8 მარტი, ქალთა უფლებები და ქართული მედია
10.03.2015
8 მარტი - ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემა იყო. სიუჟეტების კადრებში ძირითადად ნარცისები, ტიტები და ენძელები ჩანდა, ჩაწერილი რესპონდენტები კი, (უმეტესწილად, მამაკაცები) ქალებს 8 მარტს მომღიმარი სახეებით ულოცავდნენ და ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და დედის ფენომენზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 მარტის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ერთი სიუჟეტი გადაცემის ბოლო ბლოკში გავიდა. სიუჟეტში რვა მარტის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქციები, შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო მიმოხილული. უშუალოდ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ კი არაფერი თქმულა. ამ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში ჟურნალისტმა ერთი უცნაური ტერმინიც იხმარა - „პოლიტიკური გენდერი“. გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალისადმი მიმართვის ფორმები, კადრი, ჟურნალისტის ტექსტი, შესაძლოა, უნებურადაც გამოვიდეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული. სწორედ ასეთი იყო „იმედის კვირის“ რეპორტაჟის ფინალი, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომუშავე ქალების შესახებ თქვეს, რომ „ისინი მაინც ქალები არიან და დრო გაპრანჭვისთვისაც რჩებათ“, ამ დროს კადრში ჩანს მეტალურგი, რომელიც სარკის წინ დგას და ტუჩსაცხს ისვამს. ყველაზე ნათლად ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და შეხედულებები ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოჩნდა. 6 მარტის ეთერი დავით აქუბარდიამ რვა მარტს მიუძღვნა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს დღე „ქალთა ბრძოლის თუ რაღაცის“ საერთაშორისო დღეა. სტუმრად კი მეან-გინეკოლოგი ჰყავდა მოწვეული, ძირთადი სასაუბრო თემაც შობადობა, გამრავლება და ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები იყო. გენდერში, პრაქტიკულად, არაფერია იმაზე დისკრიმინაციული, ვიდრე ქალის მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანიზმად წარმოჩენა. ამავე გადაცემაში წამყვანმა და რესპონდენტმა ნარკომანიის თემაც მიმოიხილეს. სტუმარმა აღნიშნა, რომ „ადრე მხოლოდ ბიჭები „მაიმუნობდნენ“, ახლა კი ნარკომანია ქალებში მეტად არის გავრცელებული“. მისივე თქმით, „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან ქალის „მორჩენა“ ძალიან დიდი პრობლემაა. მაშინ, როცა კაცთან ამისი შანსი არსებობს, ქალის შემთხვევაში საკითხი რთულდება“. ამ დროს წამყვანი სრულიად გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: „აა, ეჩვევიან ქალები?“. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-გამოცემის ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რესპონდენტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კარგად ესმის ქართველი ქალების, „ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". ქალების მიმართ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, ფემიციდი, ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა, რაც ქალებს ქართულ საზოგადოებაში აქვთ, ქალთა საერთაშორისო დღესაც ვერ მოხვდა მედიის დიდი ნაწილის დღის წესრიგში. არადა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობენ, თუ რა ძალა აქვს მედიას, როგორ შეუძლია მას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თუმცა,როგორც ჩანს, გენდერული თემატიკის გაშუქებისას მედიის რესურსის გამოყენების არც საკმარისი ნება არსებობს, არც ცოდნა და არც ინტერესი.

თეგები : სექსიზმი;
ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

40 დაშავებული ჟურნალისტი და არც ერთი დამნაშავე გამოვლენილი - 2 წელი ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან
ორი წელი გავიდა 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ, სადაც მედიის 40 წარმომადგენელი დაშავდა, თუმცა დღემდე გამოძიება არ დასრულებულა. Ბრალი არ წარდგენია არცერთ სამართალდამცავს მათ შორის იმ ჟურნალისტების შემთხვევაშიც, რომლებიც პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად.

რა მოხდა

მედიის წარმომადგენლებმა 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით სხეულის დაზიანებები მიიღეს. Დაშავებულების ნაწილი ამბობს, რომ მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულების ყველა საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმეში აერთიანებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბაია ცანავა ამბობს, რომ გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.

2019 წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუკავშირდა აქციაზე დაშავებულ მედიის 40 წარმომადგენელს. მათგან დღემდე მხოლოდ 3 ჟურნალისტია დაზარალებულად ცნობილი.

ჟურნალისტების საქმე სტრასბურგში

“გურიანიუსის” ჟურნალისტ მერაბ ცაავას, “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტ ბესლან კმუზოვს და დამოუკიდებელ ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს, დაზარალებულის სტატუსი 6 აპრილს მიენიჭა. მათი საქმე “ადამიანთა უფლებების ცენტრმა” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა.

“Ეს ჟურნალისტები პროკურატურამ გამოკითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიბარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ ამის შესახებ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დაიწყო” - ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

Კიდევ თერთმეტი დაშავებული ჟურნალისტის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, თუმცა მათთვის პროკურატურას დაშავებულის სტატუსი არ მიუნიჭებია.

“Საიამ” ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" (EHRAC) ერთად 20-21 ივნისს დაშავებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 სარჩელი გააგზავნა." სარჩელები აქციის დაშლისას დაშავებული 22 ადამიანის, მათ შორის მედიის 11 წარმომადგენლის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და საქმის არაეფექტურ გამოძიებას ეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა 18 ივნისს დაიწყო და საქართველოს მთავრობას კითხვებით მიმართა.

როგორ აფასებენ უფლებადამცველები გამოძიებას

“საიას” შეფასებით, “აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად დაირღვა მედიის წარმომადგენელთა უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.”

Გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობსო, ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელიც დაშავებული ჟურნალისტების უფლებებს იცავს: “საქმის მასალებს არ გვაცნობენ და შესაბამისად, დეტალებიც არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ დავაკვირდეთ პროცესს” - გვეუბნება ადვოკატი.

Გამოძიებას “არაეფექტურს” უწოდებს “ადამიანთა უფლებების ცენტრის” ადვოკატი დიმიტრი ნოზაძეც, მიზეზად მასაც ის მოჰყავს, რომ პროკურატურა მათ საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაზლებლობას არ აძლევს: “გვყავს დაზარალებულები, მაგრამ არ ვიცით, ვინ უნდა აგოს პასუხი.” - ამბობს ნოზაძე.

Როდესაც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროკურატურისგან საგამოძიებო მასალები გამოითხოვა, როგორც ადვოკატი ამბობს, მხოლოდ გამოკითხვის ოქმები და ჯანმრთელობის ცნობები მიაწოდეს, “რაც ჩვენ მიერვე იყო წარდგენილიო”, გვეუბნება დიმიტრი ნოზაძე და დასძენს: “ვფიქრობთ, ვინმესთვის ან რამისთვის ხელის დაფარების მცდელობა ხომ არ არის, იმიტომ, რომ დღემდე არ გვყავს ბრალდებული.”
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „იმედი“ დააჯარიმა
პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და „იმედი“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა.

„მთავარი არხი“ ეთერში 26 აპრილს გასულ გადაცემაში - „შენი დილა“ გასული სიუჟეტის გამო დაჯარიმდა, რომელიც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის“ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა. კომისიის ინფორმაციით, სიუჟეტში დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

“იმედს” კი 18 მაისს გადაცემაში - „იმედის დღე“, „ლილო მოლის“ შესახებ გასული სიუჟეტის გამო დაეკისრა ჯარიმა. რეპორტაჟი სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას ეხებოდა. სიუჟეტი “მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის“ უპირატესობებზე.

კომისიის შეფასებით, გადაცემებში პროდუქტებს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა, რაც გავლენას ახდენდა პროგრამის შინაარსზე:

„სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა“ - აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხსა” და “იმედს” იანვარ-თებერვლის პერიოდში გაფრთხილება მიღებული ჰქონდათ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კი მაუწყებლები დაჯარიმდნენ.
ძალადობის კადრების ეთერში ჩვენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ “ობიექტივი“ დააჯარიმა
ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ 2500 ლარით დააჯარიმა.

რა მოხდა?

ადამიანების წამებისა და გაუპატიურების კადრები, რის გამოც მაუწყებელი დაჯარიმდა, 23 აპრილს, გადაცემა „სტუდია N8-ში“ გავიდა. გადაცემის წამყვანმა ირმა ინაშვილმა, რომელიც ამავე დროს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერია, გადაცემის შესავალშივე დააანონსა, რომ მაყურებელი იხილავდა “პატიმართა წამების შემაძრწუნებელ კადრებს, რომელიც ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავს“.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ეთერში დაუფარავად გადიოდა პატიმრების ცემის, გაუპატიურების, წამების ამსახველი კადრები. გადაცემის წამყვანის თქმით, ამ მასალის ჩვენების მიზანი ახალგაზრდებისთვის “სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ შეხსენება იყო. “ახალგაზრდობამ უნდა უყუროს ამ კადრებს და უნდა დაფიქრდეს ამ ყველაფერზე”, - ამბობდა ირმა ინაშვილი.

კომუნიკაციის კომისიის შეფასება

კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, „ობიექტივმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია, რადგან კადრები მაუწყებლის ეთერში 23:00 საათისთვის გავიდა, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება კი მაუწყებელს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე ეკრძალება.

გადაცემა „სტუდია N8“ კანონით დაუშვებელ დროს, „ობიექტივის“ ეთერში სხვადასხვა დღეებში რამდენჯერმე გამეორდა, თუმცა, მაუწყებელი მხოლოდ 23 აპრილის ეთერის გამო დაჯარიმდა. კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლანა ბერიძე ამბობს, რომ „ერთ დარღვევაზე ერთხელ ხდება დაჯარიმება და სამართალწარმოება, თუ კიდევ გაიმეორებენ და დაარღვევენ კანონს, მომავალშიც განიხილავს და შეისწავლის კომისია“.
„ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შესრულება საფრთხის შემცველი გახდა“
საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კი საფრთხის შემცველი გახდა პროფესიული საქმიანობის შესრულება - ასე აფასებს ქართულ მედიაგარემოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

არასამთავრობო ორგანიზაცია იმ პრობლემებს გამოყოფს, რომელთა წინაშეც კრიტიკული მედია დგას. მათ შორისაა: სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, აგრესიული რიტორიკა მმართველი პარტიიდან და სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია.

მედიის წინაშე არსებული გამოწვევები - საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედიის გამოწვევებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე.

“მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მიერ არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ დამნაშავეების დროული იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად მსგავს ფაქტებზე არ ხდება სათანადო რეაგირება, კერძოდ, დროში იწელება გამოძიება, არ ანიჭებენ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს და ა.შ., რაც თავის მხრივ, ახალისებს ძალადობას და კიდევ უფრო ართულებს მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობას.”,- ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზს უსვამს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიულ განცხადებებსა და მუქარებს ჟურნალისტების მიმართ. „სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები.“, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამწუხარო ტენდენციად იქცა მედიის წარმომადგენლებისათვის გადაადგილების თუ ცალკეული უწყებების შენობებში შესვლის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის შესრულებას.

მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების წყაროს იდენტიფიცირების მცდელობები, ფარული მოსმენა და სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანიები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ინსტიტუციურ დევნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცალკეული გადაწყვეტილებები მედიაგარემოსთვის სახიფათო გამოწვევად რჩება და კრიტიკული მედიის შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს.
“მედიას შეუძლია დაგაქციოს ან აგაშენოს” - გიორგი თაბაგარი
რა როლს თამაშობს მედია ლგბტქ თემის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, რა შეიცვალა მედიაში ბოლო წლების განმავლობაში, რამ იქონია გავლენა, როგორ შეიძლება ავირიდოთ სტერეოტიპების და სტიგმების გამყარებისა და გაძლიერების კუთხით? - ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი პრაიდის“ დირექტორ გიორგი თაბაგარს ვესაუბრეთ.

მაგდა გუგულაშვილი: როგორ ხედავთ მედიის როლს ლგბტქ თემის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში?

გიორგი თაბაგარი: მედიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით. ჩვენი განათლების სიტემა და, ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკა, არ მოიცავს ფუნდამენტურ ხედვებს იმაზე, თუ როგორ უნდა დაძლიონ ჰომოფობიის, როგორც სოციალური გამოწვევის პრობლემა საქართველოში.

სკოლებში არ არის არც სქესობრივი განათლება, არც მასწავლებლების, პოლიციელების თუ ბევრი სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობა იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ქმნის სახელმწიფო სისტემას. შესამისად, როცა გიწევს ცხოვრება ამ მოცემულობაში, სადაც სახელმწიფო გვერდით არ გიდგას, ჩნდება ალტერნატიული ფორმების საჭიროება და სწორედ აქ შემოდის მედიის როლი. მედია პირდაპირ გამტარი და მიმწოდებელია იმ ინფორმაციის, რომელსაც შეუძლია, რომ არაფორმალურად იქონიოს გავლენა საზოგადოებრივ განწყობებზე.

მაგდა გუგულაშვილი: თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა ქვიარ საკითხების გაშუქება ბოლო წლების განმავლობაში?

გიორგი თაბაგარი: ჩემი აზრით, ძალიან შეიცვალა უკეთესობისკენ. თუმცა, როცა მედიაზე ვსაუბრობთ, დაყოფის მომხრე ვარ. მგონია, რომ ონლაინ მედიამ გარდამტეხი როლი ითამაშა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ათამდე ონლაინ გამოცემა მახსენდება, რომლებიც, ფაქტობრივად, ჩვენს მხარდამჭერებად ითვლებიან და მხარს უჭერენ თანასწორობის იდეას. გარდა იმისა, რომ მაღალი სტანდარტით მუშაობენ, ამ მედიებმა შექმნეს ჟურნალისტების ახალი თაობა, რომელიც ეტაპობრივად გადანაწილდა „მეინსტრიმ მედიაში“.

თუ შევადარებთ 10 წლის წინანდელ და დღევანდელ სატელევიზიო რეპორტაჟებს (მაგალითად, როგორ შუქდებოდა ტრასგენდერების პრობლემები ან პრაიდი, ძალიან ხშირი იყო ტრანს თემის ეგზოტიკური გაშუქება, ყვითელი გადაცემა იქნებოდა თუ საინფორმაციო, სკანდალზე და სენსაციაზე იყო ორიენტირებული), დღეს რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს.

მაგდა გუგულაშვილი: როგორ ფიქრობთ, რამ იქონია გავლენა?

გიორგი თაბაგარი: ვფიქრობ, გაშუქების სტანდარტი ონლაინ მედიიდან წამოსულმა ამაღლებულმა სტანდარტმა შეცვალა, ზოგადად. ამაში ჩვენც [ქვიარ მოძრაობას] გვქონდა გარკვეული როლი - პირდაპირ ან ირიბად მუდმივად ვაკრიტიკებდით ხოლმე ჟურნალისტებს. ახლა კი, მაგალითად, როდესაც მედია მუშაობს ისეთ სენსიტიურ საკითხზე, რაზეც შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია, ხშირად მოგვმართავენ, გვეკითხებიან აზრს და ეს არის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.

ასევე, ვფიქრობ, რომ ეთიკის ქარტიის გაჩენამ და ჟურნალისტურ ეთიკაზე საუბრის დაწყებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თვითრეგულირებად მექანიზმებს სადამსჯელო ფუნქცია არ აქვს, მაგრამ, ერთგვარი “შერცხვენის მომენტი” ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, თუ ნებისმიერი ჟურნალისტი რამე დამამცირებელს და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოს იტყვის, ამას ისეთი რეაქცია მოჰყვება, რომ სამსახურის დატოვება მოუწევს ან მისი რეპუტაცია საგრძნობლად შეილახება.

ადრე არ იყო ასეთი მაღალი მგრძნობელობა.

მაგდა გუგულაშვილი: გარდა სასიკეთო ცვლილებებისა, რაზეც ისაუბრეთ, რა პრობლემებს ხედავთ დღეს ლგბტქ თემის საკითხების გაშუქების კუთხით?

გიორგი თაბაგარი: მთავარი პრობლემა, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ქრება, იყო ის, რომ დებატებში ხშირად გვიწვევდნენ ღიად ფაშისტ და მოძალადე ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ განსხვავებულ აზრს კი არ წარმოადგენენ, არამედ პირდაპირ ეთერებს და მედიასაშუალებებს იყენებენ ძალადობრივი მოწოდებებისთვის.

მედია ხშირად გვთავაზობდა, რომ, მაგალითად, “ქართული მარშის“ ლიდერებთან ერთად დავმსხდარიყავით დებატებში პირდაპირ ეთერში. თითქოს ნორმალური იყოს, ესაუბრო ადამიანს, რომელიც შენ ფუნდამენტურ უფლებებსაც კი არ აღიარებს, და არწმუნო, “მეც ადამიანი ვარო”. ჩვენ, როგორც წესი, უარს ვამბობთ ხოლმე მსგავს შემოთავაზებებზე, მაგრამ გქონია შემთხვევები, როცა მიგვიღია ასეთ გადაცემაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ახლა ესეც იცვლება, თუმცა, ჯერჯერობით მაინც პრობლემაა.

კიდევ ერთი პრობლემა ზედაპირული გაშუქებაა. ბევრი ისეთი საკთხია, რაც ადამიანების სიცოცხლეს, ბედნიერებას და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება და ვფიქრობ, რომ აუცილებებლია უფრო მეტი მგრძნობელობა, წინდახედულობა და გააზრება იმის, თუ რა როლი გაქვს.

მაგდა გუგულაშვილი: რა საფრთხეებს ხედავთ მედიაში ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების გააქტიურებისას?

გიორგი თაბაგარი: როცა მედია გაგვიკრიტიკებია ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების ეთერში მიწვევის და დროის დათმობის გამო, არგუმენტები მეორე მხრიდან არის ხოლმე, რომ ეს საზოგადოებრივი განწყობებია და “ვიღაცამ ხომ უნდა გააჟღეროს მათი გზავნილებიც”.

შეიძლება კონსერვატიული აზრის ისე წარმოჩენაც, რომ ეს არ იყოს ძალადობისკენ ორიენტირებული. შეიძლება არ მოგწონდეს რაღაც და ეს სავსებით ნორმალურია. მეც ძალიან ბევრი ადამიანი არ მომწონს ამ ქვეყანაში, მაგრამ არ ვურტყამ თავში და ღიად არ დავდევ.

მედიამ გაშუქებით არ უნდა წაახალისოს ის, რასაც ეს ადამიანები ქადაგებენ. არ მინდა, რომ კრიტიკულად გამომივიდეს და ჭკუა ვასწავლო მედიებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლება უბრალოდ ტიტრი დაედოს სიუჟეტებს ან განცხადება გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, რომ ემიჯნებიან მსგავს პოზიციებს და მათი სარედაქციო პოლიტიკისთვის მიუღებელია. ბევრი მეთოდია, რომ ისე გააშუქო ეს ადამიანები, რომ სიძულვილი არ გააღვივო საზოგადოებაში.

მაგდა გუგულაშვილი: რა როლს თამაშობს მედია ლგბტქ თემის მიმართ სტიგმის გაძლიერების ან შემცირების კუთხით?

გიორგი თაბაგარი: მგონია, მედის ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი აქვს - შეუძლია დაგაქციოს ან აგაშენოს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მედიას შეუძლია ითამაშოს გარდამტეხი როლი, თუ ამას ხელს არ უწყობს ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი. იმის მიუხედავად, რომ გაშუქების კუთხით უკეთესობა შეიმჩნევა და უფრო მეტი სიღმისეული საუბრები მიდის ხოლმე ამ კუთხით, სწრაფად მაინც არ იცვლება რაღაცები.

მნიშვნელოვანი აქტორია ეკლესიაც, რომელიც გვეწინააღმდეგება და ხშირად იმ მედიის დისკრედიტაციაც ხდება, რომელიც მხარს გვიჭერს. სულ შეპირისპირებაში გვიწევს ყოფნა და, ცხადია, რომ თუ სახელმწიფო არ გეხმარება, მარტო მედიით ვერ მოახდენ გარდატეხას - უფრო კომპლექსური მუშაობაა საჭირო.

საერთოდ, ვფიქრობ, მედია უფრო მეტად „ეფექტურია“ სტერეოტიპებისა და სტიგმების გამყარების ნაწილში, ვიდრე სიკეთისკენ შეცვლის კუთხით. ამ ქვეყანაში ადამიანებს ისედაც საკმაოდ მძიმე წარმოდგენა აქვთ რიგ საკითხებზე და ამაზე დაშენება უფრო მარტივია, ვიდრე ამის რადიკალურად ამოყირავება და შეცვლა.

მაგდა გუგულაშვილი: როგორი გაშუქებით ავირიდებთ სტერეოტიპების და სტიგმების გამყარებას/გაძლიერებას?

გიორგი თაბაგარი: ვფიქრობ, ფრთხილი, ადამიანზე ორიენტირებული გაშუქებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როცა ძალადობას ეხება საქმე, ალბათ, მნიშვნელოვანია მაღალი მგრძნობელობა.