ადამიანების ემოციებზე/ტრაგედიებზე მონადირე მედია
09.10.2021
დღევანდელი დილა იმაზე შემზარავად დაიწყო ვიდრე ველოდი, პირველმა გადარჩენილმა რამდენიმე სიცოცხლემ სასწაულის იმედი სხვების მსგავსად მეც გამიჩინა, მაგრამ ამაოდ. დღეს, როცა ტრაგედია მთელი თავისი სიცხადით დაგვატყდა თავს, როდესაც მისი მსხვერპლების სახელები და გვარები გავიგეთ, მათი სახეები დავინახეთ კიდევ უფრო ხელშესახები გახდა რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დავიწყეთ იმის შესახებ მსჯელობა, როგორ მოვედით ამ წერტილამდე.

მსჯელობაში ბევრმა საკითხმა იჩინა თავი, მათ შორის დაურეგულირებელმა სამშენებლო ბიზნესმა, არარსებულმა საბინაო პოლიტიკამ და სხვა, მაგრამ ამ დისკუსიაში მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ ან, ალბათ, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ დავიწყოთ იმაზე საუბარიც როგორ აშუქებს ქართული სატელევიზიო მედია ტრაგედიებს. სივრცე რომელიც პრობლემის მიზეზების, მათი გადაჭრის გზების სამსჯელო მედიუმი უნდა იყოს, ამის ნაცვლად თავდაუზოგავად ნადირობს ადამიანების ემოციებზე.

ტრაგედიის მასშტაბის გათვალისწინებით, ქართულ მედიის ეს თავისებურება ყოველთვის განსხვავებული ინტენსივობით ვლინდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს თუ თვალს გადავავლებთ, რა შეიძლება გაგვახსენდეს - გიორგი შაქარაშვილის საფლავზე შეკრებილი კლასელები, რომლებიც კამერის წინ იხსენებენ მეგობარს და ცრემლებს ვერ იკავებენ. ჩაბნელებული სტუდია, გიორგის საყვარელი კომპოზიციის “Daft Punk”-ის მუსიკის ფონზე, სადაც ისმის წამყვანის გაპარული ხმა, „შედით“, შაქარაშვილის ფოტოებით დაბეჭდილი მაისურები, რომელიც მოკლევადიან ბიზნესადაც კი იქცა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა ახლო ხედით, რომელიც შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ მოაჯირს ეჯაჯგურება ბრაზის და სიმწრის გამოსახატავად.

ტრაგედიის ესთეტიზაციის ამ პრაქტიკებს გზად ტექნოლოგიური პროგრესიც წამოეწევა ხოლმე. მაგალითად, მას შემდეგ რაც მედია მენეჯერებმა გაშუქებისას დრონის გამოყენება დაიწყეს, ჩვენი ისედაც რთული რეალობა სულ უფრო თავზარდამცემი გახდა. იმაზე საუბარი ალბათ არც ღირს, რომ ყოველ ჯერზე ფონად გამოყენებული მუსიკაც უფრო ინტენსიური და შემზარავია. ირონიულია, რომ ადამიანების ემოციებით მანიპულირებისთვის სატელევიზიო მედია ონლაინ პლატფორმებს იყენებს. მაშინ როცა სატელევიზიო ფორმატი არ ითვალისწინებს მოკლე ვიდეოების გაშვებას სათაურით - შვილმკვდარი მამის ცრემლები, რომელსაც თან სევდიანი ემოჯები აფორმებს, ასეთი გაშუქებისთვის და მეტ აუდიტორიაზე წვდომისთვის ტელევიზიამ ადგილი ციფრულ პლატფორმებზე იპოვა.

როდესაც მედიას ვაკრიტიკებთ და გაშუქებას ვუწუნებთ, იქვე თავს იჩენს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ კონცეფცია, რომელიც ამასობაში ყოვლად არალეგიტიმურ სიტყვათშეთანხმებად თავად მედიამ აქცია. შეუძლებელია რაიმე ხარისხის საზოგადოებრივ ინტერესად ჩაითვალოს შვილმკვდარი ადამიანის ემოციები, ან იმ ადამიანისთვის მიშვერილი მიკროფონი, რომელიც ტრაგედიისგან დამუნჯებულია და მხოლოდ იმის ძალა შესწევს, გთხოვოს, თავი დაანებო. საზოგადოებრივი ინტერესი რეალურად სულ სხვაგანაა - გამორიცხულია ბათუმის ჩამონგრეული კორპუსი მხოლოდ ცალკეული შემთხვევა იყოს, რეალურად გუშინ მომხდარი ტრაგედია ისეთი პრობლემების ილუსტრაციაა, რამაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში სხვა ქალაქებში და ურბანულ სივრცეებში იჩინოს თავი. ამიტომ მედიის ფუნქციაც და საზოგადოებრივი ინტერესიც ამ პრობლემებზე კვალიფიციური, არაანგაჟირებული და სიღრმისეული მსჯელობაა, რომელიც თანაბრად აგრძნობინებს პასუხისმგებლობას ყველას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თუ საზოგადოებას.

მე არც პირადი ისტორიების სრული იგნორირების მომხრე ვარ, უსამართლოც კია ეს მსხვერპლი და ამ ადამიანების ისტორიები უკვალოდ გაქრეს. დასავლურ მედიაშიც არსებობს ეს გამოცდილებები, როგორ უბრუნდებიან დრო და დრო ომის, კატასტროფების მსხვერპლებს, როგორ პოულობენ მედიები ლამის მხატვრულ ხერხებს მათი ამბების აღსაწერად, ჩვენც ეს გზა უნდა ავირჩიოთ, დაველოდოთ და შემდეგ ეთიკური ფორმები ვიპოვოთ ამ დღის მსხვერპლების უკვდავსაყოფად.

თუ ვერ შევთანხმდებით რომ მედია გაშუქების ახლანდელი პრაქტიკა გვაზიანებს, მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ. დასახიჩრებულ სხეულებს, სისხლს და ცრემლს შეჩვეულები, ყოველი ახალი ტრაგედიის ადგილზე ისევ გამოვცხადდებით მიკროფონებით და კამერებით¬¬¬ ხელში და ისევ დავუწყებთ ძებნას შვილმკვდარ მამებს და დაღუპულების ახლობებს.

ბლოგის ავტორი : ელენე ხაჭაპურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ