ნიკა გვარამიას „მთავარი არხის“ 12 %-იანი წილის მეუღლისთვის
გადაფორმების პროცესი შეჩერებულია. გვარამიას ადვოკატის, დიტო
საძაგლიშვილის განმარტებით, გადაფორმების პროცესის შეფერხებას
საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს და ხელოვნურად ჭიანურდება, რაც
სავარაუდოდ, მის პოლიტკიურ საქმიანობას უკავშირდება. საძაგლიშვილმა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით მოთხოვნილი
კონსოლიდირებული სადამფუძნებლო შეთანხმებაც შეიტანა. მისი თქმით, თუ
რეესტრი განხილვაში ამ დოკუმენტსაც არ მიიღებს, მაშინ საქმეს უკვე
სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ჩვენი წესდებით, პარტნიორთა [90% წილის] თანხმობაა საჭირო, რაც
გავითვალისწინეთ წინა კრების ოქმში. დირექტორი რო შევიცვალეთ, იქვე
თანხმობა გავაცემინეთ სხვა პარტნიორებს. ეხლა შემიჩერეს წარმოება და
ისევ თავიდან ყველა პარტნიორის ხელმოწერით სადამფუძნებლო შეთანხმებას
და წესდებას ითხოვენ“.
დიტო საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „მთავარი
არხის“ წილის ცვლილების მოთხოვნით 13 მარტს მიმართა. ნიკა გვარამიამ
კი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციის დატოვების
განცხადება 2024 წლის 27 თებერვალს დაარეგისტრირა. თანამდებობის
დატოვებასთან ერთად, გვარამიამ "მთავარი არხის" საკუთარი 12%-იანი
წილის მეუღლეზე - სოფო ლილუაშვილზე გადაფორმების პროცესი დაიწყო. მის
ნაცვლად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა.
არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2
ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.
საქართველოს კანონით მაუწყებლის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი
არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიაში თანამდებობას
იკავებდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია
"ახალი" დაარსა. ჯერჯერობით ის პარტიაში არანაირ თანამდებობას არ
იკავებს. "ახალის" გუნდი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მედიაპლატფორმა
„მაუწყებლის“ ჟურნალისტებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი
მიანიჭა.
მედიის ხუთივე წარმომადგენელი დაზარალებულად სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც ჟურნალისტისათვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სამი
ჟურნალისტი კი - 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის
კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას
ითვალისწინებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, 2024 წლის 23 იანვარს
კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები მარინა ხატიაშვილისა და
მისი ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტებს: ნათია
ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი
არობელიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. სამართალდამცავების
მხრიდან გამოიკვეთა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ერთ-ერთ მათგანს არაერთხელ
წაართვეს მობილური ტელეფონი. დაზიანდა მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“
ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერიც. თითოეულ ჟურნალისტს
ჰქონდა სამკერდე ნიშანი, რომლითაც შესაძლებელი იყო მათი, როგორც
ჟურნალისტების იდენტიფიცირება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ჟურნალისტების
დაზარალებულად ცნობა 2024 წლის 28 თებერვალს მოითხოვა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებას. სასამართლომ ტელეოპერატორ გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. ზუკა გუმბარიძის თქმით, „ფორმულა“ დავას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.
2023 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „ფორმულას“ 25 ოპერატორი გაიფიცა და ხელფასების მომატებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებდნენ, არაადეკვატური იყო. რამდენიმე დღეში ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, ტელეოპერატორების უმეტესი ნაწილი, მოლაპარაკებების შედეგად, სამსახურში აღადგინა.
გიორგი ჯიბღაშვილმა, რომელიც სამუშაო ადგილზე არ დააბრუნეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და ტელეკომპანიას ოპერატორისათვის, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კომპენსაციის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 14 მარტის განცხადებით,
ორგანიზაცია გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესების დაცვას, საჭიროების
შემთხვევაში, შემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელებს.
მთავარი ფოტო: გიორგი ჯიბღაშვილის Facebook
გვერდიდან