ლოგო აქვს. ჩაინიშნეთ რაც შეიძლება ცოტა შენიშვნა, რათა ნაკლები ყურადღება მიიქციოთ.
  • ინტერვიუ ჩაწერეთ აქციის ადგილისგან მოშორებით ან ქუჩის კუთხეში.
  •  თუ რეპორტიორი ხართ, არაა აუცილებელი დემონსტრანტების წინ ან შუაში დადგეთ, უმჯობესია მათ გვერდიდან დააკვირდეთ და ისე გაჰყვეთ. როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც ქვებს ისვრიან დემონსტრანტების შუაში დგანან და ხალხში არიან შერეული. არასდროს დადგეთ მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის.
  • თუ ფოტოგრაფი ან ოპერატორი ხართ სჯობს მაღლიდან გადაიღოთ.
  • თუ სამართალდამცველები თქვენი მიმართულებით მორბიან გაერიდეთ ადგილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისევე მოგექცევიან, როგორც ერთ-ერთ მომიტინგეს.
  • არაფერი აიღოთ მიწიდან. ნებისმიერი რამ, რაც თქვენს სიახლოვეს დავარდება დატოვეთ ისე, როგორცაა. თუ დემონსტრანტების ნასროლ ქვას აიღებთ შეიძლება პოლიციას ეგონოს, რომ თქვენც სროლას აპირებთ და ამისთვის დაგაკავონ. ხოლო, თუ ცრემლსადენი გაზის ყუმბარას შეეხებით, მაშინ ხელს დაიწვავთ.
  • დაკავების შემთხვევაში პოლიციას ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგიყვანენ. სჯობს იქ მყოფ სამართალდამცველებს უთხრათ თქვენი ვინაობა და განუმარტოთ რას აკეთებდით.
  • თუ დაგაკავეს მოყევით სიმართლე, მოერიდეთ ამბის შეცვლას.
  • თუ პოლიციის მანქანაში გადაგიყვანეს შეგიძლიათ ხმამაღლა დაიძახოთ თქვენი სახელი, გვარი და იმ მედიის სახელწოდება, რომლისთვისაც მუშაობთ. ასე თქვენი დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება. 

 ასევე დაგაინტერესებთ: გაშუქება და სტრესი

 

»  დარბევის დროს

  • სიტუაციის დაძაბვისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ყურადღებით. დარწმუნდით რომ ფიზიკურად მომზადებული ხართ. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: შეგიძლიათ სირბილი?
  • მზად იყავით გაექცეთ კვამლს, ცეცხლს, პოლიციას და ზოგადად ნებისმიერ ნასროლ ნივთს. ამ დროს თავი დაბლა უნდა გქონდეთ დაწეული.
  • თუ ვარაუდობთ, რომ ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ, დადექით ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს, თუ გაზის ყუმბარა თქვენთან დავარდა, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით პოლიციისგან მოშორებით და ეცადეთ მაქსიმალურად ცოტა ისუნთქოთ. ასთმის, რესპირატორული პრობლემების, ინფექციური დაავადების მქონე, ორსულები, თვალის ინფექციისა და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვინც კონტაქტურ ლინზებს ხმარობენ, განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ცრემლსადენ გაზს.
  • თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, შესაძლოა გაზი თვალსა და ლინზას შორის მოხვდეს, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ სასურველია სათვალე გეკეთოთ.
  • რეზინის ტყვიების გამოყენებისას თუ ვერ გაიქცევით, პოლიციისკენ ზურგით დადექით მუხლებზე. თავი დახარეთ და დაიცავით სახე. ამისთვის შეგიძლიათ ზურგჩანთა გამოიყენოთ.
  • წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, შებრუნდით ზურგით, მოიხარეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები აიფარეთ ცხვირისა და პირის წინ ისე, რომ ჰაერი საკმარისი გქონდეთ და სუნთქვა შეძლოთ.
  • იმუშავეთ თქვენს გუნდთან ერთად და გახსოვდეთ, საიდან უნდა გაიქცეთ, თუ ვითარება უარესობისკენ შეიცვლება.
  •  აქციის გაშუქების შემდეგ გამართეთ შეხვედრა ნიუსრუმში და განიხილეთ გაშუქების პროცესი. ისწავლეთ "გაკვეთილები"

»  რეკომენდებული აღჭურვილობა

ზურგჩანთა, რომელშიც გექნებათ:

  • ბეისბოლის კეპი (თავის დაცვისთვის)
  • თვალების დასაცავად სათვალე (ცრელმსადენი გაზის დროს)
  • აირწინაღი
  • პირველადი დახმარების ნაკრები
  • მუხლების დამცავი ბალიშები
  • პატარა ზომის ცეცხლსაქრობი
  • ყურის ერთჯერადი საცობები (აქციის დასაშლელად ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემთხვევისთვის)


»  რჩევები ცრემლსადენი გაზისგან თავდასაცავად

ცრემლსადენი გაზის გაშვებისას არ ჩავარდეთ პანიკაში. როცა გაიგებთ სროლის ხმას აიხედეთ ზემოთ და ეცადეთ მოერიდოთ იმ ადგილს, სადაც გაზის ყუმბარა დავარდება. ხშირად ყუმბარები ჰაერშივე ფეთქდება, რის გამოც ის ცხელდება ამიტომ არ შეეხოთ მას. ასევე არ აიღოთ აუფეთქებელი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა, რადგან შესაძლოა თქვენს ხელში აფეთქდეს და დაშავდეთ. ცრემლსადენი გაზისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალება აირწინაღია. მაგრამ თუ აირწინაღი არ გაქვთ თან იქონიეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული ლიმონის წვენით/მჟავით ან ვაშლის ძმრით დასველებული ხელსახოცები, რომლებსაც ცხვირსა და პირზე დაიდებთ. თვალები შეგიძლიათ გამოირეცხოთ ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით.

ჩაიცვით რამდენიმე ფენა ტანსაცმელი. როცა კვამლი ტანსაცმელში შევა უნდა გაიხადოთ ზედა ფენა. ეცადეთ ზემოდან გეცვათ წყალგაუმტარი/ საწვიმარი ტანსაცმელი. თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ, ცრემლსადენი გაზის გაშვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოიხსენით ლინზები. თუ არ გაქვთ სათვალე ან სახის რაიმე ტიპის დამცავი საშუალება, ცხვირზე აიფარეთ მაისური და ისე ისუნთქეთ - ეს იქამდე იქნება ეფექტიანი, ვიდრე მაისურის ქსოვილი გაზით არ გაიჟღინთება.

მოერიდეთ აქციაზე მაკიაჟით მისვლას. ეს ცრემლსადენი გაზის მოქმედებას გააძლიერებს. კოსმეტიკა და სახის დამატენიანებლები ცრემლსადენი გაზის ან წიწაკის სპრეის მოხვედრისას იწვევს წვას. გეკეთოთ სამაჯური ან იქონიეთ სამედიცინო ბეიჯი, რომელზეც ეწერება თქვენი სისხლის ჯგუფი და კონკრეტული დაავადება ან ალერგია.


წყაროები

 https://www.nuj.org.uk/documents/ifj-safety-guidelines/
https://j-source.ca/article/tips-for-journalists-covering-violent-protests/
https://gijn.org/resources/abrajis-security-manual-for-covering-street-protests/
https://ijnet.org/en/story/tips-staying-safe-while-covering-violent-protests

სტატიაში გამოყენებულია ტბელ აბუსერიძის ფოტო. თბილისი, 20 ივნისი.  


 


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ენმ-ის მიერ „პროვოცირებული კრიზისი“  „იმედის კვირაში“ მტკიცებულებების გარეშე
14 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეული გადაცემა „იმედის კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტი ქვეყანაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს და იმ ზარალს ეხებოდა, რომელიც აღნიშნულის ფონზე საქართველოს ეკონომიკას მიადგა. 

მაგალითად, სიუჟეტის წარდგენაშივე გადაცემის წამყვანმა ჩიხლაძემ მტკიცებით ფორმაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამბოხის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩავარდა. „პროვოკაციული გეგმის მიუხედავად, ვერც სოციალური ბუნტი შედგა, სამაგიეროდ იზარალა ქვეყნის ეკონომიკამ. მნიშვნელოვანი შეფერხება აქვს ტურიზმის სექტორსაც, სეზონი ნაწილობრივ ჩავარდა და საერთო ჯამში, საუბარია, რომ 2 მილიარდი დოლარი დავკარგეთ“, - ამბობს წამყვანი.

სიუჟეტის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ლარის გაუფასურება, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აკრძალვა და ამით გამოწვეული ზარალი “ნაციონალურ მოძრაობას” ბრალდება ისე, რომ ამის გამამყარებელი მტკიცებულებები არ ჩანს.

“ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ექსტრემიზმი” და საპროტესტო აქციები

ამბის თხრობა თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციებით იწყება, რასაც ანალიტიკოსის სტატუსით ჩაწერილი ორი რესპონდენტის საუბარი მოჰყვება. ერთი-ერთი მათგანი გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი ანტისაოკუპაციო აქციებს და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნას ოპოზიციური პარტიების სურვილად განიხილავს და იქ მყოფ დემონსტრანტებს “ერთ მუჭა ხალხად” მოიხსენიებს. ჟურნალისტი ამის საპირწონედ არ აღნიშნავს, რომ აქციები სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ინიცირებული და 20 ივნისის შემდეგ, არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც “ერთ მუჭა ხალხზე” გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციების კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირების ქვეტექსტის გაძლიერებას სიუჟეტში დასმული კითხვით თავად ჟურნალისტიც ცდილობს: „გენშტაბის ყოფილ უფროსს ახლა ის უფრო აინტერესებს, ოცი ივნისის ღამეს აქციის დაშლისას, ვინ და რა მოტივაციით გადაამეტა უფლებამოსილებას, იდგა თუ არა ე.წ. ურჩი სპეცრაზმელების უკან ექსპრეზიდენტი თავისი განცხადებებით“.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა დადასტურებულ ფაქტად მიაწოდა აუდიტორიას ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩავარდა, ჟურნალისტი ამბობს, “იგეგმებოდა თუ არა დესტაბილიზაცია, ეს საგამოძიებო ორგანომ უნდა გაარკვიოს”. თუკი ჯერ არავის გამოუძიებია მომხდარი, გაუგებარი რჩება, რას ეყრდნობოდა წამყვანი, როდესაც ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო ამბოხი ჩავარდა”.

იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ „პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა“, ჟურნალისტი უფრო ჩრდილოეთითაც მიდის. სიუჟეტში პუტინისა და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერისა და გამზიარებლის, წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტის, თინა კანდელაკის მოსაზრებებს ვისმენთ, რომელიც ამბობს, რომ „პოლიტიკური ექსტრემიზმით და ტერორიზმით [საქართველოს] ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაკავებული“. უფრო მეტიც, ის რუსეთისთვის „ოკუპანტის“ იარლიყის მიკერებას სწორედ სააკაშვილის პროვოკაციასა და ერთი არხის [რუსთავი 2] პროპაგანდის შედეგად მიიჩნევს. სიუჟეტის ავტორი იმასაც გვიყვება, რომ თინა კანდელაკს მის რესტორანში მისული მომხმარებლებისთვის „ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე ყოველ დღე უწევს სტუმრებისთვის იმის ახსნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხში არ უნდა შეიყვანოს ერთი პოლიტიკოსის ქმედებებმა და ერთი ტელეწამყვანის გინებამ“.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა რომ ამბოხს გეგმავდა და თბილისში ორგანიზებული აქციები ამ პარტიას უკავშირდება, თინა კანდელაკის და ლევან ნიკოლეიშვილის მოსაზრებებს ეფუძნება. სიუჟეტში არ ჩანს არცერთი ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებებს გაამყარებდა. ჟურნალისტს არც უცდია განსხვავებული მოსაზრების წარმოჩენა, არც ფაქტები შეუთავაზებია აუდიტორიისთვის და არც ის უჩვენებია, რამ გამოიყვანა და დატოვა ოც დღეზე მეტ ხანს დემონსტრანტები ქუჩაში.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის საპასუხო ეკონომიკური სანქციები და ავიაემბარგო

“ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური ექსტრემიზმის” შემდეგ სიუჟეტში მსჯელობას ქვეყნისთვის მიყენებულ იმ ეკონომიკურ ზიანზე საუბარი ებმის, რაც როგორც ასევე სიუჟეტიდან ირკვევა, სწორედ ერთი პოლიტიკური პარტიისა და ტელევიზიის პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. საქართველოში ფრენების შეზღუდვის შესახებ საკითხი სიუჟეტში დუმის მიერ ინიცირებულ სანქციებთან ერთად, მანიპულაციურად ისეა განხილული, თითქოს ორივე მათგანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივლისს ეთერში პუტინის გინებას მოჰყვა. არადა. პუტინმა რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ დუმის მიერ ინიცირებული სანქციები კი არ დამტკიცდა.

რუსეთის მხრიდან დაანონსებული ემბარგოს კონტექსტში განიხილავს ჟურნალისტი ეროვნული ვალუტის რყევასაც. სიუჟეტში ლარის კურსის ვარდნის მიზეზად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახელებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის გარდა ევროკავშირიდან ტურისტების შემოდინების ნაკადის შემცირებასთან აკავშირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილიც. ჟურნალისტი არ ცდილობს ფაქტების მოძიებას და იმის ჩვენებას თუ როდის დაიწყო ლარმა გაუფასურება. სინამდვილეში ვარდნა აქციებამდე ბევრად ადრე დაიწყო, რასაც ერთი წინადადებით ახსენებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში დაამყარა, რითიც ცდილობს გაამყაროს მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ დაანონსებული ემბარგო არის ლარის რყევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ამით გამორიცხოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

სიუჟეტის ბოლო ნაწილი ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე საუბარს ეთმობა. ბიზენსომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარი იმაზე, რომ რუსულ ბაზარზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, კონტრპროდუქტიული, ყოველგვარ რაციონალიზმსა და ლოგიკურაობას მოკლებულია.

რუსული ბაზრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს თავად ჟურნალისტიც. „მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი რუსეთში 85%-დან 63%-მდეა შემცირებული ქართულ ბიზნესს ამ დრომდე მაინც არ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი რუსეთის ბაზრისგან“, - სწორედ ამ სიტყვებით ასრულებს ის სიუჟეტს.

12 წუთიანი სიუჟეტი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ქმედებების შედეგად, რუსეთის მხრიდან დაწესებულ და მოსალოდნელ ეკონომიკურ სანქციებზე საუბარს დაეთმო, არაფერი თქმულა ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. არ განხილულა ქვეყნისთვის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების სახიფათო მხარეები. არადა, ჟურნალისტი რუსეთის მიერ 2006 წელს დაწესებულ სანქციებზე, რომელმაც 7 წელს გასტანა, თავადვე საუბრობს. ასევე, არ განხილულა ბალტიისპირეთის მაგალითი, თუ როგორ მოახერხეს ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა რუსული ეკონომიკური გავლენისგან თავის დაღწევა და ევროკავშირის ბაზარზე ადაპტირება. სიუჟეტში არ უსაუბრიათ სახელისუფლებო სტრუქტურების პასუხისმგებლობაზე არც აქციების დაწყების და 21 ივნისს მისი დაშლის ნაწილში და არც ლარის გაუფასურებაზე მსჯელობისას.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტის და მისი ავტორის მთავარი მიზანი ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის კვლავ ჩაკეტვის პირობებში, არა გამოსავლებისა და ალტერნატივების ძებნა, არამედ მოსალოდნელ და უკვე დამდგარ ზიანში მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის - ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობის ძიება და მათი დადანაშაულება იყო.
იდენტური მასალები ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ სარეკლამო ნიშნის გარეშე
11  ივნისს რამდენიმე გამოცემამ,  pia.ge, for.ge და kvira.ge-მ  გამოაქვეყნეს თითქმის იდენტური შინაარსის მასალები, რომლის  მიხედვითაც"40 ათასიანი ხელფასის   მქონე ნიკა გვარამიას გლეხები ფეხებზე ჰკიდია".  სამივე სტატია ასახავს ყვარლის მკვიდრის, თენგის დათუნაშვილის მოსაზრებას. ის აკრიტიკებს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც  თქვა, „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ “ბორჯომი”, ღვინო და “ნაბეღლავი” შეიტანოს რუსეთში?"  თენგიზ დათუნაიშვილის თქმით, რუსეთის ბაზარი რომ გადაიკეტოს, ძალიან გაუჭირდებათ ღვინისა და ყურძნის გაყიდვა. 

მასალა სავარაუდოდ სარეკლამოა, თუმცა, სამივე გამოცემას pia.ge-ს, for.ge-ს და kvira.ge-ს ეს სტატია შესაბამისი აღნიშვნის გარეშე აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად გაუგებარი რჩება მკითხველისთვის სად მიაგნო სამივე გამოცემამ ამ მევენახეს,  სად გააკეთა მან ეს კომენტარი და როგორ მოხვდა მისი მოსაზრება ამ გამოცემების ვებსაიტებზე.  მასალები რომ ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება იყოს გამოქვეყნებული, ადასტურებს გამოცემა reginfo.ge-ს რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხდვითაც ამ სტატიის გამოქვეყნებას სთხოვდა ერთ-ერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია საინფორმაციო - სარეკლამო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რაზეც მან უარი უთხრა.


altalt




















სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამჯვნის ვალდებულებას ჟურნალისტებს ქარტიის მეცხრე პრინციპი ავალდებულებს. იმისათვის, რომ აუდიტორია შეცდომაში არ შევიდეს და სხვის მიერ მომზადებული, საფასურის სანაცვლოდ გამოქვეყნებული მასალა არ მიიჩნიოს სარედაქციო მასალად, აუცილებელია ნათლად ჰქონდეს მითითება რეკლამის შესახებ. სარეკლამო და სარედაქციო მასალის გამიჯვნის წესები დაკონკრეტებულია ქარტიის მიერ მომზადებულ გაიდლაინში

ამ დოკუმენტის თანახმად, მედიასაშუალებამ არ შეიყვანოს აუდიტორია შეცდომაში - არ მიაწოდოს ინფორმაცია ისე, თითქოს ის გადამოწმებული და დაზუსტებულია მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. აქვე აღნიშნულია, რომ "იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალა შეიცავს კონკრეტულ ბრალდებებს რომელიმე პირის მიმართ, ანდა ცალსახაა, რომ მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას, მის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილება რედაქციამ უნდა მიიღოს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად."

alt
ნენსკრა ჰესის სიკეთეები “იმედის კვირაში”
„ნენსკრა ჰესის პროექტი და „ნენსკრა ჰიდროს” სოციალური პროექტები სვანეთში“ - ამ სათაურით 7 ივლისს ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის კვირაში", ნენსკრა ჰესის შესახებ გავიდა სიუჟეტი. 7 წუთის განმავლობაში მაყურებელი ისმენდა წამყვანის, ჟურნალისტისა და რესპონდენტების მტკიცებას იმის შესახებ,  რამდენად დიდ სიკეთეს მოუტანს „ნენსკრა ჰესი“ ადგილობრივებსა და საქართველოს ეკონომიკას. მაყურებელს არ მოუსმენია საწინააღმდეგო აზრი, არც ერთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება და დასაბუთებული, არგუმენტირებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჰესი მართლაც მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანია. მასლის ავტორს არც ჰესის მშენებლობით გამოწვეული ადგილობრივების პროტესტი უხსენებია და არც ის საფრთხეები, რაზეც გარემოსდამცველი ორგანიზაციები საუბრობენ. 

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი აქცენტს აკეთებს „ნენსკრა ჰესის“ სიკეთეებსა და სარგებელზე - „პროექტი ჭუბერის თემში ხორციელდება. ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებით არის და არ გულისხმობს ოჯახების განსახლებას. გარდა ჰესის მშენებლობისა, „ნენსკრა ჰიდრო“ რეგიონში ფართო მასშტაბიან სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და იმაზეც ზრუნავს, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივები დაასაქმოს. ამისთვის კომპანიამ კადრების საკუთარი რესურსით გადამზადება უკვე დაიწყო“.

წამყვანის მსგავსად, სიუჟეტის ავტორიც არაერთხელ ახსენებს მაყურებელს „ნენსკრა ჰიდროს“ სიკეთეებს და ხაზს უსვამს, რომ ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს. გარდა ამისა, ჟურნალისტი მაყურებელს ინვესტორი კომპანიის გამოცდილების შესახებაც უყვება და არწმუნებს, რომ „მას სვანეთის წყლებთან შეჭიდება არ გაუჭირდება“.

ჟურნალისტი საუბრობს სოციალურ პროექტებზეც - „ნენსკრა ჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პრიორიტეტი კი, ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. კომპანიამ ამაზე წინასწარ იზრუნა და ადგილობრივები პროფესიულ გადამზადებას უკვე თბილისში გადიან… ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტების განხორციელებაც ნენსკრა ჰიდრომ თავის თავზე აიღო და 400-მდე ოჯახს მიწის ნაკვეთების აზომვაში, ნახაზის მომზადებასა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში უწევს დახმარებას. ტურისტებისთვის არც თუ ისე ნაცნობ მხარეში ამუშავდა საოჯახო სასტუმროები, სადაც, ძირითადად, პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ჰესი ამ მხარეს კიდევ უფრო განავითარებს“, - ამბობს ჟურნალისტი და არც კი ახსენებს იმ ადგილობრივებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, მის უარყოფით მხარეებზე, ზიანზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

სიუჟეტის დასასრულს, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სვანეთის სარგებელი ჰესის მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გამოჩნდება, თუმცა მშენებლობის და ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ ჰესი გაცილებით დიდ სარგებელს საქართველოს ენერგოსისტემას მოუტანს.

გასული წლის 5 ივლისს ჭუბერში სტიქია მოხდა და ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე სოფელი დატბორა. ღვარცოფის შემდეგ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას განცხადებით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს.“

ჟურნალისტს ეს ფაქტი მაყურებლისთვის არ უცნობებია , არ დაუსვამს კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი წყალდიდობასა და ჰესის მშენებლობას, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ „როგორც კომპანიაში ამბობენ, ნენსკრა ჰესი ერთგვარი პრევენცია იქნება წყალდიდობისგან“ - თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუსვამს კითხვა, თუ „როგორ“ და მაყურებელს არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი იმის დასტურად, რომ ჰესი წყალდიდობის ან სხვა სტიქიისგან დაიცავს მოსახლეობას.

ჟურნალისტს იმის თქმაც „დაავიწყდა“, რომ 2015 წლიდან დღემდე სვანეთსა და თბილისში არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და არც ის უხსენებია, რომ პროტესტის გამო 2016 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ერთ კვირაზე მეტი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. არც იმის შესახებ მიუწვდია ინფორმაცია, რომ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ეწინააღმდეგება.

მაყურებელმა ჯამში მოისმინა 7 რესპონდენტის შეფასება. მათგან 2 - ხელისუფლების, 3 - უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელი და 2 ჰესის მშენებლობის მომხრე ადგილობრივი იყო. თითოეული მათგანი, ისევე როგორც წამყვანი და ჟურნალისტი, „ნენსკრა ჰესის“ სიკეთეებზე საუბრობდა და ეკონომიკურ სარგებელს უსვამდა ხაზს. მაყურებელს არ ჰქონდა შესაძლეობლობა, რომ მოესმინა დამოუკიდებელი ექსპერტის, გეოლოგის, ჰიდროლოგის ან გარემოსდამცველის შეფასება. მთელი სიუჟეტის განმავლობაში მაყურებელს არ მოუსმენია განსხვავებული აზრი და არც იმის შესახებ მიუღია ინფორმაცია, თუ რა რისკები არსებობს და რა ზიანს მოუტანს გარემოს ჰესის მშენებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ნენსკრა ჰესის“ გარშემო დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სახელმწიფოსა და „ნენსკრა ჰესის“ მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება 8 ივნისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერმა“ გაასაჯაროვა. გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კი ხელშეკრულების გააანალიზების საფუძველზე განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს.
ყალბი ამბავი სერგეი გავრილოვის მალტაზე დასვენების შესახებ

10 ივლისს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს სერგეი გავრილოვი მალტაზე ისვენებს. გამოცემებმა ამბავს პიარ სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილის მიერ გადაღებულ ფოტო დაურთეს და მისი იუმორისტული პოსტი ნამდვილ ამბად გაავრცელეს.

თავდაპირველად, ელდარ პირმისაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე უცნობი პირის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, "ამოვდივარ ზღვიდან და რას ვხედავ ?! გავრილოვი დამჯდარა ჩემს შეზლონგზე, მივვარდი და ვილანძღები რუსულად… რაც მერე მოხდა, გაგაოცებთ".  პირმისაშვილმა მედიაჩეკერს უთხრა, რომ პოსტი იუმორით დაწერა და მალევე წაშალა.

რადიო ფორტუნამ, ელდარ პირმისაშვილის მიერ გადაღებული უცნობი ადამიანის ფოტო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა „სეერგეი გავრილოვმა მალტაზე ქართველი დამსვენებლის შეზლონგის ოკუპაცია მოახდინა“. თუმცა, მასალა მალევე წაშალა და ამ დროისთვის ინფორმაცია გამოცემის გვერდზე აღარ იძებნება.

იდენტური შინაარსის მასალა, რადიო ფორტუნაზე დაყრდნობით, გაავრცელა გამოცემა „დაიჯესტმა“. „პრაიმ ტაიმმა“ კი ფეისბუკის გვერდზე, გამოცემის ლოგოს დართვით და ავტორის მითითების გარეშე, პირმისაშვილის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით „სერგეი გავრილოვი მალტაზე ისვენებს“.

ზემოთხსენებულმა გამოცემებმა ამბავი ისე გამოაქვეყნეს, რომ პირველწყაროსთანაც არ გადაუმოწმებიათ.

alt

 

 

უფასო მშობიარობა პენსიონერებს, ელჩის გადადგომა -  ივნისის ყალბი ამბები
სიცხისგან დამდნარი ავტომობილები, ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული მშობიარობა პენსიონერებისთვის და პოლონეთში საქართველოს ელჩის გადადგომა - ივნისის თვეში გავრცელებულ ამ სამ ყალბ ამბავს არაფერი ჰქონდა საერთო და მათგან მხოლოდ ერთი უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე შემთხვევაში მარტივად დასადგენი იყო სიმართლე, სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი ამბები მარტივად დაიჯერა.

სიცხისგან დამდნარი ავტომობილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ექსკლუზივი TV“-ის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. გვერდი იუწყებოდა, რომ 14 ივნისს არაბულ ქვეყნებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 63°C დაფიქსირდა, რის გამოც ავტომობილები დადნა.

„ქუვეითში შუადღის საათებში ტემპერატურამ 50°C მიაღწია(იხ.ფოტოზე), რის შემდეგაც, ტემპერატურა ისევ გაიზარდა და 63°C გახდა, რამაც ქუჩებში მანქანების დნობა გამოიწვია. ადგილობრივებმა კი მოძრაობა შეწყვიტეს და ქუჩები ორ წუთში დაცარიელდა,“ - წერდა „ექსკლუზივი TV“.  მოგვიანებით, 14-18 ივნისის პერიოდში კი იდენტური ინფორმაცია გავრცელდა რადიო ოდიშისა და „The Tbilisi Times“ ფეისბუკის გვერდებზე და საიტებზე: sarkenews.ge, progressnews.ge, cnobisfurceli.ge, gmtv.ge.

სინამდვილეში, ფოტოზე ასახული მანქანები არიზონაშია გადაღებული და მათი დადნობა არა სიცხემ, არამედ ხანძარმა გამოიწვია. აღნიშნულ ყალბ ამბავს სხვადასხვა დროს უცხოური გვერდებიც ხშირად ავრცელებენ.

ყალბი ამბავი, თითქოს ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებს მშობიარობა დაუფინანსდებოდათ, 10 ივნისს გავრცელდა. გამოცემა გურიის მოამბე და საიტები qronika.ge, newpost.com.ge, geoshock.blogspot.com წერდნენ, რომ „ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებს მშობიარობა/საკეისრო კვეთა დაუფინანსდებათ:

"პროგრამით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა საპენსიო ასაკის პირებისა. მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება". - წერდნენ გვერდები.

იდენტური შინაარსის ყალბი ინფორმაცია 2017 წელსაც გავრცელდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ზემოთ მოყვანილი ამონარიდი არასწორად არის გაგებული.

გვერდების ნაწილმა (მაგალითად, digest.pia.ge, bfm.ge) ინფორმაცია წაშალა და ახლა მხოლოდ საძიებო სისტემაში ჩანს, რომ ეს ამბავი გამოცემებს გამოქვეყნებული ჰქონდათ.

ბოლო ყალბი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა. 20 ივნისს, მაშინ, როდესაც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ, გამოცემა presa.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს ელჩის გადადგომის შესახებ. „პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა“ -წერდა presa.ge, სტატიის კომენტარებში კი მოქალაქეები, ვისაც ინფორმაცია ნამდვილი ეგონა, აღნიშნავდნენ, რომ ელჩის საქციელი გმირობის ტოლფასი იყო.

მოგვიანებით, presa.ge-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს წარმომადგენელმა ელჩის მიერ თანამდებობის დატოვება არ დაადასტურა . presa.ge-მ კი გამოქვეყნებული ტექსტი ვებგვერდიდან და სოციალური ქსეიდან ისე წაშალა, რომ მკითხველისთვის შეცდომის შესახებ არ უცნობებია.