როდის ახსენდება მედიას ტრანს ადამიანები - ინტერვიუ ბექა გაბადაძესთან
02.07.2021
საქართველოში ლგბტქი+ საკითხებს მედია ძირითადად განსაკუთრებული მოვლენების დროს აშუქებს - მაგალითად 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, ან პრაიდის კვირეულის დროს. რატომ არის მნიშვნელოვანი, ჟურნალისტებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ლგბტქი+ თემის გაშუქებას სოციალური და საგანმანათლებლო კუთხით, რა უნდა გაითვალისწინონ ეთიკური გაშუქებისთვის? ამ თემაზე ქვიარ აქტივისტი, ბექა გაბადაძე გვესაუბრა.

ირმა კურტანიძე: ღირსების მარშის დღე ახლოვდება, როგორ შეაფასებდი პრაიდის ღონისძიებების გაშუქებას?

ბექა გაბადაძე: ვიტყოდი, რომ ქართული მედია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცოდავდა პრაიდის გაშუქების დროს. ადრე, ჟურნალისტები პრაიდის შესახებ საშინელებებს საუბრობდნენ. არასოდეს განუხილავთ მისი შინაარსი და სოციალური დატვირთვა.

ბავშვობიდან მახსოვს, პრაიდი ინგა გრიგოლიამ გააშუქა თავის გადაცემაში და ეს იყო რაღაც ეგზოტიკური კადრებით და არაეთიკური ტექსტით.

შემდეგ ეს დამოკიდებულებები ცოტა შეიცვალა და უკვე ცდილობენ ორი მხარის კონცეფციით შემოგვთავაზონ, განიხილონ ადამიანის უფლებების საკითხები, ეთერში დასვან აქტივისტი, მხარდამჭერი ან თვითონ ლგბტქი+ ადამიანი და ოპონენტებად დაუსვან განსაკუთრებით სიძულვილით გამორჩეული ჯგუფები. შეიძლება, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული წინასწარი განწყობები, მაგრამ ამ საზოგადოებრივი განწყობების გადმოსაცემად, ისინი არჩევენ განსაკუთრებულად არაეთიკურ მოსაუბრეებს, რომლებიც პატივს არ სცემენ სტუმრებს. ბევრჯერ ვნახეთ, როდესაც ადამიანები ტოვებდნენ ასეთ ეთერს.

მედია სცოდავს იმაშიც, რომ ჟურნალისტებს 17 მაისისა და პრაიდის გარდა სხვა დროს ეს ადამიანები არ ახსენდებათ. ლგბტქი+ საკითხების გაშუქება მხოლოდ ამ დროს ხდება აქტუალური. ესეც გარკვეულწილად არის იმ უთანასწორობის გამოძახილი, რომელიც მათ შორის მედიაზეც აისახება.

ის, რომ ლგბტქი+ ადამიანებს ჩვენნაირ ქვეყნებში უწევთ მედიის ყურადღება მიიპყრონ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვის ფასად, ჩემი აზრით, სისტემური და ჰომოფობიის პრობლემაა.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ კარგად ვერ გვაგებინებენ ლგბტქი+ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. პოზიტიური გაშუქებაც ნაკლებია, ამაში ვგულისხმობ, რომ პოზიტიური შედეგი გამოიღოს ამ თემების გაშუქებამ. მაგალითად, მიკვირს ხოლმე, რომ ისტორიული ნარატივი არავინ შექმნა, ქვიარობის ისტორიულ კონტექსტებზე არავინ ისაუბრა.

ირმა კურტანიძე: ხშირად ამბობ ხოლმე, რომ ტრანს ადამიანების გაშუქება განსაკუთრებით პრობლემურია. როგორ აშუქებს მედია ტრანს ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში?

ბექა გაბადაძე: ძალიან ხშირია ტრანს ადამიანების სექსუალიზება. ტელევიზიების შემთხვევაში კამერის მზერაც კი ასეთი შინაარსისაა. რა თქმა უნდა, ჩვენნაირ პატრიარქალურ საზოგადოებაში ეს პრობლემა შესაძლოა სისგენდერ (ადამაიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის გენდერულ როლს) ქალებზეც ჩანდეს, თუმცა ტრანს თემთან განსაკუთრებით ჩანს. ტრანს ადამიანებთან დაკავშირებული თემების უმრავლესობა მკვლელობას ან რამე მსგავს ამბავს ეხება. ისინი თითქმის არასდროს ჩანან პოზიტიურ კონტექსტში. მეორე მხრივ, მათ მედია ეგზოტიკურად წარმოაჩენს.

ირმა კურტანიძე: როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან კონკრეტულად ტრანს ადამიანებისა და ზოგადად, ლგბტქი+ საკითხების გაშუქება მედიაში?

ბექა გაბადაძე: მაგალითად, უფრო მეტი ეშლებათ ტრანს ადამიანების მიმართ ტერმინოლოგიის დონეზე: მაშინ, როცა ტრანს თემი ძალიან მრავალფეროვანია, მათზე მომზადებული მასალები ხშირად სექს სამუშაოსთან არის დაკავშირებული, მედია სცოდავს ამ თემების ერთმანეთთან დაკავშირებით.

ირმა კურტანიძე: რამდენად მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის სწორად შერჩევა და გამოყენება მედიაში? განსაკუთრებით ტრანს ადამიანების მიმართ?

ბექა გაბადაძე: მაგალითად, მედიაში ხშირად ტრანს ადამიანების ტრანზიციის პროცესს „გადაკეთებას“ ეძახიან, რასაც ძალიან ნეგატიური შინაარსი აქვს. ერთია რომ ჟურნალისტმა ამ პროცესთან დაკავშირებით არ იცის ტერმინები, მაგრამ მეორეა, რომ იმ ექსპერტს იწვევს ეთერში, რომელსაც ასევე არ აქვს ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო დიდ გაუგებრობებს იწვევს. შედეგად კი მთელი თემი არასწორ ფაქტებში ეხვევა.

ტრანს ადამიანს შეიძლება რეაქცია არ ჰქონდეს იმაზე, რომ მას „დარღვევას“ უწოდებენ, რადგან საქართველოში ეს წლების განმავლობაში ესმის. მაგრამ საბოლოოდ მსგავსი გაშუქებით შეიძლება დაიჯეროს კიდეც, რომ „დარღვევა აქვს“, არადა ეს სიმართლე არ არის.

ტრანსგენდერი ადამიანი, ტრანს გოგონა, ტრანს ბიჭი, ტრანს ქალი, ტრანს კაცი - სწორი ტერმინოლოგიაა, ასევე ტრანზიცია, ტრანზიციის პროცესი, ტრანზიციის სოციალური ასპექტები, ტრანზიციის მედიკამენტური ასპექტები, ჰორმონოთერაპია. ბევრი სიტყვაა, რომლის შინაარსი უნდა გესმოდეს, და თუ შინაარსი არ გესმის, გაშუქებისას, დიდი ალბათობით, შეცდომას დაუშვებ.

მედიაში ისმის ისეთი არასწორი ტერმინები, როგორებიცაა: გადაკეთება, დარღვევა, ავადმყოფობა, ტრანსები (მრავლობითში) და ა.შ

როცა ტრანს ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ჩვენს მედიაში ძირითადად ტრანსგენდერი ქალები ჩანან. მაგრამ არაბინარული ადამიანების შესახებ (რომლებსაც არ აქვთ ქალის ან კაცის იდენტობა), როგორებიც არიან ინტერსექსი, გენდერ ქვიარი ან გენდერ ფლუიდი ადამიანები - საერთოდ არავინ არ საუბრობს.

ასევე, მედია ვერ ასხვავებს გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას; გენდერულ გამოხატვასა და სექსუალურ ორიენტაციას; გენდერულ გამოხატვასა და გენდერულ იდენტობას.

გენდერული გამოხატვა არის ფემინური ხარ, მასკულინური თუ ანდროგინული. სექსუალური ორიენტაცია არის ის, თუ მე ვინ მიყვარს, ვის მიმართ მაქვს ემოციური განცდები და ლტოლვები ეს იქნება იმავე გენდერის მიმართ, საპირისპირო გენდერის მიმართ, ორივეს მიმართ თუ ა.შ

გენდერული იდენტობა კი არის ის, თუ სოციალურად როგორ მინდა წარვდგე საზოგადოების წინაშე. მინდა წარვდგე ქალად, კაცად თუ მინდა არ ვიყო არცერთი მათგანი. შესაბამისად, გენდერული იდენტობის აღრევა სექსუალურ ორიენტაციასთან დღემდე პრობლემაა.

ქართული მედია საერთოდ არ საუბრობს ბისექსუალობის შესახებაც. თუ საუბრობს არაეთიკური მედია ისე წარმოაჩენს, რომ ისინი არიან ჩამოუყალიბებელი ადამიანები, ეთიკური მედია კი იმის გამო, რომ არ ფლობს სწორ ინფორმაციას, ცდილობს ამ ნარატივზე მოიძიოს აქტივისტების მოსაზრება.

გეების შემთხვევაში მედიაში ძირითადად აქტივისტები ჩანან. ადამიანი თუ გეია ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი შტრიხია, მე ვარ შვილი, თანამშრომელი, გეი, ვთქვათ, ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანი და ა.შ. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი იდენტობაა და როცა გეი აქტივისტები ჩანან ეთერში, ისინი ჩანან მხოლოდ ერთი იდენტობით. ისინი არიან გეები, რომლებიც იბრძვიან უფლებებისთვის.

ირმა კურტანიძე: მედიის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების შემცირებაა თავისი გაშუქებით. როგორ ასრულებს ამ მისიას ქართული მედია?

ბექა გაბადაძე: ქართული მედია სტერეოტიპებს ადრე უფრო ამკვიდრებდა, მაგრამ ისე მაინც არ მუშაობს, როგორც მაგალითად, საერთაშორისო ეთიკური მედიები.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მედიაშიც ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს ის პერსპექტივები და შინაარსი, რომელიც აქტივისტებს აქვთ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მედია არ ტოვებს ფანჯარას სიღრმისეული მსჯელობებისთვის. ზედაპირული მსჯელობებია, რაც ძირითადად დაკავშირებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, თითქოსდა სხვა საკითხები ამ თემს არ აქვს.

არსებობს უსახლკარობის, უმუშევრობისა და სხვა პრობლემები, რომლებიც ამ ადამიანებსაც აქვთ. მაგალითად, როდესაც თემას ამზადებ სექს სამუშაოზე, შეიძლება ისე გააშუქო, რომ აჩვენო მაგალითად, რატომ არის ქალების დიდი ნაწილი სექს სამუშაოში, რომ ეს პატრიარქალურ კულტურასთან არის დაკავშირებული, რა განცდებია, რა ძალადობის გადატანა უწევთ და აჩვენო ეს, როგორც სოციალური პრობლემა და არა კონკრეტული ადამიანის პრობლემა.

როდესაც თემის ძალიან ბევრი წევრი დიდ ქალაქებში მოდის, რადგან აქ შედარებით ნაკლები ჰომოფობია და მეტი რესურსი ეგულება, ხშირად საცხოვრებელი ბინაც არ აქვთ, უსახლკაროდ რჩებიან. და როდესაც ზოგადად უსახლკარობაზე აკეთებ სიუჟეტს, შეიძლება აღწერო უბრალოდ ამ ჯგუფის სპეციფიკაც. ახსენო, რომ სახელმწიფოს არ აქვს სოციალური საცხოვრისების პოლიტიკა, რომ ბინის ქირის პროგრამები, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის არსებობს არ არის ხელმისაწვდომი ტრანს ადამიანებისთვის. შეუძლებელია ასეთმა გაშუქებამ ემპათია არ გაზარდოს იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელიც უსახლკაროდ დარჩა, ზუსტად იცის, რა არის უსახლკარობა, ემპათია და სოლიდარობის განცდა უჩნდება.

ირმა კურტანიძე: როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ღირსების მარში, ისე, რომ ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების გაღვივებას?

ბექა გაბადაძე: მხოლოდ მარშის გაშუქებას რომ იწყებენ ეს უკვე სტერეოტიპული კონტექსტია, მაგრამ მედია უფრო „არ ავნოს“ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. მარშის მონაწილეების უსაფრთხოების გამოწვევები ისედაც დიდია და ჟურნალისტურმა მასალებმა ეს გამოწვევები არ უნდა გაზარდოს. ამ გამოწვევებს კი ზრდის ორ მხარეზე კონცენტრირება, საათნახევრიანი ეთერების დათმობა ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფებისთვის და ა.შ.

ვფიქრობ, რომ შეიძლება ჟურნალისტები თვითონ იმ ადამიანებს დაეკითხონ, რომლებსაც აშუქებენ, ან ეთიკის ქარტიას შეუძლია მაგ პერიოდში ჯგუფი შექმნას და ჟურნალისტები მუდმივ კავშირზე იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალებთან.

ირმა კურტანიძე: როგორ უნდა აირიდონ ჟურნალისტებმა თავიანთი მასალებით ტრანსგენდერების სექუალიზება ან პოზიტიური დისკრიმინაცია?

ბექა გაბადაძე: როდესაც სტატიებსა და სიუჟეტებში სოციალურ, ადამიანურ მსჯელობებს სთავაზობ ადამიანები ამ მასალებს ძალიან ადეკვატურად ხვდებიან. ხოლო, როდესაც ვულგარული კონტექსტი, სექსუალიზება შემოგაქვს უფრო აღძრავს სიძულვილს. ზუსტად უნდა იცოდე რა არის შენი მიზანი.

თუ ჟურნალისტის მიზანია  ინფორმირება და ის ტრანს ადამიანების მიმართ ემპათიურია, აუცილებლად კარგად გააშუქებს ამ საკითხებს. მაგრამ თუკი შენ მაინც სულმა წაგძლია და სკანდალზე გაამახვილე ყურადღება, საქმეს გააფუჭებ. ან შეიძლება რესპონდენტსაც შეეშალოს და გასათვალისწინებელია, რომ არ არის აუცილებელი რესპონდენტის, მათ შორის ტრანსგენდერი ქალის ყველა მოსაზრება მოხვდეს ეთერში.

ირმა კურტანიძე: როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ასეთი გაშუქება საზოგადოებაზე?

ბექა გაბადაძე: შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო. მაგალითად, გადაცემა „ყვითელ ყუთში“ ვნახეთ, სადაც წამყვანი ამბობდა, რომ თითქოს ტრანსგენდერობა დარღვევაა. რა გავლენას მოახდენდა ეს, ვთქვათ, იმ დედაზე, რომელსაც შვილი ეუბნება, რომ ტრანსგენდერი ბიჭია. ხალხის დამოკიდებულება ამ დედის მიმართ კი იქნებოდა, „აი შენ რაღაც შეგეშალა, შვილს მუცლად ყოფნის დროს დროულად ვერ მოუარე და ა.შ“ ამიტომ მედიამ უნდა შეცვალოს ეს დამოკიდებულება.

ირმა კურტანიძე: როგორ შეუძლია შეცვალოს განწყობები მედიას ტრანს ადამიანების საკითხების სწორი გაშუქებით?

ბექა გაბადაძე: სიღრმისეული მსჯელობებით, ეთიკური გაშუქებით და საკითხის ცოდნით. სექსუალობა და გენდერი ისეთი თემატიკაა, რომლებიც სკოლებში არ გვისწავლია, სექსუალური განათლება არის ჩვეულებრივი კონტექსტი, რომელიც უნდა ისწავლო და ეს თუ არ ისწავლე შენ, როგორც ჟურნალისტმა, ვერასოდეს გააშუქებ ეთიკურად, რადგან ამ ცოდნის გარეშე ჰეტერსოსექსუალი ჟურნალისტი თავის პრივილეგირებულობას ვერ გაიაზრებს.

თუ შენი სურვილია, ადამიანს დაეხმარო, მათ შორის, საკუთარი სექსუალობის გააზრებაში, შეგიძლია განათლების კომპონენტიც შეითავსო, რაც სკოლაში არ გვაქვს. შეიძლება არასწორია, რომ მედიას ამ ფუნქციას ვანიჭებთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ