არმენოფობიური ტექსტები “კავკაზ პლიუსზე”
15.08.2019
„კავკაზ პლიუსი“ (ge.kavkazplus.com) ონლაინგამოცემაა, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სისტემატურად აქვეყნებს ეთნიკურად სომეხი ერის საწინააღმდეგო, ქსენოფობიური კონტექსტის და დისკრიმინაციული შინაარსის მასალებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი დაუსაბუთებელი და მანიპულაციურია.  „კავკაზ პლიუსის“ მიერ გავრცელებული მასალები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გამოცემა მიზანმიმართულად ცდილობს ეთნიკურად სომეხი ერის დისკრიმინაციას, ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და შუღლის გაღვივებას ორ ერს შორის. 

 2016 წლიდან დღემდე „კავკაზ პლიუსის“ გვერდზე არმენოფობიური შინაარსის ასობით მასალა იძებნება. გამოცემა ღიად აცხადებს, რომ კონკრეტული მიზანი ამოძრავებთ და იქვე ხაზს უსვამს, რომ ზოგადად სომეხი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მათი მიზანი მხოლოდ ნაციონალისტებთან ბრძოლაა.

„კავკაზ პლიუსის“ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია: „კავკაზ პლიუსს“ რატომღაც ბრალად ედება, რომ „მიკერძოებულად“ წერს სომხეთსა და სომხებზე. მაგრამ ჩვენი გამოცემა სომხების ნაციონალიზმს ებრძვის, სომეხი ნაციონალისტების მიერ სეპარატიზმისა და ეთნიკური წმენდის მხარდაჭერას ებრძვის, მეზობელ სახელმწიფოთა მიმართ მათ დესტრუქციულ ქმედებებს ებრძვის.“


სომეხი ერი - როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე

altგამოცემა მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით მკითხველს არწმუნებს, რომ ეთნიკურად სომეხ ერს საქართველოს ტერიტორიების მიტაცება სურს. აღვივებს აზრს თითქოს მათ „თვალი დაადგეს“ ქართულ მიწას, ცდილობენ სამცხე-ჯავახეთის მითვისებას და ასევე სურთ „მიიტაცონ“ ბათუმი და საქართველოს სხვა საკურორტო ქალაქები.

„მათ [ეთნიკურად სომხების] გეგმებშია - საქართველოს განადგურება და დანაწევრიანება რუსების ხელით იმისათვის, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს წაართვას სამცხე-ჯავახეთი, ხოლო შეძლებისდაგვარად „გაატარონ დერეფანი ზღვასთან“, - ვკითხულობთ „კავკაზ პლიუსის“ სტატიაში.

მას შემდეგ კი, რაც 2019 წლის აპრილში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა, გამოცემამ დაიწყო იმის მტკიცება, რომ სომხებს დავით-გარეჯის მიტაცება სურთ. 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „სომხური წარწერები და სომხური პრეტენზიები დავით გარეჯზე“ აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფლიქტი ეთნიკურ სომხებს ძალიან „აწყობთ“ და ცდილობენ, რომ ხელოვნურად გააჩაღონ მტრობა ორ ქვეყანას შორის.

ამავე სტატიაში „კავკაზ პლიუსი“ ავითარებს აზრს, თითქოს, რუსეთ-საქართველოს „წაჩხუბება“ „სომეხი ძმების“ ბრალია:

„სკანდალი რომ „გაჩაღდეს“, ძალიან სურთ „სომეხ ძმებს“, რომელთაც, შეგახსენებთ, რომ გამოუვიდათ არამხოლოდ საქართველოსა და რუსეთის წაჩხუბება, არამედ რუსეთის არმიის ხელებით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილის - აფხაზეთის მიტაცება. თავიანთი „ძმობა და მეგობრობა“ ქართველებთან და საქართველოსთან მიმართებაში კარგად წარმოაჩინეს ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის სომეხმა ბოევიკებმა.“

გამოცემა ხშირად მანიპულირებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხით. „კავკაზ პლიუსი“ მკითხველს არწმუნებს, რომ აფხაზეთში ეთნიკურად სომხები „უმრავლესობას შეადგენენ და აკონტროლებენ ოკუპირებული ტერიტორიის მთელ ეკონომიკას და მათ მიერ დახოცილთა ქართველების სახლებში სახლობენ და რაც მთავარია - არ უშვებენ არა მხოლოდ ქართველ ლტოლვილებს, არამედ ქართველ მღვდლებს ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან“, - ნათქვამია სტატიაში, ისე, რომ გაუგებარი რჩება, თუ რა წყაროებს ეყრდნობა და რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ავტორს.

რელიგიით მანიპულირება და ფაქტების დამახინჯება

გამოცემა ხშირად მანიპულირებს რელიგიური საკითხებით და ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას ეთნიკურად სომეხი ხალხის მიმართ. 4 ივლისს გამოცემამ ყალბი ფოტოს დართვით გამოაქვეყნა სტატია, თითქოს სომხებმა ქართული ეკლესია დაიპყრეს და სათივედ გადააქციეს. ინფორმაციის წყაროდ კი რუსული საიტი infoteka24.ru მოჰყავს, რომელიც თავის მხრივ TV Travel-ის ფილმს ეყრდნობა.

ეს სტატია გამონაკლისი არ არის. მხოლოდ პირად მოსაზრებებს და "რუსეთის ჯავახკის დიასპორის" ფეისბუკ პოსტს ეყრდნობა სტატია,  რომლის თანახმადაც, ახალციხეში სპორტულ-კულტურული ცენტრი იმ „ბოევიკების“ მოსამზადებლად ფუნქციონირებს, რომლებსაც სომხები ქართული სალოცავების დაპყრობისთვის ამზადებენ:

alt„აღასი არაბიანი პირდაპირ მოუწოდებს სომეხ ექსტრემისტებს ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიპყრონ ქართული ეკლესიები. ამ მოწოდებების ფონზე გასაგები ხდება, თუ რისთვის სჭირდებათ სომეხ ნაციონალისტებსა და სეპარატისტებს ახალციხეში „სპორტულ-კულტურული ცენტრი“. პასუხი ნათელია - რათა მოამზადონ ბოევიკები ქართული სალოცავების დაპყრობისთვის.“ - პოსტი მართლაც გამოქვეყნდა, თუმცა ქართული ეკლესიის დაპყრობის შესახებ მოწოდება ტექსტში არ გვხვდება.

გამოცემა მკითხველს არწმუნებს, რომ სომხებმა ერთხელ უკვე სცადეს ქართული ტაძრის დაპყრობა და ამის დასტურად 2017 წელს კუმურდოში განვითარებული მოვლენები მოჰყავს, თუმცა ფაქტების დამახინჯებით:

„2017 წლის სექტემბერში ასეთი მცდელობა უკვე იყო - მაშინ სომეხმა ექსტრემისტებმა სცადეს დაეპყროთ ქართული ტაძარი კუმურდო და ქართულ პოლიციას დაუშინეს ქვები", - წერს „კავკაზ პლიუსი“.

სინამდვილეში, სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და პოლოციას შორის დაპირისპირების მიზეზი არა ტაძრის დაპყრობა, არამედ ტაძრის ეზოში ქვაჯვარის აღმართვა გახდა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მისი დადგმის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ეთნიკური სომხების მიერ ქართული ტაძრების “მიტაცებაზე” მხოლოდ ამ სტატიაში არ საუბრობენ. გამოცემა „ახსენებს“ მკითხველს, რომ სომეხმა ნაციონალისტებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 465 ქართულ ეკლესიაზე ოფიციალური მოთხოვნები წარმოადგინეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუ რაზე დაყრდნობით წერს ავტორი ამას. ფაქტების, მტკიცებულებების, არგუმენტების ნაკლებობა ამ გამოცემის ერთგვარი სტილია.

სომხების კავშირი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან

გამოცემა ცდილობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები პირდაპირ დააკავშიროს ეთნიკურად სომეხ ერთან. მაგალითად, 21 ივნისს საქართველოში საპროტესტო აქციის დაშლაში, შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის ფრენების აკრძალვაშიც კი „კავკაზ პლიუსი“ სომხეთის ინტერესებს „ხედავს“. 5 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომის გაჩაღების სომხური გეგმების ჩაშლა“, გამოცემა წერს, რომ „სომხური პროვოკატორებისთვის იდეალური სიტუაცია იქნებოდა, თუ 20-21 ივნისს თბილისში სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა“, რაც არ გამოუვიდათ.

altიმავე მსჯელობას ავრცელებს გამოცემა სტატიაში „რატომ გააგზავნა სომხეთმა თავისი ბოევიკები საქართველოს პარლამენტთან?“ - ტექსტის მიხედვით, 20-21 ივნისს პარლამენტზე თავდასხმა ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულად ხდებოდა და თავდამსხმელებს შორის სომეხი „ბოევიკები“ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ინფორმაციის წყაროდ "იმედის "საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ კადრებს იმოწმებს, თუმცა ამ კადრებიდან არ მტკიცდება, რომ აქციაში მონაწილე პირები “სომეხი ბოევიკები” იყვნენ, ამაზე მინიშნება არც “იმედს” გაუკეთებია. ამავე სტატიაში გამოცემა ავითარებს აზრს, რომ „ფაშინიანის სომხეთი პირდაპირ არის ჩართული საქართველოს პარლამენტის ხელში ჩაგდების მცდელობაში“. როგორც სხვა შემთხვევებში, სტატია დაუსაბუთებელია და არ ჩანს, რას ეყრდნობა ავტორი ამ მოსაზრების გავრცელებისას.

დაუსაბუთებელი პარალელები და რუსული  გამოცემები ინფორმაციის წყაროდ

„ფაშინიანი გეგმავს 2050 წლისთვის ქართული მიწების დაპყრობას?“ - ამ სათაურით 7 აგვისტოს „კავკაზ პლიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2050 წლისთვის სომხეთის მოსახლეობის 5 მილიონ ადამიანამდე გაზარდას საქართველოს ტერიტორიების მითვისების ხარჯზე გეგმავს. ავტორი ვარაუდობს, რომ სომხეთში შობადობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოსახლეობის ზრდა არარეალურია და წერს:

„შედეგად, ჩნდება დასკვნა: იგეგმება მოსახლეობის და ტურისტების რაოდენობის გაზრდა სომხეთის უცხო ტერიტორიების შეერთების მეშვეობით, რომლებიც ხელსაყრელი იქნებიან ადამიანის ცხოვრების თვალსაზრისით და ტურიზმის პოტენციალით. რა ტერიტორიებია ეს, გამოცნობა რთული არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ სომეხი ნაციონალისტები თვლიან, რომ არა მხოლოდ „არწახი“, ან აზერბაიჯანული ყარაბაღია „სომხეთი”, არამედ ჯავახკიც - საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და იქიდან უკვე შორს არ არის აჭარისა და შავი ზღვის „დერეფნის“ პრეტენზიები“, - ასე ავითარებს მსჯელობას ავტორი.

მსგავს დაუსაბუთებელ, უარგუმენტო მოსაზრებებს მხოლოდ ამ სტატიაში არ ვხდებით. სხვა მასალებშიც (რომლებიც სომხების დისკრიმინაციას ემსახურება) ავტორი ხშირად საკუთარ კითხვას მტკიცებით ფორმაში თავადვე პასუხობს. თითოეულ სტატიაში ფაქტების, მტკიცებულებების და არგუმენტების ნაცვლად გამოყენებულია სიტყვები „ნათელია“, „აშკარაა“, „ცხადია“, „მართლაც ასეა“, „არარეალურია“ „შეიძლება“, „გამოდის, რომ...“, „ფაქტია“, „როგორც ჩანს“ და ა.შ. ამ ფრაზებით ავტორი ცდილობს მოსაზრებების ფაქტად წარმოჩენას.

გარდა ამისა, სტატიებში, ამა თუ იმ ინფორმაციის წყაროდ „კავკაზ პლიუსი“ ხშირად უთითებს ისეთ გამოცემებს, როგორიც არის რუსული პროპაგანდისტული მედიაგამოცემა „სპუტნიკი“, რუსულენოვანი საიტები pikabu.ru, regnum.ru, infoteka24.ru, aif.ru და სხვა.

„კავკაზ პლიუსზე“ გამოქვეყნებული მასალები მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციით, ფაქტების დამახინჯებით, მანიპულაციით და დაუსაბუთებელი პარალელებით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გამოცემის მიზანი ეთნიკურად სომეხი ერის დისკრიმინაცია და ქსენოფობიის გაღვივებაა.

"კავკაზპლიუსის შესახებ"

სტატიებზე, როგორც წესი, ავტორი მითითებული არ არის. საიტზე არ იძებნება ინფორმაცია არც სარედაქციო გუნდის შესახებ. უცნობია ასევე ვინაა ვებსაიტის მესაკუთრე. უფრო მეტიც, ვებგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაც კი არ არის განთავსებული. დახურულია დომენის მფლობელის შესახებაც ინფორმაცია. მხოლოდ იმის გარკვევაა შესაძლებელი რომ დომენი უკრაინიდან არის რეგისტრირებული.

თეგები : სიძულვილის ენა;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მაუწყებლის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში, “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც ქარელში ოპერატორთან ერთად იყო, გვიყვება, რომ “ქართული ოცნების” შტაბში მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად იყვნენ მისულები:

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსის აგენტია და მქონდა რამდენიმე შეკითხვა. ამ ყველაფერმა გააღიზიანა “ოცნების” წევრები, რომლებიც იყვნენ შტაბში. გამოგვაგდეს. აღარც გვიცდია შეცვლა. ვწერდით სტენდაფს, გამოვარდნენ და გაგვისწორდნენ”.

მისი თქმით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა - “მეუბნებოდა ფეხს ვერ ვამოძრავებო, ზურგს და ხელს ვერ ვგრძნობო”. 

"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ბექა ყორშია იქ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, რა დროსაც გამოაძევეს შტაბიდან. მისივე თქმით, სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება იყო, თუმცა, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და "ოცნების" შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა: " "მთავარი არხის" ოპერატორი  უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე".

"მთავარი არხი" ამბობს, რომ თავდასხმის ვიდეოკადრები გადაღებული აქვთ და მალე გამოაქვეყნებენ. თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც ამბობს, რომ მათაც ვიდეომასალა გადაღებული და გაავრცელებენ.
ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა, დაბარებულები არიან სხვა ჟურნალისტებიც
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით, “TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა.

მელაძე ამბობს, რომ 15 სექტემბერს თბილისის პროკურორი დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა, რის შემდეგაც, ადვოკატთან ერთად მივიდა დაკითხვაზე. მისივე თქმით, კითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა, თუ რა ფორმით მიიღეს ბმული და რა მიმოწერა ჰქონდათ წყაროსთან.

“გამოძიებას აინტერესებს ის, ვინ გაავრცელა და არა ის, ვინ ჩაწერა. ვინ იდგა ამ უკანონობის უკან - ამის დადგენის განზრახვა გამოძიებას არ აქვს” - ამბობს მელაძე “TV პირველის” ეთერში..

მისივე თქმით, გამოძიებას “ცოტა უცნაური კითხვები” ჰქონდა. მაგალითად, ინტერესდებოდნენ, რა მასალებს გაეცნენ ჟურნალისტები - “მოგვიყევი იქ რაც წაიკითხეო”.

გამოკითხვაზე დაბარებულები არიან სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. “ფორმულას” ინფორმაციით, მათი ჟურნალისტებს, მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და ხვალ, 16 სექტემბერს აპირებენ მისვლას.

რა მოხდა

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იძებნება. მათ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოეს მიმართოს.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. სუს-მა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ჟურნალისტები ადასტურებენ, 13 სექტემბერს გაჟონილ ჩანაწერებში მათი საუბარიცაა
ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გამოჟონილ ჩანაწერებში მათი საუბრებიცაა. ისინი აპირებენ, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ.

რა მოხდა?

ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანი ეკა კვესიტაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამბობს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში მისი მიმოწერაც იძებნება.

„ფეისბუქის მიმოწერიდან არის ძალიან ბევრი რამე. მათ შორის ისიც - როგორ მომილოცა დაბადების დღე მელქისედეკმა. ასევე ჩემი ნინია კაკაბაძის მიმოწერა - სადაც ნინიას ვეუბნები, რომ არ ვიცნობ პეტრე ცაავას და მასთან შეხვედრა მაინტერესებს მეთქი. ანუ, რასაც ფეისბუკ ინბოქსში ვწერთ მეგობრებო, ყველაფერი სუსმა იცის.“, - ამბობს ჟურნალისტი. ის იურიდიულ კონსულტაციებს გადის და აპირებს საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.

ჟურნალისტებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვისკენ მოუწოდებს იურისტი სულხან სალაძე.

„ კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები”, - წერს სულხან სალაძე "ფეისბუქზე".

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ არც მას აქვს ამ საქმის გამოძიების მოლოდინი, თუმცა პრეცედენტები უნდა შეიქმნასო. „ყველამ უნდა მივმართოთ და რაღაც დროს შეიძლება სტრასბურგშიც წავიდეს ეს საქმეო“,-გვეუბნება კვესიტაძე.

კონტექსტი

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

"იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები", - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტები გაჟონილ ფაილებში

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გაჟონილ ფაილებში მისი და მისი ჟურნალისტების „ვოტსაპში“ საუბარი ამოიცნო.

„ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია - ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული.“, - წერს გვარამია.

ამავე აპლიკაციაში მისი რესპონდენტთან საუბარი ამოიცნო „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემაც. მელაძე წერს, რომ გაჟონილ მასალებში მისი შვილების შესახებ ნათლობის დეტალებიც იძებნება.



2014 და 2020 წლით დათარიღებულ ფაილებში საკუთარი სახელი ნახა „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

„მე, ჟიჟი [ნინო ჟიჟილაშვილი], ჩვენი პროდიუსერები და ჟურნალისტები სრული შემადგენლობის სუსის ანგარიშებში. ვინ დავპატიჟეთ გადაცემებში, ვის რა უთხრეს პროდიუსერებმა და ვის რა უპასუხეს“, - წერს სანაია.

13 სექტემბერს გაჟონილ მასალებში თავიანთი საუბრების ამოცნობა დაადასტურეს „ტაბულას“ რედაქტორმა ლევან სუთიძემ და On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გელა ბოჩიკაშვილმაც.
კომუნიკაციების კომისიამ „იმედს“ დარღვევა დაუდგინა - ტელეკომპანია პოზიციას არ ცვლის
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია „იმედმა“ 26 აგვისტოს, უარი თქვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წინაასაარჩევნო უფასო რეკლამის ეთერში განთავსებაზე და ამის მიზეზად „რეკლამაში გამოყენებული სიძულვილის ენა“ დაასახელა.

ნახეთ მეტი ამ თემაზე.

კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება

12 სექტემბერს კი კომუნიკაციების კომისიამ მხარეების პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია.

„რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ რეკლამასთან დაკავშირებით მაუწყებელი თავდაპირველ პოზიციაზე რჩება და მისთვის გაუგებარია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელზეც სასამართლო ამბობს, რომ სიტყვა „მოღალატე“ ღირსების შემლახავი არ არის.

კომისიამ „ტელეიმედის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.



რას ამბობს უზენაესი სასამართლოს სტანდარტი?

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკური რეკლამა:

• ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას

• არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას

• არ უნდა შეიცავდეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას

• არ უნდა შეიცავდეს რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას

• არ უნდა შეიცავდეს უხამსობას ან პორნოგრაფიას.
სახელმწიფო “ალტ-ინფოს” სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - არხი სამაუწყებლო არეალს იფართოვებს
“ალტ ინფოს” - არხს, რომლის წამყვანები და მფლობელებიც 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ ეროვნული მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა.

კომისიის ამ გადაწყვეტილებით, არხის ყურება მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო სიგნალით ან ფასიანი პაკეტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რა მოხდა

ტელემაუწყებლობის უფლება კომუნიკაციების კომისიისგან “ალტ-ინფომ” 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. არხის ყურება აქამდე მხოლოდ “მაგთიკომისა”და “ახალი ქსელების” დაახლოებით 400 000-მდე აბონენტს და, ასევე, რუსთავის და სენაკის მულტიპლექს პლატფორმის მომხმარებლებს შეეძლოთ.

არხმა კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით 6 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა მაუწყებლობის გავრცელება “სტერეო პლიუსის” მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით.

9 სექტემბერს კომისიამ “ალტ-ინფოს” მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის
  • 45-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას.
  • 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ამავე დღეს, სხდომაზე გაირკვა, რომ “ალტ-ინფო” და “სილქნეტი” რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ შეთანხმდნენ და მაუწყებელი “სილქნეტის” პაკეტშიც დაემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ არხი “სიქნეტის” 250 000-მდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

რა საფრთხეს ხედავენ იურისტები

"ალტ-ინფოსთვის" ეროვნული მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, შესაბამისად, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლას, საფრთხის შემცველად მიიჩნევენ იურისტები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რასაც აქამდე ეთერის მეშვეობით შედარებით ვიწრო აუდიტორია ისმენდა, დღეიდან ბევრად უფრო დიდ აუდიტორიისთვის გახდა ხელმისაწვდომი:

“როცა პუბლიკა ფართოვდება, დიდია იმის შანსი, მეტ ადამიანს გაუჩნდეს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის სურვილი” - ამბობს სიმონიშვილი.

5 ივლისის ძალადობრივი აქციიდან დღემდე

5 ივლისს, თითქმის 12 საათის განმავლობაში, “ალტ-ინფო” საგანგებოდ, უწყვეტად, პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. სიძულვილის ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. “ალტ-ინფოს” წამყვანები ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ განცხადებებს თავიანთი ტელევიზიის ეთერით და იუთუბ არხით ამ დღის შემდეგაც ავრცელებენ.

“იმ მოწოდებებმა რა გავლენა მოახდინა 5 ივლისის მოვლენებზე, ეს დღემდე არ არის შესწავლილი და გამოძიებული” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

16 ივლისს პოლიციამ "ალტ-ინფოს" წამყვანების და დამფუძნებლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა და თითოეული მათგანი განყოფილებაში დაკითხავზე გადაიყვანა. თუმცა, სამართალდამცველებმა ყველა მათგანი იმავე დღეს გამოუშვა და ამ დრომდე არც ერთის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

9 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიის სხდომას ესწრებოდა მედიაკოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძეც.

„რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მაუწყებლის დირექტორისთვის, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება?“ - ჰკითხა მან ალტ-ინფოს” დირექტორ შოთა მარტინენკოს, რაზეც მარტინენკომ არ უპასუხა და თქვა, რომ ვერ მიხვდა რა კავშირი აქვს კითხვას სხდომაზე განსახილველ საქმესთან.

“როდესაც ის [მარტინენკო] თავად მოუწოდებდა ხალხს ჟურნალისტებზე ძალადობისაკენ, საინტერესოა, როგორ ხედავს მომავალში [მედიის]საქმიანობას?” - გვეუბნება ნათია კაპანაძე.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა

6 სექტემბერს სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია, რომ ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარსადგენად დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოქმედების ფაქტებზე.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას 2 თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.