ყალბი გზავნილები ევროპული ქვეყნებისთვის რუსეთის დახმარებაზე კორონავირუსთან ბრძოლაში
10.05.2020
ევროსკეპტიციზმი და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება, უკვე იქცა Covid-19-ის თანმდევ “სიმპტომად”. პრორუსული მედია ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირმა წევრი სახელმწიფოები ბედის ანაბარა მიატოვა და მათი მშველელი რუსეთი აღმოჩნდა.

25 მარტს, "საქართველო და მსოფლიომ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით - “ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა”, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “ვლადიმერ პუტინმა იტალიელ ხალხსა და იტალიის ხელმძღვანელობას თანადგომა გამოუცხადა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. კონტემ მადლობა გადაუხადა რუსეთს დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებისთვის”.

alt“რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავით 22 მარტს იტალიაში ჩავიდა სამხედრო ვირუსოლოგებისა და მედიკოსების რვა ბრიგადა, ჩაიტანეს ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფექციის კომპლექტები, აგრეთვე სამედიცინო მოწყობილობა”, - ვკითხულობთ სტატიაში.

რუსეთის გზავნილს იტალიისადმი დიდი განხილვა და კრიტიკა მოჰყვა. რუსეთმა მართლა გაუგზავნა იტალიას დახმარება სლოგანით ”სიყვარულით რუსეთისგან”. თუმცა სინამდვილეში მისია არა რუსეთის ჯანდაცვის, არამედ თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა.

ამ გზავნილზე ბევრი შეფასება დაიწერა იტალიურ მედიაში. მაგალითად იტალიური გამოცემა la stampa წერდა, რომ ამ ჰუმანიტარული დახმარების უმრავლესობა გამოუსადეგარი იყო და სინამდვილეში მას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

ასევე ერთ-ერთ იტალიურ გამოცემაში გავრცელდა ამბავი, რომ იტალიისადმი გაწეული დახმარებისთვის, რუსეთი იტალიის მოქალაქეებს, პუტინისთვის ვიდეორგოლით მადლობის გადახდის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

alt14 აპრილს, იგივე გზავნილებით, “საქართველო და მსოფლიომ” მკითხველს კიდევ ერთი მასალა შესთავაზა. სტატიაში - “ევროკავშირმა სლოვენია ბედის ანაბარა მიატოვა”, გამოცემა სლოვენიის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ “ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სლოვენიას ევროკავშირისგან ერთი ნიღაბიც კი არ აქვს მიღებული და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისა და რეგიონში მეგობრების იმედზეა”.

სად და როდის გააკეთა სლოვენიის პრემიერმა ასეთი განცხადება, მასალაში ამის დამადასტურებელი რამე წყარო მითითებული არ არის. მსგავსი განცხადება არც სხვა ქართულ, მათ შორის არც პრორუსულ საიტზე და არც უცხოურ გამოცემებში არ იძებნება.

altიმავე დღეს, იგივე გამოცემაში, კიდევ ერთი მსგავსი სტატია იძებნება. ამჯერად, გამოცემა მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითით არ კმაყოფილდება. სტატიაში, სათაურით: “რუსეთი ეხმარება სერბეთსა და სირიას კორონავირუსთან ბრძოლაში”, ავტორი გვიყვება, როგორ სთხოვს ყველა დახმარებას რუსეთს. იქვე, გვიკონკრეტებს, რა დახმარებას უგზავნის რუსეთი ამ ქვეყნებს.

რა არის რუსეთის მიზანი


ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, როიტერსი ჯერ კიდევ მარტში წერდა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციით რუსეთი ცდილობს დასავლური ინსტიტუტების სანდოობაში ეჭვი შეიტანოს. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ “რუსული კამპანიის სახით, ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებენ ყალბ ინფორმაციებს ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე და წერენ ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და ზიანის მომტან ინფორმაციებს”.

ევროკავშირის დეზინფორმაციის მონიტორინგის სამსახური - EUvsDisinfo პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა ყალბ ნარატივებს ავრცელებს რუსული პროპაგანდა ევროსკეპტიციზმის გასაძლიერებლად.

ანტიდასავლური გზავნილების ნარატივი დაახლოებით ასეთია:

  • ევროკავშირი ვერ უმკლავდება კრიზისს და ის არის უბედურება ევროპისთვის;
  • ევროკავშირი ვერ ეხმარება წევს სახელმწიფოებს და ისინი სხვა ქვეყნების დახმარებაზე არიან დამოკიდებული (მეტწილად ასეთი დამხმარე ქვეყანა ჩინეთია);
  • ჩინეთი ეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაშინ როდესაც მათ ბრიუსელი დახმარების გარეშე ტოვებს;
  • შენგენის ზონა აღარ არსებობს - ევროპელები კარანტინში არიან, თუმცა, მიგრანტები თავისუფლად გადაადგილდებიან;
იმ ფონზე, როდესაც მთელი სამყარო პანდემიას ებრძვის, ეს გზავნილები ნათლად აჩვენებს რუსეთის მიზანს სასიკეთოდ გამოიყენოს კრიზისი, - გააჩინოს განცდა, რომ პანდემიასთან გამკლავების ძალა მხოლოდ მას შესწევს და ძლევამოსილ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს.

დეტალური ინფორმაცია, სინამდვილეში რა დახმარება გაუწიეს ევროპულმა ქვეყნებმა ერთმანეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : თამთა აბუსელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

  სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მანიფესტი კრიტიკული მედიის დასაცავად
"სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს", - დღეს, 27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ტელეწამყვან ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და  ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ და უზრინველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.

მანიფესტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.

“სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს”, - ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მოუწოდეს:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვახო სანაიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისში და ბათუმში რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მანიფესტს ხელი მოაწერეს. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია და მანიფესტზე ხელმოწერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “TV პირველის”, “მთავარისა” და “კავკასიას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.
ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულებს, აღმკვეთი ღონიძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა.

ბრალდებულები ბრალდებას არ აღიარებენ. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

“კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგი”, “ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი”, “პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი” - ასე აფასებენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.
ვახო სანაიას საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის პროკურატურამ სამ პირს ბრალი შეუწყნარეობლობის მოტივით მუქარის ფაქტზე წარუდგინა. აღნიშნული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 26 თებერვალს იმსჯელებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიენად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ.  ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

უწყებისვე ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ.  იგი თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ვახო სანაიას მონაყოლის მიხედვით, თავდამსხმელები მას თავდაპირელად მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანის გასწორებაში ეხმარებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირბადე მოიხსნა და იცნეს ვინ იყო, მისი მისამართით აგრესიულები გახდნენ. 

სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "ტვ პირველის" მიმართ ჰქონდათ. იგი ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიების მისამართით ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს. ასე შეაფასა მომხდარი არასამთავრობო სექტორმაც. 

ხელისუფლება გვეუბნება, რომ მინდა გაჩუმდე - ზვიად ქორიძე
რატომ არის საშიში ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა მედიის მისამართით, რა სურვილი იმალება ამ გზავნილების უკან, რატომ არის ეს საშიში არამხოლოდ მედიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ამ და სხვა საკითხებზე “მედიაჩეკერი” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრ, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

გუშინ, 25 თებერვალს “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ. არასამთავრობო სექტორმა ჟურნალისტზე თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს უფრო ფართო მასშტაბის მოვლენა, ვიდრე ერთ კონკრეტულ ჟურნალისტზე თავდასხმა?

ხელისუფლებამ გადაამეტა ძალაუფლებას. ხელისუფლების აგრესიული რიტორიკით წახალისებული ადამიანები დადიან ქუჩაში. ადამიანებმა, რომლებიც ან ხელისუფლების კონკრეტული დაჯგუფებების წევრები არიან ანდა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკით წახალისებულნი, დაინახეს ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობისთვის მიუღებელ მედიასთან, იმ ტელევიზიასთან, რომელსაც მუდმივად ლანძღავს და ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლება, და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვახო სანაია თავისი გადაცემებით “TV პირველში” თუ ტელეკომპანია “ფორმულაში”, ყოველთვის გამოირჩეოდა, კრიტიკული კითხვებით, არ ჩქმალავდა თემებს, სვამდა კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში ისმის.

ის კონკრეტულ ადამიანები, რომლებსაც, ალბათ, არ უნდოდათ ყოფილიყვნენ კრიმინალები, სწორედ აგრესიულმა ტონალობამ აქცია კრიმინალად. მათ გადაწყვიტეს ჩაიდინონ დანაშაული და სცემონ ჟურნალისტი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ჟურნალისტი იმ მედიასაშუალების, რომელიც არ მოსწონს მთავრობას. იმ ადამიანებმა შეასრულეს მთავრობის ნება. ეს ძალიან ცუდი პროცესია არა მხოლოდ მედიაგარემოსთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ ეს არის საზიანო მთელი სახელმწიფოსთვის. მთავრობამ გამოამჟღავნა ძალიან მანკიერი მხარე თავისი საქმიანობის.

ფიქრობთ, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკით, ხელისუფლება ამ პროცესებს ახალისებს?

დღეს რას ვისმენთ ჩვენ? ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს დაუშვებელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ადამიანები, გვესმის ასეთი რიტორიკა - კი, ცუდია რაც მოხდა, მაგრამ აბა რა გეგონათ?

არ მოგწონს მედიასაშუალება? არ მოგწონს კრიტიკული კითხვები? გამოთქვი ამაზე საკუთარი აზრი, არ არის საჭირო რომ დახვდე ადამიანს და სცემო ისე, რომ ტვინის შერყევა დამართო მას. სწორედ ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელსაც ახალისებს ხელისუფლება.




საითკენ მივყავართ მსგავს პროცესებს?

ასეთი აგრესული ტონალობა როცა ახასიათებს ხელისუფლებას, განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების, პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის მიმართ, ეს ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ასეთი ტიპის ხელისუფლებას უნდა, რომ იყოს ავტორიტარული. ის ხედავს, რომ ასეთ განწყობას, ასეთ აგრესიულ ტონალობას ვიღაც წამოეგება საზოგადოებაში, ვიღაც იმოქმედებს ამ აგრესიის გავლენით, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოებას ამ აგრესიულობისა და ძალმომრეობის გავლენის ქვეშ ფიზიკურად ვერ მოაქცევს, ძალიან გაუჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება, მოდი, ასე ვთქვათ, აღარ არის დამყოლი საზოგადოება, რომ ხელისუფლება რასაც ეტყვის უკრიტიკოდ მიიღოს.

საზოგადოებას უფრო მეტი ძალმოსილება გაააჩნია, ვიდრე მხოლოდ ცალკე აღებულ მოქალაქეებს. ეს საზოგადოება ამას რომ იღებდეს, მაშინ ჩვენ დიდი ხანია ვიქნებოდით ისეთი ტიპის საზოგადოება, როგორიც არის სხვა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული ქვეყნების. არ ვართ ასეთი ქვეყანა და ეს არის ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომაც, ეს ამ ხელისუფლებას, უბრალოდ არ გამოსდის. მაგრამ გამოსდის ლოკალური აფეთქებები, გამოსდის ის, რომ, მაგალითად, პოლიტიკურ ოპონენტებს ცხვირ-პირი დაულეწოს საარჩევნო კამპანიის პროცესში, დაიჭიროს ისინი, კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ჰქონდეს უხეში დამოკიდებულება, ჰქონდეს ზემოდან ყურების დამოკიდებულება - თითქოს მე შენზე უკეთესი ვარ და როგორ მიბედავ გამაკრიტიკო, და ამით ასეთი განწყობის შექმნით ბოიკოტი გამოუცხადოს მედიას და არ მისცეს საშუალება რომ მათ ინფორმაცია მოიპოვონ დროულად და ხარისხიანად და ა.შ.

თქვენ ძალიან დიდი ხანია აქტიურად აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მედიას, რამდენიმე ხელისუფლების პირობებში გიმუშავიათ. კრიტიკული მედია ყველა ხელისფლებისთვის იყო თავსატეხი, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ყოველთვის ასეთი აგრესიული იყო სახელისუფლებო რიტორიკა? შეგვიძლია, მაგალითად ვთქვათ, როდის დაიწყო ეს ტენდენცია?

ვერ ვიტყვით მაგას კონკრეტულად, როდის დაიწყო ეს “აფეთქებები” პირველად. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი იყო ეს მოცემულობა, თუმცა ამას ყველა სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. თუ თქვენ კარგად გაიხსენებთ, სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო დაკარგა ხალხის ნდობა მიხეილ სააკაშვილმა. იმის გამო, რომ მან საჭიროდ ჩათვალა, ფიზიკურად გასწორებოდა მედიასაშუალებას და ჩაეხშო ხმა, გასწორებოდა ჟურნალისტებს, ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი სწორედ იმ პროცესში, როდესაც მან წააგო. მან წააგო ოპონენტთან, რომელსაც განაცხადი ჰქონდა იმაზე, რომ ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესს არ შეაჩერებდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ტყუილი თქვა ამით ამ ხელისუფლებამ.

მარაზმია ის, რომ ხელისუფლება აკეთებდეს აქცენტს დემოკრატიულობაზე და პარალელურად ყველა კრიტიკული არხის მესაკუთრე თუ მენეჯერი იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. ეს არ არის ნორმალური. მაგალითად, ავთანდილ წერეთელმა ან ნიკა გვარამიამ, გიორგი რურუამ რომ დათმოს თავისი წილი ან გავლენა კრიტიკულ მედიასაშუალებებში, იქნება კი ასეთი რადიკალური მათ მიმართ ხელისუფლება?





წინა ხელისუფლება ახსენეთ და თქვით, რომ მედიაზე თავდასხმები ცუდად შემოუბრუნდათ. გამოდის, რომ ეს პროცესები, ერთი მხრივ, მედიაგარემოს აზიანებს და, მეორე მხრივ, თვითონ ხელისუფლებისთვისაც ძალიან საშიში და საზიანოა

რა თქმა უნდა. თუ შენ მიდიხარ ამ მაგისტრალურ ხაზზე, რომ ყველაფერი შეზღუდო, ყველაფერი ჩაკლა, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების არეალი მოსპო, შენი მთავარი მიზანი თუ ეს არის, მაშინ შენ აკეთებ განაცხადს ავტორიტარიზმზე. აი, ამ დროს უნდა დაფიქრდე, რომ საზოგადოება, მათ შორის შენი ამომრჩეველი, არის კი ამ განწყობის და სურს მას ავტორიტარიზმი? არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც თავად “ქართული ოცნების” ამომრჩეველს უნდა ეს, შეიძლება, ის გაუცნობიერებლად უჭერდეს რაღაცას მხარს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას არ სურს მისცეს დიქტატურის მანდატი ხელისუფლებას.

დღეს მხოლოდ დემოკრატიული განვითარების ცალკე აღებული კომპონენტი კი არ არის საფრთხის ქვეშ. დემოკრატიას თუ საფრთხე დაემუქრა საქართველოში, ეს პირდაპირპროპორციულია ჩვენი დამოუკიდებლობი ხარისხთან.

ხელისუფლების რიტორიკა ხომ არ არის იმ ჩანაფიქრის ნაწილი, რომ შეაგუოს საზოგადოება რეგულირების საჭიროებას?

ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური ხაზი. სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლება პრობლემურია ავტორიტარული მმართველობისთვის. ეს უნდა მოიფიქრო, როგორ შეზღუდო ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები, ამიტომ გვეუბნებიან, არ მომწონს ეს გამოხატვის თავისუფლება, არ მომწონს, მაგალითად, როდესაც შენი დამოკიდებულებას ღიად გამოხატავ და თუ მაკრიტიკებ, რა უფლებით მაკრიტიკებ.

კრიტიკული მედია ავტორიტარულ ხელისუფლებას აზიანებს და ამიტომ მისი პასუხი არის, რომ ეს არ შეიძლება, გვეუბნებიან, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ცილისწამება და ამიტომ ეს უნდა დავარეგულირო. მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხებათ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს თავისუფლებები საზოგადოების, ყველა მოქალაქის უფლებაა.

ეს მხოლოდ მედიისთვის არ არის საზიანო. თუ მედია დასუსტდა, თუ მედიას არ ექნება კრიტიკული პათოსი, ამით დასუსტდება საზოგადოება. თუ მედიას ეს ფუნქცია წავართვით და გავხადეთ მხოლოდ რუპორი (გვაქვს, სამწუხაროდ, ასეთი მედიები), რას მივიღებთ? სწორედ უკრიტიკობა არის მაჩვენებელი ავტორიტარიზმის. კრიტიკული სივრცის შემჭიდროება, ჩახშობა, აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს არის სახიფათო.

ძალიან საშიშ ტენდენციაზე საუბრობთ. და, როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ვითარებიდან გამოსავალი?

არამარტო ჟურნალისტები, არამარტო პოლიტიკოსები, ნებისმიერი მოქალაქე უნდა იაზრებდეს იმას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ქვეყანაში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი.

ამ პროცესებიდან შედეგი შეიძლება მივიღოთ, რომ ადამიანს აღარ უღირდეს საკუთარი აზრის გამოთქმა. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მინდა გაჩუმდე, ხმა არ უნდა ამოიღო და არ უნდა გაგიჩნდეს იმის სურვილი, რომ გამოთქვა საკუთარი აზრი. დემოკრატიული ღირებულებები ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს. გამოხატვის თავისუფლება არ არის პრივილეგია, ყველა მოქალაქეს სჭირდება ეს და ყველამ უნდა იბრძოლოს გამოხატვის თავისუფლებისთვის.
“მედიააკადემიას“ სასამართლომ IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება დაავალა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კომუნიკაციების კომისიის ააიპ-ისგან, “მედიააკადემიისგან” საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო.  ორგანიზაციამ უარი ჯერ კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა, მათგანაც უარის მიღების შემდეგ კი სასამართლოს მიმართა.  25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და  “მედიააკადემიას”, საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 IDFI-მ “მედიააკადემიიდან” სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა 2020 წლის 24 იანვარს გამოითხოვა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, “მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით და მასზე არ ვრცელდება სზაკ-ის მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2020 წლის 28 თებერვალს, IDFI-მ უარი კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა, ვინაიდან, ორგანიზაციის განმარტებით, კომისია წარმოადგენს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოს, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” არის ანგარიშვალდებული. “მედიააკადემიის” წესდების თანახმად, კომისია განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმას, ამტკიცებს მის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. კომისიის თავმჯდომარეს კი აქვს “მედიააკადემიის” აღმასრულებელი დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაციამ 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება მოითხოვა, გამომდინარე იქედან, რომ ის არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით. 

2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხე მხარეს მოთხოვნილი ინფორმაციის მოსარჩელისათვის მიწოდება დაავალა.

„სასამართლო დავის აღნიშნული გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი ვერ აირიდებენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას“, - აცხადებენ IDFI-ში.