როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია კორონავირუსზე
09.03.2020
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ინტერნეტსივრცეში ვირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების სიხშირეც იზრდება. ზოგიერთ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანი მასალების ტირაჟირებას ხელს მედია უწყობს. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში საერთაშორისო საინფორმაციო ვებგვერდებზე გამოქვეყნდა რუკა, რომელიც თითქოს კოვიდ-19-ის გავრცელების არეალს აჩვენებდა, რეალურად კი ის საერთაშორისო ფრენების ამსახველ რუკას წარმოადგენდა.


alt


როგორ მოხვდა მედიაში რუკა შეცდომით? 
 
ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის World Population Project-ის ფარგლებში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც პროგნოზირებული იყო, კორონავირუსის ეპიცენტრში- ქალაქ უხანში კარანტინის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე, უხანელების მგზავრობის სავარაუდო მიმართულებები. პროექტის ავტორებმა კვლევაზე მუშაობისას წინა წლების ავიარეისებისა და უხანის მცხოვრებელთა მობილურების მონაცემები გამოიყენეს. კვლევის შედეგად მიღებული პროგნოზი ასეთი იყო: ქალაქის იზოლაციამდე შესაძლოა უხანის 60,000-მდე მცხოვრებს მსოფლიოს 400-მდე ქალაქში ემგზავრა.

მკვლევრებმა თავიანთი მიღებული შედეგები ნაწილ-ნაწილ Twitter-ზე გამოაქვეყნეს, მათ შორის იყო რუკაც, რომელიც მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო ფრენებს ასახავდა, თუმცა დაზუსტებული არ იყო, რომ ეს რუკა კორონავირუსის შესახებ კვლევის ნაწილს არ წარმოადგენდა.

მას შემდეგ რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იკითხეს, აღნიშნული რუკაზე წითელი ხაზები კვლევით მიღებულ შედეგებს ასახავდა თუ არა. მკვლევართა გუნდმა განაცხადა, რომ რუკა კვლევას არ უკავშირდებოდა და ის გლობალური საჰაერო ქსელის მასშტაბის საჩვენებლად გამოაქვეყნეს. მოგვიანებით, გვერდიდან რუკა წაიშალა, თუმცა გრაფიკული გამოსახულება მაინც მოხვდა რამდენიმე ავსტრალიური გამოცემის, The Sun-ის, Daily Mail-ისა და Metro-ს ვებგვერდებზე.

alt


ავსტრალიური არხის 7News-ის ეთერში კი რუკა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის საჩვენებლად გამოიყენეს. ვიდეოს 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. წამყვანის თქმით, რუკაზე წითელი ხაზებით 5 მილიონი უხანელია აღნიშნული, რომლებმაც ქალაქი დატოვეს. რეალურად კი ეს ხაზები მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო მარშრუტებს ასახავს.


ყალბი „სქრინშოტები“

კიდევ ერთი მასობრივად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია კორონავირუსის განკურნების შესახებ ე.წ სქრინშოტი იყო, რომელზეც ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას ტიტრებში იკითხებოდა წარწერა "მარიხუანა კლავს კორონავირუსს".

alt

ე.წ სქრინშოტები ყალბი ინფორმაცის გავრცელების ერთ-ერთი ეფექტური და ხშირად გამოყენებადი ფორმაა. ხალხი ძირითად შემთხვევებში სქრინშოტს იმისთვის იღებს, პროვოკაციული ან შეცდომით დაწერილი პოსტი შეინახოს, რომელიც, დიდი ალბათობით, მალევე წაიშლება. სქრინშოტი კი "რეალობის" გამოსააშკარავებლად გამოიყენონ. როდესაც ყალბი სქრინშოტები ვრცელდება და მისი ორიგინალი ვარიანტის ნახვა შეუძლებელია, დიდია ალბათობა იმისა, ხალხმა იფიქროს, რომ ორიგინალი მასალა წაშალეს და მისი ავთენტურობა დაიჯეროს.

გარდა ამისა, ყალბი სქრინშოტი დეზინფორმაციის გამავრცელებელია არამარტო კონკრეტული თემის, არამედ უშუალოდ ინფორმაციის წყაროს შესახებაც. ამიტომ, რაც არ უნდა რეალურად გამოიყურებოდეს სქრინშოტი, მაინც არსებობს იმის შანსი, რომ ის ფოტოშოპის შედეგს წარმოადგენს.

Poynter-ის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცის გადასამოწმებლად 39 ქვეყნის 90-ზე მეტი ფაქტჩეკერი მუშაობს და მიღებულ შედეგებს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით #CoronaVirusFacts / #DatosCoronaVirus alliance-ით ავრცელებენ.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს

მარნეულში, იქ სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სცემეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც.  თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.

altფოტო: პირველი არხი

რა მოხდა მარნეულში


დღეს, 29 სექტემბერს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავს დაესხნენ საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. გადამღები ჯგუფები სწორედ ამ შემთხვევის შესახებ იკვლევდნენ დეტალებს.
 
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, 
დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა. ჯეიჰუნ მუჰამედალი იხსენებს, რომ პირდაპირი ჩართვის შემდეგ მან გადაინაცვლა "ქართული ოცნების" შტაბთან, სადაც კომენტარების ჩაწერას გეგმავდა. სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს მას და მის ოპერატორს.

“კიბეებზე ასვლას ვაპირებდი, მახსოვს, ბრბო წამოიწია ჩემკენ, 10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი. ყვირილი დამიწყეს, ოპერატორს დაარტყეს, ნუ ურტყამთ-მეთქი და ამის მერე, მახსოვს, უკვე ძირს ვეგდე”, – ამბობს ჟურნალისტი. 
"მთავარ არხთან" ჩართვაში მან ასევე აღნიშნა, რომ მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" შტაბის წინ უსწორდებოდნენ და ამ ყველაფერს ხედავდა პოლიციაც. 

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი კი იუწყება, რომ შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა. 



სახალხო დამცველი და სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ


მომხდარს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. განცხადებებში, რომელიც სამოქალაქო სექტორმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ არ წახალისდეს მსგავსი ძალადობა, შესაბამისმა უწყებებმა მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.

"იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

"მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა.   

მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს  კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" .  "მიგვაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს", - აცხადებენ კოალიციაში.

დაზარალებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC). ორგანიზაციის განცხადებით,  ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება.

საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს "უფლებები საქართველოც", როგორც ეს მათ განცხადებაშია ნათქვამი. 



მასალა პერიოდულად ახლდება

ალისტრახოობის ხიბლი

ტელეკომპანია “იმედმა” ახალ სატელევიზიო სეზონზე ახალი გმირი წარუდგინა მაყურებელს - კონკურენტი არხის დამფუძნებლის კარიკატურული პროტოტიპი.

“ახალ სეზონზე უამრავ სიახლეს გპირდებით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი სიურპრიზი, რაც ჩვენ მოვამზადეთ, მთლად სასიამოვნო არ იქნება თქვენთვის, რადგან ჩემთან გადაცემაში მუშაობა დაიწყო ნიკა გურამიამ”, - ასე წარადგინა “იმედის” გადაცემა “ღამის შოუს” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ახალი პერსონაჟი, რომელიც “მთავარი არხის” დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აშარჟებს.

იმავდროულად “იმედმა” მაყურებელს ახალი პრომო ვიდეო წარუდგინა, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო ვიდეოს ანალოგია: ტრამპს მაღალტექნოლოგიური ჩქაროსნული მატარებელი განასახიერებს, მისი კონკურენტი ჯო ბაიდენი კი დრეზინას მიაჩიქჩიქებს ლიანდაგზე.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო ვიდეო 


"იმედის” პრომოს შემთხვევაში, არხის მთავარი სახეები, ტრამპის მსგავსად, ჩქაროსნულ მატარებელში სხედან; ამორტიზებული დრეზინის მართვას კი ნიკა გვარამიას როლის შემსრულებელი ცდილობს.

ტელეკომპანია "იმედის" პრომო ვიდეო


“ღამის შოუ” ახალი პერსონაჟის, ნიკა გურამიას მონაწილეობით, ყოველკვირეულად სთავაზობს მაყურებელს ეპიზოდებს, რომლებიც ნიკა გვარამიას წარმოაჩენს ფაქტებისა და მოვლენების განზრახ გამყალბებელ პერსონად, რომელიც ეძებს და ავრცელებს მხოლოდ ნეგატივს და რომელსაც   სხვადასხვა ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ქუჩებში.

“ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” რამდენიმე წლის წინ POSTV-ზე შეიქმნა, რომელიც ჯერ “მაესტროს” ეთერში გადიოდა და შემდეგ “იმედზე” გადაინაცვლა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ “ღამის შოუს” ეპიზოდებს აქტიურად აზიარებს და არეკლამებს POSTV-ის გართობის გვერდი ფეისბუკში.

POSTV-ის ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი ამჟამად მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მრჩეველია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელი და მთავარი სახე შალვა რამიშვილი კი მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის სიმპატიით დიდი ხანია სარგებლობს: ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წელს, ოპოზიციის ლიდერის რანგში გამოქვეყნებულ მის ერთერთ პირველ წერილში მიმართა რამიშვილს საჯაროდ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სატირულ-იუმორისტულ პროექტს დაუფინანსებდა: “სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალას” გადაღება და მე დავაფინანსებ!”

POSTV 2017 წელს დაფუძნდა და იგი დაფუძნების დღიდან ღიად მუშაობდა ყოფილი ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის ანტიპიარზე. ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური სამიზნეა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები: კერძოდ, POSTV-ის გუნდი აქტიურად აკრიტიკებს იმ ტელევიზიებს (ადრე, სამიზნე იყო “რუსთავი 2”, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ამ ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ძირითადი სამიზნეა მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”. ეს ივანიშვილმაც დაადასტურა თავის ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გასულ წელს, როცა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებს საპასუხო სიუჟეტებს უძღვნიდა შალვა რამიშვილი და პოსტვ: “ამ ბოლოს რა მოსდის რუსთავი 2-ს, ფაქტების ძიებაში აღარ არიან. დილით დგებიან, ჩემი გადმოსახედიდან, სცენარებს წერენ და წადი და იმართლე თავი, როგორც გინდა. მათ ჰყავთ თავისი მრევლი, გინებაც მოსწონს ხალხს. მერე გამოდის პატარა შალვა რამიშვილი ან ვიღაც Postv-ში, ამას გასცემს პასუხს, იქ მაყურებლების რაოდენობა გაცილებით ცოტაა და შედეგს იღებენ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

“მთავარი არხის”, მანამდე კი “რუსთავი 2”-ის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიუჟეტების განხილვასა და კრიტიკას ეთმობოდა ბოლო წლებში ტელეკომპანია “იმედის” არაერთი სიუჟეტი თუ გადაცემა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ არხის პრომო ვიდეოშიც კი “მთავარ არხზე” “გადასწრება-გადავლა” არის “იმედის” მთავარ ამოცანად წარმოჩენილი მაშინ, როცა მედია საზოგადოების პრობლემების იდენტიფიკაციაზე და ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლზე უნდა იყოს ორიენტირებული.

და ბოლოს იმაზე, თუ რატომ გამახსენა ამ ამბებმა ე.წ. მედია ჯგუფი და მათი კრებითი სახელი “ალისტრახო”. ალბათ, ეს მოვლენა კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს, რადგან არც 9 წლის წინ, როცა ეს ამბები ხდებოდა და არც მას შემდეგ, პროფესიულ მედია წრეებში სათანადოდ არ შეფასდა ის, თუ რას ნიშნავს ალისტრახოობა, რატომ არის ის ცუდი და სამარცხვინო საქციელი, რომელიც საბოლოო ჯამში, აზარალებს მთელ საზოგადოებას.

2012 წელს, როდესაც ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ინფო 9 და ტელეკომპანია “მეცხრე არხი” აამოქმედა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ე.წ. მედია ჯგუფი (რომელიც მოგვიანებით გაერთიანდა ამ ჯგუფის ერთერთი ლიდერის ალისტრახო როხვაძის სახელის ქვეშ) ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი დანიშნულება იყო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაცინვა, საჯარო განკითხვა, დევნა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ცდილობდნენ კრიტიკული შეკითხვები დაესვათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, “ალისტრახოები” კი ამ დროს ამ ჟურნალისტებს დასდევდნენ კამერებითა და მიკროფონებით და მათ უსვამდნენ დამამცირებელ შეკითხვებს - თუ რამდენს უხდიდა მათი პატრონი და ასე იცავდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართული ოცნების” გუნდს არ დაუსჯია “ალისტრახოების ჯგუფი” იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ახალი ხელისუფლების პირობებში “ალისტრახოები” გადაღებებზე ჯერ არ დასდევენ ჟურნალისტებს ჩართული კამერებით, თუმცა “ალისტრახოობის ხიბლი” ნამდვილად იგრძნობა გადაცემებში, რომლებშიც ხელისუფლების პოზიციების გამაგრებას კრიტიკულად განწყობილი მედიებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციით ცდილობენ.

დაბალანსებული, თუმცა მშრალი და ზედაპირული - რადიოების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, რადიომაუწყებლების უმეტესობა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ ავლენდა, სიახლეები დაბალანსებულად, თუმცა მშრალად და ზედაპირულად შუქდებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რადიოების უმეტესობის ეთერში ერთი და იგივე თემები ტრიალებდა და კვლავ გამოწვევად რჩება ექსკლუზიური კონტენტის შექმნა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოვლენების პასიურ გაშუქებაზეც, ანუ როდესაც პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ რადიოეთერი საკუთარ ტრიბუნად გამოიყენონ და ჟურნალისტი სათანადოდ მომზადებული არ არის, რომ საპასუხო მწვავე კითხვა შეაგებოს.

“რადიომაუწყებლების ნაწილი ხელისუფლების მწვავე კრიტიკასაც არ ერიდებოდა და სიუჟეტებში პოლიტიკოსთა ურთიერთსაპირისპირო კომენტარებიც ისმოდა, მაგრამ მათი უმეტესობა რესპონდენტთა განცხადებების გადამოწმებას არ ცდილობდა, არ ჩანდა ჟურნალისტის როლი, რომ კრიტიკა მის მიერ მოპოვებულ ფაქტობრივ მასალებს დაფუძნებოდა და არა პოლიტიკოსთა ზოგად შეფასებებს”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება, რეგიონების, სოფლების, სოციალური პრობლემების, უთანასწორობისა თუ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გაშუქება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თემებზე სიუჟეტები თითქმის არ მზადდება და ჟურნალისტები ამ საკითხების წინ წამოწევას ვერ ახერხებენ:

“მართალია, რადიომაუწყებლები სიძულვილის ენას არ იყენებენ და არც რომელიმე ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული ენის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ ჟურნალისტები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ პრობლემები წინ წამოწიონ და პოლიტიკოსთა დღის წესრიგში დააყენონ, პასუხისმგებელი პირების მიმართ დასვან კითხვები, ეცადონ ამომწურავი პასუხების მიღებას, ფაქტების გადამოწმებასა და რაც მთავარია, თემის ბოლომდე მიყოლას”.

ძირითადი მიგნებები:

  • ყველაზე მეტი დრო მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმოთ, პარტიებიდან კი - „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“;
  • წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად მოიმატა ირიბი გაშუქების წილმა. ახალი ამბების უმეტეს ნაწილს პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებების ციტირება შეადგენდა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი მშრალი და ზედაპირული იყო;
  • თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდნენ და არა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია;
  • წინა წლების მსგავსად, რადიოარხების უმეტესობაზე, პრობლემად რჩება ინფორმაციის წყაროთა და კრიტიკული კითხვების ნაკლებობა - ჟურნალისტები ფაქტების გადამოწმებას ნაკლებად ცდილობდნენ;
  • სოციალურ თემებს, რეგიონებისა და უმცირესობების პრობლემებს კვლავაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა;
  • რადიომაუწყებლები გენდერული სტერეოტიპების გავრცელებას ხელს არ უწყობდნენ, ეთერში არ ისმოდა სექსისტური, ჰომოფობიური, რომელიმე გენდერული ნიშნის მიმართ სიძულვილის ან საფრთხის შემცველი განცხადებები;
  • ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები უხეშად არ ირღვეოდა: ხმით/მუსიკით მანიპულაციის, სიძულვილის ენის შემთხვევები არ გამოვლენილა


    მონიტორინგის შესახებ:

ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგებს.

მედიამონიტორები 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდებიან. ეს რადიოებია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „თავისუფლება“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ჰერეთი“, „მარნეული“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „სამხრეთის კარიბჭე“ (ქ. ახალციხე).

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული. მონიტორინგის ფარგლებში, „ინტერნიუსი-საქართველო“ რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს 16 ივნისიდან აკვირდება.

იხილეთ ასევე:

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, 8 ხმით ერთის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, მაუწყებლის ყოფილი დირექტორის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი აირჩია.



თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2011 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე. თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2012-13 წლებში წამყვანი იყო. 2014-15 წლებში მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი გახდა, 2015 წლიდან - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი იყო. 2018 წლიდან კი ერთდროულად ორ პოზიციას - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორისა და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს ითავსებდა.


თინათინ ბერძენიშვილი მედიის და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობს.  იგი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიაკომიტეტის წევრი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი.



დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის ეს მისი მეორე მცდელობაა. ბერძენიშვილი კონკურსში 2016 წელსაც მონაწილეობდა, იმდროინდელი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგ. თუმცა, მაშინ სამეურვეო საბჭომ მისი კონკურენტი, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. 

სამოტივაციო წერილში, რომელიც თინათინ ბერძენიშვილმა კონკურსში მონაწილეობისთვის წარადგინა, მან მიუთითა, რომ წარმატებით გააგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მისმა წინამორბედმა ვასილ მაღლაფერიძემ.  

ვასილ მაღლაფერიძის დაწყებულ საქმეებსა და დაპირებებზე მას გასაუბრებაზე კითხვებიც დაუსვეს. მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ზაზა აბაშიძის კითხვაზე, რატომ არ აქვს მოცმეულ მომენტში მაუწყებელს  მაღლაფერიძის დაპირებული 15%-იანი რეიტინგი, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ რეალურად, მაუწყებლის რეიტინგი, ის რაც ციფრებში გამოიხატება, რელობას არის აცდენილი.



ამ თემაზე იხილეთ: თინათინ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საზმაუს რეიტინგი რეალობას აცდენილია
 

თინათინ ბერძენიშვილი მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის პოზიციაზე, 6 წლის ვადით აირჩია. ბერძენიშვილი მისი წინამორბედისგან განსხვავებით, დირექტორის პოზიციაზე გაზრდილ ხელფასს აიღებს.

22 სექტემბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ანაზღაურებ 4-დან 10 000 ლარამდე გაზარდა.  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ ამ დრომდე ხელფასი არადეკვატური იყო და მის გაზრდაზე დიდი ხანია მსჯელობდნენ. 

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, საზმაუს სჭირდება სწორი საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დღეს მაუწყებელს სჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ შეიმუშავოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით, სწორი საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა:

“დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება არა მხოლოდ ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ნიუსი, ან კარგად იცის ამ ტელევიზიის დერეფნები, არამედ ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, დღეს გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოსთვის როგორ შეიმუშავოს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით, სწორი საინფორმაციო პოლიტიკა, საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა, თუ გნებავთ. რომელმაც იცის თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევები, თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები, თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები”, - ამის შესახებ მან სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბორდმა მაუწყებლის დირექტორად იმიტომ უნდა აირჩიოს, რომ მას აქვს მმართველობითი და სხვადასხვა სფეროში მუშაობის წლების გამოცდილება:

“მაქვს მმართველობითი გამოცდილება. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ თითქმის 20 წელი გავატარე მედიაში ხან ჟურნალისტის, ხან ანალიტიკოსის, ხან რესპონდენტის რანგში, როგორც გაზეთებში, ისე რადიოში და იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა ტელევიზიაში. ამავდროულად მაქვს გამოცდილება სამეცნიერო, სასწავლო საქმიანობაში. მაქვს გამოცდილება არასამთავრობო სექტორში საქმიანობის და რაც მთავარია, სწორედ ამ კრიზისების პერიოდში, ჩემი კომპანიები იყვნენ იმ გამონაკლისთა შორის, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები და ჩემს თანამშრომლებს არ დასჭირვებიათ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებები. ასე რომ, კრიზის მენეჯერიც არის თქვენ წინაშე".

კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის, ირმა სოხაძის მსგავსად, მან ასევე ისაუბრა მაუწყებელში არსებულ ე.წ. “შავ სიაზე” და თქვა, რომ ტელევიზია მისით არ ინტერესდება: “ის, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის სიტყვის სრული თავისუფლება, აგერ გიზივართ ცოცხალი მაგალითი”.

ლაგაზიძე შეეხო მაუწყებლის დირექტორის 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაზრდილ ანაზღაურებასაც. მისი თქმით, დირექტორად არჩევის შემთხვევაში, იგი გაზრდილი ხელფასის ნაწილზე უარს იტყვის და მისი ხელფასიდან 5 000 ლარი ყოველთვიურად გადაირიცხება ჟურნალისტურ ფონდში, რომლის განკარგვის საშუალებაც ექნებათ ჟურნალისტებს - “ეს წავა პრემიების სახით, სოციალური დახმარებების სახით”.

შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, მაუწყებლის დირექტორს  ხვალ 25 სექტემბერს აირჩევენ. ბორდმა დირექტორი სამი კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს. ესენი არიან: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

ამავე თემაზე: