მიმოხილვა
კატეგორია: ეთიკა
რას სთავაზობს ტელემედია ბავშვებსა და მოზარდებს, რა ტიპის საბავშვო გადაცემები გვხვდება საეთერო ბადეებში, რამდენად შეესაბამება ეს გადაცემები მედია სტანდარტებს - მედიაჩეკერი გთავაზობთ საბავშვო გადაცემების მიმოხილვას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ბავშვთა საკითხების მედიაგაშუქების შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით.
კატეგორია: ეთიკა
ქართული გაზეთების ბოლო გვერდზე განთავსებული გასართობი რუბრიკები მკითხველს კროსვორდებს, ანეკდოტებსა თუ სხვადასხვა თავშესაქცევ ამბავს სთავაზობს. სექსისტური მასალები - მედიაჩეკერის დაკვირვებით, სწორედ ესაა გაზეთების გასართობი გვერდების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

ამ ტიპის რუბრიკებიდან ვიღებთ ინფორმაციას, როგორ მოვამზადოთ სხვადასხვა კერძი, როგორ დავიკლოთ წონაში, როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ან გავრეცხოთ მიმწვარი ჭურჭელი - ამგვარ მასელებს, როგორც წესი ქალების ფოტოები ერთვის. როგორც ჩანს, გამოცემებს გასართობი გვერდების სამიზნე აუდიტორიად სწორედ ქალები წარმოუდგენიათ.

„ძვირფასო ქალებო, ამ თემებზე მამაკაცებს არ ესაუბროთ!..“ გვაფრთხილებს გაზეთი „ქრონიკა“ და ამატებს: „ბევრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ქალი უყვარს, ხშირად ძალიან ბურღავს ტვინს თავისი ლაპარაკით“. ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის სათაურია: „იდეალური ცოლი, რომელიც გემრიელ კერძებს აკეთებს და მაგრად ჩხუბობს“. ამ ტექსტებში, შეიძლება გადაეყარო ისეთ ფრაზებს ან ტერმინებს, რომლებიც ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას და სტიგმის გაძლიერებას. აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, მამაკაცების „ძლიერ სქესად“, ქალების კი, „სუსტ სქესად“ მოხსენიება. ამ რუბრიკაში ხშირად იბეჭდება სენსაციური ტიპის მასალები სექსზე, ამბები წყვილების ინტიმური ცხოვრებიდან და ა.შ. ასეთი სტატიები ვიზუალურად ხშირადაა გაფორმებული ნახევრად შიშველი ქალის ფოტოებით, რაც ხელს იწყობს ქალის სექსუალური მოხმარების ობიექტად წარმოჩენას.

გაზეთების გასართობი გვერდები მკითხველს უცნაურ რჩევებსაც აძლევს, მაგალითად, მასალა სათაურით: „კბილის ძაფი...უნაყოფობის წინააღმდეგ“ გვაიმედებს რომ: „კბილის ძაფის რეგულარულ გამოყენებას დაფეხმძიმების ალბათობის გაზრდა შეუძლია“. დასტრესილებს კი „მჟავე კიტრით“ ანუგეშებს: „სტრესი მიიღეთ? მიირთვით... მჟავე კიტრი“.

გასართობ გვერდებში ხშირად გვხდება ამბები უცხოეთიდან. მაგალითად, „ქრონიკაში“ ვკითხულობთ: „ლესბოსელების ტკბილეულების გარეშე დატოვების გამო, კონდიტერებმა 137 ათასი დოლარი ჯარიმა გადაიხადეს“. როგორც ტექსტიდან ირკვევა, საკონდიტრო მაღაზიამ უარი უთხრა ჰომოსექსუალ წყვილს ტორტის დამზადებაზე, რომლის გამოც ჯარიმა დაეკისრათ. ამბის ბოლოს კი ჟურნალისტი ამატებს რომ „თუ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ჯარიმების გადახდის ფინანსური შესაძლებლობაც გაქვს, შეგიძლია გააგრძელო კანონის დარღვევა“.

გასართობ გვერდებს ყველაზე დიდ ადგილს უთმობს გაზეთი „ალია“. აქ ნახავთ ჰოროსკოპს, კროსვორდებს, ანეკდოტებს. ასევე გვერდების საკმაოდ დიდი რაოდენობა ეთმობა სხვადასხვა შინაარსის პატარა ტექსტებს, თუ ერთ გვერდზე კითხულობთ „როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე? 10 ფსიქოლოგიური ხერხი, რომელიც სასურველია იცოდე“, იქვე შეიძლება შემოთავაზებული იყოს ამბავი „ჰაერში სექსი ისეთი სარფიანი ყოფილა, ისეთი...“

„ხორცის მოყვარული მამაკაცები უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე ვეგეტარიანელები“, ამ ტიპის ახალი „სამეცნირო აღმოჩენების“ შესახებ „ალია“ და „ქრონიკა“ მკითხველს მუდმივად აწვდის ინფორმაციას. ტექსტებში სამეცნიერო აღმოჩენები, როგორც წესი „ბრიტანელ და ამერიკელ მეცნიერებს“ მიეწერება, ბუნებრივია მეცნიერების სახელიები, გვარები და თავად კვლევა დაკონკრეტებული არ არის. ამ ტიპის ინფორმაციის წყაროდ რუსული გასართობი გვერდები ხშირადაა მითითებული.

„ალიას“, „ქრონიკისა“ და „ასავალ-დასავალის“ გასართობი რუბრიკები ხშირად არის ევროპის შესახებ მცდარი სტერეოტიპებისა და მითების წყაროც. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ნიდერლანდებში მართვის მოწმობის აღება სექსუალური მომსახურების ხარჯზეა შესაძლებელი.

გაზეთ „რეზონანსის“ გასართობ რუბრიკაში, ზემოხსენებული გამოცემებისგან განსხვავებით, ნაკლებად შეხვდებით „უცნაურ რჩევებსა“ თუ გაუგებარ სამეცნიერო აღმოჩენებს, სექსიზმის შემცველი მასალებიც, პრაქტიკულად არ გვხდება. ნასას აღმოჩნები, ამბებო ჰოლივუდიდან, სიახლეები პოპმუსიკის სამყაროდან - „რეზონანსი“ გასართობ გვერდზე მკითხველს ამ ტიპის ინფორმაციას აწვდის.

„ასავალ-დასავალი“ თითქმის ყველა ნომერში, ტრადიციულად წარმოგვიდგენს რუბრიკას „საუბრები ასტროლოგთან“, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას გეომაგნიტურ დღეებზე, ფერებსა და წყვილთა შეთავსების ურთიერთკავშირზე. სხვა გაზეთების მსგავსად აქაც იხილავთ კროსვორდებს. ასევე შეიძლება გაეცნოთ მასალებს მედიცინაზე, ან საკვებზე.

გასართობი გვერდები ხშირად სთავაზობენ ქალებს (!) სხვადასხვა ტიპის მონოდიეტებსა თუ წონაში დაკლების ხერხებს. ასეთი მასალები სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს აწესებს და ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღრმავებას, გარდა ამისა, როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციას არასოდეს ერთვის ცნობები ამგვარი მონოდიეტების უკუჩვენებების შესახებ. ამ საკითხს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ მედიაჩეკერის სტატიაში: "ცნობილი ადამიანების დიეტები, ერთ თვეში დაკლებული 20 კილო და სიგამხდრის პროპაგანდა მედიაში".

კატეგორია: ბლოგი
„პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“ - უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წინადადება თითქოსდა მარტივად აღსაქმელია და არ მოიცავს რთულ, ჩახლართულ, იურიდიულ ტერმინებს, ადამიანის უფლება, მიიჩნეოდეს უდანაშაულოდ, მანამ სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას, ვერა და ვერ გაითავისა ჩვენი მედიის ნაწილმა. ეს პრობლემა, როგორც წესი, მაშინვე იჩენს ხოლმე თავს, როგორც კი, მედიის დღის წესრიგში რაიმე გახმაურებული კრიმინალური ამბავი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა ხვდება.

ტრადიციულად გაშუქდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომლის შედეგადაც მამაკაცი და 5 წლის ბავშვი დაიღუპა. „მკვლელი“.... სწორედ ასე მოიხსენია რამდენიმე გამოცემამ ბრალდებული და არც მისი სახელისა და გვარისა თუ პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას მორიდებია.

„ვინ არის ქალი, რომელმაც ქმარ-შვილი მოკლა“ - შეკითხვაც ტრადიციული იყო, ონლაინ მედიაში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის სათაურები გვხვდებოდა. თავად ტექსტებში კი გავეცანით მკვლელობების ქრონოლოგიას, ვკითხულობდით დეტალებს ბრალდებულის შესახებ, შევიტყვეთ მისი სახელი და გვარი, ასაკი, სამუშაო ადგილი, ისიც, რომ „მეზობლების თქმით, ნორმალური ოჯახი ჰქონდათ“. დავათვალიერეთ ოჯახის წევრების ფოტოებიც, რომლებიც მედიასაშუალებებმა სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან აიღეს. მედია მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ ქალმა ჯერ ქმარს ჩაარტყა ჩაქუჩი თავში, შემდეგ კი შვილი მოგუდა. წერდა ისე, რომ არავის გახსენებია პირის უფლება, იყოს უდანაშაულო მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება. ეს მედიასაშუალებები თითქოს თავს იმართლებდნენ და წერდნენ, დანაშაული თავად ბრალდებულმაც აღიარაო. სამწუხაროდ, მათ არ გახსენებიათ, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც კი, როცა მან აღიარებითი ჩვენება მისცა, რადგან აღიარება არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა. სს საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლში ვკითხულობთ: „ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით“. შესაბამისად, ბრალის აღიარება, მედიასაშუალებას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მაშინ როცა პირს მკვლელად ან დამნაშავედ მოიხსენიებს.

ტელემედია შედარებით უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და ბრალდებულის სახელი და გვარი არ უხსენებია. „დავაკავეთ ქალბატონი, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა“ - თუმცა შსს წარმომადგენლის ეს კომენტარი უცვლელად შემოგვთავაზეს „მაესტრომ“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

მეზობლები ამ ტიპის სიუჟეტებში მთავარი მოქმედი გმირები არიან ხოლმე. როგორც ონლაინ, ისე სატელევიზიო მედიაში მეზობლებისგან მოვისმინეთ დეტალური აღწერა, რომელი გვამი სად იპოვეს, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ვიზუალურად და ა.შ, გავიგეთ, რომ „დედაც კარგი იყო, მამაც და შვილიც“ , „რომ ჩვეულებრივად ცოლ-ქმარი იყვნენ“, ისიც, რომ „ერთმანეთი უყვარდათ“.

ტელემედიას არც მკვლელობის მოტივების ძიება დავიწყებია. რატომღაც, როცა ამ ტიპის მკვლელობა ხდება, მედია ყოველთვის სვამს კითხვას - ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები? ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, „კურიერში“ ჟურნალისტი არ მოერიდა იმ ვარაუდების გაჟღერებას, რომელიც ბრალდებულის პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება: „არსებობს ბევრი ვერსია, დაწყებული იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგში არ იყო, გაგრძელებული იმით, რომ მას თითქოს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი“ - გვამცნო ჟურნალისტმა შესავალ ტექსტში. წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებს სიუჟეტში აღარ ჩაღრმავებიან, თუმცა მიმოიხილეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორჯერ აღინიშნა, რომ მას დიაბეტი ჰქონდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები, ოჯახის ახლობელი ასე პასუხობს: „რა ვიცი ,შეიძლება.... ინსულინზე იყო ეს გოგო და არ ვიცი“.... გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ სინქრონის გამოყენება სიუჟეტში, გარდა იმისა, რომ საუბარია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც პერსონალურ ინფორმაციას მიეკუთვნება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიაბეტი ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, ფსიქიკური პრობლემები კი დანაშაულის, მკვლელობის პირდაპირი მოტივია, რაც ცალსახად არასწორი შეხედულებაა და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ.

ცალკე საუბრის თემაა ამგვარი ტრაგედიების სენსაციურ ჭრილში გაშუქებაც. მაგალითად, არაერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ გვიჩვენა სოციალური ქსელებიდან აღებული მოკლე ვიდეო, სადაც 5 წლის პატარა დედას ლექსს უძღვნის, კადრში კი გვესმის დედის ხმა: „როგორ უყვარხარ დედას...“ „კურიერის“ სიუჟეტში კი ვნახეთ ბრალდებულის დის სასოწარკვეთილი კივილი, ეს კადრები იმდენად ემოციურია, რომ მისი ბოლომდე ნახვა მაყურებლისგან დიდ გამძლეობას მოითხოვს.. იგივე კადრები უფრო დიდი ქრონომეტრაჟით გვაჩვენა პალიტრა TV-მაც. აქ საკითხი ასე დგას: რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ამგვარი კადრების ჩვენებას, თუ არ აჩვენე როგორ კივის ჭირისუფალი, ისე ვერ დაიჯერებს მაყურებელი რომ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია? ან გაუგებარია, რისი თქმა სურს მედიას, როცა გვიჩვენებს ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვის ვიდეოს...

დღეს საქმის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. სიმართლე გითხრათ, მეშინია თითოეული სიახლის, რომელიც ამ საქმეზე მედიაში ქვეყნდება. ეს თემა მედიის დღის წესრიგში კიდევ დიდხანს იქნება, ვიცი რომ ჟურნალისტები ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და მეშინია, რომ კიდევ ბევრ ჭორს და ტყუილს, “ექსკლუზიურ” და “სენსაციურ” ინფორმაციას ამოვქექავთ ოჯახის პირადი ტრაგედიის შესახებ.

აქვე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლები:

მუხლი 35. 1.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

მუხლი 35. 20.მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.

მუხლი 36. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის 1.მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

მუხლი 49. 2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 49.3.დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მუხლი 50. 1.დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

მუხლი 50. 4.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
კატეგორია: ეთიკა
ერთმანეთში არეული ილუსტრაციები, მყვირალა სათაურები და დამაინტრიგებელი ფრაზები, სხვადასხვა ფერის ფონები და შრიფტი - ამ ინდიკატორებით პირველი გვერდიდანვე ვხვდებით, რომ ეს „პრაიმ-ტაიმია“!

რა გასაკვირია, რომ სკანდალები, სენსაციები და „ექსკლუზივები“ ამ გაზეთის სტიქიაა. ზოგჯერ შეიძლება, პუბლიკაციის შინაარსი არც სკანდალური იყოს, არც სენსაციური და არც ექსკლუზიური, მაგრამ პირველ გვერდზე გამოტანილ ანონსში და შესაბამის გვერდზეც სათაურთან მაინც არტყია ლათინური წითელი შრიფტით აწყობილი შტამპი: SCANDAL, ან კიდევ EXCLUSIVE.

ეს თემა სტატისტიკურადაც რომ განვიხილოთ, მაგალითისთვის, 19 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილი ანონსებიც გამოდგება - ათი ანონსიდან ორს დიდი წითელი, ლათინური ასოებით აწერია - SCANDAL, ოთხს ასეთივე სტილში - EXCLUSIVE, სამს კი იგივე შინაარსის, ოღონდ ქართულენოვანი წარწერა აქვს - „ექსკლუზიური“, „ექსკლუზივი“. საინტერესოა, რომ მოწინავე სტატიას, რომელსაც რიტორიკული სათაური აქვს - „საიდან ჩაუვარდა კოლომოისკის ხელში სკანდალური კომპრომატები“ ზემოთ კიდევ უფრო დიდად, წითელი ასოებით აწერია - „ექსკლუზივი“, ქვემოთ კი ბეჭედივით წითლად არტყია: EXCLUSIVE, SCANDAL.

გაზეთს კითხვის ნიშნით დაბოლოებული სათაურები ახასიათებს. „ვინ მიითვისა ავღანეთში დაჭრილი სამხედროების კუთვნილი მილიონნახევარი?“ „რა საიდუმლო მასალებს უგზავნის ბესელია ბადაშვილს?“ „რას ითხოვს ირანი საქართველოსგან“ (აქ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში „პრაიმ-ტაიმი“ კითხვის ნიშანს არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ წინადადება კითხვითია), „რის გამო იხდიდა სასჯელს სოფო ბედიას ქმარი“ - ამ დამაინტრიგებელი სათაურების ქვეშ შეიძლება მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები დაგხვდეთ, შეიძლება, პასუხიც იპოვოთ - ეს 50/50-ზეა. მთავარია, სათაურიდანვე დაინტრიგდეთ და ერთგვერდიანი EXCLUSIVE და SCANDAL სულმოუთქმელად წაიკითხოთ.

„პრაიმ-ტაიმის“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მის სიყვითლეში ნაკლებად ურევია აგრესია, ქსენოფობია, ჰომოფობია და სხვა ყველანაირი ფობია თუ მანია, რითაც ბუნებას ასე დაუჯილდოვებია ზოგიერთი მისნაირი ყოველკვირეული. გაზეთის სუსტი წერტილი კრიმინალური ისტორიებია, რომელთა გაშუქებისას ჟურნალისტები ზოგჯერ იმ საზღვარს კვეთენ, საიდანაც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები აღარ ვრცელდება. ასევე, ყოფილა მსხვერპლი არასრულწლოვნების ან მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა იდენტიფიცირების შემთხვევები.

რაღა თქმა უნდა, „პრაიმ-ტაიმი“ წარმოუდგენელია პაპარაცების გარეშე. გამოცემის ორი გვერდი ხშირად ეთმობა რუბრიკას - Paparazzi, სადაც ქართული ბომონდის ცხოვრებისეული ყოფის ფოტოები ქვეყნდება. ზოგჯერ ამ ფოტოებზე იმდენად ჩვეულებრივი კადრებია, რომ ვერ გაიგებ, რატომ მოხვდა ეს კადრი პაპარაცის ობიექტივში. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფოტოზე გაიელვებს რომელიმე ქართველი მომღერლის შიშველი ბარძაყის ნაწილი ან ჭიპი, ან რაიმე ისეთი ყოფითი სიტუაცია, რაც ასე აღაფრთოვანებს მსგავსი კადრების მოყვარულ მკითხველს (აგერ, ერთ-ერთი მომღერალი ტუჩებს პრანჭავს და პომადას ისვამს).

იმავე გვერდზე, ტრადიციული რუბრიკით - Bazar გვხდება რადენიმე მოკლე ინფორმაცია „ცნობადი სახეების“ ცხოვრებიდან. „როგორ ერთობიან თავისუფალ დროს ქართველი ვარსკვლავები“, „მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილმა ცოლმა და ანრი ბიბინეიშვილმა ხელი მოაწერეს“, „რამაზ ნოზაძეს ცოლმა დაბადების დღე საწოლში მიულოცა“ - ასეთ ახალ ამბებს გვიზიარებს რუბრიკა Bazar. ასეთი „მსუბუქი“ ტიპის სიახლეთა ანონსები გაზეთის ბოლო გვერდზეც არის გამოტანილი.

ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიების გამიჯვნა დაფინანსებული სტატიებისგან აქაც ისევე პრობლემატურია, როგორც სხვა ქართულ გაზეთებში. თუმცა, თუკი სხვა გაზეთები შეთანხმდნენ, რომ დაფინანსებული სტატიის ბოლოს ლათინური ასო „R“ უნდა მიაწერონ (სავარაუდოდ ეს „R“ რეკლამას უნდა ნიშნავდეს), „პრაიმ-ტაიმი“ მათ ემიჯნება და ირჩევს ასო „A“-ს. რატომ A? სავარაუდოდ ინგლისური სიტყვას advertisement (რეკლამა) - უნდა ნიშნავდეს. ზოგიერთ სტატიას არც ეს A აწერია და არც რაიმე სხვა მინაწერი გვამცნობს, რომ დაფინანსებულია, მაგრამ ქართული ბეჭდური მედიის ხრიკების კარგად მცოდნე მკვლევარი მაინც მიხვდება, რომ მის გამოქვეყნებაში ფულია გადახდილი. რიგით მოკვდავს ამის მიხვედრა ათგზის უფრო გაუჭირდება „პრაიმ-ტაიმის“ ჭრელი დიზაინის პირობებში, როცა გაზეთის გვერდებზე ისედაც ჩვეულებრივი ამბავია განსხვავებული ფერები, შრიფტები და ჩარჩოებში ჩასმული სტატიები.

თუკი გაზეთს ეთიკის ნორმები ავალდებულებს მკითხველის ზუსტ ინფორმირებას დაფინანსებული სტატიის თაობაზე, სახელმწიფო უწყებებს კანონი ავალებს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ამდენად, როდესაც გაზეთში ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების საქმიანობის რეკლამა გვხვდება და მასში, სავარაუდოდ, თანხაა გადახდილი, ამის თაობაზე, პირველ რიგში, თვითონ სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს მკითხველის ინფორმირება. აქ კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეიძლებოდა, თუ რომელმა სტატიამ აღგვიძრა ეჭვები, მაგრამ ამ პუბლიკაციებს არავითარი მინიშნება არა აქვს და ამდენად, ლოგიკური იქნება, ეს აბზაცი „პრაიმ-ტაიმის“ სტილში, კითხვითი წინადადებით დავასათაუროთ - სახელმწიფო უწყებები „პრაიმ-ტაიმში“ ფარულად არის რეკლამირებული?

და მაინც, ინტერნეტის ეპოქაში ბეჭდურ მედიას თუკი მომავალი უწერია, „პრაიმ-ტაიმი“ დიდხანს იცოცხლებს. მისი დღეგრძელობა განპირობებული იქნება განსხვავებული მიდგომით, როცა ტაბლოიდი ბოლომდე ამართლებს თავის მოწოდებას და პარალელურად არ ავრცელებს რეაქციულ სიბნელეს, აგრესიას და განსხვავებულისადმი შიშებს.

ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი
კატეგორია: ეთიკა
„კვირის პალიტრას“ წელს 20 წელი შეუსრულდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამოცემული გაზეთისთვის საკმაოდ დიდი სტაჟია. მთავრობები იცვლებიან, „კვირის პალიტრა“ კი რჩება ეკლექტურ გაზეთად, პირველი გვერდის ბოლოს, ყვითელ-ცისფერ-წითელ ფერებში შესრულებული თავდაჯერებული მიმართვით - „თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!“

თუ გავითვალისწინებთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ამაზე მართალი სლოგანი რაღა უნდა იყოს?! თუმცა, ამ სიმართლეში არის რაღაც ტრაფარეტული, როგორც კარგად ნაცნობ ლოზუნგში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გზად და ხიდად რომ თვალში გვეჩხირება - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!“

ყველაფერი ერთ გაზეთში - ესაა „კვირის პალიტრის“ სტრატეგია. მის პოპულარობას და წარმატებას, როგორც ჩანს, განსაზღვრავს სწორედ ეს სტატეგია - მოიცვას მაქსიმალურად ყველა ასაკისა და სხვადასხვა მიზანსწრაფვების მქონე მკითხველი. ამ ეკლექტური გაზეთის გვერდებზე განფენილი მრავალფეროვანი და სხვადასხვა სეგმენტის მკითხველთათვის განკუთვნილი რუბრიკებიდან წლების განმავლობაში იშვა დღეისათვის პალიტრის მედიაჰოლდინგში შემავალი ცალკეული გამოცემები, რომელთა უმეტესობას აქვს არანაკლებ პოპულარული ინტერნეტ-პლატფორმები: „...და ქალი“ (ქალებისთვის),„კარიბჭე“ (მართლმადიდებელი მრევლისთვის“), „არსენალი“ (ჟურნალი სამხედრო თემაზე), „მკურნალი“ (სამედიცინო ჟურნალი), „გემრიელი“ (კულინარიის მოყვარულთათვის) „კარუსელი“ (საბავშვო ჟურნალი) და ა.შ.

„კვირის პალიტრა“ სწორედ 90-იან წლებში - 1995 წელს დაარსდა, როცა ინტერნეტი არ არსებობდა და ინფორმაციის მიღება მხოლოდ ტელევიზიით, რადიოთი და ჟურნალ-გაზეთებით იყო შესაძლებელი. ამ მიზეზის გამო უამრავი ჟურნალი და გაზეთი გამოდიოდა. „კვირის პალიტრამ“ განვითარების ჭკვიანური, მაგრამ,ცოტა არ იყოს, პარაზიტული გზა აირჩია - იგი სხვადასხვა პოზიციის, თემისა და ელფერის საკითხზე გამოცემული ჟურნალ-გაზეთებიდან საუკეთესო სტატიებს არჩევდა და ზოგს პირდაპირ აქვეყნებდა, ზოგს კი თავის ჭკუაზე ამოკლებდა. ამ გზით „კვირის პალიტრამ“ თავისი ისტორიის პირველ წლებში 90-იანი წლების ამორფულ და ჭრელ ქართულ მედიას ერთ პალიტრაზე (ალბათ უფრო - ლანგარზე) მოუყარა თავი და მკითხველს შესთავაზა „ყველა გაზეთი ერთ გაზეთში“.

გაზეთი ჟურნალისტების გარეშე! ეს კონცეფცია „კვირის პალიტრისთვის“ მომგებიანი აღმოჩნდა: ინფორმაციას მოწყურებული მკითხველი, რომელსაც მატერიალურად უჭირდა, სამი-ოთხი გაზეთის ნაცვლად ერთს ყიდულობდა და მასში ეცნობოდა სხვა გაზეთების რჩეულ სტატიებს.ნელ-ნელა „პალიტრის“ ტირაჟი შემაშფოთებელი გახდა სხვა გაზეთებისთვის, რომლებმაც თვალი გაახილეს და ახალგაჩენილ კონკურენტს თავიანთი სტატიების გამოქვეყნება აუკრძალეს. ჯერ პოპულარულმა და მაღალრეიტინგულმა გაზეთებმა იჩივლეს, მერე - ნაკლებად რეიტინგულებმა და ბოლოს „პალიტრის“ შიგთავსი ორიოდე გაჭირვებული გაზეთისა და იმ დროისათვის თბილისში პოპულარული (ძირითადად - რუსული) უცხოენოვანი გაზეთების დაიჯესტს წარმოადგენდა.სწორედ ამ დროიდან გამოჩნდნენ „კვირის პალიტრაში“ საკუთარი ჟურნალისტები და გაზეთმა დაიწყო საკუთარი პროდუქტის შექმნა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. „კვირის პალიტრა“ კვლავ დაწინაურდა და იმდენი მოახერხა, რომ ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველკვირეული გაზეთი გახდა. თუმცა,თავდაპირველი კონცეფცია გაზეთს ვიზუალურად დღესაც ეტყობა, განსაკუთრებით - პირველ გვერდზე ოთხკუთხა ჩარჩოებში ჩასმულ სათაურებსა და ანონსებს.

„კვირის პალიტრის“ ჭეშმარიტი მკითხველები გაზეთს მოფერებით „პალიტრას“ ეძახიან.„პალიტრა მომეცი“ - ამ ორი სიტყვით მიმართავენ საგაზეთო ჯიხურის გამყიდველს.კონკურენტებისა და ცინიკოსებისთვის კი „პალიტრას“ ტრადიციული ეპითეტიაქვს - „პოლიტრა“, რომელიც მეტწილად ნეიტრალური მასალებით გათრობს და აქტიური, მკვეთრი პოზიციებით არ გამოირჩევა. თუმცა, ეს კონკურენტების აზრია და შეიძლება ამაზე იდავო. გააჩნია, ამ აზრს, როგორც ქოთანს, როგორ მოაბამ ყურს და საიდან შეხედავ. აბა, „პალიტრის“ მოკრძალებული „ჟურნალისტური მოკვლევები“ სად შეედრება მისი კოლეგა (კოლეგა?!) ყოველკვირეული ლომვეშაპების - „ასავალ-დასავალისა“ და „კვირის ქრონიკის“ აგრესიულ ბრდღვინვას?!

„კვირის პალიტრის“ ტრადიციული რუბრიკებიდან ყველაზე გამძლე, ალბათ, მეორე-მესამე გვერდზე გამოქვეყნებული „კვირის თემაა“, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ექსპერტთან ინტერვიუს გასული კვირის მთავარ მოვლენებზე. ამას მოსდევს მნიშვნელოვანი, ექსკლუზიური თემები მეოთხე-მეხუთე გვერდებზე, რომელთა სათაური ხშირად ხვდება პირველი გვერდის ყველაზე დიდ ოთხკუთხედში.

„კვირის პალიტრაში“ შეგხვდებათ სხვადასხვა ჩანართი, ზოგი - ტრადიციული, ზოგი - ყოველთვიური, ზოგიც - სარეკლამო-დაფინანსებული. ტრადიციულებიდან ბოლო ხანს ყველაზე საინტერესოა „მამულ-დედული“, რომელსაც გამოცდილი რედაქტორი გელა გურგენიძე კურირებს. ეს ჩანართი ხშირად მოგვითხრობს წარმატებულ მეურნეებზე, რომლებმაც უმუშევრობას და უიმედობას თავი დააღწიეს და საქმე ისე ააწყვეს, პროდუქცია ექსპორტზეც გააქვთ. იგი, ალბათ, ყველაზე მეტად იზიდავს „პალიტრის“ მრავალრიცხოვან მკითხველს - უპრეტენზიო პენსიონერებს რეგიონებიდან, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ჩანართი გაზეთის შუაგულიდან ამოიღონ და ცალკეც აკინძონ. ოჯახური და მცირე მეურნეობების წარმატებების გაშუქება სწორედ მათი მოთხოვნა, უფრო სწორად - მოთხოვნილებაა. მკითხველთა კატეგორიების ფსიქოპორტრეტებს რომ არ ჩავურღმავდეთ, შედარებისთვის, მოკლედ ისიც ვთქვათ, რომ „ასავალ-დასავალის“ პრეტენზიულ მკითხველებს (პენსიონერები აქაც სჭარბობენ) ასეთი ჩანართი არ მოეწონებოდა.

„კვირის პალიტრის“ გვერდების თავზე ხშირად შენიშნავთ ზედმეტად მახვილგონივრულ და ხატოვან რუბრიკებს. მათ შორის, იყო ერთი ასეთი - „წისქვილმა კი ფქვასო“, რომელიც ანომალურ მოვლენებსა და ცრურწმენებს ეხებოდა. კარგა ხანია, აღარ მინახავს. შეიძლება, თავი ამოწურა. თუმცა, რუბრიკა „თქვენთვის ქალბატონებო“ ჯერ კიდევ ცოცხალია. აქ ნახავთ სენტიმენტალურ ისტორიებს შემდეგნაირი სათაურებით: „სხვის ქმართან მიმოწერაში მათენდებოდა“, „საყვარელი მეუბნება, ცოლს არ აწყენინოო“, „ქმარს გამოვუცხადე, ახალი ქმარი მყავს და შინიდან წადი-მეთქი“. ამ ისტორიებს ანონიმი ქალები (კაცები - იშვიათად) ჰყვებიან. ამიტომ, როგორც არ უნდა რეალური იყოს ეს ამბები, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ არა სინამდვილეს, არამედ შეთხზულ ნოველებს ვკითხულობთ.

ვინაიდან „კვირის პალიტრა“ მაღალტირაჟიანი გამოცემაა, მასში რეკლამაც საკმაო რაოდენობითაა და R ნიშნით დაბეჭდილი, ანუ დაფინანსებული, ე. წ. შეკვეთილი სტატიებიც. სულ მაინტერესებს, ეს ლეგენდარული R ნიშანი პირველად რომელმა ქართულმა გაზეთმა მოიგონა. კვალს რომ გავყვეთ, არ არის გამორიცხული, „კვირის პალიტრამდე“ მივიდეთ. გამოუცდელ მკითხველს, რომელსაც გაზეთის ბოლო გვერდზე განმარტებული „R“ ნიშნის არსი არ წაუკითხავს, სარეკლამო სტატიები ისე შემოეკითხება, ვერც მიხვდება, რომ რაღაცაში მოტყუვდა. კერძო კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებს არაფერს ვერჩი. მე უფრო იმ სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანიზაციების მიკვირს, რომლებიც ამ ნიშნის გამოყენებით ცდილობენ თავიანთი საქმიანობის გაშუქებას. მაგალითად, 5-11 ოქტომბრის „კვირის პალიტრაში“ ერთგვერდიანი სტატია გამოქვეყნდა „R ნიშნით“ და სათაურით: „საქართველოს ფოსტა“ - სწრაფი ნაბიჯები წარმატებებისკენ!“ მსგავსი სტატიები სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო ორგანიზაციები ამოუცნობ ნიშნებს არ უნდა ეფარებოდნენ და სტატიებს გასაგებად უნდა მიაწერონ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

„კვირის პალიტრა“ კონსერვატიული გაზეთია და ზომაზე მეტად რელიგიურიც. იგი რელიგიური უმრავლესობის - საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის ინტერესებს გამოხატავს. თუმცა, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა ამ გაზეთში ბევრად იშვიათია, ვიდრე ზემოხსენებულ ორ აგრესიულ ყოველკვირეულ გამოცემაში. სკაბრეზულ სიტყვებსა და შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც ტაბუ ადევს.

არავინ იცის, ჩვენი - მკითხველების ცხოვრება საით წარიმართება და წინ რა ბედი გველის. პენსიაზე კი უსათუოდ გავალთ და შეიძლება, სოფლად რაიმე საჩუჩუნო საქმეც გამოვნახოთ. აი, მაშინ კი, ალბათ, მეტი შანსი გვაქვს, ჩავწვდეთ იმ მკითხველთა გემოვნებას, რომლებმაც აირჩიეს „კვირის პალიტრა“.


ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი
კატეგორია: ეთიკა
2015 წლის 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქართულ ტელესივრცეში გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე გაშუქდა.

შედარებით პრობლემური იყო “იმედის” გადაცემა “იმედის კვირის” გაშუქება, განსხვავებით საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკასგან”, სადაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქდა.

“იმედის კვირამ” ჰომოფობიასა და ტრანსფობიათან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას დიდი დრო დაუთმო. გადაცემაში 17 მაისს გამართული ყველა აქცია მიმოიხილეს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მრგვალ ბაღში “შეხვედრა ჩატარდა საიდუმლო ვითარებაში”: აქციის მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს აკრედიტაცია და ორგანიზატორებმა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ უცხო ადამიანებისთვის ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ეთქვათ.

“იმედის კვირაში” რუსთაველის მეტროსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გამართული აქციებიც მიმოიხილეს, სადაც მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ამ აქციებს ჟურნალისტმა კონტრაქცია უწოდა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განსხვავებულად აღნიშნავენ სხვა ქვეყნებში. “მაგალითად, იტალიაში რამდენიმე წლის წინ დეპუტატებმა ერთგვარი ფლეშმობი მოაწყეს სასესიო დარბაზში, ერთმანეთს აკოცეს და ამ ფორმით დაგმეს სექსუალური უმცირესობის მიმართ განხორციელებული ძალადობა”.

ამ კადრების ამსახველი ვიდეოთი და ე.წ. ცისარტყელის - თანასწორობის დროშით “იმედის კვირის” ჟურნალისტი პარლამენტში მივიდა და ერთგვარი პროვოკაციულ ექსპერიმენტი ჩაატარა. მან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმოადგენელ დეპუტატებს ხელში თანასწორობის დროშის დაკავება და ჰომოფობიის დაგმობის შესახებ 20 წამიანი მიმართვის გაკეთება სთხოვა. დეპუტატების უმრავლესობამ, მათ შორის: გია ვოლსკიმ, (“არა ვარ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და არ მიმაჩნია, რომ ეს დროშა ხელში უნდა მეჭიროს”), ნუკრი ქანთარიამ, ლერი ხაბელოვმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, აკაკი ბობოხიძემ, გედევან ფოფხაძემ, ვახტანგ ხმალაძემ, გია ცაგარეიშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მურმან დუმბაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, გოგი ქავთარაძემ, ზურაბ აბაშიძემ დროშის, დაჭერაზე უარი თქვეს. სიუჟეტში დეპუტატთა განმარტებებიც არის ჩაწერილი.

“გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში (ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე) სიუჟეტი, რომელიც 16 მაისს, ბრიუსელში გამართულ ჰომოფობიასთან ბრძოლის აღმნიშვნელ ტრადიციულ პრაიდფესტივალს მიეძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პრაიდფესტივალი არასოდეს გაუპროტესტებიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არც არასოდეს ჩატარებულა. 2012 და 2013 წლებში, ისევე როგორც წელს, ადამიანებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სიუჟეტში გვაჩვენეს, რომ ბრიუსელის ყველა ისტორიულ და სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშებთან ერთად თანასწორობის შვიდფეროვანი დროშები ფრიალებს, ლგბტ თემის წარმომადგენლები თავისუფლებისა და სიყვარულის დღეს ზეიმობენ, პრაიდში კი მათთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მთავარი ევროპული ღირებულების - ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ამ სიუჟეტში ბევრი ვერაფერი ვნახეთ და მოვისმინეთ.

პრაიდფესტივალის ასეთი აღწერილობა შესაძლოა „გარყვნილი ევროპის“ სტერეოტიპის გამყარებას უწყობდეს ხელს.

გადაცემაში ლგბტ თემის პრობლემების შესახებ დისკუსიაც გაიმართა. დისკუსიაში სტუმრად იყვნენ მოწვეულები: უფლებდამცველები ბაია ქავთარია და დავით მიხეილ შუბლაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი ახვლედიანი, პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია და ექიმი სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე. თუმცა, არარელევანტური, მაგრამ რეიტინგული პოლიტიკოს-რესპონდენტებისა და ჟურნალისტთა მოუმზადებლობის გამო ლგბტ თემის პრობლემების შესახებ ვერც ვერაფერი გავიგეთ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციები დღის საინფორმაციო გამოშვებებში დარღვევების გარეშე გააშუქა. ტელეკომპანიამ ყურადღება გაამახვილა, როგორც სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველთა მიერ გამართულ აქციებზე, ასევე იმ მსვლელობაზე, სადაც ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.

21 საათზე “პოსტსკრიპტუმში” მაყურებელს შესთავაზეს სიუჟეტი ბათუმში მცხოვრებ სტიქაროსან, კობა ფერტენაძეზე, რომელსაც სტიქარის გახდა სასულიერო პირმა, ანდრია თურმანიძემ მოსთხოვა. სიუჟეტში აღინიშნა, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა, თუმცა როგორც გაზეთ „ბათუმელებთან“ ანდრია თურმანიძისათვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, შესაძლოა, ფარტენაძისათვის სტიქარის გახდის ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ფეისბუქზე დადებული ფოტოები და წარბების გაკეთება იყოს. სიუჟეტში საკითხი საკმაოდ მრავალმხრივად, სტერეოტიპების გარეშე იყო წარმოჩენილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბემ“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ეთერი 12, 16 და 20 საათიან გამოშვებებში დაუთმო.

16 საათიან გამოშვებაში მრგვალ ბაღთან გამართული აქციის გაშუქებისას წამყვანმა თქვა, რომ “ლგბტ თემის წევრებმა სამინისტროს რეკომენდაცით მიმართეს და მათი უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს“, თუმცა როგორც კადრებიდან გამოჩნდა, მოთხოვნის ავტორები მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები არ იყვნენ. იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ როგორც თემის წევრები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სხვა საჯარო პირები.

პირველ თემად ეს საკითხი “პირველი არხის” მთავარ გამოშვებაში არ გაშუქებულა.

ტელეკომპანია “მაესტრო” ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მხოლოდ დღის გამოშვებებში გააშუქა, არხის მთავარ გამოშვებაში ამ საკითხს დრო აღარ დაეთმობია.

“ტაბულამ”კი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ თემად გააშუქა და ამ საკითხს რამდენიმე მასალა მიუძღვნა.

სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით “ტაბულამ” აქცენტი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებზე გააკეთა. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ მასალაში აღინიშნა, 2013 წელს რომ დაეცვა ხელისუფლებას უსაფრთხოება, ახლა ამ მასშტაბის დაცვის მობილიზება საჭირო არ იქნებოდა.

“ტაბულამ” იუსტიციის სამინისტროსთან გამართული აქციაც გააშუქა, სადაც იმ პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ, რაც ტრანსგენდერ მოქალაქეებს ექმნებათ. გამოშვებაში ისაუბრეს ევროსასამართლოზეც და ოჯახის სიწმინდის დღეზეც. (17 მაისი მართლმადიდებელმა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა)

საერთო ჯამში, 17 მაისის გაშუქების მხრივ ქართულ მედიაში უკეთესი ტენდენცია გამოიკვეთა. ჰომოფობიური გამონათქვამები არცერთ ეთერში არ მოხვედრილა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იყო პრობლემები თემის ზედაპირულად და სკანდალურად გაშუქების მხრივ. შესაძლებელი იყო უფრო სიღრმისეული საუბარი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მნიშვნელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

რედაქცია: მასალაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება. პირველადი ვერსია: “გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში სიუჟეტი.

ჩასწორებული ვერსია:“გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში (ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე) სიუჟეტი.