ინტერვიუ
კატეგორია - ინტერვიუ



ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვინც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო იყო დაპატიმრებული. ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ზაფხულში შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს დღესაც განიხილავს. შსს მას ისევ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისა და ვიდეოს გამო ედავება.  

ვახო სანაიამ ჟურნალისტად მუშაობა 2004 წელს, ტელეკომპანია „მზეში“ დაიწყო, მას შემდეგ სხვადასხვა დროს საინფორმაციო გამოშვებები, ტოქშოუები და საავტორო გადაცემები მიჰყავდა „რუსთავი 2“-ზე, „იმედზე“, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „მაესტროში“. 2015-2020 წლებში მუშაობდა „TV პირველში“, 2020 წლიდან კი არის ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, სადაც რამდენიმე გადაცემა მიჰყავს. 

მასთან ინტერვიუ იმის კითხვით დავიწყეთ, თუ როდის და რატომ აირჩია ჟურნალისტის პროფესია.

- მთელი ბავშვობა მინდოდა, ფეხბურთის მატჩების კომენტატორი ვყოფილიყავი. გიორგი [სანაია] რომ მოკლეს, მაგის შემდეგ ერთ წელიწადში მიწევდა ჩაბარება და ეს ერთი წელი ვფიქრობდი ჟურნალისტობაზე. შეიძლება ითქვას, გიორგის სიკვდილმა გადაწყვიტა ჩემი ჟურნალისტობა და ეს თავისთავად მოხდა. 

2002 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იმ პერიოდში ძალიან საინტერესო პროცესები მიდიოდა, ერთ წელიწადში „ვარდების რევოლუციაც“ მოხდა და ბევრი რამე შეიცვალა. ჩემი სწავლის პირველი და მეორე კურსი ქვეყნის ტრანსფორმაციის პერიოდი იყო. სულ ვამბობ, რომ ორ უნივერსიტეტში ვისწავლე: ერთში, რომელიც „ვარდების რევოლუციამდე“ იყო და მეორეში - რევოლუციის შემდეგ. ჩავაბარე იქ, რაც 2003 წლამდე იყო, 2003 წლის შემდეგ კი ძველი აღარ იყო და ვერც ახლის შექმნას მოვესწარი. 

სწავლის პერიოდშივე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო პრაქტიკა ტელევიზიაში. ასე აღმოვჩნდი სტუდენტობისას ტელეკომპანია „მზეში“. თავიდან შეგნებულად არ წავედი სამუშაოდ „რუსთავი 2“-ში, არ მსურდა ვიღაცას ეთქვა, რომ გიორგის გამო მიმიღეს. „მზეში“ სტაჟიორად 40 სტუდენტთან ერთად მივედი და თვეები ვიმუშავე უხელფასოდ. მერე შტატში ამიყვანეს, ძალიან მალე დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გავხდი, მერე - მთავარი გამოშვების. აი, მაშინ მივიღე „რუსთავი 2“-დან შემოთავაზება და „კურიერის“ წამყვანად გადავედი.

2006 წელს მივედი „რუსთავი 2“-ში. იქ დამხვდნენ ადამიანები, ჩემი პროდიუსერები და რედაქტორები, რომლებმაც ჩამომაყალიბეს ჟურნალისტად და წამყვანად. ფაქტობრივად ყველაფერი იქ ვისწავლე.

ამ დროის განმავლობაში შენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის რა აღმოჩნდა ყველაზე მძიმე გამოცდილება?

- აგვისტოს ომი. მაგ დროს არ ვმუშაობდი, მაგრამ გორში ვიყავი და ვაკვირდებოდი სიტუაციას. ძალიან მძიმე გამოცდილება იყო პროფესიულადაც და ადამიანურადაც. ასევე, 5 ივლისი და შემდგომი დღეები, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი. რამდენი ხანიც ჟურნალისტიკაში ვარ, ხალხთან ასეთი დაუნდობელი ანგარიშსწორება არ მახსოვს. მძიმე მოვლენები იყო 7 ნოემბერს, მაგრამ ასეთი დაუნდობელი ცემა, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, არასდროს ყოფილა. მთელი ღამეები არბევდნენ ხალხს განუწყვეტლივ.


პირველი ჟურნალისტი აღმოჩნდი, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. რას ფიქრობ, შენ მიერ დაწერილი სიტყვების გამო პატიმრობაზე?

- სიტყვა არის სიტყვა და ეს იყო პატიმრობა სიტყვის გამო, რომლის მიზანიც სხვების დაშინებაც იყო. სიტყვა უნდა იყოს დაცული, როგორიც არ უნდა იყოს ის.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სიძულვილის ენა გამოიყენესო. ეს არ არის სიძულვილის ენა. ამ ტერმინს აქვს კონკრეტული განმარტება და გამოიყენება მაშინ, როდესაც სიძულვილი მიემართება უმცირესობებს, მოწყვლად ჯგუფებს. სიძულვილის ენას ვერ იყენებ ძლიერის, ძალაუფლების მქონეს წინააღმდეგ. სიტყვა შეიძლება შეიზღუდოს მაშინაც, როდესაც ადამიანი ძალადობისკენ მოუწოდებს. ჩემს სიტყვებში არც ძალადობისკენ მოწოდება ყოფილა და არც იდენტობის ნიშნით შეურაცხყოფა. პირდაპირ არაფერი მითქვამს და იმაზე მედავებიან, რომ რაღაც ვიგულისხმე. საბოლოოდ მიიღეს ის, რომ რა სიტყვისთვისაც დამაპატიმრეს, იმ სიტყვის სინონიმი გახდა ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე მიიღო.

არ არსებობს სიტყვა, რომლითაც შეაფასებ „ქართულ ოცნებასა“ თუ მის ჩინოვნიკს და თუ დაჭერა მოუნდათ, ვერ დაგიჭირონ. ნებისმიერი სიტყვისთვის შეუძლიათ დაგიჭირონ. ამიტომ ციხიდან რომ გამოვედი, კიდევ ვთქვი ეს სიტყვები, ეს პრინციპის საკითხია. უკან თუ დავიხევ, ხვალ სხვა სიტყვასაც აგვიკრძალავენ. სიტყვის თავისუფლებას კომპრომისი არ უყვარს. რამდენჯერაც უნდა დამიჭირონ, დამაჯარიმონ თუ დამაყადაღონ, ჩემი მხრიდან კომპრომისი არ იქნება.

20 წელზე მეტია ტელეწამყვანი ხარ და ამ დროის განმავლობაში არაერთ ტელევიზიაში მუშაობდი. რას ფიქრობ შენი ყოფილი კოლეგების დღევანდელ სიჩუმეზე, მათ შორის შენს ადმინისტრაციულ პატიმრობაზე?

- დუმილი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა მათ გადაწყვეტილებაში. წინა პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ მაჩვენეს, რა ტექსტებს აცხადებდნენ ჩემს დაპატიმრებაზე „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“. მათგან ზოგი ჩემი კურსელი იყო, ზოგთან ვახლობლობდი, ზოგი ჩემი ძმის მეგობარი და კოლეგა იყო. ასე რომ, დუმილის მიღმა არის სიტყვები, რომლებიც დუმილზე მეტია, თუმცა დუმილიც შეიძლება მძიმე იყოს.

ეს ხდება იმის გამო, რომ არსებობს მორჩილების ზღვარი. ამ წითელ ხაზს რომ გადააბიჯებ, უკან მოსაბრუნებელ გზასა და აზრს ვეღარ ხედავ, არამხოლოდ პროფესიაში, არამედ ადამიანურ გზაზეც. შესაბამისად, ხდები რეჟიმის გულწრფელი გულშემატკივარი. არსებობს ისეთი წითელი ხაზები, როგორიცაა: სამშობლოს ღალატი, ადამიანების გაწირვა, ყველაფერზე ხელის მოწერა. ეს ყოველგვარ პროფესიაზე მეტია. ახლა ჩემი ყოფილი კოლეგები და დღევანდელი პროპაგანდისტული მედიების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ერთ ნავში სხედან. სამწუხაროდ, არ ახსოვთ, რომ როდესაც ნავი დამძიმდება, ბიძინა ივანიშვილმა იქიდან ხალხის გადაყრა იცის, მაგრამ რას ვიზამთ, მათ თავად აირჩიეს ეს გზა. 

მეორე მიზეზი შიშია. ისინი იმდენად ჰყავს რეჟიმს კლანჭებში მომწყვდეული, რომ შიშის ფაქტორი მოქმედებს. ჯამში ოთხი ფაქტორია: ვერ ხვდები, სად აღმოჩნდი; ხვდები და იღებ გადაწყვეტილებას, ბოლომდე ჩაჰყვე; შიში; მატერიალური სარგებელი. მგონია, რომ ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობა ქმნის ამ ე.წ. დუმილს. 

შენ თუ შეძლებ მაგ შემთხვევაში მათი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას?

- უდანაშაულო ადამიანს დავიცავ ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმესა და ასეთ სამართლებრივ კატეგორიებზე.

მაგრამ რაც შეეხება პროფესიულად, არ არსებობს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე მაყურებლისა და მკითხველის მიერ გამოტანილი განაჩენი. ამისგან კი მხოლოდ თავად შეუძლიათ საკუთარი თავების გადარჩენა.

ფეისბუქპოსტის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვას არ ესწრებოდი, უარი თქვი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანაზეც, რატომ?  

- სტრასბურგში ამ საქმეს მოვიგებდით, მაგრამ მაქვს პრინციპი - არ ვცნობ „ქართული ოცნების“ სასამართლოს, პროცესზეც კი არ მივედი. მათ მასკარადში არ ვმონაწილეობ. სტრასბურგში რომ წავიღო, გამოდის, რომ უნდა მივიდე სასამართლოში, გავასაჩივრო და წავიდე სხვა ინსტანციაში, მე კი მათ არ ვცნობ.


როგორ ფიქრობ, როგორ მივიდა ქვეყანა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასეთ ფორმებამდე?

- ეს დიქტატურის ლოგიკაა. დიქტატურა ვერ იქნება ბოლომდე კონსოლიდირებული, თუკი თავისუფალი მედია არსებობს და უძლებს შემოტევას. ამიტომ ის, რომ გვაპატიმრებენ და გვაჯარიმებენ, ჩვენი ბრალი ყველაზე ნაკლებად არის.

ივანიშვილს პრობლემები აქვს როგორც გარეთ, ისე რეჟიმის შიგნით. რადგან მისი აპარატი რეპრესიული და კორუმპირებულია, იცის, რომ თავისუფალი მედიის პირობებში რეჟიმი შეიძლება აუყირავდეს. ამიტომ მას უნდა, რომ თავისუფალი მედია უბრალოდ არ არსებობდეს. ეს მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად საუკეთესო გადაზღვევაა.

ჩვენი ამოცანაა, ამის საშუალება არ მივცეთ. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს გზა: რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დავწერ და ვიტყვი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გამომკეტავ ციხეში. მე ვიცი, რა არის შენი პრობლემა - ის, რის გამოც მიჭერ. რადგან ამის გამო მიჭერ, სადაც გექმნება პრობლემა, იმას არ მოვეშვები, იმიტომ რომ ჩემი დაპატიმრება ვერ დაამარცხებს იმას, რასაც ვაკეთებ. ყველას თავისი ბრძოლის გზა აქვს და ამ გზების ერთობლიობა დაამარცხებს ამ რეჟიმს.

შენთვის როდის ან რა აღმოჩნდა ის ზღვარი, როდესაც იფიქრე, რომ „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ დგამდა ნაბიჯებს? 

- ეს, ალბათ, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი იკადრეს. მაშინ გამოაცხადეს, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან: ქალაქში გააკრეს ბანერები, ზედ მკვლელები დააწერეს და სისხლი მიასხეს. მოგვიანებით საარჩევნო კლიპში უკრაინაში რუსების მიერ დახოცილი ადამიანების საფლავები რომ ჩასვეს, მე არ გამკვირვებია, რადგან 2018 წელს ეგ უკვე გაკეთებული ჰქონდათ. მაშინ გამოჩნდა ყველაზე მკაფიოდ, რომ [ბიძინა] ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი.

გავრილოვის ღამე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ 5 ივლისს რეალურად მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება. [ირაკლი] ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ იცხოვრებს უმცირესობაო და მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს. მან გვითხრა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და ის გადაწყვეტს, ვინ როგორ იცხოვრებს. ყველა დიქტატორი ამბობს, რომ უმრავლესობა ის არის.

ამის საფუძველი თავიდანვე იყო. როდესაც ადამიანი მოდის ამხელა კაპიტალით, რუსული კავშირებით და ამბობს, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს, ის ყველაფერზე წამსვლელია. ივანიშვილისთვის სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქცია მისივე მსახურებაა, ამ მოცემულობაში კი თავისუფალი მედია არ უნდა არსებობდეს. მისთვის ჟურნალისტი ან ციხეში უნდა იყოს ან ქვეყნიდან გაძევებული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიზანს ვერ აღწევს და წინააღმდეგობას ვუწევთ, საბოლოო ჯამში, დავამარცხებთ მას. 

როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს, რომ შენ, როგორც ჟურნალისტს, საკუთარი პოზიციის ასე საჯაროდ დეკლარირება გიწევს?

- ეს აუცილებლობით არის გამოწვეული. დღეს სიტუაცია გვაქვს, როდესაც ან გადავრჩებით ან დავიღუპებით, როგორც ქვეყანა. ეს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, რომელმაც გვითხრა, რომ უბრალოდ უნდა განადგურდეთო. ასეთ დროს პასუხია, რომ შევასრულო პროფესიული მოვალეობა და მეორე მხრივ, არ მოგცე საშუალება, ქვეყანა გაანადგურო. დღეს ბრძოლა და მუშაობა ერთდროულად ხდება.

როდესაც ვხედავ, რომ იარაღით გადგას ვიღაც თავზე, ჩემი ვალდებულებაა, ვთქვა, რომ არ მოგცემ, ხელისუფლება, საშუალებას ცემო ან მოკლა მოქალაქე. როგორ უნდა იყო ამ დროს მხოლოდ დამკვირვებელი და ამბის გამშუქებელი? როგორ გავაშუქო ცივად, როგორ კლავენ გურამ როგავას? გავაშუქე, საავადმყოფოდან ჩავრთე ლაივში, მაგრამ აქ არ მთავრდება ეს ამბავი. იმ დღეს გურამ როგავა მოკლეს პირდაპირ ეთერში. თუკი ამას ასე ცივსისხლიანად ვუყურებ, მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ჟურნალისტობას? ჩემი ვალია, ვისაც დახმარება სჭირდება, მისი ხმა გავაგონო სხვას. როდესაც გარშემო ადამიანებს ურტყამ და ომი გაქვს გამოცხადებული, ჟურნალისტიკა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნორვეგიაში ან შვედეთშია.

მთავარია, დავიცვა სტანდარტი: ფაქტი და მოსაზრება გავმიჯნო ერთმანეთისგან, არ მოვიტყუო, არ ვუთხრა თეთრზე შავი და შავზე - თეთრი, არ გამოვიყენო ეთერში არანორმატიული ლექსიკა და სხვ. ჩვენ ომი გამოგვიცხადეს და ჩვენს ხელში ერთადერთი იარაღი სიტყვა და სიმართლეა.

ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, მაშინაც იმ ტიპის ჟურნალისტიკაში ვიქნებოდი, სადაც ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მექნებოდა. ახლა ასე ვმუშაობ: მიმყავს საინფორმაციო გამოშვება, მაქვს საავტორო გადაცემა, სადაც მოსაზრებებს თავისუფლად გამოვთქვამ, ვარ გადაცემაში სხვა წამყვანებთან ერთად და სოციალურ ქსელშიც განსხვავებული მიდგომა მაქვს.

მედიის დანიშნულება არ არის, რაღაც კარგი აჩვენოს. ტელევიზია იმისთვისაა, რამე კარგი თუ გაკეთდა, იქ ეძებოს ხარვეზი. კარგ „ნიუსებზე“ პროპაგანდისტული არხები ამზადებენ კლიპებს, ჩვენი ფუნქცია კი არის, მაგალითად, ახალ ავტობუსებს თუ შემოიყვანს მერია, შევამოწმოთ, იქიდან ფული ხომ არ მოიპარეს, ტენდერი როგორ ჩაატარეს და ა.შ. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება, გაკეთებულზე ბევრი ილაპარაკოს ჩემი დახმარების გარეშე. დახმარება სჭირდება საზოგადოებას, ვისი ფულიც იხარჯება და უნდა იცოდეს, რამდენად კეთილსინდისიერად იხარჯება. 

ჩემი სიტყვები მხოლოდ ხელისუფლებაზე არ ვრცელდება, ასევე, კრიტიკული უნდა ვიყო ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ. დღეს „ფორმულა“ ზუსტად ასე მუშაობს. ჟურნალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არავის შემოადგმევინებენ ფეხს, ვისაც ექნება პოლიტიკური გავლენა და ამით ძალიან ვამაყობ. ის, რაც ტელევიზიებთან დაკავშირებით ხდებოდა წლების განმავლობაში, მედიას მოჰყვება და არ უნდა განმეორდეს.

თქვენი არხის მიმართ ისმის პრეტენზიები დაბლოკვის შესახებ, მაგალითად, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერისგან, თამარ ჩერგოლეიშვილისგან.

- დაბლოკვა ხდება ცენტრალიზებულად, ზემოდან. დღეს „ფორმულას“ არანაირი უფროსი არ ჰყავს პოლიტიკური წრეებიდან, ვინც შეიძლება მისი დაბლოკვა მოითხოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მისი გაცხადებული სურვილია ჩვენი ტელევიზია დაიხუროს, ის დაბლოკილი მაინც არ არის. პირიქით, მან დაბლოკა თავისი პარტია, როდესაც „ფედერალისტების“ სხვა წევრებს იწვევენ, აცხადებენ, რომ იქნება ან [თამარ] ჩერგოლეიშვილი, ან არავინ. ჩემთვის კი მისი აზრი არ არის საინტერესო, როდესაც გახდება საინტერესო, აუცილებლად მოვიწვევ.

რა შეიძლება აღმოჩნდეს ის მიზეზი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებ?

- სიტუაციის სიმძიმე ბევრს ჯერ ისევ არ ესმის. ვიღაცას ჰგონია, რომ ჟურნალისტები ხელფასს იღებენ და კარგად ცხოვრობენ. ჩვენ ვალდებული ვართ, ცუდად ყოფნის პირობებშიც ვიმუშაოთ. ალბათ, ფიზიკურად აღარ უნდა შემეძლოს, რომ ვეღარ გავაგრძელო მუშაობა, ან შუქი უნდა ჩაქრეს, მაგრამ მაშინაც გენერატორისთვის საწვავის ფულს მოვაგროვებთ როგორღაც. სანამ ფიზიკურად შეგვიძლია, ვმუშაობთ და ასეც იქნება. 







კატეგორია - ინტერვიუ


„სანდო წყარო“ - ქართულ მედიასივრცეში ახალი საინფორმაციო პლატფორმა გამოჩნდა, რომელმაც მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყო. მისი დამფუძნებელი ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავაა, რომელსაც მედიაში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2010-2023 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა, შემდეგ კი - „ფორმულაში“. ბოკუჩავამ ტელევიზია მიმდინარე წლის ივლისში, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და ცოტა ხანში საკუთარი მედიაპლატფორმა შექმნა.

„გამოცემა ძირითადად ადამიანის უფლებების, სამართლებრივი საკითხებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით იმუშავებს და მოქალაქეებს სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციას მარტივი და გასაგები ენით მიაწვდის“, - ამბობს სალომე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. მისი თქმით, დამოუკიდებელი მედიისთვის შექმნილი რთული გარემო და საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელების სურვილი ის მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც ახალი პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება მიაღებინა.

„ტელევიზიაში 16 წელი გავატარე. მე-17 წელი იწყებოდა სწორედ იმ კვირას, როდესაც „სანდო წყაროს“ შესახებ პირველი საჯარო პოსტი გამოვაქვეყნე. ტელევიზია ჩემი სუსტი წერტილია - ამ წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულად მას უკავშირდებოდა, უზარმაზარი ენერგია და დაუღალავი შრომა ჩავდე თითოეულ საქმეში, რასაც ხელი მოვკიდე. თუმცა, როდესაც ხვდები, რომ გარემო იცვლება, მოტივაცია ქრება და იცი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია, ეს იმის ნიშანია, რომ ცვლილებების დროა. „სანდო წყარო“ ჩემთვის ძალიან გაბედული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია“. 

რამ გიბიძგა, რომ სწორედ ახლა, ასეთ რთულ მედიაგარემოში გადაგედგა ეს ნაბიჯი და როგორ გაჩნდა „სანდო წყაროს“ შექმნის იდეა? 

- დამოუკიდებელი მედია წლებია მძიმე ფინანსურ კრიზისშია და მეც ამ რეალობის ნაწილი ვარ. ბოლო პერიოდში სიტუაცია მედიაში ისე დამძიმდა, რომ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, დავტოვე არხი, რომელმაც საინტერესო გამოცდილება და თავგადასავალი მაჩუქა. მალევე საკუთარი გზის ძიება დავიწყე და სწორედ ამ დროს გაჩნდა „სანდო წყაროს“ იდეა, სადაც გაერთიანდა პიროვნული მოტივაცია, საქმის სიყვარული და უდიდესი სურვილი, რომ დამოუკიდებელმა მედიამ საქართველოში არსებობა განაგრძოს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუციები ვერ გადარჩებიან, თუკი მედია გაქრება. დღეს ყველას თავისი ფრონტი აქვს, მე ჩემი პროფესიის გადასარჩენად ვიბრძვი და მინდოდა, ამ დიდ საქმეში ჩემი მცირე წვლილიც შემეტანა. 

ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანებს არ გვეკარგება მოტივაცია, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გამომეყენებინა, გუნდი შემეკრიბა და კიდევ ერთი დამოუკიდებელი სივრცე შეგვექმნა. ჩვენი მთავარი სამიზნე ადამიანი და მისი სამართლებრივი პრობლემები იქნება. გვინდა, არა მხოლოდ გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა, არამედ რეალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს და განვუმარტოთ, რისი უფლება აქვთ მათ. უამრავი ადამიანია, ვისაც სჭირდება მედიის მხარდაჭერა და ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ და სიღრმისეულად შევისწავლოთ მათი საქმეები.

ამაზე ფიქრი აგვისტოს დასაწყისში დავიწყე. ყველფერს ვუზიარებდი ოპერატორ ლევან სანიკიძეს, რომელიც საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხების მოგვარებაში ჩემთან ერთად ჩაება. საქმეში ჩაერთო მესამე თანამშრომელიც, მარიამ კალანდაძე digital-ის მიმართულებით. 20 აგვისტოს უკვე შევქმენით ფეისბუქ გვერდი, რომელსაც გარკვეული ხანი საიდუმლოდ ვინახავდით. კომპანია Wevosoft-მა უსასყიდლოდ აგვიწყო ვებგვერდი. 2 სექტემბერს, მე, ოპერტორი თედო ქვაჩახია და ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი პირველ გადაღებაზეც გავედით და მასალების შეგროვება დავიწყეთ. ზუსტად ერთი თვის თავზე კი YouTube-ზე, სოციალურ პლატფორმებსა და ვებგვერდზე ჩვენი პირველი მასალაც გამოჩნდა. 

ძირითადად რა თემებზე იმუშავებს „სანდო წყარო“? 

- „სანდო წყარო“ ძირითადად სამართლებრივ თემებსა და ადამიანის უფლებებზე იმუშავებს. ჩვენი კონტენტი აგებულია სისხლის და სამოქალაქო სამართლის ცოდნაზე, მათი გამოყენების პრაქტიკასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულების საჭიროებას მკაფიოდ ვხედავთ, რადგან საზოგადოებაში დიდია მოთხოვნა გადამოწმებულ, პროფესიულ და ამავდროულად, მარტივ ენაზე განმარტებულ სამართლებრივ ინფორმაციაზე. 

ამ ეტაპზე მკითხველს რამდენიმე სახის მედიაპროდუქტს შევთავაზებთ: 

ჟურნალისტური გამოძიება: ვინაიდან ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ საგამოძიებო ჟურნალისტიკა იქნება. ჩემი და ლევან სანიკიძის ავტორობით, ეს იქნება უტყუარი, გადამოწმებული ინფორმაცია საქმის მასალებზე, ფიგურანტ პირებზე, დაცვისა და ბრალდების მხარეების მონაწილეობით. 

„საზღვრებს მიღმა“: ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ამბების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. მისი ავტორობით მაყურებელი გაეცნობა, როგორ მუშაობენ დასავლური ინსტიტუტები, რა ისტორია და გამოცდილება აქვთ მათ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. 

სამართლებრივი განათლება და პრაქტიკული რჩევები: დარგის სპეციალისტებთან ერთად დეტალურად გავარჩევთ კონკრეტულ მუხლებს, კანონებსა და სასამართლო პრაქტიკას. მარტივი ენით ავუხსნით საზოგადოებას, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციებში. ამ მიმართულებით სტატიებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ვიდეორგოლების სახით ნუცა ბახუტაშვილი და ლიზი ვეკუა მოამზადებენ. მიზანი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.

ჟურნალისტური ბლოგები: sandotskaro.ge-ზე შემოგთავაზებთ გამოცდილი ჟურნალისტების ბლოგებს. მედია ხშირად სახელმწიფო უწყებებზე სწრაფად რეაგირებს და პირველი ამბობს სიმართლეს. თუნდაც დასაწყისში კრიტიკის ობიექტები გახდნენ, წლების შემდეგ მათი ნათქვამი მაინც მართლდება. ჟურნალისტები გაგახსენებენ საქმეებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გახმაურებულ რეზონანსულ საქმეებზე, რომლებიც ექსკლუზიურად გააშუქეს, ფიგურანტ პირებს კი სამართლის პოვნაში დაეხმარნენ. 

„წიგნებიდან რეალობამდე“: კვირის ბოლოს, სოფო კაჭარავა შემოგთავაზებთ განსხვავებულ კონტენტს, სადაც ცნობილი ადამიანები ისაუბრებენ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ლიტერატურაზე, რომელიც ამა თუ იმ დანაშაულს, უფლებადარღვევის ფაქტს ასახავს და პარალელებს გაავლებენ როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს რეალობასთან. 

როგორ მუშაობს დამოუკიდებელი მედიისთვის არსებულ ასეთ რთულ პირობებში ახლადდაფუძნებული გამოცემა და რა გეგმები გაქვთ? 

- „სანდო წყარო“ ამ ეტაპზე ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენი სარედაქციო გუნდი დიდი არ არის, თუმცა ძალიან საიმედოა. სამონტაჟო ტექნიკა საკუთარ სახლში მოვაწყე. ჩვენი მემონტაჟე, ელიზაბედ მეძმარიაშვილი სრულიად უსასყიდლოდ და დაუღალავად ეხმარება პროექტს. ასევე, გვერდით გვყავს ჩვენი ოპერატორი მეგობრები, რომლებიც გადაღებებს საკუთარი ტექნიკით უზრუნველყოფენ. გუნდში ფუნქციები და თემები მკაფიოდ გვაქვს გადანაწილებული. 

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მუშაობა მარტივი არ არის, თუმცა გვაქვს უდიდესი მოტივაცია, იმედი და მოლოდინები. რაც შეეხება გეგმებს, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ახლა მთელ რესურსს პირველადი ამოცანების შესრულებასა და პლატფორმის ამუშავებას ვუთმობთ. შორსმიმავალ გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. მთავარია, დასახულ მიზანს მივაღწიოთ და მაყურებელსა თუ მკითხველს ხარისხიანი და სანდო მედიაპროდუქტი მივაწოდოთ. 

                                                                 

ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ პირობებში უწევს. 20 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართულმა ოცნებამ“ მედიის შესაზღუდად არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად იყენებს.  
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ბოლო კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტოს პერიოდში, ქვეყანაში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 117 მედია ორგანიზაციას და 174 ჟურნალისტს ინდივიდუალურად შეეხო, მათი უმეტესობა კი ერთზე მეტჯერ დაზარალდა. 


კატეგორია - ინტერვიუ


ნინო ბაქრაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. მისი პროფესიული გზა ქუთაისში, რეგიონულ მედიაში მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა და OCCRP-ის გუნდს შეუერთდა. 2016 წელს კი, „პანამის დოკუმენტებზე“ მუშაობის შემდეგ, თანაკურსელთან ერთად „აი, ფაქტი“ დააფუძნა.

ბოლო წლებში საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის არსებული მძიმე გარემოს გამო, გამოცემას საქმიანობის გასაგრძელებლად ახალი ფინანსური და ორგანიზაციული მოდელების შექმნა უწევს. ნინო ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ქართული დამოუკიდებელი მედია ერთი მხრივ, მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა, მეორე მხრივ, თანამშრომლობისა და სოლიდარობის ახალი შესაძლებლობებიც შექმნა. მისთვის, „სინათლე მედია“ სწორედ ამის მაგალითია. როგორია „აი, ფაქტის“ 10 წელი, წაიკითხეთ ნინო ბაქრაძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში.   

                                                          
„სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „აი, ფაქტი“ მისი ერთ-ერთი წევრია. „სინათლე მედიას“ მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიური გადარიცხვით. 
                                                          

ნინო, დასაწყისში მოგვიყევი როგორ გაჩნდა იდეა, რომ სწორედ საგამოძიებო მედია დაგეფუძნებინათ?

- სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ვმუშაობდი OCCRP-ში (ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტი), რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელია. 2016 წელს, როდესაც OCCRP-ი „პანამის დოკუმენტებზე“ მასალებს აქვეყნდებდა, მე მასზე საქართველოდან ვმუშაობდი. ამ გამოძიების შემდეგ, ჩვენი საქმიანობის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა. სწორედ მაშინ ვთქვით, ხომ არ შევქმნათ მედია, რომელიც ასეთ დიდ მონაცემებზე იმუშავებს, მონაცემთა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას გააერთიანებს და ახალ პროდუქტებს შექმნის. ასე შევქმენით მე და ჩემმა კურსელმა, ნინო გაგუამ, GIPA -ში ვსწავლობდით ერთად, „აი, ფაქტი“ 2016 წლის ივლისში.

მედიამენეჯმენტის არაფერი გაგვეგებოდა, ჟურნალისტები ვიყავით და გზადაგზა, ხელის ცეცებით, თუმცა სწორი მიმართულებით მივდიოდით. ამ პროცესში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ვისწავლეთ ჟურნალისტიკაც, რადგან უნივერსიტეტში ნასწავლი თეორია მაინც კოჭლობს და პრაქტიკაში კიდევ ბევრი რამის ათვისება გიწევს, სამწუხაროდ, ასეა ჩვენს ქვეყანაში. ვისწავლეთ ადამიანური რესურსების მართვაც და ფინანსებიც.

საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მაშინ ხომ ვერც წარმოვიდგენდით, რომ საქართველო ამ გზას დაადგებოდა და მედიის მიმართ ასეთი ტერორი იქნებოდა, თუმცა, ალბათ, მაინც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდით. „აი, ფაქტისა“ და ამ საქმის გარეშე ჩვენი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

მაშინ, „აი, ფაქტის“ შექმნის ეტაპზე, რა სახის გამოწვევებს წააწყდით?

- მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო ფინანსები. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია. დიდხანს მუშაობ, ბევრი ადამიანია ჩართული, დიდ შრომას მოითხოვს და შედარებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ახალ ამბებს. „ქართულ ოცნებას“ კი ჰგონია, რომ ფული თავზე გვეყრებოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ყოველთვის უზარმაზარ საერთაშორისო კონკურსებში გვიწევდა მონაწილეობის მიღება, სადაც მთელი მსოფლიოდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ორგანიზაციები. წელებზე ფეხი უნდა დაიდგა, რომ კონკურსის პირობები დააკმაყოფილო. გრანტს რომ მოიპოვებ, იმასაც თავისი ბიუროკრატია ახლავს, როგორ ხარჯავ და რას შვრები. ასე რომ, დაფინანსება ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა საგამოძიებო მედიებისთვისაც.

საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას. როცა საგამოძიებო მასალას ვაკეთებთ, ჩვენ არ ვართ აქტივისტები, პოლიტიკოსები ან პროკურატურა. ადამიანებს კი აქვთ მოლოდინი, რომ სტატიის გამოქვეყნებისთანავე ყველაფერი მოგვარდება. ასე არ არის. მე ვაგროვებ ინფორმაციას, ვაანალიზებ და პასუხისმგებელი ვარ ფაქტების სიზუსტეზე, მაგრამ ჩემი მოვალეობა დამნაშავის დაჭერა არ არის, ამას ვერ ვიზამ. 

გარდა ამისა, პრობლემაა იგნორირებაც, თითქოს სირაქლემას პოზაში ყოფნა უყვარს ჩვენს საზოგადოებას. მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში ვწერდით დემურ სტურუას ამბავზე, ბიჭზე, ვისაც პოლიციელმა თავი მოაკვლევინა. საზოგადოებას სათანადო რეაქცია მაშინვე რომ ჰქონოდა, იქნებ აღარც მომხდარიყო შემდეგ სამარშრუტო ტაქსებსა თუ ციხეებში ხალხის წამება, დაკავებულების ცემა იზოლატორებსა და ქუჩებში. ეს საზოგადოების მოვალეობაა, მე მეტს ვერაფერს ვიზამ, გარდა იმისა, რომ მოვუყვე ხალხს, რა ხდება. თუ საზოგადოება მიხვდება, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ სიმართლე შეიტყოს და იმოქმედოს, სწორი მიდგომა იქნება. ახლა ეს მიდგომა არ გვაქვს და წლებია ვდგავართ პოზიციაში: „ძაღლი ყაფს, ქარავანი მიდის“. რაღაცებს ვიძახით და ვიძახით.

როგორ და რა პირობებში ახერხებს „აი, ფაქტი“ მუშაობას დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე?

- 2023 წელს, როდესაც ეს იდეა და კანონპროექტი პარლამენტში პირველად შეიტანეს, ვგულისხმობ პირველ რუსულ კანონს, მაშინვე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს რუს კოლეგებთან. მაინტერესებდა, მათი გამოცდილება რა იყო და რას გვირჩევდნენ. ყოველთვის მახსოვს მათი სიტყვები, ჩვენი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ამ კანონის მიღებისას ყველა რუსული მედიაორგანიზაცია შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდა და საკუთარი ნებით მიუთითა ვებგვერდზე, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ ემსახურება და „უცხოურ აგენტს“ წარმოადგენდაო. ეს გახლდათ ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან მოგვიანებით პუტინის რეჟიმმა ეს „აღიარება“ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენაო: რაკი თავად მიანიჭეთ საკუთარ თავს „უცხოური აგენტის“ სტატუსი, ესე იგი ხართ კიდეც, რაც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს და კანონით ისჯებაო. სწორედ ამ მუხლებით დაიწყეს შემდგომში ჟურნალისტების გასამართლება. 

მაშინ გვირჩიეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავრეგისტრირებულიყავით „აგენტების ბაზაში“. მართალია, 2023-ში ეს კანონი უკან გაიწვიეს, მაგრამ 2024-ში რუსული კანონი მაინც მიიღეს. მაშინ გვქონდა მოლოდინი, რომ არჩევნებით რაღაც შეიცვლებოდა და დრამატულად არ ვუყურებდით ამ სიტუაციას. კანონის ვერამოქმედების ფაქტიც გვეხმარებოდა და თავი 2025 წლის გაზაფხულამდე გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ე.წ. FARA და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებიც დაგვაწვიეს. 

მას შემდეგ ათასი რამის მოფიქრება გვიწევს, რომ გადავრჩეთ და გავაგრძელოთ საქმიანობა. ეს მთელი გუნდის დიდ ძალისხმევად ჯდება. ვამზადებთ სანქციების დარღვევების თემატიკაზე მორგებულ „ნიუსლეთერებს“, რომლებიც ყოველთვიურ გამომწერებს მიეწოდებათ. დავიწყეთ საწევრო პროგრამაც მათთვის, ვისაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე გული შესტკივათ, უნდათ, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა ან უბრალოდ აქტიური მოქალაქეა. შევქმენით ე.წ. „ქომუნითი“ (Community). ამ სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისი ჯერ ვერ მოვიფიქრეთ. ეს არის ადამიანების ერთობა, სადაც მიდის მსჯელობა, თემებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს ქართული მედიისთვის სიახლეა და ჩვენთვისაც საინტერესო პროცესია, რადგან ბევრ რამეს ვსწავლობთ და უფრო ახლოს მივდივართ ჩვენს აუდიტორიასთან.

ასევე, ვმართავთ ფასიან კინოჩვენებებს, გვქონდა ღვინის მცირე ფესტივალი, სადაც ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი მეღვინეები იღებდნენ მონაწილეობას, მოიტანეს თავიანთი ღვინო, გაყიდეს და მიღებული თანხიდან ნაწილი ორგანიზაციას შესწირეს. გვქონდა ტურების მოწყობის ინიციატივაც. ვმართავთ შეხვედრებს რეგიონებშიც.

სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე პატარა ფესტივალი. მცირე შემოსავლის მიღების მიზნით მსგავსი ღონისძიებების რაოდენობა ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს გამოცდილება სხვა მედიებისთვისაც სასარგებლო იქნება, გვექნება რაღაც ცოდნა, რისი გაზიარებაც მათთვის შეგვეძლება.

ნინო, „აი, ფაქტი“ მართალია „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაფუძნდა, თუმცა ჟურნალისტად მანამდეც მუშაობდი. შენთვის როდიდან იწყება „ქართული ოცნების“ დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა და მაგალითად, რა გამოარჩევს მას წინამორბედებისგან?

- „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე ძალიან მუხანათური პოლიტიკა დაიჭირა. დაიწყო მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მედიის მიმართ. ჟურნალისტებს, თუ გახსოვთ, მიზანმიმართულად ეძახდნენ „ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს“, „მტრებს“, „აგენტებს“... ეს საზოგადოების მეხსიერებაში ილექება, ანუ აჩვევდნენ ადამიანებს იმას, რომ ჟურნალისტი არის მტერი. მტრის ხატს ქმნიდნენ ჩვენგან.

თავიდან ეს დაიწყეს ძალიან ჩუმად, თითქოს ძალიან შეუმჩნეველი იყო, შიგადაშიგ აკეთებდნენ. მერე ცოტა გაამწვავეს და ნელ-ნელა ტემპსა და სიხშირეს მოუმატეს. ბოლოს კი, ეს კანონები რომ შემოიღეს, მისი მიზანი უკვე მთლიანად მედიის გაქრობა იყო და არის. არა ინდივიდუალური მედიის გაქრობა, როგორც მაგალითად, „აი, ფაქტის“ ან „მონიტორის“ დევნა, არამედ მთლიანად დამოუკიდებელი მედიის, როგორც ინსტიტუტის.

ეს არის დიდი განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის. ისინი, შეიძლება, ინდივიდუალურად ვიღაცებს ებრძოდნენ, მაგრამ მთლიან ინსტიტუტს ვერაფერს უშვებოდნენ. ამათ კი ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნეს, რომ მთელს მედიას უქმნიან საფრთხეს. ყველას გვდევნიან, იმის გამო კი არა, რომ მე ეს სტატია დავწერე ან ის გამოძიება გავაკეთე, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები ვართ და მედიას წარმოვადგენთ.

შენი აზრით, რამდენად კარგად უმკლავდება დამოუკიდებელი მედია ამ განსაცდელს?

- თუ ჩვენს ვითარებას რუსეთის, ბელარუსის ან აზერბაიჯანის მედიაგარემოს შევადარებთ, ვიტყოდი, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია ამ ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდება. მაგალითად, ერთხელ შეხვედრა გვქონდა „მედუზას“ ჟურნალისტებთან [ემიგრაციაში მომუშავე რუსულენოვანი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც რუსეთში „უცხოურ აგენტად“ და „არასასურველ ორგანიზაციადაა“ გამოცხადებული] და რედაქტორმა გვითხრა, რომ ჩვენთან ეს კანონები რომ შემოვიდა, ყველა მედიამ ისე გააგრძელა საქმიანობა, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არ ჰქონდათ, რაც ჩვენი შეცდომა იყოო. ქართული მედია კი ერთ პოზიციაზე დგას და ეს ძალზე მნიშვნელოვანიაო. ეს შეხვედრა ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში შედგა, როცა „სინათლე მედია“ ჩანასახში იყო და ჯერ კამპანია დაწყებულიც არ გვქონდა. მან მაშინაც კი თქვა, ერთიანობაზე რომ ფიქრობთ, ესეც კი უკვე დიდი მიღწევააო. მას მერე „სინათლე მედიას“ ფარგლებში იმდენი რამე გამოვიარეთ, იმდენი რამ გაკეთდა, სოლიდარობის იმდენი მაგალითი ვნახეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხარდაჭერა, რასაც მედიები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ და ის სულისკვეთება, რაც ამ გაერთიანებაშია, არის დიდი მოტივაცია, რომ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. ის, რომ „აი, ფაქტი“ დღეს ისევ საქართველოშია და არსად წასულა, მიუხედავად არაერთი თავდასხმისა „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი გამოცემის მიმართ, მაინც იმის დამსახურებაა, რომ ეს ერთობა შედგა.

ჩვენი გაერთიანება ძალზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია არა მარტო დღეს, ამ კრიზისულ სიტუაციაში საბრძოლველად, არამედ სამომავლოდაც. მუდმივად ამ კრიზისში ხომ ვერ ვიქნებით, ოდესღაც გაივლის და ეს ერთობა დარჩება ძალად, რაც სხვა ფორმაში გადაიზრდება და უფრო ორგანიზებულ სისტემად ჩამოყალიბდება.

რატომ არის დღეს „აი, ფაქტის“ არსებობა მნიშვნელოვანი? მაგალითად, რას ვერ გაიგებდა საზოგადოება, ეს პლატფორმა რომ არ არსებობდეს? 

- ცოტა შორიდან დავიწყებ და მკითხველს მოვუყვები, როგორ ვმუშაობთ. ხალხს ესმის და იცის, რომ დიდი ხანია პროპაგანდა მუშაობს იმის დასაჯერებლად, თითქოს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს და ჟურნალისტები აუცილებლად რომელიმე მხარეს მიეკუთვნებიან. მე საჯაროდ, ყოველთვის და ყველგან ვაცხადებ, კი ბატონო, მე ვარ მხარე, მაგრამ ვარ საზოგადოების მხარე. ყოველთვის წარმოვადგენ ხალხს და მათ ინტერესებს, ჩემთვის ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მასალის მომზადებისას არის საზოგადოების ინტერესი. არ მაინტერესებს არც მთავრობის, არც ოპოზიციის, არც უცხო ქვეყნის და არც ჩემი პირადი ინტერესი. მაინტერესებს მხოლოდ ის, თუ რა არის ქართველი ერის ინტერესი მოცემულ მომენტში. შესაბამისად, ეს ინტერესი გვკარნახობს, რომ მაქსიმალურად გავარკვიოთ, რა არის სიმართლე, რა არის ზუსტი ფაქტი და შეცდომაში არ შევიყვანოთ ხალხი. რასაკვირველია, დაგვიშვია შეცდომა, ძალიან იშვიათად მექანიკური შეცდომები გაგვპარვია, მაგრამ მათ მყისიერად ვასწორებთ. გვაქვს სპეციალური სტანდარტი: ყოველთვის ვწერთ შენიშვნას, სტატიაში იქნება თუ ვიდეოში, ვუთითებთ, რა გვეწერა, როგორ უნდა ყოფილიყო და ბოდიშს ვიხდით.

ეს ძალიან იშვიათად ხდება იმის წყალობით, რომ მასალის გამოქვეყნებამდე გადამოწმების საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. შესაძლოა, სტატიის დაწერას დასჭირდეს ორი კვირა, ხოლო მის გადამოწმებას - დამატებით ერთი კვირა. ამ პროცესს გადის აბსოლუტურად ყველა მასალა, რომელიც ჩვენს გვერდზე თავსდება. სხვანაირად ინფორმაციას უბრალოდ არ ვაქვეყნებთ. ასევე, არასდროს ვაქვეყნებთ ისეთ ინფორმაციას, რომლის მტკიცებულებაც არ გვაქვს, რადგან გვესმის კონტექსტი და ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გვიჩივლებს, წავა სასამართლოში და შეეცდება ჩვენს დისკრედიტაციას. ამიტომ ყოფილა შემთხვევა, როცა ტექსტიდან პარაგრაფიც კი ამოგვიღია, რადგან შესაბამისი დოკუმენტი არ გვჭერია ხელში. არც ერთი სიტყვა არ ხვდება ისეთი, რისი დასტურიც არ გვაქვს. როცა ამ სტანდარტით მუშაობ, მკითხველს შეუძლია ენდოს შენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მიიღოს ის, როგორც სანდო წყარო.

„აი, ფაქტი“ რომ არ იყოს, მაგალითად, ვერ გაიგებდნენ:

  • ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კონტრაქტის შინაარსს. ეს კონტრაქტი ჩვენ მოვიპოვეთ, გავაანალიზეთ და ხალხს გავაგებინეთ, იქ რა ეწერა.

  • ვერ გაიგებდნენ, გელათს რა დაემართა, რა მოხდა იქ, როგორ დაზიანდა, რა გააკეთეს ან ვერ გააკეთეს და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი. გელათის ამბავზე სტატიებისა და ვიდეოების ციკლი დღემდე გრძელდება, რადგან არ ვიცით, როდის გამოსწორდება იქ სიტუაცია. ამ ამბავს მივყვებით უკვე მეექვსე წელია. 

  • ვერ გაიგებდნენ, როგორ არის ჩართული საქართველო რუსეთის სასარგებლოდ სანქციებიდან თავის არიდების საქმეში და როგორ ვაწვდით რუსეთს ყველანაირ პროდუქტს, რაც სანქცირებულია. 

  • ვერ გაიგებდნენ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ კორუფციის შესახებ. ამ ამბით ძალიან ვამაყობთ. ეს ეხებოდა კავშირის ხელმძღვანელის კორუფციულ გარიგებებსა და პირადი გამორჩენის სანაცვლოდ ამ თემის ინტერესების დათრგუნვას. მაშინ, როცა ამ ხალხს ელემენტარულ საჭიროებებსაც არ უკმაყოფილებდნენ, ეს კაცი უგონოდ მდიდრდებოდა. ჩვენი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, საქმე სასამართლოში მიდის და იგი თანამდებობას ჩამოაშორეს. 

  • ვერ გაიგებდნენ ყულევის პორტში სანქცირებული ნავთობის შემოსვლის შესახებ, რუსული ნავთობი ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემებით შემოდიოდა. ჩვენი მუშაობის შედეგად ყულევის ქარხანა დასანქცირდა, პორტი კი პირობის სანაცვლოდ გადაურჩა სანქციებს.

  • ვერ გაიგებდნენ კოსმოდრომის საქმეს - როგორ ჩამოვიდა ორი ადამიანი რუსეთიდან, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ, ჯაშუშობდნენ, საქართველოდან ინფორმაციას აგზავნიდნენ და ვითომ კოსმოდრომს აშენებდნენ.


კიდევ ბევრი მასალაა, რომლის ჩამოთვლაც შემიძლია, უბრალოდ ზოგ მათგანს მყისიერი შედეგი მოჰყვება, ზოგს - არა, მაგრამ არც ერთი მასალა უკვალოდ არ იკარგება. დადგება დრო, როცა ისინიც ამოტივტივდება. მაგალითად, 2024 წელს გამოვაქვეყნეთ სტატია ლენტეხის ყოფილ მერზე, რომელმაც სასტუმრო ააშენა, ტროტუარი მიითვისა და მშენებლობის ნებართვები დარღვევებით მიიღო. 2026 წელს ეს კაცი დააკავეს და ბრალდება პირდაპირ ჩვენი სტატიიდან და განცხადებიდან იყო გადმოკოპირებული. მსგავსი რაღაცები შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად მოხდება. 


„აი, ფაქტს“ აქვს სხვადასხვა პროექტი. განსაკუთრებით რომელ მათგანზე რეაგირებს „ქართული ოცნება“ და რაში გამოიხატება ეს?

- „აი, ფუფუნება“ არის ის, რაც ძალიან არ მოსწონთ. კარგად მახსოვს, ერთი ეპიზოდი გური სულთანიშვილზე გვქონდა და ეტყობა ისე მოხვდა გულზე, რამდენიმე გადაცემა გვახსენებდა. მერე იყო გეკა გელაძე, რაზეც „პოსტივი“ მოგვადგა. ტროლებს სულ გვიქსევენ. კასპის მერზეც გვქონდა ერთი ეპიზოდი და მთელი მერია კომენტარებში იყო მობილიზებული, რომ „ასეთი კაცი მეორე არ დადის“, „ღმერთმა გაუმარჯოს“ და ა.შ. როგორც ხდება. მათ არ მოსწონთ საკუთარი ფუფუნების ასე გასაჯაროვება. ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანიც, როცა ამ ტიპის კონტენტის შექმნის იდეა გამიჩნდა, რომ პირადად გაღიზიანებულიყვნენ იმით, რომ მათი ქონება ასეთი თვალსაჩინოა. 


თქვენი მკითხველებისგან, გამომწერებისგან როგორ რეაქციას იღებთ? მათგან უკუკავშირის რომელიმე დასამახსოვრებელი მაგალითი ხომ არ გახსენდება?

- ერთ პატარა მაგალითს მოვყვები, სულ მახსოვს ეს ამბავი. მოქმედება ხდება იმერეთის სოფელ მანდიკორში, სადაც გზა ისე იყო დაზიანებული, რომ საფრთხეს ქმნიდა მოქალაქეებისთვის. ჩვენი ჟურნალისტი ჩავიდა ადგილზე. ადგილობრივებმა დასცინეს, შენი დაწერილით რა შეიცვლება, ტყუილად შრომობ შვილო, ამხელა გზა მაგისთვის გამოიარეო? სტატიის გამოქვეყნებისთანავე ტყიბულის მერიამ გზის აღდგენაზე ტენდერი გამოაცხადა და გზაც გაკეთდა. მერე სოფლიდან დაურეკეს ჟურნალისტს, დიდი ბოდიში, ასეთი დამოკიდებულება რომ გვქონდაო და მადლობა, რომ მოხვედით და მასალა გააკეთეთო. ეს მაგალითი სულ მახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონებსა და სოფლებში მედიის მუშაობა, ამ ხალხს ესმოდეს, რომ ვიღაცას მათი პრობლემა ადარდებს, ვიღაც მივა და მათ მოუსმენს. გამოხმაურების უფრო დიდი მაგალითებიც გვქონია, მაგრამ ეს მახსოვს სულ, როგორც ცხადი მაგალითი, თუ რა არის ჟურნალისტიკის მისია. 


რას ეტყოდი მათ, თქვენს მკითხველებს?

- უბრალოდ, კითხვა დასვან ხოლმე, როდესაც რაიმე ინფორმაციას გაიგებენ ან წაიკითხავენ - ვის აწყობს ამ ინფორმაციის გაჟღერება? კრიტიკულად მიუდგნენ: ვის ინტერესშია და რატომ? რატომ არის ვიღაცის ინტერესში, რომ ეს ინფორმაცია ამ კონკრეტულ დროს გაჟღერდეს? თუ ამ კითხვებს დასვამენ, მაშინ მიხვდებიან, როგორ წამლავს პროპაგანდა მათ ტვინებს და თუ უფრო მეტ კითხვას დასვამენ, უფრო იოლად დააღწევენ თავს ამ ბურუსს. ეს დაეხმარება მერე ქართულ მედიასაც და ყველა სფეროსაც, რომ განვითარდეს.


სექტემბრის დასაწყისში გავიგეთ, რომ „აი, ფაქტს“ 2026 წლის Free Media Awards-ი გადაეცემა. არსებული გამოწვევების ფონზე, რას ნიშნავს თავისუფალი მედიის ეს ჯილდო თქვენთვის?

- ამ ჯილდოს შესახებ ინფორმაცია ივლისში გავიგეთ, ჩვენი დაბადების დღე სანამ იქნებოდა. ოფისში ვიყავით, თემებს განვიხილავდით, როცა მეილი მოვიდა. რომ გავხსენი, თავიდან ვერც მივხვდი, რა იყო, არაფერს ველოდით, არც ვიცოდით, წარდგენილები რომ ვიყავით. არ ვიცით, ვინ წარგვადგინა, როდის წარგვადგინეს. ძალიან გაგვიხარდა, განსაკუთრებით ამ დროს, როცა ამდენი წინააღმდეგობა და გამოწვევაა. ეს ჯილდო ძირითადად ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყნებსა და მედიებს გადაეცემათ, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქვეყნის გარეთ ხედავენ, რომ ვარსებობთ, ვიბრძვით, ყველაფერი დაკარგული არ არის და შეგვწევს ძალა ამ რეპრესიულ გარემოს გავუმკავდეთ, შეგვიძლია ისეთი პროდუქტის შექმნა, რაც საერთაშორისო დონეზე ფასდება. 10 წლის თავზე ამ ჯილდოს მიღება ძალიან სიმბოლური იყო - იმის დასტური, რომ სწავლაში, შრომასა და ოფლის ღვრაში გატარებულ წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. 


უკვე 20 თვეა უკანონო პატიმარია მზია ამაღლობელი. „მზიას ეფექტზე“ ბევრი საუბრობს, შენზე რა გავლენა იქონია მისმა დაკავებამ?

- მზიას დაკავება ძალიან რთული გადასატანი იყო. პირადად არ ვიცნობ მას. არ მქონია ეგ პატივი, შევხვედროდი, მაგრამ ყოველთვის მესმოდა მისი და ეთერ თურაძის თავდადების შესახებ ჩვენი პროფესიის მიმართ. როცა დააკავეს, ყველამ მძიმედ გადავიტანეთ. თან პატარა შვილი მყავს და სასამართლო პროცესებზეც ვერ ვახერხებდი სიარულს. 

„ქართულ ოცნებას“, ალბათ, ეგონა, რომ მზიას თუ დაიჭერდნენ, ჩვენ დავიქსაქსებოდით, შეგვეშინდებოდა და უარყოფით გავლენას იქონიებდა ჩვენზე. საბოლოოდ, საპირისპირო მოხდა. ამაში შეცდნენ. თავიდან კი, ემოციურად მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამან უფრო დადებითი ეფექტი მოახდინა იმ მხრივ, რომ უფრო მობილიზებულები და ერთიანები გავხდით. მზიას მოწოდებებმა და სიტყვებმა ციხიდან უფრო შეგვმატა ძალა, რომ ბრძოლა გაგვეგრძელებინა. როცა ის ციხეშია და იქიდანაც სიმტკიცეს გვიჩვენებს, გარეთ მყოფებს წუწუნის უფლებაც არ გვაქვს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.


ბოლოს, როგორ ხედავ დამოუკიდებელი მედიის მომავალს საქართველოში? 

- ზოგადად იმედიანი ადამიანი ვარ. თუ იმედი არ გაქვს, ამ ქვეყანაში ან ამ პროფესიაში რა გინდა, ხომ? გულის სიღრმეში მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოკლევადიანია. ახლა კრიზისში ვართ, მაგრამ ჩვენ შევძელით, ეს კრიზისი ახალი გამოცდილების მისაღებად, სწავლისა და გაძლიერებისთვის გამოგვეყენებინა. „სინათლე მედია“ სწორედ ამის მაგალითია. ყველა ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს აუდიტორიასთან, მკითხველთან, მაყურებელთან უფრო ახლოს ვიყოთ და მათ იმედად ვიქცეთ. ჩვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ეს პროპაგანდა და შხამის ნთხევა, რაც მედიის მიმართ ამდენი წელია ისმის, მაინც სადღაც ჩაიკარგება. „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომ ჟურნალისტიკა ამ ქვეყნიდან ამოშანთოს და გააქროს.



კატეგორია - ინტერვიუ

(ფოტო: sky news)


თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები ხშირად ტრადიციულ მედიებს  (ტელევიზია, რადიო, გაზეთი), ინფორმაციის მიღების ახალი გზებით ანაცვლებენ: ონლაინ გამოცემები, YouTube-არხები, პოდკასტები, ნიუსლეთერები, თუ სოციალური მედიის ავტორები. მიუხედავად ზოგადი სკეპტიციზმისა ტრადიციული მედიის მიმართ, დღევანდელ დღეს ჟურნალისტის პროფესიას ისევ ირჩევენ და ხშირად მათ უფრო ძლიერი მოტივაცია და ერთგვარი მისიის განცდაც აქვთ.

ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისთვის სამუშაო პირობები წლიდან წლამდე უარესდება. მტრული და სახიფათო გარემოს გათვალისწინებით, რა გზას ირჩევენ ჟურნალისტიკის სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე მათგანის ამბავს ჩვენ მოგიყვებით. 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არამხოლოდ გასულ წლებში, არამედ დღესაც სხვადასხვა მედიაში დასაქმებული საუკეთესო ჟურნალისტები GIPA-ს კურსდამთავრებულები არიან“, - გვეუბნება ამ თემაზე საუბრის დასაწყისში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი ნინა ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ მსურველთა ნაკადის კლება დაახლოებით 2020 წლიდან დაიწყო. 

„საქართველოს კონტექსტში, მე უფრო მგონია, რომ ამის მთავარი მიზეზი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებაა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში თანდათან უფრო და უფრო უარესდება. ასევე, სახელმწიფოს მიდგომა ზოგადად მედიის მიმართ და გამკაცრებული კანონები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს ჟურნალისტებს“. 

როგორც ნინა ივანიშვილი ამბობს, GIPA ყოველწლიურად 20-25 მაღალკვალიფიციურ კადრს უშვებდა და მათი უმეტესობა ქართულ მედიასაშუალებებში მუშაობდა, წელს კი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტს სულ 5 კურსდამთავრებული ეყოლება და მიუხედავად იმისა, რომ მიღება ახლაც გამოცხადებულია, არ იციან, საერთოდ იქნებიან თუ არა  მსურველები. 

„სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, როგორც ეპყრობა მისთვის არასასურველ და მისთვის დისკომფორტის შემქმნელ ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ასე რომ ამგვარი დამოკიდებულება უკვე გლობალური ტრენდი გახდა, რამაც, ცხადია, ახალგაზრდები ამ პროფესიისგან გააუცხოვა“. 

პროფესია ჟურნალისტის მიმართ ინტერესის კლებაზე საუბრობს მარიამ გერსამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც მომავალ ჟურნალისტებს 25 წელია ასწავლის. მარიამი ფიქრობს, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანმიმართული დისკრედიტაციის შედეგად, დღეს ჟურნალისტობა პრესტიჟულ პროფესიად აღარ ითვლება. თუმცა ეს მისთვის ერთადერთი მიზეზი არ არის.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში უმეტესწილად მშობლები მონაწილეობენ მათი შვილების პროფესიის შერჩევაში, ეს აღარ არის ის პროფესია, რომელსაც მშობელი საკუთარ შვილს ურჩევს. ჩვენთან ჟურნალისტობა უფრო ქალების პროფესიად აღიქმება, სამწუხაროდ, და დღეს ეს აღარ არის უსაფრთხო საქმიანობა. გარდა დისკრედიტაციისა, აგენტის იარლიყისა, შენი უსაფრთხოებაც აღარ არის დაცული. ამიტომაც დღეს ჟურნალისტობა აღარ არის მიმზიდველი, არც ფინანსურად და არც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კუთხით“. 

გერსამია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დღითიდღე მცირდება ისეთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რიცხვი, სადაც მისი თქმით, მომავალ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, მუშაობა შეიძლება მოუნდეს. 

„მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ნეპალელი ჟურნალისტის, კუნდა დიქსიტის სიტყვებს: „მსოფლიოში ისეთი ტენდენცია შეინიშნება, რომ პრესის გასაჩუმებლად აღარ სჭირდებათ ტირანები და დესპოტები. არჩევნებით მოსულმა ლიდერებმა აღმოაჩინეს, რომ სულაც აღარაა საჭირო, ჟურნალისტები მოკლან, საკმარისია, უბრალოდ, მოკლან ჟურნალისტიკა“. ამას ვგულისხმობ, რომ საქართველოში, მომავალი ჟურნალისტისთვის აღარ რჩება დასაქმების სივრცე“. 

მარიამ ტვილდიანმა და გიგა ბერუაშვილმა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტი წელს დაამთავრეს. ისინი სტუდენტობისას სხვადასხვა მედია გამოცემასთანაც თანამშრომლობდნენ. 

დასაწყისში, როდესაც მარიამი მომავალ პროფესიაზე ფიქრობდა, 2019-2020 წლებში, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომლის ეპიცენტრშიც ჟურნალისტები იყვნენ. „ვფიქრობ, იმ მოვლენებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე და კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი ჟურნალისტიკის მიმართ. შესაბამისად, იმ დროს საკუთარ თავს სწორედ ამ მიმართულებით ვხედავდი და წარმომედგინა, რომ მომავალში მეც ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც მსგავს შემთხვევებზე იმუშავებდა, მნიშვნელოვან მოვლენებს გააშუქებდა და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიდა“, - გვიხსნის მის არჩევანს და ამატებს:

„ვფიქრობ, მრავალფეროვნებისა და აქტიურობის მხრივ, ის მოლოდინები, რაც მქონდა, გამიმართლდა და მართლაც ძალიან საინტერესო პროფესიაა ჟურნალისტობა. თუმცა, ამავდროულად ძალიან ბევრი გამოწვევა ახლავს თან, რაც ამ მოკლე პერიოდშიც დავინახე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუნდაც, ფინანსური მხარეა - ბევრ მედიასაშუალებას შეზღუდული რესურსებით უწევს მუშაობა. გარდა ამისა, დღევანდელი გარემოს გათვალისწინებით, ჟურნალისტებს ხშირად უწევთ პროფესიული თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებთან გამკლავებაც. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც ნათლად დამანახა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროფესია გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული“. 

თუმცა, მარიამის თქმით, ამ ეტაპზე საკუთარ თავს აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ხედავს. მისთვის უფრო საინტერესო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებაა და ამის მიზეზი არამხოლოდ ქართულ მედიაში არსებული გამოწვევებია.  

„მომწონს, რომ ამ სფეროში შესაძლებელია არამხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება, არამედ თვითონ კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა. თუ ჟურნალისტიკაში ყველაზე მეტად ინფორმაციის გავრცელების პროცესი მაინტერესებდა, PR-ში აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტად მომწონს სტრატეგიის შექმნა და კომუნიკაციის დაგეგმვა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ იმასაც, რომ ჟურნალისტიკასა და PR-ს ერთმანეთთან საკმაოდ ბევრი საერთო აქვს - ორივე სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის სწორად გადაცემა და აუდიტორიის აღქმა“. 

მარიამისგან განსხვავებით, გამოწვევების მიუხედავად, პროფესიის შეცვლაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს გიგა.

„მე ყველაზე მეტად ვრცელ, ანალიტიკურ სტატიებზე, ე.წ. ფიჩერსებზე მიყვარს მუშაობა, მაგრამ ვინაიდან დღეს მედიის სფეროში რთული მდგომარეობაა სხვაგანაც გადავიჭერი - ბიზნესი, შემოქმედებითი წერა, ვიდეო და ა.შ. ბოლო წლებში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა, ვისთანაც ვთანამშრომლობდი ან ვიცნობდი, ყველა წნეხის ქვეშ მოექცა, მათ შორის ფინანსური წნეხის. მხოლოდ ჟურნალისტიკიდან შემოსავალი არანაირად არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა მაინტერესებს ყველაზე მეტად და მხოლოდ ეს მანიჭებს სიამოვნებას, ახლა მაგისტრატურაზეც ჩავაბარე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) უკეთ შევისწავლო, რადგან მიმართულება, რომელიც მე მაინტერესებს საქართველოში არ არის გაძლიერებული და არც მაქვს იმედი, რომ გაძლიერდება. პირიქით, ამ წნეხის ფონზე ყველაფერი უკან წავიდა. ამიტომ მიზნად დავისახე, თუ გამომივა, უცხოეთში გადავიდე სამუშაოდ და მოგვიანებით, როდესაც ამის დრო იქნება, დავბრუნდე და ჩემი მედია შევქმნა“, - გვიზიარებს გეგმებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლა წელს დაასრულა მარიამ ყვავაძემ. მას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ პროფესიაში დარჩეს. „რა თქმა უნდა, პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი, ალბათ, ოჯახმა ითამაშა, ვინაიდან ჟურნალისტების გარემოცვაში გავიზარდე და პატარაობიდან მეც ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს იმ დამოუკიდებელმა ქართველმა ჟურნალისტებმაც, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ საზოგადოებასა და ქვეყნის განვითარებას“, - გვეუბნება მარიამი, რომელიც სწავლის პარალელურად „ჟურნალისტიკის რესურსცენტრში“ (JRC), ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა, მაშინ ყველაზე ნათლად დაინახა, რამდენად რთული, საპასუხისმგებლო და სარისკოც კი შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტის პროფესია. „მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლა ბოლომდე გავაგრძელო და ამ პროფესიას არ ვუღალატო. მიმაჩნია, რომ სწორედ რთულ პერიოდებში იკვეთება ჟურნალისტიკის რეალური მნიშვნელობა და საზოგადოებისთვის მისი აუცილებლობის როლი“. 

მარიამი სწავლის გაგრძელებას ევროპაში აპირებს და აღნიშნავს, რომ ეს მას საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ დააშორებს. სადაც არ უნდა ვიყო, იმ საკითხებზე ვიმუშავებ, რომელიც ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას ეხებაო. „ვფიქრობ, თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდა, ჟურნალისტური საქმიანობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა კიდევ უფრო და უფრო რთული გახდება. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით ვიცი, რომ ჟურნალისტიკას არ მივატოვებ“. 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია მარიამ ძიძარია, რომელიც უკვე 2 წელია „ნეტგაზეთში“ მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს. მას შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის გადაკეტვასაც“ ედავებოდა. 

„ბევრჯერ მიგვრძნია სისუსტე და ბევრჯერ მდომებია დანებება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამას, სამწუხაროდ, მაშინ მივხვდი, როდესაც კონკრეტულ ხმებზე შფოთვა დამეწყო. როდესაც რაღაც კონკრეტული მაღალი ხმა უეცრად მესმის, ვიძაბები და ვითიშები, მხოლოდ ხმას ვაკვირდები“, - გვიყვება მარიამი ჩვენს პირობებში მუშაობის სირთულეებზე საუბრისას. 

მისი თქმით, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ ჟურნალისტობაზე უარი თქვას, მაგრამ გაცილებით მყარია ის მიზეზები, რის გამოც გრძნობს პასუხისმგებლობას პროფესიაში დარჩეს. 

„მთავარი მიზეზი არის ჩემი დიდი სურვილი ბრძოლისა. ვხვდები, რომ დღეს საქართველოში ყველა ფლანგზე საჭიროა ბრძოლა გადარჩენისთვის. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გვიჭირს ჟურნალისტიკაში ვიარსებოთ, მთავარი მოტივი სიმართლე და მისი აღბეჭდვა თუ გავრცელებაა. ასევე, მზია ამაღლობელი - სინათლის სიმბოლო, რომელიც უნდათ, რომ ჩააქრონ და ვერ აქრობენ. ახლა არ არის სისუსტის და დანებების დრო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მყარად დგომა, რადგან ქვეყანა საფრთხეშია, სინათლე არ უნდა ჩავაქროთ, ხალხი არ უნდა მივუშვათ იმ ჭაობისკენ, რომლისკენაც ითრევენ. ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.



„ძალაუფლება და მოძალადეები არასოდეს შეჩერდებიან, თუ მათ დანებდები“, - წერს ნობელის პრემიის ლაურეატი, ფილიპინელი ჟურნალისტი, მარია რესა თავის წიგნში - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ამ წიგნით ხელში მივიდა. ამაღლობელი წელიწად-ნახევარზე მეტია უკანონო პატიმარია. 

კატეგორია - ინტერვიუ


„მიყვარს არქეოლოგია, ჯერ კვლევა-ძიება, დაზვერვა, საველე სამუშაო. რაღაცას რომ იპოვი, უნდა ჩაუღრმავდე, გაასუფთაო და ძირითადი დატოვო. შემდეგ კარგად უნდა გაერკვე, რა არის, ზედმეტი არაფერი უნდა იყოს. როდესაც საფუძვლიანად შეისწავლი, უნდა შექმნა დოკუმენტი და უთხრა ადამიანებს, რასთან გვაქვს საქმე. ეს პროცესი ძალიან მიყვარს“, - გვიყვება ინტერვიუს დაწყებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელსაც თურმე არქეოლოგობა სურდა. 

„ისტორიულზე ვსწავლობდი, რომ შემდეგ არქეოლოგი გავმხდარიყავი, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო და პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პროფესიები არსით ერთმანეთს ჰგავს, ჟურნალისტიკაში აღმოვჩნდი“. 

20 წლის ასაკში „პირველ არხზე“ სამუშაოდ მისულს სურდა, ყველა საკითხი ისე სიღრმისეულად შეესწავლა, როგორც არქეოლოგები იკვლევენ არტეფაქტებს, თუმცა რაც დრო გადიოდა, ხვდებოდა, რომ ამის საშუალება არ ეძლეოდა. „ეს იმედგაცრუებაც არის, რომ ყველაფერი ძალიან ზედაპირული გახდა“. 

- 2004 წელს გამოცხადდა ღია კონკურსი ახალგაზრდებისთვის „მოამბეში“ სამუშაოდ, მაშინ ყალიბდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ზაზა შენგელია იყო დირექტორი, თაკო ფხაკაძე კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. უკვე პირველ კურსს ვამთავრებდი და ამ კონკურსში შინაურულად მოვხვდი. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ნეპოტიზმიც იყო, რადგან თაკო ფხაკაძე ჩემი ნათესავია, დედა [დოდო შონავა] „პირველ არხის“ რადიოში მუშაობდა, მამა - ტელეფილმებში. ერთი სიტყვით, ამ კონკურსის შედეგად რამდენიმე ადამიანი „მოამბეში“ დაგვტოვეს. აქედან იწყება ჩემი ჟურნალისტობაც. 

იმ პერიოდში ჯერ ისევ „მოამბის“ ძველი გუნდი მუშაობდა, რომელიც ძალიან თბილად დაგვხვდა. თავიდან შტატში არ ვიყავით და სტაჟიორებად ვმუშაობდით დღის „მოამბეში“. ამ ხალხმა ხელი მოგვკიდა და გვიხსნიდა, გვასწავლიდა და რაც მთავარია, გვაფრთხილებდა რა შეცდომები არ უნდა დაგვეშვა. ორ თვეში რამდენიმე უკვე შტატში ჩაგვსვეს. 

ცოტა ხანში დედაჩემი დაინიშნა საინფორმაციო სამსახურის უფროსად. მაშინ მეუბნებოდნენ, აბა, ახლა იწყება შენი კარიერული ზრდა, დედაშენი საინფორმაციოს უფროსი გახდაო. ძალიან მალე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა დედამ, დოდო შონავამ დამიბარა და მითხრა, რომ განცხადება უნდა დამეწერა და წავსულიყავი, რადგან ინტერესთა კონფლიქტი გვქონდა. ასე რომ, პირველად 2005 წელს დავტოვე საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

დაახლოებით სამ თვეში ტელევიზიაში დილის საინფორმაციო გამოშვებების ცალკე გუნდის ფორმირება დაიწყო. დილაზე მუშაობის ბევრი მსურველი არ იყო, ამიტომ ისევ დამიძახეს. რთული გრაფიკით მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა, თუკი აქამდე სულ „დოდოს შვილი“ ვიყავი, ახლა უნდა დამემტკიცებინა, რომ მეც ჟურნალისტი ვარ და დამოუკიდებლად ყველაფრის კეთება შემიძლია. დაახლოებით 4 წელი ვიმუშავე დილის გადაცემაში კორესპონდენტად, სადაც საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე მიწევდა ტელევიზიაში ყოფნა და მუშაობა. სხვათა შორის, ეს ჩემთვის ძალიან კომფორტული განრიგი იყო, რადგან დღის განმავლობაში ტელევიზიაში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, საღამოს კი მარტო ვრჩებოდით: მე, ჩემი პროდიუსერი, მორიგე ოპერატორი და მემონტაჟე. საქმის მშვიდად კეთების საუკეთესო დრო იყო. 

ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ შეიცვალა არხის დირექტორი, ზაზა შენგელია, დოდო გაათავისუფლეს სამსახურიდან. იმ პერიოდში ოჯახში ერთადერთი ვიყავი, ვისაც შემოსავალი ჰქონდა და ვისი ხელფასითაც კომუნალურ გადასახადებს მაინც ვფარავდით.  

როგორი იყო მაშინდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი? 

- იმ პერიოდში ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან რაღაც კარგი უნდა გამოსულიყო, თუმცა მარყუჟების მოჭერა ნელ-ნელა დაიწყო. აი, მაგალითად, 2005 წელს, მე და ჩემმა ოპერატორმა გავაშუქეთ ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებული აქცია რუსთაველზე. სამსახურში მივიტანეთ ძალიან კარგი მასალა, მათ შორის იყო კადრები, თუ როგორ ცდილობდა მაშინდელი ქალაქის სამმართველოს უფროსი სიტუაციის მართვას და როგორ უპირისპირდებოდა ერთ-ერთ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ჩემ მიერ მომზადებული მასალა ისე, როგორც მე მიმაჩნდა, რომ უნდა გასულიყო, დილის რვის ნახევარზე თუ რვა საათზე, პირველ გამოშვებაში გავიდა ეთერში. შემდეგ უკვე, როდესაც ეს მასალა დღის საინფორმაციოში გადავიდა, გადაწყდა, რომ სხვანაირად უნდა გაშუქებულიყო და ყველაფერი გადამონტაჟდა. ის ჩემი მასალა, რომელიც უნდა დაარქივებულიყო, უბრალოდ გაქრა.

იგივე მოხდა ციხის ბუნტის ამბავზეც. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ერთადერთი ჯგუფი ვიყავი, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. იქაც პირველ საინფორმაციო გამოშვებაში მოვასწარი მასალის ისე დამონტაჟება, როგორც მე მინდოდა, ზუსტად ავსახე ადგილზე მიმდინარე მოვლენები და შემდეგ ისევ იგივე მოხდა, ამ მასალამაც იგივე ბედი გაიზიარა.

ამ დროიდან უკვე პირდაპირ იგრძნობოდა ცენზურა, ლაპარაკშიც და საქმეშიც. სიმართლე რომ გითხრა, ეს აღარ მომწონდა, ამიტომ 2007 წელს, უკვე მივხვდი, რომ აღარ მინდოდა იქ მუშაობა. 

თანაც იმ პერიოდში ისტორიულიდან გადავედი პოლიტოლოგიაზე და მას შემდეგ რაც პოლიტიკაზე აკადემიური ცოდნა მივიღე, აღმოვაჩინე, რომ ერთია პოლიტიკა მეცნიერულად თუ თეორიულად და მეორეა რეალურად. მაშინ ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო იმის დანახვა, ცხარე დებატების შემდეგ ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსები ერთად როგორ მიდიოდნენ ხინკლის საჭმელად. ეს დიდი იმედგაცრუება თუ რეალობასთან შეჯახება იყო.

                                            
2007 წლის შემდეგ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, ჯერ - ბანკში, შემდეგ ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორის თანაშემწე იყო, ბოლოს  საქართველოს უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლიდა. 
                                            

საქართველოს უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. სტუდენტებთან მუშაობა ძალიან მიყვარდა. მერე არაერთი სტუდენტი უკვე ტელევიზიაში წავიდა სამუშაოდ. მათთან მუშაობისას საბოლოოდ მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა ძალიან კარგი პროფესიაა და ახალგაზრდებთან ერთად მუშაობას და საქმის ნორმალურად კეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

რამდენ ხანში დაუბრუნდი ჟურნალისტიკას? 

- სტუდენტებთან მუშაობისას მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა ტელევიზია. ამ დროს ისევ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ „პირველ არხზე“ დავბრუნებულიყავი. 2009 წელია, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაშინ ხათუნა ბერძენიშვილი იყო. ჩემმა მეგობარმა რეკომენდაცია გამიწია და 3 თვით ამიყვანეს, ოღონდ დაკვირვების რეჟიმში ვიყავი. მაშინ იქ რაც დამხვდა, 2007 წლისგან ძალიან განსხვავდებოდა. თუ მანამდე ცენზურის ნიშნები იყო, ახლა მას უკვე ძალიან ხისტი ფორმები ჰქონდა. ეს კონტრასტი ძალიან თვალშისაცემი და დასაფიქრებელი იყო - როგორ მოხდა ასეთი ცვლილება?! 

აქ უკვე პირდაპირი დავალებები იყო, რა და როგორ უნდა გადაგეღო. მაშინ ხათუნა ბერძენიშვილი საინფორმაციოს ერთპიროვნული ცენზორი იყო. აი, მაგალითად, ადმინისტრაციიდან შეიძლება დაერეკათ მისთვის და ეთქვათ, რომ ამა და ამ გადაღებაზე მიხეილ სააკაშვილს თბილად დაელაპარაკა უცნობი ბებო და ეს კადრი „პირველი არხის“ მასალაში არ იყო. ამის შემდეგ მთელი ნიუსრუმი და კორიდორი ინგრეოდა ყვირილით - „ბებო მოძებნეთ!“ და მთელი ჟურნალისტური კოლექტივი ეძებდა იმ ბებოს, რომელიც სააკაშვილს თბილად დაელაპარაკა. 

ამ დროს კიდევ ერთ რეალობას გავუსწორე თვალი - საინფორმაციო გამოშვებაში პოლიტიკის ჟურნალისტად თუ იმუშავებდი, ან ამ სისტემის ნაწილი, ხათუნა ბერძენიშვილის მსხვერპლი გახდებოდი, ან თუ არ დაემორჩილებოდი, უბრალოდ ჩამოგაშორებდნენ საქმეს. მაშინ „რუსთავი 2“-ზე გამოცხადებული იყო ქასთინგი დილის გადაცემისთვის, ამიტომ მასში მივიღე მონაწილეობა. ეს იმ მომენტში ჩემთვის პოლიტიკისგან დისტანცირების და ამავე დროს ტელევიზიაში დარჩენის შესაძლებლობა იყო. მაშინ ეკა სამხარაძესთან დამაწყვილეს და ასე გავხდი დილის გადაცემის წამყვანი. ამის შემდეგ კიდევ ერთ გადაცემაში ვიყავი. „რუსთავი 2“-ზე ჯამში 4 წელი ვიმუშავე. 

2013 წლიდან „მე-9 არხზე“ იწყებ მუშაობას. „მე-9 არხი“ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია იყო, „რუსთავი 2“ კი პირიქით, იმ დროს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია ხდება. რატომ მიიღე იქ გადასავლის გადაწყვეტილება? 

- შემოგვთავაზეს, რომ გაგვეკეთებინა დილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა, სადაც ვიქნებოდით სრულიად თავისუფლები და ვილაპარაკებდით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ კონტექსტში. ერთადერთი, რაც უნდა შეგვეთანხმებინა, იყო გადაცემის ფორმატი. ასეთი პროდუქტი მაშინ ქართულ ტელესივრცეში არ იყო. არ ვიცი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება მომემატა. 

ჩემი მისვლიდან დაახლოებით ერთ თვეში იქაც დაიწყო რყევები, კახა ბექაური შეცვალა ლუბა ელიაშვილმა, ჩვენმა გადაცემამ, რომელსაც ვამზადებდით, დღის შუქი ვეღარ იხილა. იმ პერიოდში არაერთი გადაცემა დაიხურა, ძალიან ბევრი წამყვანი და ჟურნალისტი თვითონ წავიდა არხიდან. ისე მოხდა, რომ საინფორმაციოს წაყვანა მომიწია, თუმცა ტელევიზია ვეღარ დალაგდა და არხიც მალე დაიხურა. არჩევნებამდე ამ ადამიანებმა დიდი შრომა გასწიეს, არჩევნების შემდეგ კი ისინი საკმაოდ მალე დაუფასებლად გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ უკვე მესამედ ბრუნდები საზოგადოებრივ მაუწყებელზე?

- კი, ამის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც იცვლება მმართველობა, საინფორმაციოს ხელმძღანელად მოდის სოფო მოსიძე და მისი მიწვევით ვბრუნდები მეც. ეს იყო 2013 წელს. 


როდის გამოჩნდა ტენდენციები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ სახეს მიიღებდა, როგორიც დღეს აქვს? 

- ეს ერთ დღეში არ დაწყებულა. ალბათ, დასაწყისი იქ არის, როდესაც გიორგი გვიმრაძე დაინიშნა ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელად. თავიდან მოვიდა და გვითხრა, რომ სხვა სფეროდან არის, ბევრი არ იცის და უნდა, რომ დავეხმაროთ და ერთად გავაკეთოთ საქმე. ძალიან მალე უკვე გვითხრა, თქვენ არ იცით, მე ვიციო. ამიტომ მალე იწყებს ცენზურას, ცდილობს კონფლიქტში შემოსვლას: ამბობს, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და რაც სწორი გვგონია, ასე არ არის. როდესაც პრობლემური თემები ჩნდებოდა მაგალითად, როცა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საკითხები იდგა, გვიმრაძე იწყებდა ნელ-ნელა ჩარევას. თუმცა, 2017 წლამდე, ვიდრე [ვასილ] მაღლაფერიძე გადმოვიდოდა GDS-დან და დირექტორი გახდებოდა, ლავირების საშუალება მაინც იყო. მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი სერიოზულად შეიცვალა უარესობისკენ. ჯერ გამოაცხადა, რომ არხი 2 წლით უნდა დახურულიყო და გადაიარაღება დაწყებულიყო, ეს არ გამოუვიდა, მაგრამ დაიწყო ცალკეული გადაცემების დახურვა. გაწყვიტა ურთიერთობა „რადიო თავისუფლებასთან“, კიდევ უფრო მეტად გააძლიერა გვიმრაძე და „მოამბეში“ GDS-დან გადმოიყვანა: პროდიუსერები, წამყვანები, ჟურნალისტები.

იმ პერიოდში მე მქონდა გადაცემა - „მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად“. უკვე ეკა შონია იყო საინფორმაციოს უფროსი, როდესაც ეს გადაცემა ისე დამიხურეს, რომ წინასწარ არც კი გამაფრთხილეს. ეზოში ვიდექი, თათბირზე ასასვლელად ვემზადებოდი და მითხრეს, იცი, რომ ამ გადაცემის წამყვანი აღარ ხარო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. იმ მომენტში მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას, ამას აუცილებლად სერიოზული კონფლიქტი მოჰყვებოდა და ამიტომ იმ დღეს თათბირზეც კი აღარ შევედი. გაპროტესტების აზრს ვერ ვხედავდი, თუმცა მივხვდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი. მაგალითად, ამ გადაცემაში ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან თანხმდებოდა საპარლამენტო სია. ასევე, მქონდა ინტერვიუ დავით ნარმანიასთან, რომელმაც აღიარა, რომ თაბორის გზის პროექტის ცვლილებით, მერიას მიადგა დაახლოებით 200 000-ლარიანი ზიანი. მოკლედ, რამდენიმე სიუჟეტი იყო, მათ შორის ინტერვიუები, რომლებიც აშკარად აღარ მოეწონათ. 

ამის შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები? 

- ამის შემდეგ დავიწყე დღის საინფორმაციო გამოშვებაში მუშაობა. შემდეგ იქიდანაც მომხსნეს. ცოტა ხანი კორესპონდენტი ვიყავი. ამ პერიოდში მოვამზადე კრიტიკული სიუჟეტი ხუდონჰესზე, რის შემდეგაც ჩემი კორესპონდენტობა დასრულდა და ისევ სტუდიას დავუბრუნდი. ასე მოვხვდი, 18:00-საათიანი „მოამბის“ წამყვანად, რომელსაც რაღაც პერიოდი ინტერვიუების ბლოკიც ჰქონდა. 


როგორი დამოკიდებულებაა საინფორმაციო სამსახურში იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს კრიტიკულად აფასებენ? 

- ადრე „მოამბეში“, ხათუნა ბერძენიშვილის პირობებშიც კი, იყო ასეთი პრაქტიკა, რომ იმართებოდა თათბირები, სადაც ჟურნალისტებს მიჰქონდათ თემები. ასევე, ამ შეხვედრებზე მიმდინარეობდა უკვე გაკეთებული და ეთერში გასული სიუჟეტების განხილვა, სადაც საუბრობდნენ, რა გაკეთდა კარგად და რა - ცუდად. ეს იყო ჩვეულებრივი ჟურნალისტური სამუშაო პროცესი მთელი გუნდისთვის. ეს პრაქტიკა საერთოდ გააუქმეს, არაფერი მსგავსი აღარ ხდება. დამკვიდრდა მართვის ვერტიკალი. თემებს ანაწილებს პროდიუსერი, საინფორმაციოს უფროსი აღარ გამოდის კაბინეტიდან და არ აქვს კონტაქტი ნიუსრუმთან. ანუ საინფორმაციოს უფროსთან კონტაქტობენ პროდიუსერები, შემოდიან ნიუსრუმში და იციან, ვის რა დაავალონ, ისინი ანაწილებენ თემებს. კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს არ უშვებენ სიუჟეტის მოსამზადებლად, შიგნით აკეთებინებენ ე.წ. შავ საქმეს, მისცემენ კადრებს, სინქრონებს და სასურველ მონახაზს, როგორ უნდა ააწყონ რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ სავალდებულო სიუჟეტი. 


ამას არავინ აპროტესტებდა? 

- იყო მცდელობები, მაგრამ ეს ყველაფერი მიდიოდა უბრალოდ კონფლიქტამდე და არაფერი იცვლებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი გადაიზარდა მორჩილებაში, რადგან არ იყო ცვლილების საშუალება. 

                                            
2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებდა, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა. 30 ნოემბერს აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, მოქალაქეებმა „პირველი არხი“ არაობიექტურ და მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულეს და პირდაპირი ეთერის დათმობა მოითხოვეს.

ამ ეთერის დროს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელსაც მაშინ 18:00 სააათიანი „მოამბე“ მიჰყავდა, ღიად განაცხადა, რომ „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნას ვერ პასუხობს. 
                                            


დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ ის სიტყვები, რომელიც 2024 წლის 30 ნოემბერს „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში თქვი, მანამდე ხომ არ უნდა გეთქვა? 

- ერთ-ერთი პირველი, რაც დამიპირისპირეს ეგ იყო - აქამდე სად იყავი?! რამაც თავდაპირველად იმუშავა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეგრეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, რაღაც მწიფდება და მაშინ გარდაიქმნება სიტყვებში, როდესაც საჭიროდ თვლი. არ ვიცი, არ მაქვს ზუსტი პასუხი. ერთი ვიცი, რომ ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა და ეს არ მქონდა წინასწარ გადაწყვეტილი. შეიძლება მიზეზი ის არის, რომ იქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არ იყო ინტერესი. ეს ინტერესი ახლაც არ არის, მხოლოდ იმ კონკრეტულ პერიოდში გაჩნდა, ალბათ, ამანაც იმოქმედა ჩემზე. დღესაც მოძრაობის - „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ გარდა არავის აინტერესებს ეს არხი. დღეს, როდესაც დებატების თემა გააქტიურდა, არავინ აღნიშნავს, რომ ეს დებატები პირველ რიგში „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ უნდა იყოს. არავის ახსოვს და არავინ ლაპარაკობს ამ არხის მნიშვნელობაზე, არც მისი აკადემიური კრიტიკა ხდება.  


რა იყო ის, რამაც გაიძულა, რომ ამ დღეს სტუდიაში შესულიყავი და საჯაროდ გაგეკრიტიკებინა „პირველი არხის“ საინფორმაციო პოლიტიკა? 

- ბოლო 20 წლის განმავლობაში თუ რამე აქცია გამართულა თბილისში, ალბათ, ერთი ან ორი იქნება, რომელიც ან არ გამიშუქებია ან უბრალოდ ნამყოფი არ ვარ. ვფიქრობ, რომ ფანჯრიდან თუ ეკრანიდან რეალურ სურათს ვერ აღიქვამ. ასე იყო ეს აქციებიც, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. ვნახე - რა ხდებოდა ქუჩაში, ვნახე - რა ხდებოდა სამსახურში და რა გადიოდა „პირველი არხის“ ეთერში. ვუყურებდი, როგორ ცდილობდნენ დაემალათ და შეერბილებინათ ის, რაც ქუჩაში ხდებოდა. ეთერში იყო სტატიკური კადრი, არ იყო ინტერვიუები მოქალაქეებთან ანუ აქციის მონაწილეებთან, იყო ძირითადად სახელისუფლებო პოზიციების ტირაჟირება.   

საბოლოოდ, არხი იქამდე მივიდა, რომ პირველ დღეს გურამ როგავას ცემის კადრები არ აჩვენა და როდესაც ნაცემმა გურამმა საავადმყოფოდან გადაცემაში ჩართვა მოითხოვა, დაიწყეს ლაპარაკი, რომ არ იციან, ეს ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია. სინამდვილეში, კარგად იცოდნენ, რომ ამისთვის ყველანაირი ტექნიკური საშუალება იყო. 

თუკი მანამდე ჩემი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე სულ რაღაცის იმედი მქონდა, აქ უკვე მივხვდი, რომ სიტუაცია გამოსწორებას აღარ ექვემდებარებოდა. როცა მიყენებდნენ ბრალდებას - აქამდე სად იყავი, სხვებიც ამბობდნენ და იციან, რომ მე მანამდეც ვლაპარაკობდი, უბრალოდ ვლაპარაკობდი შიგნით და არა გარეთ. იმ კონკრეტულ მომენტში კი გავაანალიზე, რომ მეც იმ მავნებლობის თანამონაწილე ვიყავი, რასაც ეს არხი აკეთებდა.

„მოამბეს“ ყოველდღე მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობით იწყებდი. რატომ აკეთებდი ამას? 

- პირველ რიგში, მივიჩნევ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა ძალიან დიდი უსამართლობაა და მეორე რიგში ის, რომ ამ ინფორმაციულ სიმახინჯეში ეს იყო შესაძლებლობა მუდმივად შემეხსენებინა მაყურებლისთვის, რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე. თითქოს მინდოდა მეთქვა, რომ ახლა რა ინფორმაციასაც გაგაცნობთ, გახსოვდეთ, რომ აი, ამ უსამართლობის ფონზე ხდება. თითქოს სხვასაც ფარულად მოვუწოდებდი გამოფხიზლებისკენ და ჩემთვისაც მუდმივი შეხსენება იყო, რომ მზიას პატიმრობა არ დამვიწყებოდა. დღემდე ასეა, მზია მეხმარება დღესაც, რომ არ მოვდუნდე. ყოველ დილით რომ ვიღვიძებ, პირველი, რასაც ვაკეთებ სოციალურ ქსელში ვპოსტავ მზიას გათავისუფლების მოთხოვნას! ჩემი მიზანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს და ყურადღება არ გაგვეფანტოს. 


                                            
„საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით რომ…“ - რამდენიმე თვეა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „სახალხო მოამბის“ წამყვანია. გადაცემაში, რომელიც ქუჩიდან მაუწყებლობს, სოციალურ საკითხებზე მოქალაქეებთან ერთად მსჯელობენ.
                                            

რას ნიშნავს შენთვის „სახალხო მოამბისთვის“ მუშაობა? 

- მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან საპირისპირო მოსაზრებების მქონე ადამიანებსაც ვხვდები ქუჩაში და ეს მაძლევს შესაძლებლობას მათ დავაკვირდე, გავიგო რითი ხელმძღვანელობენ, რის შედეგად ფიქრობენ ასე და როგორ იმუშავა მათზე პროპაგანდამ. რაც მთავარია, მე მათზე არ ვბრაზდები, რადგან ვხვდები, რომ თუ ვინმეა მსხვერპლი, ისინი არიან. მათთან ურთიერთობით ვხვდები, რომ არსებობს ამ პროპაგანდასთან ბრძოლის რესურსი. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არა მხოლოდ „მოამბეში“, ზოგადად მედიაში აღარ ისმის ხალხის ხმა. მათი ადგილი დაიკავეს პოლიტიკოსებმა. ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუს რომ ვწერდი, რესპონდენტმა მითხრა, მე კი ვილაპარაკებ, მაგრამ რა აზრი აქვსო. მე ვუპასუხე, რომ ბევრს თუ ვილაპარაკებთ, აქვს აზრი. „სახალხო მოამბე“ ამის საშუალებაა და მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ მეც. 

                                            

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ პირობებში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს ერთიმეორის მიყოლებით იღებს. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად იყენებს. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წლის 11 აპრილს სამსახურიდან გაათავისუფლა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.
„პირველმა არხმა“ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც. საზოგადოებრივი მაუწყებელი „რეპუტაციის შემლახავი“ განცხადებების გავრცელების საყვედურობს და ხელფასს უქვითავს თანამშრომლებსაც.  

კატეგორია - ინტერვიუ

 

„სანამ „კავკასიაში“ სამუშაოდ მოვიდოდი, მისი მაყურებელი ვიყავი. მაშინ ტელევიზიის ოფისი რუსთაველზე, ავიასალაროების შენობაში იყო. საინფორმაციო გამოშვების წამყვანები უზარმაზარ ვიტრაჟთან ისე ისხდნენ, რომ ფონად რუსთაველზე მოსიარულე ხალხი ჩანდა. მე ეს სულ ინკრუსტაცია მეგონა, სანამ გამვლელი ბავშვები არ დაიჭყანენ და ეთერში ეს არ გამოჩნდა“.

ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი და დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამ ინტერვიუში გვიყვება, რა გზა გაიარა ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე და როგორი იყო ბოლო 32 წლის მანძილზე სხვადასხვა ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ. 

„კავკასია“ 1994 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან მაუწყებლობს, როდესაც საქართველოში დამოუკიდებელმა ტელემედიამ დაიწყო არსებობა. ნინო არხზე სამუშაოდ 1996 წლის დასაწყისში მივიდა. მას ისტორიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ტელერეჟისორობაზე ოცნებობდა. „კავკასიაშიც“ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, თუმცა ტელევიზიაში მისვლისთანავე აღმოაჩინა, რომ ჟურნალისტობაც გამოსდიოდა. 

„იმ პერიოდში „კავკასიაზე“ რაღაც გასართობი გადაცემაც კი გადიოდა. მაშინაც კი ის გადაცემები ძალიან დაუხვეწავად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვუყურებ Tik-Tok ვიდეოებს, რომელიც ყველაზე პოპულარულია და სწორედ მაშინდელი გასართობი გადაცემები მახსენდება. თითქოს, რაღაც წრეზე დავტრიალდით, ახლაც ეს შეულამაზებელი, უხარისხო, კუსტარული სანახაობაა ყველაზე ყურებადი. მაშინ კი, მით უმეტეს, ახალი იყო ეს ყველაფერი. ხალხი მიჩვეული იყო საბჭოთა, დავარცხნილ, გაშეშებულ დიქტორებს თავიანთი საბჭოთა პროპაგანდისთვის ჩვეული ტონით. ამიტომ კამერა რომ უკუღმა დაგეყენებინა, ეს უკვე სიახლე იყო და ყველას იზიდავდა“.

თავი I. 90-იანი წლების მედია. „მოქალაქეთა კავშირისა“ და ედუარდ შევარდნაძის პერიოდი 

90-იან წლებში რა მედიაც გაიხსნა, ყველას დამფუძნებელი ენთუზიასტი იყო.  ისინი შეეჭიდნენ ისეთ საქმეს, რაც მაშინ ექსპერიმენტი, ერთგვარი თავგადასავალი იყო. მანამდე ხომ სულ 2 ტელევიზია: ადგილობრივი და საკავშირო „პირველი არხი“ არსებობდა. არანაირი რეგულაცია არ იყო, არანაირი კანონი. თუ ტელევიზიის გახსნა გინდოდა, უნდა მისულიყავი კავშირგაბმულობის სამინისტროში და მოგეპოვებინა ლიცენზია. მაშინ გახსნილი ტელევიზიებიდან უმეტესობა მალევე დაიხურა. შეიძლება ითქვას, რომ „კავკასია“ ერთადერთია, რომელმაც დღემდე მოაღწია. 

ეს იყო ქაოსის და ამავე დროს, შესაძლებლობების პერიოდი. რთულიც იყო. ხან სოსო ალავიძე გვცემდა, ხან - თემურ მღებრიშვილი… იყვნენ ე.წ. „ატსტუპნიკები“, საბჭოთა ბანკების მეანაბრეები, ზვიადისტები და უამრავი სხვა ჯგუფი, რომლებიც აქციებს აწყობდნენ. ცხადია, ჩვენც დავყვებოდით ამ აქციებს და ამიტომ ხან ვისთან ერთად გვირტყამდნენ და ხან - ვისთან ერთად. მაგრამ სწორედ იმ პერიოდში, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ნელ-ნელა მედია უკვე ხდება ანგარიშგასაწევი ძალა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს მედიის მნიშვნელობა, მიხვდნენ, რომ ის პოლიტიკური იარაღია და სწორედ მაშინ დაიწყო მედიისა და ჟურნალისტებისთვის ბრძოლა. ეს არის მთავარი, 90-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ის, რაც ქართული მედიის წყევლად იქცა და დღემდე მოგვყვება. მაშინ დაიწყო სწორედ ჟურნალისტების მოსყიდვა, კონვერტებით 500 დოლარის დარიგება… 

როგორ, რა საფუძვლით რიგდებოდა ეს კონვერტები? 

- არ ვიცი, მართალი გითხრა, მე არასდროს ამიღია ეს კონვერტი და ამიტომ არც ვიცი, რა საბაბით აძლევდნენ ამ ფულს, რისთვის იყო ან რა ერქვა. ეს მედიის გულის მოგების ერთადერთი ფორმა არ იყო, იყო ჯგუფი მმართველ ელიტაში, ვინც მაგალითად, ჟურნალისტების ნაწილს უჩენდა განცდას, რომ ისინი რაღაც დიდს, დიდ რეფორმებს ემსახურებოდნენ და მათ თანამოაზრეებად, თავიანთი „კლუბის“ ნაწილად აქცევდნენ და ამით უბრალოდ ადვილად მანიპულირებდნენ. მაშინ ასე პირდაპირ იყო ეს აღებ-მიცემობა. არ მიყვარს ამაზე ბევრი ლაპარაკი, ისე არ გამოვიდეს, რომ საკუთარ თავს ვაქებ, უბრალოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ უმართავი ადამიანი ვარ, ჯიუტი და როდესაც ვატყობდი, რომ ჩემთანაც ასეთი მოსყიდვის მიზნით მოდიოდნენ, საშინელი პროტესტი მიჩნდებოდა. ადამიანური ფაქტორი იყო, საშინლად ჯიუტები ვიყავით მეც და დათოც [აქუბარდია], ამიტომ ვერ დავიდგით ეს უღელი. 


მაშინდელი სარეკლამო ბაზარიც არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებლად, ტელევიზიას სრულყოფილად ეარსება, როგორ გაუძელით იმ პერიოდს?

- კი, ეს იყო უკიდურესად ღარიბი ქვეყანა, ტელევიზიებში „ოქროს თასის“ და ფინანსური „პირამიდების“, სხვადასხვა თაღლითური კომპანიების რეკლამები იდებოდა მხოლოდ. სწორედ 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო სარეკლამო ბაზარმა ნელ-ნელა ჩამოყალიბება. დღე და ღამე ვშრომობდი, დავდიოდი კარდაკარ და ვთქვათ, რომელიმე საავადმყოფოს, თუ ახლად გახსნილ საწარმოს ვეუბნებოდი, რომ დაგიმზადებ კლიპს, მოკლე ფილმს, სიუჟეტს… მოკლედ, ვთავაზობდი მომსახურებას და ასე ვშოულობდით საარსებო მინიმუმს ტელევიზიისთვის. 

მაშინდელ ხელისუფლებასთან ცხადია, კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მით უმეტეს, რომ სულ რაღაც იარლიყებს გვაკერებდნენ, ხან ზვიადისტების, ხან ექსტრემისტების, დათოს პუტჩისტსაც კი ეძახდნენ, იმისათვის რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ. სხვადასხვა სახით გვავიწროვებდნენ, მაგრამ ამავე დროს თანამშრომლობასაც ცდილობდნენ. ერთხელ იყო ასეთი სიტუაცია, დათო [აქუბარდია] დაიბარეს და უთხრეს, რომ შემოსულია ძალიან დიდი გრანტი, თუ დაინტერესებულები ხართ, შეგიძლიათ, თქვენც აიღოთ ეს ფულიო. 300 000-დოლარიანი გრანტი აღმოჩნდა, რომელიც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. დათოს გამოატანეს ფურცლების დიდი დასტა, საგრანტო ფორმა, რომელიც უნდა შეგვევსო და უკან გაგვეგზავნა. ამ ე.წ. აპლიკაციაში რომ ჩავიხედე, ვხედავ, სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება და მედიაზე არაფერია, მაშინვე ვუთხარი დათოს, რომ ამ აპლიკაციას არ შევავსებდი, რადგან ეს მედიას არ ეხებოდა. იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ფორმითაც ცდილობდნენ ჩვენთან „დამეგობრებას“.  


თავი II. მედია 2004-2012 წლებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილს პერიოდი

მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ვაშუქებდით მათ რეფორმებს, მიხეილ სააკაშვილიც ჩვენი ტელევიზიის ხშირი სტუმარი იყო და ცხადია, „ვარდების რევოლუციასაც“ აქტიურად ვაშუქებდით, ჩვენ მაინც არ ვიყავით ახალი ხელისუფლების ფავორიტი მედიების სიაში. ამიტომ კი, გვებრძოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში შეეგუენ ჩვენს არსებობას, რადგან სუსტები ვიყავით.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო აქტიურად პოლიტიკური ფულის ტელევიზიებში ჩადება და ტელევიზიებმაც დაიწყეს გაძლიერება. ფრიდონ ინჯიას თავისი ტელევიზია „იბერია“ ჰქონდა, ვანო ჩხარტიშვილს თავისი - „მზე“, [ბადრი] პატარკაციშვილს - „იმედი“, მიშას [სააკაშვილი] - „რუსთავი 2“ და ა.შ. მილიონობით ინვესტიცია იდებოდა ამ ტელევიზიებში და არც ერთი მათგანი არ იყო ბიზნესმოდელზე გათვლილი, ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყო ჩაფიქრებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის სწორედ ის წყევლა, რომელიც ქართულ ტელემედიას დღემდე მოჰყვება და რის გამოც ტელევიზია ვერასდროს იქცა ბიზნესად. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაზე მაღალრეიტინგული, მაღალხარჯიანი ტელეკომპანიები დღემდე დოტაციაზე არიან დამოკიდებულები, დღემდე ვერ ინახავენ საკუთარ თავს, რადგან ვერ განვითარდნენ როგორც ბიზნესი. სწორედ იმ 90-იანი წლების მეორე ნახევარსა და 2000-იანების დასაწყისში გადაწყდა, რომ ქართული მედია ვერასდროს ყოფილიყო დამოუკიდებელი. 

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არასდროს არც ერთი პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტი არ ვყოფილვართ, ყოველთვის ვცდილობდით გვეკონტროლებინა ჩვენი ხარჯები. ვცდილობდით, რომ ხარჯი არასდროს გასცდენოდა შემოსავალს, ამან ჩვენ მოგვიტანა და შეგვინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ მოგვცა განვითარების საშუალება. ამიტომ საინფორმაციო გამოშვებისა და პოლიტიკური ტოქშოუს მეტს ვერაფერს ვაწარმოებდით. თუმცა, ამით არ დავკომპლექსდით და არ ვდარდობდით იმაზე, როგორ ტელევიზიად მიგვიჩნევდნენ სხვები. კი, რა ქვეყანაც ვართ, ის ტელევიზია ვართ ჩვენც. კახა ბენდუქიძე ეუბნებოდა ხოლმე სტუდენტებს, რომ „კავკასია“ არის რეალურ ბიზნესმოდელზე აგებული და საქართველოში ტელევიზია უნდა იყოს სწორედ ასეთი, შეიძლება ოდნავ უკეთესი ხარისხით, მაგრამ ასეთი, ბაზრის შესაბამისიო. დანარჩენი პრიალა ტელევიზიები, საქართველოს სარეკლამო ბაზრის ადეკვატური არ არის. შეუძლებელია, რომ ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებს ჰქონდეთ ისეთი ხელფასი, რამდენიც საერთაშორისო წამყვან ტელევიზიებში აქვთ. ერთი სიტყვით, ამ ქვეყნისა და ბაზრის ადეკვატურად ვაგრძელებდით არსებობას. 

კი, სირთულეები იყო და იმ მწირ შემოსავლებსაც გვიკეტავდნენ ხშირად, ხელსაც გვიშლიდნენ, ბიზნესს რეკლამის მოტანას უკრძალავდნენ, საკაბელო ტელევიზიებიდან „კავკასიის“ ამოღებას ითხოვდნენ, პრობლემებს გვიქმნიდნენ საკანონმდებლო დონეზე და ა.შ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კონტექსტიდან, უკვე მერიდება კიდეც ამაზე ლაპარაკი. თურმე ის ყველაფერი რაღაც მხიარული თავგადასავლები იყო. მაშინ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობაში მეც ვმონაწილეობდი და თუკი დავამტკიცებდი, რომ მართალი ვიყავი, ჩემი ინიციატივების გატანაც შემეძლო. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებობდა ბერკეტები, რაც დღეს აღარ არსებობს. მაგალითად, თუკი ბიზნესს გადაუკეტავდნენ გზას, მე დონორებისა და მათი გრანტების საშუალებით გადარჩენა შემეძლო. ეს იცის ივანიშვილმა და ამიტომ იღებს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში, ამიტომ გვაიძულებს აგენტებად დარეგისტრირებას და გადარჩენის ყველა გზას გვისპობს. სააკაშვილი ამას ვერც გაბედავდა და ვერც იზამდა, მან ზუსტად იცოდა, რომ მსგავსი საქციელი საქართველოს დასავლეთის სივრციდან სამუდამოდ გარიყავდა. 

კიდევ ერთს გავიხსენებ, ერთხელ ანძიდან გაგვთიშეს, იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო, ანძა ამ სამინისტროს ექვემდებარებოდა. მაშინ კახამ დაგვიბარა მე და დათო [აქუბარდია], დიდხანს ვილაპარაკეთ, ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა და იმის მერე ანძაზე პრობლემები მოგვეხსნა. იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში არსებობდნენ ადამიანები, ვისაც საშუალება ჰქონდა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო. ასე უპირობოდ არ ექვემდებარებოდნენ პრეზიდენტს. 


თავი III. მედია 2012-2026 წლებში. „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პერიოდი


ხელისუფლება რომ შეიცვალა, 2013 წლის დასაწყისში, ჩვენთან მოვიდა რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი და გააფორმა კონტრაქტი. რამდენიმე თვეში, 2013 წლის ბოლოსკენ, ჩვენს არხზე უკვე ისმოდა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, ამიტომ ისინი თავიანთი რეკლამით მალევე გავიდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენთან ყოფნით ივანიშვილის გულს ვერ მოიგებდნენ. მაშინ მივხვდი და ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის ამის დანახვა, რომ პრობლემები თუნდაც ბიზნეს ელიტებში იმდენად სისტემურია, რომ ამ ქვეყანას დიდხანს არაფერი ეშველება. 

ჩვენი აბსოლუტურ მტრად გამოცხადება მოხდა მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“-ის მოვლენები დაიწყო. მათთვის იყო შოკი, რომ მაშინ მე „რუსთავი 2“-ის დასაცავად დავდექი. ასე რომ ძალიან პატარა პერიოდი გვქონდა ჩვენ, სანამ ბოლომდე მოძლიერდებოდა „ქართული ოცნება“ და სწორედ მაშინ მოვასწარით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. 2014 წელი იყო და ჯერ მაინც დემოკრატობანას თამაშობდნენ და კარგად არც იცოდნენ, რას ნიშნავდა ციფრული მაუწყებლობა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ საუკეთესო ვერსია მივიღეთ. ამის შემდეგ დიდხანს პარაზიტირებდნენ ამ ციფრულ მაუწყებლობაზე დასავლეთთან. დღეს რომ ეს არ გვქონდეს, ისე დაგვხურავდნენ ყველას, რომ ხმასაც ვერ ამოვიღებდით. 

იმ პერიოდში ჩვენ კრედიტი ავიღეთ, ოფისი ვიყიდეთ, ვფიქრობდი, რომ იყო შანსი ამ მანკიერი ჯაჭვის გარღვევის და სრულყოფილი ფუნქციონირების. თუმცა, მალევე გამოჩნდა, რომ იმავე წრეზე წავედით, არაფრის შეცვლის ნება არ არსებობდა და საბოლოოდ, გაცილებით უარეს რეალობაში აღმოვჩნდით. 

ჩვენი ტელევიზიის შემოსავლების გრაფა რომ ნახოთ, ნელ-ნელა იზრდება, პიკს აღწევს 2017 წელს და როგორც კი ქვეყანაში დემოკრატიული დაღმასვლა იწყება, ჩვენი შემოსავლებიც იწყებს ვარდნას. ჩვენნაირი მედიისთვის, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა, ისეთ გარემოში არსებობა, სადაც ბიზნესი სრულად კონტროლდება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ყოველთვის, ყველა მძიმე პერიოდში რაღაც გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ დღეს ჩვენ განწირულები ვართ განადგურებისთვის. მე არ ვიცი, რა იქნება არათუ ერთი წლის შემდეგ, არამედ ხვალ, ერთ კვირაში, ერთ თვეში… არ ვიცი გვექნება თუ არა საშუალება, რომ ოფისი, სიგნალი გვქონდეს. 

როგორ მუშაობს ახლა „კავკასია“?

- 12 თანამშრომელი ვართ ჩემი და დათოს ჩათვლით. ახალი ამბების გამოშვებას მაინც ვამზადებთ და ამ 3 ადამიანის მიერ მომზადებულ საინფორმაციოს ხანდახან „პირველი არხის“ „მოამბეზე“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება ყოველთვის იყო ყველაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი, შეიძლება, ტოქშოუში მეტნაკლებად ჩანდა და დღესაც ჩანს ჩვენი პოზიცია, მაგრამ არასდროს საინფორმაციო გამოშვებებში. ამიტომ ვფიქრობ, მაინც არის მოთხოვნა ასეთი ტიპის საინფორმაციო გადაცემებზე.

ასევე, ჯერ ისევ გვაქვს პოლიტიკური ტოქშოუები, რომელიც მე და დათოს მიგვყავს დღეგამოშვებით. ჩვენ ყველანაირი შემოსავლის გარეშე ვმუშაობთ და ბუნებრივია, ამას სხვას ვერ დავავალდებულებთ. 

ძალიან კარგია ეს ახალი ტიპის  მედიასაშუალებები, სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ტელეფონით გადაღებული და გავრცელებული მასალები, მაგრამ მოდი, რეალობას თვალებში შევხედოთ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, კრიტიკულ სიტუაციებში პირველი კითხვაა: სად არიან ტელევიზიები? რატომ არ არის პირდაპირი ჩართვა? ამიტომ ასეთი დიდი და ძლიერი მედიების არსებობა, განსაკუთრებით ამ საინფორმაციო ქაოსის პირობებში, აუცილებელია. 

რას ელოდებით მომავალში? 

- „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი, ყველას დახურვისა და განადგურების გარდა არაფერს ველი. მე მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, იმისთვის რომ ოდესმე ნორმალურად ვიარსებოთ, ზოგადად ქართულ მედიას ერთი დიდი გადატვირთვა გვჭირდება. პოლიტიკური ფული არის ჩვენი ყველაზე დიდი წყევლა, რადგან ვერასდროს ვერც ერთი დამოუკიდებელი მედია გაუწევს კონკურენციას ამდენ პოლიტიკურ ფულს. თუნდაც უკანასკნელი მაგალითების მიხედვით, იქნება ეს ტელეკომპანია „ფორმულა“ თუ [შოთა] შალელაშვილის რამდენიმედღიანი ტელევიზია, იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები მიხვდებიან, რომ მილიონების ჩასხმა მედიაში სასწაულმოქმედი წამალი არ არის და მათ ყოვლისშემძლეებად ვერ აქცევს. 

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთ პირობებში ვართ, მე მაინც არ ვწყვეტ იმაზე ფიქრსა და ოცნებას, როგორ გავაფართოვოთ ეს ტელევიზია. ჩვენ გვაქვს მულტიპლექსი, სტუდიები, ტექნიკა, ამიტომ ოდესღაც შესაძლებელია, რომ ისევ მოკრძალებული, მაგრამ ქართული ბაზრისთვის შესაბამისი მედიაპროდუქტი გაკეთდეს. მარადიული არც „ქართული ოცნებაა“ და არც არავინ, ამიტომ მჯერა, რომ ამ ოცნებასაც ავიხდენ. 

                                                                          

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა წნეხის ქვეშ უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს ერთიმეორის მიყოლებით იღებს. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად იყენებს. 

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა და წერილობით გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები. 

კომუნიკაციების კომისიისგან წერილი მიიღო ტელეკომპანია „კავკასიამაც“. მარეგულირებელი აშშ-დან, ქართული სახელისა და გვარის მქონე პირისგან,  მიღებული შემოწირულობით დაინტერესდა და არხს მისთვის „გაწეული მომსახურების“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. „კავკასია“ რამდენიმე თვეა გადარჩენისთვის დონაციას ითხოვს და ანგარიშის ნომერიც საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. 


 
კატეგორია - ინტერვიუ


კამილა მამედოვა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მარნეულში რადიო 2006 წელს დაარსდა, თუმცა მან რადიომაუწყებლობის ლიცენზია 2016 წელს მიიღო. „მარნეული“ მულტილინგვისტური სათემო რადიოა, მას საინფორმაციო გადაცემები ქართულის გარდა, აზერბაიჯანულ ენაზეც აქვს, ვებგვერდზე კი ახალი ამბები სომხურ ენაზეც ქვეყნდება. რადიოში სულ 12 ადამიანი მუშაობს. 

კომუნიკაციების კომისიამ რადიო „მარნეული“ ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. მანამდე, ComCom-მა რადიო „დოიჩე ველესგან“ 7 821.60 ლარის მიღების გამო გააფრთხილა და „უცხოური ძალისაგან“ დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.

როგორ შეიქმნა რადიო „მარნეული“ და რა მნიშვნელობა აქვს მას, წაიკითხეთ კამილა მამედოვასთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში. 

- მარნეულში დავიბადე და გავიზარდე, აქაური სკოლა დავამთავრე. მაშინ საქართველოს რეგიონებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალები, რომლებიც კორუფციისა და ფულის კეთების დიდ შესაძლებლობას ქმნიდა. ასეთი ფილიალი იყო მარნეულშიც, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არ სწავლობდნენ, მაგრამ დიპლომებს ყიდულობდნენ. პრაქტიკულად, ეს იყო ამ უნივერსიტეტის მთავარი ფუნქცია. მაშინ მე ქართული ისე კარგად არ ვიცოდი, თბილისში რომ ჩამებარებინა. ჩემს ოჯახს ფულიც არ ჰქონდა, ამიტომ სულ რაღაც 200 დოლარად ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩემებმა მითხრეს, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო. სხვათაშორის, სულ მარტო დავდიოდი ლექციებზე, აუდიტორიაში მხოლოდ მე ვიჯექი. 

სწორედ ამ პერიოდში რეგიონებში, მათ შორის მარნეულში, სამოქალაქო სექტორი პირველ ნაბიჯებს დგამდა. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური და მონდომებული სტუდენტი ვიყავი, 2002 წელს, 16 წლის ასაკში, ერთ-ერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში აღმოვჩნდი, სადაც უკვე ვისწავლე: პროექტების წერა, კომპიუტერზე ბეჭდვა და ა.შ. ამის შემდეგ, 2005 წელს, BBC World Service Trust -მა, რომლის წარმომადგენელიც მაშინ ლიკა ჩახუნაშვილი იყო, ევროკავშირის მხარდაჭერით და „სტუდია რე“-სთან პარტნიორობით, მარნეულში რადიო გახსნა, სადაც ჟურნალისტიკაში ტრენინგებიც ტარდებოდა. მაშინ მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, ინფორმაციის გავრცელება მთხოვეს. ამბავი გავავრცელე და პირველი მე გავქანდი და ამ ტრენინგებზე ჩავეწერე. ეს იყო 2-წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები უნდა გადამზადებულიყვნენ და საბოლოოდ, რადიო უნდა გახსნილიყო. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ ლიცენზია არ მოგვცეს. ცხადია, მაშინდელ ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ რეგიონში დამოუკიდებელი მედია ყოფილიყო და ამას სხვადასხვა მიზეზით ფუთავდა. ერთი სიტყვით, მაშინ რადიოს გახსნა ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ტრენინგებიდან მივიღეთ დიდი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ სრულყოფილ რეპორტაჟებსა და გადაცემებს ვამზადებდით, უბრალოდ ეთერში ვერ გადიოდა. ამიტომ ხშირად კასეტებზე ვიწერდით და „მარშრუტკის“ მძღოლებს ვაძლებდით, მოსახლეობას ასე მაინც რომ მოესმინა. ასევე, მარნეულის ორ პუნქტში, ჩაიხანასა და ერთ-ერთ პარკში, სადაც დედები შვილებს ასეირნებდნენ, დამაგრძელებლებით მივიყვანეთ ხმა, შევუერთეთ დინამიკებს და ასე ვასმენინებდით ხალხს ჩვენს გადაცემებს. 

ასევე, პირველები ვიყავით, ვინც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე შევაღწიეთ. მე ხომ ნასწავლი მქონდა, ხმა იდეალურად სუფთა რომ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მახსოვს, ერთ-ერთი სხდომაზე, რომელიც აგვისტოს გაუსაძლის სიცხეში ტარდებოდა, დავაკეტინე ფანჯრები, გავათიშინე კონდიციონერი, სუფთა ხმა რომ მიმეღო. სხდომის მონაწილეებს წურწურით ჩამოსდიოდათ ოფლი და ვერ მეწინააღმდეგებოდნენ, კოდიციონერი რომ ჩაერთოთ. 

საპატრულო პოლიცია მაშინ ახალი შექმნილი იყო, წარმოიდგინე, იმდენად სერიოზულად ვუდგებოდი საკითხს, რომ ჩვენი რეგიონის საპატრულოს უფროსი მოვიყვანე ჩვენს არარსებულ რადიოში და მასთან ვრცელი ინტერვიუც ჩავწერე.

თუმცა, მაინც ჩვენ ვიყავით რადიო, რომელიც არ ისმოდა, არ ჰქონდა მაუწყებლობა და ამიტომ თანდათან ჩვენ სერიოზულად აღარ აღგვიქვამდნენ და ეს პროექტი 3 წელში დასრულდა. ვინაიდან მე ამ რადიოს დირექტორი ვიყავი, მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა სამომავლოდ მენეჯმენტიც მესწავლა და სწორედ ამიტომ, ჩავაბარე მაშინ GIPA-ში. 

როდესაც რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოდიან, ხშირად ისინი უკან აღარ ბრუნდებიან, შენ რატომ არ დარჩი და რატომ დაბრუნდი მარნეულში? 

- მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ ეს არასდროს მდომებია. როგორც გითხარი, რადიოს ლიცენზია არ მოგვცეს და მაშინ მისი ამუშავების პერსპექტივას ვერ ვხედავდი. ამიტომ რაღაც ხნით დავრჩი კიდეც, ვმუშაობდი ტელეკომპანია „პიკში“, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. „პიკი“ 2012 წლის ოქტომბერში დაიხურა და 400 თანამშრომელი, მათ შორის მეც, უსამსახუროდ  დარჩა. ისე გამოგვიშვეს, პირადი ნივთების გამოტანაც ვერ შევძელით. ამის შემდეგ, ბევრ ადგილას ვიყავი, ვეძებდი სამსახურს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მარნეულში დაბრუნება მომიწია. თან იმ პერიოდში რადიოს ლიცენზიის მიღება უკვე შესაძლებელი ჩანდა. 2014 წელს დავბრუნდი, ისევ დავიწყე მუშაობა, რადიოს ლიცენზია რომ მიმეღო. 2016 წლიდან უკვე ხელმეორედ და ნამდვილად გაიხსნა რადიო „მარნეული“. 


რამდენად დაემთხვა შენი წარმოდგენები ჟურნალისტურ საქმიანობაზე იმ რეალობას, რის წინაშეც აღმოჩნდი?

- თავიდან მარნეულში ტრენინგებს როცა ვესწრებოდი, მაშინ ზვიად ქორიძეს ჰქონდა სემინარების ციკლი, რომელიც მრავალფეროვნების საკითხებს ეხებოდა. როდესაც საქმე თემების გადანაწილებაზე მივიდა, მათზე ინდივიდუალურად რომ გვემუშავა, ისე მოხდა, რომ ლგბტ საკითხებზე მუშაობა ვერავინ გაბედა და მე ავირჩიე ეს თემა. მაშინ მივხვდი, რომ ამ საკითხზე არასდროს მიფიქრია და დავფიქრდი იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ მიფიქრია. აღმოვაჩინე, რომ მე მაქვს ის სითამამე, რაც არ აქვს სხვას. გავედი ველზე და გავაკეთე ვოქსპოპი. უკან დაბრუნებული კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი მაინც დავაფიქრე იმ თემაზე, რაზეც აქამდე არ უფიქრია. მაშინ ჩვენ რომ ნამდვილი მაუწყებლობა გვქონოდა, დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რადგან საზოგადოებაში მსგავს თემებზე სასაუბროდ გაცილებით დიდი მზადყოფნა იყო. 

ერთი სიტყვით, ეს იყო მომენტი, როდესაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე და მივხვდი, რა იქნებოდა მთავარი მიზანიც და მოტივიც ჩემს საქმიანობაში: ყველაფერთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვა და მასზე საჯაროდ საუბარი. ასევე, აღმოვაჩინე, რომ თურმე შესაძლებელია სამსახური სასიამოვნოც იყოს და სასარგებლოც. 

ამან განსაზღვრა ისიც, რომ რადიო „მარნეულის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა უფლებების დაცვაა, რაც ამ რეგიონში კიდევ უფრო ტაბუირებული თემაა. მანამდე ეს საკითხები არ ვიცოდი. იმ ტრენინგების ფარგლებში ერთი ქალი რეჟისორი გვყავდა სტუმრად, რომელსაც ვუთხარი, რომ ქალი სამზარეულოში არის მისი პირადი არჩევანი. მახსოვს, როგორ გაბრაზდა, მაგრამ მე ასე ვიცოდი, ასე მესმოდა, მე არ მქონდა განსხვავებული ცოდნა. ამ პერიოდში დავიწყე იმის გაცნობიერება და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, რა მნიშვნელოვანია განათლება და როგორ ცვლის და აყალიბებს ცოდნა ადამიანს. სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივიც: თუკი მე ასე შემცვალა ცოდნამ, გავაკეთო ყველაფერი, რომ იქნებ მეც შევძლო გავლენის მოხდება სხვა ადამიანის ტრანსფორმაციაზე. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრება მამოძრავებს და დღემდე მადლიერების გრძნობა მაქვს იმ პროექტისა და ადამიანების მიმართ, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში მარნეულში ამ იდეით ჩამოვიდა. 

როგორ ფიქრობ, შეძლო რადიო „მარნეულმა“ რეგიონის მოსახლეობისთვის ამის გაკეთება? 

- ჩვენი ჟურნალისტები დადიან სამარშრუტო ტაქსებით და იქ ისმენენ მგზავრების შორის დიალოგებს. რამდენი ხნის წინ მიამბეს, რომ ქალები მსჯელობდნენ და ლაპარაკობდნენ მათ მომზადებულ მასალაზე, უფრო ზუსტად იმ საკითხზე, რაც ამ მასალაში ეწერა, ისე რომ არც ახსოვდათ, სად წაიკითხეს. ჩანდა, რომ ჩვენ მიერ მომზადებულმა მასალამ და ინფორმაციამ მათზე გავლენა მოახდინა. 

ჩვენ ვართ პირველები, ვინც უმცირესობების ენაზე ლაპარაკი დაიწყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ვგულისხმობ, რადგან იქ რაც კეთდება ან კეთდებოდა, არასდროს ყოფილა მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის, ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობა იყო. ასე რომ ვფიქრობ, პირველები ვიყავით, ვინც უმცირესობების პრობლემებზე მათ ენაზე საუბარი დაიწყო. ჩვენ გავაგებინეთ აქ, მოსახლეობას, რომ აზერბაიჯანულად ლაპარაკი არ ისჯება, სირცხვილი არ არის. მათ ეშინოდათ, რომ წამოაძახებდნენ, შენ „თათარი“ ხარ, ქართველი არ ხარ, უცხო ხარ… ვფიქრობ, რომ ჩვენი რადიოს დამსახურებაა, დღეს მარნეულის მოსახლეობას საკუთარ პრობლემებზე რომ შეუძლია ხმამაღლა ლაპარაკი, თანაც საკუთარ ენაზე.  

რეალურად ჩვენ მაუწყებლობა 2016 წელს დავიწყეთ, ამიტომ ამ 10 წლის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე პატარა გოგო რომ დავიცავით ადრეული ქორწინებისგან, ეს უკვე კონკრეტული და პოზიტიური შედეგია. ბევრი გვეუბნება მადლობას, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ, ცხადია, ეს საკმარისი არ არის. რადიო „მარნეული“ არაკომერციული ორგანიზაციაა და ამიტომ ღარიბები ვართ. დღევანდელ დღეს, როდესაც ყველაფერი ფულზე და ამ ფულით ნაწარმოებ პროპაგანდაზე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგებთ. ჩვენ გამარჯვებულები ვართ მორალურად, მაგრამ რესურსების მხრივ ვაგებთ. 

მე ვფიქრობ, რომ ამ რეგიონის შესახებ ინფორმაციის ფანჯარა ჩვენ გავხსენით, ჩვენ შემდეგ აქ სამოქალაქო სექტორმაც დაიწყო შემოსვლა. რადიოში ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პრობლემებზე, ახალგაზრდებს დავუთმეთ ჩვენი სტუდია, როგორც პლატფორმა. მაგალითად, ერთხელ სამირა ბაირამოვას, რომელსაც ფეისბუკზე ჰქონდა ლაივი, დასრულებისთანავე დავურეკე და ვუთხარი, რომ სტუდიაში მოსულიყო და იგივე გაეკეთებინა. ერთი სიტყვით, ჩვენ ვეპატიჟებოდით ყველას, ვისაც სურდა ჩვენი რეგიონის თუ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფლებებზე ლაპარაკი. ამ მხრივ „მარნეულის“ რადიოში სიცოცხლე დუღდა. ჩვენ, ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, უსინათლო კაცს 50 წლის ასაკში მუშაობის შესაძლებლობა მისცა. სულ მეუბნებოდა, რომ ცხოვრება სწორედ ამ დროს დაიწყო და ყოველი კვირა მომდევნო კვირის მოლოდინში იყო. 

მიმაჩნია, რომ ჩვენ შევქმენით არაქართულად მოსაუბრე ქართული მედია. მინდა, რომ ყველა პოლიტიკური მოვლენა ქართული პრიზმიდან იყოს დანახული, მინდა, რომ ყველა ეთნიკურად აზერბაიჯანელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ქართულად ანუ სახელმწიფოებრივად ფიქრობდეს. ეს იყო და არის ჩვენი მიზანი. აქ ქართული მუსიკაც კი არ იცოდნენ, ამიტომ რადიოში ძალიან საინტერესო ფლეილისტები გვაქვს, რომელშიც ამერიკულიც არის, ევროპულიც, აზერბაიჯანულიც და ქართულიც. ოღონდ ქართულში, ესტრადას ნაკლებად ვგულისხმობ. 

როგორ ფიქრობ, დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლის მეთოდებით რა გამოარჩევს ამ ხელისუფლებას მისი წინამორბედებისგან?

- წინა ხელისუფლება არ აძლევდა იდეას განხორციელების საშუალებას, ეს ხელისუფლება კი ანგრევს და კლავს უკვე განხორციელებულ იდეებს. მაგალითად, 2012 წლამდე, როდესაც კომუნიკაციების კომისია ლიცენზიას არ გვაძლევდა, ის ამისთვის კანონებს არ ცვლიდა და ახალს არ იღებდა. მაშინ სამართლებრივი გზა მაინც რჩებოდა, მაშინ გვყავდა საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც გარანტია, რომელიც გვიცავდა. ახლა აღარც სამართლებრივად გვაქვს რაიმე გარანტია, ისეთი კანონები მიიღეს, რომლის მეშვეობით ციხეშიც ჩაგსვამენ. 

სხვათა შორის, ახლა, როდესაც მეორე გაფრთხილება მივიღეთ და კომუნიკაციების კომისიაში სხდომას ვესწრებოდი, მინდოდა კახა ბექაურისთვის გამეხსენებინა, რომ ის იყო, ვინც მაშინ ლიცენზიის გაცემას ხელი მოაწერა, ასეთ რეგიონალურ მედიებს მხარს უჭერდა და ახლა ის არის, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რადიომ მაუწყებლობა შეწყვიტოს, მაგრამ თავი შევიკავე. არაფრისგან ვართ დაზღვეულები, შეიძლება ის გაფრთხილება ჯარიმით შეეცვალა. 

------------------------------------------------

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

------------------------------------------------

როგორ ახერხებს რადიო „მარნეული“ მუშაობის გაგრძელებას?

- ჩვენი რადიოდან ერთი ჟურნალისტიც არ წასულა. გარდა ჟურნალისტებისა, რომლებიც დღემდე თავდაუზოგავად შრომობენ, ჩვენთან დისტანციურად მუშაობენ თარჯიმნები, რომლებიც ყოველთვე მწერენ, რომ მზად არიან ანაზღაურების გარეშე იმუშავონ. ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია, მაგრამ ცხადია, მე მაინც უნდა ვიზრუნო, რომ ამ „გაიაფებულ“ მაღაზიებში ჩემმა თანამშრომლებმა პროდუქტის ყიდვა მოახერხონ. 

ცოტა რეკლამა გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ დავიწყეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ვცდილობთ ეს მძიმე პერიოდი როგორმე გადავაგოროთ. სემინარებს ვატარებთ, დავრეგისტრირდით Airbnb-ზე და ტურისტებისთვის მარნეულში ტური გავაკეთეთ, რამდენიმე დღის წინ პირველი სტუმარიც გვყავდა. 

რაც მთავარია, სოლიდარობის იმედი მაქვს. მაგალითად, ბოლო თვეში ხელფასები „სინათლე მედიიდან“ ჩარიცხული თანხით დავფარეთ, OC Media-მ თავისი წილიც დაგვითმო. იქამდე იმ თანხას ვხარჯავდით, რომელიც რადიომ ამ 10 წლის მანძილზე დააგროვა. ასევე, მე მიღებული მქონდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ჯილდო - „ტიტა“, რომელსაც ფულადი პრიზიც მოჰყვა, ამ თანხით რადიოსთვის მანქანის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ არ ვიყიდეთ და ესეც ხელფასებზე გადავანაწილეთ. ერთი სიტყვით, მინიმუმ მაინც გამოვიმუშავებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ არსებობას. 

---------------------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან 2024 წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.


კატეგორია - ინტერვიუ

თეონა სეხნიაშვილი 2022 წლიდან „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში“ (IPI) მუშაობს. საწყის ეტაპზე მისი კვლევის საგანს აღმოსავლეთ ევროპის მედიაგარემო წარმოადგენდა, ამჟამად კი მუშაობს მედიის ადვოკატირებაზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით მუშაობს. 

2025 წელს საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამას ცხადყოფს მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც. თეონა, რომელ ქვეყნებთან შეგიძლიათ პარალელების გავლება, სადაც მედიის მდგომარეობა ასეთ მოკლე დროში გაუარესდა?

- საქართველო ცენტრალურ აზიაში შეგვიძლია შევადაროთ ყირგიზეთს, სადაც დაახლოებით იგივე პროცესები განვითარდა. ცენტრალურ აზიაში ყირგიზეთი იყო დემოკრატიის შუქურა ისევე, როგორც საქართველო - კავკასიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიაც იყო (მაგალითად, „კლუპი“, მთავარი საგამომძიებლო მედია, რომელიც ახლა საზღვარგარეთიდან მაუწყებლობს) და სამოქალაქო საზოგადოებაც, მაგრამ რამდენიმე წელში იქაც მსგავსი დაღმასვლა მოხდა და ეს ყველაფერი ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც აგენტების კანონი, რომელსაც საქართველოში რუსულ კანონად მოიხსენიებენ, შევიდა ძალაში. საქართველოში მეორედ რომ წარადგინეს [2024 წლის გაზაფხული] ეს კანონი, ყირგიზეთში რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ მიღებული. პარალელების გავლება შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ საქართველოში მაინც უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები.

მედიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრობლემებია ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება სერბეთში, სადაც განსაკუთრებით პრობლემურია ონლაინ თავდასხმები ჟურნალისტებზე და მათი თვალთვალი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თავდასხმების რაოდენობა პირდაპირ არ გულისხმობს იმას, თუ რომელ ქვეყანაშია უფრო რთული მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, მაგრამ ჩვენს პლატფორმაზე მონიტორინგს რომ ვაკეთებთ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოსა და სერბეთში ყველაზე მეტი თავდასხმაა დაფიქსირებული. განსხვავება არის ის, რომ საქართველოში თავდასხმების ყველაზე ხშირი წყარო პოლიცია და სასამართლოა. სერბეთს არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთეს საქართველოში. მთელი რიგი კანონები, რომელიც კრძალავს პროტესტს, დამოუკიდებელი მედიის დაფინანსების წყაროებს აქრობს, იქ არ მიუღიათ. თავისუფალი მედიისთვის მთავარი დაფინანსების წყარო სერბეთშიც ხშირად ევროპული ფონდებია. 

მძიმე მდგომარეობაა უნგრეთშიც. იქ მთავარი პრობლემა მედიის მიტაცებაა, რაც საქართველოშიც ყოველთვის იყო. სახელმწიფოსთან დაახლოებული პირები ფლობენ კერძო მედიებს (მათი 80% ვიქტორ ორბანთან და „ფიდესთან“ დაახლოებული პირების ხელში). ასეთი კონგლომერატია, რომელსაც ჰქვია KESMA და მედიების დიდ ნაწილს ის ფლობს. სახელმწიფოს მხრიდან მედიების დაფინანსება და რეკლამები ძირითადად მასთან დამეგობრებულ მედიებში მიდის. ინსტიტუციური ზეწოლაა მედიებზე, მაგრამ დამოუკიდებელ, კრიტიკულ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები არ ხდება. ასევე, უნგრეთი რამდენჯერმე შეეცადა აგენტების კანონის მსგავსის მიღებას, მაგრამ შიდა და გარე წრეების ზეწოლით, არ გამოუვიდა. მედიის მიტაცებასთან დაკავშირებული პროლემებია სლოვაკეთშიც, მაგრამ ისეთი სიტუაცია, როგორიც ახლა საქართველოშია, მე არ მახსენდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ვფარავ, მათ შორის, არც ბალკანეთის ქვეყნებში. ახლა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარება საქართველოშია. 

კომუნიკაციების კომისია რომ მიტაცებულია, საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ დამოუკიდებელი არაა, რეკლამები და დაფინანსება სამთავრობო მედიებში რომ მიდის და ა.შ. - ეს პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლამდეც. მაგრამ დღეს, საქართველოში უკვე ფიზიკური გადარჩენის პრობლემის წინაშე არიან ჟურნალისტები.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახსენეთ, რა როლი აქვს მას დღეს საქართველოში?

- საზოგადოებრივი მაუწყებელი არამხოლოდ მიტაცებულია, ის არის პროპაგანდის იარაღიც „ქართული ოცნების“ ხელში და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ამ პროცესში მას თავისი წვლილი აქვს. ამას აღვნიშნავთ ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც წერია, რომ ის რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს.

„მედიაჩეკერთან“ ბოლო ინტერვიუში ამბობთ, რომ შესაძლოა, ათ წელში საქართველო ბელარუსის ანალოგი გახდეს. ამ ინტერვიუდან 3 წელიც არაა გასული, დღეს რას იტყოდით?

- მაშინ ვფიქრობდი, 10 წელს რომ ვამბობდი, ხომ არ ვაჭარბებდი, რადგან 10 წელი არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ნებისმიერმა მთავრობამ ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია მოახდინოს-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. საქართველოში რაც მოხდა, მაგას ნამდვილად არავინ ელოდა, რადგან მას ნამდვილად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ტრადიცია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ მედიას სასიკეთო სიტუაცია არასდროს ჰქონია, გადარჩენისთვის ყოველთვის იბრძოდა. 

ნამდვილად ჰგავს საქართველო ბელარუსს იმ ნაწილში, რომ ფაქტობრივად, პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება კრიმინალიზებულია, დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება აკრძალული, ჰგავს პოლიტპატიმრების რაოდენობითაც და იმითაც, რომ ჟურნალისტები ციხეში არიან, მაგრამ არის განსხვავებებიც, რაც იმედის მომცემია. დამოუკიდებელი მედია ბელარუსში საზღვარგარეთიდან ფუნქციონირებს, საქართველოში კი დამოუკიდებელი მედიის დაუმორჩილებლობა გამოხატება იმაში, რომ ისინი უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანაში რჩებიან და ცდილობენ ალტერნატიული თანხები მოიზიდონ, დაიწყეს „ქრაუთფანდინგის“ კამპანია. „სინათლე მედია“ რეალურად ამის არაჩვეულებრივი და უპრეცედენტო მაგალითია და დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება. დამოუკიდებელი მედიის ბრძოლის შემართება და უარი იმაზე, რომ საზღვარგარეთ წავიდეს, არის განმასხვავებელი ნიშანი. არ არის მარტივი, მოერიო ძალიან დიდ ძალას იმ ფონზე, როცა დიდი რესურსი არაა დამოუკიდებელ მედიებში და არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ესაა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველგან არიან, სადაც მოქალაქეებს სჭირდებათ. ჩემთვის ნამდვილად შთამაგონებელია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლისუნარიანობა, რაც ქართულმა მედიამ გვაჩვენა.

რადგან „სინათლე მედია“ ახსენეთ, როგორია დამოუკიდებელი მედიის სოლიდარობის მაგალითები სხვა ქვეყნებში?

- ძლიერი სოლიდარობაა ნამდვილად სერბეთში. ძლიერი სოლიდარობაა სლოვაკეთშიც, სადაც ძალიან მჭიდროდ და ერთად მუშაობენ მედიები. „სინათლე მედიის“ მსგავსი, ერთობლივი „ქრაუთფანდინგის“ კამპანია სხვა არ მახსენდება, მაგრამ მაგალითად, უნგრეთში ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ძალიან კარგად დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ გადასახადიდან ნაწილი მათ გადაურიცხონ. ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში მედია თვითკმარია და საზოგადოების დიდ ნაწილს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა. საზოგადოების მხარდაჭერაა იმის საფუძველი, რომ კრიტიკული, დამოუკიდებელი მედია სიცოცხლისუნარიანია არალიბერალურ სისტემებში. 

რა მსგავსებას ხედავთ „ქართული ოცნებისა“ და სხვა ავტორიტარული რეჟიმების მედიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შორის?

- პირველ რიგში რიტორიკას. ყველა იყენებს ერთსა და იმავე ავტორიტარულ „ფლეიბუქს“. ეს განსაკუთრებით უნგრეთის მაგალითზეა აშკარა…შეიძლება სრულად კონსოლიდირებული ავტოკრატია არაა, მაგრამ არალიბერალური რეჟიმია. იქ ძალიან ხშირად ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს მოიხსენიებენ, როგორც „აგენტებს“, „მტრებს“. ყირგიზეთშიც ზუსტად იგივე სიტუაციაა. 

უნგრეთში მართალია არ აქვთ აგენტების კანონი, მაგრამ აქვთ სუვერენიტეტის დაცვის კანონი (Sovereignty Protection Law), რომლითაც ფაქტობრივად, ისეთი უწყება დააარსეს (სუვერენიტეტის დაცვის უწყება), რომლის მთავარი მიზანიც, თითქოს, გამოძიების ჩატარებაა და შემდეგ ეს გამოძიება „ასკვნის“, რომ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის მთავარი მიზანი „ჯაშუშობაა“. 

საქართველოს მსგავსად, ძალიან დიდი პრობლემაა SLAPP საქმეები განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ჟურნალისტებზე პირდაპირ ფიზიკური თავდასხმა და მათი დაკავება იმდენად არ ხდება, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა. 

თუ არის რაიმე იმედი იმისა, რომ დემოკრატია გადარჩება, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს იმედი დამოუკიდებელ მედიაშია. განსაკუთრებით ისეთში, რომელსაც საგამოძიებო და Watchdog ფუნქცია აქვს. ამიტომ ებრძვიან დამოუკიდებელ მედიებს და ახდენენ მათ დისკრედიტაციას. ვინც აკონტროლებს ინფორმაციას, ის ძალიან ხშირად აკონტროლებს ხალხის ნებასაც. საქართველოში განსაკუთრებით ებრძვიან დამოუკიდებელ მედიას, რადგან მათ ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი აქვთ და პირველ რიგში, უნდათ, რომ ამ ნდობას გამოუთხარონ ძირი.

მალე 1 წელი გახდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. თქვენი აზრით, რატომ ტოვებენ მას ციხეში?

- მზიამ დამსახურებულად მიიღო სახაროვის პრემიაც და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის წოდებაც არამხოლოდ იმისთვის, რომ მედიის თავისუფლებისთვის იბრძვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვისაც, რომელიც მან ქართული დამოუკიდებელი მედიის განვითარებაში შეიტანა. ის ფაქტი რომ მზიას სახაროვის პრემია გადაეცა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ საქართველო ისევ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.

კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ მას პატიმრობაში, პასუხი ნათელია. იმიტომ, რომ დააშინონ და გააჩუმონ დანარჩენები და „მსუსხავი ეფექტი“ შექმნან. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მზია ამაღლობელს, რომელიც არის გმირი, გამორჩეული ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ციხეში ტოვებენ. თავიდან ბოლომდე ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ის ბრალდებები, რაც მის წინააღმდეგაა, გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამაზე აზრთა სხვადასხვაობა საერთაშორისო ორგანიზაციებში არ არსებობს. ეს არის გზავნილი სხვა მედიებისთვის, რომ შეწყვიტონ მუშაობა და დატოვონ ქვეყანა.

რამდენად საკმარისია ის ძალისხმევა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და  საზოგადოება იჩენს საქართველოში თავისუფალი მედიის გადასარჩენად?

- მედიის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების გადმოსახედიდან, საქართველო ძალიან საშიში პრეცენდენტია იქიდან გამომდინარე, თუ რა სწრაფად მოხდა სიტუაციის გაუარესება. ეს მოდელი სხვაგანაც შეიძლება გადაიღონ, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბოლომდე მუშაობა. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ საქართველო დღის წესრიგში დატოვოს. იმის გამო, რომ კრიზისი ჯერჯერობით უცვლელია, არ ნიშნავს, რომ საქართველო დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. მთავარია მდგრადი, განგრძობადი ადვოკატირება მედიის თავისუფლებისთვის. 

სანამ არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, იქამდე საერთაშორისო დონეზე მათ მხარდასაჭერად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, „სანამ გვიანი არ არის“. 

როცა ადვოკატირებაზე მუშაობ, ხანდახან შეიძლება გქონდეს განცდა, რომ პირიქით, უარესდება სიტუაცია, ყოველდღე რაღაც ახალ კანონს იღებენ, ყოველდღე აკავებენ, აჯარიმებენ ჟურნალისტებს და ა.შ. მაგრამ ყოველთვის აქვს ადვოკატირებას აზრი და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხს - შედეგი.

ბოლოს, როგორ ხედავთ ქართული დამოუკიდებელი მედიის მომავალს?

- ქართველ ჟურნალისტებს როცა ველაპარაკები, უარს ამბობენ საზღვარგარეთ წასვლაზე და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას საქართველოში, რაც ნამდვილად იმედის მომცემია. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი დამოუკიდებელ მედიას. თუნდაც „სინათლე მედიის“ კამპანია თუ წარმატებული იქნება, ეს ნამდვილად ძალიან ბევრს ნიშნავს დამოუკიდებელი მედიისთვის. რაც დამოუკიდებელ მედიას გადაარჩენს, ესაა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და გარედანაც იგრძნობა, რომ საქართველოში ეს ძალიან ძლიერია. 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც”. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.

სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. 2026 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძე. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.

 
კატეგორია - ინტერვიუ


393-ე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე პროევროპული პროტესტი ყოველდღიურად რამდენიმე ფოტოგრაფის ობიექტივში ხვდება. მათი კამერა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროტესტის მონაწილეთა განწყობებს ყოველდღიურად, ჩვენთვის უხილავი რაკურსით გვაჩვენებს. ფოტოგრაფების „მესამე თვალი“ ყველაზე ახლოდან ხედავს: ხმაურს, დაპირისპირებას, სიჩუმეს, დაღლილობას, სიხარულს, ერთობას, გამარჯვებას, ძალას თუ უძალობას. როგორია მათი თვალით დანახული პროტესტი, წაიკითხეთ რამდენიმე მათგანთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუს მეორე ნაწილში.

მარიამ ნიკურაძე, „OC მედია“

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ? 

ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალ მედიას იმიტომ ებრძვიან, რომ მასში საფრთხეს ხედავენ, ამიტომ ვფიქრობ, სანამ ვარსებობთ, ეს პრივილეგია უნდა გამოვიყენოთ და დისკომფორტი შევუქმნათ რეჟიმს. ეს არის ის, რაც ყოველდღე მაბრუნებს აქციაზე და ეს არის, რის გამოც ყოველდღე მუშაობს ჩვენი ნიუსრუმი. ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია. რაც შეეხება ყოველდღე, თუნდაც წყნარ დღეს რატომ ვბრუნდები რუსთაველის გამზირზე, ხშირად ვიხსენებ ხოლმე 2 ივნისს. მაშინ „ჯიუტი“ პარლამენტთან ყოველდღიურ აქციებს ატარებდა, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა და 2 ივნისს, ცარიელი ფურცლისა და ასევე, ფურცელზე წარწერის „ირაყლი“-ს გამო ადამიანები დააკავეს. მათ დასაკავებლად რომ მოვიდნენ, მაშინ იქ ჟურნალისტი მარტო მე ვიყავი და ფაქტობრივად ჩემი გადაღებული ფოტოებით, როგორც მტკიცებულებებით, ამ ადამიანებმა ეს საქმე სტარსბურგის სასამართლოში წაიღეს. ამის შემდეგ, რაღაცნაირად სულ ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა ვიყო იქ, სადაც თუნდაც რამდენიმე ადამიანი იკრიბება, რომ ისინი არ დარჩნენ დაუცველები. 

*ის ერთი ფოტო, რომელიც მარიამისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს


ამ ფოტოზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჩანს. პროტესტის მონაწილე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით სპეცრაზმის პირისპირ.

რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?

პირველი, რაც თავში მომდის, არის სოლიდარობა და თანადგომა. ის რამდენიმე კვირა, როდესაც ყოველდღე სხვადასხვა ადამიანები ჩნდებოდნენ, სახის დაუფარავად დგებოდნენ რუსთაველზე და ამით საკუთარ თავისუფლებას სწირავდნენ, იყო სოლიდარობისა და თანადგომის ყველაზე მკაფიო მაგალითი. 

ეს, ალბათ, ყველაზე სიმბოლურია ჩემთვის. ეს ბრძოლა ამ სოლიდარობასა და თანადგომაზე დგას. არავინ დავობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალია, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ მგონია, რომ დღემდე სწორედ პატიმრების მიმართ სოლიდარობამ და თანადგომამ მოიყვანა ეს პროტესტი. ისინი არიან მთავარი მიზეზი დღეს, სინდისის პატიმრებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და ადამიანები მათ გვერდით დგანან. 

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

ახლა საახალწლო განათებები რომ დაკიდეს, ამან ძალიან დამაბრუნა ერთი წლის წინანდელ პერიოდში და გამახსენდა ის თემატური მარშები, შარშან ამ დროს რომ ეწყობოდა. ამიტომ ეს განათებები რაღაცნაირად უკვე ამ პროტესტის ნაწილია. ფორმები იცვლება, მაგრამ თითქოს ვიზუალი რჩება.

*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს


ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფოტოა. ნანი წულაიამ გიორგის დაბადების დღე მის მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ციხესთან აღნიშნა. დემოკრატიის დაღმასვლამ ოჯახები ერთმანეთს დააშორა, თუმცა ისინი მაინც პოულობენ სითბოსა და მხარდაჭერის გაზიარების გზებს, რაც ამ ფოტოზეც ჩანს. ნანი უქნევს ხელს. ფოტოზე ჩანს გიოს საკანი, საიდანაც ისიც ხელს უქნევს დედას.

დათო ქორიძე, „რადიო თავისუფლება”

გარდა იმისა, რომ „რადიო თავისუფლების“ თანამშრომელი ვარ, მაშინაც ვხვდებოდი და ახლაც ვხვდები, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დამკვირვებელი ვარ. ამ ისტორიულ მომენტს გვერდს ვერ ავუვლიდი. ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის ყველა პროტესტი მაქვს გადაღებული, მაგრამ ეს საპროტესტო ტალღა, რომელიც ერთი წელია გრძელდება, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციურია. 
 

*ის ერთი ფოტო, რომელიც დათოსთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს


ეს ფოტო ჩემთვის არის მომენტი, როდესაც ბრძოლა, დროშა და ადამიანი ერთ მთლიან იდეად იქცა. მხუთავ აირსა და წყლის ჭავლში გახვეული ქუჩა, ერთმანეთზე დაყრდნობილი სილუეტები და მაღლა აწეული დროშა აჩვენებს, როგორ იბადება სოლიდარობა ამ ქაოსში. ეს ფოტო მახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი მკაფიოდ არ ჩანს, არჩევანი და ძალა მაინც არსებობს. ამიტომ არის ეს ფოტო ჩემთვის განსაკუთრებული. 

ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?

წლების წინ ძალიან მიჭირდა საპროტესტო აქციების გადაღება. 21 ივნისი მახსენდება, რომელიც ძალიან დრამატული იყო ჩემთვის. თავიდან, ცხადია, იყო შიშიც, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს გადის და არ ვიცი, ზუსტად რა დავარქვა, ჩნდება რაღაცნაირი ჟინი, რომ ყველაფერი აღბეჭდო. 

მე ყოველთვის ვცდილობ, ადამიანი, რომელიც სახეს იფარავს, არ გადავიღო. შეიძლება ამიტომაც არის, აქციებზე ჩემს გადაღებულ ფოტოებს რომ ვუყურებ პორტრეტები ნაკლებად მხვდება, უფრო საერთო სურათია, სიტუაციები, მინიშნებები… შეიძლება მხოლოდ სილუეტები ჩანდეს და ეს ხსნიდეს სურათს. 

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

მგონი, ვიზუალური მხარე სულ იცვლება. ამ ერთწლიანი პროტესტის ტალღას სულ ვადარებ ხოლმე ოკეანეს - რაღაც მომენტში ისეთი მშვიდია, ვერც წარმოიდგენ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ცუნამი გამოიწვიოს. ჩვენი პროტესტიც ოკეანესავით არის, მშვიდია, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ამ ოკეანეს რაღაც მომენტში ისეთი ტალღებისა და ცუნამის წარმოქმნა შეუძლია, რომელიც ყველაფერს წალეკავს. მეტაფორულად ჩემთვის ეს პროტესტი ასე გამოიყურება. 

ამ პროტესტში ძალიან ბევრი სიმბოლო გაჩნდა: ფოიერვერკები, ნიღბები, ახალგაზრდები… ჩემთვის მაინც, ალბათ, დროშებია ამ პროტესტის მთავარი სიმბოლო. 

როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, მედიას და კონკრეტულად ფოტოგრაფებს შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ხანდახან თითქოს იმედის სულ პატარა ნაპერწკალი რჩება ხოლმე, მაგრამ შემდეგ ისევ ღვივდება ეს ნაპერწკალი. იმდენი მაგალითია იმისა, რომ კონკრეტულ ფოტოს შეუცვლია როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ადამიანის ცხოვრება, ცხადია, მჯერა, რომ მას დიდი ძალა აქვს. 

*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს


ფოიერვერკების პირველი ტალღა ჩემთვის იყო დაუვიწყარი და ვფიქრობ, უნიკალურიც. ასეთი რამე ერთ ფრანგულ კინოში მაქვს ნანახი, სხვაგან - არსად. ეს სურათები ერთდროულად იყო სილამაზის, ბრაზის, სიახლის, სიძლიერის გამომხატველი. ამიტომ საერთაშორისო აუდიტორიისთვის ამ ფოტოს ავარჩევდი.   

მარიამ ქავშბაია, „პუბლიკა“

პროტესტი, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, თავიდან უფრო მასიური იყო და კონცენტრაციაც უფრო მასის ერთიანობაზე იყო. შემდეგ კი, პროტესტში გამოჩნდნენ ადამიანები და ნელ-ნელა კამერაც მათი მიმართულებით შეტრიალდა, ეს ადამიანები იქცნენ პროტესტად. 

*ის ერთი ფოტო, რომელიც მარიამისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს


ფოტოზე მარინა ტერიშვილია, დედა, რომელსაც ერთი შვილი [მამუკა ტერიშვილი] 1992 წლის 2 თებერვალს, მიტინგზე მოუკლეს, მეორე კი [გიორგი ტერიშვილი], ნოემბრის დარბევების შემდეგ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაუკავეს. ამ ფოტოზე 11 პირის დასკვნითი პროცესია, როცა გიორგის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უკვე ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მარინა ტერიშვილი კი ამდენი ტკივილის შემდეგ, ბრაზმორეული, მტკიცედ დგას უსამართლო სასამართლოს წინ და ამბობს, რომ ამაყია მისი შვილებით და მას ვერავინ შეაშინებს. ეს პროტესტი და მასში მონაწილე ადამიანებიც ასეთები არიან, ყველა ტკივილისა და დაბრკოლების მიუხედავად, ბოლომდე იბრძვიან. 

რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?

პროტესტში გაჩნდა შეძახილი - „ერთმანეთის მხარდამხარ“, რომელიც შემდეგ ფიზიკურადაც გამოიხატა. ყოველი დაკავებისას ნახავთ, მხარდამხარ ან ერთმანეთის უკან ხელჩაჭიდებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ერთმანეთი დაიცვან და თან მტკიცედ იდგნენ პოლიციის კორდონის წინ. ალბათ, ყველა იაზრებს ხოლმე, რომ დასაკავებლად წამოსულ პოლიციელებს ეს ვერ შეაჩერებს, თუმცა ერთმანეთს ახსენებენ, რომ მარტო არ არიან.

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები? 

პირველ რიგში, ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის საინტერესოა ამ პროცესების დაკვირვება და მათი გაშუქება. თუმცა, საბოლოოდ, მაშინ, როცა ჟურნალისტებს რეჟიმი გვებრძვის, გვაშინებს, გვაჯარიმებს, გვიჭერს, არ არის მარტივი მხოლოდ პროფესიული ინტერესით მუშაობა. მთავარი მოტივაცია მზია ამაღლობელია, რომელიც ყოველდღიურად გვაჩვენებს საკუთარ ბრძოლას და არც ოთხი კედლიდან ნებდება. ასეთ დროს, როცა ჯერ კიდევ მაქვს ფუფუნება ვიყო თავისუფალი, არ მაქვს უფლება, მოტივაცია დამეკარგოს მზიასთვის და კოლეგებისთვის, რომლებიც არნახულ რესურსს დებენ სიმართლის გასაშუქებლად. ამასთან, ამ პროცესში ჟურნალისტების ყოფნა, რომლებიც რეალობას აშუქებენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდის ძლიერ ნაკადს დავუპირისპირდეთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ სინამდვილე.

ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?

ყოფილა შემთხვევა, როცა კამერაზე ხელები გამყინვია და ვერ მიმხვდარვარ, როგორ მოვქცეულიყავი, თუმცა ყველა ჯერზე მაინც მერჩივნა გადამეღო და შემდეგ რედაქციაში გადაგვეწყვიტა, ნახავდა თუ არა ამ კადრს ფართო აუდიტორია. ვცდილობ, ადამიანს, ვინც ემოციებს განიცდის, ჩემი კამერით პირად სივრცეში არ შევეჭრა, ვაგრძნობინო, რომ ამას კადრის მოპოვებისთვის არ ვაკეთებ და ბევრად მნიშვნელოვანია.

*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს


ფოტოზე 71 წლის დევნილი აზა ჩილაჩავაა. ეს ის დღეებია, როცა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა პატიმრობით დასჯადი გახდა. აზა და არა მარტო ის, სხვა აქტივისტებიც გადადიოდნენ გზაზე მაშინ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ რამდენიმე საათში დაკავება ელოდათ. თითოეული გზაზე გადასული ადამიანის ქმედება იყო მათი სათქმელი, რომ ბრაზობენ, არ ეშინიათ და იბრძოლებენ ბოლომდე. აზა დაკავებულთა შორის ერთ-ერთი იყო და პატიმრობის შემდეგ დიდი ძალისხმევით შეაჩერეს, რომ გზაზე ისევ არ გადასულიყო. გზაზე გადასულ ადამიანებს ტროტუარიდან ამხნევებდნენ სხვა აქტივისტები და მახსოვს, ყველა ფიქრობდა, რომ ერთ დღეს მათი ჯერიც მოვიდოდა. დრაკონული კანონების მიუხედავად, ჯერ არავინ შეშინებულა და უწყვეტი პროტესტი კვლავაც გრძელდება. ვერ შეაშინეს ვერც 19-20 წლის გოგო-ბიჭები და ვერც 71 წლის აზა ბებო. 

როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?

მგონია, რომ ამ პროტესტის დანახვაში ფოტოების არსებობამ ბევრი რამ შეცვალა. ის გახდა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი, რომ ადამიანებს დაენახათ, რა ხდება ყოველდღე რუსთაველზე, სასამართლოში. ბევრ ფოტოს დაუხსნია ადამიანი უსამართლოდ დაკავებისგან ან შეუმსუბუქებია მისთვის ბრალი. ფოტოებით გავიცანით სინდისის პატიმრები, რითიც რეჟიმმა მათი დამნაშავეებად ქცევა ვერ მოახერხა. ეს ფოტოები ახლაც უდიდეს როლს თამაშობს და მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს.

ლევან ზაზაძე 

რუსული კანონი ხელმეორედ რომ შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“, იმ პერიოდიდან დავიწყე პროტესტის ყოველდღიურად გადაღება. ვფიქრობ, რომ ახლა ისტორიული მომენტი გვიდგას და მინდა, რომ ეს ყველაფერი კადრებად დარჩეს. 

არის შემთხვევები, როდესაც ვფიქრობ, რომ გადაღება არაეთიკური იქნება და ამ დროს არ ვიღებ. ზოგჯერ ადამიანებსაც ეტყობათ, რომ არ სურთ კამერის ობიექტივში მოხვედრა და რა თქმა უნდა, მათ არჩევანსაც ვითვალისწინებ.

*ის ერთი ფოტო, რომელიც ლევანისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს


ეს ფოტო გასული წლის მაისშია გადაღებული. ეს ის დღეა, როდესაც რუსული კანონი დაამტკიცა პარლამენტმა. აქ ჩანს მთელი ამ პროტესტის ხასიათი, რომელიც, სინამდვილეში, რამდენიმე წელია გრძელდება.

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

აქტიურ პროტესტში ახლა ადამიანების შედარებით მცირე რაოდენობაა ჩართული. ისიც აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ქალების როლი უფრო გამოიკვეთა, მათი შეუპოვრობის არაერთი კადრია აღბეჭდილი ჩემს და სხვა ფოტოგრაფების ობიექტივებში. ამ პროტესტს ყველაზე თვალნათელი სიმბოლო აქვს და ეს არის ქართველი ქალი.

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები? 

მთავარი მოტივაცია არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეიძლება დავკარგოთ, მართალი ხალხი, რომელიც რუსთაველზე დგას და სინდისის პატიმრები, რომლებიც უტეხობის სიმბოლოდ იქცნენ.

*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს


ჩემთვის განსაკუთრებული და უნიკალურია ეთო ბიჭიკაშვილი, როგორც პროტესტის ერთ-ერთი სახე და უდრეკობის სიმბოლო. თვეების განმავლობაში უწყვეტად, ყველანაირ გარემო პირობებში, საპატრულო პოლიციის მანქანებთან დროშაშემოხვეული იდგა და ყველას ახსენებდა, რომ პროტესტი ცოცხალია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უწყვეტად 26 საათიც კი მდგარა ასე ჯიუტად. 

მოცემულ ფოტოზეც ეთოა. სექტემბრის კოკისპირულ წვიმაში თავის „პოსტზე“ დგას ფეხმოუცვლელად. ჩემთვის აღმაფრთოვანებელია ერთი მხრივ, მისი მშვიდი ბუნება, მეორე მხრივ - წარმოუდგენელი ამტანობა და სიჯიუტე. ეთო ის ადამიანია, რომელსაც „მოწინააღმდეგეებიც“ (იგულისხმება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები) კი პატივს სცემენ. 

პროტესტის ეს ფორმა ყველაზე მშვიდობიანი და ამავდროულად, მრავლისმთქმელია. ის აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის (და არამხოლოდ) ისტორიაში პროტესტის გამოხატვის უნიკალურობით.

როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?

ზოგჯერ ფოტოს შეუძლია შეცვალოს რეალობა, თუმცა, ვფიქრობ, მათი უმეტესობა, საბოლოოდ, უფრო ისტორიისთვის ინახება. ჩემთვის ეს ფოტო ერთ-ერთი ფავორიტია. სოციალურ ქსელებში გავრცელების მერე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამარის დაკავების შემდეგ, რომელსაც ეს ბანერი უჭირავს, ანწუხელიძის სტენსილები მთელი ქალაქის მასშტაბით უფრო მეტად მომრავლდა და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ეროვნულ გმირზე.


პროევროპული ქუჩის პროტესტი ფოტოგრაფების ობიექტივში - ნაწილი I იხილეთ აქ: https://www.mediachecker.ge/ka/interviu/article/101660-proevropuli-quchis-protesti-fotografebis-obieqtivshi 

 
კატეგორია - ინტერვიუ


391-ე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე პროევროპული პროტესტი ყოველდღიურად რამდენიმე ფოტოგრაფის ობიექტივში ხვდება. მათი კამერა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროტესტის მონაწილეთა განწყობებს ყოველდღიურად, ჩვენთვის უხილავი რაკურსით გვაჩვენებს. ფოტოგრაფების „მესამე თვალი“ ყველაზე ახლოდან ხედავს: ხმაურს, დაპირისპირებას, სიჩუმეს, დაღლილობას, სიხარულს, ერთობას, გამარჯვებას, ძალას თუ უძალობას. როგორია მათი თვალით დანახული პროტესტი, წაიკითხეთ რამდენიმე მათგანთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუს პირველ ნაწილში. 

მზია საგანელიძე

2024 წლის 28 ნოემბერს, სამსახურიდან გამოსული ავტობუსის გაჩერებაზე ტელეფონს „ვსქროლავდი“, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გადავაწყდი. ავბრუნდი ოფისში, ავიღე კამერა და წავედი „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უკმაყოფილო ადამიანები იკრიბებოდნენ. 

ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ამ ისტორიას დასაწყისიდან ვაკვირდები და ვინახავ, ყოველი დღე იმ ფაზლის ნაწილია, რომელიც საბოლოო სურათს შექმნის. ამიტომ დიდი ხნით არ და ვერ ვეთიშები პროტესტს.

*ის ერთი ფოტო, რომელიც მზიასთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს

რუსუდან კობახიძე გზაზე გადავიდა მაშინ, როცა ზუსტად იცოდა, რომ დააკავებდნენ. ეს არის პროტესტი, რომელიც თითოეული ადამიანის გამძლეობასა და გამბედაობაზე დგას და დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნებებისგან შედგება.

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

რომ ვაკვირდები, ეს პროტესტი, თითქოს, ცოცხალ ორგანიზმს დაემსგავსა და როგორ პირობებშიც არ უნდა აღმოჩნდეს, გადარჩენის გზებს ეძებს და პოულობს. თავიდან იყო გაოგნება, უფრო პირველ დღეს, როდესაც რუსთაველი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, რაღაცნაირად მდუმარედ იდგა ყველა. დარბევის შემდეგ იყო: ბრაზი, აირწინაღები, ფოიერვერკი და ცრემლსადები გაზი. ამ ყველაფერს მხოლოდ ვიზუალური კუთხით თუ შევხედავთ, იყო ძალიან შთამბეჭდავი და დინამიკური. რაღაც დროის შემდეგ ქალაქი მოიცვა მარშებმა, სხვადასხვა უბანი გამოაცოცხლა შეძახილებმა, პლაკატებმა და დროშებმა. შემდეგ რუსთაველი საკარნავალო დღესასწაულს დაემსგავსა, სათვალთვალო კამერებისგან თავის დასაცავად ხალხმა მოირგო ნიღბები, ლამაზი ქუდები და თავსაბურავები. მოკლედ, მრავალფეროვნება ამ ერთი წლის განმავლობაში ფოტოგრაფებს ნამდვილად არ გვაკლდა.

რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს? 

ამ პროტესტის მთავარი სიმბოლოები ადამიანები არიან. მზია ამაღლობელი და ის ადამიანები, რომელთა პროტესტი ვერც დარბევამ და ვერც პატიმრობამ ჩაახშო. ამ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც მათ მხარს ყოველდღიურად უჭერენ და ქუჩაში გამოდიან არა მხოლოდ საკუთარი პროტესტის გამოსახატად, არამედ საკუთარი შვილების, დებისა და ძმების ნაცვლადაც. 

* ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს

საერთაშორისო მკითხველისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს, ყურადღება ჩვენსკენ რომ მომართოს. განსაკუთრებით დღეს, მსოფლიოს არაერთ წერტილში უამრავი უსამართლობა და უბედურება ხდება. ეს ფოტო ვფიქრობ, მიიქცევდა მათ ყურადღებას და დაინტერესების შემთხვევაში გაიგებდნენ, რომ ძალოვანები აკავებენ გაზით დროებით დაბრმავებულ პროტესტანტებს, რომლებიც ქუჩაში ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ. და თუ კიდევ მეტის გაგება მოუნდებოდათ, გაჰყვებოდნენ ამბავს და იმაზე მეტსაც გაიგებდნენ ჩვენ შესახებ, ვიდრე აქამდე სმენიათ.


მინდია გაბაძე, „პუბლიკა“

ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ოცნების“ პრემიერი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადებას კითხულობდა (რომელსაც იმავე ოთახში ვისმენდი, სადაც კობახიძე ამ გადაწყვეტილებას აჟღერებდა), ვხვდებოდი, რომ ეს კიდევ უფრო გააბრაზებდა პროტესტში მანამდე ჩართულ ადამიანებს და მასში კიდევ უფრო მეტს ჩართავდა. 

მე კი, როგორც ონლაინმედია „პუბლიკის“ რეპორტიორს, საქმე უნდა გამეგრძელებინა და მეჩვენებინა ის ყველაფერი, რაც ქუჩასა თუ ქუჩის მიღმა, მაგალითად, სასამართლოში ხდებოდა. დღემდე ვმორიგეობთ, ვდარაჯობთ პროტესტს: ვენაცვლებით ერთმანეთს, ყოველთვის ყველგან ვართ და ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს არც კადრი და არც ამბავი, რომელიც სხვებს პროტესტის შინაარსსა და აზრს დაანახებს.

*ის ერთი ფოტო, რომელიც მინდიასთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გზის გადაკეტვისთვის მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავება დაიწყეს, ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანები უცხადებდნენ რეჟიმს დაუმორჩილებლობას. ერთი ასეთი აქტივისტი დავით გაგრელი იყო, რომელიც რუსთაველის გამზირზე მეგობრებთან ხელჩაკიდული გადავიდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა სცადა, თუმცა მათი ამ სიჯიუტითა და ურყეობით იმ დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. 

ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა? 

გადაღებამდე არ ვფიქრობ და შეიძლება არც იყოს იმის დრო, რომ იფიქრო, შეიძლება თუ არა გადაღება. მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ვიღებ და მხოლოდ მერე ვფიქრობ, ემსახურება თუ არა ეს კადრი საზოგადოებრივ ინტერესს ისე, რომ ადამიანს დამატებით ზიანი არ მიადგეს. ხშირად ამ მსჯელობაში რედაქციის ჩართვაა გამოსავალიც და აუცილებელიც.

თუ ვხედავ, რომ კონკრეტული სცენა მკაფიოდ აჩვენებს სისტემურ ძალადობას, უსამართლობას ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ეს აუცილებლად დაფიქსირდეს. ჩემთვის გადაღება და გამოქვეყნება ორი განსხვავებული ეტაპია: შეიძლება კადრი არსებობდეს არქივში, მაგრამ არასდროს გახდეს საჯარო იმ შემთხვევაში, თუ ვხვდები, რომ ფოტოს ღირებულება ადამიანის ღირსების ხარჯზე მოიპოვება.

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

თავდაპირველად ფოკუსი უფრო ფართო იყო: ზოგადი სივრცის, მასშტაბისა და მთლიანი სურათის დაფიქსირება. ამ კადრებით ვცდილობდი მეჩვენებინა კონტექსტი და ძალთა დისბალანსი. დროთა განმავლობაში ყურადღება უფრო მეტად ინდივიდზე, მის ემოციებსა და ისტორიებზე გადავიდა, რამაც პროტესტის ამსახველი ვიზუალები უფრო შინაარსიანი გახადა.

რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?

პროტესტში სიმბოლოებად იქცა და ხშირად ობიექტივს ვერ ვაშორებ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად, ტელეფონის ანთებულ ფარნებსა და სინდისის პატიმრების თეთრ პოსტერებს. სიმბოლო გახდა პოლიციის ერთნაირი რიგებიც: უძრაობა, სიჩუმე, გაყინული და უემოციო სახეები. დროთა განმავლობაში თავად აქციის მონაწილეთა გამძლეობა, მარშები და დაბრუნების აქტიც ვიზუალურ ნიშნად გადაიქცა, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე ზუსტად ინახავს.

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ? 

მთავარი მოტივაცია პასუხისმგებლობის განცდაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველდღე ბრუნდება რუსთაველზე და ასევე, საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომელთაც ეს პროცესები დაუფარავად უნდა დაინახონ. ზოგადადაც, ასეთ გარემოში ფოტოგრაფი მხოლოდ დამკვირვებელი არ არის, ჩვენ მოწმეები ვართ და ჩვენი კადრები შესაძლოა სამხილებად იქცეს. ამიტომ ჩვენი იქ ყოფნა არჩევანი კი არა, პროფესიული აუცილებლობაა, მიუხედავად სიმშვიდის, ძალადობისა თუ მუდმივი საფრთხის მოლოდინისა.

*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს

ბევრ ფოტოს აქვს დატვირთვა და ამორჩევა მიჭირს. თუმცა, ამა წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოსერიიდან ერთ-ერთი ფოტო ზუსტად პროტესტის ემოციურობითა და ხასიათის მიხედვითაა ჩემთვის გამორჩეული. ეს არის ზვიად ცეცხლაძე და მისი დედა - ერთი და იგივე ბრძოლა ორ სხვადასხვა სივრცეში. ქუჩასა და სასამართლოში. ნარგიზ დავითაძის პროტესტი არ არის მხოლოდ შვილის დასაცავად ქუჩაში გამოსული დედის პროტესტი. ის არის ყველა გამწარებული დედის სიმბოლო, რომელთა შვილსაც ან ოჯახის წევრსაც სასამართლოს გზით უსამართლობის გავლა უწევს.

როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?

ფოტოს ყოველთვის არ აქვს ძალა მყისიერად შეცვალოს რეალობა, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს აღქმა და ეს ხშირად გადამწყვეტია. ზოგი კადრი დღესვე მოქმედებს, ზოგი კი მნიშვნელობას დროსთან ერთად იძენს. ფოტოგრაფია ერთდროულად არის რეაგირების ინსტრუმენტიც და ისტორიის არქივიც. ხშირად სწორედ ის კადრები, რომლებიც თავიდან უბრალო, რუტინულ ფოტოებად გვევლინება, მოგვიანებით მტკიცებულებად და საერთო მეხსიერების ნაწილად  იქცევა. 

ქეთევან ხუციშვილი, „ნეტგაზეთი“

შარშან, დეკემბერში, როდესაც ძალისმიერმა დარბევებმა გადაიარა და დაიწყო მშვიდობიანი და ხალხმრავალი დემონსტრაციები, ხან მსვლელობები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, ცხადია, ამას ყოველდღიურად ვაშუქებდით. როდესაც ამდენი თვის განმავლობაში ერთ კონკრეტულ ადგილას დადიხარ, წარმოუდგენელია, მან განსაკუთრებული მნიშვნელობა არ შეიძინოს შენს ცხოვრებაში. რაღაც ეტაპზე, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ხალხის რაოდენობამ კლება დაიწყო, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც ეს თემა აღარ იყო ისეთივე აქტუალური, გამიჩნდა პასუხისმგებლობა - ეს იდეა საზოგადოებამდე ისევ მიმეტანა. 

როდესაც ამ ყოველდღიურ პროტესტში ამდენ დროს ატარებ, შენც უკვე მის ორგანულ ნაწილად იქცევი, როგორც დამკვირვებელი, როგორც აღმწერი, გამშუქებელი… ერთი უწყინარი დღე შესაძლოა, 10 და 20 ადამიანის დაპატიმრებით დასრულდეს. ეს არაპროგნოზირებადი რეალობა კიდევ უფრო მიმძაფრებს პასუხისმგებლობის გრძნობას, რომ არაფერი გამომრჩეს, ზუსტად აღვწერო ის, რასაც ეს ადამიანები გადიან. ეს შიშია, რაც ყოველდღე მაბრუნებს უკან, რუსთაველის გამზირზე, რომ ადამიანების თავგანწირვა ყურადღების მიღმა არ დარჩეს. 

*ის ერთი ფოტო, რომელიც ქეთევანისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს

ბევრი ფოტო გადამიღია, მაგრამ ასეთი მარტივი, სადაც ზუსტად ჩანს პროტესტის ხასიათი, არ მახსენდება. 29 ოქტომბერია, ახალი კანონმდებლობით გზაზე გადასვლისთვის მოქალაქეებს - 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით დაკავება ემუქრებათ. ათობით ადამიანი ჯიუტად, ყოველდღე, მიუხედავად მოსალოდნელი სასჯელისა, მყარად, ერთმანეთზე ხელჩაკიდებული იდგა რუსთაველის გამზირზე. 

ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?

ემოციური კადრების გადაღებისას დისტანცია, რომელიც უნდა დავიცვა და სივრცე, რომელიც ფოტოს გმირს უნდა დავუტოვო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ემოციები განსაკუთრებით სასამართლოს განაჩენების გამოცხადებისას, დაკავებებისა თუ პატიმრების გათავისუფლების დროს იმდენად გულწრფელი და შეუნიღბავია, რომ ყველაზე ზუსტად აღწერს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ ვცდილობ, დავიცვა პირადი სივრცის საზღვრები, მაგრამ ვიღებ ყველაფერს და ვფიქრობ, ვერც ერთი სიტყვა და ტექსტი ვერ გამოხატავს ემოციას ისე, როგორც ეს ერთმა ფოტომ შეიძლება გამოხატოს. 

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

შარშან, ზამთარში, როდესაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა და ქალაქში საახალწლო განათებები გაჩნდა, თითქოს ერთი მთლიანი სურათი იყო და პერსონალურად ადამიანების სახეები ნაკლებად ჩანდა. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მაშინ ადამიანების ზღვა ჩანდა. შემდეგ, როდესაც ყოველდღიურ აქციებზე ადამიანების რაოდენობამ შედარებით იკლო, თითქოს უფრო მეტად გამოჩნდნენ ინდივიდები, ცალკეული სახეები, მათი პირადი ემოციები.
 

რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს? 

თითქოს, ცეცხლი ამ პროტესტის სიმბოლოდ იქცა, შეძახილებიდან გამომდინარეც, ალბათ. ასევე, ჩირაღდნები, სასტვენები, ლაზერები, ნიღბები, აირწინაღები… ასევე, დროშები, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ისე უკრაინის, ევროკავშირის. მათ გარეშე ეს პროტესტი აღარ არსებობს.



რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ?

ეს პროტესტი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა, მთლიანად მომიცვა იმის მოლოდინმა, როგორ ჩაივლის ყოველი მომდევნო დღე. ეს პროტესტი ოდესღაც რაღაც ფინალამდე მივა, ან ის მიიღებს ვადამდელ არჩევნებს, ან ქვეყნის მმართველი ძალა მოუჭერს მარწუხებს ბოლომდე და ამ პროტესტს ჩაახშობს. ეს რაღაც დროს მოხდება და მე არ მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ბედი წყდებოდა, მე იქ არ ვიყავი. 

როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?

ნამდვილად მჯერა, რომ შესაძლებელია ფოტომ იმაზე მკაფიოდ და ზუსტად მოყვეს ამბავი, ვიდრე ეს სიტყვებს შეუძლიათ. მმართველმა პარტიამ სწორედ იმიტომ აკრძალა სასამართლო პროცესებზე ფოტოს გადაღება, რომ მან ადამიანებზე დიდი ემოციური ზეგავლენის მოხდენა დაიწყო. ეს ვიზუალი და ფოტოები, რომელიც ყოველდღიურად სასამართლოს შენობიდან გამოდიოდა, ზუსტად აღწერდა იმ მიზეზებს, რის გამოც მიმდინარეობს პროტესტი და რის გამოც ადამიანები ციხეში სხედან. 

*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს

პატიმრების მშობლები თვეებია დადიან გაზეთების დასარიგებლად, რომლებშიც თავიანთი შვილების ციხიდან გამოგზავნილი წერილები და საბოლოო სიტყვებია დაბეჭდილი. აქ, პანკისში, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავი მოინახულეს მამამისთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ერთად. ფოტოზე ჩანს, როგორ განიცადეს მშობლებმა ერთმანეთის ტკივილი. ის, რაც ამ პროტესტს უნიკალურს ხდის, არის უსაზღვრო ემპათია და სოლიდარობა ერთმანეთის ტკივილისადმი. 

გიორგი მოსიაშვილი (Mo Se)

პროტესტს ყოველთვის ვიღებდი, მაგრამ ბოლოს კამერა ხელში კიდევ ერთხელ იმიტომ ავიღე, რომ ვფიქრობდი, აქციაზე გამოსვლის თუ იქ დარჩენის სტიმულს მივცემდი ყველას. საკუთარ თავს დაინახავენ ფოტოებზე და გაუხარდებათ-მეთქი. კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ერთი ლამაზი ფოტო ექნებოდათ აქციიდან. ვფიქრობ, ეს გამომივიდა. უკუკავშირი, რასაც პროტესტის მონაწილეებისგან ვიღებ, მგონი, ამის დასტურია. 

* ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს


აქ ჩანს ჩვენი ხასიათი. აქ ჩანს შეუპოვრობა და ის, რომ სანამ არ გავიმარჯვებთ, ბრძოლას არ შევწყვეტთ. 

ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა? 

ჩემი აზრით, მთავარი სწორედ ის არის, რომ იქ მდგომი ადამიანების ყველა ემოცია: ტკივილი, დაღლილობა, სიხარული, მივიტანო საქართველოს სხვა, დანაჩენ მოქალაქეებამდე. აბსოლუტურად ყველაფერს ვიღებ, რადგან შეიძლება ის ფოტო, ის კადრი, ის წამი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმ ადამიანისთვის. შეიძლება სასამართლო პროცესზე გამოადგეს, ადვოკატს დასჭირდეს.

როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

ძალიან ბევრი ტრანსფორმაცია მოხდა პროტესტის ვიზუალურ მხარეში. დაიწყო ჩვეულებრივი მსვლელობით, შემდეგ კარნავალს და ნიღბების ფესტივალს დაემსგავსა და ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ჩვენ ერთმანეთს უკვე ამ ნიღბებით ვცნობდით. შემდეგ, როდესაც ნიღბები აიკრძალა და ადამიანებმა ისინი მოიხსნეს, თითქოს თავიდან გავიცანით ერთმანეთი, ახლა უკვე სახეზეც ვცნობთ. 

რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს? 

თანაგრძნობა, რომელიც ვიზუალურადაც განსახიერდა, ამ პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ჩახუტება, ხელის ჩაკიდება, ერთმანეთის დაცვა… აი, მაგალითად, ნაწილს რომ უნდოდა გზის გადაკეტვა, რაც შემდეგ მათ დაპატიმრებას გამოიწვევდა, მეორე ნაწილი მათ როგორ ეხუტებოდა, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, არ უშვებდა. ეს ჩაჭიდებული ხელი მგონია ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური სიმბოლო, რომელიც არაერთ ფოტოშია აღბეჭდილი. 

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ?

მთავარი მოტივაცია, რაც ყოველდღე მაბრუნებს რუსთაველზე, იმ ადამიანების სიყვარულია, ვინც იქ დგას. ეს სიყვარული არა მხოლოდ ჩემგან მოდის, არამედ მათგანაც. არც კი შემეძლო მეფიქრა, რომ შესაძლოა, უცხო ადამიანმა ასე შეგიყვაროს. ადამიანები მოდიან, ყოველდღე რაღაცას მჩუქნიან, ხან ქუდებს, ხან კანფეტს, იმ დღეს ჩემი გადაღებული ფოტო მაჩუქეს დაბეჭდილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. 

* ის ერთი ფოტო, რომელიც გიორგისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს

ეს ფოტო ასახავს გამარჯვების დაუოკებელ ჟინსა და სურვილს … რაღაცნაირად უკვე გამარჯვების სიმბოლოა ეს ფოტო. სიბნელიდან გამოსული ქართველი, მისთვის ყველაზე ძვირფასი - მისი აღმატებულება საქართველოს დროშით ხელში. 

როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?

ვფიქრობ, ფოტოს შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია, იყოს კონკრეტული ადამიანის უსაფრთხოების გარანტი, შეცვალოს კონკრეტული მოცემულობა და ასევე, იყოს საარქივო ფოტო ისტორიისთვის. წლები რომ გავა, შეიძლება ვიამაყო, რომ ამა თუ იმ ფოტოს ავტორი ვარ. ერთი წლის წინანდელ ფოტოებს რომ ვუყურებ, ახლა უკვე სიამაყის გრძნობა მაქვს, რომ ხალხი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ასეთ წარმოუდგენელ რამეს აკეთებს, საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქიკის ხარჯზე ისევ იცავს სამშობლოს. 

კატეგორია - ინტერვიუ


„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად რომ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას გაქრობა ემუქრება, გამოცემებმა კამპანია ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით, 13 აგვისტოს, დაიწყეს. 

როგორ გაჩნდა sinatle.media-ს შექმნის იდეა და როგორ გრძელდება კამპანია - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, წაიკითხეთ თეო და ქეთევან ქავთარაძეებთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში.

თეო ქავთარაძე „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაშიც - „რეალური სივრცე“. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციასა და ციფრულ მედიაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და სასექსის უნივერსიტეტში. ქავთარაძე მონაწილეობს პროექტებშიც, რომლებიც საქართველოში მედიის ეკოსისტემასა და მედიაწიგნიერებას იკვლევს. 

ქეთევან ქავთარაძე ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტია. აქვს ბიზნესის, მედიის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ქავთარაძე ხელმძღვანელობს კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“. 

„სინათლე მედიას“ შექმნის იდეა

თეო ქავთარაძე: წელს, მარტში, გერმანიაში ვიყავი და ვნახე მედიასახლი - Publix,  სადაც ძალიან ბევრი პატარ-პატარა მედიაა თავმოყრილი. ეს პატარა მედიები ინაწილებენ: ხარჯებს, სივრცეს, სტუდიებს, აპარატურას და ა.შ. Cost sharing-ს ეძახიან ამას. წარმოიდგინე, შესულები არიან ერთ დიდ შენობაში და კონტენტისა და ჟურნალისტების გარდა, ყველაფერი საერთო აქვთ. არაკომერციულ, ასე ვთქვათ, არამომგებიან მედიებს არამხოლოდ საქართველოში უჭირთ. იქ გამოჩნდა ინვესტორი Hans Schöpflin, რომლის ფონდმაც - Schöpflin Foundation დაახლოებით 25 მილიონი ევრო ჩადო Publix-ის შენობის დაგეგმარებაში, ინფრასტრუქტურასა და აღჭურვაში… სრულიად შესანიშნავი შენობა ააშენეს ბერლინში, ნოი კიოლნში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. პირველ სართულზე კაფეც არის, მისგან შემოსული თანხაც მათ საერთო ხარჯებს ხმარდება და ა.შ. 


მაშინ ბერლინიდან პირდაპირ ბუდაპეშტში ჩავედი, დიდ მედია კონფერენციაზე, სადაც ქართული ონლაინ მედიების 10-მდე წარმომადგენელიც იყო და მათ ნანახის შესახებ მოვუყევი. იქვე დავიწყეთ ფიქრი და აღმოჩნდა, ვთქვათ, 10 მედია რომ გავერთიანდეთ და ხარჯები გავიყოთ, გაცილებით იაფი დაგვიჯდება არსებობა, ერთი სრულყოფილი სტუდია რომ გვქონდეს, ყველანი მოვახერხებთ მის განაწილებას. ჩვენ მაგალითად, „სტუდია მონიტორს“ სახელდახელო სტუდია გვქონდა მოწყობილი ჩვენი პატარა, 3-ოთახიანი ოფისის ერთ-ერთ კუთხეში. 

ერთი სიტყვით, ამ იდეას რომ ვამუშავებდით, გზაში დაგვეწია ე.წ. ფარა. [„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების დისკრედიტაციასა და დევნას] აქ უკვე ყოფის გაუმჯობესების საკითხი აღარ იდგა, გადარჩენისთვის უნდა გვებრძოლა. მაშინ ვთქვით, რომ ცალ-ცალკე უფრო სუსტები და მოწყვლადები ვართ, ამიტომ ამ ბრძოლაშიც უნდა გავერთიანდეთ. ე.წ ფარამ უკვე ცხადი გახადა, რომ ჩვენთვის ყველანაირი დაფინანსების წყარო დაიხურებოდა. იმ დაფინანსების, რომელიც ჩვენ ასეთი დამოუკიდებლობის ხარისხს გვაძლევდა. ამიტომ უკვე ყველა ფიქრობდა საკუთარ ვებგვერდზე დონაციის ღილაკის ინტეგრირებაზე. 

ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ფინანსურად რამდენიმე მედიას დაეხმაროს. როდესაც ერთი გადახდით 22 დამოუკიდებელ მედიაგამოცემას ეხმარები, ეს გაცილებით უფრო რეალისტური და ადვილია. გაერთიანება, რომლის გადაწყვეტილებამდეც დამოუკიდებლად და ინტუიციით მივედით, სწორი აღმოჩნდა. „როიტერსის“ კვლევის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ ონლაინ მედიაში ფულს ადამიანების მცირე პროცენტი იხდის. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანს დიდი და ცნობილი მედიების სასარგებლოდ აკეთებენ, რომლებიც ყველა ტიპის ჟურნალისტურ პროდუქტს ქმნიან, კრიზისი აქაც შესამჩნევია.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. მაგალითად, რუსეთში ჯერ პატარ-პატარა მედიებმა დაიწყეს კვდომა და დიდ მედიებს, მაგალითად, „ნოვაია გაზეტა“, „დოჟდი“ ეგონათ, რომ გადარჩებოდნენ. „ნოვაია გაზეტას“ ანა პოლიტკოვსკაია მოუკლეს და მაინც აგრძელებდნენ მუშაობას, ფიქრობდნენ, რომ რეჟიმი მათ ვერ მოერეოდა. როდესაც ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმს - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის“, აღმოვაჩინე, რომ ისინი ისე გაუშვეს ქვეყნიდან და ისე დახურეს ყველა მათგანი, რომ ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოხატვაც კი ვერ მოასწრეს. ჩვენ ეს მაგალითიც გვქონდა და ცხადად ჩანდა, რომ საჭირო იყო საერთო ბრძოლა, ამიტომ ჩემი იდეაფიქსი ერთიანობა იყო. 

როდესაც პირველი შემოწირულობები შემოვიდა და თანხების გადანაწილება დავიწყეთ, დიდმა მედიებმა პატარა რეგიონალური მედიების სასარგებლოდ ამ პირველი თანხის აღებაზე უარი თქვეს. მაშინ მივხვდი, რომ მართალი ვიყავი, მხოლოდ ერთად მოვახერხებთ გადარჩენას. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ცალკეული მედიების თუ ჟურნალისტების გადარჩენა კი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ მთავარია, მთლიანად ეს ეკოსისტემა გადარჩეს. 

დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მნიშვნელობა

თეო ქავთარაძე: ბოლო პერიოდში ხშირად ვფიქრობ, რატომ არის ონლაინ მედია უნიკალური. მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა დავიწყე ჟურნალ „ლიბერალსა“ და „ცხელ შოკოლადში“. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მუშაობას თუ არ ჩავთვლი, სულ ონლაინ მედიაში ვარ. ჩვენ ვისწავლეთ სრულიად განსხვავებული ჟურნალისტური მასალის კეთება, განსხვავებული იმისგან, რაც მეინსტრიმულ მედიაში იყო. თითქოს გაუკვალავ ტერიტორიაზე შევედით. ონლაინ მედიების განსაკუთრებულობა იყო შეესწავლათ ისეთი თემები, რომელიც არ ისმოდა და ზედაპირზე არ ჩანდა. მაგალითად, შრომის უფლებებზე თუკი დღეს ტელევიზიაში ერთი სიუჟეტი მაინც გადის, ონლაინ მედიის დამსახურებაა. იგივე, ის, რის გამოც პროპაგანდისტულ მედიაში ონლაინგამოცემებზე დიდი სიუჟეტი მომზადდა, „იგლ ჰილსის“ ერჩიანო. დიახ, ონლაინ მედიები არიან სწორედ ის გამოცემები, რომლებმაც ამგვარი გრანდიოზული პროექტების სიღრმისეული კვლევა და სააშკარაოზე გამოტანა დაიწყეს. 

ჩემთვის სრულიად უნიკალურია ონლაინ მედიების ნამუშევარი სინდისის პატიმრების შესახებ. პროპაგანდამ ვერ მოახერხა, რომ ჩვენ ისინი დაგვენახა, როგორც პირსისხლიანი დამნაშავეები. დღეს არავის სჯერა, რომ ამ ადამიანებს რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვფიქრობ, ეს სწორედ ონლაინ მედიის დამსახურებაა. მათ არამხოლოდ საქმეები გვაჩვენეს, არამედ გაგვაცნეს თითოეული პოლიტიკური ტყვე და მათი უდანაშაულობის შესახებ ყველას გააგებინეს. მაგალითად, მინდია გაბაძის რეპორტაჟები სასამართლოდან იყო კინო, რომელიც გვიყვებოდა ამბავსაც და სიღრმისეულად გვაცნობდა მის გმირსაც. ამიტომ არც ის მიკვირს, პროპაგანდამ მინდია რომ გამოარჩია და მისი სახელი ცალკე გამოყო. 

ქეთევან ქავთარაძე: მე ჩემს თავს ასე ვუყურებ, მე ვარ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელიც ყოველდღე დგას ქუჩაში და იბრძვის. ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო ვართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ჯერ ისევ არსებობს, აი, ამ ყოველდღიურად ბრძოლაში ჩვენ მარტო დავრჩით. პრაქტიკულად აღარცერთი ინსტიტუცია აღარ არსებობს. ერთადერთი სექტორი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძვის და თან მუშაობს, ეს არის დამოუკიდებელი მედია. ისინი არიან ჩვენ გვერდით ქუჩაშიც, სასამართლოშიც, პოლიციის შენობებთანაც, იზოლატორებთან… ამას ხომ სხვაზე ვერავისზე ვიტყვით?! ვერც პოლიტიკოსებზე, ვერც ბიზნესზე, ვერც ცნობილ ქართველებზე, ვერც სპორტსმენებზე… ერთადერთი, ვინც ბოლომდე დგას, არის დამოუკიდებელი მედია. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მასთან ერთად ვიბრძოლო და გავიმარჯვო. არასამთავრობო სექტორი, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობდა, „ქართულმა ოცნებამ“ ისე გააქრო, რომ ჩვენ მათი ოფისების დაკეტვა ვერც კი დავაფიქსირეთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ პროპაგანდამ ვერ მოახერხა ონლაინ მედიების დისკრედიტაცია და გაშავება. თუკი ვთქვათ, NGO სექტორს დიდი ხანია ებრძვის და მათ დასახურად გარკვეულწილად ნიადაგიც მომზადებულიც ჰქონდა, ონლაინ მედიაზე იგივე ვერ გააკეთა.

თეო ქავთარაძე: ონლაინ მედიების ჟურნალისტების შრომა მართლაც უხილავია. ნახევარსაათიანი საგამოძიებო ფილმის მიღმა როგორი კოლოსალური შრომა დევს, ამას ხომ ვერავინ ხედავს. ონლაინ მედიაში სამუშაოდ კარგი ხელფასისთვის არავინ მოდის. აქ მოდის ის ხალხი, ვისაც საკუთარი პროფესია უყვარს და სჯერა, რომ შეუძლია ხმაწართმეული ადამიანების ხმა სხვებს გააგონოს. დღეს კი, პროფესიაში დარჩენილი ადამიანები ასეთ მტრულ გარემოში მუშაობენ, პრაქტიკულად ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. ისინი არიან გმირები. მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევს მუშაობა და ბრძოლა. 

„სინათლე მედიას“ დაბადება

თეო ქავთარაძე: ცხადია, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა ერთად. დავდიოდი, ვაგროვებდი ინფორმაციას და ვეძებდი გზებს. ცოტა ხანში მივხვდი, რომ მხოლოდ მედიის წარმომადგენლები მხოლოდ ჩვენი შიდა რესურსით ვერ დავგეგმავდით ამ საერთო საქმეს, რასაც გადარჩენის გზა ჰქვია. ერთ საღამოს, ჩემს დასთან ვიყავი და უბრალოდ ვუზიარებდი იმას, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ვაკეთებდი. 

ქეთევან ქავთარაძე: მე და თეო ერთ კორპუსში ვცხოვრობთ, მე-3 სართულზე - თეო, მე-5 სართულზე კი - მე. სახლში ასვლისას თეოს პირველი გაჩერება მე-3 სართულზეა. ერთ-ერთი ასეთი გაჩერებისას, სრულიად აღფრთოვანებული მიყვებოდა იმ მედიასახლის შესახებ, რომელიც გერმანიაში ნახა. უკვე აქტიურად ფიქრობდა, როგორ მომხდარიყო მედიების გაერთიანება და არც ვიცი, როგორ და რა მომენტში მოხდა, რომ ვუთხარი, მეც დაგეხმარები ამ იდეის რეალიზებაში-მეთქი. იმ დღიდან მე და ჩვენი მეგობარი, ირმა მოსულიშვილი, რომელიც განათლებით ჟურნალისტია და დღეს ბიზნეს განვითარების მენეჯერად მუშაობს, ერთად შევუდექით აქტიურ მუშაობას „სინათლე მედიისთვის“.  

პირველი ნაბიჯი იყო, რომ უნდა დაგვეკონკრეტებინა, რას ნიშნავს ეს ერთობა? ვის ვგულისხმობთ ერთობაში? გადაწყვეტილება მივიღეთ, ამ გაერთიანებაში შემოსვლა ყველა სანდო და დამოუკიდებელი ონლაინ მედიისთვის შეგვეთავაზებინა. 

თეო ქავთარაძე: ქეთიმ მითხრა, თუ ფიქრობ, რომ თქვენი გაერთიანება ასეთი მნიშვნელოვანია, დაგეხმარებით და გააკეთეთო. დაახლოებით მაისის ბოლოდან ჩაერთო უკვე ქეთი და მასთან ერთად ის ადამიანები, ვინც კარგად იცის ონლაინ მედიის როლი და მზად იყო დახმარებისთვის. ასე დავაფუძნეთ ორგანიზაცია, გაჩნდა სლოგანი - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელზეც კრეატორების ჯგუფმა იმუშავა. მათ მოგვიფიქრეს ვიდეოს იდეაც, რომელიც შემდეგ გიორგი გოგუამ და „სტუდია 64-მა“ გადაიღო. საოცარი იყო, ადამიანები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები მოდიოდნენ და დახმარებას გვთავაზობდნენ. მაგალითად, სივრცე გადაღებისთვის ერთ-ერთმა თეატრმა შემოგვთავაზა, გვეხმარებოდნენ კრეატიული სააგენტოები, ცალკეული დიზაინერები… 

ქეთევან ქავთარაძე: მთავარი მესიჯი ის სიბნელე და წყვდიადი კი არ უნდა ყოფილიყო, რასაც რეჟიმი გვიქადის, არამედ სინათლე, რომელიც ჯერ ისევ ანთია და არ უნდა ჩაქრეს. ვფიქრობ, სახელწოდებაც ზუსტად შევარჩიეთ, ტროლები და ბოტებიც კი ვერ გვიწერდნენ, რა სინათლე თქვენ ხართო. 

თეო ქავთარაძე: ამ კამპანიის დაგეგმვა იყო ძალიან ხანგრძლივი და სრულფასოვანი პროცესი. ყველა დეტალს ცალ-ცალკე გავდიოდით: როდის, როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო მისი პრეზენტაცია, ვებგვერდის დიზაინი, ლოგოები, სლოგანები და ა.შ. და ეს ყველაფერი ონლაინ მედიის გულშემატკივრებისგან სრულიად უსასყიდლოდ გაკეთდა. მაგალითად, მზია ამაღლობელის ბანერი და სტიკერები ვინც დაგვიბეჭდა, მოვიდა და მითხრა, მზიას წერილს ვერ მივწერ, მაგრამ გეხვეწებით, მიაწვდინეთ ხმა, იცოდეს, რომ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რაც შემიძლიაო. იმედია მაქვს, ოდესმე ამ ადამიანებს დავუბრუნებთ იმ სიკეთეს, რაც მათ ჩვენთვის გაიღეს. 

ჩვენ გავაკეთეთ ბიზნესისთვის ერთიანი მედია კიტიც და ერთი გადახდით რეკლამის 22 მედიაში განთავსებას ვთავაზობთ. ასევე ვმუშაობთ, რომ მომხმარებელმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამ მედიების ერთიანად გამოწერა, ე.წ. Subscribe შეძლოს. ისინი დაგვეხმარებიან არა ერთჯერადად, არამედ „სინათლე მედიის“ გამოწერით ანგარიშიდან ყოველთვე ჩამოეჭრებათ ვთქვათ, 10 ლარი, რაც 22 მედიის ანგარიშზე გადაირიცხება. აგვისტოში მარში რომ დავაანონსეთ, არავის გვეგონა, ამდენი ადამიანი თუ მოვიდოდა. გვქონდა კამპანიური ღონისძიებებიც Ad Black See-ზე, „წიგნის ბაზრობაზე“. ემიგრანტებმა თავად დააორგანიზეს ბაზრობები, სადაც საკუთარ ნივთებს ჰყიდიან და შემოსულ თანხას ჩვენთან რიცხავენ. ერთი სიტყვით, ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. 



დავიწყებთ კონკრეტული ისტორიების მოყოლასაც და ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც 1 ლარი ჩაგვირიცხა, ეცოდინება, ვის რაში დაეხმარა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მედიის საიტი დაგვხვდა გათიშული, აღმოჩნდა, რომ 260 ლარი არ ჰქონდათ, რომ გადაეხადათ. ცხადია, მაშინვე გადავრიცხეთ „სინათლე მედიის“ ფონდიდან და ჩართეს. რამდენიმე ასეთი ისტორია უკვე გვაქვს და კიდევ ბევრი იქნება. ყველაფერს მოვუყვებით ჩვენს გულშემატკივრებს. 

„სინათლე მედიას“ მომავალი

თეო ქავთარაძე: მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ 3 თვის განმავლობაში უკვე ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ და თუნდაც ჩვენს კამპანიაში მონაწილე ყველა მედიას და მის თანამშრომელს გადავარჩენთ და შევინარჩუნებთ, მაგრამ იმის მჯერა, რომ დამოუკიდებელი ონლაინ მედია იარსებებს. 

ქეთევან ქავთარაძე: სრულ განაკვეთზე ვმუშაობ და ობიექტურად ჩემთვის ძალიან დამაზიანებელია ამდენი საქმის დამატება, მაგრამ ეს იმდენად საქვეყნო მნიშვნელობის ამბავია ჩემთვის, რომ ცხადია, მიღირს ამ საქმის თუნდაც პირადი ჯანმრთელობის ხარჯზე კეთება. პირველ რიგში, საკუთარ თავთან გავიარე და დავლაგდი, რომ ჩემთვის, მოქალაქე ქეთევან ქავთარაძისთვის ახლა ამ მედიების გადარჩენაში მონაწილეობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც არის. ახლა რომ მთხოვოთ, დაგვანებე თავიო, არ დაგანებებთ. გარდა პასუხისმგებლობისა, რომელიც ავიღე, ძალიან დიდი პატივია ამაში მონაწილეობა. მზია ამაღლობელმა ერთ-ერთ პროცესზე თქვა, „სინათლე არ უნდა ჩაქრესო“. იმ საღამოს, ქუჩაში მოვდიოდი მარტო და ვტიროდი. სიძნელესთან ერთად, არანორმალურად დიდი ბედნიერებაა ამ პროცესში ყოფნა.  

---------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 10 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც”.

სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
კატეგორია - ინტერვიუ

ფოტო: ვახო ქარელი / მედია „აპრილი“

„ჩემი ხარაგაული“ ერთ-ერთია იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემას შორის, რომელიც კამპანიაში - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ მონაწილეობს. 

დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შექმნილ პლატფორმაზე - sinatle.media, ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით 22 გამოცემის მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი. მხარდამჭერების მხრიდან მიღებული შემოწირულობები პირველ ჯერზე სრულად რეგიონულ მედიებზე განაწილდა, რამაც მათ დროებით ოფისების შენარჩუნებისა და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. 

გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ლაურა გოგოლაძემ 1998 წელს დააფუძნა და დღემდე 1000-ზე მეტი ნომერი გამოსცა. ის ამ მუნიციპალიტეტის ერთადერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული გამოცემაა, რომელიც ხელმისაწვდომი ხარაგაულის 79-ვე სოფლისთვისაა. როგორ ახერხებს „ჩემი ხარაგაული“ პატარა გუნდით მუშაობის გაგრძელებას და რა სირთულეებს აწყდება რედაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი კანონების შემდეგ, წაიკითხეთ ლაურა გოგოლაძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში.


როდის და როგორ დააფუძნეთ „ჩემი ხარაგაული“?

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. 1989 წელს უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ხარაგაულის მაშინდელ ადგილობრივ გაზეთში დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში ყველა რაიონში იყო ადგილობრივი გაზეთი და ყველა ადგილობრივ გაზეთს საკუთარი სტამბა ჰქონდა. 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში ყველა ადგილობრივ გაზეთს გაუჭირდა. ელექტროენერგია არ იყო თვეობით. ნოემბერში რომ ჩაქრებოდა შუქი, გაზაფხულამდე მხოლოდ ღამის განმავლობაში მოდიოდა. დროთა განმავლობაში პრობლემებმაც იმატა და საბოლოოდ, ძველი რედაქცია დაიშალა.

ვინაიდან ძველი გაზეთი აღარ გამოდიოდა, მისი საჭიროება კი იყო, გადავწყვიტე ახალი გაზეთი დამეფუძნებინა. ახალი გზების ძებნა დავიწყე. ამ პერიოდში ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი ტარდებოდა. ახალგაზრდული დეპარტამენტის ხარაგაულის სამსახურის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ამ ფესტივალისთვის გაზეთის გამოშვება უნდოდათ. ჩემი სურვილი გაგვეგრძელებინა ადგილობრივი გაზეთის გამოცემა და მათი შემოთავაზება ერთმანეთს დაემთხვა და ასე დავაფუძნეთ გაზეთი 1998 წელს. 10-თეთრიანი საწერ-კალმით დავიწყეთ ყველაფერი და დღეს უკვე 1073 ნომერი გვაქვს გამოცემული.

პირველი 5 წლის განმავლობაში გაზეთი თვეში ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შემოსავლის, გაყიდვების ხარჯზე გამოდიოდა. პირველი გრანტი 2003 წლის ბოლოს მოვიპოვეთ. ამით მოვახერხეთ, რომ გაზეთი ყოველკვირეული გამხდარიყო და 2003 წლიდან დღემდე „ჩემი ხარაგაული“ ყოველკვირეულად, უწყვეტად გამოდის. მხოლოდ ზაფხულობით გვაქვს ხოლმე პატარა შესვენება. გაზეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79-ვე სოფელშია ხელმისაწვდომი და ვისაც უნდა, ყველას აქვს გამოწერილი 3, 6, 12 თვით. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენს მკითხველებს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაუჩნდათ, ავამუშავეთ ვებგვერდიც. 

თქვენი გაზეთის გარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა ბეჭდური გამოცემა?

- „ჩემი ხარაგაულის“ არსებობის პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება წლებია გამოსცემს მერიის გაზეთს, რომელიც მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. სხვათა შორის, 2010 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს მიეცათ რეკომენდაცია, საინფორმაციო მომსახურებისთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხის განსაკარგად ტენდერი გამოეცხადებინათ. ტენდერითვე შეარჩევდნენ მედიაორგანიზაციას, რომელიც მათ ინფორმაციას განათავსებდა. 2010 წლიდან სულ ვაკვირდები: ის მუნიციპალიტეტები, სადაც დამოუკიდებელი მედია არ ფუნქციონირებს, ტენდერს აცხადებდნენ, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, და სადაც დამოუკიდებელი მედიაა, იქ მუნიციპალური ა(ა)იპი დააფუძნეს, მათ შორის ხარაგაულში, და მას სუბსიდიას აძლევენ.

2017 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტენდერში გავიმარჯვეთ. ეს უკვე მეშვიდედ გამოცხადებული ტენდერი იყო. „ჩემი ჭიათურა“ ერქვა გაზეთს, რომელსაც იმ წელს „ჩემი ხარაგაულის“ პარალელურად გამოვცემდით. მოსახლეობამ ძალიან შეიყვარა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან წუხდა და გვეუბნებოდა, როდის დამთავრდება ეს ხელშეკრულებაო. გვთხოვდნენ, გამგებლის რაც შეიძლება ბევრი ფოტო დაგვებეჭდა პირველ გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მოგებული თანხით, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვიღებდით დაფინანსებას, ჩვენ ჟურნალისტურ სტანდარტს ვერ დავარღვევდით და ზუსტად ისეთივე გაზეთს გამოვცემდით, როგორიც „ჩემი ხარაგაულია“. იმ წლის შემდეგ ჭიათურაში ტენდერი აღარ გამოცხადებულა. მუნიციპალური თანხა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ეს მათ პიარს უნდა ემსახურებოდეს და არა მოსახლეობისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებას. 


თითქმის 30 წელია, რაც „ჩემი ხარაგაული“ არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში რა სახის პრობლემები და გამოწვევები ჰქონია რედაქციას?

- „ჩემი ხარაგაული“ რომ დავაფუძნეთ, მაშინ საქართველოს „მოქალაქეთა კავშირი“ მართავდა. თავდაპირველად, 3-4 ნომრის განმავლობაში, მხოლოდ ახალგაზრდულ საკითხებს ვაშუქებდით. როგორც კი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს შევეხეთ, მაშინვე შევასკდით პირველ წინააღმდეგობას. ამ 27 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არსებობდნენ ხელისუფლების ისეთი წარმომადგენლებიც, მაგრამ ბევრი არა, რომლებსაც შეეძლოთ ჩვენთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა. მედიის როლი სწორად ესმოდათ.

ხშირად ვამბობ, რომ დამოუკიდებელი მედია არის ძლიერი ხელისუფლების პარტნიორი და თუ ხელისუფლება ძლიერი ვერ არის, ის ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ ვარსებობთ მოქალაქეებისთვის, მკითხველებისთვის და თუ თვითმმართველობა, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებისთვის არსებობს, ჩვენ ფაქტობრივად ერთი მიზანი უნდა გვქონდეს. თუ ფიქრობენ, რომ მოქალაქეები უკეთესად უნდა ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები სწრაფად მოგვარდეს და მოქალაქეების ხმა მკაფიოდ ისმოდეს, უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენი ფუნქციაა გავაძლიეროთ მოქალაქეების რეალური ხმა, გავაშუქოთ მათი პრობლემები და გავზარდოთ ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება. დამოუკიდებელი მედია არის სარკე და თუ ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს ამ სარკეში საკუთარი თავი არ მოსწონს, ეს ჩვენი, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის ბრალი და დანაშაული არაა. 

ყველა ხელისუფლების დროს იყვნენ ერთეულები, ვინც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს და ცდილობს, რომ დამოუკიდებელი მედია საკუთარი პროპაგანდის, პიარის იარაღად აქციოს. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. 2012 წლის მაისიდან დახურეს ადმინისტრაციული შენობების კარები ჟურნალისტებისთვის. შემდეგ საშვთა სისტემა შემოიღეს, აღარ გვიშვებდნენ საერთოდ საკრებულოსა და გამგეობის შენობაში. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დღეს რაც ხდება, უარესია. 1989 წლიდან ვესწრები საჯარო შეხვედრებს, საკრებულოს სხდომებსა და ყველაფერს, სადაც დასწრების შესაძლებლობას გვაძლევენ. ამდენი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ 1 სექტემბრის საკრებულოს სხდომა დავტოვეთ მეც და ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემაც. 

რას მოჰყვა დაპირისპირება და კამათი საკრებულოს სხდომაზე: გვეჩხუბებიან, გვედავებიან და ფაქტობრივად ზეწოლის ქვეშ ვართ ხარაგაულში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით. 3 თვეა ვაშუქებთ ამას, დრონი ჩვენ არ გვაქვს, ადგილზე პოლიცია არ გვიშვებს. სხვები, არაადგილობრივი ჟურნალისტები შედიან. უფლებას არ მაძლევენ, რომ მივიდე და ფოტო გადავიღო, როგორ იწმინდება მდინარე ყარნებას კალაპოტი სარკინიგზო ხიდის ქვეშ. კარგი, ჩავთვლი, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა და მადლობელი ვარ, თუ ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ…ბოლომდეც ვერ ამბობენ, მგონი აღიზიანებთ, რომ დანგრეული სახლების შესახებ ვაქვეყნებთ ინფორმაციას. ხარაგაულის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურმე ჩვენ „პანიკის მთესველები“ ვართ. ჩვენ ვალდებულები ვართ ადამიანებს გავაგებინოთ, თუ მათ საფრთხე ემუქრებათ. მერიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მეწყერს აკონტროლებს, მას შემდეგ კი, რაც გეოლოგების დასკვნა იქნება, უფასო ტრანსპორტს დანიშნავს დამეწყრილი სოფლის უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის. ჩვენ მაგ ინფორმაციას ვერ გადმოვაკოპირებთ. სახლებია დანგრეული, საცხოვრებლად აღარ ვარგა. რა უფასო ტრანსპორტზეა საუბარი. ჩვენ სხვანაირად ვხედავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნომერ პირველი ადამიანის უსაფრთხოებაა…თავიანთ მხარდამჭერებში კი თესავენ განწყობას, რომ თითქოს ჩვენ სანდოები აღარ ვართ. 

შარშან, ალბათ, თქვენც გახსოვთ, წინასაარჩევნო შეხვედრაზე, 300-კაციან დარაზში არ შეგვიშვა ხარაგაულის მერმა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, არ გვაგებინებენ შეხვედრების შესახებ. არ გვეძლევა იმ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა, სადაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. მათ შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ვიგებთ, რაც ფოტოებს, ძალიან მწირი ტექსტით, თავად გამოაქვეყნებენ. 

ადრე ვიდეოებში, რომლებსაც დებდნენ, მართალია, მოქალაქეების ხმა არ ისმოდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი მაინც ისმოდა. ახლა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს რომ მართავენ და ამის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებენ, მათი ხმაც აღარ ისმის. კადრებზე მელოდია აქვთ დადებული.

ჩვენ მოსახლეობასთან სულ კავშირზე ვართ და ვიცით, რა აწუხებთ მათ, რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში და ეს შეკითხვები უკვე ვეღარ ისმევა. 

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, როგორ ახერხებთ მუშაობის გაგრძელებას?

- ჩვენ გვაქვს გარკვეული შემოსავალი გაზეთის გაყიდვებიდან, რაც ძალიან მწირია, მაგრამ სტაბილური. ამ თანხით ვახერხებთ გაზეთის გამოცემას, სტამბის ხარჯის დაფარვას და გადასახადების გადახდას, რომ ორგანიზაციამ იარსებოს. ხელფასებს ეს თანხა არ ჰყოფნის. რამდენიმე თვეა მოხალისეობრივად ვმუშაობთ. გვინდა, რომ „ჩემი ხარაგაული“ ფინანსურად თვითკმარი იყოს, მაგრამ ჩვენი მკითხველი მდიდარი ვერ არის, ღარიბია და მათი გადახდილი თანხა ჩვენ ვერ გვაძლევს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტური მასალების ხშირად მომზადებისა და განვითარების შესაძლებლობას. ამაში გვჭირდებოდა სწორედ დონორების დახმარება. ჩვენ როცა დონორებისგან თანხას ვიღებდით, მხოლოდ და მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გამოვხატავდით. როცა ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, კლიმატის ცვლილებებს ვაშუქებდით, რომელი ქვეყნის ინტერესებს გამოვხატავდით, ძალიან მაინტერესებს, ვინმემ მიპასუხოს. ჩვენ ვართ ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. 

გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი შემოსავლები გავზარდოთ, ახალი ხელმომწერები ვნახოთ, რეკლამები მოვიზიდოთ. თეორიულად გვაქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ იმდენად მტრულ, დაპირისპირებულ გარემოში ვართ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობით, რომ ამ ჩვენს თეორიულ შესაძლებლობასაც ძნელად ვიყენებთ. 

იმ დღეს საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა პირად საუბარში მითხრა, თქვენ „ტრენიროვკები“ გაქვთ გავლილი და გრანტები მიღებულიო. ძალიან ძნელია ამის მოსმენა. რას ნიშნავს „ტრენიროვკები“?! მე რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგ დროს ელემენტარული კომპიუტერი არ არსებობდა, ინტერნეტი არ არსებობდა და რამდენი რამე ვისწავლეთ, დიახ, ვისწავლეთ და მომავალშიც ვისწავლით. კონკურსში - „რეგიონული მედიაორგანიზაციების მართვა“ გავიმარჯვე და აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ვიყავი, რვა ქართველ მედიამენეჯერთან ერთად, 2008 წელს. ვისწავლე იქაური ადგილობრივი მედია როგორ მუშაობს თვითმმართველობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან რა ურთიერთობა აქვს. ძალიან ხშირად პოლონელები გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, რა გზა გაიარეს, ადგილობრივი მედია როგორ განავითარეს, გააძლიერეს და თვითმმართველობასთან რა ურთიერთობა აქვთ…ჩვენ მუდმივად ვსწავლობდით და ახლა რომ მიძახონ საკრებულოს წევრებმა ან კიდევ სხვა ვიღაცებმა, რომ მე ტრენინგებზე დავდიოდი, გრანტი მაქვს მიღებული და ამიტომ მტერი ვარ, ძალიან ძნელია. თან ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, რუსული კანონების შემოღებამდეც კი იყო ასეთი დამოკიდებულება. 

გრანტს რაც შეეხება, ახალი პროგრამა როცა იწყებოდა, ვთქვათ, მედიის პროგრამა, ძალიან კარგად მახსოვს, მათ პრეზენტაციებზეც და პროექტების დახურვაზეც ყოველთვის მოწვეულნი იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. 2011-2013 წლებში IREX-ის გრანტი გვქონდა და გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან ის თანხა, რასაც ამ საგრანტო დაფინანსებით ვიღებდით. ვინ გაგვათავისუფლა? შემოსავლების სამსახურმა. ვისთან იყო შეთანხმებული? ეს შეთანხმებული იყო სახელმწიფოსთან, ასე რომ ყოფილიყო. 

ფინანსები არ გვაქვს, მაგრამ ამაზე უფრო დიდი პრობლემა ეს მტრული გარემოა, რომელიც საკუთარი შემოსავლების მაქსიმალურად მობილიზებისა და გაზრდის შესაძლებლობას არ გვაძლევს. არსებობის შესაძლებლობას აღარ გვაძლევენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა. რომ არა ჩემი თანამშრომლები: ნინო კაპანაძე, რომელიც 26 წელია ჩემ გვერდითაა და თამთა გოგოლაძე, რომელიც 12 წელია ჩვენთანაა, „ჩემი ხარაგაული“ აღარ იარსებებდა. საქართველოში თუ ერთი რეგიონული მედიაორგანიზაცია მაინც დარჩება, მეორე „ჩემი ხარაგაული“ იქნება. ასე ადვილად გასაქრობები არ ვართ. როცა მაბრაზებენ, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც უფრო მეტად მავიწროვებენ, სტრესულ მდგომარეობაში მაგდებენ, მით უფრო მაძლიერებენ და მააქტიურებენ. ჩვენ ყოველთვის ძალიან საჭირო, მართალ საქმეს ვაკეთებდით. რამე შეცდომა თუ მოგვსვლია, ბოდიშიც მოგვიხდია, უშეცდომო არავინაა. ყოველთვის საკუთარ სინდისთან ვიყავით და ვართ მართლები. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და ვერ გააქრობენ „ჩემს ხარაგაულს“. გამორიცხულია, რომ ეს შეძლონ.


რატომ არის „ჩემი ხარაგაულის“ არსებობა მნიშვნელოვანი? 

- საქართველოს რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში მოქმედი მედიაორგანიზაციებისგან განსხვავებით, ჩვენ სოფლის მოსახლეობათან ძალიან ახლოს ვართ. ფაქტობრივად სოფელში ვცხოვრობთ და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ახლოს გვიწევს მუშაობა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა სოფლის მოსახლეობის პრობლემები დავინახოთ. მე რომ ქუთაისში, ბათუმში ვცხოვრობდე და ვმუშაობდე, სოფელში უნდა მივიდე, ადამიანს რომ ვკითხო რა უჭირს. საკითხები და თემები, რომლებიც რეგიონის ცენტრებიდან და დედაქალაქიდან არ ჩანს, ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომია. 

მაგალითად, სოფელ ზვარეში 2016 წელს ახალი რკინიგზის მშენებლობა რომ დაიწყო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ადამიანები ტრეფიკინგის პირობებში მუშაობდნენ, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ. 2 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ მათთან, რომ ხმა ამოეღოთ, ელაპარაკათ პრობლემებზე. არაადამიანურ პირობებში მუშაობდნენ, დაბალ ხელფასზე, ხელშეკრულებების გარეშე, დასვენების დღეები მათთვის არ არსებობდა, ავადმყოფობის უფლება არ ჰქონდათ, ძალიან ხშირად იღებდნენ ტრავმებს და ვინც დაშავდებოდა მეოთხე დღეს სამსახურში თუ არ მივიდოდა, სია ჰქონდათ დასაქმების მსურველების და იმ ადამიანებით ანაცვლებდნენ. წავედით მე და ნინო კაპანაძე ჯანდაცვის სამინისტროში, რკინიგზის პროფკავშირებს გავაგებინეთ, მათი აზრები მოვისმინეთ, ადგილობრივი (ზვარის) ექიმი ჩავწერეთ, რომელთანაც კვირაში 20-მდე დაშავებული ადამიანი მიდიოდა. ეს ყველაფერი დავბეჭდეთ. ზვარესა და მიმდებარე სოფლებში უფასოდ შევიტანეთ გაზეთები. ვისაც გამოწერილი არ ჰქონდა, იმათაც დავურიგეთ, ფართოდ რომ გავრცელებულიყო…ბოლოს, კომპანიამ, რომელიც გზას აშენებდა, ახალი ხელმძღვანელობა მოიყვანა, ამ ადამიანებთან ხელშეკრულებები გაფორმდა და შედარებით ადამიანურ პირობებში დასაქმდნენ.

სოფელ ნადაბურში არასდროს არ ყოფილა საბავშვო ბაღი. ერთი წლის განმავლობაში ვაშუქებდით ამ თემას, მრავალშვილიანი დედები გამოვკითხეთ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები და სკოლის დირექტორი, თუ როგორ უჭირდათ პირველკლასელი ბავშვების გაკვეთილზე გაჩერება…ერთი წლის თავზე საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყეს და არის კიდევაც ახლა ბაღი.

პანდემია ახალი დასრულებული იყო, 19 დეკემბერს მივედით ვარძიაში, (2-3 წლის მანძილზე მოსახლეობას ვერ ვხვდებოდით) ჩვენს მკითხველებთან და ვკითხეთ, თუ რა პრობლემები ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ჭიშკრებამდე გაზი კი იყო მიყვანილი, მაგრამ 2 წლის მანძილზე სახლებში არ იყო შეყვანილი. დავპირდით, რომ ამ პრობლემას მის სრულ მოგვარებამდე გავაშუქებდით. ერთმა ადგილობრივმა დაეჭვებულმა იკითხა კიდეც, გაზაფხულზე გაზი გვექნებაო? ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ აქტიურად გავაშუქებდით ამ საკითხს, მაგრამ გულში ვიფიქრე, ორი წელია ასეთი მდგომარეობაა და ჩვენს გაშუქებას ასე სწრაფად, ორ თვეში შედეგი როგორ მოჰყვება-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ვარძია ერთადერთი სოფელი არ იყო, რომელსაც დიდი ხანია გაზიფიცირებული ჰქვია, მაგრამ რეალურად ოჯახებამდე შეყვანილი არაა. ჩვენი გაშუქების შედეგად, ის იმ 15 პრიორიტეტულ სოფელს შორის ჩასვეს, რომლის გაზიფიცირებაც დააჩქარეს და 28 თებერვლიდან ოჯახებში გაზის შეყვანა დაიწყეს. 

ნადაბურიდან ხარაგაულამდე მიკროავტოუსით მგზავრობა 4 ლარი ღირდა, რაც ძალიან ძვირი იყო. თან თუ მგზავრი არ ჰყავდა, რეისს არ ასრულებდა. 2020 წელს დღევანდელ ხარაგაულის მერს, მაშინ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ვუთხარით, რომ რიკოთის ავტობანის აშენების შემდეგ, ძველ გზაზე მოძრაობა აღარ იქნებოდა და ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც მეტად გართულდებოდა. მგზავრთა ტრანსპორტირების ბიუჯეტიდან თანადაფინანსების იდეა მივაწოდეთ. მგზავრობა დღეს ერთი ლარი ღირს, მგზავრი ჰყავს თუ არ ჰყავს, ვალდებულია, რომ წამოვიდეს, რადგან ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით თანხას იღებს. გვიხარია, რომ სუბსიდირება გაუკეთეს ყველა სოფლიდან ხარაგაულამდე ტრანსპორტირებას. მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნეს, რაც მანამდე არ არსებობდა. ეს იდეა ჩვენ საიდან მოგვივიდა? მოსახლეობასთან რომ მივდივართ, ვუსმენთ, რისი გაკეთება უნდათ. მათ საჭიროებებს ვსწავლობთ და ამიტომ ვიცით, მათი ამბები.

ამ წლების მანძილზე თუ ვინმე მოგვმართავდა, ყოველთვის თითოეული უფლებადარღვეული ადამიანის მხარდამჭერები ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით. ამაში ეჭვი არ მეპარება.

კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ფარგლებში მიღებულმა შემოწირულობებმა რეგიონულ მედიებს ერთი თვით მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. რას ნიშნავს თქვენთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ეს მაგალითი?

- ძალიან გამაძლიერა იმან, რომ 22 მედიაორგანიზაცია გავერთიანდით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს არის ძალიან დიდი ძალა და საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას რაც აკლია, ეს არის ერთობა. ძალა ერთობაშია და აი, ამ ერთობამ გამაძლიერა. თანხა, რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა. მოქალაქეები რომ რიცხავენ თანხას, ჩვენი საქმის მიმართ ძალიან პასუხისმგებლიანები ვართ და ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. 

საზაფხულო შესვენების შემდეგ ქუჩებში რომ გავედით, გზაში ადამიანები გვხვდებოდნენ და გვეკითხებოდნენ: „განაახლეთ ხომ გაზეთის გამოშვება?“, „ხომ იქნება პარასკევს?“ მკითხველების დამოკიდებულება ძალიან გვეხმარება. ამ კამპანიის ფარგლებში თანხას რომ რიცხავენ, გული გვიჩუყდება და დიდ ძალას ვგრძნობთ. 

ბოლოს, როგორ ხედავთ დამოუკიდებელი მედიის მომავალს?

- კიშინიოვსა და რიგაში რამდენჯერმე შევხვდი ჩვენს ბელარუს კოლეგებს. ისინი დევნილები არიან და ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ. არ მჯეროდა, რა სიტუაციაშიც იყვნენ. ახლა ჩვენც იმ გზას გავდივართ და თვეების შემდეგ როგორ ვიქნებით, თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავ შრომაზეა დამოკიდებული. ბრძოლაში ვართ, მაგრამ გაჩერება არაფრით არ შეიძლება. 

როგორც გითხარით, განათლებით ფსიქოლოგი ვარ და ზუსტად ვიცი, თუ კვალიფიციური ჟურნალისტები და მედია გამოცემა არ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, ჭორი გაძლიერდება. წინა ხელისუფლების დროს გაზეთის გავრცელებას გვიშლიდნენ და ამით ადამიანებში ინტერესის გაძლიერებას უწყობდნენ ხელს. ჩვენც უფრო მეტად გვააქტიურებდნენ. სუსტები რომ არ იყვნენ, კი არ შეგვებრძოლებოდნენ. 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ შეიძლება ძალიან გვაწუხებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ძალიან მტრულ გარემოში გვიწევს მუშაობა, მაგრამ დამოუკიდებელ მედიას ვერ გააქრობენ. სხვადასხვა დროს, ყველა ხელისუფლების პირობებში, ვინც გვაწუხებდა და გვავიწროვებდა (კონკრეტული პირები ადგილობრივი თვითმმართველობიდან, მაღალი თანამდებობის პირები), აბსოლუტურად ყველა, მერე, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან, მოდიან, ბოდიშს გვიხდიან და გვეუბნებიან, რომ მაშინ ისინი ცდებოდნენ.

არასდროს ჩვენს პრობლემებზე არ გვისაუბრია. არასდროს წინ არ წამოგვიწევია, ჩვენ რა გვაწუხებდა. მუდმივად გვინდოდა, რომ ჩვენი მკითხველისთვის ძლიერ ძალად დავრჩენილიყავით. ახლა ისეთი სიტუაციაა, შეუძლებელია არ თქვა: მომეცით მუშაობის საშუალება. 


საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 

„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა.