12.11.2015
სპეციალური თეგებისა და საძიებო სისტემების საშუალებით შეგიძლიათ მთავარ მოვლენებს დროსა და სივრცეში გაჰყვეთ. ტვიტერს იყენებენ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანები, პოლიტიკოსები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფებაც კი.
ISIS-ის მიერ სოციალური მედიის გამოყენება მედიამკვლევრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ოქსფორდში,როიტერის ინსტიტუტის ფარგლებში, მოქმედ ჟურნალისტთა მიერ ჩატარებული კვლევების ნაწილიც ცხადყოფს, თუ როგორი გამოცდილი და სოციალურ მედიაში კარგად გათვიცნობიერებული ადამიანები მუშაობენ მათთვის.
როდის ჩამოყალიბდა ტვიტერი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების წყაროდ? ალბათ, 2010 წლიდან მოყოლებული, როდესაც ირანში არსებული ცენზურის პირობებში თეირანის მთავარ მოედანზე მიმდინარე მოვლენების მთავარ წყაროდ იქცა საერთაშორისო მედიისათვის, მაშინაც, როდესაც ინფორმაციის ერთადერთი გამტარი იყო 2011 წელს,ეგვიპტის რევოლუციის დროს თუ “არაბული გაზაფხულისას”.
საიტზე ინფორმაციის უმრავლესობა ტვიტერიდან მიაქვს გერმანიის ერთ-ერთ გავლენიან მედიასაშუალებას. “შპიგელ ონლაინში” სპეციალური მორიგეები ჰყავთ, რომლებიც სოციალურ ქსელს ღამით ამონიტორინგებენ, რათა ამერიკის კონტინენტზე განვითარებულ მოვლენებს დროსა და სივრცეში მიადევნონ თვალი. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ბრიტანეთში, საფრანგეთშიდა შტატებშიც. მედიასაშუალებები ტვიტერს ინფორმაციის გავრცელების მთავარ საშუალებად იყენებენ.
რა არის ტვიტერი? ეს არის მიკრობლოგის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ მხოლოდ 140 სიმბოლო, ვწეროთ ლაკონიურად და სრული ინფორმაცია ლინკებით გავავრცელოთ. თავის დროზე ტვიტერს ეკუთვნის ყველა ის ნოვაცია, რასაც ახლა სხვა სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვიყენებთ: ჰეშთეგი, ტრენდები, სოციალური ქსელების ერთმანეთთან დაკავშირება და სხვა. ტვიტერის გვერდზე არსებული ტრენდები კი გვეხმარება, ადვილად მოვძებნოთ მსოფლიოში აქტუალური თემები (Worldwide trends) ან ჩავშალოთ ქალაქებისა და ქვეყნების მიხედვით.
ტრენდების ამ ჩამონათვალში საქართველო არ არის. აქ მოსახვედრად მხოლოდ მისი გამოყენება არაა საკმარისი. მაგალითისთვის, უკრაინის ინტერნეტაქტივისტებმა ტვიტერს ოფიციალური პეტიციით მიმართეს, სადაც ასაბუთებდნენ ტრენდებში უკრაინის არსებობის საჭიროებას. პეტიციას 250 ათასი ხელმოწერაც ამყარებდა. რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა დორსეის კომპანიისთვის.
რა არის ტვიტერი ჩვენთვის, ქართული მედიისა და საზოგადოებისათვის? სამწუხაროდ, ამ ქსელის ათვისება ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვახერხეთ ენის არცოდნისა გამო, ვერ მოვახერხეთ იმიტომ, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობს ინგლსურენოვანი მედია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვფიქრობთ, რომ ჩვენთან მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბები რამენაირად მაინც მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
მაგალითისათვის 13 ივნისის მოვლენებიც კმარა. 20-მდე დაღუპული ადამიანი, წყობიდან გამოსული საკომუნიკაციო სისტემები დედაქალაქში, სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითი და სხვა, საერთაშორისო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. ერთადერთი, რამაც მსოფლიო მედიის პირველი გვერდები მოიცვა, გმირთა მოედანზე მოსეირნე ჰიპოპოტამი იყო (ამბავი AP-მ გაავრცელა). რამდენიმე დღეში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. საერთაშორისო მედია კი კვლავ ტვიტერზე ეძებდა ამბებს უშედეგოდ და 2-3 კაცის მიერ გავრცელებული ტვიტებით იღებდა ინფორმაციას, შემდეგ მათთან რეკავდა,ამზადებდაინტერვიუებს თუ პირდაპირ ჩართვებს.
ეს მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობლად, აზერბაიჯანსა და სომხეთში, გაცილებით რთული პირობების, ცუდი ინტერნეტისა და დემოკრატიის დაბალი ხარისხის მიუხედავად, ზუსტად იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ტვიტერი. 13 ივნისიდან მცირე ხანში ერევანში ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდის თაობაზეგამოსვლები იყო. აქცია პოლიციამწყლისჭავლით დაშალა. ტვიტერზე სწრაფადვე გაჩნდა შესაბამისი ჰეშთეგი, რომელსაც მოქალაქე აქტივისტები სწრაფად ავრცელებდნენ.
ახლაც, როდესაც საქართველოში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს მედიის კუთხით, ტვიტერზე ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ მოიპოვება. ქართულ მედიასაშუალებებსა და კომპანიებს ტვიტერის ექაუნთიზრდილობის გულისთვის აქვთ გაკეთებული და,უმეტესწილად, სპამის რეჟიმში აახლებენ ფეისბუკის გვერდიდან.
გარკვეულ სფეროში პოპულარობის მიუხედავად, დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ტვიტერი კვდება, რადგან ფეისბუკისა და სხვა სოციალური ქსელებისაგან განსხვავებით, არ ვითარდება. როგორც ჩანს, ამ აზრმა მის დამაარსებლამდეც მიაღწია, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჯგუფისათვის გაგზავნილ მეილშიისიმ გეგმებზე საუბრობს, რომლებიც ტვიტერის გაძლიერებას სჭირდება. მეილიდან ცოტა ხანში კი ტვიტერზე გამოჩნდა დარეკლამებული ანგარიშები და მოძრავი ვიდეოები.მიუხედავად ამისა, ტვიტერის ძალა საფრანგეთის მოვლენებმა ისევ დაგვანახა. ადამიანები ინფორმაციის მისაღებად ტვიტერს უფრო ადევნებდნენ თვალს ვიდრე ფეისბუკს, მედიასაშუალებები ტვიტერზე დებდნენ პირდაპირ ჩართვებს კიდევ ერთი სოციალური ქსელის, პერესკოპის მეშვეობით, რომელიც ტვიტერის შვილობილი კომპანიაა. ასეთი ექსტრემალური ვითარებები კარგად აჩვენებს ამ სოციალური ქსელის შესაძლებლობებს.
და ბოლოს: ქართულენოვანი ინტერნეტაუდიტორია ძალიან ხშირად სვამს კითხვას: რაში გვჭირდება ტვიტერი საქართველოში მაშინ, როცა ფეისბუკი არსებობს? სინამდვილეში,არც არაფერში. ეს სოციალური ქსელი ჩვენთან ვერასოდეს გახდება პოპულარული, რადგან ქართულენოვანი აუდიტორია (ყოველ შემთხვევაში,ისინი, ვინც სოციალურ მედიას აქტიურად იყენებენ) ტვიტერის მასშტაბებისათვის ძალიან მცირეა. ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის საერთაშორისოდ გავრცელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.
თამარ კარელიძე