“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ეთიკური მედიის მხარდასაჭერად 1.5 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს
10.09.2019
ორგანიზაცია “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” (RSF), საქველმოქმედო ფონდის - “Craig Newmark Philanthropies”-ის ფინანსური მხარდაჭერით, მედიაში გამჭვირვალობისა და ეთიკურობის წახალისების მიზნით, 1.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხას დახარჯავს. საქველმოქმედო ორგანიზაცია RSF-ს “ჟურნალისტიკისადმი ნდობის გაზრდის ინიციატივის” (JTI) იმპლემენტაციაში დაეხმარება.

JTI ინიციატივაა, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ორგანიზაციამ “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” 2018 წელს დაიწყო ფრანს პრესთან (AFP), ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) და რედაქტორთა გლობალურ ქსელთან (GEN) ერთად. ინიციატივის ავტორებს სურთ ხელი შეუწყონ ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას და მედიასაშუალებებში გამჭვირვალობის დამკვიდრებას. ამ მიზნის მისაღწევად კონსენსუსი საფუძველზე უნდა შეიქმნას სტანდარტები, რასთან შესაბამისობის შემოწმება შეეძლებათ მედიასაშუალებებს.

ამ პროცესს 120-ზე მეტი დაინტერესებული მხარე, მათ შორის, მედიასაშუალებები და ბევრი სხვა ტიპის ინსტიტუტი შეუერთდა. მათ შექმნეს დოკუმენტის სამუშაო ვერსია და 2019 წლის ივლისში გაასაჯაროვეს მოსაზრების და კომენტარების მისაღებად.

პროცესის მეორე ეტაპზე შემუშავებული სტანდარტების იმპლემენტაცია დაიწყება. 2020 წლის დასაწყისიდან მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ რამდენად შეესაბამება ამ სტანდარტებს მათი ორგანიზაცია და ატვირთონ ეს მონაცემები სისტემაში. ამის შემდეგ JTI ამ ინფორმაციას გამოიყენებს და ერთგვარი სპეციალური ნიშნის საშუალებით სხვადასხვა კომპანიების, რეკლამის განმათავსებლებს თუ საზოგადოებას სანდო და გამჭვირვალე მედიასაშუალებების იდენტიფიცირების შესაძლებლობა ექნებათ. პროცესის საბოლოო მიზანია, რომ შემოსავლები მედიასაშუალებებზე მათი სახელის შესაბამისად გადანაწილდეს.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში RSF აქტიურ ინვესტირებას ახდენდა ამ ინიციატივაში და აღნიშნული საჩუქარი ჩვენი პროგრამის გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ გვწამს, რომ თვითრეგულირება ინფორმაციულ ქაოსთან ბრძლაში დაგვეხმარება, რომელშიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვცხოვრობთ და რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”, - თქვა კრისოტოფერ დელოირმა, “რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს” გენერალურმა მდივანმა.

“სოციალური ქსელედებიდან მომდინარე დეზინფორმაციის ფონზე, მედიაორგანიზაციები გამჭვირვალობის და ეთიკურობის მიმართ ერთგულები უნდა იყვნენ, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ, რომ საკუთარ აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართონ - თქვენ, შეგიძლიათ მენდოთ”,- თქვა ფონდ “Craig Newmark Philanthropies”-ის დამფუძნებელმა კრეიგ ნიუმარკმა.

“რეოირტიორები საზღვრებს გარეშეს”(RSF) შესახებ
 
“რეპორტიორები საზღვრებ გარეშე 1985 წელს დაფუძნდა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვისა და წახალისების ერთ-ერთ ყველაზე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. RSF საფრანგეთშია რეგისტრირებული და კონსულტანტის სტატუსი აქვს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: გაერო, იუნესკო და ევროსაბჭო. ორგანიზაციას 14 საერთშორისო ბიურო აქვს, მათ შორის, ბერლინში, ბრიუსელში, ჟენევაში, ლონდონში და ვაშინგტონში. ამასთან, მსოფლიოს 130 ქვეყნიდან 150-ზე მეტი კორესპონდენტი ჰყავს,

Craig Craig Newmark Philanthropies-ის შესახებ
 

ფონდი “Craig Newmark Philantyropies” კრეიგ ნიუმარკა საზოგადოებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით შექმნა. იგი იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების განვითარებაზეა ორიენტირებული, რომლებიც ისეთი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა - სანდო ჟურნალისტიკა, ამომრჩეველთა ხმის დაცვა, გენდერული მრავალფეროვნება ტექნოლოგიებში, ასევე ვეტერანებისა და სამხედრო ოჯახების საკითხები.



მომზადებულია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მასალაზე დაყრდნობით.


თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.
RSF: ჩინეთში მედია თავისუფალი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, პანდემია აგვეცილებინა
მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) განცხადებით, რომ არა ჩინეთის მთავრობის მხრიდან მედიის კონტროლი და ცენზურა, ადგილობრივი მედიაშუალებები საზოგადოებას კორონავირუსის ეპიდემიის სიმძიმის შესახებ უფრო ადრე ამცნობდნენ, რაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა. შედეგად კი, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემია თავიდან აგვეცილებინა.

RSF-ის განცხადებაში საუტგემპტონის უნივერსიტეტის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომლის თანახმადაც, ჩინეთი შემთხვევების 86%-ს შეამცირებდა, საჭირო ზომები უფრო ადრე რომ მიეღო. RSF 24 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფს, რომელთა შესახებ დროული ინფორმირების პირობებში პანდემია თავიდან იქნებოდა აცილებული:

18 ოქტომებრი - კორონავირუსის პანდემიის შესახებ ჩატარებული სიმულაციის თაობაზე ჩინეთში ინფორმაცია რომ გავრცელებულიყო

2019 წლის 18 ოქტომბერს, ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და მელინდა და ბილ გეიტსების ფონდთან თანამშრომლობით კორონავირუსის პანცდემიის შესახებ სიმულაცია მოაწყო, რომელმაც საგანგაშო შედეგები აჩვენა. RSF-ის განმარტებით, ჩინეთში ინტერნეტი რთული ელექტრონული ცენზურით რომ არ კონტროლდებოდეს და კომუნისტურ პარტიას მედიისთვის მკაცრი ინსტრუქციების გათვალისწინება რომ არ ეიძულებინა, ეს ინფორმაცია საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა.

20 დეკემბერი - ქალაქ ვუჰანის ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია დროულად რომ მიეწოდებინა

პირველი დადასტურებული შემთხვევიდან უკვე ერთ თვეში ქალაქ ვუჰანში საეჭვო ინფექციის მქონე უკვე 60 პაციენტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგანაც რამდენიმე თევზის ერთ-ერთ მაღაზიას სტუმრობდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამის შესახებ ჟურნალისტების ინფორმირება საჭიროდ არ მიიჩნია.

ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის ეპიდემიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია რომ არ დაემალა, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან იყო დაკავშირებული, მოსახლეობა აღნიშნულ ობიექტში ვიზიტს მის ოფიციალურად დახურვამდე უფრო ადრე შეწყვეტდა.

25 დეკემბერი - ექიმ ლუ ხსიაოჰონგს მედიისთვის საკუთარი შიშების გაზიარების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა

ვირუსის შესახებ ინფორმაციის გაგებიდან ერთი კვირის თავზე, ქალაქ ვუჰანის ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა ლუ ხსიაოჰონგმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ ისი ადამიანიდან ადამინს გადაეცემოდა. იმ შემთხვევაში, ჩინეთში ჟურნალისტების წყაროების მიმართ მკაცრი სადამსჯელო ზომები რომ არ იყოს გავრცელებული, ექიმი მედიას ინფორმაციას მიაწოდებდა და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებას აიძულებდა, რაც მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მოხდა.

30 დეკემებერი - ე.წ. „მამხილებლების“ ადრეული განგაში მედიის მობილიზებას მოახდენდა

ვუჰანის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა და რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის, ლი ვენლიანგმა, რომელიც მოგვიანებით კორონავირუსით გარდაიცვალა, ეპიდემიის შესახებ განგაში გააცხადეს. მოგვიანებით, 3 იანვარს, ისინი ვუჰანის პოლიციამ „ჭორების“ გავრცელების გამო დააპატიმრა“.

პრესას და სოციალურ მედიას შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ, ე.წ. „მამხილებლების“ შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე გაევრცელებინათ, საზოგადოება მოსალოდნელ საფრთხეს სათანადოდ გაანალიზებდა და ხელისუფლებისადმი წნეხს გააძლიერებდა.

31 დეკემბერი - სოციალურ მედიას განგაშის შესახებ ინფორმაციის გავრცელება თავისუფლად რომ შესძლებოდა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, განგაშის შესახებ ოციფიალურად 31 დეკემბერს აცნობა, თუმცა იმავდროულად ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე პოლულარულ სოციალურ ქსელს WeChat-ს პანდემიასთან დაკავშრებულ სიტყვებზე ცენზურის დაწესება მოსთხოვა.

ცენზურის დაწესების გარეშე, სოციალურ ქსელი WeChat-ი, რომელსაც დაახლოებით მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს ჩინეთში, ჟურნალისტებს ვირუსისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობა ექნებოდათ.

5 იანვარი - სამცნიერო მედიას ვირუსის გენომზე ინფორმაცია რომ უფრო ადრე ჰქონოდა

ჩინეთში მეცნიერთა ერთ ნაწილს ვირუსის გენომის შესახებ ინფორმაცია უკვე 5 იანვარს ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ მისი გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ჩინეთის ხელისუფლება უფო გახსნილი რომ ყოფილიყო, სამეცნიერო მედიას ინფორმაციას მყისიერად მიაწოდებდა, რაც ვაქცინის გამოგონებისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობას კიდევ უფრო შეამცირებდა.

13 იანვარი - საერთაშორისო საზოგადოება პანდემიის რისკებზე დაიწყდება საუბარს

საერთაშორისო მედიას ყველა იმ ინფორმაციასთან წვდომა 13 იანვარზე უფრო ადრე რომ ჰქონოდა, რასაც ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის შესახებ ფლობდა, საერთაშორისო საზოგადოება ინფექციის გავრცელების რისკების შემცირებაზე დაიწყებდა ზრუნვას და ეპიდემია პანდემიაში არ გადაიზრდებოდა.

RSF-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთს მედიის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შრის 177-ე ადგილი უკავაია.


გარეკანის ფოტო: MATK PALSTON/AFP
აჭარა TV-დან გათავისუფლებული თეონა ბაკურიძე TV პირველზე გადაცემას წაიყვანს
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე TV პირველზე გადაცემა "ღამის ამბებს" წაიყვანს. დღეს, 26 მარტს, TV პირველზე მისი დებიუტია.



ტელეკომპანიის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ TV პირველში მუშობა თეონა ბაკურიძეს, მაშინ როცა ის დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა, პირდაპირ ეთერში შესთავაზა.

"გულით მინდოდა, ჩვენი თანამშრომლობა შემდგარიყო. ეს თანამშრომლობა შედგა და დღეს Teona Bakuridze -ს დებიუტს იხილავთ ტვ ,,პირველზე". ისე მოხდა,რომ მის პირველ ეთერებს მე ვერ დავესწრები, ჩემი ტრავმის გამო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს არხზე", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.



თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან 13 მარტს გაათავისუფლეს, გათავისუფლებას მისთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტა უძღოდა. გათავისუფლების საფუძვლად, დირექტორის ბრძანებაში მითითებულია რომ, "თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას". ასევე, "ფსიქოლოგიური ზეწოლა სამსახურის ხელმძღვანელისა და რედაქტორის მიმართ, რითაც ხელი შეუშალა საინფორმაციო საქმიანობას".
სომხეთის მთავრობამ მედიას Covid-19-ის გაშუქების მკაცრი წესები დაუწესა - რედაქტორები აკრძალვების დაზუსტებას ითხოვენ
გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური, სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წაშალონ "პანიკის გამომწვევი" მასალები, თუ საერთაშორისო ამბავს გამოიყენებენ, მისი წყარო სათაურშივე მიუთითონ - ეს არის წესები მედიისთვის, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სომხეთის მთავრობამ მედიას დაუწესა. სომხეთში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მედიას გამოქვეყნებული მასალების წაშლა მოსთხოვეს. ეუთო და "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"(RSF)  აცხადებენ, რომ ეს წესები მკაცრია. 

გამოცემა Hetq-ის ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თუ სომხური მედიასაშუალებები ამ წესებს დაარღვევენ, ისინი დაჯარიმდებიან. ჯარიმა 500,000-დან 800,000-მდე დრამია. აშშ დოლარში ეს დაახლოებით $1,000-დან $1,600-მდე მერყეობს. 

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანომ კორონავირუსთან დაკავშირებული პოსტებისა და სტატიების წაშლა რამდენიმე მედიასაშუალებას უკვე მოსთხოვა. მათ შორისაა გამოცემები Aravot-ი და Hraparak-ი.

Aravot-ის მასალაში გამოყენებული იყო რუსი ანალიტიკოსის, ვალერი სოლოვეის, მიერ რადიო Ekho Moskvy-სთან გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ რუსეთი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეალურ მონაცემებს მალავს. გარდა ამისა, სტატიაში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ციტატაც იყო მოყვანილი. ფაშინიანი აცხადებდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ვირუსის შესახებ სანდო სტატისტიკას არ აქვეყნებს. სტატია სომხეთის შსს-მ "საზოგადოებაში პანიკის გამომწვევად" შეაფასა, რის შემდეგაც მედიასაშუალება იძულებული გახდა მასალა დაერედაქტირებინა. სტატიიდან მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ამოიღეს, ფაშინიანის ციტატა კი დარჩა.

„ჩვენ გვესმის სიტუაციის დელიკატურობა, თუმცა არ ვიზიარებთ იმ შეფასებას, რომ რადიო Ekho Moskvy-თან ვალერი სოლოვეის მიერ რუსეთში არსებულ სიტუაციაზე გაკეთებულმა კომენტარმა შეიძლება სომხურ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვიოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები შესაძლოა ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებდნენ", - აცხადებს Aravot-ის ონლაინ გამოცემის რედაქტორი ანნა ისრაელიანი.

სოლოვეის კომენტარი უფლება დამცველმა არტურ საკუნცმა Facebook-ზე გააზიარა. მისი განცხადებით, პოლიციამ პოსტის წაშლა მოსთხოვა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

გამოცემა Hraparak-ის სტატია კი სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამანათების მიღებაზე შეზღუდვების დაწესების გამო პატიმრების უკმაყოფილებას ეხებოდა. სომხეთის მთავრობამ ეს მასალაც "პანიკის დათესვად" შეაფასა და გამოცემას სატატია წააშლევინა.

პოლიციამ Facebook პოსტის წაშლა მოსთხოვა ჟურნალისტ მარინე ხარატიანსაც. ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ სომხეთის ერთ-ერთი ქარხანა სიცხიან მუშებს სამსახურში სიარულს მაინც სთხოვდა.

სომხური მედიის წარმომადგენლებისთვის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის საჭიროება არ იყო.

30-მდე მედია ორგანიზაციის რედაქტორმა მედიასთან დაკავშირებული აკრძალვების დასაზუსტებლად სომხეთის პრემიერმინისტრის მოადგილესა და საგანგებო მდგომარეობის კომისიის ხელმძღვანელს ტიგრან ავინიანს ერთობლივი წერილით უკვე მიმართა. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, აქვთ თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება და მიიჩნევიან თუ არა ისინი ოფიციალურ წყაროებად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სომხური მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს ეუთო და "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"(RSF) .

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ჰარლემ დეზირი აცხადებს, რომ მას ესმის აკრძალვის მიზანი - თავიდან აიცილონ პანიკა და აგრესია და ებრძოლონ დეზინფორმაციას Covid-19-ის პანდემიისას, მაგრამ, ამავე დროს, მედიამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებასა და ყალბ ამბებთან ბრძოლაში. 

"მხოლოდ სომხეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს საკმარისად მკაცრ ზომას, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას და წვდომას ინფორმაციასთან", - აცხადებს იგი. 

" ინფორმაციის კონტროლი ხელს უწყობს არა ეპიდემიასთან ბრძოლას, არამედ ჭორებისა და შიშის გავრცელებას", - ნათქვამია RSF-ის განცხადებაში.

 
alt

სომხეთში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა. 25 მარტის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევაა დადასტურებული, ამათგან 18 ადამიანი გამოჯანრთელდა.