საფრთხეები სასამართლოსგან ჟურნალისტებისთვის ჯარიმის დაკისრების მიღმა
19.04.2023
რა ხდება?
19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა ინტერნეტ-გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი.
  • ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო, რომელმაც გუშინ, 18 აპრილს, ანალოგიურ საქმეზე ასევე 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გამოცემა "პუბლიკას" დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აქციებზე ჟურნალისტების დაკავება და სასამართლოს მიერ მათთვის ჯარიმის დაკისრება ქმნის სახიფათო პრეცედენტს ჟურნალისტური საქმიანობისთვის, და ზოგადად, მედიაგარემოსთვის საქართველოში.
  • რომ, შესაძლოა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებმა, სამომავლოდაც გამოიწვიოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და შეზღუდვა.

პრობლემაა, რომ:
  • შსს-მ, 2 მარტის ღამეს, ორივე მათგანის დაკავების მიზეზად ოქმში დაწერა, რომ "იყენებდნენ უწმაწურ სიტყვებს და იგინებოდნენ უმისამართოდ" და "არ ემორჩილებოდნენ პოლიციას",
  • მაგრამ უწყებამ, სასამართლოში ვერ წარადგინა პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებული შესაბამისი ვიდეომტკიცებულება.
  • "სამხრე კამერა დამივარდა, ძლივს ვიპოვე და ჩავიდე ჯიბეში — უთხრა პოლიციელმა მოსამართლეს — აღარ მიფიქრია გადაღებაზე, რადგან ვფიქრობდი, კამერა გადარჩენილიყო".
  • შსს-მ, მათი დაკავებისას, ოქმში არ მიუთითა, რომ დაკავებულები ჟურნალისტები იყვნენ. სასამართლოში საქმის განხილვისას კი, პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავებულთა პროფესიის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან "მათ მიკროფონი და კამერა არ ეჭირათ".
ამის საპირისპიროზე მოწმობს ვარდიაშვილის დაკავების მომენტში, გამოცემა "ბათუმელების" მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ისმის თბილისის საპატრულო დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მითითება: "რა ჟურნალისტია… დავაი, წაათრიეთ აქედან". ამ ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, მოსამართლე შჩერბაკოვმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სასამართლოს, მოწმის სახით დაეკითა ვაჟა სირაძე.

სტრიქონებს შორის:
  • თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ჟურნალისტის საქმის განხილვა 2023 წლის 31 მარტის დღის 12 საათისთვის ჩანიშნა, მაგრამ საქმე არ განიხილა და ჟურნალისტებსა და მათ ადვოკატებს დილის 5 საათამდე მოუხდათ სასამართლოში ყოფნა.
  • შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ საქმის განხილვა 3 კვირით გადადო.

რას აპირებენ ჟურნალისტები?
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
  • "მაგრამ, პოლიტიზებული სასამართლოსგან გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო ძალაში დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას", — თქვა ვარდიაშვილის ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ, გუშინ, 18 აპრილს, რომდესაც მოსამართლე შჩერბაკოვმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჟურნალისტის მიმართაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.
ბექა ჯიქურაშვილს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს;
ზურა ვარდიაშვილს — "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია."

რა ხდებოდა 2023 წლის 2 მარტს?
  • "ოცნების" მხარდაჭერილი რუსული შინაარსის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის შენობასთან.
  • დღის ბოლოს, პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტორეპორტიორი და ინტერნეტგამოცემების — "ნეტგაზეთისა" და On.ge-ს ჟურნალისტები.
  • ღამით კი, სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი. ისინი გაათავისუფლეს შუა ღამეს, ხელმოწერის საფუძველზე.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ