მაია ასათიანმა “რუსთავი 2” დატოვა, არხზე ამბობენ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა
25.03.2021
კატეგორია - საქართველო
გადაცემა “პროფილის” წამყვანი მაია ასათიანი და მისი გუნდი “რუსთავი 2-ს” ტოვებს. არხზე აღარც გადაცემა “შორენას ეფექტი” გავა, რომელზეც იგივე ჯგუფი მუშაობდა. ასათიანი ამბობს, რომ ის ამ არხზე “ვეღარ ხედავს სინათლეს და ამიტომ იძულებულია წავიდეს”. მაუწყებლის დირექტორი კი აცხადებს, რომ “შორენას ეფექტისგან” განსხვავებით, “პროფილის” დახურვა მენეჯმენტის გადაწყვეტილება არ ყოფილა და ასათიანის მუშაობაში არც არავინ ერეოდა.

“რუსთავი 2-ის” დატოვების შესახებ ინფორმაცია თავად მაია ასათიანმა დღეს, 25 მარტს გაავრცელა. თავდაპირველად, გადაცემის ფეისბუქის გვერდზე დაანონსდა, რომ “პროფილი” დღეს ბოლოჯერ გავიდოდა ეთერში, მოგვიანებით კი გადაცემის პრომო გამოქვეყნდა, რომელშიც მაია ასათიანი ამბობს: “დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ”.

გადაცემის წამყვანმა წასვლის მიზეზი ვრცლად განმარტა ემოციურ მონოლოგში, რომლითაც 25 მარტის, ბოლო “პროფილი” გაიხსნა. ასათიანმა არხზე მისვლის პერიოდი გაიხსენა, თქვა, რომ ის 20 წელი მუშაობდა ამ არხზე და როდესაც “რუსთავი 2-ზე” ცვლილებები დაიწყო, მან არხზე დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. ასევე, მაყურებელს უთხრა, რომ ერთი კვირის წინ, როდესაც ამ გადაცემას წერდა, მან ჯერ არ იცოდა, რომ ერთ კვირაში არხს დატოვებდა:

“როდესაც ეს ტელევიზია ინგრეოდა, მე ჩემ თავს და “რუსთავიორელებს” პირობა მივეცი, რომ ვიქნებოდი ბოლო, ვინც ამ ფასეულობისთვის იბრძოლებდა, რასაც “რუსთავი 2” ჰქვია და თუ ეს ბრძოლა შეუძლებელი გახდებოდა, მხოლოდ მაშინ, ბოლო გავიდოდი ამ შენობიდან. რუსთავი 2 კედლები არ არის, ეს არის ფასეულობები და ამ ფასეულობების გარშემო გაერთიანებული ადამიანები. პირობა შევასრულე, ბოლო გავდივარ ამ შენობიდან… დღეს ბოლო პროფილია. ეს გადაცემა ერთი კვირის წინ ჩაიწერა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის იქნებოდა უკანასკნელი. მივდივარ იმიტომ, რომ იძულებული ვარ წავიდე. მივდივარ იმიტომ, რომ საბრძოლველი აღარაფერია”



იქამდე, ვიდრე ეთერში ბოლო “პროფილი” გავიდოდა, “რუსთავი 2-მა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში მაუწყებლის დირექტორი პაატა სალია ხსნის, რომ გადაცემის დახურვა მენეჯმენტის ინიციატივით არ მომხდარა და გადაწყვეტილება თავად მაია ასათიანმა მიიღო მას შემდეგ, რაც “პროფილის” გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა “შორენას ეფექტი” შეჩერდა. მისივე თქმით, მიუხედავად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა (შეგახსენებთ, არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს) მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას:

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.
 
"პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - "შორენას ეფექტი".
 
მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას”, - აცხადებს პაატა სალია, რომელიც ფიქრობს, რომ მაია ასათიანის მონოლოგი ტელეკომპანიისა და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას შეიცავდა.

“მედიაჩეკერის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაია ასათიანი “TV პირველზე” გადადის სამუშაოდ. ამ ინფორმაციის გადამოწმებას და ასევე, ასათიანის არხიდან წამოსვლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას “მედიაჩეკერი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, მას შემდეგ, რაც გადაცემის პრომო გავრცელდა.

მაია ასათიანის ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გამორთული იყო, მისი გადაცემის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, დეტალები არ გაამხილა და გვითხრა, რომ გადაცემას დავლოდებოდით. მთელი დღის განმავლობაში “მედიაჩეკერის” არც ზარებს და არც შეტყობინებას არ უპასუხა “რუსთავი 2-ის” დირექტორმა პაატა სალიამ, “მედიაჩეკერის” ზარებს არ უპასუხა არც “რუსთავი 2-ის” მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურძანიამ, რომელთანაც, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაია ასათიანს ჰქონდა გარკვეული პრობლემები.

ამ დრომდე “მედიაჩეკერმა” ვერც “TV პირველზე” გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეძლო, ვინაიდან, მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ამ არხზე უპასუხეს.

ბოლო “პროფილის” დასასრულს, ასათიანმა თქვა, რომ “რუსთავი 2-ზე” “პროფილი” დასრულდა, მაგრამ, ეს დასასრული არ არის:

“მე და ჩემი გუნდი პირველები ვართ და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, გზას, სადაც პირველი ხარ. პირველად ვეღარ გეტყვით ხუთშაბათამდე, მაგრამ ეს დასასრული არ არის. Ჩემი ცხოვრების 20-წლიანი ისტორია “რუსთავი 2-ზე” დასრულდა, ახლა მივდივარ ახალი ტელეისტორიის დასაწერად, იმისთვის, რომ ვიყო პირველი”, - ასე დაემშვიდობა ასათიანი მაყურებელს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ