რა ხდება აფხაზეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებით? - ნანა ხუბუტია, ინტერნეტ-გამოცემა “ლაივპრესი“
10.09.2021
აფხაზურ მედიაში არ გვხვდება აქტიური მოწოდებები ვაქცინაციისკენ და, ახლახანს გაირკვა, რომ ეს რუსული ვაქცინებიც საკმარისი არ ჰქონიათ.


პანდემიის პირობებში „ლაივპრესში“ ხშირად ვაშუქებთ თუ როგორ უმკლავდებიან ისინი კორონავირუსს. მოვამზადეთ რამდენიმე ინტერვიუ იქ მომუშავე ქართველ ექიმებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ადეკვატურად არ აღიქვამს ვირუსის საფრთხეს.

ასევე მათ გვითხრეს, რომ არ არის საკმარისი მედიკამენტები, ტესტები. იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვხედავთ, ყოველ დილით რომ ვეცნობით აფხაზეთის სტატისტიკას, კეთდება ძალიან ცოტა რაოდენობით ტესტები. დაახლოებით 200, 300 ტესტი.

აფხაზეთში რუსული ვაქცინა მიიღეს 30 აპრილს. ჩვენ ვესაუბრეთ გალის რამდენიმე მცხოვრებს, რომ გაგვეგო, თუ როგორია მათი განწყობა რუსული ვაქცინების მიმართ. მათ გვითხრეს, რომ ისინი არ აპირებენ რუსული ვაქცინებით აცრას, რადგან არ ენდობიან.

სხვათა შორის, არც აფხაზურ მედიაში გვხვდება აქტიური მოწოდებები ვაქცინაციისკენ და, ახლახანს გაირკვა, რომ ეს რუსული ვაქცინებიც საკმარისი არ ჰქონიათ. აი აგვისტოში, მაგალითად, დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის, რომ მოხდეს ვაქცინების საკმარისი დოზებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ 30 მარტს.

რუხის კლინიკაში აცრის კაბინეტის გახსნის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის, აცრა უკვე რეგისტრაციის გარეშე გახდა შესაძლებელი. თუმცა, პირველ ეტაპზე, ამ მხრივ მოქალაქეების დიდი აქტიურობა არ იყო. სხვათა შორის, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონს შესთავაზა ვაქცინების მიწოდება, დახმარება. მაგრამ ამჯერად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ თბილისის მიერ შეთავაზებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარი განაცხადა.

თუმცა ოფიციალური უარის მერე, ძალიან მალე, გალის ადმინისტრაციამ უთხრა მოსახლეობას, რომ ის მათ ნებას აძლევს გადაკვეთონ ე.წ საზღვარი იმისთვის, რომ ზუგდიდში ჩაიტარონ ვაქცინაცია. ამჟამად ენგურის ხიდზე გაშლილია კარავი, სადაც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან და ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს უტარებენ ტესტირებას. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ისინი თავსდებიან რუხის კლინიკაში.

ხოლო რამდენი ადამიანი გადმოვიდა ენგურის ხიდზე კონკრეტულად აცრის ჩასატარებლად, ამის შესახებ ზუსტი სტატისტიკა ადგილზე არ აქვთ. მხოლოდ შემიძლია ის ვთქვა, რომ რუხის კლინიკაში ამ დრომდე ორასამდე პირი აიცრა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადამოსული, სხვადასხვა ვაქცინით.

შედარებისთვის ვიტყვი კიდევ აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვით, “სპუტნიკი ლაითით” გალში აცრილია ამ დროისთვის 23 ადამიანი. სულ აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული აღწერის მიხედვით, ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობს 243,564 ადამიანი. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გალის მცხოვრებლები გაცილებით უფრო მეტად ენდობიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემოტანილ ვაქცინებს, იმიტომ რომ გალში “სპუტნიკი ლაითით” აცრილია 23 ადამიანი, ხოლო რუხის კლინიკაში აცრის ჩასატარებლად გადმოვიდა ენგურს გაღმა მცხოვრები დაახლოებით 200 ადამიანი. თუმცა ეს ციფრი ბევრად მეტია, როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში გვითხრეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ