თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას არასრულწლოვნის ჩვენებით Sky News-ს სტანდარტი არ დაურღვევია
19.06.2019
ბრიტანეთის პრესის მარეგულირებლის (Ofcom) გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია Sky News-ს ლონდონში მომხდარი თავდასხმის ამბის გაშუქების დროს 12 წლის გოგონას კადრის ჩვენებით სტანდარტი არ დაურღვევია. მარეგულირებლის განმარტებით, კადრი დაბალი ხარისხის იყო და მასზე გოგონას იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

არხს მარეგულირებელში გოგონას დედამ უჩივლა. ის ამბობდა, რომ მისი შვილი კადრში სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როდესაც დამნაშავე ერთ-ერთ მსხვერპლს დანით თავს დაესხა.

Sky News-მა დედის საჩივრის საპასუხოდ განმარტა, რომ გოგონა კადრში მხოლოდ 1.9 წამით ჩანდა და მისი ამოცნობა ადამიანების მხოლოდ ისეთ ვიწრო ჯგუფს შეეძლო, ვინც მას ძალიან ახლოს იცნობდა. თუმცა, არხმა დედის საჩივრის შემდეგ გოგონას სახე მაინც დაფარა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა არასრულწლოვანია, კადრში მისი ჩვენებით მისი პირადი სივრცე არ დარღვეულა, განმარტა Ofcom-მა და იქვე დასძინა, რომ სიუჟეტში მისი ვინაობა არ დასახელებულა.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ის კადრში გაკვრით გამოჩნდა, ამასთან კადრი არამკაფიო და უხარისხო იყო, შესაბამისად, სიუჟეტში ისეთი არაფერი ჩანდა, რაც გოგონას ამოცნობადს გახდიდა“, - განმარტა ბრიტანულმა მარეგულირებელმა.

წყარო: imediaethics.org

თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

  ჟურნალისტების გამოკითხვაზე  გახშირებული დაბარება თვითცენზურის საფრთხეს შეიცავს - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება ეწინააღმდეგება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს და ხელს უშლის მედიის საქმიანობას.

ორგანიზაცია ქრონოლოგიურად ისხენებს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლების სამართალდამცავ უწყებებში დაბარების ფაქტებს.

TI-ს განცხადებით, 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით, ბაჩალიაშვილმა, რომელიც პროგრამისტი იყო, გახსნა საიდუმლო ფაილები, სადაც სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატები ინახებოდა. ჟურნალისტთან საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა, მათ შორის, ამ სიუჟეტში გასული დეტალების წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით.

იმავე მოტივით დაიბარეს გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მომზადებული მასალის გამო. არხისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შაქარაშვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ ავთანდილ ბილანიშვილი მონაწილეობდა, რომელიც არხის ინფორმაციით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობელია.

ასევე, „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები - ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. კითხვები ინფორმაციის წყაროს შესახებ ამ შემთხვევაშიც დაისვა. სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის მიერ გაბუნიას განზრახ შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.

"უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო უწყებებში დაბარებულ არც ერთ ჟურნალისტს წყაროს ვინაობა არ გაუთქვამს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს.

"სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს. შედეგად მედიის წარმომადგენლებმა შესაძლოა სამომავლოდ თავი აარიდონ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მეორე მხრივ, წყაროს იდენტიფიცირების მიმართ გამოძიების მომეტებული ინტერესი საშიშროებასც აჩენს, რომ წყაროებმა სამომავლოდ ჟურნალისტებთან აღარ ითანამშრომლონ და არ მიაწოდონ ინფორმაცია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება.
რა პოზიციებზე ბრუნდებიან აჭარის TV-ში ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე
აჭარის TV-დან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი დაბრუნებას დათანხმდა. 3-დან ორი ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე ბრუნდებიან. ორივე მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს. გათავისუფლებამდე გურბანიძე გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, მურვანიძე კი შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი იყო. მემონტაჟე გუგა ქადიძის პოზიცია უცვლელია.

მენეჯმენტის შეთავაზებებს გათავისუფლებულები გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს დასთანხმდნენ. ბაჩ გურაბანიძეც და გიორგი მურვანიძეც ამბობენ, რომ მათი დაბრუნება მაუწყებლის თანამშრომელთა ერთიანობის შედეგია.

„მე გავითვალისწინე ჩემი 230 თანამშრომლის უდიდესი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და ბრძოლა ჩვენს დასაბრუნებლად , ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების გულშემატკივრობა და ყოველდღიური ნერვიულობა, სტრესი, შედეგად ჩვენ დავბრუნდით მაუწყებელში!!! იმიტომ, რომ იქ ბევრს აქვს ჩვენი იმედი და გველოდებიან, იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაშიც სხვაც ისევე დავიცვათ , როგორც ჩვენ გვიცავდნენ.

მე ტელევიზიიდან მენეჯმენტმა გამიშვა და 230 -მა ადამიანმა დამაბრუნა, ჩემი სურვილით არც წავსულვარ და არც ვბრუნდები“, - დაწერა ბაჩო გურაბანიძემ სოციალურ ქსელში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.



ბაჩო გურაბანიძის მსგავსად, გიორგი მურვანიძეც ამბობს, რომ მათი დაბრუნებით ტელევიზიაში ბრძოლა გრძელდება.

„ჩვენ გარიგებაში არავისთან შევსულვართ. არ გეგონოთ ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიაში შავ-თეთრი ფერები გაფერადდა... ბრძოლა გრძელდება ! ! ! გადაცემა #ჰეშთეგი და მისი გუნდი ეთერში უნდა დარჩეს... მინიმუმ ამისთვის ღირს სამსახურში დაბრუნება... თუ მხარს მიჭერთ, თუ გიყვარვართ მაშინ აი ამ გადაცემას და ამ გადაცემაში მომუშავე ადამიანებს სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ. მათ თუ პრობლემა შეექმნებათ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო. ფუჭი იყო აბსოლუტურად ყველაფერი. მე ისევ გამაგდებენ. მაპატიეთ მაგრამ ამას თუ დავუშვებთ, მაშინ არაფერი ვყოფილვართ. მაშინ მართლა გასაგდები ვარ ! ! ! ვიყოთ მეტად სოლიდარულები. ეს არის გამოსავალი. ეს არის გამარჯვების ფორმულა“, - დაწერა გიორგი მურვანიძემ ასევე სოციალურ ქსელში.



ინფორმაცია, სამი გათავისუფლებული თანამშრომლისთვის დაბრუნების შეთავაზების შესახებ, 4 აგვისტოს გავრცელდა. აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა მენეჯმენტის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიულ პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას გაურბის.

„მენეჯმენტმა სრულიად უგულებელყო 230 ადამიანის მხარდამჭერი პოზიცია და 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენის მოტივად მათი სამსახურეობრივი დამსახურებები დაასახელა. ბუნებრივია, მათი დამსახურებები და ორგანიზაციისთვის გაღებული შრომა ყველასთვის ხილულია; თუმცა, გვრჩება განცდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას. უფრო მეტიც, ის ცდილობს - მაუწყებელში არსებული მტრული, არაჯანსაღი და ძალადობრივი შრომითი გარემო შენიღბოს ამგვარი „დათმობებით“, - წერია განცხადებაში, რომელიც პროფკავშირებმა გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეთავაზებები მიიღეს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ალტერნატიული პროფკავშირი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ძალადობრივი და დევნა-ძალაუფლებაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაზე სრულ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებს. მათი განცხადებით, სამსახურში გათავისუფლებული პირების დაბრუნება არის აქ დასაქმებული ადამიანების ერთობლივი გამარჯვება უთანასწორობისა და იმ მავნებლური პოლიტიკის წინაშე, რასაც მოქმედი მენეჯმენტი ატარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე მაუწყებელში სახეცვლილი უფლება-მოვალეობებით დაბრუნდნენ და მათ სრულად ჩამოშორდათ სარედაქციო პოლიტიკაში მონაწილეობა-ჩართვის კომპონენტები, ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად გრძელდება უფრო მეტი წინააღმდეგობისა და ცვლილებების მუხტით.

მსგავსი პრეცედენტი ნათლად აჩვენებს იმას, რომ დასაქმებული ადამიანების სოლიდარობა ერთ-ერთი გავლენიანი ბერკეტია უსამართლო გადაწყვეტილებების პირისპირ. ვრჩებით სხვა გათავისუფლებული და უფლებაშელახული პირების სოლიდალურნი და ვაგრძელებთ ღირსეულ ბრძოლას მათი უფლებების აღსადგენად“, - წერს ალტერნატიული პროფკავშირი.

***

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს.
აჭარის TV-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გათავისუფლებული 3 თანამშრომელი არხზე დააბრუნოს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სამსახურში დააბრუნოს სამი გათავისუფლებული თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე, რომელთა გათავისუფლებასაც საპროტესტო აქცია და ასევე, მათი დაბრუნების მოთხოვნით, 230 თანამშრომლის მოთხოვნა მოჰყვა. კონკრეტულად რა პოზიციაზე აბრუნებენ  ყოფილ თანამშრომლებს, იმ განცხადებიდან რაც გამოქვეყნდა, ძნელად ირკვევა, ამ დრომდე ასევე უცნობია დასთანხმდებიან თუ არა მენეჯმენტის შეთავაზებას გათავისუფლებული თანამშრომლები. ეს იმ ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული, რომელიც მათ ხვალ უნდა მიიღონ, ამ დრომდე არცერთ მათგანს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. 

ინფორმაცია მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, დღეს, 4 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. მაუწყებელმა ადმინისტრაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

რა პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ გათვისუფლებულ თანამშრომლებს, ტექსტში ბუნდოვანია: 
 
"მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ "ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან".


"მედიაჩეკერი" შეეცადა მაუწყებლის საკადრო სამსახურში გადაემოწმებინა რას გულისხმობს განცხადება, რა პოზიციებზე ბრუნდებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, თუმცა, ემზარ პაქსაძის, აჭარის ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელის მობილური ტელეფონი გამორთულია. დეტალების დაზასუტებლად კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც (იმ მოტივით, რომ ეს თანამშრომლები მას არ ექვემდებარებიან) და იურიდიული სამსახურის უფროსმაც მასთან გადაგვამისამართა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა გიორგი მურვანიძემ "მედიაჩეკერთან" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლია, არის მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და მისი პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. 

ასევე ხვალ გადაწყვეტს დასთანხმდება თუ არა შეთავაზებას, ბაჩო გურაბანიძე. 

"ჯერჯერობით საბოლოო ვერსია ხელშეკრულების, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, არ მინახავს, ამ წუთში ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. იყო ზეპირი საუბარი, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცებზე ვერა. ხვალ, როცა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას ვნახავ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ხვალ დილით იქნება ხელშეკრულება მზად, კარგად გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ "მედიაჩეკერთან".  

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში,  230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს. 

წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა
წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, დღეს დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა და “დღის ამბების” გამოშვება წაიყვანა. ტრაპაიძის მაუწყებელში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 ივლისს გავრცელდა.

დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი” 15 ივნისს დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. მაუწყებლიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერდა დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძის განცხადებას წინ უსწრებდა ტელეწამყვანების - ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდის “ტვ პირველიდან” წამოსვლა. ტელეკომპანიაში ეს ცვლილებები დროში დაემთხვა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლას.
“ტაბულას” რედაქტორი სამი თვით პოსტს ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება
ონლაინგამოცემა “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამი თვით პოსტს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო კამპანიაში ერთვება. გამოცემის რედაქტორი ამ დროის განმავლობაში "ტაბულას" ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე იქნება.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები - სანამ კამპანიაა. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი