საზ.მაუს “შავი სია” და დაბლოკილი სიუჟეტები - ჟურნალისტები სახელებს ასაჯაროვებენ
25.03.2022
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” სამი ჟურნალისტი ცენზურისა და ე.წ შავი სიების დეტალებზე საუბრობს.

პირველ არხზე ამჟამად გაჩერებული გადაცემა “ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა იმედა დარსალიამ პრესკონფერენციაზე “ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული საერთაშორისო ექსპერტების “შავი სია” წაიკითხა”.

შავი სია- ანუ ის რესპონდენტები, რომელთა ჩაწერაც, დარსალიას თქმით, ჟურნალისტებს არხის მენეჯმენტის მხრიდან ეკრძალებოდათ.

  • რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა:
  • განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი
  • ასევე ბუკა პეტრიაშვილი
  • თინა ხიდაშელი
  • ლაშა ბაქრაძე ისტორიულ სიუჟეტებზე, ძირითადად საბჭოთა კავშირის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებზე.
  • ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ეკა აკობია
  • კავკასიოლოგი - ლევან ჯეჯელავა
  • ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა - ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო.

დაბლოკილი თემები - საერთაშორისო თემებზე მომუშავე კონკრეტულ ჟურნალისტს დაუბლოკეს:

  • საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში.
  • ბელარუსის აქციები - არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო.
  • ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან - "როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ ცუდი რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია".

იმედა დარსალია ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა, რაც დიდი ბრძოლების შემდეგ დაბრუნდა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
  • “პოლიტიკა დააბრუნებინა გადაცემის ხელმძღვანელობას ეთერში, თუმცა პრობლემები ძალიან ცოტახნით მოგვარდა, ცენზურის მცდელობა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევები კვლავ გრძელდებოდაო”, - ამბობს დარსალია.

პოლიტიკის მიმართულების ჟურნალისტი თამთა ჯანაძე ცენზურის კონკრეტულ შემთხვევებზე:

  • მენეჯმენტი ცდილობდა სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო სიუჟეტიდან ან შეემოკლებინა.
  • უჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ მწვავე თემებზე მუშაობა, რადგან ეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს თემები იმდენად “გადაიღეჭებოდა” მოამბეში, რომ საინტერესო აღარ იქნებოდა: ლუკა სირაძის, სარალიძის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმეები, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გაშუქება.

ჯანაძე ამბობს, რომ “არასასურველ” რესპონდენტებს მენეჯმენტის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წერდნენ, მაგრამ ეს ხანგრძლივ კონფლიქტებს ნიშნავდა მენეჯმენტთან.

  • მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომზადებული სიუჟეტი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებასა და მეორე ტურის თემაზე - “გადაცემაში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოჭრა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები და ცესკოს მონაცემების მიხედვით გაკეთებული გრაფიკა, საიდანაც ირკვეოდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 6 წლის განმავლობაში მხარდამჭერთა იგივე რაოდენობა დაკარგა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 წლის განმავლობაში”.
  • ოპოზიციის წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტის თემაზე სიუჟეტი უნდა გასულიყო, მაგრამ წინა დღით პროსდიუსერმა დაურეკა და უთხრა, რომ ქრონომეტრაჟის უკმარისობის გამო სიუჟეტი ეთერში ვერ გავიდოდა.
  • ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელშიც ექსპერტი ბექა კობახიძე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტსა და კორცხელის ინციდენტს ერთმანეთს ადარებდა და ამბობდა, რომ ხელისუფლება შერჩევითი სამართლის მომხრეა და პროდიუსერი კატეგორიულად ითხოვდა ამ მონაკვეთის ამოღებას ან სინქრონის შემოკლებას.

“პირველი არხის” სამივე მოქმედი ჟურნალისტის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს და მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შესაძლო ხელშეშლისა და დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით სახალხო დამცველს მიმართავს.
  • “ახალი კვირის” სოციალური მიმართულების ჟურნალისტი სოფო ზედელაშვილი ამბობს, რომ არხის მენეჯმენტმა თავიანთ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტებები სთხოვა, რაც უკვე მიაწოდეს და იმედი აქვს, რომ შიდა მოკვლევა ჩატარდება.
  • “იმედი მაქვს, სამართლიანად გამოიკვლევენ ამ ყველაფერს და ის ადამიანები, ალბათ, პასუხს აგებენ სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვა დროს აღარ განმეორდეს ეს ფაქტი. “, - ამბობს იმედა დარსალია.

"პირველმა არხმა" მაუწყებელში ცენზურასა და “შავის სიების” არსებობაზე ბრალდებები 17 თებერვალს უარყო და მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია უწოდა.

ამ თემაზე: დეტალები მოკლედ: რა ვიცით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ