ანტიდასავლური პროპაგანდა COVID-19-ის სახელით
05.05.2020
დასავლეთმა კრახი განიცადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ევროკავშირმა მიატოვა წევრი ქვეყნები, რუსეთი და ჩინეთი კი სხვა სახელმწიფოების დასახმარებლად მყისიერად მზად აღმოჩნდნენ, - მსგავსი შინაარსის გზავნილებითაა გაჯერებული ის დეზინფორმაციული ნაკადი, რაც ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება კორონავირუსთან დაკავშირებით.

ახალი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებისა და მისი პანდემიად გამოცხადების პარალელურად, COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის ნაკადმა მოიმატა. ონლაინ მედიასა თუ სატელევიზიო სივრცეში არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა ვირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ, დეზინფორმაციის სამიზნედ იქცა დასავლური ინსტიტუტები და გაქტიურად ანტივაქსერული კამპანიაც.

განსაკუთრებით ძლიერია რუსეთიდან და ჩინეთიდან წამოსული პროპაგანდა. ევროკავშირი რუსეთს და ჩინეთს, კორონავირუსის შესახებ ყალბი ამბების სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებაში, უკვე ღიად ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ არაერთ ოფიცილურ ანგარიშშია მითითებული. ევროკავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შესახებ რუსული პროპაგანდის მიზანი საზოგადოებაში დასავლური ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვა და მათი მდგრადობის შესახებ კითხვის ნიშნების, სკეპტიციზმისა და, ზოგადად, ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებაა.

დასავლური ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ანტიდასავლური განწყობების ფორმირებაზე გადის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლმა ფართომასშტაბიანი ანტიდასავლური კამპანია ჯერ კიდევ იანვრის ბოლოდან დაიწყო. მაგალითად, კრემლის პროპაგანდული მანქანა ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული კრახი განიცადეს. პროპაგანდული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია ისიც, რომ ამ ქვეყნების მთავრობებმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, მაგალითად, როგორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა (WHO), ინფექციის დასამარცხებლად სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინეს. ითქვა ისიც, რომ ამ უკანასკნელმა ვირუსის შესახებ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც მსოფლიო ჯანდაცვა გარკვეული რისკების წინაშე დააყენა.

გარდა დასავლური ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების მიმართ ნდობის შერყევისა, დეზინფორმაციის ერთი მიმართულება უშუალოდ ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება. მაგალითად, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთმა მთავარმა გამხმოვანებელმა მედიასაშუალებამ RT-მ არაბულ ენაზე გაავრცელა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირი საკუთარ პარტნიორებს არაფრით ეხმარება, რუსეთი და ჩინეთი კი სხვა სახელმწიფოების დასახმარებლად მყისიერად მზად აღმოჩნდნენ.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი წყაროები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ პანდემიამ, ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, დემოკრატიული სისტმების სისუსტეები გამოავლინა. ამასთან, აშშ-ს ადანაშაულებენ, რომ სირიელ ლტოლვილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და ამბობენ, რომ ამერიკა გაეროდან მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ ნაცვლად, ტერორისტულ დაჯგუფებებს აძლევს.

რუსეთმა ვროკავშირის დისკრედიტაცია აქაც სცადა და რუსმა დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა თქვა, რომ, თითქოს, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ - პოლონეთმა რუსეთის მიერ იტალიაში ჰუმანიტარული მისიით გაგზავნილი თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც ბრალდებას პოლონურმა მხარემ უპასუხა და გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა, რუსმა დეპუტატმა განცხადება twitter-დან წაშალა. თუმცა, დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ფაქტობრივი ზიანი მაინც დადგა, რადგან დეპუტატის ეს განცხადება არაერთმა რუსულმა პროკრემლისტურმა გამოცემამ გამოაქვეყნა და პოლონეთის განცხადების შემდეგაც არ დააკორექტირა.

ამის პარალელურად, რუსულმა ტელეარხებმა აქტიურად გააშუქეს რუსეთის მიერ იტალიისთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იტალიაში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი აღჭურვილობის გაგზავნაში გამოიხატა. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, გაგზავნილი აღჭურვილობის 80% უვარგისი აღმოჩნდა, სამედიცინო პერონალის სახით კი - რუსეთმა იტალიაში, რეალურად, სადაზვერვო სამსახურის (GRU) თანამშრომლები გაგზავნა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ეს აქტი ე.წ. მსოფლიო საზოგადოებისთვის იტალია-რუსეთის ტრადიციული მეგობრობის დემონსტრირების ძლიერ სიმბოლოდ გამოიყენა.

ევროკავშირის მიერ ბოლო პერიოდში განახორციელებული ქმედებებიც საკმარისია იმ დეზინფორმაციის გასაბათილებლად, თითქოს, ევროკავშირი COVID-19-ის წინააღმდეგ უმოქმედოა და შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს. პანდემიის შედეგად მოსახლეობასა და ეკონომიკაზე ასახული დარტყმის შესამსუბუქებლად და ვირუსთან საბრძოლველად, ევროკავშირმა ჯამში 37 მილიარდი ევროს მობილიზება მოახერხა. ამასთან, COVID-19-თან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების მხარდასაჭერად ცალკე გამოყო 47.5 მილიონი ევროს ოდენობის თანხაც. ეს ევროკავშირის მიერ პანდემიას წინააღმდეგ ბროლისთვის გადადგმული საპასუხო ნაბიჯების მხოლოდ მცირე მაგალითებია.

ბილ გეიტსი და ანტივაქცინური კამპანია

ანტიდასავლური კამპანიის ფარგლებში, დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კომპანია “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბილ გეიტსიც აღმოჩნდა, რომელიც საკუთარ მეუღლესთან მელინდა გეიტსთან ერთად COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ იარაღად სავალდებულო ვაქციანაციას ასახელებს და აღნიშნული მიმართულებით აქტიურ კამპანიასაც აწარმოებს.

პროკრემლისტური საიტები კორონავირუსის შექმნასა და მსოფლიო პანდემაში სწორედ მას ადანაშაულებენ. მათ მიერ გავრცელებულ ყალბ მასალებში ხაზგასმულია, რომ ბილ გეიტსს ვაქცინაციის გზით ადამიანების ორგანიზმში მიკროჩიპების ჩამონტაჟება და, ამ მეთოდით, საზოგადოებაზე სოციალური კონტროლის დამყარება სურს.

ანტივაქცინურმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მარტის შუა რიცხვებიდან მიიღო, როდესაც ვაქცინაციის გზით ადამიანებში მიკროჩიპების ჩადგმის შესახებ დეზინფორმაცია პირველად პროკრემლისტურმა, ყალბი ამბების გამავრცელებელმა კანადურმა ვებსაიტმა Global Research-მა გამოაქვეყნა. მას შემდეგ, აღნიშნული დეზინფორმაცია ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ასევე კრემლის მიერ კონტროლირებულმა, არაერთმა გამოცემამ გაავრცელა.

ანტივაქცინურმა კაპმანიამ საქართველომდეც მოაღწია. ვაქცინის მეშვეობით ადამიანების ორგანიზმში მიკროჩპების შეყვანის შესახებ, ონლაინგამოცემა tvalsazrisi.ge ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის სრულიად დაუსაბუთებელ მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს. მომხმარებელი, რომელის პირად გვერდზეც აღნიშნულის, ასევე მე-5 თაობის ინტერნეტის COVID-19-ის პანდემიასთან კავშირზე აქტიურად წერს, ამბობს, რომ “ადამიანის ყოფიერების კონტროლის” მიზნით, ორგანიზმში მიკროჩიპების შეყვანის კამპანიას ბილ გეიტსი კურირებს, რომელიც “ქველმოქმედებას არის ამოფარებული”.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

საჯარო ინტერესი არ ამართლებს ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას - NGO-ები მედიას
“თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები”, - 14 არასამთავრობო ორგანიზაცია 9 აგვისტოს “მთავარ არხზე” გადაცემა „მთავარ აქცენტებში გასულ ინტერვიუს და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემურ გაშუქებას გამოეხმაურა.

“მთავარ აქცენტებში” წამყვანს, ნიკა გვარამიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გადაცემაში წამყვანის მიერ დასმული კითხვები ეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის, ხოლო მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

“მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ”, - აცხადებენ ორგანიზაციები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე, მიუღებლად მიიჩნევენ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადებით, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს.

“პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  3. კავშირი საფარი;
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  5. თანასწორობის მოძრაობა;
  6. უფლებები საქართველო;
  7. ღია საზოგადოების ფონდი;
  8. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  9. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  10. მედიაკლუბი;
  11. სატელევიზიო ქსელი;
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  13. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  ჟურნალისტების გამოკითხვაზე  გახშირებული დაბარება თვითცენზურის საფრთხეს შეიცავს - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება ეწინააღმდეგება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს და ხელს უშლის მედიის საქმიანობას.

ორგანიზაცია ქრონოლოგიურად ისხენებს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლების სამართალდამცავ უწყებებში დაბარების ფაქტებს.

TI-ს განცხადებით, 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით, ბაჩალიაშვილმა, რომელიც პროგრამისტი იყო, გახსნა საიდუმლო ფაილები, სადაც სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატები ინახებოდა. ჟურნალისტთან საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა, მათ შორის, ამ სიუჟეტში გასული დეტალების წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით.

იმავე მოტივით დაიბარეს გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მომზადებული მასალის გამო. არხისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შაქარაშვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ ავთანდილ ბილანიშვილი მონაწილეობდა, რომელიც არხის ინფორმაციით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობელია.

ასევე, „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები - ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. კითხვები ინფორმაციის წყაროს შესახებ ამ შემთხვევაშიც დაისვა. სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის მიერ გაბუნიას განზრახ შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.

"უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო უწყებებში დაბარებულ არც ერთ ჟურნალისტს წყაროს ვინაობა არ გაუთქვამს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს.

"სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს. შედეგად მედიის წარმომადგენლებმა შესაძლოა სამომავლოდ თავი აარიდონ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მეორე მხრივ, წყაროს იდენტიფიცირების მიმართ გამოძიების მომეტებული ინტერესი საშიშროებასც აჩენს, რომ წყაროებმა სამომავლოდ ჟურნალისტებთან აღარ ითანამშრომლონ და არ მიაწოდონ ინფორმაცია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება.
რა პოზიციებზე ბრუნდებიან აჭარის TV-ში ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე
აჭარის TV-დან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი დაბრუნებას დათანხმდა. 3-დან ორი ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე ბრუნდებიან. ორივე მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს. გათავისუფლებამდე გურბანიძე გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, მურვანიძე კი შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი იყო. მემონტაჟე გუგა ქადიძის პოზიცია უცვლელია.

მენეჯმენტის შეთავაზებებს გათავისუფლებულები გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს დასთანხმდნენ. ბაჩ გურაბანიძეც და გიორგი მურვანიძეც ამბობენ, რომ მათი დაბრუნება მაუწყებლის თანამშრომელთა ერთიანობის შედეგია.

„მე გავითვალისწინე ჩემი 230 თანამშრომლის უდიდესი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და ბრძოლა ჩვენს დასაბრუნებლად , ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების გულშემატკივრობა და ყოველდღიური ნერვიულობა, სტრესი, შედეგად ჩვენ დავბრუნდით მაუწყებელში!!! იმიტომ, რომ იქ ბევრს აქვს ჩვენი იმედი და გველოდებიან, იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაშიც სხვაც ისევე დავიცვათ , როგორც ჩვენ გვიცავდნენ.

მე ტელევიზიიდან მენეჯმენტმა გამიშვა და 230 -მა ადამიანმა დამაბრუნა, ჩემი სურვილით არც წავსულვარ და არც ვბრუნდები“, - დაწერა ბაჩო გურაბანიძემ სოციალურ ქსელში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.



ბაჩო გურაბანიძის მსგავსად, გიორგი მურვანიძეც ამბობს, რომ მათი დაბრუნებით ტელევიზიაში ბრძოლა გრძელდება.

„ჩვენ გარიგებაში არავისთან შევსულვართ. არ გეგონოთ ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიაში შავ-თეთრი ფერები გაფერადდა... ბრძოლა გრძელდება ! ! ! გადაცემა #ჰეშთეგი და მისი გუნდი ეთერში უნდა დარჩეს... მინიმუმ ამისთვის ღირს სამსახურში დაბრუნება... თუ მხარს მიჭერთ, თუ გიყვარვართ მაშინ აი ამ გადაცემას და ამ გადაცემაში მომუშავე ადამიანებს სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ. მათ თუ პრობლემა შეექმნებათ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო. ფუჭი იყო აბსოლუტურად ყველაფერი. მე ისევ გამაგდებენ. მაპატიეთ მაგრამ ამას თუ დავუშვებთ, მაშინ არაფერი ვყოფილვართ. მაშინ მართლა გასაგდები ვარ ! ! ! ვიყოთ მეტად სოლიდარულები. ეს არის გამოსავალი. ეს არის გამარჯვების ფორმულა“, - დაწერა გიორგი მურვანიძემ ასევე სოციალურ ქსელში.



ინფორმაცია, სამი გათავისუფლებული თანამშრომლისთვის დაბრუნების შეთავაზების შესახებ, 4 აგვისტოს გავრცელდა. აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა მენეჯმენტის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიულ პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას გაურბის.

„მენეჯმენტმა სრულიად უგულებელყო 230 ადამიანის მხარდამჭერი პოზიცია და 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენის მოტივად მათი სამსახურეობრივი დამსახურებები დაასახელა. ბუნებრივია, მათი დამსახურებები და ორგანიზაციისთვის გაღებული შრომა ყველასთვის ხილულია; თუმცა, გვრჩება განცდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას. უფრო მეტიც, ის ცდილობს - მაუწყებელში არსებული მტრული, არაჯანსაღი და ძალადობრივი შრომითი გარემო შენიღბოს ამგვარი „დათმობებით“, - წერია განცხადებაში, რომელიც პროფკავშირებმა გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეთავაზებები მიიღეს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ალტერნატიული პროფკავშირი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ძალადობრივი და დევნა-ძალაუფლებაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაზე სრულ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებს. მათი განცხადებით, სამსახურში გათავისუფლებული პირების დაბრუნება არის აქ დასაქმებული ადამიანების ერთობლივი გამარჯვება უთანასწორობისა და იმ მავნებლური პოლიტიკის წინაშე, რასაც მოქმედი მენეჯმენტი ატარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე მაუწყებელში სახეცვლილი უფლება-მოვალეობებით დაბრუნდნენ და მათ სრულად ჩამოშორდათ სარედაქციო პოლიტიკაში მონაწილეობა-ჩართვის კომპონენტები, ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად გრძელდება უფრო მეტი წინააღმდეგობისა და ცვლილებების მუხტით.

მსგავსი პრეცედენტი ნათლად აჩვენებს იმას, რომ დასაქმებული ადამიანების სოლიდარობა ერთ-ერთი გავლენიანი ბერკეტია უსამართლო გადაწყვეტილებების პირისპირ. ვრჩებით სხვა გათავისუფლებული და უფლებაშელახული პირების სოლიდალურნი და ვაგრძელებთ ღირსეულ ბრძოლას მათი უფლებების აღსადგენად“, - წერს ალტერნატიული პროფკავშირი.

***

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს.
აჭარის TV-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გათავისუფლებული 3 თანამშრომელი არხზე დააბრუნოს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სამსახურში დააბრუნოს სამი გათავისუფლებული თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე, რომელთა გათავისუფლებასაც საპროტესტო აქცია და ასევე, მათი დაბრუნების მოთხოვნით, 230 თანამშრომლის მოთხოვნა მოჰყვა. კონკრეტულად რა პოზიციაზე აბრუნებენ  ყოფილ თანამშრომლებს, იმ განცხადებიდან რაც გამოქვეყნდა, ძნელად ირკვევა, ამ დრომდე ასევე უცნობია დასთანხმდებიან თუ არა მენეჯმენტის შეთავაზებას გათავისუფლებული თანამშრომლები. ეს იმ ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული, რომელიც მათ ხვალ უნდა მიიღონ, ამ დრომდე არცერთ მათგანს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. 

ინფორმაცია მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, დღეს, 4 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. მაუწყებელმა ადმინისტრაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

რა პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ გათვისუფლებულ თანამშრომლებს, ტექსტში ბუნდოვანია: 
 
"მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ "ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან".


"მედიაჩეკერი" შეეცადა მაუწყებლის საკადრო სამსახურში გადაემოწმებინა რას გულისხმობს განცხადება, რა პოზიციებზე ბრუნდებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, თუმცა, ემზარ პაქსაძის, აჭარის ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელის მობილური ტელეფონი გამორთულია. დეტალების დაზასუტებლად კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც (იმ მოტივით, რომ ეს თანამშრომლები მას არ ექვემდებარებიან) და იურიდიული სამსახურის უფროსმაც მასთან გადაგვამისამართა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა გიორგი მურვანიძემ "მედიაჩეკერთან" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლია, არის მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და მისი პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. 

ასევე ხვალ გადაწყვეტს დასთანხმდება თუ არა შეთავაზებას, ბაჩო გურაბანიძე. 

"ჯერჯერობით საბოლოო ვერსია ხელშეკრულების, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, არ მინახავს, ამ წუთში ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. იყო ზეპირი საუბარი, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცებზე ვერა. ხვალ, როცა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას ვნახავ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ხვალ დილით იქნება ხელშეკრულება მზად, კარგად გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ "მედიაჩეკერთან".  

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში,  230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს. 

წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა
წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, დღეს დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა და “დღის ამბების” გამოშვება წაიყვანა. ტრაპაიძის მაუწყებელში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 ივლისს გავრცელდა.

დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი” 15 ივნისს დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. მაუწყებლიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერდა დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძის განცხადებას წინ უსწრებდა ტელეწამყვანების - ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდის “ტვ პირველიდან” წამოსვლა. ტელეკომპანიაში ეს ცვლილებები დროში დაემთხვა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლას.