როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია ბორჯომში?
13.09.2021
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
ნინო ვართაპეტიანი - ტელეკომპანია “ბორჯომი”




ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი ბორჯომისა და ბაკურიანის სამედიცინო ცენტრებში აქტიურად მიმდინარეობს. ბაკურიანში “სინოფარმით” და “სინოვაკით” იცრება მოსახლეობა და ეს პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალი იყო მიმართვიანობა.

“ჯეოჰოსპიტალის” ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაცია სამი ვაქცინით – “ფაიზერით”, “სინოფარმით” და “სინოვაკით”, არის შესაძლებელი. ბორჯომში “სინოფარმითა” და “სინოვაკით” ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო, ხოლო “ფაიზერით” – 30 ივლისიდან. ამ დრომდე აცრილია 6 ათასამდე მოქალაქე და აქედან დაახლეობით 30-40% დამსვენებელია. დღეში დაახლოებით იცრება 250-მდე ადამიანი.

როცა რეგისტრაციის კალენდარს პროგრამულად ვამოწმებდი, სამცხე-ჯავახეთს სხვა მუნიციპალიტეტებს თუ შევადარებთ, ბორჯომში უფრო ადრე ხდებოდა ელექტრონული რეგისტრაციის მეშვეობით დაჯავშნა და ბორჯომი პირველი ქალაქი იყო, სადაც იწურებოდა ელექტრონული ჯავშნები.

ეს, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ბორჯომი საკურორტო ქალაქია, ძალიან ბევრი დამსვენებელი ესტუმრა აქაურობას, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე საზღვარგარეთიდან. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ბორჯომში ინფიცირების მაჩვენებლები ნაკლებია. პირიქით, ყოველდღიური სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ვიტყვი, რომ რეგიონის საერთო რაოდენობის ნახევარი, ბორჯომშია ინფიცირებული.

ბორჯომის “ჯეოჰოსპიტალის” სამედიცინო ცენტრში დღეში ორასზე მეტი ტესტი კეთდება, კოვიდადებითობის მაჩვენებელი კი თითქმის 10%-ია. აქ ერთი სამწუხარო ფაქტი ისიც არის, რომ როცა ხალხი საკუთარ რიგს ელის, ნაკლებად ფიქრობენ დისტანციაზე და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რაც განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებზე გვმართებს რომ დავიცვათ.

ამ დროს, როდესაც რიგი იყო და ერთმანეთისგან დისტანცირებას ვერ ახერხებდნენ ადამიანები და ამაზე არც ფიქრობდნენ, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელებსა და წითელი ჯვრის მოხალისეებს უწევდათ, ხოლმე, რიგებისგან ადამიანების დისტანცირება და სიტუაციის კონტროლი. ალბათ, მსურველთა რიგების მატება დამსვენებელთა რაოდენობამაც განაპირობა.

ბორჯომში დაახლოებით 30-40% იყო არაადგილობრივი, რომელმაც ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა და ეს, ვვარაუდობ, იქიდან გამომდინარე იყო, რომ დიდ ქალაქებში გადატვირთული იყო სამედიცინო ცენტრში ადგილები, ჯავშნების რაოდენობა და, ალბათ, მთაში წამოსულმა დამსვენებლებმა, აქ, ბორჯომში, გადაწყვიტეს ვაქცინაცია გაეკეთებინათ.

რადგან ბაკურიანი საკურპორტო ზონაა და არანაკლებია აქაც დამსვენებელთა რაოდენობა, სწორედ აქედან გამომდინარე, ბაკურიანიც დაემატა, შეუერთდა იმ პროცესს, სადაც ხდება ვაქცინაცია მოქალაქეების.

მიხარია, რომ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში. მე და ჩემი ოჯახის წევრები ამ ეტაპზე ერთი დოზით ვართ აცრილები და თვის ბოლომდე სრულად ვაქცინირებულები ვიქნებით. მიხარია, როცა ჩემს გარშემო უფრო მეტი ადამიანი იკეთებს ვაქცინას და, იმედი მაქვს, მალე შევძლებთ დავამარცხოთ ჩვენი უხილავი მტერი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ