საქართველო
კატეგორია - საქართველო


როგორც წესი, ყოველ წელს, აღდგომის ღამეს ქართული ტელეარხების უმეტესობა სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირ ეთერში აჩვენებს. ვნახოთ, რა ნახა მაყურებელმა ტელევიზიების ეთერით ამჯერად, 2024 წლის აღდგომის ღამეს?!

„იმედი“

2024 წლის აღდგომის ღამეს „იმედმა“ სააღდგომო ლიტურგიის ნაცვლად, მაყურებელს პირდაპირ ეთერში ქართული ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ შესთავაზა.

4 მაისს ტელეკომპანია "იმედს" არ გაუშუქებია აღდგომის ერთად შესახვედრად ადამიანების შეკრება 23:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

23:00 საათიდან არხის სატელევიზო ბადეში მოხვდა: „სტუმრად შუა ქალაქში“, „ვერის უბნის მელოდიები“, გვიან ღამით კი - მხატვრული ფილმი „გაიცანით ჯო ბლექი.“

„პოსტვ“

სააღდგომო ლიტურგია ვერ მოხვდა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის პირდაპირ ეთერშიც.  4 მაისს, 22:30-დან 23:48 საათამდე ტელევიზიის ეთერში რუსული სერიალი გადიოდა. 23:50 საათზე ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ კი - ისევ რუსული სერიალი.

"იმედის" მსგავსად, 4 მაისის ღამეს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები არც "პოსტვ"-ის გაუშუქებია. 

ამ ტელევიზიებს მაყურებლებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ აქციის - „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიასა და პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, რათა აღდგომას ერთად შეხვედროდნენ. აქციის მონაწილეებმა ლოზუნგი - „მამული, ენა, ერთობა, სარწმუნოება“ სანთლებითა და ლაზერული გამოსახულებითაც დაწერეს. 

აღსანიშნავია, რომ პროტესტანტ ახალგაზრდებს რუსული კანონის მომხრეები „სარწმუნოების“ უარყოფაში ადანაშაულებდნენ.

May be an image of one or more people, heart and text

"საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი"

აღდგომის ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს". "პირველმა არხმა" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ეთერი მაყურებელს სრულად, 03:30 საათამდე შესთავაზა. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები არც "პირველი არხის" ეთერში მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე 4 მაისს 23:20 წუთზე საინფორმაციო გამოშვების სპეციალური ეთერი დაიწყო. "კურიერი" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ჩართვით გაიხსნა. შემდეგ აჩვენეს რუსთაველის გამზირი და ქაშუეთი. წამყვანმა, სანდრო კაჭახიძემ მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, ვინ და რისთვის იყო შეკრებილი ეკლესიასთან. აღნიშნა ისიც, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. საინფორმაციო გამოშვებაში ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან ჩაერთო ჟურნალისტი, ბექა პატურაშვილიც. როგორც პატურაშვილმა თქვა,  ეს იყო აქციის უპრეცედენტო ფორმა, როდესაც რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას საპროტესტო აქცია ერწყმის. 

სხვა ტელევიზიები

ტელეკომპანიებმა: „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ კი 4 მაისს პირდაპირი ეთერი აღდგომის ერთად შესახვედრად შეკრებილებსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს.

 
კატეგორია - საქართველო



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა. 

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. ამ ღამით 40 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. 

18 ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევისთვის საქართველოს მთავრობას 5000 ევროს გადახდა დაეკისრა. ეს ჟურნალისტები არიან: მერაბ ცაავა, ბესლან კმუზოვი, ზაზა სვანაძე, თამარ ბაღაშვილი, გვანცა ნემსაძე, ანა ვახტანგაძე, ნინო ხოზრევანიძე, თორნიკე კოშკაძე, გურამ მურადოვი, გიორგი ჭუმბურიძე, ეკატერინე აბაშიძე, გიორგი დიასამიძე, დავით შეყილაძე, დიმიტრი ფოჩხიძე, ირაკლი გიორგაძე, ნიკოლოზ შარვაშიძე, თეიმურაზ დიდბერაშვილი და ვახტანგ ბერიკაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა: დავით ქურდოვანიძის, მაკო გომურის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანის მიმართ.

მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეული წარმომადგენლის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დღეს გამოიტანა. 

საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია აქცია, სადაც პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.

 
კატეგორია - საქართველო


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე უწყებაში 80 შეტყობინება შევიდა, რომელიც აქციის მონაწილეებისა და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყებიდან დღემდე 67 პირი, მათ შორის 9 ჟურნალისტი გამოკითხა, სამედიცინო ექსპერტიზა კი 30 მოქალაქეს ჩაუტარდა.
 
სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
 
„სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები; 
 
მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები;
 
გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან, გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის პროცესი და მათი შესწავლა. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;
 
მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას;
 
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
 
კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2024 წლის აპრილისა და მაისში ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
 
მიმდინარე საქმის ფარგლებში სამსახურმა 1 მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით:
 
„ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.
 
გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;
 
სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით; შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;
 
სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის“.
 
კატეგორია - საქართველო

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ქართული პრესის თავისუფლება 100 -დან 53.05 ქულითაა შეფასებული. 180 ქვეყანას შორის კი, საქართველო 103-ე ადგილს იკავებს. 

გასულ წელს ქართული პრესის თავისუფლება 61.69 ქულით იყო შეფასებული და რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ 1 წლის განმავლობაში საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი 8.85 ქულით შემცირდა და 26 ადგილით ჩამოქვეითდა. 

“ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“  საქართველოში არსებული მედია გარემოს შეფასებისას აღნიშნავს, რომ მედიასაქმიანობაში ოფიციალური მხარეების ჩარევა აფერხებს პრესის თავისუფლების გაუმჯობესებას, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიასაშუალებებისთვის კი მედიაგარემო მტრულია - ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის ფაქტების რაოდენობა იზრდება. ასევე, ნათქვამია, რომ არის მცდელობა ქვეყანაში მიიღონ კანონი, რომელიც დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებას მოახდენს და თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის სივრცეს შეამცირებს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  პრესის თავისუფლების ინდექსს 5 კონტექსტური ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ესენია : პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი და უსაფრთხოება.

ქულა კი გამოითვლება ორი კომპონენტის საფუძველზე:

მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის რაოდენობრივი მაჩვენებელი მათ საქმიანობასთან დაკავშირებით;


ნახეთ საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი რუკაზე: 

https://rsf.org/en/map-2024-world-press-freedom-index

 
კატეგორია - საქართველო


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის 1 მაისის განცხადებით, „შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს“. 

„მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.  

ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა“.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი, რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.
 
 
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ  და აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.
 
 
დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.

განცხადების სანახავად გადადით ბმულზე.

 
კატეგორია - საქართველო


პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ნიკა საჯაიას და სალომე ბოკუჩავას.
 
„მთავარი არხის“ ოპერატორებს: ზუკა ჩხირკვია, ავთო მესხი და ლუკა ლავრელაშვილი.
 
სამართალდამცველმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც. 
 
რეზინის  ტყვიები მოხვდა ჟურნალისტს დავით თამაზაშვილს.
მედიის წარმომადგენელები დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ 30 აპრილის აქციის დარბევის დროსაც. 
 
საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება. აქცია დაგეგმილია დღესაც, 19:00 საათზე. 

კატეგორია - საქართველო

პარლამენტში გუშინ, 23:00 საათიდან ამოქმედებული უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათზე გაუქმდება და მოქმედებას ყვითელი დონე დაიწყებს.
 
უსაფრთხოების დამატებითი ზომების გამო საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები: ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება.

პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, „წითელი დონის დროს შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".

უსაფრთხოების ყვითელი დონე კი ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს და შენობაში მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლები დაიშვებიან.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზანი პარლამენტის განცხადებით, შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებისას ონლაინ მედიის ჟურნალისტებს შენობაში სწორედ, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო არ უშვებენ.

დაწესებული შეზღუდვები მიმდინარე კვირაში ნაწილობრივ ტელემედიის წარმომადგენლებსაც შეეხოთ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი, რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ  და აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.

დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.
კატეგორია - საქართველო
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 30 აპრილსა და 1 მაისს საპოლიციო ძალების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას გმობს და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, რამდენჯერმე დაარბიეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. საპოლიციო ძალები იტაცებდნენ ადამიანებს და დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორცული ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. 

ამ პროცესში საპოლიციო ძალების სამიზნე აღმოჩნდნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. მათი ერთი ნაწილის მიმართ საპოლიციო ძალებმა სპეციალური საშუალებები, კერძოდ, წიწაკის სპრეი, გამოიყენეს, ხოლო მეორე ნაწილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

,,ტვ პირველის” ცნობით და და ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა ,,ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე (ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე) იძალადა  - მათ ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ,,ტვ პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს (გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს). ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით,  მათ  ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში „პუბლიკას“ რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე, სრულიად მშვიდობიანად მდგომი, პოლიციელებმა ჯერ კორდონში შეითრიეს, სადაც მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც პოლიციელები მიხვდნენ, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ჟურნალისტი იყო, მათ რობი ზარიძის პატრულისთვის გადაბარება გადაწყვიტეს, თუმცა პატრული ვერ იპოვეს და საბოლოოდ ჟურნალისტი გაუშვეს. მას დაუბრუნეს ჩამორთმეული ტელეფონიც, თუმცა დაზიანებული. 
 
პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს, რომელსაც ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, მას უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  
ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის” ცნობით, დაშავდა ასევე CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ საპოლიციო ძალების მხრიდან უკანონო ქმედების და ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა და მოძალადეები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ. ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
 
კატეგორია - საქართველო


30 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები დაშავდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.
სპეცრაზმელებმა მუშაობაში უკანონოდ ხელი შეუშალეს ტელეკომპანია "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფებს, ონლაინ გამოცემების: "პუბლიკა", "აი, ფაქტი" და CNews Exclusive-ის ჟურნალისტებს. დაშავდნენ ფოტოჟურნალისტებიც.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით "მედიაომბუდსმენმა" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. გუშინდელი აქცია სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. პრეცრაზმელები სცემდნენ აქციის მონაწილეებსაც.
შსს-ის ცნობით, გასულ ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯამში, 63 პირი დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება.
პარლამენტთან აქცია დაგეგმილია დღესაც, 17:00 საათზე.
 



კატეგორია - საქართველო

საერთაშორისო მედიის გამოხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - „არა რუსულ კანონს“


თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციები საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოხვდა. არაერთი ამერიკული თუ ევროპული გამოცემა წერს და ჰყვება ამბავს, თუ რა მოხდა 30 აპრილის ღამეს, როგორ და რა მეთოდებით დაარბია პოლიციამ მომიტინგეები.

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული გამოცემა - New York Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქრონოლოგიურად, საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს და განმარტავს, რას ნიშნავს ახალი კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს მთავრობა ხელმეორედ ცდილობს.

 New York Times-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში ამავე კანონის ინიცირებას, ასევე მასშტაბური აქციები მოჰყვა და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევა მოუწია, თუმცა, ამჯერად როგორც ჩანს, ისინი უფრო თვითდაჯერებულები არიან, რომ კანონს დაამტკიცებენ. 

სტატია რუსულ კანონთან შედარებასაც გვთავაზობს და აღწერს, თუ როგორ გახდა 2012 წელს რუსეთში ანალოგიური კანონი იარაღი კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ. ასევე, როგორ იქცა კრიტიკული მედია ორგანიზაციების ჩასახშობ ბერკეტად. აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი კანონი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყირგიზეთმა და ყაზახეთმა მიიღო.

სტატიაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა პროტესტის - „არა რუსულ კანონს“  მონაწილეები წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. 

თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა უმსხვილესი ამერიკული  ტელევიზიები: NBC NEWS და abc 



NBC NEWS-მა აქციის დარბევის კადრები გამოაქვეყნა და ამბავს ვრცელი სტატიაც მიუძღვნა სახელწოდებით: " ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.“

ტელეკომპანიამ გამოცემა "როიტერზე" დაყრდნობით, 30 აპრილს განვითარებული მოვლენები დეტალურად აღწერა, მათ შორის: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკური ძალადობა, დემონსტრანტების მხრიდან სხვადასხვა ხელოვნური ბარიკადებით გადაკეტილი ქუჩები და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. მედიამ ფართოდ მიმოიხილა გასული მოვლენები, თუ რატომ და როგორ გახდა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი პროტესტის საგანი. სტატიაში საუბარია საერთაშორისო გამოხმაურებებზეც, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ან ამერიკულ სტანდარტებთან. 



მსგავსი სახელწოდების მასალა გამოაქვეყნა ტელეკომპანია abc-მაც. 

“ საქართველოს დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის მონაწილეების დასაშლელად რომელბიც პარლამენტის შენობის წინ იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარებლებად რეგისტრაციას მოსთხოვს“ - abc news.

ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებულ ახალ ამბავში ნათქვამია, რომ ათასობით დემონსტანტი ქუჩაში იმ მოტივით შეიკრიბა, რომ მათი აზრით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დიდი ხნის მიზანსა და სურვილს - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააშუქეს ბრიტანულმა და ევროპულმა გამოცემებმაც.

ბრიტანულმა ყოველდღიურმა გამოცემა The Guardian-მა თბილისურ პროტესტზე ვრცელი ბლოგი და ვიდეო მასალა მოამზადა. ბლოგში ქრონოლოგიურად, პუნქტებად არის აღწერილი 30 აპრილის ღამეს მომხდარი ფაქტები. ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს. აღნიშნულია, რომ ისინი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც დასავლური ქვეყნების შეშფოთების საგანია, რადგან ისინი მას ავტორიტარულ  და რუსეთის ინსპირირებით შექმნილ კანონპროექტად მიიჩნევენ. "გარდიანს" არ გამორჩენია "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის", ლევან ხაბეიშვილის უმოწყალოდ ცემის ფაქტიც. 

გამოცემა მკითხველს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ევროპარლამენტარისა თუ საერთაშორისო ექსპერტის შეფასებასაც სთავაზობს.
 


ონლაინ გამოცემა Politico საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს პროევროპულ აქციებს უწოდებს და ამბობს, რომ პროტესტის დროს ათობით ადამიანი დააკავეს. 




ევროკავშირის პოზიციასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე აკეთებს აქცენტს Al Jazeera. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა საქართველო გააფრთხილა, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსს საფრთხე შეუქმნას. 



თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გააშუქეს ისეთმა მედიაორგანიზაციებმაც, როგორიც არის: BBC, France 24, Reuters, AP, DW, le Monde.


 
ავტორი: ანი არველაძე
კატეგორია - საქართველო


4 წლის შემდეგ "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანის, თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო.
ბაკურიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს" დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს.
აჭარის ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ის სამსახურიდან 2020 წელს გაათავისუფლა.
ტელევიზიას გათავისუფლებული ჟურნალისტისთვის ექვსი თვის ხელფასის სახით კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა, სავარაუდოდ, ვერაღდგენისთვის. მოსარჩელე მხარე ბაკურაძის მიმართ დისკრიმინაციის დადგენასაც ითხოვდა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.
თეონა ბაკურიძის განცხადებით, დისკრიმინაციისა და კომპენსაციის რაოდენობის საკითხზე დავას სასამართლოში გააგრძელებს.
"მედიაჩეკერთან" საუბრისას ბაკურიძე ამბობს, რომ „გათავისუფლების დროს მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ და მისმა იურისტებმაც იცოდნენ, რომ კანონს არღვევდნენ, მაგრამ მათთვის მთავარი დროის მოგება იყო, 4 წლის შემდეგ ბრძანების ბათილობა კოხრეიძისთვის არაფერს ცვლიდა, მთავარი იყო იმ მომენტში ჩამოვეცილებინეთ სარედაქციო პოლიტიკისთვის. სამსახურში არ აღმადგინეს, დაკისრებულ კომპენსაციას კი კოხრეიძე ჯიბიდან არ იხდის. ეს მაუწყებლის ბიუჯეტს აზარალებს".
სააპელაციომდე ჟურნალისტის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.
ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ბაკურიძის საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მოწმეებისთვის კითხვებიც კი არ დაუსვამს.
თეონა ბაკურიძის თქმით, იმედი რომ სააპელაციო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათილად ცნობდა, არ ჰქონდა, თუმცა, კეთილსინდისიერი მოსამართლეების არსებობის სჯეროდა.
„თუ ასეთ ხელში მოხვდებოდა საქმე, იყო სამართლიანი გადაწყვეტილების შესაძლებლობა. ასეთ ხელში კი იშვიათად ხვდება სისტემასთან დაპირისპირებულების საქმეები (შრომით დავებზე მაინც უწევთ ხოლმე კოდექსით იხელმძღვანელონ )“, - ამბობს თეონა ბაკურიძე.
ჟურნალისტმა "მედიაჩეკერთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზეც ისაუბრა:
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უპასუხოს იდეას, უნდა იყოს რეალურად საზოგადოებრივი. ჩვენ არ ვიყავით მაშინ იდეალურები, მაგრამ ვიდექით ამ გზაზე და ვცდილობდით, გავმხდარიყავით უკეთესები, ხალხის, მაყურებლის ინტერესებით გვეხელმძღვანელა. ხელი შეგვეწყო დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის, ნაცვლად პარტიული ინტერესების გატარებისა“.
2019 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს" ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენება ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს დაუკავშირა. შემდეგ კი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ტელევიზიაში საქმიანობაც შეეზღუდათ. იმ პერიოდში სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა.

 
კატეგორია - საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით, ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი: „ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:

●  შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

●  მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ. 

●  მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00 საათზე“. 

ორგანიზაციების განცხადებით, „სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა. 

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების  მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა”, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა.

დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს“. 

დღეს, 12:00 საათიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის პროექტს მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.