ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ საზმაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები აბსურდია
07.04.2022
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ვასილ მაღლაფერიძემ ბორდის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შესარჩევად, საკონკურსო კომისიის კითხვებს უპასუხა - მათ შორის „შავ სიების“, ცენზურისა და შრომის უფლებების დარღვევის საკითხებზე.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი ვასილ მაღლაფერიძე, ბორდის წევრობისთვის იყრის კენჭს.

მაღლაფერიძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 2017-დან 2020 წლის აგვისტომდე იყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტელევიზიიდან ათობით თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.

მოკლედ: რა ირკვევა მისი პასუხებიდან:

ვასილ მაღლაფერიძე ფიქრობს, რომ:

  • მაუწყებლის მიმართ ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები “აბსურდია“.
  • წარსულში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობა მას ობიექტურობაში ხელს არ უშლის და ამას „პირველ არხში“ მისი განვლილი პერიოდი ადასტურებს“.
  • კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს.

ვასილ მაღლაფერიძის ხედვა

  • თავის კონცეფციაში მაღლაფერიძემ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში გადასვლაზე და ბორდის მხრიდან არხის მიუკერძოებლობის კონტროლზე ისაუბრა.
  • იგივე საკითხები წამოწია გასაუბრებაზეც, და თქვა, რომ “უმთავრესი ამოცანა არის ახალ შენობაში უმტკივნეულოდ გადასვლა”.
  • მისი თქმით, გადასვლის პერიოდში ბორდს ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და მზად უნდა იყოს ამისთვის.
  • მან ასევე ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის მიუკერძოებლობაზე - მის კონტროლსა და მეთვალყურეობაზე, რა მიმართულებაც, მისი თქმით, სამაურვეო საბჭოს გასაძლიერებელი აქვს.

ბრალდებები ე.წ. შავი სიებსა და ცენზურაზე

გასაუბრებაზე, ვასილ მაღლაფერიძემ „აბსურდი“ უწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. „შავი სიებისა“ და ცენზურის არსებობის შესახებ ბრალდებებს და თქვა, რომ ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში ამ საკითხის გამოკვლევას არ აპირებს.

„შეუძლებელია რაიმის განხილვა, რადგან საბუთები არ არსებობს“ - თქვა მან.

ვრცლად ამ თამაზე: საზ.მაუს “შავი სია” და დაბლოკილი სიუჟეტები - ჟურნალისტები სახელებს ასაჯაროვებენ

კითხვები მის მიუკერძოებლობაზე

2021 წლის 16 იანვარს, ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა და ეს თანამდებობა ორ თვეში დატოვა.

ბორდის კანდიდატებთან გასაუბრებაზე მაღლაფერიძე ამბობს, რომ ეს მის პოლიტიკურ მიუკერძოებლებზე არ იმოქმედებს.

  • „მე მაქვს პრეტენზია, რომ სადაც ვმუშაობ, იქ ვარ ობიექტური და იქ ამას არ გამოვხატავ და ასეთ ფაქტს ვერ ნახავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, სტერილური ადამიანი არ არსებობს და მე ამას არ ვმალავ. მე მქონდა პოზიცია და გამჭვირვალე ვარ საზოგადოების წინაშე. ნათელია, სადაც ვიყავი და რასაც ვუჭერდი (მხარს) პოლიტიკურად“- უპასუხა IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელს, გიორგი დავითურს მაღლაფერიძემ.
  • მაღლაფერიძის თქმით, მისი ობიექტურობის გარანტია ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორად მუშაობდა და ის დასკვნები, რაც არხზე იმ დროს გაკეთდა.
  • „ჩემი წვლილიც არის იმაში, როდესაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტელევიზია“ - განმარტა მან.

დირექტორობისას შეუსრულებელი დაპირებები და ხედვა საშტატო განრიგზე

„რატომ უნდა დაგიჯეროთ დღეს, როდესაც ის დაპირებები, რომლებიც დირექტორობისას გაეცით, არ შესრულდა?“ - ჰკითხა რეიტინგის ზრდასა და რეგიონული ოფისების გახსნასთან დაკავშირებით, ვასილ მაღლაფერიძეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

  • „მე არ მითქვამს რომ უნდა დამიჯეროთ… მე ვთქვი, რომ თუ ეს ვერ შევასრულე, 2 წელიწად ნახევარში გადავდგები-მეთქი და შეგიძლიათ ნახოთ, რომ როცა კითხვები გაჩნდა, გადავდექი.“ - უპასუხა მარლაფერიძემ.

გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხი

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2017-2019 წლებში, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 300 000 ლარამდე კომპენსაციის გადახდა მოუხდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაუწყებელში საშტატო განრიგის არარსებობა იყო.


ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ, მისი არჩევის შემთხვევაში, მენეჯმენტთან საშტატო ნუსხის საკითხის დაყენებას არ აპირებს, „იმიტომ რომ, ეს, პრაქტიკულად არ არის საჭირო. ეს თანამშრომლების ცხოვრებაში არაფერს არ ცვლის, არც მათ შრომით უფლებებთან დაკავშირებით“.

მან დასძინა, რომ საშტატო ნუსხის აუცილებლობაზე კანონმდებლობიდან მუხლი საერთოდ ამოსაღებია:

  • „ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერი თანამშრომელი 3 წლის შემდეგ ავტომატურად ხვდება შტატში. შტატი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს ასეთი რამ პრაქტიკაში და ეს არის თავის სირთულეებთან დაკავშირებული.
  • მე მგონია, რომ სულ უნდა ამოვიღოთ ეგ მუხლი საერთოდ და დამთავრდება ეგ თემა. აუთსორსზე უნდა გადავიდეს ეს ტელევიზია.“

კონტექსტი

ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ.

2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 12 კანდიდატის სია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შესარჩევად საქართველოს პარლამენტმა საკონკურსო კომისია 31 მარტს დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 3 – „იმედის“ ჰოლდინგშია დასაქმებული - ბაკურ ბაკურაძე, ეკა მელქაძე და ნინო მეუნარგია. კომისიის თავმჯდომარე რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა. ის პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ