საქართველო
კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა, მადლობას უხდის ყველას, „ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა“ გამოუცხადა და იმედოვნებს, რომ ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შეძლებს.

„“ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას მას აუცილებლად მივაწვდით“, - წერს „ფორმულა“.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნეს ცენტრში, რომლის რამდენიმე სართულზეც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი დღეს, შუადღით გაჩნდა. ამ დროს ეთერში გადაცემა „ფორმულას დღე“ გადიოდა, რომლის წამყვანმაც, ირაკლი კიკნაველიძემაც, დაახლოებით 15:43 წუთზე, თქვა, რომ ტელევიზიის შენობაში კვამლი იყო და პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა შეწყვიტა.

მე-17 სართულზე მყოფი 22 ადამიანი დაკვამლიანების გამო შენობის დატოვებას ვერ ახერხებდა. 

„22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, - დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათზე, მათ ბიზნეს ცენტრის შენობა მეხანძრე-მაშველების დახმარებით დატოვეს. 

ბიზნეს ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ „ფორმულას“ წამყვანმა, სოფო ვარდიაშვილმა „მედიაჩეკერს“ უამბო, რომ გამოშვებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ძლიერი სუნი იგრძნეს და შემდეგ უკვე კვამლიც დაინახეს:

„თავიდან კვამლი ძლიერი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ რომელიღაცა ქვედა სართულზე იყო ცეცხლი და ეს კვამლი ამოდიოდა ზემოთ. მერე ვცადეთ კიბით ჩასვლა, ჩავედით კიდეც, მაგრამ რაღაც ეტაპამდე შევძელით მისვლა იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი კვამლი იყო კიბეზე და მოგვიწია, რომ ამოვბრუნებულიყავით უკან. ლიფტებიც გაითიშა, მერე უკვე გათიშეს და ლიფტით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო უსაფრთხო. ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ჩვენს სართულზე, მე-17 სართულზე ვიყავით ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლები და სტუმრებიც გადაცემების, და ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ისეთი ადგილი, სადაც ნაკლები კვამლი იქნებოდა. მერე შევედით ნიუსრუმში და იქ გავაღეთ ფანჯრები, მერე რაღაც ეტაპზე ჟალუზები ჩამოგვლიჯეთ იმიტომ, რომ ისინი ფანჯრების გაღებას, კარგად გაღებას ხელს უშლიდა და მერე ბოლომდე გავაღეთ ფანჯრები. რაღაც ეტაპზე უკვე კვამლი ძალიან ძლიერი იყო და სიმართლე რომ ვთქვა, ამ მომენტში მართლა ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე მაშველებიც მოვიდნენ, ჩვენთან შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო ნიუსრუმი და აქ დავრჩენილიყავით. არ ვიცი, მგონი განიხილებოდა რაღაცა ვერსია გარედან, ფანჯრიდან გადმოსვლის, მაგრამ მერე ცეცხლი რომ ჩააქრეს, კვამლიც ნელ-ნელა გაიფანტა და შიდა კიბით ჩამოგვიყვანეს ნაწილ-ნაწილ. 22 ადამიანი ვიყავით ნიუსრუმში“. 

სიუჟეტს ამზადებდა ჟურნალისტი ნინი ბალანჩივაძეც, როდესაც დაკვამლიანება შეამჩნია: „ვაპირებდი, რომ ჩამეწერა რესპონდენტი, სიუჟეტისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ისეთი დაკვამლიანება გაჩნდა, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ვერ ჩამოვედით ვერც კიბით. შემდგომ უკვე, დაახლოებით 40 წუთში, ამოვიდნენ მაშველები, მეხანძრეები და გვითხრეს, რომ ეძებდნენ გზებს, როგორ ჩავეყვანეთ უსაფრთხოდ და ჯამში, უხეშად რომ ვთქვათ, საათ-ნახევარში შევძელით, რომ ჩამოვსულიყავით უკვე კიბეების მეშვეობით ქვემოთ“. 

„ფორმულას“ წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ კი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ „საკმაოდ ტოქსიკური გამონაბოლქვი იყო, იმიტომ რომ კაბელები იწვოდა ძირითადად, როგორც ჩანს, მაგრამ არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“. თარგამაძის თქმით, როგორც თანამშრომლებმა ნახეს, აპარატურა - არა, მაგრამ დაზიანებულია ოპტიკური კაბელი, რაც ტელევიზიისთვის სერიოზული პრობლემაა. 

ხანძრის ლიკვიდირების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული. რომელ სართულზე გაჩნდა ხანძრის კერა და რამ გამოიწვია ის, მღებრიშვილს ეს დაზუსტებით არ უთქვამს: „ამ ეტაპზე მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რომელ სართულზე იყო ზუსტად კერა, თუმცაღა მთელს შენობაში იყო გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო, დიახ, საწყისი“. 


კატეგორია - საქართველო


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს სასამართლოში უჩივის. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა შეიტანა. მისი თქმით, სარჩელი ეხება „იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული“ და ივანიშვილი „ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას“ ითხოვს. 

„მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას...

მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ“, - ამბობს ასათიანი „პირველ არხთან“. 

ტელეკომპანიებს სარჩელი ჯერ არ ჩაბარებიათ. 

ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან“ დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვდა. 


კატეგორია - საქართველო


„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) 2 ნოემბერთან - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წელსაც შეიყვანა. 

ივანიშვილთან ერთად „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2026 წლის სიაში მოხვდნენ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი,  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და სხვები. 

„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლებისადმი სიძულვილი. მათი იარაღი შეიძლება განსხვავდებოდეს მაგრამ მათი მიზნები მსგავსია: დამოუკიდებელი ხმების გაჩუმება და ინფორმაციის მიღების უფლების გათელვა. პრესის გასაჩუმებლად მათ მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავს: მკვლელობებს, დაპატიმრებებს, პროპაგანდას და ტროლების არმიებს. ეს ირონიული საპატიო სია ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოყენებული ტაქტიკის მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“, - წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. 

RSF-ის გენერალური დირექტორის, ტიბო ბრუტენის თქმით, ეს სია პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს ეფუძნება და ყურადღებას იმ სუბიექტებზე ამახვილებს, რომლებიც პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე არიან პასუხისმგებელნი:

„პრესის თავისუფლების მტრების გამოვლენა, მათი მეთოდების მხილება და ჩადენილი დარღვევების დოკუმენტირება ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ მათი თავდასხმების ნორმად ქცევა. მათ საპირისპიროდ, ვინც დუმილის დამყარებას ცდილობს, RSF განაგრძობს იმ პირთა დასახელებას, რომლებიც ჟურნალისტიკას კლავენ“.

ბიძინა ივანიშვილზე მომზადებულ პროფილში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს: „მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის მიღმა არსებულ რეალურ ძალად. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს მას, მკაცრად აკონტროლებდეს ქვეყნის მედიაგარემოს, განსაკუთრებით პროსახელისუფლებო ტელეარხების მეშვეობით, როგორებიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად მიმართული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენება: ფინანსური ზეწოლის, რეპრესიული კანონების, ცენზურისა და სამართლებრივი დევნის სახით. ხდება დამოუკიდებელი ჟურნალისტების სტიგმატიზაცია, მათ აშინებენ და აჩუმებენ “. 

2026 წელს მომხდარი მოვლენებიდან კი ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება: „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება; ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივად დასჯადს ხდის და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მისი მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობას; კომუნიკაციების კომისიით  მანიპულირება იმ ტელეარხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ; ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და სანქციების მზარდი რაოდენობა, მათთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეზღუდვასთან ერთად.

„პრესის თავისუფლების მტაცებლების სია“ RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ ნაწილია. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, „მტაცებელთა სია“ კი გამოყოფს მათ, ვინც თავისუფალ მედიას ებრძვის. „პრესის თავისუფლების მტაცებლები“ 5 კატეგორიად არის [პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, სამართლებრივი და სოციალური] დაყოფილი. ბიძინა ივანიშვილი მათ შორის მოხვდა, ვინც მედიას ფინანსურად ანადგურებს. 

------------------------------------

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 40.77 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყნიდან 135-ე ადგილს იკავებს. ამ პოზიციით საქართველო, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 21 ადგილით ჩამოქვეითდა. 2025 წელს ქვეყანა 114-ე ადგილს იკავებდა, მედიის თავისუფლების ხარისხი კი 50.53 ქულით იყო შეფასებული. RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზე იყო 2024 წელს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა.

საქართველო ამ მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორებიცაა: პაპუა ახალი გვინეა, ზიმბაბვე, სომალი, გვატემალა, უგანდა, შრი-ლანკა. 



კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2026-ის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო. ქარტიის ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ 6 კატეგორიაში:  

  • სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. 
  • სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. 
  • ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. 
  • სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟი. 
  • ადგილობრივი პრობლემის საუკეთესო გაშუქება. 
  • ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი ამ ნომინაციისთვის „გაეროს ქალთა ორგანიზაციამ“ დააწესა. ამ კატეგორიაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ „ქარტიის პრიზი 2024“-ისა და „ქარტიის პრიზი 2025“-ის ამავე კატეგორიის გამარჯვებულები.

დამატებით, სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გასცემს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ  მედიაპროდუქტი, რომელიც გამოქვეყნებულია 2025 წლის 5 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში. ის მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის. საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. თითოეულ აპლიკანტს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი და ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/hj37YVMvKuHLP8vw7 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი, 18:00 საათი. გამარჯვებულები კი, რომლებსაც ჟიური შეარჩევს, 2026 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან. 

ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებისა და დამატებითი ინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია. 




კატეგორია - საქართველო



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა. ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 6 წლის ვადით აირჩიეს. 

„ბატონო ვასიკო, კოლეგებო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. მართლა დიდი მადლობა. ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება ამით გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზრდება და მით უმეტეს, რომ ბატონი გია მურღულიას შემცვლელი, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. 

მთავარია ჩემთვის, თქვენთან ერთად აი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ძალიან პერსპექტიული, ძალიან სიმპატიური და მოსახლეობის ძალიან დიდი მასების მიერ ნდობით აღჭურვილი სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი მართლა ფლაგმანი გახდეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა მან 29 ოქტომბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ. 


დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. სამთავრობო მედიები მას, როგორც ანალიტიკოსს ხშირად ციტირებენ. პარლამენტმა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში აირჩია. აქამდე, 2024 წლის 1 თებერვლიდან, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილე გია მურღულია იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული). 

ამჟამად სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა. 

--------------
„პარლამენტის რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი შეიცვალა. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, გაუქმდა წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. ახლა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად მას მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება. 
--------------

სამეურვეო საბჭოს დანარჩენი წევრები ახლა არიან: დავით ქართველიშვილი, გია მურღულია, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ლაშა ტუღუში, იზაბელა ოსიპოვა, თამილა დოლიძე, გია კოხრეიძე, გია იაკობაშვილი, სოსო სტურუა და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული. 


კატეგორია - საქართველო

(ფოტო: სოციალური ქსელი)


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია კვირიკაშვილმა დღეს მიიღო. 

ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა, რადგან ის ითხოვდა, რომ „აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო დიტო ჩუბინიძე, როგორც პოლიტპატიმარი“. 

„დიტო ჩუბინიძის ბრალი იყო ჟურნალისტთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ბრალი, სადაც პროკურატურა აღიარებდა, რომ დიტო ჩუბინიძემ რესპონდენტთან ჩაწერა ინტერვიუ, შემდეგ დიტო ჩუბინიძე ამ ინტერვიუდან გამომდინარე ავრცელებდა ინფორმაციას და დიტო ჩუბინიძის მიერ ინტერვიუზე დაყრდნობილი ინფორმაციის გავრცელებით შეექმნა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას მუშაობაში შეფერხება. ახლა ეს რას ნიშნავს, ნებისმიერმა ჟურნალისტმა, აი, ჩემთან ახლა ინტერვიუს რომ წერთ, თუ ჩემს ინტერვიუზე დაყრდნობით თქვენს აზრს გაავრცელებთ, შეიძლება რომელიმე სამინისტრომ, ან რომელიმე უწყებამ თქვას, რომ ამა და ამ ჟურნალისტის აზრებმა მე მუშაობაში ხელი შემიშალეს და ეს არის სამშობლოს ღალატი…

ვითხოვდი, რომ ასეთი ბრალდებით არ შეიძლება ადამიანს შეეფარდოს პატიმრობა და მივუთითებდი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე „შაჰინ ალფაი თურქეთის წინააღმდეგ“ [Şahin Alpay v. Turkey] … ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება ეჭვის საფუძველზე, როცა არ არსებობს დასაბუთებული რაიმე სტანდარტი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ადამიანის დაპატიმრება და ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, მაგრამ ნაწილობრივ, იმიტომ რომ მე ვითხოვდი, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო დიტო ჩუბინიძე, როგორც პოლიტპატიმარი“, - ამბობს ხატიაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავეს. 

------------------------
პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  
---------------------------

ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით აქამდე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მან 23 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე  თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“ და სამშობლოსთვის არ უღალატია.  ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სწორედ 23 ოქტომბერს შეუფარდა. 


კატეგორია - საქართველო



„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის Freedom of Expression Awards-ის ფინალისტებს შორისაა. 

„გამოხატვის თავისუფლების ჯილდო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემათ მათ, ვინც ცენზურას უპირისპირდებიან და გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავენ.

როგორც Index on Censorship-ი წერს „სინათლე მედია“ - სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელი, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, შეიქმა სახელმწიფო რეპრესიების საპასუხოდ, რათა წინააღმდეგობა გაეწია დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისთვის.



„სინათლე მედია“ ნომინირებულია ჟურნალისტიკის კატეგორიაში. ამ კატეგორიის ფინალისტები ასევე არიან:

Abzas Media - „დამოუკიდებელი რედაქცია, რომელიც აზერბაიჯანში კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოძიებაზეა ორიენტირებული. გავლენიანი ბიზნესინტერესებისა და მმართველი რეჟიმის შესახებ მომზადებული მასალების გამო, მათი ექვსი კოლეგა ამჟამად ციხეში იმყოფება, გუნდის დანარჩენი წევრები კი ემიგრაციიდან მუშაობენ“;

Vorskla - „დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქიდან, რომელიც ფრონტის ხაზზე და მის სიახლოვეს მდებარე თემებში მუშაობს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს მონიტორინგი გაუწიოს“.

ჟურნალისტიკის გარდა, ჯილდო გაიცემა ხელოვნებისა (Arts) და კამპანიების (Campaigning) კატეგორიაშიც. 

ორგანიზაცია Index on Censorship-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯემიმა სტეინფელდის [Jemimah Steinfeld] თქმით: „ამ ჯილდოების შეფასება არასდროსაა ადვილი, წელს კი -  მით უმეტეს. შემოქმედებითობისა და სიმამაცის ის ერთობლიობა, რაც ვიხილეთ, აღმაფრთოვანებელი იყო და შეგვახსენა, თუ რამდენი სიკეთე არსებობს მსოფლიოში. და რა მნიშვნელოვანი გზავნილია ეს ამჟამად! იმ დროს, როდესაც ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გლობალური საფუძვლები ირყევა, ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ ბევრმა, თითქმის შეუძლებელ პირობებშიც კი, ბრძოლას თავი არ დაანება. ეს ყველას გვახსენებს, სადაც არ უნდა ვიყოთ, რომ მათი მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მტკიცედ დავიცვათ პოზიცია“. 

როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჰონგკონგელი დისიდენტი ქლოი ჩენგი [Chloe Cheung] აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოები ქმნიან მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ამ საქმეში სულ უფრო იხვეწებიან, ადვილია, თავი უძლურად იგრძნო, თუმცა „ეს მოკლე სია საპირისპიროს ამტკიცებს. ეს ხელოვანები, კამპანიის ორგანიზატორები და ჟურნალისტები აჩვენებენ, რომ კონტროლის არცერთი სისტემა არ არის სრულყოფილი, რადგან მას ვერ მიუწვდება ხელი იმ ერთი ადამიანის ნებაზე, რომელიც უარს ამბობს გაჩუმებაზე. ერთი წლის წინ მე თავად ვიყავი ამ მოკლე სიაში. დღეს კი ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მისი ჟიურის წევრი. არავის არ უნდა უწევდეს ამ მექანიზმთან მარტო გამკლავება. მადლობელი ვარ Index-ის (Index on Censorship) მათი აღიარებისთვის, ხოლო მათი ბრძოლის მხარდაჭერა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“.

Freedom of Expression Awards-ის წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდებიან. როგორც Index on Censorship-ი წერს, წლევანდელი მოკლე სია წარმოაჩენს შემოქმედებით, გაბედულ და მრავალფეროვან ხმებს, რომლებიც ავტორიტარიზმსა და დუმილს უპირისპირდებიან.

Index on Censorship-ი უკვე 25-ე წელია ამ ჯილდოთი აფასებს მათ, ვინც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად იბრძვის, დემოკრატიების შესუსტების, კონფლიქტების გამწვავებისა და დეზინფორმაციისა თუ ცენზურის ზრდის ფონზე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში იცავს და ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას. Index on Censorship-ი მათ შორის, აქვეყნებს ცენზურის ქვეშ მყოფი მწერლებისა და ხელოვანების ნამუშევრებს და აკვირდება სიტყვის თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეებს. 

კატეგორია - საქართველო


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, წინასასამართლო სხდომა კი 15 დეკემბერს გაიმართება. 

დიტო ჩუბინიძე, რომელსაც ედავებიან სამშობლოს ღალატს - საბოტაჟს დავით გარეჯის შესახებ ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატური გავრცელებით, რითაც ხელი შეუშალა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფუნქციონირებას, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“ და სამშობლოსთვის არ უღალატია. როგორც ჩუბინიძე ამობს, მისი განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით „ეფუძნებოდა იმ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელაციას, რომელიც აწ განსვენებულმა, ჩემმა რესპონდენტმა [ლაზარე ჯორბენაძემ] ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა. მე არ ვარ საშიში კაცი, არც გამქცევი და არც დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამარჯვებული, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე“. 

დიტო ჩუბინიძის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მისი ქმედებები არის „განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს“ და „ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობიდან“.

ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით კი, საქმე ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხება და „ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება“. 

ხატიაშვილმა მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, [Handyside v. the United Kingdom, 1976] „რომელმაც განმარტა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის მისაღები საზოგადოებისთვის, არამედ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შოკისმომგვრელი. ჟურნალისტმა დააფიქსირა კომენტარი რესპონდენტის და ამ რესპონდენტის კომენტარზე აკეთებდა შემდეგ კომენტარს. აი, ეს არის დიტო ჩუბინიძის ბრალდების არსი და ვიღაცას თურმე ეს არ მოეწონა და ხელი შეეშალა საქმიანობაში. კონვენციის მე-10 მუხლი დარღვეულია…

ანუ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, იმიტომ რომ ეს არის ჟურნალისტის დამოუკიდებლობა და თავისუფალი პროფესია, ხომ? ეს დავაყენე და მოსამართლემ ისინი [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები] საერთოდ არ გაითვალისწინა და ჩემი აზრით, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება…“

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, 22 ოქტომბერს დააკავეს. ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის თქმით, საქმეში „სხვა მტკიცებულებები, გარდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმებისა და დიტო ჩუბინიძის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის, ინტერვიუებისა“ არაფერი დევს.   

პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  

--------------------------------------------------

2026 წლის თებერვალში, ლაზარე ჯორბენაძემ, რომელიც „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო, დიტო ჩუბინიძესთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი და დავით გარეჯის ნაწილი დათმო, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია მოჰყვა.  

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა, ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. დიტო ჩუბინიძემ კი თქვა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. 

„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ლაზარე ჯორბენაძე ახსენა და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“. 

 
კატეგორია - საქართველო

(ფოტო: Fb/Gela Mtivlishvili)

„მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი Albert Mountain Award 2026-ის გამარჯვებულია.

მეფე ალბერტ I-ის მემორიალური ფონდი ამ ჯილდოს გადასცემს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც „გამოირჩევიან მსოფლიოს მთებთან დაკავშირებული განსაკუთრებული და მდგრადი მიღწევებით“.

როგორც „მთის ამბები“ წერს, ჟიურის გადაწყვეტილებით, გელა მთივლიშვილს ჯილდო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის მძიმე საცხოვრებელი პირობების, ბუნებრივი საფრთხეების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების უშიშარი, სისტემური და პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა. 

მთივლიშვილის გარდა,  Albert Mountain Award-ი წელს გადაეცემათ: მარიონ პუატვენს - მთის მაშველს, 2008 წელს ის პირველი ქალი გახდა, რომელიც მაღალი მთის სამხედრო ჯგუფს შეუერთდა, რობერტ ბოშს - მთის გიდსა და ფოტოგრაფს და გიუნტერ შმუდლახს - პლატფორმა skitourenguru.com-ის დამფუძნებელს. 

Albert Mountain Award 2026-ის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს, 23 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ბერნში, შვეიცარიის ალპურ მუზეუმში გაიმართება. 


კატეგორია - საქართველო

(ფოტო: სოციალური ქსელი)


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტისთვის, დიტო ჩუბინიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა, გუშინდელი განცხადების მიხედვით, ჩუბინიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. 

დიტო ჩუბინიძე, რომელსაც ედავებიან სამშობლოს ღალატს - საბოტაჟს დავით გარეჯის შესახებ ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატური გავრცელებით, რითაც ხელი შეუშალა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფუნქციონირებას, გუშინ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და მომხდარით გაკვირვებულია. 

ჩუბინიძის ადვოკატი, ნონა ფილაური „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის საქმის მასალებს უკვე გაეცნო და „სხვა მტკიცებულებები, გარდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმებისა და დიტო ჩუბინიძის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის, ინტერვიუებისა, საქმეში მეტი არაფერი დევს“. 

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებას „სამარცხვინო შურისძიებას“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, „მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავითგარეჯის სადაო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი“. 

„თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი! აკი, ჩემს უკანასკნელ პოეტურ კრებულსაც სწორედ ასე ერქვა „ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები.“ და ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც ამაში მისტიური წინაგრძნობა იმისა, რომ საქართველოში არც თუ შორეულ მომავალში კვლავ შემოგრიალდებოდა 37  წლის „ჩორნი ვორონი“ თავისი იაგოდებით, ეჟოვებითა და შაშურკინებით.

ჩვენ, ასავალ-დასავალის თანამშრომლებმა, ვინც 2007 წლის აგვისტოში, შუაღამისას, ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოგვყარა, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ახალ ხელისუფლებას აღარასოდეს გაემეორებინა წარსულის შეცდომები, მაგრამ კვლავ სადამსჯელო მანქანის წინაშე აღვმოჩნდით ერთი უწყინარი შეკითხვის გამო – რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან უცხო ქვეყნის მესაზღვრეები და რატომ გვიკრძალავენ ამ სიწმინდეებთან მიახლოებას?“ - წერს ლაშა ნადარეიშვილი. 

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, გუშინ დააკავეს. 

პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს“ და მოუწოდებს პროკურატურას, „საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს“.  

„ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის“.

დიტო ჩუბინიძის დაკავებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.

„საზოგადოება არ არის ინფორმირებული თუ რამდენად გააჩნია პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირდაპირ განზრახვასა და რეალურ ზიანს. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დევნა ხორციელდება მხოლოდ ჟურნალისტური მასალებისა და გამოთქმული მოსაზრებების გამო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფასდება კონკრეტული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა ან გავრცელებული ცნობების სიზუსტე, დეზინფორმაციასთან თუ პროფესიულ ცდომილებებთან ბრძოლისთვის არსებობს სხვა დემოკრატიული მექანიზმები.

პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც მომავალში ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობა, სტატია თუ კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებაში ხელის შეშლად და გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. აღნიშნული ტენდენცია ემსახურება ქვეყანაში თავისუფალი სივრცის საბოლოოდ შეზღუდვას“, - აცხადებს კოალიცია. 

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტისთვის წარდგენილი ბრალდება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

პროკურატურის განმარტებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების მეშვეობით „სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“. 

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ამ ქმედებით დიტო ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“. 

პროკურატურა დიტო ჩუბინიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უწყების ცნობით, ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

--------------------


2026 წლის თებერვალში, ლაზარე ჯორბენაძემ, რომელიც „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო, დიტო ჩუბინიძესთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი და დავით გარეჯის ნაწილი დათმო, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია მოჰყვა.  

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა, ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. დიტო ჩუბინიძემ კი თქვა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. 

„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ლაზარე ჯორბენაძე ახსენა და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“. 

 
კატეგორია - საქართველო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტებისთვის, ქეთევან მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლისთვის ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა. 

ზარდიაშვილსა და მინდიაშვილს ბრალი 2025 წლის 8 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 

ამ დღეს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ლევან ზარდიაშვილმა ქეთევან მიქაძეზე ფიზიკურად იძალადა და ტელეფონი წაართვა, საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში შეუშალა ხელი და წაართვა ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა. 

„პუბლიკას“ ინფორმაციით, 22 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მინდიაშვილი 3000 ლარით დააჯარიმა, ზარდიაშვილი  – 4000 ლარით:

„ზარდიაშვილი ახალი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო (ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული), რის საფუძველზეც მას დამატებით სხვა პასუხისმგებლობაც დაეკისრა. პროკურორის განმარტებით, საბოლოოდ, მას სასჯელის სახით განესაზღვრა – 4000 ლარი ჯარიმა, 5 წელი პირობითი და დამატებით 3 938 ლარი“.

საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობდა. 

როგორ გამოცემა წერს, დღევანდელ სხდომაზე ზარდიაშვილის ადვოკატმა, თამთა ჯანიაშვილმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს თქვა, რომ ეს იყო საქმე ადამიანზე, რომელიც „რეალურად დაზარალებულია” და მობილური ტელეფონი, რომელიც მან „პუბლიკას” ჟურნალისტს წაგლიჯა მისი საკუთრება იყო და უკან დაიბრუნა. 

„პუბლიკას“ განმარტებით, გასული წლის 8 სექტემბერს გამოცემის ჟურნალისტზე, ქეთევან მიქაძეზე „ოცნების“ შტაბთან მყოფმა პირმა რომ იძალადა და ტელეფონი წაართვა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები იმ დღესვე გაავრცელეს, „ამასთან, „პუბლიკა“ დღემდე მოითხოვს აღნიშნული ტელეფონის დაბრუნებას, რომელიც რედაქციის საკუთრება იყო და იმ დღეს ჟურნალისტი მას პროფესიული მოვალოების შესრულებისთვის იყენებდა. ამ საკითხსა და გარემოებაზე „პუბლიკამ” განცხადება იმ დღესვე გაავრცელა. ასევე მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს, რის შესახებ მოვამზადეთ ვიდეომასალაც“.

 

2025 წლის 8 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ჯამში, 6 ინციდენტი დაფიქსირდა.