როგორ ჩაიგდო ხელში Cambridge Analytica-მ Facebook-ის 50 მილიონზე მეტი ანგარიშის მონაცემები
21.03.2018
მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica-ს საქმიანობის მიმართ, რომელიც დონალ ტრამპის საარჩევნო გუნდთან და ბრექსიტის მომხრეებთან მუშაობდა, ბოლო პერიოდში ეთიკური და სამართლებრივი კითხვები ისმის.

New York Times-მა და Observer-მა წინა კვირას გამოაქვეყნეს მასალები, რომელთა თანახმად, კემბრიჯ ანალიტიკამ ამერიკელი ამომრჩევლის Facebook-ის მილიონობით პროფაილი შეაგროვა. გამოცემების ინფორმაციით, კომპანიამ მონაცემები ფეისბუკთან შეთანხმების დარღვევით მიიღო და ძლიერი software პროგრამის შესაქმნელად გამოიყენა, რომელსაც ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, ან მისი პროგნოზირება შეუძლია.

გამოქვეყნდა ბრიტანული არხის, Channel 4 News-ის ფარულად გადაღებული ვიდეოც, სადაც ჟურნალისტი კემბრიჯ ანალიტიკას წარმომადგენლებს შრი-ლანკელ ბიზნესმენად გაეცნო და უთხრა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგზე ზეგავლენა სურდა. ვიდეომასალაში, კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდერ ნიქსი ყვება, რომ მის ფირმას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის სხვადასხვა კამპანიის წარმოება შეუძლია. მაგალითად, ქრთამის აღების სიტუაციების დადგმა.

მოვლენები ასე განვითარდა:

ალექსანდრ კოგანმა, ამერიკაში მცხოვრებმა რუსმა აკადემიკოსმა მისი შემუშავებული აპლიკაციით ფეისბუკისგან მონაცემების შეგროვების ნებართვა მიიღო. ამასთან, დადებული შეთანხმებით, კოგანს მონაცემები მხოლოდ აკადემიური მიზნებით უნდა გამოეყენებინა და არა კომერციული.

კოგანის აპლიკაცია thisismydigitallife იყო ტესტი, რომლის შევსებაც ფეისბუკის მომხმარებლებს შეეძლოთ. თუმცა ტესტი მომხმარებლისგან მისი და მისი მეგობრების პროფაილებზე წვდომას ითხოვდა.

აპლიკაცია 270 ათასმა ადამიანმა გამოიყენა და შედეგად, კოგანმა 50 მილიონზე მეტი პროფაილის მონაცემებზე მიიღო წვდომა.

კოგანსა და მის აქტივობებს კემბრიჯ ანალიტიკას აფინანსებდა, რომელმაც საერთო ჯამში, პროექტზე 7 მილიონი დოლარი დახარჯა. შესაბამისად, კომპანიამ მონაცემები, სავარაუდოდ, სწორედ მისგან მიიღო.

ფეისბუკი აცხადებს, რომ კოგანმა, 2015 წელს, მონაცემების მესამე პირისათვის, გადაცემის წესები დაარღვია, ინფორმაციის განადგურება მოითხოვა და შესაბამისი პირობაც მიიღო. კემბრიჯ ანალიტიკას ყოფილი თანამშრომელი, კრისტოფერ უაილი კი ამბობს, რომ “ახლახან გაეცნო ასობით გიგაბაიტის მონაცემებს”, რომელიც კომპანიის სერვისზე ჯერ კიდევ ინახება.

ჯერ-ჯერობით ცხადი არაა, დაირღვა თუ არა რომელიმე კანონი, თუმცა ამერიკული და ბრიტანული მარეგულირებლები და საგამოძიებო უწყებები საკითხს სწავლობენ.

ამბის გამოააშკარავების შემდეგ, ალექსანდერ ნიქსი დროებით გაათავისუფლეს, ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა გამოკითხვაზე დაიბარა.

მონაცემებთან დაკავშირებული უდიდესის სკანდალი უკვე აისახა ფეისბუკზე, რომლის ღირებულება 7%-ით შემცირდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

რას უმიზნებს კომუნიკაციების კომისია ტელერეიტინგების მთვლელის აუდიტით
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიების საერთაშორისო აუდიტს გეგმავს. მედიის სპეციალისტებისა და ტელეკომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია სცდება კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიის საერთაშორისო აუდიტის შესარჩევად კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპან¬იამ მიიღო.

ფრაგნული კომპანია CESP (Centre d'étude des supports de publicité) მზადაა 161 950 ლარად ჩაატაროს საქართველოში „კანტარ მედიას“ ოფიციალური ლიცენზიანტის, „ტრი მედია ინტელიჯენსის“ (ტი-ემ-აი) საერთაშორისო აუდიტი.

“ტი-ემ-აი” 2016 წლიდან ზომავს საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს და მის კლიენტებს შორის არიან: “იმედი”, “რუსთავი 2”, “მაესტრო”, “ჯი დი ესი”, “POS-TV”, “პალიტრა”.

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებაზე უარი განაცხადეს “თი-ვი ემ-არ საქართველოში“, რომელიც ამერიკული “ნილსენის” სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია.

“თი-ვი ემ-არი” 2005 წლიდან ზომავს საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს და მის კლიენტებს შორის არიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები: “მთავარი არხი”, ტვ პირველი, “ფორმულა”, “კავკასია”.

კოალიციაში მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ კომისია სცდება კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, როდესაც რეიტინგების მთვლელი კომპანიის აუდიტის მომსახურებას ყიდულობს.

კომუნიკაციის კომისიის არგუმენტები

კომისიამ 2 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჩამოაყალიბა არგუმენტები, თუ რატომ გადაწყვიტა ტელერეიტინგების მთვლელი კომპანიისთვის აუდიტის მომსახურების შესყიდვა.

  • არგუმენტი #1: საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი 2 კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა;
  • არგუმენტი #2: ტელერეიტინგების განსხვავებული მონაცემები ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე;
  • არგუმენტი #3: საერთაშორისო აუდიტი აუცილებელია მთვლელი კომპანიის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფისთვის.
“ქართულ ბაზარზე მსგავსი სახის აუდიტი წლებია არ ჩატარებულა, პრობლემა კი ორი მთვლელის და ვალუტის არსებობის პირობებში აუდიტის ჩატარების გარეშე ვერ გადაიჭრება”, - ასეთია კომუნიკაციების კომისიის პოზიცია.

კონტრარგუმენტები

კომპანია “თი-ვი ემ-არმა“ და მისმა დამკვეთმა ტელევიზიებმა საპასუხო განცხადებაში ჩამოაყალიბეს კომუნიკაციების კომისიის კონტრარგუმენტები:

  • კონტრარგუმენტი #1: საქართველოს ბაზარზე 2016 წელს მეორე მთვლელი კომპანიის “ტი-ემ-აის” შემოსვლა კომუნიკაციების კომისიას არ გაუპროტესტებია, რადგან ტელერეიტინგების მთვლელი კომპანიების რეგულირება არც მაშინ იყო კომისიის კომპეტენციაში და არც დღეს არის;
  • კონტრარგუმენტი #2: სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მთვლელების განსხვავებული მონაცემები, არამედ კომისიის საკანონმდებლო ცვლილებები ან კომისიის მიერ კანონის ნორმების ფართო ინტერპრეტირება;
  • კონტრარგუმენტი #3: ტელერეიტინგების მთვლელი კომპანიის საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნის უფლებამოსილება აქვს ამ კომპანიის დამკვეთებს და არა კომისიას.
“ჩვენ ამ აუდიტს მოვიწვევთ ჩვენ მიერ მოზიდული ფინანსური რესურსით და არც ერთ შემთხვევაში, არ დავუშვებთ, რომ ჩვენ მიერ გადახდილი რეგულირების საფასური გამოიყენოთ ამ მიზნით”, - ასეთია “თი-ვი ემ-არ საქართველოს” დამკვეთი ტელევიზიების - „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“, „კავკასიისა” და „ფორმულას“ პოზიცია.

alt

რა საფრთხეებს წარმოშობსკომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

“კანონი მარეგულირებელი კომისიის შესახებ არსად ითვალისწინებს, რომ მისი კომპეტენციაში შედის კვლევითი კომპანიების რეგულირება რაიმე სახით, ან მათი აუდიტი, ანუ მარეგულირებელი ამით სცდება თავის კომპეტენციას”, - გვეუბნება “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე.

გოგოლაძე ამბობს, რომ 2014 წლისთვის „თი ვი ემ არ საქართველოს“ ოთხი საერთაშორისო აუდიტი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა სახელმწიფო ორგანოებისგან შეტევის ობიექტი მაინც გახდა: „თუკი კომისია ფიქრობს, რომ საერთაშორისო აუდიტი პრობლემას, გადაწყვეტს, მაშინ რატომ არ იმუშავა ამ არგუმენტმა 2014 წელს“ - კითხულობს „თი ვი ემ არ საქართველოს“ დირექტორი.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს აუდიტი ჩაატაროს იქ, სადაც მისი რეგულირების სფერო არ არის:საგულისხმოა ის, თუ როგორ თანდათან იფართოვებს კომისია არეალს: ინტერპრეტაციას უკეთებს კანონს, ითხოვს ანგარიშგების ისეთ ფორმებს, რომლის წარდგენის ვალდებულებაც არ გვაქვს“ - ამბობს აბურჯანიძე.

ტვ პირველის კომერციული დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ აუდიტის ჩატარება ემსახურება სატელევიზიო მთვლელების ბაზარზე მხოლოდ “კანტარის” ლიცენზიანტი “ტი-ემ-აის” დატოვებას.

„ტი ემ აი“, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი არხები არ ენდობიან, საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. „თუ საქართველოს სატელევიზიო და სარეკლამო ბაზარზე 2 მთვლელის ყოფნა დაუშვებელია, რატომ არ რეაგირებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქამდე?“ - კითხულობს ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორი თამთა მურადაშვილი და დასძენს, რომ „ბაზარზე ორი მთველის ყოფნის პრობლემა კომისიის გადასაწყვეტი არ არის”.

მურადაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის დაკვეთით შესრულებული აუდიტის დასკვნა კომისიის ინტერესებზე მორგებული იქნება.

რას ფიქრობენ მედიის პეციალისტები?

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კოორდინატორი, ნათია კაპანაძე, მიიჩნევს რომ მედიაგარემო მნიშვნელოვნად დაზიანდება, თუკი სარეკლამო ბაზარზე მართვის წესებს ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია დაადგენს.

“ეს კიდევ უფრო გააუარესებს მედიაბიზნესის განვითარების პროცესს. კომისია გაცდება რეკლამის შინაარსობრივი კონტროლის სამართლებრივ მანდატს და შექმნის ახალ დღის წესრიგს სარეკლამო დამკვეთების ქცევის გასაკონტროლებლად. ეს რეალობა კი წინააღმდეგობაშია დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინთან”, - ამბობს ნათია კაპანაძე.

“თი-ვი ემ-არ საქართველოში” აცხადებენ, რომ საერთაშორისო აუდიტს დამკვეთი ტელევიზიების დაფინანსებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოიწვევენ.

კომპანია “ტი-ემ-აიში” არ უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს, თუ რატომ გადაწყვიტეს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთითა და დაფინანსებით აუდიტის განხორციელება და რატომ არ გაიღეს ამის ფინანსური სახსრები იმ ტელევიზიებმა, რომლებიც მისი მომსახურებით სარგებლობენ.
მედიის ნაწილი მელიას პროცესზე ვერ შევიდა
ჟურნალისტების ნაწილმა დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე დასწრებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ განაცხადი წინა დღით ჰქონდათ შეტანილი.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნასტასია არაბული თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომამდე ნახევარი საათით ადრე მივიდა, თუმცა სასამართლო დარბაზში შესვლა ვერ შეძლო. მას შევსებული ჰქონდა შესაბამისი განაცხადი, გზიდან სასამართლოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, შესასვლელთანაც დადგა, მაგრამ სხდომაზე მაინც ვერ მოხვდა.

“პრესსამსახური გეუბნება, რომ [დასწრების საკითხს] სხდომის მდივანი წყვეტს, რომელთან მისვლაც, შეუძლებელია, რადგან კარში ეჯახები მანდატურს, რომელიც ასევე გეუბნება, რომ ვერაფერს წყვეტს. შეუძლებელია ამხელა სისტემაში არ არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ ესმის მედია როგორ ფუნქციონირებს” - ამბობს ნასტასია არაბული.

მომსამართლემ არ დააკმაყოფილა, ადვოკატების შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირების დაშვებაზეც, რაც მედიის წარმომადგენლების თქმით, დარბაზს მიღმა დარჩენილ ჟურნალისტებს საქმეს გაუადვილებდა.

“სასამართლომ უნდა გააცნობიეროს, რომ ისეთ საქმეებზე, რომლებზეც განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მედიას ტრანსლაციის უფლება უნდა მიეცეს, რათა მაყურებლამდე ამბავი ინტერპრეტაციის გარეშე მივიდეს”, - გვეუბნება ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

კანონმდებლობით, სასამართლო პროცესიდან ფოტო-ვიდეო გადაღების პრივილეგია საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ვალდებულია ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებს მოთხოვნისთანავე გადასცეს. თუმცა, როგორც ნასტასია არაბული ამბობს, ასეთი ფორმით ინფორმაციის მიღება სხვა მედიებისთვის პროცესს აჭიანურებს, რის გამოც “ამბის სრულფასოვნად და დროულად გაშუქება შეუძლებელია.”

სხდომაზე დასწრება ვერ მოახერა გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტმაც. “შეშვება გამართლების პრინციპით არის და არა იმით, რომ პირველმა დაწერე განცხადი ან პირველი იდექი რიგში. ინერციით უნდა გკრას ვინმემ ხელი და შევარდე. არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით იმ მედიასაშუალებებთან, რომლებმაც შესვლა მოახერხეს“, - ამბობს “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ნათია ცქიფურიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით დარბაზი, რომელშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობდა, შენობაში სიდიდით მეორეა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეებისთვის გამოყოფილი დარბაზის შემდეგ.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით სასამართლო დარბაზში მხოლოდ 20 ადამიანი დაიშვებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის, ქეთევან ბასილაშვილის თქმით, სხდომას პოლიტიკოსები, დამკვირვებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაახლოებით 10-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა.

“ჩვენი უფლებაა, რომ ვიყოთ [სხდომაზე] და მოვალეობაა გავაშუქოთ ის, რაც ხალხს აინტერესებს. მიუხედავად შევსებული განაცხადისა, გარანტია იმისა, რომ შეხვალ ღია სხდომაზე, სადაც ისედაც უნდა შედიოდე სულ რომ მედია არ იყო, არასოდეს არ გაქვს.” - ამბობს “რადიო თვისუფლების” ჟურნალისტი, ნასტასია არაბული.
“ფორმულას” ინფორმაციით, მათ თანაშრომლებს თავს დაესხნენ
განახლება: "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმას გმობს აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ხელისუფლებას გუშინ მომხდარისა და თებერვალში, "ფორმულას" ჟურნალისტის, ვახო სანაიას, ცემის ინციდენტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, 8 აპრილს, ღამით მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ. მაუწყებელში თავდასხმებს კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირებენ. ორივე დაზარალებული მაუწყებლის მძღოლია. ერთზე ფიზიკურად იძალადეს, მეორე მძღოლს კი, მანქანა დაუზიანეს.
“არის ნაცემი, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები” - ამბობს “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე მძღოლზე, რომელსაც გუშინ საღამოს 9 საათზე დაესხნენ თავს. მაუწყებლის ინფორმაციით, თავდამსხმელები მას “სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ “ფორმულას”.

მეორე შემთხვევა კი უფრო გვიან ღამით მოხდა. გუმბარიძე ამბობს, რომ “ფორმულას” მძღოლის მანქანა, რომელზეც ტელეკომპანიის ლოგოა დატანილი, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, დააზიანეს”.

“სახლში ვიყავი, ხმა გავიგე და რომ გადმოვიხედე ფანჯრიდან, დავინახე, რომ დამტვრეული იყო წინა საქარე მინა. ჩამოვედი, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და ვნახე, რომ ჩამტვრეული იყო შუშები” - ჰყვება “ფორმულას” მძღოლი.

“ფორმულას” ტელეწამყვან გიორგი თარგამაძის თქმით, ჯერჯერობით არცერთი დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.

დღეს, “ფორმულას” მენეჯმენტის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, ზუკა გუმბარიძემ სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და პროცესში ჩარევა სთხოვა.

“ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და არსებული ძალადობრივი ფონის, რომელიც, ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგელო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, მათ დეპუტატებს და მათ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა არის გამომწვევი ყველა ასეთი ტიპის პრობლემის” - ამბობს ზუკა გუმბარიძე

ბოლო პერიოდში მედიაზე თავდასხმის გახშირებულ შემთხვევებს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირებას უკავშირებენ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი.

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე განცხადება გაავრცელა მედიაკოალიციამაც. მათი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაუწყებლის მძღოლის მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე თანამშრომელს, უწყება აცხადებს, რომ "ფორმულას" მძღოლზე თავდასხმის შემთხვევაზე შსს-ში ჯერჯერობით შეტყობინება არ შესულა და ინფრომაციის მიღებისთანავე შესაბამისად ირეაგირებენ.

25 თებერვალს თავს დაესხნენ ამავე ტელევიზიის ტელეწამყვან ვახო სანაიასაც.
იხილეთ ამ თემაზე: თავდასხმა ვახო სანაიაზე - რა მოხდა, მოკლედ
დეტალებში:
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი ალექსანდრე მეტრეველი სამსახურიდან მივლინებაში იყო, როდესაც დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. მეტრეველი, რომელიც ამ არხზე 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ ეს მისთვის “წარმოუდგენელი ამბავი” იყო:

“1983 წლიდან ვმუშაობდი მაუწყებელში. ცხელ წერტილებში მაქვს ნამუშევარი - აფხაზეთში, ჩეჩნეთში, სპეცდავალებებით დავდიოდი პირველი არხიდან. ერთი საყვედური არ მიმიღია არასდროს და მადლობის მეტი არაფერი უთქვამთ” - გვიყვება პირველი არხის ყოფილი ოპერატორი.

2018 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სულ 20 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვის ბრძანება გასცა. მათ შორის იყო კიდევ ერთი ოპერატორი, მაუწყებელში მუშაობის თითქმის 35 წლიანი გამოცდილებით, დავით სიმონიშვილი.

მეტრეველმა და სიმონიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანციაში საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდა. დავა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ 2021 წლის 5 თებერვალს დასრულდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება: დავით სიმონიშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერაც არ აღუსრულებია.

რა მოხდა სასამართლომდე?

სანამ სასამართლოს მიმართავდნენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება სცადა. დავით სიმონიშვილი ტელეკომპანიის ტექნიკურ დირექტორთან შეხვედრას იხსენებს: “დაგვიბარეს და შემოგვთავაზეს, ხელფასი არ გექნებათ და საათობრივ ანაზღაურებაზე გადაგიყვანთო, თუ დაგვჭირდები გამოგიძახებთ და ერთ გამოძახებაში 100 ლარს გადაგიხდითო”.

თუმცა ამ შეთავაზებით გაურკვეველი იყო, თუ რამდენად ხშირად მიიღებდნენ მსგავს “შეკვეთებს”. პარალელურად კი მათ სხვა კომპანიაში მუშაობის უფლება არ ექნებოდათ. “შეიძლება ორი თვე ისე გავიდეს, არ დაგვჭირდეთ და არ გამოგიძახოთო. რომელი ნორმალური ადამიანი დათანხმდებოდა ამ პირობას?”, - გვეუბნება სიმონიშილი.

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გათავისუფლებული 20 თანამშრომლიდან 18-მა მაუწყებლის წინააღმდეგ დავა საქალაქო სასამართლოში დაიწყო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაუწყებელმა 5 თანამშრომელი სამსახურში აღადგინა. დანარჩენ თანამშრომლებზე კი დავა გაგრძელდა.

დღეს მხოლოდ დავით სიმონიშვილის და ალექსანდრე მეტრეველის პროცესია დასრულებული - სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა საზოგადოებრივი მაუწყებელი, დავით სიმონიშვილი და ალექსანდრე მეტრეველი სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს. უზენაესმა სასამართლომ კი არ მიიღო ამ საკითხზე მაუწყებლის საჩივარი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და ვეღარ გასაჩივრდება.

როგორ აჭიანურებს საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული “პირველი არხის” მენეჯმენტი გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს: ოფიციალურ წერილში, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა ოპერატორების იურისტ გიორგი იასაშვილს მიწერა, ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია. წერილში შემდეგი გარემოებებია მოყვანილი:

“ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ოპერატორი დასაქმებულია კონკრეტულ პროექტზე/გადაცემაზე;

ბ) ორგანიზაციას არ აქვს საშტატო განრიგი და შესაბამისად - ვაკანტური პოზიციები, რაც თავისთავად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას;

გ) როგორც სასამართლომ დაადგინა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იძულება დაასაქმოს მოსარჩელეები, წარმოადგენს პირდაპირ და უხეშ ჩარევას მის სარედაქციო, მმართველობით და ფინანსურ დამოუკიდებლობაში, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 17(6) და 20(1) მუხლებით, ასევე, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლებით;

დ) სასამართლო არ არის თანმიმდევრული და ერთი და იმავე საქმეებზე (როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით), სხვადასხვა ინსტანციაში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა კოლეგიის მიერ გამოდის რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები.”

რას ამბობენ იურისტები

იურისტ სულხან სალაძისთვის, რომელიც 2016-2017 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, ტელეკომპანიის ეს არგუმენტები არადამაჯერებელია:

“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას კი ვერ აღასრულებს, არამედ არ აღასრულებს. გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ინსტანციას ეკუთვნის და კანონიერ ძალაშია შესული, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.” - ამბობს სალაძე.

მისივე თქმით, უფრო სწორი იქნება, რომ მაუწყებელმა მეტი ყურადღება დაუთმოს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ტელევიზიაში დასაქმებული ადამიანების მიმართ, ხოლო წერილში მოყვანილი არგუმენტები უნდა გამოეყენებინათ სასამართლო პროცესების დროს და არა ახლა, “იმიტომ, რომ აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან.”

“არანაირი ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, ჯერ არ წარმოშობია” - ამბობს მაუწყებლის იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი და დასძენს, რომ “სააღსრულებლო წარმოება დაწყებული არ არის, საკითხი ჯერ არ განუხილავს და კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს”.

იურიდიულად, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებლო ბიუროს მიმართვის გარეშეც შეუძლია. სააღსრულებლო წარმოების დასაწყებად კი უკანონოდ გათავისუფლებულმა პირებმა დამატებითი თანხა უნდა გადაიხადონ, რომელიც შემდგომში ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ასანაზღაურებელი გახდება.

“თუ მენეჯმენტი გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს, ეს ერთი საკითხია. მაგრამ, [აღსრულების ბიუროს] რომ მიმართავენ მერე რას აპირებენ? პრობლემა ის არის, რომ თვითონაც იციან, რომ ამის აღსრულებას ვერსად გაექცევიან, მაგრამ დროში აჭიანურებენ. მაქსიმალურად ცდილობენ რომ სადამდეც შეუძლიათ, გაწელონ”, - ამბობს სულხან სალაძე.

რას ფიქრობენ სამეურვეო საბჭოში

2020 წლის 31 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ერთ-ერთ საკითხად განიხილა მაუწყებლის პროფკავშირების იურისტის წერილები. გიორგი იასაშვილი საბჭოს სთხოვს, რომ დაავალდებულოს არხის მენეჯმენტი - აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ყველა წევრი ერთხმად თანხმდებოდა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სხდომაზე საუბრობდა, რომ მათ არ აქვთ სანქციების გამოყენებისა და იძულების უფლება და შესაძლებლობა, ამიტომ, “ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ მენეჯმენტმა უნდა აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.”

სამეურვეო საბჭოს წევრი, ირინა ფუტკარაძე გვეუბნება, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილება თუ არის კანონიერ ძალაში შესული და ექვემდებარება აღსრულებას, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, თუ ყველა ინსტანცია ამოწურულია. თუ არის რაიმე სამართლებრივი მექანიზმი დარჩენილი, ისიც უნდა ამოიწუროს.” გიორგი იასაშვილმა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ამ საკითხის განხილვის თხოვნით ხუთჯერ მიმართა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში მოუწევს, პროკურატურას მიმართოს, “რითაც “პირველი არხის” რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახება, ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ, რომ საქმე გართულებების გარეშე დამთავრდეს”.

ვინ ზარალდება

რაც უფრო დიდხანს გრძელდება დავა, მით უფრო იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა.

“სამართლებრივად, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით. პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვართ შუაში, და მენეჯმენტის გადასაწყვეტია რა უნდა აღასრულოს და რა - არა. [...] აქ რეპუტაციულ ზიანზედაც არის საუბარი, ფინანსურზეც. სადაც შესაძლებელია, რომ დროულად დამთავრდეს ამ ტიპის საქმეები, ეს ნაკლებად დაგვაზიანებს ფინანსურადაც და რეპუტაციულადაც” - თქვა ირინა ფუტკარაძემ 31 მარტს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

ფუტკარაძის ინფორმაციით, 2020 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით 78 000 ლარი გადაიხადა, რაც, მისივე სიტყვებით, “არ არის პატარა თანხა”.

მაუწყებლიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017-2019 წლებში "პირველ არხს" კომპენსაციების სახით 270 000 ლარამდე აქვს გადახდილი.

alt

პროცესის გაჭიანურების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება მაუწყებლის მიერ ალექსანდრე მეტრეველისთვის და დავით სიმონიშვილისთვის გადასახდელი თანხაც. “პირველი არხი” ვალდებულია, რომ 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად მეტრეველს 1 271 ლარი, ხოლო სიმონიშვილს - 1 155 ლარი გადაუხადოს.

რას უნდა ველოდოთ

დავით სიმონიშვილი ამბობს, რომ მორიგება მათთვის მიუღებელია. რადგან ეს უკვე უშედეგოდ სცადეს: “სასამართლოს განაჩენის არშესრულების უფლება არავის არ აქვს. კუთვნილი განაცდური უნდა ამინაზღაურონ და სამსახურში დამაბრუნონ, ამას ვითხოვ. უმუშევარი ვარ, 3 წელი შევალიე, ტყუილად ვიწვალე?”

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს იტყვის, დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურატურას მიმართავენ.
20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების სახელით საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების სახელით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 საჩივარი გააგზავნა.

საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ მედიის 11 წარმომადგენლის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და საქმის არაეფექტურ გამოძიებას ეხება.

მომჩივნები მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლის დარღვევას ასაჩივრებენ. აქვე საუბარია კონვენციის "წამების აკრძალვის", " შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების", "სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების" შესახებ მუხლების დარღვევაზე.

"საიას" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეზინის ტყვიები სამართალდამცავებმა გამოიყენეს იმ პირების მიმართ, ვინც აქციაზე საფრთხეს არ წარმოადგნდნენ, ხოლო ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეეშლათ.

“აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად დაირღვა მედიის წარმომადგენელთა უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.”

" საქართველოს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 21 თვეზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობს, არ არის სრულყოფილი და არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. მათ შორის, იკვეთება ჩადენილ დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია: "საიას" დაცვის ქვეშ მყოფი მედიის წარმომადგენლების საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.


ფოტო: ანტისაოკუპაციო აქცია თბილისში. 20 ივნისი, 2019 წ. - მარიამ ნიკურაძე/OC Media