რეიტინგი ტრაგედიის სანაცვლოდ - მედიის როლი კრიმინალის გაშუქებისას
23.02.2022
კრიმინალის, ტრაგედიების თუ ძალადობის გაშუქებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.


1989 წელს, ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში იპოვეს უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ცემისა და სექსუალური ძალადობის კვალი ეტყობოდა. მალევე პოლიციამ ხუთი 14-დან 17-წლამდე ბიჭი დააკავა.

ამავე წლის 21 აპრილს, გაზეთი New York Daily News, სტატიაში, სახელწოდებით, „მგლების ხროვის მსხვერპლი“ იტყობინებოდა, რომ თინეიჯერები ჰარლემიდან, ნიუ იორკის ერთ-ერთი უბნიდან არიან, მოიხსენიებდა მათ „ბანდის წევრებად“ და დეტალურად აღწერდა მათ მიერ ჩადენილ „დანაშაულს“. მედიამ და პოლიციამ დაიწყო საუბარი „რასობრივ დანაშაულზეც“.

  • ამ ამბიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2002 წელს გაირკვა, რომ არცერთი მათგანი დამნაშავე არ იყო, ნამდვილმა დამნაშავემ დანაშაული აღიარა და ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.
  • უდანაშაულოდ დაპატიმრებულები გაათავისუფლეს, თუმცა ისინი წლებით ადრე უკვე ჰყავდა „გასამართლებული“ მედიას.

„სწორედ მედია იყო მაშინ ნამდვილი „მგლების ხროვაო“ - ამბობდა 2003 წელს, ნიუ იორკ დეილი ნიუსის ყოფილი ჟურნალისტი, ლინელ ჰარისი 2003 წელს.

ეს ამბავი, რომელზე დაყრდნობითაც 2019 წელს სერიალიც გადაიღეს, უამრავიდან მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმის საჩვენებლად, რომ კრიმინალური ამბების არასრულფასოვან გაშუქებას საზოგადოებისთვის - სრულიად უსარგებლო, ეჭვმიტანილისთვის კი, ხშირად კატასტროფული შედეგები მოაქვს.

კრიმინალის გაშუქების სისტემური პრობლემა ქართულ მედიაში

ქართულ მედიაში, განსაკუთრებით, ტელევიზიაში, მუდმივად ქვეყნდება პრობლემური, ეთიკისგან დაცლილი და სენსაციაზე ორიენტირებული მასალა ქვეყანაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე.

გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონოდა მაყურებლისთვის, გარდა რეიტინგისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა.

მაგალითად:

  • ისედაც ტრაგიკული ამბის კიდევ უფრო დრამატიზებას და სენსაციურად გაშუქებას.
  • მსხვერპლის ან/და ბრალდებულის ვინაობის ცოდნას.
  • მშობლების მკვლელობის თვითმხილველი, მსხვერპლი არასრულწლოვნის ჩაწერას და მომხდარის დეტალურად მოყოლას.
  • დანაშაულის ჩადენის რეკონსტრუქციის ჩვენებას (მაგალითად, არასრულწლოვნის მიერ მოხუცი ბებიის დანით დაჭრა).
  • ძალადობის თუ მკვლელობის ფაქტის დეტალურ აღწერას.
  • ახლობლების/ნაცნობების ფარულად ჩაწერას და დაუდასტურებელი ინფორმაციების ტირაჟირებას.
  • დანაშაულის მოტივის მეზობლებში ძიებას.
  • პირადი ცხოვრების დეტალების თუ სხვა არასაჭირო ინფორმაციების გასაჯაროებას.
  • ჭორების, არაოფიციალური, დასკვნების, ვარაუდებისა თუ ეჭვების გაშუქებას.

კრიმინალური შემთხვევების არაეთიკურად გაშუქების მაგალითები:


  • ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში მედიები აქტიურად ცდილობენ, რომ მსხვერპლები და არასრულწლოვნები დაფარონ, რათა მათი იდენთიფიცირება შეუძლებელი იყოს.
  • მეორე მხრივ, რეიტინგულ ტელევიზიების ეთერში მაინც ხშირად დაუფარავად ვხედავთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს მათ შორის ბავშვებიც. მედიას დაუფარავად უჩვენებია მკვლელობის ამსახველი “ექსკლუზიური” კადრები, დასახიჩრებული გვამები, სადაც ამას კონტექსტი არ მოითხოვდა.
  • ზოგჯერ, მართალია არა პირდაპირ, მაგრამ მსხვერპლის ვინაობა მედიამ უნებურად გაამჟღავნოს გარემოს აღწერით, მეზობლების თუ ახლობლების ჩვენებით, ადგილის დასახელებით და სხვა მრავალი დეტალის გასაჯაროებით

მედიის როლი კრიმინალის გაშუქებისას



კრიმინალურ ისტორიებთან დაკავშირებული სიუჟეტები, როგორც წესი, მაღალი რეიტინგის მომტანია.
  • სოციალურ ქსელში, ცენტრალური ტელევიზიების გვერდებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწორედ კრიმინალური ფაქტების არაეთიკური, სენსაციური გაშუქების ვიდეოებია და ასეთ სიუჟეტებს ხშირად ასი ათასობით ნახვა აქვს.
  • თუმცა აქ მედიის მოვალეობაა, განსაზღვროს, ემსახურება ეს საჯარო ინტერესს, თუ უბრალოდ აუდიტორიის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

ამ თემაზე ვრცლად: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

საერთაშორისო კონტექსტი

მსგავსი ტენდენციაა ამერიკაშიც. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კრიმინალური შემთხვევების რიცხვი მუდმივად იკლებს, კრიმინალის გაშუქება ამერიკელებისთვის კვლავ ახალი ამბების ერთ-ერთ პირველ თემად რჩება.

ბუნებრივია, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. თუმცა, საჭიროა, მედიამ თავისი როლი და პასუხისმგებლობა კარგად გაითავისოს და განსაზღვროს, რას ემსახურება ეს გაშუქება.

"რატომ არ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი სამუშაოზე ცოტა სხვანაირად?" - ამბობს ჟურნალისტი და მედიაკრიტიკოსი სოფი ჰეიგნი cjr.org-თან (Columbia Journalism Review) ინტერვიუში - „მედიასაშუალებები ხშირად ისეთ დანაშაულებს აშუქებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთოდ არც უნდა გააშუქონ. იმ შემთხვევაში კი, თუ აშუქებენ, ყურადღება სისტემურ პრობლემაზე და ტენდენციებზე უნდა გაამახვილონ.“

რა უნდა გავითვალისწინოთ კრიმინალის ან ტრაგედიის გაშუქებისას?

  • ამბის გაშუქების მთავარი ამოსავალი წერტილი საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა უნდა იყოს
  • მედიის მიერ კრიმინალის გაშუქება არ უნდა იყოს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე რეაქცია
  • ცალკეული შემთხვევები პანიკისგან დაცლილად, მთავარი პრობლემის გამოკვეთით და სწორი აქცენტების დასმით უნდა გაშუქდეს
  • მედია უნდა ეძებდეს სისტემურ პრობლემას, ჩაუღრმავდეს საკითხს და რელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით, მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები
  • ჟურნალისტებმა კარგად უნდა გაითავისონ პასუხისმგებლობა და ის რისკეები, საფრთხეები, ზიანი, რაც კრიმინალური ამბების არასწორ გაშუქებას შეიძლება მოჰყვეს

ამავე საკითხზე იხილეთ ქარტიის რეკომენდაციები: კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესები

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ